"ეს უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავს" - კვირის პალიტრა

"ეს უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავს"

"ის, რაც ფარცხალაძის გარშემო ხდება, ამ ხელისუფლების მმართველობის ლაქაა, მათ შორის ბადაშვილის მოხსნა-დანიშვნა"

"მახარებს საზოგადოების სწრაფი და სწორი რეაქცია, რაც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში ანგარიშსწორებისა და შურისძიების საშუალება არავის მიეცემა"

გასულ კვირას საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც მალევე გაირკვა, დოკუმენტი საიდუმლო იყო და არ უნდა გასაჯაროებულიყო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მომხდარმა ვენეციის კომისია შეაშფოთა და საქართველოს ხელისუფლებას საყვედურის მოსმენაც მოუხდა. ირაკლი კობახიძე კომიტეტის სხდომაზე შეეცადა, გაერკვია, ვისგან გაჟონა ინფორმაციამ და შეიძლება ითქვას, რომ ხელი პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაიშვირა, სადაც ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, პრეზიდენტს ეს დოკუმენტი საერთოდ არ მიუღია. მოკლედ, ამ ურთიერთბრალდებებში თავად დოკუმენტის არსი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელობა საინფორმაციო ველში, ფაქტობრივად, ჩაიკარგა. ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ის, რასაც ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გავრცელების შემდეგ ვადევნებდით თვალს, მძიმე საყურებელი იყო. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენში სახელმწიფო მოხელეებს სახელმწიფოებრივი აზროვნების სერიოზული პრობლემა აქვთ. არა აქვს მნიშვნელობა, ინფორმაციამ საიდან გაჟონა - საპარლამენტო უმრავლესობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თუ კიდევ საიდანმე, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს - სახელისუფლებო გუნდში არიან პირები, რომლებსაც სახელმწიფოებრივად აზროვნება არ შეუძლიათ, ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას და არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.

ამჯერად ჩავთვალოთ, რომ ეს არ არის ისეთი ინფორმაცია, რისი გასაჯაროებაც ქვეყანას დიდ საფრთხეს შეუქმნიდა, მაგრამ სავარაუდოდ, არც საფრთხის შემცველი ინფორმაციაა მათ ხელში დაცული. სხვა რა შეიძლება დაერქვას ამას, თუ არა სახელმწიფო ინტერესების დაზიანება?! ფაქტია, რომ უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები არასახელმწიფოებრივად მოიქცნენ!

- წინასწარი დასკვნა გასაჯაროებულია და ამას აღარაფერი ეშველება. საინტერესოა დოკუმენტში გამოთქმული შენიშვნების შეფასება. გავიხსენოთ ისიც, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქამდე ხშირად იმეორებდნენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებდნენ.

- არ შეიძლება თავმოყვარე ქვეყნის პარლამენტი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს გარედან ნაკარნახებ დირექტივებს, როდესაც საქმე ქვეყნის კონსტიტუციას შეეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთ პარლამენტს საკმარისი კომპეტენცია არა აქვს. რაც შეეხება ვენეციის კომისიის შენიშვნებს, წინასწარი დასკვნის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო ტექნიკურია, ვიდრე პოლიტიკური. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რჩევა და რაც შეიძლება მეტი საკითხი გადაწყდეს კონსენსუსის გზით.

რასაც კონსტიტუციის განხილვა დაარქვეს, ეს განხილვის კარიკატურა იყო - დადიოდნენ კონკრეტული პირები თავიანთი პარტიზანებით და სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ.

დამერწმუნეთ, მთელმა ამ პროცესმა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღების მიღმა ჩაიარა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ საკითხით საზოგადოების დაინტერესება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

პარტიები, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, კონსტიტუცია და საზოგადოება, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს ამ დოკუმენტით, რჩება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ის შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად, მათ შორის პოლიტიკური კონსენსუსიც იგულისხმება, რაც ყველაზე მეტად აკლია ამ საკონსტიტუციო პროცესს. ეს ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, რომლითაც უნდა ისარგებლოს ყველა მოქალაქემ და მას აქვს უფლება, მის შექმნაში მონაწილეობდეს...

- როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისიას ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა საპარლამენტო არჩევნებისას ე. წ. გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესთან აქვს და შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა: პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვრის დადგენა ან ბარიერის შემცირება 2-3%-მდე.

- ჩემი აზრით, მე-4 ვარიანტი გამორჩათ - ყველაზე მარტივად ამ საკითხს მოაგვარებდა იმ სისტემის დატოვება, რაც ახლა მოქმედებს. ვგულისხმობ იმას, რომ მე დიდად არ ვემხრობი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რაც თავის დროზე სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გახლდათ და ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი შესრულება. ვფიქრობ, ეს შეცდომაა. გასაგებია, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებით ამ სისტემას აქვს ხარვეზები, ხშირად არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა ემუშავა და მასში გამარჯვებას მაინც იმ პარტიის წარმომადგენლები აღწევდნენ, რომელიც იმარჯვებდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თანდათან ჩვენში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ისე გაიზრდება, რომ კვლავაც დღის წესრიგში დადგება, ამომრჩეველმა კონკრეტულ პირებს მისცეს ხმა და არა გაუგებარ პარტიულ სიას, სადაც ჩაწერილ პირთა უმრავლესობის ბიოგრაფიასა და საქმიანობაზე თითქმის არაფერი ეცოდინება. მაჟორიტარული სისტემა ასეთი ცუდი თუ არის, წამყვან, ძველი დემოკრატიის ევროპულ ქვეყნებში რატომ არ აუქმებენ?

ჩემი აზრით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა, რასაც ვენეციის კომისია ერთ ვერსიად გვთავაზობს, არასწორი იქნება. რა უნდა პარლამენტში იმ პარტიას, რომელსაც ამომრჩევლის 5%-ზე ნაკლებმა მისცა ხმა?

- კიდევ ერთი თემა, რომელიც ჩვენშიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ვენეციის კომისიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, ქორწინების შესახებ ჩანაწერია. კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.

- სამწუხაროდ, ბოლო ხანს ჩვენს ხელისუფლებას დასჩემდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებშიც კი პოპულისტური მიდგომები.

თითქოს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების ეშინია. დღეს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში ხომ არ არსებობს, აი, მოიწადინეს შოთამ და გივიმ და მოითხოვეს ქორწინების რეგისტრაცია, შეძლებენ ამას? - რა თქმა უნდა, ვერა, რადგან კანონი ამის უფლებას არ იძლევა! არ არის საჭირო საკონსტიტუციო დონეზე მტკივნეული და არაფრისმომცემი საკითხების განხილვა, მით უფრო, რომ ეს ძალიან კარგად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. რა საჭიროა ამის კონსტიტუციაში ჩაწერა?! - მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული ჯგუფების გული მოიგოს ხელისუფლებამ? - არ არის საჭირო ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების კონკრეტულ ინტერესებზე მორგება, ეს არ შეიძლება! ეს ხომ ღია კარში ბურთის გატანას ჰგავს?!

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოპონენტებმა ასე პოპულისტურად შეაფასეს, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენაა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება გასულ კვირას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმაურა.

- ეს გადაწყვეტილებაც ზემოთ ნახსენები პოპულისტური თემების ჟანრიდან გახლავთ, მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის და ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებების შეზღუდვაა... საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება ვის მიჰყიდის მიწას, თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი სამეწარმეო საქმიანობა სრულიად თავისუფალია და დაცულია კონსტიტუციით, თუმცა ამავე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენით უკვე იზღუება ეს თავისუფლება. როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს მიწები განსახელმწიფოებრივდა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ძალიან დიდი ფართობები გაუნაწილებელი დარჩა. სახელმწიფო ახლა ცდილობს ამის გაყიდვას, მე კიდევ მგონია, რომ ეს მიწები ისევ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს, რათა ამით ხელი შეეწყოს ძლიერი ფერმერული მეურნეობების შექმნას.

- ერთ-ერთი მოსაზრებით, მიწის თავისუფალი გაყიდვით განუვითარებელი სოფლის მეურნეობის პირობებში, მითუმეტეს, როდესაც ამ მიწის მფლობელები მისი დამუშავებისთვის საჭირო ჩვევებსა და თანამედროვ ტექნოლოგიებს არ ფლობენ, 15-20 წელიწადში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს სრულიად დემოგრაფიული სურათი...

- კატეგორულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რას აკეთებს მერე სახელმწიფო?! რისთვის არის შექმნილი ლოჯისტიკური ცენტრები?! თუ არ არის შესაბამისად განვითარებული, დაეხმარონ, რათა ეს ცენტრები თავის მხრივ გლეხებს თანამდეროვე ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარონ... დავუშვათ, აკრძალეს უცხოელებზე გაყიდვა, აგარ შპს-ზე გაყიდვა არ არის აკრძალული, ჰოდა, დაარსებენ ამ შპს-ს და ისე იყიდიან მიწას. დავუშვათ, აკრძლეს ისიც, რომ მის დამფუძნებლებში უცხო ქვეყნის მოქლაქე არ იყოს, ადგებიან და როგორმე მოახერხებენ საქართველს მოქალაქეზე დარეგისტრირებას. მოკლედ, გაჩნდებიან ყალბი დამფუძნებლები, ანაც სესხს გააფორმებენ და მერე ვითომ სესხში „წაართმევენ“ მიწას... ათასი ასეთი მაქინაციის თუ კორუფციული გარიგების მოფიქრება შეიძლება. მერე რაღას იზამს სახლმწიფო?!

- რას ფიქრობთ "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს...

- ვინაიდან არა გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა დგას ყოველივე ამის უკან, ძნელია შეფასების გაკეთება.

ითქვა, რომ გვარამიას წასვლა თითქოს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, ეს კი არადამაჯერებელია, რადგან ეს პრობლემები დღეს არ წარმოშობილა. ამის უკან აშკარად პოლიტიკური პროცესია, მაგრამ რა და როგორი, გამიჭირდება თქმა. შესაძლოა, ის, რომ ისე არ მიდის სტრასბურგში საქმე, როგორც გვარამიას სურს, ან გვარამია მიხვდა, რომ ახალგაზრდა კაცია, მომავალი აქვს და ეს მომავალი არ უნდა შესწიროს კონკრეტულ იდეას... იქნებ უნდა ადამიანს რაღაცის შეცვლა, რათა რესტორანში შესვლის აღარ ეშინოდეს.

ბუნებრივია, პროცესი პოლიტიზებულია, რადგან "რუსთავი 2" პოლიტიკური წარმონაქმნია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დაახლოებით ორ კვირაში უკეთესად გამოჩნდება, რა პროცესის მომსწრენი ვართ. გვარამიას ბევრი რამ შეიძლება ვუსაყვედუროთ, მაგრამ ის აშკარად არ არის სულელი, მეტიც, ჭკვიანი კაცია!

- სანამ გვარამიას გადადგომაზე გავრცელდებოდა ინფორმაცია, ის და ზაალ უდუმაშვილი უკრაინას სტუმრობდნენ. ერთ-ერთი ვარაუდით, გვარამიას გადადგომა სწორედ იქ გადაწყდა. გამოითქვა ეჭვი, რომ მას მერე, რაც ნიკა გვარამიას პოლიტიკური სიმპათიები "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილი "ევროპელი დემოკრატებისკენ" გადაიხარა, მას სააკაშვილი აღარ ენდობოდა.

- ჩემი აზრით, რაც მეტი დრო გავა, სულ უფრო ნაკლები გავლენა ექნება ბატონ სააკაშვილს "რუსთავი 2"-ზე, ამას ისიც გრძნობს და ცდილობს, ეს გავლენა როგორმე შეინარჩუნოს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები არხზე ამასაც უკავშირდებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, არხის თანამშრომლებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასს, ფაქტობრივად, არ აძლევდნენ. შესაძლოა, საკითხი ასეც დამდგარიყო, დამფუძნებლებს გვარამიასთვის წაეყენებინათ ულტიმატუმი - ან გადადგები, ან არ დავაფინანსებთ ტელეკომპანიასო.

სააკაშვილი აშკარად ებღაუჭება გავლენებს საქართველოში, მაგრამ ისე ჩანს, რომ მისი სამიზნე მაინც უკრაინაა, თუმცა "რუსთავი 2"-ს ინახავს და არაფრით დათმობს ნებით.

- მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა "რუსთავი 2"-ის ტელესახეს და გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს. როგორც ამბობს, შეთავაზება პირადად სააკაშვილისგან მიიღო...

- ვფიქრობ, არჩევანი შემთხვევითი არ არის. ფაქტია, უდუმაშვილი გაცილებით გაწონასწორებული ადამიანია, ვიდრე მელია. ის წლებია საზოგადოების თვალწინაა და აშკარად სიმპათიით სარგებლობს. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ უდუმაშვილისთანა ფიგურით წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შანსი იმისა, რომ მოიგოს თბილისის მერის არჩევნები, არა აქვს, თუმცა, არც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ კახი კალაძე უალტერნატივო ფიგურაა. დარწმუნებული ვარ, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, საკმაოდ სერიოზული კონკურენციით.

- რადგან კახი კალაძე ახსენეთ, საინტერესოა, რამდენად სწორი იქნება "ქართული ოცნების" არჩევანი, თუ თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ კალაძე დაასახელეს?

- დავით ნარმანიას ვიცნობ, ის კარგი ეკონომისტია, მაგრამ ბოლო წლებმა აჩვენა, რომ თბილისის მერობა მის კომპეტენციას აშკარად სცილდება. ჩემი აზრითაც, თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, ამას უარგუმენტოდ არ ვამბობ. საქმე ის არის, რომ აქ ძალიან ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს და ამის დანახვა მხოლოდ აქ დაბადებულ ადამიანს შეუძლია. ვშიშობ, ბატონ კახი კალაძეს ამ პრობლემების ნაწილიც კი არა აქვს გააზრებული.

კალაძე კარგი მენეჯერია, მაგრამ პოლიტიკაში თამაშობს ისე, როგორც ფეხბურთს თამაშობდა - სწორხაზოვნად, მეტიც, ძალიან სწორხაზოვნად.

მის შესახებ ბევრი კითხვა ისმის და ჭორი ვრცელდება - ის, რომ ენერგეტიკაში ყველაფერი დალაგებული არ არის, რომ იქ კორუფციული გარიგებებია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებზე ირიბი, მაგრამ ძლიერი გავლენა აქვს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მოარული ხმებია, რომელთა დასაბუთება არ ჩანს, ამიტომ ჭორებზე ლაპარაკი არ ღირს... ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ მე განცვიფრებულიც კი ვარ, როგორ გაიზარდა ეს ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკოსამდე და სახელმწიფო მოღვაწემდე მაინც ძალიან ბევრი აკლია. ჩემი აზრით, მას არ შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. პროფესიული კომპეტენციაც აკლია, თუნდაც "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გავიხსენოთ. როგორც აღმოჩნდა, ნორმალური მრჩეველიც არ ჰყავდა - რუსეთი იმუქრებოდა, რომ ირანიდან შეიტანდა სომხეთში გაზს, კალაძემ კი არც ირანის სიტუაცია იცოდა, არც პოლიტიკური ძალების განლაგება და არც ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურაზე ჰქონდა წარმოდგენა. ის, როგორც სპორტიდან მოსული კაცი, საკმაოდ ხისტი და მებრძოლია, მაგრამ, მეეჭვება, თბილისის გაძღოლისთვის საჭირო კომპეტენცია ჰქონდეს!

- გიორგი ბადაშვილის ახალმა პოსტმა ბევრი კითხვა გააჩინა. ის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშნეს...

- კარგია, რომ ბადაშვილი ჩამოაშორეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ მთავარ პროკურატურაში მისმა გადაყვანამ საზოგადოება გააღიზიანა.

ის, რაც ფარცხალაძის გარშემო ხდება, ამ ხელისუფლების მმართველობის ლაქაა, მათ შორის ბადაშვილის მოხსნა-დანიშვნაც. დაგვავიწყდა, რა დამართეს ქვეყანას კოლექტიურმა კეზერაშვილებმა და უდესიანებმა?! თუ მათი "გზის გამგრძელებლები"დროულად არ ალაგმეს, ამ დაჯგუფებების საცეცები საზოგადოების ყველა სფეროში შეაღწევს... მე არც თორდიას ვენდობი, მიმაჩნია, რომ ის და ფარცხალაძე ერთი ცომისგან არიან მოზელილი და ამაში უბედურება არაფერი იქნებოდა, ხელისუფლებაში მათი ფორმალური თუ არაფორმალური ყოფნა რომ არა. ჩემი აზრით, თორდიაც გასაშვებია თანამდებობიდან, კარგია, უკვე მალე რომ ეწურება ვადა. ასეთი სახელმწიფო ჩინოსნები ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ამ 25 წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ გაგვეზარდა ნორმალური, პატრიოტი, პატიოსანი სახელმწიფო ჩინოსნები.

- თუ გავითვალისწინებთ, ფარცხალაძის უეცრად გამდიდრების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მას მართლაც ხშირად ადარებენ დავით კეზერაშვილს.

- რას ვიზამთ, კეზერაშვილიც და ფარცხალაძეც ბედკრული საქართველოს შვილები არიან. მათი მსგავსნი საბჭოთა პერიოდშიც მრავლად იყვნენ. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მერაბ მამარდაშვილმა შეაფასა, როგორც გადასხვაფერება ცვლილებების გარეშე. მოკლედ, კოსმეტიკური გადასხვაფერება ხდება, შინაგანად, მენტალურად კი იგივენი არიან...

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა რეპჯგუფ "ბირჟა-მაფიის" 2 წევრის დაკავებას. მათ შსს ნარკოდანაშაულს ედავება, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მათი დაკავება იმ კლიპის გამო მოხდა, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. მომხდარს საზოგადოების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, გაიმართა საპროტესტო აქცია, შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა პრემიერიც... თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი?

- ისეთივეს, რაც სახალხო დამცველმა თქვა, ანუ ანგარიშსწორების. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმეს დანამდვილებით თქმა, მაგრამ ეს ყველაფერი უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. დაველოდოთ პროკურატურის გამოძიების შედეგებს, რომელიც შსს-ს წარმომადგენელთა ქმედებებს გამოიძიებს. მახარებს საზოგადოების სწრაფი და სწორი რეაქცია, რაც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში ანგარიშსწორებისა და შურისძიების საშუალება არავის მიეცემა. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება და აღვირახსნილობის უფლებას აღარავის მისცემს.

ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა კლიპის შინაარსსა და ხარისხს, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება ისე, როგორც სურს, და არავის აქვს უფლება, ვინმეს ეს შეუზღუდოს. თუმცა, ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება.

ნათია დოლიძე