"გამორიცხვა იმისა, რომ პუტინმა საქართველო ტრამპისთვის სასროლ ქვად გამოიყენოს, შეუძლებელია..." - კვირის პალიტრა

"გამორიცხვა იმისა, რომ პუტინმა საქართველო ტრამპისთვის სასროლ ქვად გამოიყენოს, შეუძლებელია..."

"პუტინის შეჩერება შეუძლია მხოლოდ მისივე ტიპის ლიდერს, და თუ ტრამპი მართლაც ამგვარი აღმოჩნდება, გამოდის, მხოლოდ მას შესწევს უნარი, შეაჩეროს რუსეთის სულ უფრო მზარდი გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში"

რამდენიმე დღეა, მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავებას, არადა, თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პროცესი ისე მიდიოდა, თითქოს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში გადატვირთვის ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო. ექსპერტთა ნაწილი შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა ჩანასახშივე მოკვდა მას მერე, რაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. 7 აპრილს, გამთენიისას, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ თომაჰაწკ-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. სარაკეტო თავდასხმა ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე მოხდა, სადაც რუსული სამხედრო კონტინგენტიც არის განთავსებული. ვაშინგტონის მტკიცებით, ეს იყო პასუხი სირიის ხელისუფლების მიერ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რასაც 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი მოიწამლა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ორ ზესახელმწიფოს შორის პროცესების შესაძლო ესკალაცია რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკასა და საქართველოზე? – ამ საკითხებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

- მომხდარით მითი ტრამპისა და პუტინის, ანუ აშშ-ისა და რუსეთის ახლომოკავშირეობის შესაძლებლობაზე, დაინგრა.

თუ ჩვენ გავაანალიზებთ იმ გამოხმაურებებს, რომლებიც მომხდარს მოჰყვა როგორც ერთი, ისე მეორე სახელმწიფოს მხრიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში ურთიერთობის გაუმჯობესება კი არა, გაუარესებაა მოსალოდნელი.

უპირველესად გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადება. შეგახსენებთ, ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მის ე.წ. პრორუსობასთან დაკავშირებით ისმოდა, გამომდინარე იმ ფინანსური ინტერესებიდან და ლამის ორი ათეული წლის ურთიერთობიდან, რომელიც მას რუსეთთან აკავშირებდა. ისმოდა შეფასებები, რომ სწორედ ის იქნებოდა, დონალდ ტრამპის აწ უკვე ყოფილ თანაშემწე მაიკლ ფლინთან ერთად, რუსეთთან დაახლოების მებაირახტრე, თუმცა სირიაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ ტილერსონის პოზიციამ ეს მითიც გააცამტვერა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შეფასებისას ყველაზე მკვეთრი მისი განცხადებები იყო. მან განაცხადა, რომ რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის თანამონაწილე იყო, ან არაკომპეტენტური აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო, სირიელი მოკავშირის ქიმიურ იარაღთან წვდომა აღეკვეთაო.

რუსეთის თანამონაწილეობაზე მისი განცხადების საფუძველია ის, რომ ამერიკული ვერსიით, იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა სწორედ იმ ავიაბაზიდან, სადაც სირიელი და რუსი სამხედროები გვერდიგვერდ არიან განლაგებულნი და ასეთ ვითარებაში ვინ განახორციელა თავდასხმა, ძნელი სათქმელია. რაც შეეხება ტილერსონის განცხადებას არაკომპეტენტურობის შესახებ... ლაპარაკია იმაზე, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღი აღარ ექნებოდა.

შეგახსენებთ, ასადმა პირველად სწორედ 2013 წელს გამოიყენა ქიმიური იარაღი, რასაც საპასუხოდ მხოლოდ ობამას უფხო მუქარა მოჰყვა...

- სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის თაობაზე დონალდ ტრამპის ლამის ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება არაერთი შეფასების საგანი გახდა.

- დავიწყოთ იმით, რომ ტრამპს სხვა გზა არ ჰქონდა. პირველი - მას უნდა გადაერჩინა აშშ-ის, როგორც ზესახელმწიფოს სახე და იმიჯი, რომელიც რადიკალურად შეილახა ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობისას; და, ამასთან, მას უნდა გადაერჩინა საკუთარი, როგორც რუსების არამარიონეტი პრეზიდენტის, იმიჯი. მეორე - ეს იყო ტრამპისთვის მოწყობილი ძალიან მძიმე გამოცდა და თუ ასეთ პასუხს არ გასცემდა გამომცდელებს, აშშ-ისთვის ეს უფრო დამანგრეველი იქნებოდა. დიახ, მას სხვა საშუალება არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ პრეზიდენტზე, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომ, პრეზიდენტობის რამდენიმე თვეც, აცხადებდა, თითქოს აშშ უარს ამბობდა სუპერსახელმწიფოს როლზე... ის საეჭვოდ მიიჩნევდა აშშ-ის მონაწილეობას ნატოში, უკრაინის კონფლიქტში... მეტიც - ლამის უარს ამბობდა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედების შემთხვევაში აღებული ვალდებულების შესრულებაზე. შეგახსენებთ, ეს მუხლი ნატოს ქვეყნებს ავალდებულებს, დაიცვან ნატოს ნებისმიერი წევრი მის მიმართ განხორციელებული აგრესიისგან.

ეს არის პრეზიდენტი, რომელიც სირიაში რუსეთის შესრულებულ როლს არათუ გმობდა, მიესალმებოდა კიდეც... და უეცრად კონგრესთან შეთანხმების, მოკავშირეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე ტრამპი იღებს აბსოლუტურად მოულოდნელ გადაწყვეტილებას და ბომბავს სირიის პოზიციებს ავიაბაზაზე, სადაც რუსი სამხედროებიც იმყოფებიან... აშკარაა, ის იღებს ამ გადაწყვეტილებებს ისე, რომ გრძელვადიან შედეგებზე არ ფიქრობს.

ტრამპი მართალია, როცა აცხადებს, რომ დღეს სირიაში და არა მხოლოდ იქ აშშ-ის დაკნინებული როლი ობამას მმართველობის ბრალია! აშშ და დანარჩენი მსოფლიო დღეს იმკის ობამას უხერხემლო მმართველობის შედეგებს. რომ არა ტრამპის ამგვარი რეაქცია, ეს იქნებოდა ნიშანი, რომ აშშ საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა საკუთარ ინტერესებს სირიაში.

- როგორ შეაფასებთ კრემლის რეაქციას? თავდაპირველად თითქოს დაბნეულობა შეიმჩნეოდა, თუმცა მერე აშკარად გამოიკვეთა მუქარანარევი ტონი. რამდენად სერიოზულია საფრთხე, რომ ვითარება ამ ორ ზესახელმწიფოს შორის ისე გამწვავდეს, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებამდეც კი მივიდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ სირიაში განლაგებულ რუსეთის "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტებს იოლად შეეძლოთ ამერიკული რაკეტების ჩამოყრა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური წყაროების მტკიცებით, რუსების ამგვარი შეტევის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.

პუტინისა და ტრამპის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ორ ერთნაირად ამბიციურ და ემოციურ ადამიანსა და ლიდერთან. პუტინის შეჩერება შეუძლია მხოლოდ მისივე ტიპის ლიდერს, და თუ ტრამპი მართლაც ამგვარი აღმოჩნდება, გამოდის, მხოლოდ მას შესწევს უნარი, შეაჩეროს რუსეთის სულ უფრო მზარდი გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

აქამდე პუტინი ძლიერი იყო იმდენად, რამდენად სუსტიც იყო ობამა. პუტინი პოზიციებს იმაგრებდა იქ, სადაც, მისი ზეწოლის შედეგად, ობამა უკან იხევდა. დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ჯერჯერობით ვხედავთ სწორედ ლიდერების და არა - სახელმწიფოების ორთაბრძოლის დასაწყისს... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ უფრო ძლიერი და ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებული აღმოჩნდება ამ ორთაბრძოლაში. აქამდე პუტინი ყოველთვის წინმსწრებად მუშაობდა, აშშ-ისა და ევროპის ლიდერებს ერთი ნაბიჯით უსწრებდა და შესაბამისად, მუდმივად ფაქტის წინაშე აყენებდა.

მათ აშკარად მოსინჯეს ერთმანეთის ძალები და ეს ორთაბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება... ეს მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო პოლიტიკას, თუმცა, არ მგონია, თვალსაწიერ პერსპექტივაში ორთა ეს ჭიდილი მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს და ამას, ჩემი აზრით, აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: მესამე მსოფლიო ომი ნიშნავს ომს ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც სამყაროს დასასრული იქნება... ამიტომაც, ალბათ, ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო ფსიქოლოგიური დაშინების ბერკეტებს გამოიყენებენ. მაგრამ გამორიცხვა საფრთხისა, რომ ერთხელაც ის "მიწა-ჰაერის" რაკეტები რუსეთმა გამოიყენოს, არ შეიძლება...

ამ პროცესში ვიხილავთ მსოფლიოს საინტერესო გადალაგებას. ამ ორი ლიდერის დაპირისპირება აუცილებლად გააჩენს დაპირისპირებულ ბანაკებს. თუ ტრამპმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა პუტინის პოლიტიკაზე და არა მხოლოდ შეაჩერა მისი გავლენის ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, არამედ უკან დაახევინა რუსეთს, რუსეთი დარჩება რამდენიმე თავისი მსგავსი ქვეყნის ანაბარა. თუ ეს დაპირისპირება თანაბარი ძალით წარიმართა, მაშინ შეიძლება ისევ ორი ძლიერად დაპირისპირებული ბანაკი ვიხილოთ...

- ფაქტია, რომ ამ ერთი შეჯახების შემდეგაც ამგვარი ბანაკების კონტურები გამოიკვეთა...

- მართალი ბრძანდებით, ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფოთა ორად გაყოფილი პოზიციები. ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის - საქართველომაც, მხარი დაუჭირა აშშ-ის ქმედებას. ძალიან საინტერესო იყო თურქეთის გამოხატული მხარდაჭერაც. ეს არის ნატოს წევრი და რეგიონის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო. მოგეხსენებათ, ბოლო ხანს ჩვენ თვალს ვადევნებდით რუსულ-თურქული "სიყვარულის" სერიალს, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე თამაშდებოდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, ეს კრახით დასრულდა და ამაში გადამწყვეტი როლი ქურთების საკითხმა ითამაშა, რაზეც პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ. შედეგად კი ვნახეთ, რომ აშშ-ის სირიაში მოქმედებას თურქეთი ერთ-ერთი პირველი შეხვდა აღფრთოვანებით...

- "აშშ-ის მიერ განხორციელებული ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა", - ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 აპრილს გავრცელებული განცხადებიდან, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ ღიად და მკვეთრად დაუჭირა აშშ-ს მხარი...

- ეს განცხადება არ მიესადაგება იმ კლიშეს, რომელსაც ოპონენტები ხშირად აკერებენ ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას - თითქოს ის პრორუსული ხელისუფლებაა. რუსეთ-ამერიკის ამ გამწვავებული ურთიერთობის ფონზე საქართველოს მთავრობა არ მოერიდა მკვეთრი პოზიციის გამოხატვას. ხელისუფლებას შეეძლო ან საერთოდ არაფერი ეთქვა, ანაც - მომხდარს დაგვიანებით გამოხმაურებოდა, რაც არ მოხდა.

საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის მოქმედებას...

- როდესაც ტრამპის გამარჯვების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დათბებოდა, ჩვენში ბევრი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ სავაჭრო დახლზე შეიძლებოდა საქართველოც აღმოჩენილიყო. დღეს, ამ გართულებულ ვითარებაში, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე უფრო იზრდება?

- სამწუხაროდ, ასეა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორი ტიტანის დაპირისპირებისას გამორიცხული არ არის, აშშ-ზე შურისძიება რუსეთმა საქართველოში სცადოს. ამის თეორიული შანსი მაღალია. გავიხსენოთ - დასავლეთისთვის კბილის მოსინჯვა, რასაც პუტინის აღმასვლა მოჰყვა, სწორედ საქართველოთი და 2008 წლის აგვისტოს ომით დაიწყო. მაშინ დასავლეთმა ეს გადაყლაპა, რადგან ვერ მიხვდა, რამდენად გრძელვადიანი სტრატეგია ჰქონდა პუტინს და საით მიდიოდა. გამორიცხვა იმისა, რომ საქართველო პუტინმა ტრამპისთვის სასროლ ქვად გამოიყენოს, შეუძლებელია... ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია არ გვქონდეს, თუმცა, ამავდროულად, აშშ-ის ადმინისტრაციას უნდა მოვთხოვოთ ძალიან მკაფიო გარანტიები, რომ რუსეთმა, 2008 წლის მსგავსად, აშშ-ის სადამსჯელო ოპერაცია საქართველოში არ წამოიწყოს! ამისთვის პრევენციული ზომებია მისაღები.

იმ საფრთხის გათვალისწინებით, რასაც საქართველო საკუთარ თავს უქმნის, აშშ-ის ასეთი მკვეთრი მხარდაჭერა უნდა დაფასდეს და საქართველოს წინაშე არსებული რისკები შემცირდეს.

ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება აქტიურობა, რაც ბოლო ხანს მართლაც არ აკლია. დათვალეთ, ტრამპის ინაუგურაციიდან მოყოლებული, აშშ-ში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა რამდენი ვიზიტი განხორციელდა. მარტო საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ იყო ჩასული, შედგა საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებიც... ეს კონტაქტები საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების პრევენციისთვის უნდა გამოიყენოს. ძალიან აქტიურია აშშ-ში ჩვენი ახალი ელჩი დავით ბაქრაძე. ამ ორიოდე დღის წინ გავრცელდა მისი ტრამპთან შეხვედრის ამსახველი ფოტო. საქართველოს ელჩები აშშ-ში ყოველთვის გამოირჩეოდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით, თუმცა ასეთი აქტიური ელჩი მართლაც იშვიათია...

- გასულ კვირას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, თუმცა ვერც სახელისუფლებო გუნდის და ვერც ოპოზიციის გული ვერ მოიგო. "ქართულ ოცნებაში" მისი მოსაზრებები გადაჭარბებულ კრიტიკად მიიჩნიეს, ოპოზიციაში კი - პირიქით. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მას უმრავლესობის წევრები მოედავნენ, ის იყო, რომ მოხსენებაში ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი არ იყო სათანადოდ გაშლილი...

- რაღა დაგიმალოთ და, პრეზიდენტის გამოსვლამ, აქტუალურობის თვალსაზრისით, უკმაყოფილების განცდა დამიტოვა. მიმაჩნია, რომ არაერთი მნიშვნელოვანი თემა ვერ მოხვდა მის მოხსენებაში. ვფიქრობ, რადგან სწორედ აშშ-ის მიერ სირიულ ავიაბაზაზე დარტყმის დღეს მოუწია მოხსენებით გამოსვლამ, უპრიანი იქნებოდა, ეს საკითხი ეხსენებინა და აქედან გამომდინარე, საკუთარი სტატუსის შესაბამისად, რისკებსა და შანსებზეც გაემახვილებინა ყურადღება. ილაპარაკო იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და სტრატეგია, მაგრამ არ თქვა, რა უნდა იყოს ამის ღერძი, თუნდაც თეზისების სახით, ვფიქრობ, არასწორია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე, მაგრამ უდავოდ გასათვალისწინებელია ისიც, რომ უსაფრთხოება მხოლოდ მტრის სამხედრო თავდასხმის მოგერიებას არ გულისხმობს. უსაფრთხოების ერთ მთლიან ორგანიზმს შეადგენს სოციალური უსაფრთხოება, ანუ საზოგადოება ისე არ უნდა დაიზაფროს სიდუხჭირისგან, რომ ქვეყანაში მუდმივად სოციალურად ფეთქებადი ვითარება იყოს. მით უფრო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია, რომელიც აუცილებლად შეეცდება, ისარგებლოს ამ ფეთქებადი სოციალური მუხტით. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის, რაც ასევე ვერ მოხვდა პრეზიდენტის ანგარიშში. ასევე - საინფორმაციო უსაფრთხოება, რაც სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს და ა.შ.

მარგველაშვილმა ამ გამოსვლისას მოირგო სასამართლოს და მედიის მეგობრის, მათი თავისუფლებისა და უფლებების დამცველის სტატუსი. მისი პირველი განცხადებები შეეხებოდა საზოგადოების გაერთიანებას - როგორც ჩანს, ის აპირებს, უახლოეს მომავალში ამგვარი გამაერთიანებლის სტატუსიც მოირგოს. არ გამოვრიცხავ, ზოგი ოპოზიციური პარტია 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას საერთო ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებდეს, თუმცა მისმა გამოსვლამ არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც ემზადება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების, მით უფრო - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატობისთვის. თუ ის ამას აპირებს, მისი გამოსვლა საერთო-ეროვნული, ქარიზმატული და უფრო გლობალურ ამოცანებზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო.

მის მიმართ, როგორც ხელისუფლების ალტერნატივის მიმართ, ინტერესი ძალიან მაღალია, რასაც მოწმობს მისი გამოსვლისას პარლამენტში დიპლომატიური წარმომადგენლობების სრული დასწრება და ისიც, რომ რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ელჩმა მთავრობას ლამის პირდაპირ მოუწოდა, დასწრებოდნენ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა, ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მარგველაშვილის გამოსვლა ვერც დიპლომატიურ კორპუსზე მოახდენდა...

ნათია დოლიძე