"მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს"
19-06-2017
"მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს"
"ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია - მოიკიდეს და წაიღეს კიდეც... ქვეყანა ზედმეტი პრობლემებისგან უნდა დავიცვათ"

გასული კვირა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რასაც ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მსჯელობა მოჰყვა. თუ პირველ შემთხვევაში ევროპარლამენტი უკიდურესად მკაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოში კონსტიტუციის ცვლილებების პროცესი, მაგრამ ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს პარლამენტის
ფორმირების წესებს, რათა პარლამენტში პლურალიზმი მეტად გამოიკვეთოს. ამასთან ერთად, მმართველი პარტია ე.წ. ბონუსსისტემის განაწილების ახალ წესზე ალაპარაკდა, რაც, როგორც ირკვევა, უკვე გააცნეს ვენეციის კომისიასაც.

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად", - განაცხადა ვენეციის კომისიის
პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ. საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან სწორედ ამ საკითხზე მსჯელობით დავიწყეთ:

- ვენეციის კომისია რეკომენდაციებში უპირველესად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც სწორია, თუმცა ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა ჩვენს ვითარებაში ამის განხორციელება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ ფართო, საშუალო დონის კონსენსუსიც ვერ შედგა იმ საარჩევნო კომისიაშიც კი, რომელმაც ეს დოკუმენტი მოამზადა.
მეტიც - პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა უმრავლესობისთვის დაგეგმილი შესწორებების დიდი წილი მიუღებელია. ასე რომ, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, ალბათ, ვერ შესრულდება და კონსტიტუციის შესწორებულ ვარიანტსაც დაერქმევა "ქართული ოცნების" კონსტიტუცია, ისევე, როგორც წინა ცვლილებისას ერქვა "ნაციონალური მოძრაობისა", რაც ძალიან სამწუხაროა. გვქონდა შანსი, ამჯერად მაინც მიგვეღო მართლაც კონსენსუსზე დაფუძნებული და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კონსტიტუცია, მაგრამ...

- საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ წესზე გადასვლა, რაზეც კარგა ხანია, თითქოს მიღწეულია შეთანხმება, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელიც "მაჟორიტართა აჯანყებად" შეფასდა. როდესაც ისინი ამ შეთანხმების წინააღმდეგ ძალიან გააქტიურდნენ, ითქვა, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება, თუმცა მხოლოდ 2024 წლიდან შევა ძალაში...

- თუ გახსოვთ, წინა პარლამენტის დროს "ქართული ოცნება" გვთავაზობდა, 2016 წლის არჩევნები ჩატარებულიყო არსებული წესით, ოღონდ მიგვეღო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე 2020 წლიდან საარჩევნო წესად პროპორციული სისტემა განისაზღვრებოდა. ამას ოპოზიცია არ დათანხმდა, რაც შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ამჯერადაც შეიძლება განმეორდეს იგივე სცენარი, ოღონდ - გაუარესებული.
საპარლამენტო მმართველობა იმით არის მომხიბვლელი, რომ საპრეზიდენტოსგან განსხვავებით, კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუ ხელოვნური მექანიზმებით ისევ დავტოვებთ ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას, მაშინ რა აზრი ჰქონდა საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი შეცვლას?

სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც დარჩება ისეთივედ, როგორიც იყო სააკაშვილის თუ მისი წინამორბედის მმართველობისას, ანუ ის ვერ შეასრულებს მთავარ ფუნქციას - იყოს ერის გამაერთიანებელი და სახელმწიფოს ფუნდამენტი. გულდასაწყვეტია, რომ საკონსტიტუციო მოწყობის კიდევ ერთი პროცესი ამაო იქნება.
რაც შეეხება მაჟორიტარების პოზიციას... ცოტა სასაცილოც კი იყო იმ ადამიანების განცხადებები, ვისგანაც, ვგონებ, წლების განმავლობაში არაფერი მოგვისმენია.
სამწუხაროდ, ჩვენში ყველა ხელისუფლებას ხელს აძლევს მაჟორიტართა კორპუსი, რომელიც ყოველთვის მისი მხარდამჭერი იქნება. რომელიმე სხვა საკითხი გახსოვთ, მაჟორიტარებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხმა რომ ამოეღოთ?! მათ ასე ერთობლივად ოდესმე რამე გაუპროტესტებიათ?! არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა პარლამენტებსაც ვგულისხმობ.

ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არის მაჟორიტართა პირადი ინტერესებიც, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" მოინდომებს მათ დათანხმებას, ამას იოლად მოახერხებს. ძალიან მეეჭვება, მათი პროტესტი შინაგანი რწმენითა და პრინციპებით იყოს გამოწვეული...
ჩემი აზრით, უმრავლესობა მაჟორიტარებს ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებდა, ანუ ამით ეუბნებოდა - თუ არ დათანხმდებით პროპორციული არჩევნების იმ მოდელს, რომელსაც გთავაზობთ, თავისი ბონუსსისტემით, ავდგებით და, მაჟორიტარულ წესს არ გავაუქმებთ, რადგან მაჟორიტარები არ გვთანხმდებიანო...

- ხელისუფლება ოპოზიციასა და საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისას გაუნაწილებელი მანდატების განაწილების ახალ წესს სთავაზობს, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიისთვის დადგინდება ბონუსის ზედა, ქვედა და ფარდობითი ზღვარი. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ შეძლებს ბონუსით უბრალო უმრავლესობის, ანუ 75 მანდატის მოპოვებას, ის ბონუსს ვერ მიიღებს­ და მაშინ დარჩენილი მანდატები ყველა ბარიერგადალახულ პარტიას თანაბრად გაუნაწილდება, ხოლო თუ მიიღებს 50%-ზე მეტს, ე.წ. ბონუსის სახით დაემატება მანდატები, თუმცა ამისთვის დაუწესდება ზედა ზღვარი და 89-ზე მეტი დეპუტატის შეყვანის უფლება არ მიეცემა; დანარჩენი მანდატები კი ისევ სხვა პარტიებს გაუნაწილდება. გარდა ამისა, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული ბონუსი არ უნდა აღემატებოდეს მხარდამჭერი ხმების 35%-ს...

- ჩემთვის ეს სქემა გაუგებარია. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გასარკვევი. მთავარია, ამ ბონუსსისტემით გამარჯვებულმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ადვილად ვერ ჩაიგდოს ხელში. თუ ამისთვის მართლაც დაწესდება ზედა ზღვარი, ნამდვილად კარგი იქნება. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებითაც. ვნახოთ, როგორ გასცემს ამას პასუხს ხელისუფლება...

- სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ის დაჩქარებული წესით განიხილეს და პროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის შემდეგ­ მიიღეს... პროექტის მიხედვით, მორატორიუმი იმოქმედებს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება - კონსტიტუციაში გაჩნდეს ამგვარი ჩანაწერი, პოპულისტურია...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას არ ენდობა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს საკითხი დაერეგულირებინა არა კონსტიტუციას, არამედ ორგანულ კანონს, მაგრამ ვინაიდან მასში ცვლილების შეტანა ადვილია, საზოგადოება კი მთავრობას მაინცდამაინც არ ენდობა, გაჩნდა მოთხოვნა, რომ საკითხი კონსტიტუციით მოგვარდეს, რათა მისი შეცვლა იოლი არ იყოს...
მეც მომხრე ვარ, რომ უცხოელებს მიწა არ მივყიდოთ, რადგან მგონია, რომ ჩვენს ქვეყანასა და მის მოქალაქეებს ამ რესურსის გამოყენებით წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს... თუ მას უნდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, შეიძლება მოვიფიქროთ იჯარის შეღავათიანი ფორმა, მაგალითად, მივცეთ მიწა გრძელვადიანი იჯარით. პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გავათავისუფლოთ, მაგრამ თუ ის მიწას დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებს, ჯარიმა გადავახდევინოთ.
ეს უფრო მისაღები არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის წარმოების მსურველი ინვესტორისთვის?

ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია - მოიკიდეს და წაიღეს კიდეც... ქვეყანა ზედმეტი პრობლემებისგან უნდა დავიცვათ. თუ ხელისუფლება სწორად მიუდგება ამ საკითხს, შეიძლება იმგვარი რეგულაციების ამოქმედება, რაც არც ინვესტიციებს შეუშლის ხელს, არც ქვეყანას და კორუფციული გარიგებების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრამ არა - ხალხისთვის სახნავ-სათესი ფულის დარიგებით. ამას რომ შედეგი არ მოაქვს, უკვე ვნახეთ... საჭიროა ახლებური მიდგომების დანერგვა, გლეხების სხვაგვარად წახალისება და არა ისე, ხელოვნურად რომ აქმნევინებენ კოოპერატივებს...

- მკაცრი გამოდგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება. ევროპარლამენტარები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვი, რომელიც ამ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე გაჩნდა... გავიხსენოთ, მუჰთარლის ამბავს უსწრებდა თურქეთის მოქალაქის, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება. გაჩნდა ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლება ორწყალშუაა: ერთი მხრივ, ცდილობს მეზობლებისა და პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებას, მეორე მხრივ კი, აშკარად უწევს ქვეყანაში აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, რასაც ევროპელი პარტნიორები არ გვაპატიებენ...

- ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები დაცულია და პროცესი კანონის ფარგლებშია მოქცეული. სხვა საკითხია, უნდა გადაეცეს თუ არა ეს ადამიანი თურქეთს. რაც შეეხება მუჰთარლის საქმეს, ეს სრული კატასტროფაა! ამ საკითხზე როგორი ვერსიაც უნდა იყოს რეალური, ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველა საზიანოა.
თუ მომხდარში ჩვენი ხელისუფლება არ არის გარეული, ეს ერთი უბედურებაა. რა გამოდის - უცხო ქვეყანამ ჩვენს ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ჩვენ არაფერი ვიცით? მაშ, რა სახელმწიფო გვქონია?!
თუ გარეულია და, ეს მეორე უბედურებაა! გამოდის, ქვეყნის სპეცსამსახურები ადამიანის გატაცებაში მონაწილეობდნენ...

ლაპარაკი, რომ თურმე საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და პარტნიორები არიან, გაუგებარია. ეს არ არის პარტნიორობა!
პარტნიორობა ნიშნავს, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას. თუ ანგარიშს არავინ გიწევს და მხოლოდ გაშანტაჟებენ, ჯობს, დროულად თქვა ასეთ ურთიერთობაზე უარი - გაზზეც და სხვა ყველაფერზეც... სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას. თუ სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, ასეთი დამოუკიდებლობა არავის სჭირდება.
რაც უნდა მძიმე იყოს, ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და ყველაფერი აცნობოს საზოგადოებას, იმის მიუხედავად, ვისი დანაშაული გამოიკვეთება... სხვა შემთხვევაში ეს იქნება საზიანო არა მხოლოდ საგარეო იმიჯის, არამედ საშინაო ვითარებისთვისაც.

დღეს საქართველოში არაერთი ადამიანია, რომლებიც მიუღებელი არიან როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის ხელისუფლებისთვის. თუ ჩვენ პრინციპული პოზიციის გამოვლენა არ შეგვიძლია, მაშინ მოვუხადოთ მათ ბოდიში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვთხოვოთ მათი შეფარება!
ისე კი, რა პარტნიორობაზეა ლაპარაკი, როდესაც დავითგარეჯში რამდენიმე მეტრის გამო გვედავებიან და ჩვენი ინტერესი ვერ დაგვიცავს?! აღარაფერს ვამბობ ჰერეთსა და იქ მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე! ჩვენ თუ გვჭირდება აზერბაიჯანი, მასაც ვჭირდებით, ისევე, როგორც თურქეთს. ხელისუფლების მოვალეობაა, მათ ეს შევაგნებინოთ. სწორედ მთავრობას მართებს მეზობლებთან ურთიერთობაში მეტი პრინციპულობის გამოჩენა და მაგრად უნდა დადგეს!

- კიდევ ერთი საკითხი, რასაც უამრავი კითხვა მოჰყვა, რეპჯგუფ "ბირჟა მაფიას" ეხება, რომლის წევრები ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მალევე სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა... არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ბიჭები პოლიციაზე გადაღებული კლიპისთვის დააკავეს და მათ ნარკოტიკი "ჩაუდეს..."

- ვისმენ ურთიერთბრალდებებს ამ კლიპის გადაღების თაობაზე - რომ თურმე ვიღაცამ ფული გადაიხადა და დაუკვეთა, მომღერლებმა კი ეს არ იცოდნენ; ის ვიღაც კი ამბობს, რომ მხოლოდ ფული გადაიხადა და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარი პრობლემა ის საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ბიჭები ანგარიშსწორების მიზნით დააკავეს და ნარკოტიკიც ამისთვის "ჩაუდეს"...
უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ამ ვერსიის ჩვენში ყველას სჯერა, ანუ "ჩადება", წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ისეთი ჩვეულებრივი რამაა, ეჭვიც კი არ გვეპარება...
ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ეს ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს?!

- გასულ კვირას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი გუნდით წარდგა საზოგადოების წინაშე - მან "შენების მოძრაობა" დააფუძნა. ამ ორგანიზაციაში ბევრია უცნობი ადამიანი, თუმცა არიან ნაცნობებიც, მაგალითად, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი, კახა შარტავა...

- იქ ბევრი ჩემი მეგობარია და გამიჭირდება შეფასება. მათ წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, საინტერესო ძალა ყალიბდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოძრაობა აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. მათ მძიმე და ხანგრძლივი მუშაობა მოუწევთ. 2016 წლის შემდეგ ოპოზიციური სპექტრი დაიშალა; ახლა მისი ახლებურად ჩამოყალიბება მიმდინარეობს.ვფიქრობ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ამ პროცესის გაგრძელება იქნება და ალბათ, წლის ბოლოსთვის გამოიკვეთებიან ოპოზიციური ფლანგის ძირითადი მოთამაშეები...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით