"დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს"

"საოცარი ხალხი ვართ - საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა ისე, რომ ქვეყანაში პარტიები არა გვყავს, და კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკით დავიხოცეთ თავი იმ დროს, როცა მონარქი არ არსებობს. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი ოდიოზურია"

"პატრიარქმა მონარქია ახსენა, როგორც შესაძლებლობა არცთუ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ რა განცხადებებიც ვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ეს მართლაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო"

მიუხედავად ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მოთხოვნისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განეხილა, "ქართულმა ოცნებამ" მომზადებული პროექტი სხდომათა დარბაზში მარტომ განიხილა და ორი მოსმენით მიიღო კიდეც. საქმე ის არის, რომ ამ პროცესს საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული წესით გაიმართება და შეთანხმება, რომ გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემა, მხოლოდ 2024 წლიდან ამოქმედდება. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 2018 წელს პირდაპირი წესით ჩატარდება და მხოლოდ შემდგომი არჩევნებიდან ამოქმედდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

კონსტიტუციის გადასინჯვის წესის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო სამი თვის შემდეგ მიუბრუნდება, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას პარლამენტი საბოლოოდ - მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის. ხელისუფლების ოპონენტთა და ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება", წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს არგებს.

გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- ამ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს მართლაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ თუ კითხვას დავსვამთ, კონკრეტულად რას შეეხება მათი მოთხოვნები და რა არის მათი ინტერესი, დიდწილად პასუხი იქნება, რომ ისინიც საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამოდიან და არა ქვეყნის გლობალური ინტერესებიდან. ის მოთხოვნები, რომელთაც ისინი აყენებდნენ, არის კი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნა?!

ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესში ფართო საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი მიმართული იყო მიწის საკითხის გადაწყვეტისკენ, სწორედ აქ გამოჩნდა მოსახლეობის მეტ-ნაკლებად გამოხატული ინტერესი, რაც არც პრეზიდენტისთვის და არც ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილისთვის დაჟინებული მოთხოვნის თემად არ ქცეულა. დანარჩენი, პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება, საარჩევნო წესი თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ელიტის ინტერესის საგანი გახლდათ და არა საზოგადოების დიდი ნაწილის.

ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია საპარლამენტო არჩევნების წესის განსაზღვრამ, უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებას თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ საბოლოოდ მისი შეცვლა ისევ გადადო. უპირველესი პრობლემა ის არის, რომ "ქართული ოცნება" თვითონ ვერ გაერკვა, რა სურდა და რა როგორ ეკეთებინა. საკუთარი გადაწყვეტილებისა და დაქადნების უკან წაღება მოუხდათ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ოპოზიციაც და საზოგადოების ნაწილიც. თავის მხრივ, ოპოზიციაში ვერაფრით გაიგეს, რომელი წესი შეიძლება იყოს მათთვის უკეთესი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არადემოკრატიულობას ვერავინ დასწამებს, არადა, ყველა არჩევნებს მაჟორიტარული სისტემით ატარებს. ყველაფერში ამერიკას ვბაძავთ და რაღა ახლა მოგვინდა ეს პროპორციული სისტემა?

ქვეყნის ინტერესიდან თუ გამოდიხარ, ხელაღებით ძახილი იმისა, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ტარდებოდეს არჩევნები, არასწორი მგონია.

- ისმის კითხვა, თუ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე მოქმედებს სახელისუფლებო ძალა, მაშინ მაჟორიტარულ სისტემას ან 2024 წელს რატომ აუქმებს?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ის აქვთ გარკვეული, რა არის ქვეყნის ინტერესი და ხეირიანად არც საკუთარი ინტერესებისა გაუგიათ რა. ასე რომ არ იყოს, საქმეს არც ასე საკამათოდ გაიხდიდნენ და არც ამდენჯერ გადათქვამდნენ ერთხელ ნათქვამს. ხელისუფლება რომ ქვეყნის ინტერესით მოქმედებდეს, არც საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წავიდოდა ასეთი თავპირისმტვრევით.

ჩემი შეფასებით, დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს. საქმე ის არის, რომ მართვის ამ სისტემას სჭირდება ძლიერი, თანაბარი რესურსის მქონე და კონკურენტუნარიანი პარტიები, რათა პარლამენტი დაკომპლექტდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალებით და არ ვიღებდეთ მუდმივად ერთპარტიულ მმართველობას, რომლის დროსაც ძალიან ადვილია ავტორიტარიზმზე ხელის წაცდენა.

მიხეილ სააკაშვილს ზუსტად ჰქონდა გათვლილი, რისთვის უნდოდა საპარლამენტო რესპუბლიკა, სიცოცხლის ბოლომდე აპირებდა ხელისუფლებაში მმართველად ყოფნას, რის საშუალებასაც საპრეზიდენტო მმართველობა არ აძლევდა, რადგან პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული ვადები, საპარლამენტო მმართველობისას კი პარტიას ასეთ ვადას არავინ უწესებს, თუმცა ივანიშვილმა დაუმსხვრია ეს კარგად გათვლილი გეგმები.

- ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითი შეფასება მიიღო ამ ცვლილებებმა. თქვენი აზრით, ამ ცვლილებებით უკეთეს კონსტიტუციას მივიღებთ?

- რა თქმა უნდა, უკეთესს მივიღებთ, რადგან სააკაშვილმა ისეთი რამ დამართა კონსტიტუციას, უარესი ცვლილებების შეტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა იყო და ეს გასწორდა. მოკლედ, კონსტიტუციას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს, აი, კაპიტალური რემონტი კი ისევ არ მოხერხდა, ამიტომაც გაურკვეველია, შეძლებს კი ქვეყანა ამ კონსტიტუციით ნორმალურ ცხოვრებას.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს არა მხოლოდ დადებითი, მეტისმეტად დადებითიც კი იყო. საქმე ის არის, რომ დემოკრატიას თავისი იურიდიული სტანდარტები აქვს და სწორედ ამ სტანდარტებით აფასებს ეს კომისია ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციას. დანარჩენი პოლიტიკური კონტექსტი, შიდაპოლიტიკური სპექტრი, მათი შესაძლებლობები, მათ სულ არ აინტერესებთ.

გარდა ამისა, მე კიდევ ერთი გზავნილი დავინახე ამ დასკვნაში - დასავლეთში დღეს საქართველოში რაიმე ტიპის არეულობა და დესტაბილიზაცია ძალიან არ აწყობთ, ამიტომაც გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ასეთი მხარდაჭერა.

ვიმეორებ, ჩვენში პარტიები იმდენად სუსტია, იმდენად დაბალია მათში იდეოლოგიის გენერირების კულტურა, რომ უპირველესი პრობლემა სწორედ ეს არის. მოკლედ, ერთპარტიული მმართველობა ხელისუფლების უზურპაციის წინა პირობაა და ყველაფერი ისევ და ისევ ხელისუფლების კეთილ ნებაზე დადის, ან ქვეყანა იმის იმედად რჩება, რომ თვითონ ხელისუფლებაში გაჩნდება ოპოზიცია ან ივანიშვილისთანა გამოჩნდება კიდევ ვინმე.

- მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ერთჯერადად 5-დან 3%-მდე დასწიოს. თქვენი აზრით, ეს შეუწყობს ხელს ოპოზიციური პარტიების წახალისებასა და განვითარებას?

- ეს არსებითად ვერაფერს შეცვლის. სავარაუდოდ, პარლამენტში უფრო მეტი პარტია მოხვდება, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი მანდატებით, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად საკმარისი არ იქნება.

- მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაციას ყველაზე მეტად იმანაც შეუწყო ხელი, თუ რა კატეგორიის პირები ხვდებოდნენ დიდწილად პარლამენტში მაჟორიტარებად...

- მაჟორიტარული სისტემა ჩვენში მართლაც დისკრედიტირებულია. დიახ, წლების განმავლობაში პარლამენტიდან პარლამენტში ხვდებოდნენ პირები, რომლებიც საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებდნენ პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ადგილებზე კი პატარა ფეოდალებივით იქცეოდნენ.

ეს ყველას არ შეეხება, რა თქმა უნდა. ეს ხალხი მართლაც უჩინარი იყო მანამდე, ვიდრე რაიმე საფრთხე არ შეექმნებოდა მაჟორიტარულ სისტემას. ასე მოხდა ახლაც, მაგრამ გადახედეთ პარლამენტს, განა პროპორციული სიის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთივე ადამიანებით არ არის წარმოდგენილი?! რამდენია პარტიული სიითაც გასული, რომელთა ხმა არავის გაუგონია და გვარ-სახელიც არავინ იცის?

რითი ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ახლა რომ მაჟორიტარები არიან, ამ სისტემის გაუქმების შემდეგ ამ თანხებს პარტიულ ყულაბაში ან პარტიულ ლიდერებთან არ მიიტანენ, "იყიდიან" სიაში ადგილს და ამ გზით ისევ არ მოხვდებიან პარლამენტში?

- მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია კონსტიტუციის კონსენსუსის საფუძველზე მიღებას შეეხებოდა, ეს ვერ მოხერხდა. საპარლამენტო სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნება" მარტო დარჩა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარტიულ ყრილობად შეაფასა. "არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ.", - ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი უფრო შორსაც წავიდა და პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირების მცდელობაში დაადანაშაულა.

- რაღა დაგიმალოთ და, მაინცდამაინც თავდაჭერილი არც პრეზიდენტი ყოფილა, მისგანაც საკმაოდ მწვავე შეფასებებს ვისმენდით. არა მგონია, ამგვარი შეფასებები პრეზიდენტის ფუნქციაში შედიოდეს.

იგი არ მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში, თუ მაინცდამაინც უნდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა, შეუძლია, ეს ვეტოს დადებით აჩვენოს.

რაც შეეხება პრეზიდენტისადმი მთავრობის დამოკიდებულებას, მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით კვირიკაშვილი კვლავაც ინარჩუნებს მარგველაშვილთან ურთიერთობისას კორექტულ და მშვიდობიან სტილს. რაც შეეხება კობახიძეს, ის საკმაოდ ხისტი და აგრესიულიც კი არის, რაც, შესაძლოა, მისი ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით ავხსნათ, თუმცა ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. ის ხშირად ამბობს ისეთ რამეს და ისეთი ფორმით, რაც არასწორია. გავიხსენოთ, ფილარმონიაში სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გაკეთებული მისი შეფასებები, რამაც საზოგადოება გააღიზიანა.

კობახიძე თავად ვერ ხვდება და როგორც ჩანს, არც სხვის აზრს ისმენს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ასეთი აგრესიული. მისი პირდაპირი მოვალეობაა, პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიული გახადოს და არა კონფრონტაციული. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირებას ცდილობს, ეს ძალიან გადაჭარბებული შეფასება მგონია. ვიცნობ მას და ნამდვილად არ არის პროცესების ესკალაციის მომხრე ადამიანი.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან კი მოვისმინეთ ლაპარაკი საპროტესტო აქციებსა და რევოლუციურ სცენარზე, მაგრამ მე ამის რესურსს ვერსად ვხედავ, მით უფრო, რომ იმდენი რევოლუციური დესტაბილიზაცია ნახა საქართველომ და იმდენად ხშირად არაფერი შერჩა ხელში ამ რევოლუციების შედეგად, რომ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკიც კი საზოგადოებაში არაჯანსაღ და არაპოპულარულ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმება.

მით უფრო, რომ ამ პარტიებს, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, რეიტინგი არა აქვთ, არადა, რევოლუციას მაღალი რეიტინგი სჭირდება. "ვარდების რევოლუციის" მოწყობას სამი თუ ოთხი წელი დასჭირდა და მის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ რამდენიმე ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ., ასევე ისეთი ნდობით აღჭურვილი ტელევიზია, როგორიც მაშინ "რუსთავი 2" იყო... ცხადია, საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის არ მოსწონს, მაგრამ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის საფუძველი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გახდება!

სხვა საქმეა, თუ ხელისუფლებამ დროულად არ შეცვალა პოლიტიკურ-ეკონომიკური საქმიანობა და სოციალური ტვირთი არ შეუმსუბუქა მოსახლეობას.

ქვეყანაში სოციალური ფონი კვლავაც მძიმეა, ამას ემატება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში კომუნალური გადასახადებიც გაძვირდეს და პლუს უკმაყოფილება, რაც განპირობებულია ხელისუფლების გაუბედაობით, პროცესების ბოლომდე ვერმიყვანით, გაუგებარი გადაწყვეტილებებით, რომელთა უკან წაღებაც ხშირად უწევს და უსამართლობის განცდა, რაც წინა ხელისუფლებისგან მომდინარეობს და ახლაც ხშირად იჩენს თავს.

შესაძლოა, ამ ყველაფერმა ერთად საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანოს.

ერთი საკითხია კიდევ - არც ერთი მიმართულებით მოძრაობა, ცხოველებთანაც კი, ლიდერის გარეშე არ ხდება. აი, ეგ საფრთხე კი დგას მმართველი ჯგუფის წინაშე. როგორც კი ასეთი ლიდერი გამოჩნდება, შესაძლოა, "ქართული ოცნების" სიმშვიდეც დასრულდეს. ეს შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკური ფიგურაც, შეიძლება იყოს ავანტიურისტიც. არ არის გამორიცხული, ასეთი ლიდერი გამოჩნდეს თავად ხელისუფლებაშიც. იოლი არ არის ხალხის უკმაყოფილების აკუმულირება. ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ლიდერი, მისდამი ნდობა, გათვლილი პროცესები, საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.

- გასულ კვირას ლამის ყველა აქტუალური საკითხი გადაფარა პატრიარქის ქადაგებაში ნახსენებმა საკონსტიტუციო მონარქიამ და ამას მოყოლილმა პროცესებმა.

- ამ იდეით პატრიარქი პირველად არ გამოსულა, მან რამდენიმე წლის წინ ნაბიჯებიც კი გადადგა ამისკენ და მისგან ეს ინიციატივა სრულიად გასაგები და მისაღებია. საქმე ის არის, მორწმუნე მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მონარქია ღვთისგან კურთხეული ხელისუფლება და ღვთისგან მომდინარე ცხოვრების წესია. ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პატრიარქმა მონარქია ახსენა, როგორც შესაძლებლობა არცთუ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ რა განცხადებებიც ვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ეს მართლაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო. ბოლოს მიხვდნენ, რომ ძალიან გადააჭარბეს და როგორც სჩვევიათ, დაიწყეს ახსნა-განმარტებები. აქაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლება თანამიმდევრული არც განცხადებებშია და არც საქმეში, რაც ძალიან აზარალებს მის იმიჯს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი ცდისა და შეცდომის გზით მართავს ქვეყანას.

რაც შეეხება რეალურია თუ არა ამის განხორციელება, ჩვენ არავინ და არაფერი მოგვწონს, არც მმართველი პარტია, არც პრეზიდენტი, არც მინისტრები და ა.შ. თუმცა ისინი შეგვიძლია გადავირჩიოთ. მეფე რომ არ მოგვეწონოს, მერე სად მივდივართ, მისი შეცვლის ინსტრუმენტი რომ არ გვექნება? ეს ხომ დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო იქნება?!

აგერ მარგველაშვილი თუ "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, მასზე ამბობენ, მეტი ძალაუფლება უნდაო (სხვა საკითხია, სამართლიანია ეს თუ არა), ხომ წარმოგიდგენიათ, მეფეზე ამგვარი ეჭვი რამდენი იქნება?! ან მართლაც რომ მოუნდეს რეალური ძალაუფლების ხელში აღება, მაშინ რა მოხდება?! მით უფრო, რომ კონსტიტუციური მონარქიის ელემენტარული გამოცდილება არა გვაქვს. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მონარქი არა გვყავს.

საოცარი ხალხი ვართ - საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა ისე, რომ ქვეყანაში პარტიები არა გვყავს, და კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკით დავიხოცეთ თავი იმ დროს, როცა მონარქი არ არსებობს. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი ოდიოზურია.

- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, დასახელდა თბილისის მერის რამდენიმე კანდიდატურაც.

- უფრო მეტი სანდოობის ფიგურა რომ იყოს არაპარტიულ სპექტრში, ვიდრე ელისაშვილია, ვფიქრობ, მას გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა. ალეკო მეტისმეტად ახალგაზრდაა, თანაც პოლიტიკაში ზედმეტად ჟურნალისტურად იქცეოდა, რამაც მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად დააზარალა. ვფიქრობ,

თვითმმართველობის არჩევნებში არაპარტიულ ფიგურებს დიდი შანსი ექნებათ რეგიონებშიც. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, ვფიქრობ, კალაძეს ის უკვე მოგებული აქვს.

ნათია დოლიძე