"ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ!"
22-05-2017
"ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ!"
"ფარცხალაძე სწორედ ამ "ოლიგარქიას" წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს"

"ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს, უპირველესად, მისთვის არის დიდი ტვირთი..."


გასულ კვირას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის¬ მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ამ
საქმის დეტალებიც. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

- ბატონო გია, ზოგიერთი ექსპერტი ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის გარკვეულ პარალელებსაც კი ავლებს...
- ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის მსგავსება ცხადია, შეიძლება ითქვას, ფარცხალაძე "კეზერაშვილი #2"-ია, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებასაც ვხედავ. საქმე ისაა, რომ ამ პრობლემას
უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლენაა, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არსებობს. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი - ფინანსური. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ - პირიქით.

სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის - საბანკოც... ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ უფრო სავალალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერესებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ახალი ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკაში თავისი "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ. დაუშვებელი და სავალალო იქნება, თუ ეს მოხდა.

დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონფლიქტის მომსწრე ვართ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ახალი სისტემა ფორმირდება, დაწყებულია გადანაწილების პროცესი და დღეს "ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის" დაყენებას ცდილობენ. ეს ინციდენტიც ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, ვერ ვიტყოდი, რომ - ერთადერთი. ეს კონფლიქტი დიდი ხანია, ფარულად მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ეპიზოდი გახმაურდა.

განსხვავება კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის სწორედ ის არის, რომ კეზერაშვილის ბიზნესინტერესები ემსახურებოდა პოლიტიკას. ის არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა, არამედ პარტიულ სალაროზეც, დიდ პოლიტიკურ გეგმაზეც. დღევანდელი "ოლიგარქია" მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნავს და ამ საქმეში პოლიტიკას იყენებს. ფარცხალაძე სწორედ ამ "ოლიგარქიას" წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს.ისიც ყველას ახსოვს, რომ დღესაც საუბრობენ კომპეტენტური ადამიანები, რომ ფარცხალაძე კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს პროკურატურაში, ისიც გვახსოვს, რომ თავის დროზე ბადაშვილს მხოლოდ ფორმალურად უწოდებდნენ მთავარ პროკურორს და მიიჩნევდნენ, რომ პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავდა.

იმის მიხედვით, ეს კონკრეტული საქმე როგორ გადაწყდება, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, საით მიდის ქვეყანა.
თუ ახლა ხელისუფლებამ არ იმოქმედა სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად და ვერ მოახერხა მახინჯი პროცესების მოთოკვა, ქვეყანაში დიდი პრობლემა გაჩნდება.

- ამ პროცესში ფარცხალაძის როლი როგორია? ადამიანი, რომელსაც გენერალური აუდიტორი თავდასხმაში ადანაშაულებს, მხოლოდ მეხუთე დღეს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში...

- ეს მართლაც ძალიან საგულისხმოა... იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, ფარცხალაძე დაკითხვაზე დავიბარეთო, ტერმინს არბილებენ და ფარცხალაძის სამართალდამცავ უწყებაში დაბარებას გამოკითხვას ეძახიან. არადა, როდესაც საქმე დაზარალებულ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შეეხება, ხმამაღლა ამბობენ, რომ ის დაჰკითხეს, ფარცხალაძეს კი ამას ვერ უბედავენ. არ მინდა, კონკრეტულად ფარცხალაძეზე ლაპარაკი. ის პრობლემების ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, იმგვარი ინტერესჯგუფი, როგორსაც ფარცხალაძე წარმოადგენს, სხვაც არაერთია, რომელთაც ასევე აქვთ პოლიტიკაზე დომინანტური, არაფორმალური გავლენის მოპოვების ამბიცია.

თუ ეს პროცესი ფარცხალაძის სასარგებლოდ წარიმართა, ხვალ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, კიდევ რომელიმე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში რომ გაილახოს. ამგვარ არაჯანსაღ პროცესს, როგორც წესი, განვითარება ახასიათებს.
მალე გამოჩნდება, ამ სახელმწიფოში ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკოსები თუ გარკვეული ინტერესჯგუფები, პოლიტიკოსები კი მხოლოდ და მხოლოდ მათი მომსახურე პერსონალია.

- ბოლო ხანს მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ ფარცხალაძე კახა კალაძის სახელისუფლებო დაჯგუფებაში შედის და მას სწორედ ვიცე-პრემიერი მფარველობს...

- ამ მითქმა-მოთქმას ჯერ მაინც შეთქმულების თეორიად შევაფასებდი, რადგან ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი ვიცი.
არ გამოვრიცხავ, კალაძესა და ფარცხალაძეს შორის დროებითი თანამშრომლობა მართლაც იყოს,
მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ გრძელვადიანი, სტაბილური ალიანსი ჰქონდეთ...

- უკვე არაერთხელ ახსენეთ გარკვეული ინტერესჯგუფები. ვინ წარმოადგენს ამ ჯგუფებს? შესაძლოა, რომ მათი სახით ყოფილი სახელისუფლებო სისტემის ინტერესებიც ვიგულისხმოთ?

- ეს არის გარკვეული კორპორაციები, ე.წ. გარდამავალი ოლიგარქია, რომელიც ახერხებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ახალ ძალას თავისი მომსახურება შესთავაზოს, დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში და თანდათან მოიპოვოს დომინანტური მდგომარეობა. ისინი ყველა ხელისუფლების პირობებში ახერხებენ მუშაობას, მხოლოდ ტრანსფორმაციას განიცდიან და ახალ ხელისუფლებასთან ალიანსში შესასვლელად ყველაფერს აკეთებენ. ისინი, მათ შორის "ოცნების" დეპუტატებიც, ჯერ ხელისუფლებაში ე.წ. კრიშას ეძებენ, შემდეგ კი იწყებენ საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუ ხელისუფლება მყიფე და სუსტია­, ამას დიდი წარმატებით ახერხებენ...

იმავეს ვხედავთ ხელისუფლების შიგნით. ერთი იყო რეჟიმის დამარცხება, მეორეა სისტემის დემონტაჟი, რაც ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური ელიტაც კოლექტიური მურუსიძის მძევალი აღმოჩნდა, ანუ ძველი სისტემის, რომელიც თანამშრომლობდა ოლიგარქიასთან, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. კვლავ მანკიერი წრე შეიქმნა... პრაქტიკულად, შევარდნაძის დროიდან დღემდე კოლექტიური მურუსიძეა ხელისუფლებაში, რომელიც სუსტი და არაეფექტიანი ხელისუფლების ხელში პოზიციებს­ უფრო იმყარებს.
კოლექტიური მურუსიძე წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდა - იღებდა დავალებას და პატიოსნად ასრულებდა. დღეს მას დავალების შემსრულებლის როლი აღარ აკმაყოფილებს და თამაშის წესების კარნახზე აქვს პრეტენზია. უქმნის რა ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს კომფორტს, ეუბნება, იყავით კაბინეტში, რაც შეიძლება მშვიდად და მოხერხებულად იგრძენით თავი, მე კი თქვენს მაგივრად ყველაფერს გავაკეთებ, მე ვმართავ ქვეყანასო. მისი წყალობით ყალიბდება სისტემა, რომელიც ხრავს სახელმწიფოებრიობას...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სისტემის ფორმირება სულაც არ იყო ხელისუფლების ნება და გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ყველაფერი ასე წარიმართა. ეს დიდი პრობლემაა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის უპირობო ავტორიტეტია, სწორედ ივანიშვილია, შესაბამისად, მან უნდა დაიწყოს პროცესების სწორად შეფასება, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს და სწრაფი და ხისტი მოქმედებებისას ზურგი გაუმაგროს.

- გასულ კვირას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პოლიტიკოსთა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა და ზალბერმა უნდა დატოვოს თანამდებობა. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, უწყებას სტუმრობდა ჰერბერტ ზალბერიც, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს... როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები საკმარისია, თუ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს?

- სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს დრამატულად არ ვაფასებ. ფაქტია, ამ ადამიანს ტექნიკური შეცდომა მოუვიდა. აქ სამწუხარო სხვა პრობლემაა - ამ მილოცვით შეიძლება მაინცდამაინც არაფერი გაფუჭებულა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ევროკავშირის ჩინოსნებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენაც არა აქვთ... ჩემი აზრით, ზალბერი ისეთი არაკომპეტენტურია ჩვენს საკითხებში, ისიც კი არ იცის, რომ ცხინვალის რეგიონი ჩვენგან არაკონტროლირებადი ტერიტორიაა. მისი არაკომპეტენტურობის მიზეზი კი ის მგონია, რომ სულაც არ აინტერესებს საქართველო და მისი პრობლემები. ასეთი ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ იმ ჩინოსნებს ჩვენდამი, რომელთა იმედადაც ვართ. სწორედ ამის გამო უნდა ყოფილიყო ჩვენი პოზიცია კატეგორიული, ოღონდ უფრო დიპლომატიური არხებით, ვიდრე - საჯაროდ. უპირველესად ზალბერის კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. ჩვენს სახელისუფლებო რგოლებში უამრავი არაკომპეტენტური კადრია, ჩვენიც გვეყოფა, ევროპელებიც რომ არ დაგვემატონ.

- ბოლო ხანს საკონსტიტუციო პროექტის განხილვის ფარგლებში აქტუალური გახდა ორი თემა - გადასახადის გაზრდისა და ახალი გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების საკითხი და მიწის უცხოელებზე გასხვისების უფლება...

- ჩვენი სინამდვილისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია ერთ საკითხზე ორი მონოლოგი. არავინ ცდილობს, ეს მონოლოგები დიალოგად აქციოს და იპოვოს ოქროს კვეთა, ანუ მიაღწიოს კონსენსუსს. პირადად მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გადასახადების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ამგვარი ჩანაწერით უნდა დარჩეს კონსტიტუციაში, მაგრამ არც იმას ვეთან­ხმები, რომ ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ინვესტორს ჰქონდეს გრძელვადიანი საიმედოობისა და ინვესტიციის დაცვის განცდა... კონსტიტუციაში რომ არ ყოფილიყო ეს მუხლი, არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ახლა მისი უაპელაციოდ ამოღება ბიზნესს აფიქრებინებს, რომ მთავრობა გადასახადების გაზრდას აპირებს, რაც საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ამ მუხლის ტრანსფორმირებაზე იფიქრებენ.

რაც შეეხება მიწას... ერთი მხარე ამბობს, რომ გაყიდვა არ შეიძლება, რომ ამით დაინგრევა ქვეყანა, მეორე კი საპირისპიროს ამტკიცებს. იქნებ ამ დროს აჯობებს, გადავხედოთ საერთაშორისო გამოცდილებას, თუნდაც ევროპულ მაგალითებს.
ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რისკების გათვალისწინება, რაზეც მიწის გაყიდვის მოწინააღმდეგეები ლაპარაკობენ. შეიძლება მიწის დათქმით გაყიდვის პროცესი დავიწყოთ. აქ მნიშვნელოვანია მიწის გაყიდვა არა ერთჯერადი შემოსავლისთვის, არამედ ის, თუ რა გაკეთდება ამ მიწაზე... აქედან გამომდინარე, იქნებ ჩამოვაყალიბოთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მიწის გაყიდვა კი არა, იმ მიწაზე დასაქმება იქნება მნიშვნელოვანი. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა ნებადართული უნდა იყოს ძალიან მკაცრი საინვესტიციო პირობებით, რაც დაკავშირებული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებასთან.

მთავარია, დავაზღვიოთ მიწა სპეკულაციური ოპერაციებისგან. თეორიულად შესაძლებელია, უცხოელებმა შეისყიდონ ქართული მიწები, დაელოდონ უკეთეს დროს და გაყიდონ სარფიანად. ეს არ უნდა დავუშვათ!

- მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო პროექტის ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო განხილვის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს, მაგალითად, ფილარმონიაში თბილისელებთან დაგეგმილი შეხვედრა არეულობის გამო ჩაიშალა...

- უპირველესად გეტყვით, რომ ეს ვერ ჩაითვლება საყოველთაო განხილვად. რომელიმე რეგიონში ორას კაცს რომ შეკრებ გაუგებარი პრინციპით, როგორ შეიძლება, ეს ორასი კაცი ასახავდეს მთელი რეგიონის განწყობას?!
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის ამბობს, რომ რაც უნდა ილაპარაკონ ამ შეკრებებზე, ეს არაფერს შეცვლის და მათთვის მთავარი ვენეციის კომისიის პოზიციაა. თუ ამ შეხვედრებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ვენეციის კომისიაზე ხარ დამოკიდებული, მაშ, გამოდის, რომ ეს პროცესი ფარსია.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს... სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა. როგორც ვაკვირდები, ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ორი მდგომარეობა აქვს: ერთი - აბსოლუტურად უემოციო ნიღაბი, მეორე - სრული ისტერიკა. მას არ აქვს ჩვეულებრივი ადამიანური დიაპაზონი, ეს კი პოლიტიკაში ძალიან საშიშია. სწორედ ამის გამოვლინება ვნახეთ ფილარმონიაში. შესაძლოა, ვიღაცას არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამის გამო უკადრისი ეპითეტებით მოხსენიება არასწორია. რატომ აძლევს თავს ამის უფლებას, არ ვიცი. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სტატუსი განსაზღვრავს ყველაფრის ცოდნას, არადა, ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიღაცამ ჩაგსვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ავტორიტეტი გაქვს. ავტორიტეტი მოიპოვება ბიოგრაფიით, კონკრეტული მოქმედებებით და ღვაწლით... არაფერს ვამბობ იმ შეთქმულების თეორიაზე, რასაც მუდმივად ავითარებს პრეზიდენტის მისამართით. ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობა საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს, უპირველესად, მისთვის არის დიდი ტვირთი...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით