"ნაციონალური მოძრაობა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ვერ შეძლებს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ვერ შეძლებს"

"ჩვენი ოპოზიციონერები სამშვენისის როლში იყვნენ რუსულ პოლიტიკურ პიარაქციაში"

"ჩვენმა საზოგადოებამ განვლო გზა "საიდუმლო სირობიდან" საჯარო და გამჭვირვალე სირობამდე"

რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, ცხოვრება მით უფრო საინტერესო, თუმცა ამავე დროს სახიფათოც ხდება. ჯერ იყო და, ხელისუფლებამ პრივატული აღლუმის მოწყობა განიზრახა, სადაც რიგითი მოქალაქეები არ დაუშვეს. რიგითმა მოქალაქეებმა, თავის მხრივ, აღლუმისადმი არნახული ინტერესი გამოიჩინეს და გზის გაკვალვა ქვებით სცადეს - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ შეხლა-შემოხლაში ვინ რას ისროდა, ძნელი გასარკვევია.

მიტინგებსა და მის ძალით დაშლას ასე თუ ისე შევეჩვიეთ და არც ამაზე მსჯელობა გვაყენებს მწარე ტკივილს. აი, სარწმუნოებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი კი გაცილებით რთული, მრავალმხრივი და სახიფათოც აღმოჩნდა, რადგან ასეთ დროს ზღვარი აღმსარებლობის შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ძნელი გასავლებია. ისე, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, მდარე ხარისხის წიგნის პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტს რომ არ გაემართა.

გამოხატვის თავისუფლება ხელშეუვალია და ადამიანს უფლება აქვს, სისულელეებიც ილაპარაკოს, ოღონდ არა საზეიმო იერით და არა სახელმწიფო დაწესებულებაში… თავად ილიას უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ის სამეცნიერო დაწესებულებაა და  თურმე მეცნიერულ კვლევებს ატარებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის გონებრივი დეგრადაციის შესაძლებლობის კვლევა სხვა სამეცნიერო დაწესებულების კომპეტენციაში შედის, თანაც ისინი ამას საზეიმოდ და საჯაროდ არ აკეთებენ, რათა ექსპერიმენტის ობიექტს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ახლა კი, ცალკე წიგნის ავტორს ლანძღავენ და აგინებენ, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა, თავისი გაჭირვება ფურცლებზე გადაეტანა, ცალკე - მართლმადიდებლობის ეგიდით მოქმედ ორგანიზაციას.

ისე, როგორც ძველი ბერძნები და გუბაზ სანიკიძე იტყოდნენ, ორ მოჩხუბარს შორის დამნაშავე ისაა, ვისაც მეტი ჭკუა მოეკითხება. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე დაჟინებით ამტკიცებს თავის უდანაშაულობას… და კიდევ ერთი: განათლება, რწმენის გარეშე, ათეიზმის მშობელია, რწმენა კი განათლების გარეშე - ფანატიზმის. ორივე მათგანი - ათეიზმიც და ფანატიზმიც ბოროტებას შობს და კაცობრიობა ამის მომსწრე არაერთგზის ყოფილა.

გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე  სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- როგორ ფიქრობთ, თუ იყო შესაძლებელი, მდარე ხარისხის წიგნის დაწერის უფლებაც შეუზღუდავი დარჩენილიყო და არც მავანთათვის მიეცათ საბაბი, მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით საპროტესტო აქციები გაემართათ. ამით ხომ ისევ და ისევ აღნიშნული წიგნისა და მასში გამოთქმული ავადმყოფური მოსაზრებების ტირაჟირება მოხდა.

- ცხადია, შეიძლებოდა, სადღაც, ვიღაცას ასეთი წიგნის დაწერის სურვილიც დაეკმაყოფილებინა და მას არც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა. არც ვინმეს გრძნობა - როგორც მოქალაქეობრივი, ისე რელიგიური - იქნებოდა შეურაცხყოფილი. გონიერების დეფიციტია სახეზე, თუ მისი გამოჩენის სურვილის არარსებობა, სამწუხაროდ, გასარკვევი ესღა დარჩა, თორემ შედეგი რომ არც ერთი მხარისთვის ხოტბის შესხმის საბაბს არ იძლევა, ნათელია. არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ახალგაზრდების დაპირისპირების გამძაფრება და ცეცხლზე ნავთის დასხმა. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაცია, ასევე მართლმადიდებლობის სახელით შექმნილი მოძრაობა, ცდილობდნენ, ეს ამბავი საკუთარი ძალისა და გავლენის დემონსტრირებისთვის გამოეყენებინათ. შედეგად კი მივიღეთ ის, რისი ღირსიც იყო, ჩემი აზრით, საზოგადოება, რომელსაც ტოლერანტობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა არ აქვს გაცნობიერებული და ამის შინაგანი მოთხოვნილებაც, სამწუხაროდ, არ არსებობს. უმალ რაიმე წვრილმანზე დაუპირისპირდება ერთმანეთს ორი ჯგუფი, ვიდრე კონსენსუსის მიგნებაზე იფიქრებს.

საზოგადოებამ მიიღო კიდეც სასჯელი ასეთი განწყობისთვის, - ის, რაც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ვიხილეთ, სილის გაწვნაა საზოგადოების დემოკრატიული განვითარების პერსპექტივისთვის, რადგან ასეთი მოქმედება აღარ იმსახურებს არც განსჯას და არც რაიმე შეფასებას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აღსაკვეთი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე…

- ამ პროცესში ის უჩვეულო ტენდენცია გამოიკვეთა, ბოლო დროს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, კამათის დროს, ჩვეულებრივი სახე რომ ეძლევა - ეს არის ლიბერალიზმისა და მართლმადიდებლობის დაპირისპირება. ეს, თავისთავად, ნონსენსს წარმოადგენს - მართლმადიდებლობა ხომ ლიბერალიზმს, შემწყნარებლობას, პიროვნების თავისუფლებას გულისხმობს.

- გავიხსენოთ არცთუ შორეული წარსული, როცა "თავისუფლების ინსტიტუტის" ფავორიტები აშკარად და მწვავედ დაუპირისპირდნენ მართლმადიდებლობის მქადაგებელ იმ ფრთას, რომელიც რადიკალიზმით იყო გამორჩეული და დღევანდელი სულიერი წინამძღოლის წინააღმდეგაც ილაშქრებდა. დაპირისპირების მიზეზი ეკლესიის შიდა კონფრონტაცია კი არ ყოფილა, არამედ მართლმადიდებლური რელიგიის პრიმატად წარმოჩენის მცდელობა და მასთან სხვა რელიგიური ჯგუფის დაპირისპირება, ვგულისხმობ ბასილ მკლავიშვილს და იეღოველებს. გამოხდა ხანი და ძალა, რომელიც "თავისუფლების ინსტიტუტის" სახით არსებობს, შეეგუა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის გაფორმებას. თუმცა ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირება მოახერხოს.

მიზეზი მხოლოდ პრიმიტიულ პოლიტიკურ ამბიციებშია, რადგან ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველგან ყველაფერს ახერხებს, რასაც ჩაიფიქრებს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ვერ შეძლებს. წლების განმავლობაში ყველა ტიპის ყველანაირი გამოკვლევა სწორედ ეკლესიას ასახელებს ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო ინსტრუმენტად მთელ ქვეყანაში. სხვათა შორის, ამას აცნობიერებენ დასავლეთის წარმომადგენლებიც. დაახლოებით ერთი წლის წინ, მქონდა პატივი, დავსწრებოდი დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრას. ჩემი თვალით ვნახე, როგორი მზაობა იყო, გაჰყოლოდნენ ყველა იმ რჩევას, რასაც საჯაროდ იტყოდა უწმინდესი და უნეტარესი.

რასაკვირველია, ამ ვითარებაში, ნაციონალური მოძრაობის გავარვარებული ტვინის მქონე ადამიანები ყველანაირად შეეცდებიან, რომ როგორც ეკლესიის, ისე მისი წინამძღოლის დისკრედიტაცია მოხდეს. ამ კონტექსტში ლოგიკურია ის, რაც ბოლო დროს ვიხილეთ, მით უმეტეს, გამომწვევი ძალა ამ დაპირისპირებაში იყო არა ახალგაზრდობა და სტუდენტობა, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ავტორი, ზოგიერთისთვის მიუღებელი ამ წიგნისა, არამედ იმ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია, რომელიც არა მხოლოდ თავის კედლებშია სიხისტით გამორჩეული.

ამ დაწესებულების ხელმძღვანელი ერთი ეთერიდან მეორეში გადადიოდა და იყო აბსოლუტურად შეუწყნარებელი სხვისი პოზიციისადმი, თუმცა ვერც საკუთარს განმარტავდა მაინცდამაინც დამაჯერებლად. ცოტა ფაქიზად რომ მოჰქცეოდნენ თემას, რასაც ჰქვია ქართული მენტალიტეტისთვის უცხო, მიუღებელი ნაწარმოების წარდგენა,  რომ ჩაეტარებინათ ასეთი ტიპის ნაწარმოების მიმართ მკითხველის დამოკიდებულებისა და   ზოგადად, მისი აღმოცენების პრეცედენტის სამეცნიერო კვლევა,  -  რითაც, სხვათა შორის ისინი ტრაბახობენ, ეს კიდევ  გასაგები იქნებოდა. მაგრამ როცა ასეთი წიგნისგან ცდილობ შექმნა პიარაქცია და წარმოუჩინო ახალგაზრდობას როგორც აზროვნების მისაბაძი, ახალი სტანდარტი, რასაკვირველია, ამით პროვოცირებას ახდენ საამისოდ დიდი მზაობის მქონე ისეთი ორგანიზაციის გააქტიურებისა, რომელსაც მართლმადიდებლური მოძრაობა ჰქვია.

თავისთავად, ასეთი მოძრაობის ჩამოყალიბება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა და მას სხვა მიზანი არც შეიძლებოდა ჰქონოდა, ვინაიდან ეკლესიისა და მისი წინამძღოლის დაცვის გაცხადებული მიზანი, მომიტევეთ, მაგრამ ამ გაერთიანების კონკრეტული ნაბიჯებით არ დასტურდება. მაგალითად, არავინ დაინტერესებულა, რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა უწმინდესმა და უნეტარესმა ბაქოში გამართულ კონფერენციაში, თუმცა პატრიარქი ამას გზად, ჩეხეთიდან გამოვლისას აპირებდა. არც იმაზე გამოუთქვამთ პროტესტი, როცა ზუსტად იმ დღეს, დავიდარაბა რომ იყო ტელეკომპანია "კავკასიაში", პირადად უწმინდესს მიაყენეს შეურაცხყოფა არა სადმე, არამედ ქაშუეთის ეკლესიაში "მდედრიონის" წარმომადგენლებმა, რომლებსაც სახელისუფლებო დაკვეთების აღსრულების დიდი გამოცდილება აქვთ. სწორედ ამიტომ გახლავთ ყოველივე ეს საფუძველი იმისა, რამაც უმრავლესობის გაკვირვება არც კი გამოიწვია და რაც მოგვიანებით "კავკასიის" ეზოში მოხდა. თუმცა საყოველთაო აღშფოთება არსებობს, რადგან ასეთი ქმედება ჯუნგლებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც კი მიუღებელია.

ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არც ევროპისა და არც ნატოს მიმართულებით რაიმე ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ ვართ. საით წასასვლელად ვართ მზად? ვის გაუხარდება ჩვენი უკუსვლა ევროპისა და ნატოსგან? - სწორედ მის ინტერესებს ვემსახურებით, როდესაც ახალგაზრდათა ჯგუფებს, რომლებიც, ხაზგასმით მინდა ვთქვა, გულწრფელნი არიან თავიანთი შეხედულების გამოხატვისას, შერიგების ნაცვლად, ერთმანეთთან ვაპირისპირებთ. ზრდასრული ადამიანების პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია, რაც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გამოსული ადამიანებისგან ვერ დავინახე - სხვათა შორის, ვერც ერთი მხრიდან. შესაძლოა, ემოციური ნათქვამი იყოს, მაგრამ შეფასებად ალბათ ივარგებს - სულ ორიოდე დღეში ჩვენმა საზოგადოებამ განვლო გზა "საიდუმლო სირობიდან" საჯარო და გამჭვირვალე სირობამდე. ის, რაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხდებოდა, სხვა შეფასებას არ იმსახურებს.

- გასულ კვირას ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მორიგი სიახლე გამოჩნდა პრივატული აღლუმის სახით. სხვა ქვეყანაში - გერმანიაში, ამერიკაში არაერთ აღლუმს შევსწრებივარ, მათ შორის, პოლიციისა და მეხანძრეების მონაწილეობითაც, მაგრამ იქ მთავარი მონაწილე ხალხი იყო, მარშით ჩავლილ პროფესიონალებს დროშის ქნევით რომ ესალმებოდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და შს მინისტრმა საქართველოში აღლუმის ჩატარება მხოლოდ თავისთვის გადაწყვიტეს. არადა, თუ ხალხის რეაქციით ვიმსჯელებთ, აღლუმზე დასწრება მათაც ძალიან უნდოდათ.

- ავადსახსენებელ საბჭოთა დროში ასეთი ტიპის ღონისძიებები, როდესაც ვიღაცას ჰქონდა დასწრების უფლება და ვიღაცას არა, დახურულ პარტიულ კრებად იწოდებოდა. ალბათ, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დახურული კრება, სადაც არათუ რიგითი მოქალაქეები, ბევრი პოლიციელიც არ დაუშვეს. ეს იყო იმ მცირერიცხოვანი პოლიციელების გულის გასახარად მოწყობილი ღონისძიება, რომლებსაც აბოდებთ და აგიჟებთ "მიშა-მიშას" ხმამაღლა სკანდირების სურვილი. მოწმენი ვართ, რომ მათ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების წლისთავზე აისრულეს ოცნება და შეხვდნენ იმ ადამიანს, ვისი სახელის სკანდირებაც ასე სიამოვნებთ და ახარებთ. ეს იყო და ეს.

ვერანაირი ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ამ მოვლენამ ვერ მოახდინა. ის, რომ ამ შეკრებაზე ზოგიერთი დიპლომატიც იმყოფებოდა, სიტუაციას არ ცვლის, რადგან დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა არ გახლავთ სოლიდარობის გამოხატვის რაიმე ფორმა. საქართველოში აკრედიტებული ელჩები ძალიან კარგად ხვდებიან, რაც ხდება საქართველოში და საღ შეფასებებსაც აკეთებენ - სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ძალზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდა როგორც პრივატული აღლუმის, ისე "კავკასიასთან" განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც საელჩოს საგანგებო განცხადებებში დაფიქსირდა კიდეც.

ასეთი აქტიური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც საჯარო განცხადებებით აფასებს ლამის ყოველდღიურად მიმდინარე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესებს, ჩვენ არ გვახსოვს. სამაგიეროდ, გვახსოვს სხვაგვარად აქტიურები, იშვიათად რომ გამოდიოდნენ კანცელარიის შენობიდან და ძირითადად იქ ატარებდნენ დროს. ამიტომ, ნუ მივცემთ რაიმე ზედმეტ დატვირთვას ასეთ აღლუმს. წმინდა გიორგის მადლი თავად იპოვის გზა-კვალს დედამიწაზე - ვის შეეწიოს და ვინ გაიმეტოს განსაგმირავად.

- სხვათა შორის, საინტერესოა, რომ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, შვიდი ნოემბრის, ლონდონის ოპერაციისა და აგვისტოს მოლენების შეფასებისას, პრეზიდენტი გაცილებით თამამი იყო, ვიდრე ორი-სამი წლის წინ. შესაძლოა, ამის მიზეზი აღლუმის გასაპროტესტებლად მისულ მოქალაქეთა მცირერიცხოვნებაც იყო, რამაც ოპოზიციის ლიდერების რისხვაც გამოიწვია.

- ვიტყოდი, რომ შესაძლოა, პირიქით, სწორედ შიშის გამოხატვის ფარული ფორმა იყო ის ბაქიბუქი, რომელზეც ბრძანებთ. რადგან ყველაზე უკეთ სწორედ პრეზიდენტმა უწყის, რომ არავითარი რუსული საფრთხე ნოემბრის დღეებში არ არსებობდა, რომ ლონდონის ოპერაცია არც თავად დაუგეგმავს და ბოლომდე არც ის სჯეროდა, რომ განხორციელდებოდა. უფრთხის, უპირველეს ყოვლისა, იმ ძალისგან ღალატს, რომელიც მან იძულებით მიმართა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დასჯილ-დაქვეითებულიცაა, ცდილობს, მისი პერსონის მიმართ ძალოვან სტრუქტურებში ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს. ამიტომაც გამოაცხადეს, რომ ქართულმა ჯარმა აგვისტოს ომი მოიგო, რომ 7 ნოემბერს პოლიცია და სპეცრაზმი საკუთარ ხალხს კი არ დაერია, არამედ რუსეთის შეიარაღებული აგენტურა გაანადგურა რუსთაველის გამზირზე. როგორც ჩანს, ამას ქრონიკული პროცესი ჰქვია პერიოდული გამწვავებით, რის მოსმენაც ხშირად მოგვიწევს.

- გასულ კვირას საქართველოს ეფ-ბი-აის შეფი სტუმრობდა, რომელმაც ქართველი სამართალდამცველების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.

- ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი უდიდესი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყოს - სხვაგვარად ის თავის საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ ვინმე ელოდა, რომ ეფ-ბი-აის შეფი ქართველ მინისტრებს საჯაროდ დატუქსავდა და მერე ჟურნალისტებს ეტყოდა - ნახეთ, რა მაგარი ვარ, თქვენს მინისტრებს რა ვუთხარიო, - აშკარად ცდება. ასეთი ფანტაზიაც კი უადგილოა და სრულიად ბუნებრივია, რომ რამდენიმე საათით თბილისში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული მაღალი რანგის პირი მხოლოდ დადებით ინფორმაციას გაავრცელებდა. აბა, ხომ არ იტყოდა, ეს ვის შევხვდი, გულგახეთქილი მივდივარო. ამიტომაც, მხოლოდ მკითხაობა თუ დაგვრჩენია, რისთვის იყო ჩამოსული ან საუბარი რის შესახებ გაიმართა. მომავალში ეს შეიძლება გაცხადდეს კიდეც, მანამდე კი მხოლოდ მითქმა-მოთქმა იქნება - ვინ დაიჭირეს და ვინ არის კიდევ დასაჭერი...

- რაც შეეხება სააკაშვილის ვიზიტს ვატიკანში. ბოლო დროს, პრეზიდენტის გახშირებულ მოგზაურობაზე ვანო ჯავახიშვილის შოუში ახალი ხუმრობაც კი გაჩნდა - სააკაშვილი იმდენად ხშირად დაფრინავს, თბილისში რომ ჩამოდის, პილოტს ეუბნება - არ ჩააქრო, ახლავე მოვალო.

- ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებისთვის ვატიკანში სტუმრობის ფაქტი მიუღებელი არ აღმოჩნდა. არადა, გვახსოვს ზოგიერთის რეაქცია, როდესაც რომის პაპი თბილისს ეწვია. დღეს არავისთვისაა მიუღებელი, რომ პრეზიდენტი იქით ეახლა რომის პაპს, თანაც ქართული საგარეო უწყების დიდი ხნის მცდელობის შედეგად - რაკიღა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვამცნობდა, რომ ისინი პრეზიდენტისა და რომის პაპის შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რაც შეეხება მნიშვნელობას და საჭიროებას: როდესაც ადამიანს გაუქრება განცდა, რომ ის პრეზიდენტია და თავის ქვეყანაში ზოგჯერ უნდა შეიხედოს მაინც, ან თუ შეიხედავს, მაშინაც ტაშფანდურით არ იყოს დაკავებული, აქ მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.…

- გასულ კვირას არც ოპოზიცია იყო უქმად - პუტინს მემორიალის გახსნაზე მხარს ბურჯანაძე და ნოღაიდელიც უმშვენებდნენ?

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხელისუფლება ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც არ მიუწვევიათ ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე, ჩვენ მაინც ვიხილეთ ქართველი პოლიტიკოსები კიდევ უფრო შინაურულ, ქართულ-რუსულ პიარაქციაში, რაც ისეთივე მემორიალის გახსნას მიეძღვნა, როგორიც ქუთაისში ააფეთქეს. ერთი რამე ვერ გამიგია მხოლოდ:

წინა ვიზიტებთან შედარებით ამ პოლიტიკოსებმა ისეთი რა პოზიტიური გზავნილი მიიღეს პუტინისგან, რომ მეორედაც და მეოთხედაც მისი ხილვის სურვილი გაუჩნდათ?! თორემ, თავისთავად, ასიათასობით დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნის აღნიშვნა საბჭოთა კავშირის ყოფილ დედაქალაქშიც საჭირო იყო. მაგრამ პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციაში მოიაზრებენ თავს, ასეთ ღონისძიებაზე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. მათი პირადი პოლიტიკური კონტაქტები მეტ პერსპექტივას შეიძლება მოიცავდეს, ვიდრე სამშვენისის როლია რომელიმე რუსულ პოლიტიკურ პიარაქციაში.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი