"ეს იყო სოციალური აფექტი პოლიტიკური შეფუთვით" - კვირის პალიტრა

"ეს იყო სოციალური აფექტი პოლიტიკური შეფუთვით"

"კუთხური შუღლის გამღვივებელი სახელმწიფოსთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც პოტენციური ტერორისტი"

მიუხედავად ქართველი საზოგადოების მრავალწლიანი საპროტესტო გამოცდილებისა, რთულია, ჩვენი უახლოესი ისტორიიდან გავიხსენოთ აქციის ისეთი აგრესიული ფორმა, რისი მომსწრეც ორიოდე დღის წინ ბათუმში ვიყავით. 12 მარტს პროტესტი, რომელიც, ერთი შეხედვით, მოქალაქეებსა და პატრულს შორის ყოფით კონფლიქტს მოჰყვა, დიდ არეულობაში გადაიზარდა. ვითარება უკიდურესად გვიან ღამით გამწვავდა, როდესაც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტანტების აგრესიულ მოქმედებებს სამართალდამცავთა პასუხი მოჰყვა. საჭირო გახდა სპეცრაზმის მობილიზება, აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სამწუხაროდ, შეკრებილი საზოგადოების პროტესტი გამოხატვის მშვიდობიან ფორმას გასცდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. რამ გამოიწვია მომხდარი და შესაძლოა თუ არა, ამ აქციის უკან პოლიტიკური ინტერესები ვეძიოთ? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ. მართალია, შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით - "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკური იყო. მომხდარისთვის სწორი დიაგნოზის დასმა ხელისუფლებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იქნება.

როდესაც სოციალურ საფუძველზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო-სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება საპროტესტო განწყობა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ყოველდღიურად თავის გადასარჩენად იბრძვის, კაპიკებს ძლივს შოულობს და ამ დროს პატრული უწერს ჯარიმას, რომელიც მის შემოსავალს აღემატება. არ ვამბობ, რომ არავინ უნდა დაჯარიმდეს, მე პრობლემის არსზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, სწორედ სოციალურმა მიზეზებმა განაპირობა აქციის ასეთი აგრესიული ფორმა. როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი კრიტიკული ზღვარი. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმაც...

შესაძლოა, ამ შემთხვევაში მიზანმიმართულ პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა უკმაყოფილების საფუძველი რომ არ არსებობდეს, ამგვარი პროტესტიც ვერ გაჩნდება. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი მომხდარის სწორად გაანალიზება და დასკვნების ისე გამოტანა. თავიდანვე რაღაც შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბება და ამით აპელირება არასწორი მგონია. პროტესტის ფორმა რომ არასწორი იყო, ამაზე, მგონი, ყველა თანხმდება. ადეკვატური მგონია ხელისუფლების მოქმედებაც. ოდნავ ადრე შეიძლებოდა ჩარეულიყო ცენტრალური ხელისუფლება პროცესებში, თუმცა არც ძალიან დაუგვიანიათ. ზოგადად, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, დემოკრატია უკანონობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ ხელისუფლებამ კრიტიკულ სიტუაციებში თამამად არ იმოქმედოს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამგვარი პროტესტის ასაგორებლად წინასწარ მზადდებოდა ნიადაგი, მათ შორის აჭარლების რელიგიური თუ სხვა თვალსაზრისით დისკრიმინაციის თაობაზე, რაც თითქოს საპატრულო პოლიციის არაადგილობრივ უფროსს უკავშირდებოდა...

- მე არ ვიცი, ეს ადამიანი ლაპარაკობდა თუ არა ისე, როგორც ამტკიცებენ, მაგრამ აჭარაში კარგა ხანია, არსებობს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე თბილისიდან გაგზავნილ ხალხს ნიშნავენ. როდესაც ამბობენ, რომ გორელი პოლიციის უფროსი არ უნდათ, ეს სეპარატისტული განწყობის ბრალი კი არ არის, არამედ გულისტკივილია იმის გამო, რომ როდესაც აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ცენტრიდან უგზავნიან თანამდებობებზე დასანიშნ კადრებს, თან, როგორც ჩანს, არცთუ კვალიფიციურს. მოკლედ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაგროვდა და საბოლოოდ ამ ფორმით ამოხეთქა. თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იმ აქციაში მონაწილეობდნენ პროვოკაციაზე ორიენტირებული ჯგუფები, რომლებთან მუშაობაც შესაბამისი სამსახურების საქმეა.

ზედმიწევნით უნდა გამოიძიონ, ეს მართლაც სპონტანური პროტესტი იყო, ყოფილი ხელისუფლების გაფაფხურება, შიდასახელისუფლებო დაპირისპირება თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნახელავი. კიდევ ერთს ვიტყვი - კუთხური შუღლის გამღვივებელი სახელმწიფოსთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც პოტენციური ტერორისტი.

- ხელისუფლების ოპონენტებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს...

- როდესაც ძალის გადამეტებაზე "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს, ეს, ცოტა არ იყოს, კომიკურია. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ეს ყველაფერი მაგათი მმართველობის დროს რომ მომხდარიყო. კაცმა არ იცის, როგორ ტრაგიკულად დასრულდებოდა ყველაფერი. დღევანდელი ხელისუფლება წინას ამით სისტემურად სჯობია. მისი სტილი ძალის დემონსტრირება არც ყოფილა და არც არის! ის ცდილობს, გამოიყენოს იმდენი ძალა, რაც ამა თუ იმ სიტუაციას სჭირდება, რაც მხოლოდ მისასალმებელია. რომც ყოფილიყო ძალის გადამეტების კონკრეტული შემთხვევა, ეს იქნებოდა მხოლოდ კონკრეტული პირის გადაცდომა და არა - პოლიტიკური დავალება.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კინკლაობა.

- საპარლამენტო უმრავლესობა კი ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინოს, მაგრამ მეხსიერება ჯერჯერობით არ გვღალატობს, შესაბამისად, ვერაფრით ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობაზე. პირიქით, მან შესთავაზა პარლამენტს, ერთობლივად წარემართათ ეს პროცესი. რადგან პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, თან ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, მართლაც კარგი იქნებოდა, ის თავიდანვე ყოფილიყო ჩართული საკონსტიტუციო მუშაობაში, მაგრამ ამაზე პარლამენტმა თქვა უარი. მათი პოზიცია ასეთი იყო: პრეზიდენტს თუ სურს, გამოგზავნოს ვინმე კომისიაში სამუშაოდ და ამას დასჯერდესო; ანუ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, მეტ კონსენსუსზე დამყარებულ პროცესზე, შემდგომ კი უკვე პრეზიდენტმა თქვა ამ შეთავაზებაზე უარი, თუმცა თქვა ისიც, რომ ენდობოდა ამ პროცესს და მასში ჩაერთვებოდა იმ ეტაპზე, როდესაც დღის წესრიგში მომზადებული ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა დადგებოდა.

ბოლო დღეებში აბსოლუტურად არაადეკვატური იყო პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ასევე მისი თანამოაზრეების გაუგებარი, ისტერიკული რეაქცია. პრეზიდენტს ლამის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და ცდილობდნენ, შეეზღუდათ მისთვის საკუთარ მოსახლეობასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ეს ისტერიკული, ინფანტილური ფეხის ბაკუნი უსიამოვნო სანახავია. პარლამენტის თავმჯდომარე ჭირვეული თინეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს.

ამასთან, ისეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ მუშაობს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცოტა ხანში კი ეს ნათქვამი თვითონვე გააბათილა, როდესაც მარგველაშვილის განცხადება არ მოეწონა და დაიმუქრა, თუ პრეზიდენტი "ცუდად მოიქცევა, კონსტიტუციას იმგვარად შევცვლით, პარლამენტმა პრეზიდენტი უკვე 2018 წელს აირჩიოსო. რას ჰგავს ეს! კონსტიტუცია შეიძლება იმის მიხედვით იცვლებოდეს, ხელისუფლებაში ვინ ვის მოსწონს და პირიქით?! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი კობახიძე თავის სამყაროშია ჩაკეტილი და არ ცდილობს სხვისი მოსაზრებების გაგებას. დიდი რიხით რომ ლაპარაკობს ხოლმე სისხლიან ცხრა წელზე, იმ ცხრა წლის განმავლობაში თვალით არსად გვინახავს... არადა, ისე გველაპარაკება, თითქოს ის ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმს ებრძოდა, ჩვენ კიდევ სადღაც ვიმალებოდით...

- ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ის ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს...

- ძალიან მეეჭვება. კობახიძე შეიძლება ივანიშვილს ეპრანჭება, ცდილობს, თავი მოაწონოს ამ არაადეკვატურობით. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით ნეგატიური ისტორიული გამოცდილება გვაქვს. წამყვანი პოლიტიკური ძალისთვის ყოველთვის დგება დილემა, როდესაც სასწორის ერთ მხარეს - სახელმწიფო, მეორე მხარეს კი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აღმოჩნდება ხოლმე. აქამდე დიდწილად სწორედ ამ მეორის სასარგებლოდ აკეთებდნენ არჩევანს. ყველა ხელისუფლება ცდილობდა, კონსტიტუციური ცვლილებები საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო და რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ვერავინ ისწავლა ჭკუა და ვერ შეიგნო, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია - თუ ხალხს არ უნდიხარ, რაც უნდა კონსტიტუცია დაწერო და საკუთარ თავზე მოირგო, არაფერი გამოვა, რადგან საბოლოოდ არჩევანს მაინც ხალხი აკეთებს.

მომზადებული ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად გამოშიგნეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ფუნქცია აღარ დარჩეს - უშიშროების საბჭო საჭირო აღარ ყოფილა, არც ელჩებსა და მოსამართლეებს დანიშნავს პრეზიდენტი და ა.შ. ეს ყველაფერი თუ მიიღეს, საბოლოოდ გვეყოლება პრეზიდენტი, უდიდესი ლეგიტიმაციით და უფლებების გარეშე, მოკლედ, აპირებენ, პრეზიდენტი აქციონ ბუტაფორიად, თოჯინად... გვთავაზობენ, ფაქტობრივად, არარაობა ავირჩიოთ. არ ვიცი, რატომ წვალობენ ამდენს. ჰგონიათ, რომ ყველა ბრიყვები ვართ და ამ თეთრი ძაფით ნაკერ ტაქტიკას ვერ ვხვდებით? თუ ბუტაფორიად უნდა აქციონ პრეზიდენტი, მაშინ პირდაპირი წესით არჩევას რაღა აზრი აქვს, ამაში რატომ უნდა დაიხარჯოს ფული?!

საბოლოოდ საკითხი ასეც დგება - სრულიად უფლებაწართმეული პრეზიდენტი რამდენად შეძლებს ან კრიზისის განმუხტვას, ან დამბალანსებლის ფუნქციის შესრულებას?!

- "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ნაწილმა უარყოფითად მიიღო და გააკრიტიკა.

- ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტრასბურგზე გაბრაზება ძალიან არაადეკვატურია. სინამდვილეში, ეს არის პროცესი, როდესაც სამყარო, რომლისკენაც დეკლარირებულად მივდივართ, თვითონ მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რაღაც არ ჩანს წესრიგში და მე დაგეხმარებით ამ პრობლემების მოგვარებაშიო.

სხვა საკითხია, რომ საქართველოში ამ ორი წლის განმავლობაში, რაც "რუსთავი 2"-ის პროცესი მიდის, ბევრი რამის დევალვაცია მოხდა. აქ მაინცდამაინც ეს ტელევიზია და სიტყვის თავისუფლება სულაც არ არის მთავარი დრამა. მთავარი დრამა არის ის, რაც დაემართა სასამართლო სისტემას, რომლისადმი ნდობაც განულდა.

ეს გასცდა საერთო სასამართლოებს და საკონსტიტუციოსაც კი გადასწვდა. გვახსოვს, ზოგიერთი მოსამართლე ავადობას რომ იგონებდა და საავადმყოფოში იმალებოდა, ოღონდაც კი გადაწყვეტილება არ მიეღო.

ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ვერაფერი მოახერხა. მეტიც, მისი ხელშეწყობით დარჩა ხელისუფლებაში"კოლექტიური მურუსიძე, რის შედეგებსაც ვიმკით.

დღევანდელმა ხელისუფლებამ წინას შეცდომები არ გაითვალისწინა და კოლექტიური მურუსიძე მემკვიდრეობით გადმოიბარა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ახლა პატრონი შეიცვალეს და ემსახურებიან ამ ხელისუფლებას. მათი დამოუკიდებლობის არავის სჯეროდა არც მაშინ და არც ახლა სჯერა.

"ქართულმა ოცნებამ" ჩათვალა, რომ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, შეიძლებოდა ახალ სისტემაში თვითონაც გამოეყენებინათ. მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას ერთხელ შეასრულებს, ვეღარასდროს შეიცვლება. ხელისუფლებამ გადმოიბარა ეს სისტემა და გადაწყვიტა, წინა ხელისუფლების შექმნილი ურჩხული თვითონ ემართა, სინამდვილეში კი ამ ურჩხულმა აიყვანა მძევლად. დღეს საკითხავია, ვინ მართავს ქვეყანას -""ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძAალიან სუსტად გამოიყურება, თუ ეს კოლექტიური მურუსიძე? აი, ამ ყველაფრის შედეგია"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

კიდევ ერთ რამეს დავძენდი - ნიკა გვარამიას რიტორიკა და პოლიტიკური განცხადებები არ განირჩევა "ნაციონალური მოძრაობის" ულტრააგრესიული ფრთის რიტორიკისგან. მედიის წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადებები არ უნდა გვესმოდეს, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვინც არის ნიკა გვარამია,

ის წარმოადგენდა "ნაციონალურ მოძრაობას" და გვახსოვს, მთავარი პროკურორის მოადგილის რანგში რას ლაპარაკობდა და აკეთებდა. გვარამია და "ნაციონალური მოძრაობა" როდესაც დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ებრძვიან და მე კარგად მესმის საზოგადოების იმ ნაწილის გაღიზიანება, რომელიც მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქიბარ ხალვაშიც ისეთივე ნომინალური მფლობელი იყო ამ ტელევიზიის, როგორიც დღევანდელი მფლობელები, რომელთა ხელით თავის დროზე წაართვეს ტელევიზია იმჟამინდელ მეპატრონეებს. თუმცა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქცეოდა ცუდად და გვარამიას რიტორიკა მიუღებელია, არ ცვლის იმ ძალიან დიდ პრობლემას, რაც საქართველოს სასამართლო სისტემაშია და რომლის გამოც შესაძლოა ქართველ საზოგადოებაში კონფრონტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ნათია დოლიძე