"ტრამპის მხარდაჭერა საქართველოსადმი უპრეცედენტო და რადიკალურია"
08-05-2017
"ტრამპის მხარდაჭერა საქართველოსადმი უპრეცედენტო და რადიკალურია"
"არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია"

"განათლების სისტემას მხოლოდ საპირფარეშოების გამო სკოლის დირექტორების მოხსნა ვერ გადაარჩენს"


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით შეზღუდვა დაწესდა აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დაფინანსებაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ხელმოწერილი კანონით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აშშ-ის წარმომადგენლებს აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კი
დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს წარუდგინოს რუსეთის საოკუპაციო მოქმედებების შესახებ მოხსენება. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად დამატებითი დახმარება გამოეყოფათ. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი რეგიონების არაღიარების
პოლიტიკის უპრეცედენტო მხარდაჭერაა და აღნიშნავენ იმასაც, რომ ამაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიის დიდი წვლილიც არის შეტანილი. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამერიკა-რუსეთს შორის მზარდი დაპირისპირების ჭრილშია განსახილველი. გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა როგორც თქვა, აშშ-ს არ ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. აშკარაა, რომ
ტრამპის ადმინისტრაციამ აიღო გეზი, რომ აშშ გახდეს მსოფლიოს მმართველი. მას ამ პროცესში კონკურენტები არ სჭირდება.
ძალიან მიამიტური იყო პუტინის ადმინისტრაციის ზეიმი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი გახდა. დონალდ ტრამპი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების შესაბამისად, მას სურს, სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს ჩვენს რეგიონში, სადაც სომხეთი რუსული გავლენის ქვეშაა, გარშემო კი მუსლიმანური სამყაროა.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე გაჭიმულ უძლიერეს მუსლიმანურ სარტყელს ხლეჩს, თანაც - აზიისა და ევროპის საზღვარზე, საქართველოა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო განხორციელდა თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ამაზე წერდა ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის არაჩვეულებრივ წიგნში "დიდი საჭადრაკო დაფა"...
ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი პარტიისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით, საქართველოს მხარს უჭერდა. ტრამპი აშკარად უფრო რადიკალური პიროვნებაა და აშკარაა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ეს საკანონმდებლო აქტი საქართველოს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომ ვრჩებით აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა, თავის როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა კვლავაც გაგრძელდეს, თუმცა მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი, უფრო აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, თუმცა მისი საერთაშორისო მნიშვნელობა დიდია და მხარდაჭერაც ნამდვილად უპრეცედენტოა საქართველოსადმი.

ეს არის ცალსახა და შეუქცევადი თანადგომა და ნამდვილად საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. სავარაუდოდ, რუსეთს ეს გააღიზიანებს და შესაძლოა, ამას გართულებებიც მოჰყვეს.
თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას არც კარგი და არც ცუდი ნაბიჯებით არაფერი გამოდის...

- რას შეიძლება ველოდოთ კრემლისგან? მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთი აღაშფოთა. მოვისმინეთ განცხადებები, რომ აპირებენ, კარგად დაფიქრდნენ, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით...

- არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბ­ლოკონ ქართული პროდუქცია, მწვავე პოლიტიკური განცხადებები აკეთონ და ა.შ. ვფიქრობ, განცხადება ჟენევის ფორმატზე უფრო პოლიტიკური დემარშის ნაწილია, მით უფრო, რომ მათ განცხადებაში ძალიან ბევრი ტყუილი იყო. თურმე, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი არასდროს შედიოდა. არადა, სამხრეთი ოსეთი არც არსებობდა და როდესაც სტალინმა მათ ავტონომიური ოლქი შეუქმნა, ცხინვალში სულ სამი ოსი ცხოვრობდა. არა მგონია, ჟენევის ფორმატზე უარი თქვან, ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

- მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტი უკვე მოამზადა, რომელსაც ბევრი ოპონენტი ჰყავს. კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ქართული ოცნება" ცდება, როდესაც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების სტაბილურობა. ჩემი აზრით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არასტაბილური ხელისუფლება კი არა, ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება იყო." საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ?

- ბატონ ვახტანგთან ვმეგობრობ, მაგრამ მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. სტაბილური ხელისუფლება ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, როგორ მოიპოვებს ესა თუ ის ძალა ამ სტაბილურ ძალაუფლებას - რევოლუციურად, ხავერდოვანი რევოლუციისა თუ არჩევნების გზით? ის ხმაური, რაც გაუნაწილებელი მანდატების თაობაზეა ატეხილი, ვფიქრობ, ცოტა გაბუქებულია. საქმე ის არის, რომ ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ იქნება მაინცდამაინც ადვილი. ეს გაცილებით იოლად ხერხდებოდა არსებული მაჟორიტარული სისტემის საშუალებით, რაც ცხადად აჩვენებდა, რომ არჩევნების შერეული სისტემა, რომელიც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში, არასწორია...

- შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის მიხედვით, იცვლება საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარული სისტემა უქმდება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ემხრობა, ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა "ქართული ოცნების" არაერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

- ჩემთვის ამ ცვლილებებში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაც ყველა პარტიას, ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც მოსწონთ - ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ტრადიციული დემოკრატიის არც ერთ ქვეყანაში ამგვარი სისტემა არ მინახავს. იქ, როგორც წესი, არსებობს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემები.

მე მინდა ჩემი ხმა მივცე კონკრეტულ პიროვნებას და არა - პარტიული სიის დიდწილად უსახო მასას, რომლებიც პოლიტიკური თანამებრძოლები იდეოლოგიური მოსაზრებებით კი არ არიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილით.
ბოლო 25 წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი გვინახავს, ვინც ქამელეონივით იცვლიდა იერს, ოღონდ კი ხელისუფლებაში მოხვედრილიყო. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმ ტიპის არჩევნები, როგორიც ტარდება, ვთქვათ, საფრანგეთში. პოლიტიკური პარტიები კანდიდატებს წარადგენენ სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში და შემდეგ მათ ეხმარებიან წარმატების მიღწევაში. არც ერთი ძველი დემოკრატიის სახელმწიფოში მაჟორიტარული სისტემა უგულებელყოფილი არ არის.

- თუ საქართველოს მაგალითებს გადავხედავთ, მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებიც, როგორც წესი, მათი წარმდგენი პარტიების პროპორციულ სიას აგრძელებენ ხოლმე...

- საარჩევნო სისტემა აუცილებლად შესაცვლელია, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ცვლიან. მიმაჩნია, რომ სრულად პროპორციული კი არა, სრულად მაჟორიტარულ­ სისტემაზე გადასვლა აჯობებდა. თითოეული მანდატისთვის მარტო პარტია და მისი რამდენიმე ლიდერი კი არ უნდა იბრძოდეს, არამედ უნდა იბრძოდნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც ამა თუ იმ ოლქში დასახელდება. უნდა ვნახოთ, ვინ არის თითოეული მათგანი; მან საკუთარი უნარები უნდა წარმოაჩინოს და ასე დაიმსახუროს მხარდაჭერა. აბა, ახლანდელ პარლამენტს გადახედეთ... თუ ჩვენ ამგვარ კონსტიტუციას მივიღებთ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლა ისევ დადგება დღის წესრიგში. მთავრობა კი აღარ იქნება პარლამენტთან ანგარიშვალდებული, არამედ მთავრობაც და მთელი ხელისუფლებაც ერთი კონკრეტული პარტიის წინაშე იქნებიან პასუხისმგებელნი, რომელიც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვებს და მთავრობას დააკომპლექტებს. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, თანამდებობებზე ხვდებიან არა პროფესიონალები და ამა თუ იმ დარგის კარგი სპეციალისტები, არამედ პოლიტიკური თანამებრძოლები, საბოლოოდ კი ვიღებთ პრაქტიკულად უვიც და არაპროფესიონალ მთავრობას. და ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა. სამწუხაროდ, პროფესიონალიზმის დონე ძალიან დაბალია, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ქვეყანას სწორედ ეს ამუხრუჭებს და ამ ვითარებაში მეათეხარისხოვანია, პრეზიდენტს როგორ ავირჩევთ...
დებატებს კონსტიტუციაზე ვმართავთ, მაგრამ საზოგადოებაში უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის.

ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში შეიძლება კონსტიტუციამ კი არა, სოციალურმა პრობლემებმა, სიდუხჭირემ გამოიყვანოს... თუ არ შესრულდება ის დანაპირები, რაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, ამან შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგი მოიტანოს. ის 3 თუ 4%-იანი ზრდა არაფრის მომტანია და, ფაქტობრივად, ლარის ინფლაციის ტოლფასია. მარტო ტურიზმით ფონს ვერ გავალთ. შეხედეთ, რა ემართება პორტუგალიას, საბერძნეთს, იტალიას - ტრადიციულად ტურისტულ ქვეყნებს... თითქოს წარმოების ხელშეწყობის რაღაც პროგრამები მოქმედებს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ტრაგიკულ შეცდომას უშვებს, როდესაც ქვეყანაში წარმოების განვითარებას უფრო დიდ ყურადღებას არ აქცევს­. შეუძლებელია ინოვაციური, პოსტინდუსტრიული, თანამედროვე საზოგადოება დანგრეული ეკონომიკის ფუნდამენტზე ჩამოყალიბდეს. საბოლოოდ ბაბილონის გოდოლს მივიღებთ და დაინგრევა ასეთი საზოგადოება.

არ შეიძლება გვქონდეს ევროპული დონის საბანკო სისტემა, ინტერნეტ­მომსახურება და ამავდროულად, ვერსად ვნახულობდეთ საქართველოში ნაწარმოებ შარვალ-პერანგს. ფართო მოხმარების პროდუქციის 80% უცხოეთიდან კი არ უნდა შემოგვქონდეს, ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს.

- საქართველოში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩასართავად პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტიც მიიწვია და ისიც დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის ბოლო ხანს მწვავე დაპირისპირება იყო...

- რა საერთო-სახალხო განხილვა? ვინ ესწრება ამ განხილვას?! შეუძლია მრეცხავ ვარდოს ან დალაქ შაქროს მასში მონაწილეობა? ამგვარი ტიპის განხილვები ტიპური პოსტკომუნისტური მიდგომების შედეგია. და მაინც, ვის იწვევენ ამ შეკრებებზე? ძირითადად, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს, რომელთა ნაწილი საკუთარი სურვილითაც კი არ მიდის... შესაძლოა, ასეთი საერთო-სახალხო განხილვა სოციალური ქსელით მოეწყოს, არსებობდეს კომისია, რომელიც ამ პროცესს მიადევნებს თვალს და მიუკერძოებლად შეარჩევს იმ შენიშვნებს, რომელთა გათვალისწინებაც შეიძლება... საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მთელი საზოგადოების ჩართვა პლებისციტის ჩატარებით ან მართლაც კარდაკარ სიარულით თუა შესაძლებელი. დანარჩენი ყველაფერი ფარსია.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ზეპარტიული, დღეს კი რას ვხედავთ? თუ "ქართული ოცნებისა" და მარგველაშვილის პოლიტიკური ინტერესები ერთი მიმართულებით მიდის, მეგობრობას ახერხებენ, თუ არადა, იწყებენ კინკლაობას... მე ამას კამათსაც ვერ დავარქმევ... მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ აირჩევა პრეზიდენტი თუ - არაპირდაპირ. ამას წინათ ვიხუმრე და ახლაც გავიმეორებ: მარგველაშვილმა თუნდაც მემკვიდრეობით გადასცეს საპრეზიდენტო ტახტი, ესეც კი არაფერს შეცვლის. თუ პრეზიდენტის კანდიდატურა სწორად შეირჩევა, როგორ და ვინ აირჩევს, ეს უკვე უმნიშვნელოა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას პირად სიმპათია-ანტიპათიას კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ წარადგენს ის ჩვენს ქვეყანას. ის უნდა იყოს მასშტაბურად მოაზროვნე, განათლებული, საინტერესო წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს, ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. დანარჩენ ყველაფერს ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი აზრით, ყურადღება ძალიან მწვავე საკითხებიდან უმნიშვნელო საკითხებზე ხელოვნურად არის გადატანილი. იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რუსეთთან როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა, ცხოვრება როგორ გახდეს უფრო მიმზიდველი, როგორ მოვსპოთ უმუშევრობა და ა.შ., ვდგავართ და იმას ვიკვლევთ, პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვინ აირჩევს.

- ბოლო ხანს ისევ ყურადღების ცენტრშია სასამართლო სისტემა. ჯერ იყო და, მოსამართლეებმა კანონის გამკაცრება იმათ მიმართ მოითხოვეს, ვინც მათ შეურაცხყოფას მიაყენებს; შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრად მოსამართლე ლევან მურუსიძეს უვადოდ აირჩევს. ბევრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა არ და ვერ განხორციელდა...

- როგორ უნდა განხორციელებულიყო, ან ვის უნდა გაეტარებინა ეს რეფორმა? ჩვენი სასამართლო რეფორმა უფლებას აძლევს მოსამართლეებს, სამუდამოდ დარჩნენ თანამდებობაზე, არადა, თუნდაც აშშ-ში მოსამართლის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. რატომ არ შეიძლებოდა ასეთი სისტემა შემოღებულიყო საქართველოშიც?! საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ სისტემა, რომლის ავტორიტეტი ძალიან დაბალია და იმიტომ კი არა, რომ ვინმე მათ შეურაცხყოფას აყენებს, არამედ იმიტომ, რომ იქ პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს. მოსამართლეების დიდი ნაწილი არაკვალიფიციურია. ალბათ, მათი ნება რომ იყოს, ამგვარი გამონათქვამის გამო ციხეში ჩამსვამდნენ, არადა, ეს სიმართლეა. გაიძAახიან, არავინ შეგვეხოს, მოსამართლეები ვართო, თითქოს ქართველები და ამ საზოგადოების წევრები არ იყვნენ.

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რაც საქართველოს მართლმსაჯულებას დამართა და ეს დღესაც გრძელდება. დღესაც ლევან მურუსიძე ირჩევს თავისნაირებს მოსამართლეებად...
ჩემი აზრით, მოსამართლეების დიდი ნაწილი გასაყრელია და ახლები უნდა შეირჩნენ, თუმცა ჯერ იმ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს სისტემა, ვინც მათ ირჩევს. რა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ გვაქვს...

- არაერთხელ ახსენეთ განათლების მნიშვნელობა ქვეყნის მართვის საქმეში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა TIMSS-ის საერთაშორისო კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს. ფაქტია, რომ საჯარო სკოლებში სწავლის დონე კვლავაც ვერ უძლებს კრიტიკას...

- ამ პრობლემას ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ და მისი გადაჭრაც იოლია. გია დვალმა სცადა ამის გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი გახლდათ, შეეწინააღმდეგა, ახლა კი ბატონ გიას საქართველოსკენ მოხედვაც აღარ უნდა. იმისთვის, რომ მოწაფემ ცოდნა მიიღოს, მას განათლებულმა ადამიანმა უნდა ასწავლოს; იმისთვის, რომ სკოლაში მასწავლებლად განათლებული ადამიანი წავიდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, ჩვენთან კი ყველაზე დაბალი ხელფასი სწორედ სკოლებშია. ვინ მიდის სკოლის მასწავლებლად? მეტწილად ის, ვისი პროფესიული კარიერაც წარუმატებელი იყო. კომუნისტების დროიდან მოდის ეს პრობლემა. მაშინ თითო-ოროლა ვარსკვლავი კი გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ მასწავლებლების უმრავლესობა გაუნათლებელი იყო. ბავშვები განათლებას წლების განმავლობაში იღებდნენ სახლში და რეპეტიტორებთან, თუმცა ეს რეპეტიტორის ინსტიტუტიც ცოდნას კი არ აძლევს ახალგაზრდას, არამედ გამოცდის ჩაბარებაში ეხმარება. ეს მახინჯი, მოჯადოებული წრე სადღაც უნდა გაწყდეს. ეს ვითარება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე არ გავზრდით განათლების სისტემის დაფინანსებას.

განათლების სისტემას მხოლოდ საპირფარეშოების გამო სკოლის დირექტორების მოხსნა ვერ გადაარჩენს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით