"ქართულ სპეცსამსახურებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ!" - კვირის პალიტრა

"ქართულ სპეცსამსახურებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ!"

"იქნებ შემცირება სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის გადახედვით და იქ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის შემოწმებით დაიწყონ"

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 25 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროპის კარი და ევროინტეგრაციისკენ მრავალწლიანი გზის ერთი მონაკვეთი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით დაგვირგვინდა, თუმცა ეს გზა კვლავაც გრძელდება. ეს პროცესი აქამდეც რთული იყო და სავარაუდოდ, არც ამის მერე იქნება მარტივი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი რისკი და გამოწვევა კვლავაც არის, მათ შორის გაჩნდა ახალიც - რამდენად მოახერხებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციით მიღებული შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენებას? გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე მიღებული გადაწყვეტილება და ევროპასთან ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა პოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გამიჭირდება ვივარაუდო, რამდენად სწორად და ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ უფლებას, რადგან, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ნაწილი აქამდეც საკმაოდ არაპრეზენტაბელურად იქცეოდა... ევროპის ციხეებში დღესაც ბევრი ქართველი იხდის სასჯელს და არალეგალურადაც მრავალი ქართველი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, აწი ვინ როგორ მოიქცევა. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისი იქნება და გაცილებით მეტი ჩვენი მოქალაქე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. სხვა შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნას.

დღეს კი გვაქვს აჟიოტაჟი ატეხილი, რომ უპრობლემოდ შევძლებთ შენგენის ზონაში გადაადგილებას, მაგრამ გავიხსენოთ ისრაელის მაგალითი, სადაც არალეგალურად დარჩენის მსურველთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა უკიდურესად გართულებულია.

თუმცა, გვაქვს თურქეთში უვიზო მიმოსვლის მაგალითიც, სადაც ბევრად ნაკლები ხმაურის გარეშე ხდება საემიგრაციო დარღვევებზე რეაგირება და პრობლემაც ცოტაა. ძალიან ბევრი იქნება ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებაზე დამოკიდებული...

- პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკი, გამოცხადდა, რომ ამ სიკეთით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით რა პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ჩემი აზრით, ზედმეტად დაიმედება სწორი არ იქნება. ოსებზე ვერაფერს ვიტყვი, აფხაზების დაინტერესების ფაქტები კი ჩემთვის ცნობილია. ამას არ ჰქონია დიდი მასშტაბი, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ესეც კარგია.

საინტერესოა, ჩვენი მეზობლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელების. ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ ინტერესს. არაერთმა ჩრდილოკავკასიელმა მოიკითხა უკვე, რა პირობებით შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესდებიან, მათ შორის, შესაძლოა, კრიმინალური და ექსტრემისტული მიზნებითაც, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილე და გამუდმებული მუშაობა მართებთ სახელმწიფოს სპეცსამსახურებს.

- ის ნეგატიური პროცესები, რაც რუსეთის წახალისებით ბოლო ხანებში მიმდინარეობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც აფხაზეთში, ასევე ე. წ. სამხრეთ ოსეთში, ხომ არ შეიძლება განვიხილოთ როგორც კრემლის პასუხი საქართველოს შეუქცევად ევროინტეგრაციულ კურსზე? გავიხსენოთ აფხაზეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირება და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსული არმიის რიგებში შესვლის გადაწყვეტილება.

- ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და განსაკუთრებული კომენტარი არც სჭირდება. საქართველოს ევროინტეგრაციული კურსი სწორედ იმიტომაც არის ასეთი აქტიური და შეუქცევადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ოკუპაციას დასასრული არ უჩანს.

მეორე მხრივ, საქართველოს ეს აქტიურობა რუსეთის ახალ-ახალ საპასუხო ქმედებებს იწვევს. საქართველო მუდმივად იღებს დარტყმებს რუსეთისგან.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 1994 წელს ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩარჩო-ხელშეკრულებას. მაშინ ამ დოკუმენტში გაწერილი იყო საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობა ყველა სფეროში. მათ შორის იყო ასეთი პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და არმიის მშენებლობაში. მაშინ ეს ხელშეკრულება რუსეთის სათათბიროს მიერ რატიფიცირებული არ იქნა, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ჩაიშალა და სწორედ ამის მერე დაიწყო საქართველოს აქტიურობა დასავლეთის მიმართულებით. მაშინ გაჩნდა პირველი აქტიური კონტაქტები აშშ-თან, ნატოსთან და ა.შ. ნაწილობრივ სწორედ რუსეთის უარმა განაპირობა დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვა, რაც წლიდან წლამდე ძლიერდება. მოსკოვში ვერაფრით ხვდებიან, რომ მათი ანექსიური პოლიტიკა საქართველოს მთავრობასაც და მოსახლეობასაც დასავლეთისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე გაწბილებაც ბევრი შეგვხვდა, უკმაყოფილებაც და ა.შ. მაგრამ, როდესაც ერთ მხარეს არის ოკუპაცია, მეორე მხარეს კი დასავლეთთან ჩვენი მცირე უთანხმოებები, რა თქმა უნდა, დასავლეთს ვირჩევთ... კრემლში ამის გაგება არაფრით უნდათ.

დიახ, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ისტორიული ტრადიციით და ამასთან, რუსეთის პოლიტიკითაც. მოსკოვში რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, ისინი სხვა არჩევანს თვითონვე არ გვიტოვებენ.

- აფხაზეთში ახლახან გაიმართა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც აქტიურ პოლიტიკას ისევ უბრუნდება ანქვაბი...

- ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება არსებითად არაფერს შეცვლის... მიუხედავად რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობისას მაინც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ქცევაზე. ნუ გვავიწყდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს მასშტაბური რუსული პროპაგანდა.

ავიღოთ რუსეთის მიერ ახლახან გახმაურებული ინიციატივა, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს დაურიგებენ აფხაზებს - გადაწყვიტეს ასე დაუპირისპირდნენ მკურნალობის მიზნით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზების მასობრივ გადმოსვლას.

ჩვენთან ჩამოსული აფხაზების ნაწილი უკან უკიდურესად კეთილგანწყობილი ბრუნდება, ნაწილს აგრესიული განწყობა უკეთესობისკენ ეცვლება, ზოგიც კიდევ მიიჩნევს, რომ ქართველები ვალდებული არიან, მათ უმკურნალონ და ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის გავლენა. რუსეთის მიერ დარიგებული პოლისები მნიშვნელოვანი რამეა და აფხაზი პაციენტების ნაწილი კრასნოდარის მხარეში იმკურნალებს, მაგრამ, რასაკვირველია, აქაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენთან სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი დონეა. როგორც კი გაჩნდა აფხაზ საზოგადოებაში ჩვენთვის პოზიტიური და რუსეთისთვის ნეგატიური ბზარი, მაშინვე გააქტიურდა კრემლი. გაგახსენებთ, პოლისების დარიგების გარდა, ჰოსპიტალსაც აშენებენ აფხაზეთში.

ჩვენ ამ ყველაფრის საპასუხოდ რას ვაკეთებთ? მე რასაც ვხედავ, ძალიან ფრაგმენტულად და არათანამიმდევრულად ვმუშაობთ. ძირითადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედად ვართ, რაც არცთუ კარგია. სახელმწიფოს ჯერ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მუშაობა არც აქტიურია და არც კონსოლიდირებული. ხომ ხედავთ, ბოლო გამოკითხვებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სულ უფრო უკანა პლანზე გადადის. როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სვამენ, რა ხდება აფხაზეთისა და დე ფაქტო ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში, პასუხი ერთია - არც არაფერი განსაკუთრებული, ორივეგან კლანური ბრძოლა მიმდინარეობს. განსხვავება ის არის, რომ აფხაზები ჯიუტად ცდილობენ, გაუძალიანდნენ რუსეთს და თავისი გაიტანონ, ოსები კი ყველაფერზე თანხმდებიან. სწორედ კლანური ბრძოლაა ის, რასაც ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უწოდებენ და რომელიც 9 აპრილს უნდა გაიმართოს.

- ამ არჩევნებთან ერთად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარდება პლებისციტი, რომელიც ამ ტერიტორიისთვის ახალი სახელის - ალანიას დარქმევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: "სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება"...

- ასეთი რეფერენდუმი ბოლო წლებში უკვე ორჯერ ჩაატარეს. ეს პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ხდება და არა იმიტომ, რომ ვერ გაიგეს მოსახლეობის აზრი. სახელის გადარქმევისთვის პლებისციტის ჩატარებაც ზემოთ ნახსენები კლანური ბრძოლის შედეგია, უფრო კონკრეტულად კი დე ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვსა და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ბიბილოვს შორის დაპირისპირებისა. გაგახსენებთ, ბიბილოვმა ჯერ კიდევ შარშან დააყენა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა, მაშინ თიბილოვმა მოსკოვის მოთხოვნით აკრძალა ეს საკითხი, თუმცა იმისთვის, რომ ოპონენტების კრიტიკა როგორმე შეემსუბუქებინა, სახელის შეცვლის თაობაზე პლებისციტის ჩატარება მოიფიქრა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ალანიას დაარქმევენ თუ რამე სხვას... ფაქტი ერთია, იმას, შევა თუ არა ე. წ. სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში, გადაწყვეტს არა რეფერენდუმი, არამედ კრემლი, რომელსაც ამ ეტაპზე ამ საკითხის გააქტიურება საერთოდ არ აწყობს... თუმცა საკმარისია საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა გახდეს ბევრად აქტიური, სავარაუდოდ, მოსკოვი ამ თემას წინ წამოსწევს.

რეგიონში იმდენად ბევრი და მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი ორი დიდი მეზობლის, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა. რომ ვფიქრობდით, მათ შორის დამოკიდებულება დათბაო, ფაქტია, ისევ ნელ-ნელა ცივდება. საქმე ის არის, რომ ერდოღანის რუსეთში ვიზიტის დროს მან და პუტინმა ვერ მოილაპარაკეს ქურთების საკითხზე. ამას მოჰყვა ის, რომ თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა ბრძანება გასცა, უარი ეთქვათ რუსეთისგან ხორბლის შესყიდვაზე. ლაპარაკია მილიონ-ნახევარ ტონა ხორბალსა და შესაბამისად უზარმაზარ თანხაზე, რაც რუსულ ბიუჯეტში უკვე გათვლილი ჰქონდათ. ბუნებრივია, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩვენს რეგიონზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს უმნიშვნელო ამბავია ამ დიდ გეოპოლიტიკაში ის, რაც მოხდა ბათუმში, თუმცა რუსეთისა და თურქეთის წამყვანმა მედიასაშუალებებმა ამას დიდი დრო დაუთმეს. ამ განხილვებისას ერთი მხარე ცდილობდა, მეორე წარმოეჩინა ამ ამბის ორგანიზატორად და პირიქით.

შეიძლება ამას დიდწილად შეფარვით ცდილობდნენ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ჩემი აზრით, ამას უნდა მიაქციოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ყურადღება და ბევრი რამ გააანალიზოს.

- ამ რამდენიმე დღის წინ მორიგი სოციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, რომლის მიხედვითაც, პარტიების რეიტინგში ლიდერობს "ქართული ოცნება" 26%-ით, მეორეა "ნაციონალური მოძრაობა" (15%), მესამე კი "ევროპული საქართველო" (8%). თქვენი აზრით, რამდენად ასახავს ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განწყობას?

- გამიჭირდება პასუხის გაცემა. რასაც ვხედავ, დღეს ქართველ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი გაცილებით გაზრდილია. შესაბამისად, ეს კვლევა რეალურ ვითარებაზე ვერაფერს მეუბნება,

თანაც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შემჩნეულია, რბილად რომ ვთქვათ, კვლევის შედეგებით მანიპულირებაში.

- რას იტყვით პოლიტიკოსთა რეიტინგზე, რომელსაც პრეზიდენტი მარგველაშვილი უდგას სათავეში 67%-ით, მას მოჰყვება დავით სერგეენკო და მხოლოდ მესამეა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

- რაც ზემოთ ვთქვი, პოლიტიკოსთა რეიტინგებსაც შეეხება. მეეჭვება ეს რეალური პროცენტები იყოს.

- პარლამენტში 7 აპრილს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წლიური საანგარიშო მოხსენებით ელიან. ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და პოლიტიკური აქტიურობით უკვე წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

- ჩემი აზრით, მარგველაშვილი არ ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუმცა, თუ შანსი გაუჩნდა, პოლიტიკურ გუნდს შექმნის. მის გარშემო ტრიალებს არაერთი პოლიტიკური ფიგურა. მიუხედავად მისი ეპატაჟური საქციელისა და სკანდალებისა, რაც მის ოჯახს დაუკავშირდა, გიორგი მარგველაშვილი არა მგონია უჭკუო კაცი. ვფიქრობ, ის ხვდება, ამ პოლიტიკური ფიგურებისთვის ლიდერი რომ არ არის. მხოლოდ პოლიტიკური იარაღია, რომლითაც ისინი შეეცდებიან პოლიტიკაში დაბრუნებასა და გააქტიურებას.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიამ დროულად გააცნოს ფართო საზოგადოებას, რა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადა. ძალიან კარგია, რომ ამის თაობაზე აქტიურად თანამშრომლობენ ვენეციის კომისიასთან, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია მის განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გვეღირსოს კონსტიტუცია, რომელიც წლებს გაუძლებს და ყოველი ხელისუფლება მასში ცვლილებების შეტანას არ მოისურვებს! აქვე ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესია, მკაფიოდ განსაზღვროს კონსტიტუციამ, რა უფლებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი. ეს გაურკვეველი შუალედური ფორმა მუდმივად წარმოშობს ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების საფრთხეს. ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრით, უფრო სწორად, ის ნაწილი, ვინც დაინტერესებულია. რაღა დასამალია და, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს საკუთარი სოციალური მდგომარეობის გარდა, დიდად აღარაფერი აინტერესებს.

- ჩვენში გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ თვითმმართველობების შემცირებაზე გაკეთებულ განცხადებებს. თავის დროზე, თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებდა თვითმმართველი ქალაქების გაზრდას, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდეც, თუმცა დღეს უკვე მათ შემცირებაზე ლაპარაკობენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არა გვაქვს იმის ფუფუნება, დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას თვითმმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებენ. მათ ამ საკითხზე ხელისუფლების უმაღლეს პირებს ღია წერილითაც მიმართეს.

- ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ ამხელა ბიუროკრატიის შენახვის თავი მართლაც არა გვაქვს, მაგრამ იქნებ შემცირება სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის გადახედვით და იქ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის შემოწმებით დაიწყონ.

მე არა ვარ ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ როდესაც თავის დროზე თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობა მიიღეს, ის განპირობებული იყო მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურით და ცვლილების პროექტიც ძალიან ნედლი იყო. დღეს რა თვითმმართველობაც გვაქვს, ეს არ არის რეალური თვითმმართველობა, უფრო სწორად, ყოვლად არასრულყოფილია.

რა მნიშვნელობა აქვს, არჩეული იქნება მერი თუ დანიშნული, თუ ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრიდან დაელოდება დირექტივებს და დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტს?!

იმისთვის, რომ მივიღოთ რეალური თვითმმართველობა, ისეთი, როგორიც ევროპაშია, ამისთვის მხოლოდ კანონი არ არის საკმარისი, საჭიროა ის ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, იკისრონ საკუთარი რაიონისა თუ ქალაქის მართვის პასუხისმგებლობა... ახლა უცებ იდეალური კანონიც რომ შევქმნათ, რეგიონებში ძნელად იპოვით ადამიანს, ვინც ამას შეძლებს. შესაბამისად, ალბათ, კანონმდებლობაც და საზოგადოებრივი შეგნებაც ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

ნათია დოლიძე