"ხელისუფლება წინამორბედის შეცდომას იმეორებს..."
24-04-2017
"ხელისუფლება წინამორბედის შეცდომას იმეორებს..."
"ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ხელისუფლება, რომლის შესაცვლელადაც რევოლუციები დაგვჭირდება"

"თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად"


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მზად არის. საკონსტიტუციო კომისიაში მას მხარი 43-მა წევრმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა. კომისია პროტესტის ნიშნად ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრამდე დატოვეს. მართალია, სახელისუფლებო ძალა ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტია კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ ცდილობს, თუმცა ამისი ნაკლებად სჯერათ როგორც
სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ხელთ გვაქვს პროექტი, რომელიც, იმედია, უფრო დაიხვეწება
საერთო-სახალხო თუ საპარლამენტო განხილვებისას, მაგრამ, ჯერჯერობით ვფიქრობ, ხელისუფლება წინამორბედების შეცდომას იმეორებს. უპირველესი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს კონსტიტუციასა და მის ცვლილებებზე იწყებოდა მსჯელობა, პრაქტიკულად, არასდროს შევთანხმებულვართ და არ შეგვიმუშავებია ზოგადი კონცეფცია იმისა, თუ რა და როგორ გვინდოდა. სამწუხაროდ, ასე ხდება დღესაც. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ყოველთვის პირდაპირ მუხლობრივი განხილვით იწყებოდა, რა დროსაც ამა თუ იმ საკითხის კონსტიტუციური დარეგულირების ერთი წესიც შეიძლება მისაღები და დემოკრატიული იყოს და მეორეც. განსხვავებას, წესით, ის უნდა ადგენდეს, არჩეულ კონცეფციას რომელი მეტად შეესაბამება. თუ კონცეფცია არ არსებობს, ცვლილებები ქაოსური გამოდის, რაც კონსტიტუციას კი არ აკეთილშობილებს, დიდწილად აუარესებს.

"ქართული ოცნება" ცდება, როდესაც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების სტაბილურობა. ჩემი აზრით, მთელი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არასტაბილური ხელისუფლება კი არა, ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება იყო.

როდესაც ამა თუ იმ საკონსტიტუციო საკითხზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება, ხელისუფლება კი მაქსიმალურად ცდილობს სწორედ მათ შესუსტებას.

- ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის თაობაზეც ვერ შედგა კონსენსუსი, პრეზიდენტის არჩევის წესია.

- მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს საყოველთაო არჩევნებით არჩეული, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. თუ ამის გარანტია იქნება კონსტიტუცია, მაშინ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა სრულიად ნორმალური იქნებოდა.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მთავრობის ალტერნატივა. აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტი­, თურმე პირდაპირი არჩევნების გზით იმიტომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი­, რომ ის იყოს მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურა, გაუწიოს ოპონირება მთავრობას და დააბალანსოს ის.

არ შეიძლება პრეზიდენტი აბალანსებდეს მთავრობას, მას ძლიერი ოპოზიცია და საზოგადოება უნდა აბალანსებდნენ.
აქედან გამომდინარე, ვფიქ­რობ, არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ჯობია. თუმცა მტკიცედ მწამს, პრეზიდენტი არ შეიძლება მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აირჩიოს. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ყველა დონის მმართველობას სახელისუფლებო ძალა აკომპლექტებს, თუ არ ჩავთვლით 2012-2014 წლებს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში დარჩნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ნელ-ნელა "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა. შესაბამისად, ამ ვითარებაში დაკომპლექტებული იმ ტიპის ხმოსანთა კოლეგია, რასაც დღევანდელი პროექტით გვთავაზობენ, ისევ ერთპარტიული იქნება.

მაშ, რაღას ვწვალობთ?! თუ ასე გვინდა, ერთმა პარტიამ პრეზიდენტი აირჩიოს, აირჩიოს პირდაპირ პარლამენტმა. თუ კოლეგია გვინდა, მაშინ უნდა უზრუნველვყოთ კოლეგიის ისეთი შერჩევა და ხმის მიცემის ისეთი წესი, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას. სხვაგვარად, თუ პრეზიდენტს ერთი პოლიტიკური ძალა აირჩევს, მას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის არა ქვეყნის, არამედ ერთი გუნდის პრეზიდენტად ჩათვლის. შესაბამისად, მას იმ გამაერთიანებელ ფუნქციასა და არბიტრის როლსაც წავართმევთ, რაც უმთავრესად უნდა ეკისრებოდეს პრეზიდენტს. არანაირ პროცესში, მით უფრო პოლიტიკურში, არ შეიძლება არბიტრს პროცესის ერთი მხარე ირჩევდეს.

მხარს კი ვუჭერ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, მაგრამ ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ისევ საყოველთაო-სახალხო არჩევნებით არჩევა ჯობია.

- "პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის დასკვნით სხდომაზე, თუმცა, ოპონენტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ბევრი ასეც კი სვამს საკითხს: ახალი პროექტით იმდენად იზღუდება მისი უფლებები, საჭიროა კი პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ?

- სამწუხაროდ, ასეა, თუმცა მე მაინც მიზანშეუწონლად მიმაჩნია საკითხის ამგვარად დასმა. მართლაც უფუნქციოდ რჩება პრეზიდენტი, მით უფრო, თუ მას მხოლოდ ერთი პარტია აირჩევს, ის ვერც ქვეყნის გამაერთიანებლის ფუნქციას შეასრულებს.
სამწუხაროდ, ჩვენში საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი, არადა, საპარლამენტო მმართველობის მთელი ხიბლი ის არის, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობები, რაც იძლევა საშუალებას, პარლამენტში შემავალმა პარტიებმა ერთმანეთი გააკონტროლონ და ერთ კონკრეტულ ძალას არ მისცენ ხელისუფლების უზურპაციის უფლება. ჩვენს რეალობაში კი ისეთი ვითარება იქმნება, რომ მართლა გაჩნდა კითხვა, გვჭირდება კი საერთოდ პრეზიდენტი? რაც შეეხება უფლებების ჩამორთმევას,
ხელისუფლებას საპარლამენტო მართვის მოდელი კი არ ანაღვლებს, არამედ ის აშინებს, თუ პრეზიდენტს რაიმე უფლებას დაუტოვებს, შიშობს, პრეზიდენტის ირგვლივ პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნას.

ამიტომ არ უნდა პირდაპირი გზით არჩევა და ყველა საშუალებით ცდილობს, შეზღუდოს ისედაც შეზღუდული პრეზიდენტის უფლებამოსილება. დღევანდელი მდგომარეობითაც არანაირი რეალური ბერკეტი მის ხელში არ არის, დიდი-დიდი, რაღაც ათი დღით შეაყოვნოს კანონის ამოქმედება. თუმცა, რაც აქვს, ახლა იმ უფლებასაც ართმევენ. რიგი უფლებების თაობაზე ჩემი და ხელისუფლების შეხედულებები შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი მოტივაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მაგალითად, მეც მივიჩნევ, რომ უშიშროების საბჭო უნდა ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რადგან მის მიერ მიღებული რეკომენდაციებისა თუ გადაწყვეტილებების შესრულების ბერკეტები პრეზიდენტს არა აქვს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ თუნდაც ასე უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს­, რადგან ოდესმე ხომ მოვა დრო, როდესაც ნორმალურ კონსტიტუციას შევქმნით. ასეთ შემთხვევაში უკან დაბრუნება ამ ინსტიტუტისა, თუ ის გავაუქმეთ, ძალიან გაჭირდება.

- კიდევ ერთი სადავო საკითხი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესია. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა, თუმცა ახალი პროექტით გაუნაწილებელ მანდატებს წაიღებს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა.

- "ქართული ოცნება" მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. სამწუხაროდ, ეს უკვე ისე ცხადად ჩანს, ამაზე კამათიც არ ღირს. მოიგონეს ასეთი ტერმინი, "ხელისუფლების სტაბილურობა" და ამით ამართლებენ საკუთარ არასწორ გადაწყვეტილებებს. თურმე ქვეყანას სჭირდება სტაბილური ხელისუფლება, არადა, რეალურად ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემო სჭირდება. განხილვებისას რამდენჯერმე მოიყვანეს იტალიის მაგალითი, სადაც მუსოლინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ძალიან სწრაფად იცვლებოდა ხელისუფლებები, ლამის 70-ჯერ. მეც მინდა ასეთი არასტაბილურობა, რომელიც მსგავს განვითარებას მოუტანს ქვეყანას, რაც იტალიის მაგალითზე ვნახეთ - წაგებული და დაქცეული ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ხელისუფლება, რომლის შესაცვლელადაც რევოლუციები დამჭირდება.

- კრიტიკას იწვევს ბლოკების გაუქმების თაობაზე ჩანაწერიც...

- ერთი შეხედვით კეთილშობილური მოსაზრებაა, "ზრუნავენ", რომ შეიქმნას ძლიერი ოპოზიცია, არადა, მეორე მხრივ, ჩვენში წესად იქცა, რომ ყველა ხელისუფლება შეცვალოს არა პარტიამ, არამედ ბლოკმა. მათ შორის "ქართული ოცნებაც" ბლოკი გახლდათ. შემდეგ ეს ბლოკები, როგორც წესი, იშლება, ყალიბდება ერთპარტიულობა და იწყება კრიზისი. განზრახვა კეთილშობილურია, მაგრამ
ასეთი "კეთილშობილება" მახსოვს 1995-1999 წლებშიც, როდესაც კარგა ხანს იყო მსჯელობა ბარიერის 3%-მდე დაწევის თაობაზე და საბოლოოდ კი არ დასწიეს, 7%-მდე გაზარდეს და ეს გაამართლეს იმით, რომ სუსტი პარტიები, რომელთაც არ ექნებათ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, გაერთიანდებიანო.

მაშინაც არგუმენტი, ფაქტობრივად, ისეთივე იყო, რაც დღეს არის. საბოლოოდ რაც მოხდა, კი ვნახეთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება ისევ ქუჩიდან შეცვალა. სხვათა შორის, "ქართული ოცნება" რეალურად ახლაც კოალიციაა, რადგან მასში შედიან ძიძიგურის კონსერვატორები, გია ჟორჟოლიანის სოციალისტური პარტია და გაჩეჩილაძის "მწვანეები". გუნდშიც კი, რომელიც ხელისუფლებაშია, ვერ მოხერხდა გაერთიანება.

ახლა რა ხდება? თუ ყველაფერს განვიხილავთ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთ კონტექსტში, დავუშვათ, მიიღეს ეს პროექტი, ბლოკებიც გაუქმდა და მაჟორიტარული წესით არჩევნებიც, გაუნაწილებელი მანდატები კი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ წაიღო, ამ გამარჯვებული პარტიის მიერ მისაკუთრებული პროცენტები, სულ ცოტა, 30-40% იქნება, რადგან არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი პარტია, რომლებიც ხმების 1%-ს მიიღებენ, ცოტა მეტს ან ცოტა ნაკლებს, საბოლოოდ კი ძალიან ბევრი გაუნაწილებელი ხმა დაგროვდება. აი, მთელი ცვლილებების არსი და არითმეტიკა, რომელსაც კეთილშობილური მიზნებით ფუთავენ. არადა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება იმ ოპოზიციაზე, რომლის გაძლიერებაზეც ხელისუფლება ვითომ ზრუნავს.

- რას იტყვით "ევროპელი დემოკრატების" ინიციატივაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხების გადასაწყვეტად პლებისციტი ჩატარდეს?

- ეს კარგი ინიციატივაა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობის" თუ მათი განაყოფის აქტიურობა მე ერთგვარად მაღიზიანებს და, ალბათ, ბევრ სხვასაც. მათი ლაპარაკი დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე, საარჩევნო სისტემებზე ჩემთვის ცარიელი სიტყვებია, რადგან ათი წელი მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვათ და მაქსიმალურად ცენტრალიზებულად ემართათ ქვეყანა.

2004 წელს ისეთ კონსტიტუციას დაუჭირეს მხარი, სუპერსაპრეზიდენტოს, და ახლა მათი დემოკრატიაზე ლაპარაკი გამაღიზიანებელია. მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებისა, ვფიქრობ, მათი ინიციატივა სწორი იყო, თუმცა ამაო, რადგან "ქართული ოცნება" ამაზე არ დათანხმდება, რადგან იცის, რომ აუცილებლად წააგებს.

- ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საპროტესტო აქციებს გამართავენ. რამდენად მოსალოდნელია, რომ ამას საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვეს?

- ძალიან მეეჭვება, ეს მოხდეს. ამის გამო ქუჩაში ბევრი არავინ გავა. სამწუხაროდ, ქვეყანაში საქმე მართლაც ქუჩისკენ მიდის, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ამისთვის ვითარება მზად. თუ რამ ძალიან გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მასშტაბურ ქუჩის პროტესტს ჯერჯერობით ვერ ვნახავთ. ახლანდელ ვითარებას მე ხელისუფლებასთან გაუცხოების პროცესს ვუწოდებდი. ჯერ არ ჩანს ადგილი და ძალა, საითაც გაუცხოებული საზოგადოება წავა, არ ჩანს ახალი მიზიდულობის ცენტრი, თუმცა გაჩენის მოლოდინიც აშკარაა და მოთხოვნილებაც.

- ბოლო დღეებში ბევრს ლაპარაკობენ, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები და ეს უპირველესად ძალოვან მინისტრებს შეეხება.

- ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ ერთგვაროვანია. განსაკუთრებით უარყოფითი ნიშნით ძნელია ვინმეს გამორჩევა. აქ განმსაზღვრელი, შესაძლოა, პრემიერის ან ექსპრემიერის დამოკიდებულება იყოს, თუ დავუშვებთ, რომ ამგვარ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ერევა. ცვლილება შეიძლება შიდა პროცესებს უკავშირდებოდეს და ამით მთავრობის რეიტინგი არც აიწევს და არც დაიწევს.

- ჩვენს მეზობელ თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც ერდოღანის იდეამ ქვეყანაში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის თაობაზე ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, თურქეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. თუ პროცესები უფრო გამწვავდა, ეს საქართველოსთვის რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს?

- საფრთხისა რა გითხრათ, მაგრამ ეს რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, ეჭვი არ მეპარება. თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.

ვითარება კი მართლაც ძალიან საშიშია და ეს დაიწყო შარშან გადატრიალების რეალური თუ დადგმული მცდელობით, რის მერეც ერდოღანი ცდილობს, ეს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. თანაც რეფერენდუმის შედეგებში სხვაობა იმდენად მცირეა, არ არის გამორიცხული, პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდეს. ამასთან, დამაფიქრებელია ბოლო დროს ერდოღანის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ევროპისადმი. მან რეფერენდუმის ეუთოსეული შეფასება ძალიან უკმეხად გააკრიტიკა. რეალურია საფრთხე, რომ თურქეთმა გადაუხვიოს ათა თურქის გზას. ამისთვის ერდოღანს ძალიან მასშტაბური რეპრესიების გატარება მოუწევს, რასაც დიდი რესურსი სჭირდება.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით