"მსოფლიოში გაჩაღებული უხილავი ომი უფრო ინტენსიური გახდება" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში გაჩაღებული უხილავი ომი უფრო ინტენსიური გახდება"

"არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!"

კანონის მთავარი მოწინააღმდეგე იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მიერ ფარული ჩანაწერებით გადავსებული კასრიდან ინფორმაციები, სამწუხაროდ, დღემდე ჟონავს...

გასულ კვირას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნა. 28 მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა როგორც ევროპელი, ასევე ჩვენი ექსპერტები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც, შესაძლოა, პრობლემები წარმოშვას. მათგან ერთ-ერთია მოქალაქეთა ტალღა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნიდან ევროპისკენ დაიძრას და ეს მიღწევა არალეგალური ცხოვრებისა და მუშაობისთვის გამოიყენოს, შედეგად კი ევროკავშირმა ე.წ. შეჩერების მექანიზმი აამუშაოს.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ ვალერი გორგილაძესთან ინტერვიუ:

- უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და მე ამ პროცესში პოზიტივს მეტს ვხედავ, ვიდრე - ნეგატივს. შიშის საფუძველი კი არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველი ვინც იყო, აქამდეც ახერხებდა წასვლას და კარგა ხანია, ათასობით ჩვენი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის. ევროპის არაერთ ქალაქში უკვე მრავალრიცხოვანია ქართული დიასპორა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენგან არცთუ დიდი ნაკადი მიაწყდება ევროპას. მიხარია, რომ ეს პროცესი ევროპისკენ გზას გაუადვილებს ქართველ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომელთაც ბებერ კონტინენტზე სწავლისა და მოგზაურობის საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, საკუთარი თვალით ნახონ, როგორია ევროპული ცხოვრების წესი...

აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ქვეყნიდან ევროპაში წამსვლელთა მსურველი პირველ წელს ყველაზე მეტია ხოლმე. მაგალითად, მას მერე, რაც ლატვიას გაეხსნა გზა ევროპისკენ, ეს ქვეყანა 150 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. თავის დროზე ასეთივე სერიოზული იყო მიგრაციის პრობლემა პოლონეთიდან. მოკლედ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან მოკლე ხანში შეიძლება გავხდეთ მომსწრე ინტენსიური ნაკადისა, თუმცა ეს ნელ-ნელა დასტაბილურდება და არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!

რამდენიმე დღის წინ ლონდონში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ არც "ბრექსიტი" და არც იზოლაციის სხვა მცდელობა არ არის საშუალება ტერორიზმისგან თავდასაცავად. ეს გლობალური საფრთხეა, რომელიც ყველას ემუქრება, მიუხედავად იმისა, რეპრესიული მიგრაციული რეჟიმი გაქვს, თუ - ლიბერალური...

- ლონდონის ტერაქტი ახსენეთ და, როდესაც ევროსტრუქტურებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი განიხილებოდა, ამის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია ექსტრემისტებს ტერორიზმის ტრანზიტისთვის გამოეყენებინათ...

- ამგვარ საფრთხესაც შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ, რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს არაერთ მუსლიმურ ქვეყანასთან, მათ შორის - ირანთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ევროპის კარი გაგვიღეს, ჩვენ ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა დავაწესოთ. ამ მიმართულებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან, ეს პროცესი აკონტროლონ. საქართველოში ჩამოსვლა არ ნიშნავს ვინმესთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემას, ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას იჩენს და აღარ არის ის ლიბერალური მიდგომა, როდესაც ლამის ნახევარ თურქეთს დაურიგა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პასპორტები. მარგველაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ეს მიმართულება უფრო რეგლამენტირებული და შეზღუდულია.

- გამოითქმის ვარაუდები, რომ ევროპაში ტერაქტების ახალ ტალღას ელოდებიან...

- ევროპაში ტერაქტების საფრთხე მაღალია და ვერავინ იტყვის, ეს როდის დასრულდება. "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ახლო აღმოსავლეთში სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპა უსაფრთხოდ იქნება. რაც უფრო სასტიკი იქნება დასავლეთის მოქმედებები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მით უფრო სასტიკი იქნება ტერორისტების წინააღმდეგობა ყველგან და მათ შორის - ევროპის ტერიტორიაზეც.

ის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებში უკვე მილიონობით მიგრანტია თავმოყრილი და ეს დიასპორები მძლავრია. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ნიდერლანდებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ მისცეს პროპაგანდის საშუალება, როგორ შეიკრიბა ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით თურქი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

სამწუხაროდ, ეს პროცესები გაგრძელდება.

ეს არის ომი, რომელიც ლოკალურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მაგრამ თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გაჩაღებული; ეს არის "უხილავი დაპირისპირება, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ინტენსიური გახდება.

- საშიშ ფაზაში შევიდა კონფლიქტი თურქეთსა და ევროპას შორის. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებები გაჟღენთილია ევროპელების სიძულვილითა და მუქარით...

- თურქეთი, მუსლიმურ ქვეყნებს შორის დასავლეთისადმი თითქოს ყველაზე ლოიალური სახელმწიფო, ჯერ კიდევ გუშინ ევროპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, დღეს კი სიტყვით ასეთ აგრესიულ პოზიციას გამოხატავს და ეს, რა თქმა უნდა, ამწვავებს ვითარებასა და ტერორიზმის საფრთხეს. თანაც თურქეთს ევროპაზე ზემოქმედებისთვის აქვს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი - მიგრანტები. დღეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი მილიონი ლტოლვილია, რომელთა ევროპისკენ გაშვებით იმუქრება ერდოღანი...

მოკლედ, უახლოეს მომავალში ევროპას ძნელად თუ ვინმე უწინასწარმეტყველებს მშვიდობას. და ეს პროცესი შეიძლება ათეულობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ გლობალური დაპირისპირების დარეგულირებას, რომელშიც შედის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალური და ეკონომიკური საკითხებიც, წლები დასჭირდება.

- თურქეთი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მისი ევროპასთან გამწვავებული და რუსეთთან დამთბარი ურთიერთობა როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე?

- ჩვენი ორი უდიდესი მეზობელი, რომლებიც, ამავდროულად, ისტორიული კონკურენტები არიან, განსაკუთრებით - სწორედ კავკასიის საკითხში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ არის დარჩენილი. დღეს არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელსაც აქვს ქმედითი ინსტრუმენტები თურქეთსა ან რუსეთზე ზემოქმედების მოსახდენად. ორივე ქვეყანას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ექსპანსიონისტური ინტერესები... ამდენად, არის საშიშროება, რომ საქართველო და კავკასიის ნებისმიერი სხვა ქვეყანა გახდეს რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის ობიექტი. კი ბატონო, არსებობს ორგანიზებული ძალა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მაგრამ თუ თვალს მივადევნებთ იმას, რაც ხდება დღეს ნატოში და ტრამპის დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციისადმი, უფრო მეტი ეჭვი ჩნდება...

- გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოში ხმაურიანად წარიმართა ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის პროცესი, რომლის დროსაც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მოწმენი გავხდით...

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ მოსმენა-მიყურადება მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა აღიარებს. ამერიკელები უსმენენ გერმანელებს, ბრიტანელები, როგორც ახლა ირკვევა - ამერიკელებს, ტრამპმა მერკელსაც კი შეუთვალა, ობამა გისმენდაო.. გავიხსენოთ სნოუდენის გამოქვეყნებული მასალები და ა.შ. ჩემი შთაბეჭდილებით, ევროპელებიც და ამერიკელებიც შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათ უსმენენ და თანხმდებიან, რომ ეს საჭიროა მათივე უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, "მოგისმენ", "შევზღუდავ შენს პრივატულ სივრცეს", "ჩავერევი შენს პირად ცხოვრებაში" - პრობლემა თითქოს აღარ არის...

მიმაჩნია, რომ ახალმა უწყებამ, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა შეიქმნას, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ამ პროცესის კანონიერება და მეორე მხრივ, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ აღიკვეთოს ის უმსგავსობა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, როდესაც ფარული ჩანაწერები საჯარო სივრცეში ხვდებოდა...

ამგვარი საქმიანობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც მიიღო პარლამენტმა, ყველაზე უარესია. მაგალითად, ფინეთში ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია და მას მხოლოდ ომბუდსმენი აკონტროლებს. ჩემი აზრით, ჩვენში ამ კანონის განხილვა პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოპულიზმის საგანი გახდა. პრეზიდენტი მიხვდა, რომ კონიუნქტურის თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა, დამდგარიყო იმ მხარეს, საითაც იდგა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და სწორედ ამით აიხსნება მისი პოზიცია.

მაინცდამაინც ვერ ვხედავ ოპოზიციის ზრუნვას მოქალაქეების პირად თავისუფლებაზე, მით უფრო, რომ ამ კანონის მთავარი მოწინააღმდეგე იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მიერ ფარული ჩანაწერებით გადავსებული კასრიდან ინფორმაციები, სამწუხაროდ, დღემდე ჟონავს...

ეს რომ ხელოვნურად შექმნილი თემა იყო, თავიდანვე ჩანდა, მაგრამ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, შეუძლია იჩივლოს სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც, როგორც ვნახეთ, ძალიან სწრაფად რეაგირებს...

- ერთი თემა, რომელიც ასევე დაუკავშირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, არის სამართალდამცავთა მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს მათი მოქმედების მიზანი პრეზიდენტზე ზემოქმედებაა. ვგულისხმობ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის განცხადებას, რომ მის მეგობარს ნარკოტიკი "ჩაუდეს"... დაისვა ასეთი კითხვაც: "თუ ეს სიმართლეა და პრეზიდენტიც კი არ არის დაცული უკანონო შეტევებისგან, რა ელის რიგით მოქალაქეს?"

- აქ მეორე კითხვაც შეიძლება დავსვათ: "პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ან მათთან ახლობლობა უნდა იყოს იმუნიტეტი, თუ ვინმე რამეს აშავებს?!" ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მის ნათესავებს ავიწროებენ, ამიტომ თითოეული ასეთი შემთხვევა მოითხოვს მტკიცებულებებით იმგვარ გამყარებას, რომ შეკითხვა აღარ დარჩეს. პროცესი უნდა იყოს საჯარო... ეჭვიც კი არავის უნდა გაუჩნდეს, რომ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას... ვფიქრობ, მთავრობაში აცნობიერებენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანასა და ხელისუფლებას, თუ სამართალდამცავთა უკანონო მოქმედების შემთხვევაში საჩივარი სტრასბურგში წავა...

- ბოლო დღეების განმავლობაში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საინტერესო მოვლენები ვითარდება. ჯერ იყო და, მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, ტელევიზიის კოლექტივს მისი 40% შესთავაზეს, საპასუხოდ კი უარი და საკონტროლო პაკეტის მოთხოვნა მიიღეს, რაზეც საბოლოოდ დათანხმდნენ, თუმცა, მას მერე, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აპირებდა შპს-ს დაფუძნებას, რომელიც ამ ტელევიზიის 51%-ის მფლობელი გახდებოდა, ყარამანიშვილებმა მკაცრი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: "ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვეველი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ "მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.."

- თავდაპირველად ამ პროცესს აშკარად პიარაქციის ნიშნები ჰქონდა, რომელიც გათვლილი იყო სტრასბურგსა და იმ გულუბრყვილო აუდიტორიაზე, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს ტელევიზია ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნის და არა - მიშას. პამპულობანას ჰგავდა ჯერ ყარამანიშვილების განცხადება - 40%-ს მოგცემთო, მერე "რუსთავი 2"-ის კოლექტივის მოთხოვნა და ყარამანიშვილების თანხმობა... თუმცა მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ "რუსთავი 2"-ის ფაქტობრივ და ნომინალურ მფლობელებს შორის ყველაფერი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. ერთიც არის - ნიკა გვარამია აქამდეც არაფრად აგდებდა ყარამანიშვილებს და მათდამი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც მახსოვს, საჯაროდ გავრცელებულ ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში მათ უდიერადაც მოიხსენიებდა,

ამიტომაც არ არის გასაკვირი ყარამანიშვილების გაღიზიანებული ტონი. აშკარაა, რომ მათსა და გვარამიას შორის არსებობს კონფლიქტი. გვარამია, როგორც ჩანს, ძალიან ვიწრო და სანდო ჯგუფთან ერთად ცდილობს ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას. ეს, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სცენარია.

არ გამიკვირდება, ცოტა ხანში გამოვიდეს და ძმები ყარამანიშვილები მთლად ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულოს.

ჩემი აზრით, არც თანამშრომლებს შორის უნდა იყოს მშვიდი ვითარება. თუნდაც დიმიტრი ობოლაძის წასვლა გავიხსენოთ. არ არის გამორიცხული, რომ პარტიულად ჩამოყალიბებულ ტელევიზიაში თანამშრომლებს შორისაც გაჩნდა ბზარი მას მერე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მოხდა განხეთქილება. ტელევიზიის მფლობელები ამბობენ, რომ იმ რაღაც შპს-ს დაფუძნებისას თანამშრომლების მიმართ აშკარა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ჩანს და გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება სააქციო საზოგადოების დაფუძნებაში ყველა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა. სავარაუდოდ, სურთ, სწორედ მათ დააფუძნონ შპს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ახმოვანებს. შესაძლოა, სტრასბურგში პროცესის წარმართვა საჭირო აღარც გახდეს, ისე გამოააშკარაონ საკუთარი თავი და საქმე დაშლამდეც მივიდეს, რადგან გვარამიას გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ყარამანიშვილები შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო, არამედ - ტელევიზიის თანამშრომლებიც.

ნათია დოლიძე