"დღეს ამერიკელები თვითონვე აღიარებენ, რომ აქედან ვერაფერი მიიღეს" - კვირის პალიტრა

"დღეს ამერიკელები თვითონვე აღიარებენ, რომ აქედან ვერაფერი მიიღეს"

რუსებმა ფოთისა და ბათუმის პორტისკენ მომავალი სავაჭრო გემების შემოწმება და კონტროლიც არ მოისურვონ

ეგებ, შინაგანად ძალიან კარგი ადამიანიც იყოს, მაგრამ ფაქტიც რომ ჯიუტია?! - ჩანს, მორიგი უეცარი გადაწყვეტილებით გაოგნებულმა ტელეჟურნალისტებმა თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბაჩო ახალაიას სამსახურებრივ თუ პიროვნულ ბიოგრაფიაში, ძებნისა და წვალების შემდეგ ყველაზე დადებითად ის მიიჩნიეს, რომ ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი ინგლისურს, გერმანულს და კომპიუტერს ფლობს... ყოველ შემთხვევაში, იმ დღის საინფორმაციო გამოშვებებში, როდესაც პრეზიდენტის მორიგი მოულოდნელი საკადრო ცვლილება გაცხადდა, ახალაიას ამ შესაძლებლობებზე ხაზგასმით საუბრობდნენ. სანამ ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი მხრებს იჩეჩავდა, მეორე კი შუბლს ისრესდა, ნეტა ახალი დანიშვნა რას უნდა ნიშნავდესო, რუსებმა ჩვეული პომპეზურობით გვამცნეს, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებელი" რესპუბლიკის დამოუკიდებელ წყლებს მათი სამხედრო-საზღვაო ძალები დაიცავენ. უდავოა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამ ფაქტის გამო კიდევ ერთხელ აღშფოთდებიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიოცნებოთ - რუსებმა ფოთისა და ბათუმის პორტისკენ მომავალი სავაჭრო გემების შემოწმება და კონტროლიც არ მოისურვონ.

დღევანდელ ქართულ ეკონომიკას ასეთ შემთხვევაში აღშფოთება ნამდვილად ვერ უშველის. ეკონომიკაზე ვთქვით და ქართულ ბიზნესთავისებურებებს რომ არ შევეხოთ, არ იქნება. ის-ის იყო, ხელისუფლებისგან ერთი ბიზნესის "დაჩუტვის" შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, რომ მეორის "გაბერვის" მოწმენი გავხდით. კვირა დილას, რედაქციისკენ მიმავალი ერთი ფრიად უცნაურ ფაქტს შევესწარი: პეკინზე გამალებული აფართოებდნენ ტროტუარებს... პროსპექტის  შევიწროების ხარჯზე(?!). არადა, ეს ადგილი არც კაფე-ბარებითაა მოფენილი და არც ფეხით სიარულზეა იმხელა მოთხოვნილება, რომ პიკის საათებში ისედაც გადატვირთული გზა შუაში შავ-თეთრი პარაპეტებით, გვერდებზე კი ფართო ტროტუარებით დავიწროვდეს - საბურთალოელებს სულ რომ შალახოს ცეკვით ევლოთ, მანამდე არსებული ტროტუარიც სრულიად საკმარისი იქნებოდა! ლოგიკური მეჩვენა ტაქსის მძღოლის "ანალიზი": - ჩანს, მანქანის სადგომ ადგილებს სპეციალურად ამცირებენ, რათა C.T.Park-ის ევაკუატორებს გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული მანქანის წაყვანის მორალური უფლება შეექმნათო. სამწუხაროდ, სანამ გზის დავიწროებას დაიწყებდა, დედაქალაქის მერიას სხვა ვერსია მოქალაქეებისთვის არც კი შეუთავაზებია. მათაც, ფანტაზიას მისცეს გასაქანი. არადა, თავის დროზე "ჭიაბერაშვილის სამკუთხედმაც" დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ დღეს ეს ნოვაცია მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც მუშაობს. ხომ შეიძლებოდა, როგორც პირველ, ისე ამ და იმავე, ჩ.თ.Pარკ-ის შემთხვევაშიც, უკვე გამზადებული გადაწყვეტილება კი არ გაეცნოთ თბილისელებისთვის (აქაოდა, მე უკეთ ვიცი, შენთვის რა იქნება უკეთესიო), მანამდე მცირე განხილვა მაინც მოწყობილიყო...

ამ და სხვა - მეტად  თუ ნაკლებად გლობალურ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ დემურ გიორხელიძეს ვესაუბრეთ:

- გასულ კვირას კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. სავარძელი ამჯერადაც პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა პერსონამ დათმო. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა, - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟვანიას და სიხარულიძის მსგავსი ინდივიდუალები ხელისუფლებაში ნებსით თუ უნებლიეთ, დიდხანს ვერ ძლებენ...

- პიროვნულ შტრიხებზე საუბარს შეგნებულად ავარიდებ თავს, რადგან პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ამა თუ იმ ჩინოვნიკზე მსჯელობა უმართებულოდ მიმაჩნია. საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, მისი ავკარგიანობა მხოლოდ შედეგების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს: არის შედეგი, ე.ი. მართებული ყოფილა საკადრო პოლიტიკაც; არ არის შედეგი, ე.ი. ცუდია საკადრო პოლიტიკა, როგორი კარგი და დადებითი პერსონებიც უნდა იყვნენ ამა თუ იმ თანამდებობაზე. იმასაც გეტყვით, რომ ზოგადად, საკადრო პოლიტიკა სახელისუფლებო გადაწყვეტილებათა  ყველაზე დიდი ნაკლია და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც დრო, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება უყენებს ჩვენს სახელმწიფოს. ეს კი არ შეიძლება შედეგზე არ აისახოს, რაც ორი მიმართულებით ხდება: ერთი, ხელისუფლება კარგავს ნდობას და საზოგადოებას იმედგაცრუებისკენ უბიძგებს, მეორეც პირველიდან მომდინარეობს - ზარალი ადგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და მისი განვითარების ინტერესებს. თქვენ ინდივიდუალები ახსენეთ - ესეც  ხელისუფლების ნაკლი გახლავთ, რომ ვერ ჰგუობს პიროვნულად გამოკვეთილ ინდივიდუალებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჟვანიაზე არ ვლაპარაკობ, რადგან გამოკვეთილი ინდივიდუალობა განსაკუთრებული აზროვნების სტილს გულისხმობს და ეს აზროვნება არის არა პიარკამპანიაზე აგებული, არამედ საქმისა და პრობლემების ხედვის თავისებურებიდან გამომდინარეობს. ასეთ პერსონათა არარსებობა ხელისუფლებაში მას კიდევ დამატებით პრობლემებს უქმნის და საბოლოო ჯამში, საკადრო პოლიტიკა მარცხიანია...

- სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გამოწვევები ახსენეთ. ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტი პოლარიზება ხდება ამ მიმართულების შეფასებისას, - ერთი თვალსაზრისით, ქვეყანაში არ ჩამოყალიბებულა საშუალო ფენა, არ არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, ხელისუფლებას ჰყავს ფავორიტი და შერისხული ბიზნესმენები... მეორე მხრივ, იგება გზები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ტელევიზიით ბათუმში უკვე მომხდარ და სხვა ქალაქებში მოსალოდნელ სასწაულზე გვესაუბრებიან... რა ხდება რეალურად?

- ცხადია, თქმა იმისა, რომ არაფერი გაკეთებულა, უსამართლობა იქნებოდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება აკეთებს რაღაცას... იგივე, ინფრასტრუქტურული პროექტები, ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული მშენებლობები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ უნდა ვლაპარაკობდეთ უფრო ფართომასშტაბიან, მოცულობით და გრძელვადიან ხედვაზე ხელისუფლების მხრიდან. მას არ გადაუდგამს ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ფუნდამენტად უნდა ქცეულიყო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. არ დაუწყია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. და რაკი ასეთი ფართომასშტაბიანი საფუძველი ხელისუფლების მოქმედებაში არ არსებულა, ეკონომიკური პოლიტიკა, თუკი მას საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს, ფრაგმენტული იყო, რაღაც თვალსაზრისით ფსევდოლიბერალურ კონცეფციას ამოფარებული, რასაც სინამდვილეში ლიბერალიზმთან არაფერი ჰქონდა საერთო. როდესაც ხელისუფლება ფაქტობრივად დომინანტია ეკონომიკაში, როდესაც ის არა მარტო ფლობს უმთავრეს რესურსებს, არამედ იღებს კიდეც იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა შესაბამისად, ქვეყნის ყველა ბიზნესსუბიექტი ვალდებულია და იძულებული, იმოქმედოს, - ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი მხოლოდ პირობითი შეიძლება იყოს.

რეალური საბაზრო ეკონომიკა ანონიმური ეკონომიკაა, ისევე როგორც დემოკრატიული წყობა გახლავთ ანონიმური. იგი თამაშის წესებს ამკვიდრებს ყველასთვის, განურჩევლად იმისა, პირი ან პირთა ჯგუფი ხელისუფლების მეგობარია თუ კონსტიტუციისა. როგორც კი ეს ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა,  ვიღებთ იმას, რაც საქართველოში გვაქვს. ქართული ბიზნესი, დიდი იქნება ის თუ მცირე, ხელისუფლებაზეა გამობმული და მისი კეთილდღეობაც ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ იგი ვითარდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ასე სურს ხელისუფლებას და სხვა რამ კანონზომიერება საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით, აქ არაფერ შუაშია. შესაბამისად, ხელისუფლებაც განსაზღვრული დროის განმავლობაში უწყობს ხელს ამა თუ იმ ბიზნესის განვითარებას, თუ არადა, როცა მოისურვებს, იმავე დღეს დააქცევს და უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენებს. ამის კონკრეტული და უახლოესი მაგალითი "ელიტ ელექტრონიქსი" გახლავთ. ეს იყო ატროფირებული, აბსოლუტურად გაუთვლელი ზრდა ერთ-ერთი ბიზნესჯგუფისა, რადგან არანაირი საფუძველი იმისა, რომ ამ ტიპის ბიზნესი ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში ჩაფლობილ საზოგადოებაში ასე სწრაფად განვითარებულიყო, არ არსებულა. მით უმეტეს, ისეთი გაუგონარი საფასო პოლიტიკით, რაც ამ ქსელში არსებობდა, ასეთ ღატაკ ქვეყანაში იმაზე მიუთითებდა, რომ რაღაც "ბუშტი" იბერებოდა და ადრე თუ გვიან, გასახეთქად იყო განწირული. რატომ გასკდა და როგორ, - ხელისუფლებამ მოინდომა თუ არა ამ ჯგუფის საქმიანობის შეჩერება, რის საფუძველზე და რა ხერხებით, ეს სხვა საქმეა.

მთავარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან არაადეკვატურობის ტენდენციაა. საკმარისია, ხელისუფლება შეიცვალოს, რომ ეს სწრაფად განვითარებადი ბიზნესჯგუფებიც გაქრება. ეს არასტაბილურობა, მემკვირეობითობის არარსებობა არა მხოლოდ ბიზნესში, ყველა სხვა სფეროშიც, ჩამოუყალიბებელი, განუვითარებელი და არაკონსტიტუცური წყობის ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნიშნებია და სამწუხაროდ, ჩვენ ეს ნიშნები გაგვაჩნია.

- თქვენს მეტაფორაზე ბუშტის გაბერვასთან დაკავშირებით, მორიგი "აყვავებადი" ბიზნესი გამახსენდა, C.T.Park-ის სახით. ალბათ, არც მისი ქმედება უნდა ჯდებოდეს მაინცდამაინც ჩვენი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სურათში...

- იმაზე მსჯელობას არ დავიწყებ, თუ როგორ ან რატომ მოიპოვა უფლება და რესურსები ამ ფირმამ საიმისოდ, რაც უნდა გააკეთოს. ეს სხვა თემაა. მთავარი თავად არსი გახლავთ, ანუ ის, რასაც C.T.Park-ი აკეთებს. ზოგადად, სახელმწიფოსა და საზოგადოების - ამ შემთხვევაში კი დედაქალაქის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ურთიერთობა იმას უნდა გულისხმობდეს, რომ მოქალაქეებს მეტი კომფორტი ჰქონდეთ; ანუ ქალაქის ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ფირმები თუ სამსახურები ქალაქის მცხოვრებთა ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. ამ C.T.Park-ს რომ ვუყურებ, ყველაფერი იქით მიდის, რომ პირიქით, მოქალაქეები უნდა ვემსახუროთ მას და მისი ყველანაირი კაპრიზისთვის დისკომფორტი ავიტანოთ. თორემ სხვაგვარად, რასაკვირველია, ასეთი წესრიგიც უნდა იყოს და ფულიც უნდა გადავიხადოთ. მაგრამ სადაც ფულის გადახდაა საჭირო, იქ შესაბამისი სერვისიც ხომ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ურთიერთობას სხვა სახელი ჰქვია. შეუძლებელია, მომსახურე ორგანიზაცია კარნახობდეს პირობებს იმას, ვისაც უნდა მოემსახუროს.

- მაშინ, ეს ყველაფერი ზოგადად განვიხილოთ და ვცადოთ, არა ნიშნის მოგებით, არამედ თანაგრძნობით ვისაუბროთ: თქვენი აზრით, ლოგიკური იქნება იმის ხაზგასმა, რომ ყველაფრის ერთბაშად მოგვარება შეუძლებელია, ქვეყანაში ჯერ ბიზნესისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული და მენტალური პრობლემები უნდა გვარდებოდეს, რის შემდეგაც უკვე სხვა, გრძელვადიანი და ფუნდამენტური საკითხების მოგვარება დაიწყოს? ხედავთ კი, ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს?

- ჩვენ არა გვაქვს გარანტირებული მომავალი, ანდა ამის საფუძველი არის სიმცირე ქვეყნისა და მცირერიცხოვნობა მისი მოსახლეობისა. აქ ცნობილი მათემატიკური, "დიდი რიცხვების" კანონი არ მოქმედებს, რომ დამშვიდების საბაბი გვქონდეს, ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში ყველაფერი გამოსწორდებაო. მრავალრიცხოვან და დიდ ქვეყნებს იმის პერსპექტივა ყოველთვის აქვთ, რომ გამონახონ ის რესურსი, რომელიც სწრაფად განავითარებთ და ფეხზე დააყენებთ. საქართველოში პრობლემაა არა ხელისუფლება, არამედ საუკეთესო გაგებით, ამბიციური ელიტების არარსებობა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფს წარმოქმნიან და შესაბამისად, ამ ჯგუფების კონკურენციის საფუძველზე ქვეყანაში პროგრესს შეუწყობენ ხელს. ჩვენთან, ტრადიციულად, ელიტებს მოწყვეტილი ხელისუფლებები, ან ხელისუფლებებთან მიბმული ელიტები არსებობდა და სწორედ ეს რჩება დღემდე უზარმაზარ პრობლემად, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ურთიერთობა, როდესაც პოლიტიკაში მყოფი პერსონები იგრძნობენ პასუხისმგებლობას მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. საზოგადოება განსაზღვრული დროის განმავლობაში არის ლოიალური და ხელის შემწყობი ხელისუფლებისადმი, რათა მან განახორციელოს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები. როდესაც ეს არ გამოდის, საზოგადოება, სხვადასხვა ფორმით, კონსტიტუციის შესაბამისად აყენებს ხოლმე ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას. ჩვენ ჯერჯერობით, ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციის მიხედვით ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ და ამის გარანტიის არქონაც უახლოეს მომავალში იმაზე მიუთითებს, რომ მუდმივი, პერმანენტული კრიზისის რეჟიმში შეიძლება გადავიდეთ, როდესაც ყოველი ხელისუფლების ცვლილება პოლიტიკური დესტაბილიზაციის წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ვერანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ, მით უმეტეს, იმ გლობალური პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც მთლიანად სამხრეთ კავკასიაა მოქცეული. ასეთ სიტუაციაში, ცხადია, ყოველთვის მოხდება სხვადასხვა ქვეყნის ინტერესთა შეჯახება  და ამ შეჯახებაში სუსტი ქვეყანა უფსკრულისკენ გაექანება.

- კარგი იქნება, ეს საკითხი გასული კვირის მაგალითზე განვიხილოთ - როდესაც რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა მისი სამხედრო საზღვაო ძალების მიერ აფხაზეთის, ანუ ქართული საზღვაო აკვატორიის გაკონტროლების თაობაზე. ამ ყველაფერს უფრო შორსმიმავალი, საზღვაო-ეკონომიკური ბლოკადის ელფერი ხომ არ დაჰკრავს?

- ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ შემთხვევაში ვხედავ, ქართული საზოგადოებრიობის, ქართული პოლიტიკური წრეების მიერ იმ საფრთხის სიღრმისეული აღუქმელობაა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ზერელობა სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უზარმაზარი საფრთხის წინაშეა და ეს საკითხიც პიარტექნოლოგიებისა და ეიფორიების ანაბარად არის მიტოვებული, ძალზე საშიშია. ვფიქრობ, აქ ლაპარაკი უნდა იყოს არა მეზობელთან ურთიერთობაზე, არამედ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ სამეზობლო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.  გვინდა თუ არა, ვარსებობთ იქ, სადაც ვარსებობთ. სპეციფიკურმა ისტორიულმა პროცესებმა და ქართველი ერის ეთნოგენეზმა ჩვენ და ჩვენი მეზობლები ჩამოგვაყალიბა ისე, როგორც ჩამოგვაყალიბა. ახლა უკვე ვერანაირი ორიენტაციის ცვლილება და გამოკვეთა ვერ ცვლის იმ რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ - მეზობლებში უნდა ვიცხოვროთ და არავინ გვავალდებულებს, ყველა მეზობელი ერთნაირად გვიყვარდეს. ეს აბსურდია და არასოდეს მოხდება. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მივეკუთვნებით, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ტერიტორიების დაკარგვა "მოახერხეს".

ცხადია, ის გადაწყვეტილებები, რაც რუსეთში შარშან აგვისტოში და მას შემდეგ მოყოლებული მიიღეს, კრემლს დიდ საერთაშორისო პოლიტიკურ წონას არ მატებს, მაგრამ ასევე არ აკლებს საფრთხეს საქართველოს. გასული წლის მოვლენებმა მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა, - აღმოჩნდა, რომ რუსეთი მზადაა წავიდეს გლობალურ დაპირისპირებაზე. რას მოუტანს ეს რუსეთს, ჩვენთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. პირველხარისხოვანი კი ის არის, თუ რას მოუტანს საბოლოო ჯამში დიდ სახელმწიფოებს შორის ეს დაპირისპირება საქართველოს. აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,  ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს ამერიკელები თვითონვე აღიარებენ, რომ ვერაფერი მიიღეს აქედან - პირიქით, სერიოზული დარტყმის წინაშე მოექცნენ. თუმცა დიდი სახელმწიფოები ადრე თუ გვიან აუცილებლად დააბალანსებენ ურთიერთობას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ მათ შორის მწვავე დაპირისპირების გზა ურთიერთდაძირვისა და განადგურების გზაა. უნდა ვიცოდეთ, რომ  საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება - თურქეთიც, რუსეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც აუცილებლად მონახავენ ბალანსს თავიანთ ურთიერთობაში, ჩვენთვის კი ამაზე ორიენტირება და ცალმხრივად უარყოფითი პოლიტიკის გატარება არის გზა კატასტროფისკენ და ამ გზის დათმობა აუცილებელია. ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოხატული ორიენტირები, რომელთა დათMმობაც არაფრით არ შეიძლება. ამ ორიენტირების შესაბამისად, მიუხედავად სირთულისა, საჭიროა კონკრეტული სამეზობლო პოლიტიკის შემუშავება და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით ზემოქმედება  რუსეთზე, რომ ამ პოლიტიკის მიხედვით დარეგულირდეს მასთან ურთიერთობა.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი