"მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?!"
03-07-2017
"მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?!"
"თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს"თუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება"

ვიდრე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ორი მოსმენით სასწრაფოდ ისე მიიღებდა, რომ საარჩევნო წესის შეცვლისა და მაჟორიტარული წესის გაუქმების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ამოქმედებას 2024 წელს გადასწევდა, ვენეციის კომისიისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები ისმოდა, თუმცა გასულ კვირას ვითარება შეიცვალა... საქართველოში სულ სხვა მიზნით ჩამოსული ვენეციის კომისიის
თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს მწვავე განცხადებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ბათუმში ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა ვიზიტის მიზანი გადაფარა. ორდღიანი შეხვედრების დიდი ნაწილი ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მოანდომა, თუმცა - უშედეგოდ.
"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ
საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია, არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შეისწავლა ვენეციის კომისიამ. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს", - განაცხადა ბუკიკიომ.
გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ მთელი საკონსტიტუციო პროცესი პოლიტიკურად სრულიად ინფანტილურად წარმართულიყო, საბოლოოდ კი ყველაფერმა უცნაური სახე მიიღო. ხელისუფლება, პროცესის დასაწყისში, თვითონ ჩავიდა ვენეციის კომისიაში, პირობა დადო, რასაც გვეტყვით, ყველაფერს გავითვალისწინებთ, რადგან დემოკრატიის მშენებლობა გვინდაო... არ ვიცი, ვინ ეხვეწებოდათ ამას, რატომ გადაიკლეს ასე თავი... საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიას ერთს ელაპარაკებოდნენ, ბუკიკიოს ჩამოსვლის წინა დღეებში კი ამის საპირისპირო პროექტი მიიღეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
ცხადია, რომ ხელისუფლების არათანამიმდევრულობას ვენეციის კომისიაში ბუკიკიოც და სხვებიც შეურაცხყოფად მიიღებდნენ. ეს ავტორიტეტული ორგანიზაციაა და ბუნებრივია მათი პოზიციაც - თუ მე მეკითხები აზრს, ამბობ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ და მპირდები, რომ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებ, საბოლოოდ სხვაგვარი ფაქტის წინაშე რატომ მაყენებ?

ანუ მე მაჩვენებ ერთ პროექტს, იღებ ჩემს დადებით შეფასებას, მერე კი მასში შესწორებები ისე შეგაქვს, როგორც გინდა... ჩნდება ეჭვი - სწორედ იმიტომ მიიღეს ეს პროექტი ასე საჩქაროდ, რომ იცოდნენ, ბუკიკიო რა განცხადებებსაც გააკეთებდა და დაასწრეს. მას რომ ასეთი მწვავე შეფასებები მანამდე გაეკეთებინა, ალბათ, ორი მოსმენით მისი მიღება გაუჭირდებოდათ. ახლა პროცესი გახადეს შეუქცევადი, რადგან მესამე მოსმენის დროს პროექტში მხოლოდ რედაქციული შესწორებები შედის. იქ თვისებრივად და შინაარსით ვერაფერს შეცვლი. აი, ეს არის ამ პროცესის პოლიტიკური ლოგიკა, რაც ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამას აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგები ვენეციის კომისიასა და ბევრ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტთან ურთიერთობაში. ერთი შეხედვით, წასვლამდე ჯანი ბუკიკიომ თითქოს შეარბილა ტონი, თუმცა ამ რბილი ტონითაც დიპლომატიურად ძალიან მძიმედ შეაფასა ყველაფერი. მან დაუფარავად თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანა არჩევნების მაჟორიტარული წესის შენარჩუნებისას ერთადერთია - ძალაუფლების შენარჩუნება. ფაქტობრივად, მან თქვა, რომ კონსტიტუციის შეცვლისას ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესები კი არ აღელვებს, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ეს ბუკიკიოს ყველაზე მკაცრი შეფასება იყო.
ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა არა მხოლოდ ეს მოცემულობა, არამედ შესრულების ხარისხიც! საერთოდ, რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი ამ ფორმით, რატომ ჩართეს პროცესში ყველა მაშინ, როდესაც არავისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებდნენ, რა საჭირო იყო ეს ექვსთვიანი ეპოპეა?! შედეგად საკუთარ თავს პოლიტიკურად უფრო მეტი ზიანი მიაყენეს. შეიქმნა ვითარება, როცა სამართლებრივად რაც უფრო ლეგიტიმური ხდება კონსტიტუცია, მით უფრო კარგავს "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ამას მოხერხება უნდოდა.

ეს იმდენად უხარისხო ნამუშევარია, დარწმუნებული ვარ, მას, ვინც ამ პროცესზე იყო პასუხისმგებელი, ცოტა ხანში გუნდში მოსთხოვენ პასუხს, რადგან მან მოახერხა და დაწვა ყველა ხიდი პოლიტიკურ ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან მისასვლელად... ვერც ერთი სოციალური ჯგუფი ამ პროცესში თავის პარტნიორად ვერ აქცია. "ქართულმა ოცნებამ" სრული სტერილიზაცია განიცადა და დარჩა მარტო. ახლა სხდომათა დარბაზში ჩაკეტილი უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ თურმე ასე სჭირდება ქვეყანას, ანუ ერთმანეთსაც კი ატყუებენ...

- "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი მაჟორიტარების არგუმენტებმა დაარწმუნა. ფიქრობთ, რომ ეს შედეგი ე.წ. მაჟორიტარების აჯანყების გამო მივიღეთ?

- პარლამენტში მეტისმეტად ტრაგიკომიკური ვითარებაა შექმნილი. სასაცილოა, როდესაც აცხადებენ, რომ თურმე მაჟორიტარებმა რაღაც დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეს... მაჟორიტარებმა ეს არგუმენტები გამოაქვეყნეს და საინტერესოა, სად ნახეს ეს დამაჯერებლობა, თავი რომ დავანებოთ იმას, ვინ არიან თვითონ... ეს ხომ ძირითადად ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისასაც მაჟორიტარები იყვნენ, სააკაშვილს ყველა უბედურებაზე ხელს უწერდნენ და "ნაციონალთა" განუკითხაობას პულტებით "აპრავებდნენ"... ეს ისევ ის ოქრიაშვილია, კი არ გამოცვლილა ეს ადამიანი! ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მიშა სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და მორჩილად აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ავალებდნენ... მათ ეუბნებოდნენ, იყავით პარლამენტში თქვენთვის და როცა გეტყვით, პულტს დააჭირეთ ხელი, თუ გინდათ, რომ"ბოსტანი" არ გადაგიბუგოთო. დღეს ამ ხალხმა იგრძნო ხელისუფლების სისუსტე და, ფაქტობრივად, მათი მძევალი გახდა "ქართული ოცნება". უკვე ისინი კარნახობენ თამაშის წესებს! ხომ ხედავთ, საჯარო განცხადებაც კი გამოაქვეყნეს და თავდაყირა არგუმენტებით აგვიხსნეს, რატომ არის საჭირო 2024 წლამდე ამ სისტემის შენარჩუნება. ამას ასაბუთებენ იმით, რომ თურმე ქვეყანაში პარტიული ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. პარტიული ინფრასტრუქტურა სწორედ იმიტომ არ არის განვითარებული, რომ ასეთ წურბელა მაჟორიტარებს მიაქვთ პარლამენტის ნახევარი და ასეთ ვითარებაში არც არასდროს განვითარდება...
ამ ტიპის მაჟორიტარების ერთადერთი ამოცანა პარლამენტიდან საკუთარი კეთილდღეობის დაცვაა.

და ვიდრე ისინი ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის პარაზიტები იქნებიან, მანამდე სახელისუფლებო ძალას ყოველთვის ექნება ყველა არჩევნებში გამარჯვების შანსი.
მაჟორიტარები არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას რყვნიან. ეუბნებიან, არ გინდა ფულის ხარჯვა, თან რაიონებსაც არ იცნობ, მე კი ვიცნობ, ფულიც მაქვს და ვიცი, ვინ ვიყიდო, ვინ დავაშინო და დავაშანტაჟო და გაგიკეთებ საქმეს, იოლად მოგიტან მანდატს, ოღონდ თან ჩემს "ბოსტანს" მოვუვლი, შენც კმაყოფილი იქნები და მეცო...
მათ ასე ურიგდებოდა ყველა ხელისუფლება, ახლა უკვე - "ქართული ოცნებაც".

დღეს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გაურიგდა "კოლექტიურ მურუსიძეს", მეორე მხრივ კი - "კოლექტიურ ოქრიაშვილს". ამით, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" მძევლად აყვანის პროცესი დასრულდა. დღეს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ქმნიდა ამ გარყვნილ სისტემას და "ქართული ოცნება" მედლის ორი მხარეა. ამ კონსტიტუციურმა პროცესმა სწორედ ეს აჩვენა.
ხომ აშკარაა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და ცდილობენ, 2024 წლამდე როგორმე გაწელონ პროცესი. იმაზე შორს გასახედად, როგორც ჩანს, თვალსაწიერი არ ჰყოფნით, ფიქრობენ, მერე ან ვირი მოკვდება, ან - მისი პატრონიო...

იყო მოლოდინი, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაიხსნებოდა პოლიტიკური სივრცე და კრიზისში მყოფი პოლიტელიტა, რომელშიც "ქართულ ოცნებასაც" ვგულისხმობ, გაიფილტრებოდა­, პოლიტიკურ პარტიებს სტიმული მიეცემოდათ... მაგრამ ყველაფერი მოლოდინად დარჩა და ბოლო ექვსი თვეც წყალში ჩაიყარა.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ მალე, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი "ქართულ ოცნებაში" სწორედ იმ ადამიანებმა დააყენონ, ვისაც ამ საკონსტიტუციო პროცესში ის ვერ გაუმკლავდა, არადა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე იყო მოვალე, საკონსტიტუციო ცვლილებებისას კონსენსუსზე ეზრუნა...

- დიახ, ეს შეიძლება მოხდეს და თან - ძალიან მალე. ირაკლი კობახიძე არასდროს ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ახლა საბოლოოდ გაცამტვერდა. მან ადრე ისიც კი თქვა, თუ პროპორციული სისტემა არ გავა, გადავდგებიო, მაგრამ ისე შეეჩვია კაბინეტს, აღარ ეთმობა. ის დაჰყვა შეთავაზებულ წესებს და ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. აღარ აინტერესებს არც პრინციპები, არც სახელმწიფო ინტერესები... მართლა მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?! მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბევრი პრეტენზია მაქვს, გულწრფელად მეცოდება. ასეთ ასაკში ასეთ მწვერვალზე ასვლა და მერე იქიდან თავით გადმოშვება ძალიან მძიმე საყურებელია... რა ფასი აქვს თანამდებობას, როდესაც შენს ნათქვამსა და დანაპირებს ან საკუთარი სურვილით "შეჭამ", ანაც "შეგაჭმევენ".

- ოპოზიციამ ხელისუფლებას კანონ-პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა, თუმცა "ქართული ოცნება" ამას არ აპირებს...

- ამ ინფანტილური პროცესის შედეგად მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს. ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა, ვიღაცამ - მიამიტობით. "ქართულ ოცნებაში" ხომ ვერტიკალი არ არსებობს - ყველაფერი მიშვებულია, ვინ რას აკეთებ, ვერ გაიგებ. ცხადია, ბევრი მიზეზის გამო ახლა უკანდახევა აღარ გამოვა. მიიჩნევენ, რომ ამით ძალიან დაზარალდებიან, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი. არც მქონია ილუზია, რომ უკან დაიხევდნენ. ისინი ჩქარობდნენ ბუკიკიოს ჩამოსვლამდე კანონის ორი მოსმენით მიღებას, რომ ბუკიკიოს ვიზიტს აზრი დაეკარგა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რომ წამგებიანია, ცხადია, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებაში" სტრატეგიული აზროვნების უნარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" დაადგა დეგრადაციის გზას, მისი მთავარი ამოცანა გახდა არა სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება და მათ შორის ბალანსის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენ ეს გვინახავს ამ ქვეყანაში და ვინ როგორ დაასრულა, ისიც გვახსოვს...

- ფაქტია, რომ მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ძალიან სუსტი ოპოზიცია...

- ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირეა ოპონენტების სისუსტე და ამის გამო ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი, რომლის ერთ პოლუსზე "ნაციონალური მოძრაობაა" ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის გამოცდილებით... მაგრამ ამ ტალღაზე "ქართული ოცნების" მიერ დივიდენდების მიღება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მიუხედავად ამომრჩევლის იმედგაცრუებისა,"ქართული ოცნება" ამ ოპოზიციურ სპექტრთან არ დამარცხდება, მაგრამ ისეთ თვითდაზიანებებს იყენებს­, რომ გარედან საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ძალიან სავალალოდ დაასრულოს. იმის გამო, რომ ყველაფერთან ერთად იგრძნობა მმართველობითი სისტემის კოროზია, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. საიდან იმართება ქვეყანა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, გაუგებარია, რამაც შეიძლება გააჩინოს სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემები.
მივიღეთ ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა სახელისუფლებო ჯგუფი, ინტერესჯგუფები ხელისუფლების გარეთ და ა.შ. ეს კი ძალიან სახიფათოა.
ერთადერთი ავტორიტეტი ყველა ამ ჯგუფისთვის ისევ ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს მართვას, დაუბრუნდეს ლეგალურად. ის უნდა დაუბრუნდეს პრემიერ-მინისტრის სავარძელს და აღადგინოს სახელმწიფოებრივი წესრიგი. დღეს არის ქაოსი, რომელიც, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ კრიზისს გამოიწვევს, მერე კი ამ კრიზისებს რამდენჯერ დაასხამს ნავთს ჯეჯელავა...

- ივანიშვილის დაბრუნება რეალური გგონიათ?

- სიმართლე გითხრათ, ამას სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია...

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ძალას იკრებს...

- არა მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში რამეს რადიკალურად შეცვლის, იმიტომ, რომ ჯერ სრულფასოვანი ალტერნატივა, რაც შექმნილ ვითარებას არსებითად შეცვლიდა, არ ჩანს. მცირე ინტრიგას ინარჩუნებს თბილისის არჩევნები, მაგრამ აქაც ობიექტურად რომ შევაფასოთ რესურსები, ხელისუფლებას აშკარად დიდი უპირატესობა აქვს. ამ უპირატესობის მიუხედავად, კალაძეს მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. იმიტომ კი არა, რომ მას ოპოზიცია დააზარალებს, არამედ დააზარალებს ხელისუფლება, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბევრ ჯგუფს კალაძის მერობა მაინცდამაინც არ მოსწონს და მის კანდიდატად დასახელებასაც ეწინააღმდეგებოდნენ.

კალაძის დასახელება კვლავაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არიან ლიდერები და ეს პარტია დღესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე პარაზიტობს. ეს ეხება კალაძესაც. "ქართულ ოცნებაში" არ არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და რომელზეც ამომრჩეველი არ ფიქრობს, რომ ის ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს... ვერ განვითარდნენ, ვერ გაიზარდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გაიზარდა, კალაძეა. მან გამოავლინა სპორტული ბუნება და იმუშავა საკუთარ თავზე, მაგრამ მასაც აქვს თავისი თამასა, რაც არ აძლევს იმის ნებას, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. თუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას, ალბათ, უფრო დიდი შანსი ექნებოდა, თავისი განაცხადი თავიდანვე "ნაციონალური მოძრაობისთვის" რომ არ დაეკავშირებინა და ყველაფერი პოლიტტექნოლოგიურად ცოტა სხვანაირად გაფორმებულიყო, ანუ წამოეყენებინა თავი დამოუკიდებელ კანდიდატად და შემდგომ გამოეცხადებინა მისთვის მხარდაჭერა "ნაციონალურ მოძრაობას"...
საბოლოოდ კი, თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს, რაც მართლაც გულდასაწყვეტია...

- თბილისში გამართულ მედიაფორუმზე კრემლთან დაახლოებული რამდენიმე რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლა სკანდალად იქცა, რაც გაირკვა, რომ მათ შორის რადიოსადგურ "ლაპარაკობს მოსკოვის" მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვიც იყო, რომელიც 2009 წელს საქართველოში არ შემოუშვეს "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. მართალია, შსს აცხადებს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის ყოფნას ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მამონტოვი აფხაზეთში 2014 წელსაც იმყოფებოდა. ამგვარი სკანდალები ბოლო ხანს გახშირდა - შეგახსენებთ ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვის ექსმერის, ლუჟკოვის ვიზიტს... ისმის კითხვა, რატომ არ სრულდება კანონი?

- როდესაც ვილაპარაკე მმართველობითი სისტემის კოროზიაზე, ამგვარი შემთხვევებიც მქონდა მხედველობაში. ეს არ მიკვირს იმის გათვალისწინებით, რომ ვინმე ფარცხალაძე, რომელსაც ფაქტობრივი თანამდებობა არ აქვს ხელისუფლებაში, ურტყამს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, მაგრამ მთელი ძალოვანი სისტემის დახმარებით ახერხებს პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ეს ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი ამ ქვეყანაში დარღვეულია.

არც ის მიკვირს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა, რაც რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის კი არა, ჩვენი მმართველობითი პრობლემების ბრალია.

ნათია დოლიძე
ეკა
21 ივლისი 2017 10:45
სამწუხაროდ,ასეა! ფარცხალაძის საქმე ფაქტიურად გამქრალია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ ჟურნალისტების არასაკმარისი პროფესიონალიზმის გამო გაქრა ეს საქმე პრესიდან და ტელევიზიიდან! მაღალი პროფესიული დონე განაპირობებს ხელისუფლების "სმენაზე" დგომას! ანუ ისე აირია მონასტერი, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს!რა დაალაგებს ამ ყველაფერს?! ძლიერი, გაწონასწორებული, კანონმორჩილი და წესიერი პიროვნება,დიახ! პიროვნება!
ალექს
08 ივლისი 2017 05:32
როგორცა აქვს სახელები და მერე გვარი -გია ნოდარ ხუხაშვილი ერთ განუყოფელ კონკრეტულ ადამიანს,ისე აქვს ერთ პარტიას "ნაცქოცმოქკავშირი" ,რომელიმე ,ანუ მესამედი სახელით მოხსენიება არ შეიძლება ,ის ერთი და ძალაინ კონკრეტულად მთლიანია!

რედაქტორის რჩევით