"ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა"
05-06-2017
"ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა"
"თუ ეს ოპერაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ქართულ სპეცსამსახურებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს, მაშინ ეს საერთაშორისო სკანდალია"

"კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს, პრემიერმა გააკეთა ადეკვატური განცხადება..."

გასულ კვირას დიდი ხმაური მოჰყვა აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამოექცა და 2015 წლიდან, მეუღლესთან ერთად, თბილისს შეაფარა თავი, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტის მტკიცებით, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე თქმით, პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, სპეცსამსახურების წარმომადგენლები
იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. 31 მაისს აზერბაიჯანის სასამართლომ მუჰთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარმა უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებისგან ამ კითხვებზე დროულ პასუხს ითხოვს.

როგორ შეიძლება შეფასდეს მომხდარი? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება მეზობელი ქვეყნების ზეწოლას განიცდის და მათი ინტერესების გათვალისწინებით უწევს არასწორი გადაწყვეტილებების
მიღება? გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- მომხდარი ყველა თვალსაზრისით დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟზე, მაგრამ კარგი იქნება, საზოგადოებას შექმნილ ვითარებაზე სრული წარმოდგენა ჰქონდეს და ემოციური განცხადებებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო იქცა ქვეყნად, რომელსაც 10-12 სახელმწიფოს მოქალაქეები პოლიტიკური მოსაზრებების გამო აფარებენ თავს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, მათ შორის არიან ჩვენი სამეზობლოს წარმომადგენლებიც. თურქეთიდან ჩამოსულთა შორის ბევრია გიულენის თანამოაზრე, რომლებმაც ერდოღანის ხელისუფლებასთან საერთო ვერ გამონახეს; აქ არიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, მაგრამ ისინი არ არიან ალიევის ხელისუფლების აგრესიული მოწინააღმდეგეები, ხალხი, რომელიც რეჟიმის გადატრიალებისა და დამხობისკენ მოუწოდებდეს ვინმეს; და, რა თქმა უნდა, არიან რუსეთის მოქალაქეები, როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე უფრო ღრმა რუსეთიდანაც. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ვითარება მარტყოფის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც მთელი ეს სპექტრია წარმოდგენილი. თუმცა მარტყოფის გარდა, ეს ადამიანები თითქმის მთელ საქართველოში ცხოვრობენ.

როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტები კი არა, უბრალოდ, სხვაგვარად მოაზროვნეები არიან, საქართველოს რეგიონში თავისუფლების კუნძულად აღიქვამენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს. ეს საქმე ყურადღებით უნდა გამოიძიონ და შედეგები დაწვრილებით აცნობონ საზოგადოებას.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხდარის ემოციურად შეფასება და არც ისეთი მოუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადებების კეთება, რასაც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვისმენდით. ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რომელსაც დიდი დაკვირვებით სჭირდება მოპყრობა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გააკეთონ ისეთი არაადეკვატური განცხადებები, რაც საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ მთავრობაში არაპროფესიონალიზმია ან კოორდინაციის პრობლემაა... კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს, პრემიერმა გააკეთა ადეკვატური განცხადება და დააფიქსირა ისეთი პოზიცია, როგორიც სახელმწიფოს ეკადრება.

- ერთი ვერსიით, ჟურნალისტი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გაიტაცეს; მეორე ვარაუდით, ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რასაც ამტკიცებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მისი ახლობლები; მესამე - ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, რასაც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ ქართული მხარეც იზიარებს, ჟურნალისტი საზღვრის ე.წ. მწვანე ზონაში უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც დააკავეს...

- აზერბაიჯანული მხარე ყველანაირად ცდილობს ამ ბოლო ვერსიის გამყარებას, ამბობენ, თითქოს მუჰთარლის ადრეც დაურღვევია ამ გზით საზღვარი, რათა გარკვეული თანხა გადაეცა კონკრეტული პირებისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის არადამაჯერებელია, თუმცა, ვიმეორებ - ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული...
თუ ეს ოპერაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ქართულ სპეცსამსახურებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს, მაშინ ეს საერთაშორისო სკანდალია და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას, მათ შორის - აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც.

თუ ამაში საქართველოს სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, არ მჯერა, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. არ მესმის, ხელისუფლებას რა შეუშლიდა ხელს, მოქცეულიყო ისევე, როგორც დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველის შემთხვევაში - დაეკავებინა მუჰთარლი და შემდგარიყო სასამართლო პროცესი, სადაც ან გამტყუნდებოდა ეს პიროვნება, ან - გამართლდებოდა.
არც ეს წაადგებოდა დიდად ქვეყნის იმიჯს, მაგრამ ამას ნამდვილად აჯობებდა.
მას, ვინც ეს მოიფიქრა და ჩაიდინა, აშკარად ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია სურდა. თუ ეს ხელისუფლების გაკეთებულია, გამოდის, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ დისკრედიტაციას ცდილობს?!

მე ამას გამოვრიცხავ! არა მგონია, ხელისუფლებაში ვინმე ისეთი ბრიყვი იყოს, ეს გაეკეთებინა. როგორც ჩანს, აქ მოვლენათა ისეთი თანხვედრა მოხდა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ამიტომაც ვერ ვხედავთ­ ამ პროცესში ლოგიკას... დრო გავა და გავიგებთ...
ვფიქრობ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს. ეს სერიოზული გამოწვევაა და პროცესი მარტივად და კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე ვერ დასრულდება.

- "მეზობლის დაკნინება, მასზე ზეწოლა, მისი დისკრედიტაცია, კეთილმეზობლობად აღარ აღიქმება, რაც, შესაძლოა, მასშტაბური საფრთხის შემცველი, ტრაგიკული სცენარის წინმსწრებ პირობას წარმოადგენდეს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და თქვენ მიერ ნახსენები თურქეთის მოქალაქის, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავებაზე საუბრისას... ეს ორი ამბავი, ფაქტია, რომ ერთ კონტექსტში განიხილება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია გაითვალისწინოს მეზობელი ქვეყნების ინტერესები, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს­ მეტისმეტად აზიანებს...

- სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ორ ამბავს ერთ კონტექსტში განიხილავენ, რადგან საზოგადოების გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს. შემთხვევით არ მითქვამს, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ხდებოდეს-მეთქი. შეხედეთ, რა განწყობაა სოციალურ ქსელებში - ძირითადად, ამბობენ, რომ თავზე დაგვასხდნენ მეზობლები... ის, რომ თურქეთის ხელისუფლებას­ მაღალი ტონით ლაპარაკი დასჩემდა, ახალი ამბავი არ არის, ის ასე ელაპარაკება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის წარმომადგენლებსაც... აშკარად დაკარგული აქვთ ზომიერების გრძნობა.

ყველასთვის ცნობილია ე.წ. ჩაღლარის პროექტის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ერდოღანის რეჟიმისადმი, შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლება იყენებს ბერკეტებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ბულგარეთზე ზეწოლისთვისაც, რათა ამ ქვეყნებში ამ პროექტის ფარგლებში მომუშAავე საგანმანათლებლო ორგანიზაციები დაიხუროს და მათი ხელმძღვანელები თურქეთს გადასცენ. ერდოღანის ხელისუფლება მათ ტერორისტობაში სდებს ბრალს, მაგრამ ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა, რადგან ამ საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობას, წლებია, ვაკვირდებით და ვერავითარი გადაცდომა მათ მოქმედებაში ვერ დავინახეთ. ამ ლოგიკით ზაზა ფაჩულიაც ტერორისტი გამოდის, რადგან, როგორც მახსოვს, სწორედ დემირელის კოლეჯი აქვს დამთავრებული.

საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას რომ ცდილობენ, ვადასტურებ და მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ამ ყველაფერთან გამკლავება.
დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თურქეთს.
ეს ადამიანი 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, როგორ შეიძლება მისი ტერორისტული საქმიანობა ჩვენს სპეცსამსახურებს აქამდე ვერ შეემჩნიათ?! თუ გადავცემთ, ამით იმასაც ვაღიარებთ, რომ სპეცსამსახურები არ გვყავს!

ხომ ყველა ვხედავთ, რა რეზონანსი მოჰყვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს - არ დარჩა საქართველოში საერთაშორისო მისია, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საელჩო, რომ ამას არ გამოხმაურებოდა. საქართველომ აღიარა დასავლური ფასეულობები, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ეს შეეხება იმ ადამიანებსაც, ვინც დროებით, პოლიტიკური მოსაზრებების გამო საკუთარი ქვეყნიდან არის დევნილი და ჩვენს სახელმწიფოს აფარებს თავს. ჩვენ ჩვენი მოვალეობები გვაქვს, რაც უნდა შევასრულოთ. ამას ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმაც უნდა სცენ პატივი!

თუმცა, ფაქტია, რომ ეს მოვლენები ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვიღაც ამ ყველაფერს განზრახ ხომ არ აკეთEებს და ასე ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას?!

ან ხელისუფლებაში ვიღაცამ მართლაც დაკარგა აზროვნების უნარი და საკუთარ თავსაც და მთEელ ხელისუფლებასაც ძირს უთხრის.

- ანუ ფიქრობთ, რომ ასეთი ჯგუფი ხელისუფლების შიგნით შეიძლება არსებობდეს?

- დიახ, რთულია რამის გამორიცხვა. ასევე შესაძლებელია, გარკვეული ძალა ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესების მართვას გარედან ცდილობდეს. ჩემთვის, მაგალითად,
ძალიან საეჭვოა, რომ გივი თარგამაძე ამ ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ამბავს ისე მოჰყვა, თითქოს იმ მანქანაში იყო, რომლითაც აფგან მუჰთარლი წაიყვანეს... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთელი სცენარი მისი დაწერილი იყო...

არ არის გამორიცხული, სახელისუფლო სისტემებში კვლავაც იყვნენ გარკვეული ინდივიდები თუ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლების დასუსტებას...
ისე, "ნაციონალური მოძრაობა" თუ მისი განაყოფები დღეს ძალიან მაღალფარდოვნად ლაპარაკობენ და აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მაგრამ კარგად მახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნისას, 2005 წელს, რამდენი ვიომეთ, რომ ჩეჩნები არ გადაეცათ რუსეთისთვის, მაგრამ მაინც გადასცეს, რითაც, ფაქტობრივად, ხელი მოაწერეს მათ სასიკვდილო განაჩენს. მერე ადგნენ და საქართველოში მყოფი ირანელი მეცნიერი გადასცეს ამერიკელებს.

ვიმეორებ: თუ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ჩვენი ხელისუფლების ხელი ურევია, ის მართლაც გასაკრიტიკებელია, მაგრამ მე ამის დაჯერება ძალიან მიჭირს.
ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის საზოგადოებრივი პროტესტი, რაც მოჰყვა აფგან მუჰთარლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სრულიად ადეკვატურია; ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს და სწორედ ამგვარი პოზიციით წარდგეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე: საქართველო წინააღმდეგია იმ ადამიანების მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენებისა, ვინც საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არიან შევიწროებული!
წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან დღეს ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური განწყობებისა და პოზიციის გამო ჩვენს ქვეყანაშია თავშეფარებული? მათ ხვალინდელი დღის შიში გაუჩნდათ. ისტერიკულად დარბიან საელჩოდან საელჩოში, რათა როგორმე საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან და საქართველოდან გააღწიონ.

- მართალია, ქართული პოლიტიკური ელიტა მაინცდამაინც არ ჩქარობს, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება. უკვე დასახელდა თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, თუმცა საზოგადოება ყველაზე მეტად ამ პოსტზე მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ელოდება. ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა კახი კალაძის ხსენება, თუმცა ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ ვერსიად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაასახელეს...

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ინფორმაციითაც დედაქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე იქნება. არარეალური მგონია ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. ვხედავ, რომ საზოგადოებაში მომავალი არჩევნებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებაა, რაც ძალიან ცუდია. მმართველი ძალა ელოდა, რომ საკონსტიტუციო პროცესის მეშვეობით შეძლებდა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რაც ვერ მოხერხდა - საზოგადოებას დარჩა უპასუხო კითხვები და იმედგაცრუებაც. საქმე ის არის, რომ ამა თუ იმ ცვლილების დასასაბუთებლად მოხმობილი არგუმენტებით მმართველი ძალა ხშირად მიზანს ვერ აღწევს, განსაკუთრებით - როცა საქმე ეხება გაუნაწილებელი ხმების თემას და მიწის ყიდვა-არგაყიდვას.
დღეს ხელისუფლებისთვის უმთავრესი საზოგადოების ნიჰილიზმთან ბრძოლაა, რადგან ეს აღრმავებს ნაპრალს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

რაც შეეხება კალაძისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შუქჩრდილებს... მიუხედავად იმისა, ეს სწორია თუ არა, ფაქტია, რომ თბილისელთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანია მერობის კანდიდატის წარმომავლობა... ნარმანიას კრიტიკისას ხშირად გაიგონებდით, რომ ის არ არის თბილისელი, ამიტომაც არ უყვარს ქალაქი და ა.შ.
ვფიქრობ, დროა, ამა თუ იმ კანდიდატურის შერჩევისას სოციალური ქსელების შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.
მიუხედავად მოარული ხმებისა კალაძის კორუფციასთან კავშირზე, ვერ დავუკარგავთ, რომ ის ძალიან ენერგიული მენეჯერია, თუმცა ეს ხმებიც შესასწავლია...
ერთიც არის - "ქართული ოცნების" წიაღში ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი ავტორიტეტული და მენეჯერული თვისებებით გამორჩეული ადამიანი, რომელიც კალაძის კანდიდატურას აჯობებს...

- კარგა ხანია, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. ელით, რომ ის ტრადიციულად წინასაარჩევნოდ გააქტიურდება?

- დიახ, ეს მისი მეთოდია. ფაქტია, რომ მის გამოჩენას ელოდება საზოგადოებაც. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად სწორედ მას მიიჩნევენ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ვნახავთ, რა იქნება მისი გზავნილი და როგორ მოახერხებს ის ამომრჩევლის კვლავაც დარწმუნებას...

- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ საპატრიარქო მოექცა, რომლის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სკანდალური და, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებები გააკეთა...

- არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება შეფასდეს... ფაქტი ერთია - ამ პროცესებით ძალიან ზარალდება ეკლესია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა ეკლესიაზე, რაც გუშინ არ დაწყებულა - კარგა ხანია, გრძელდება. ჩემი შთაბეჭდილებით, ბოლოდროინდელი შეტევები ისე იყო დაგეგმილი, რომ სავალალო შედეგი მოჰყოლოდა, თუმცა ამ ეტაპზე პროცესები დამუხრუჭებულია და კალაპოტს უბრუნდება. იმედია, ასე გაგრძელდება და ყველაფრის წამლეკავ წყალდიდობად არ იქცევა...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით