"ზოგიერთს ეშინია - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო..." - კვირის პალიტრა

"ზოგიერთს ეშინია - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო..."

"ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის... და ხვალ რა იქნება, ვინ იცის?"

რუსეთის "მცოცავი ოკუპაცია" გრძელდება. გასულ კვირას რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა შუაგულ ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საფორტიფიკაციო სამუშაოები განაახლეს და სოფლების - ბერშუეთისა და სობისის განაპირას, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. როგორც გაირკვა, ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრით გადმოსწიეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად შეაფასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ზომები მიიღოს. საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, ჯერჯერობით "მცოცავი ოკუპაციის" შეჩერების რეალური გზები არ ჩანს. ოკუპანტის მხრიდან ეს პროცესი ხშირად პოლიტიკური მოვლენის საპასუხოდ თუ საპირწონედ აქტიურდება ხოლმე. გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- "მცოცავი ოკუპაცია" 2008 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მუდმივ პროცესად იქცა. მისი დროდადრო გააქტიურება კონკრეტულ თარიღებსაც შეგვიძლია მივაბათ, თუმცა, ცხადზე ცხადია, ეს, უპირველესად, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. ამ პროცესს დღევანდელი გეოპოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალას იკრებს რუსული სამხედრო წვრთნების - "კავკასია 2017"-ისთვის მზადება, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში ტარდება. ამასობაში საქართველო მონაწილეობდა ორ სამხედრო წვრთნაში, რომლებიც ნატოსა და რეგიონული პარტნიორობის ეგიდით ჩატარდა - ვგულისხმობ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებს, რაც კრემლს არ ესიამოვნა... თან, ამჯერად, რაც ნიშანდობლივია, ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრის წინ. გაგახსენებთ, ამ პერიოდში ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები რუსეთმა სხვადასხვა მიმართულებით გადადგა, მათ შორის - უკრაინასა და სირიაშიც. შესაძლოა, ამჯერად საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა სწორედ ამ კონტექსტითაც წავიკითხოთ... რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ... რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, გაუთავებლად ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, უცხოელი პარტნიორები უფრო მეტად ჩარიონ ამ საქმეში და ა.შ., მაგრამ ობიექტურად თუ გავაანალიზებთ ვითარებას, დავინახავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, რათა რუსეთი ეიძულებინა, შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული დოკუმენტი, რასაც სარკოზ-მედვედევის შეთანხმებასაც უწოდებენ.

- ამაზე ოპოზიციის წარმომადგენელი, ალბათ, გიპასუხებდათ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იაქტიურა და მუდმივად არ შეახსენა ეს დასავლეთს, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამაზე მაინცდამაინც არ იზრუნებენ...

- ჩემი აზრით, ეს ცინიკური ნათქვამია, რადგან ამ დოკუმენტზე ხელმომწერები ჩვენ კი არ ვართ, არამედ სარკოზი და მედვედევი. თუ დასავლეთს უნდა რუსეთის დასჯა, რასაც ეკონომიკური სანქციებით მშვენივრად ახერხებს, მაშინ ამ შეთანხმების შესრულებაც უნდა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრად დასაჯოს... რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე მუდმივად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება - ეს არის ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდაცია, რასაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მიაქცევდით, ალბათ, ყურადღებას, რომ ბოლო ხანს თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ოკუპაციის პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს უარყოფითი მოვლენაა, რადგან თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერასდროს აღვადგენთ...

ამ პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის არც კარასინ-აბაშიძის შეხვედრები და არც - ჟენევის ფორმატი. უნდა შეიქმნას სხვადასხვა ტიპისა და დონის მრავალარხიანი მოლაპარაკებების ფორმატი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

- მომხდარის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და ამ საკითხის მასშტაბური განხილვა. წესით, სწორედ უშიშროების საბჭოა ის ორგანო, სადაც მთელ ხელისუფლებას ერთად შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე მსჯელობა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, "მცოცავი ოკუპაცია" სულაც არ ყოფილა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა...

- რასაკვირველია, უნდა არსებობდეს ქვეყანაში ორგანო, რომელიც საფრთხისას, თუ საერთო-სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას ვერა, სახელისუფლებო ერთიანობას მაინც მოახერხებს. აქამდე ვიცოდი, რომ ეს სწორედ უშიშროების საბჭოს საქმე იყო, თუმცა კობახიძე ამტკიცებს, რომ ასე სულაც არ ყოფილა. ვეღარ გავიგე, ვის რა ფუნქცია აქვს?!

უნდა გითხრათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კინკლაობამ საზოგადოება ძალიან დაღალა. თემა არ დარჩა, რომ ერთმანეთს არ წაეკიდონ, რაც მომაბეზრებელია... მათ ლაპარაკს უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას, რაც ძალიან ცუდია ხელისუფლებისთვის.

- თქვენ ახსენეთ პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა. "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ორი პრეზიდენტის შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა...

- ვფიქრობ, ეს იყო უფრო გაცნობითი შეხვედრა. ტრამპი არის ბიზნესმენი, ის პოტენციურ მეტოქეს თუ პარტნიორს ბიზნესმენის თვალით აფასებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო მოთელვა. ყველა იმ თემაზე გამახვილდა ყურადღება, რომლებიც წინასწარ იყო ნავარაუდევი, ეს არის სირიის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის პრობლემები, ასევე - საერთაშორისო ეკონომიკური პროცესები... მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორსაათ-ნახევარი ილაპარაკეს, ჩვენ ძალების დემონსტრირება არ გვინახავს, ეს უფრო ხასიათების მოსინჯვა იყო... სხვათა შორის, მათ ძალის დემონსტრირება ამ შეხვედრამდე სცადეს: პუტინმა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის - საქართველოშიც დესტრუქციული გააქტიურებით, ტრამპმა კი - შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთში, მკაცრი განცხადებებით.

ამ შეხვედრის ერთადერთი შედეგი სამხრეთ სირიაში გავლენის ზონების თაობაზე მიღწეული შეთანხმებაა, რაზეც, როგორც ჩანს, მხარეები წინდაწინ იყვნენ შეთანხმებული. ეტყობა, არ სურდათ, მთლად უშედეგოდ წარმოჩენილიყო პრეზიდენტების პირველი შეხვედრა...

ამგვარი შეხვედრების წინ ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო... ეს ლაპარაკი რას ჰგავს, იცით? ადამიანი არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და ეშინია, პატრონმა სხვაში არ გაცვალოს. სულ ამას ვამბობ, ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებზე დაყრდნობით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. არ შეიძლება, სულ სხვებს შევყურებდეთ. რასაკვირველია, ზურგს უკან უნდა ვგრძნობდეთ ძალას, მაგრამ სულ ამ ძალის იმედად არ უნდა ვიყოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება - ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ამაში, ტრამპი იქნება თუ სხვა ვინმე, შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ვერ იტყვის. საჭიროა ქვეყნის შიგნით მუშაობა, რასაც სახელისუფლებო კონსოლიდაცია სჭირდება!

მთავარი გზავნილები მხარეებმა, როგორც უკვე ვთქვი, შეხვედრამდე გააკეთეს. თუ ამ გზავნილებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ აშშ-ის ხელისუფლება სტრატეგიულ კომპრომისზე - არა, მაგრამ ტაქტიკური კომპრომისების შესაძლებლობაზე ფიქრობს. რუსეთის ხელისუფლების მდგომარეობა კი საკმაოდ რთულია და ის დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე, რათა კრემლმა შემდგომ მოახდინოს რეაგირება. დაწესებულმა სანქციებმა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უკვე ისეთი დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომ ის აშშ-თან ურთიერთობაში პროცესების მოკარნახედ ვერ გამოდგება.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოლო ხანს ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობების წახალისება ხდება. მოგეხსენებათ, დაგეგმილია ე.წ. ქართველთა მარში, რომლის ორგანიზატორთა ერთ-ერთი მოთხოვნა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაც არის...

- სიმართლე გითხრათ, ამ მარშის ჩატარება უბედურება არა მგონია, თუმცა ამან ექსცესების გარეშე უნდა ჩაიაროს. ეს მარში უნდა იყოს იდეის დემონსტრაცია და არა - ძალის. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმ უკონტროლობით, რაც საქართველოში შემოსული უცხოელების აქ დამკვიდრებას უკავშირდება. როდესაც უკონტროლობას ვახსენებ, ვგულისხმობ, რომ ქართველი საზოგადოება ინფორმირებულია და კარგად ხედავს, რა ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში ამ ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის გამო... თუმცა სხვაგვარი ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში. თუ პოლონეთის ან უნგრეთის ხელისუფლებას შეუძლია მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გატარება, რატომ არ შეუძლია იგივე საქართველოს?!

წინააღმდეგი ვარ, უცხოელების საქართველოში შემოსვლა კანონით შეიზღუდოს, მაგრამ კონტროლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, ძლიერი უნდა იყოს... ოღონდ დეპორტირებული ადამიანი არ უნდა აღმოჩნდეს იმ დღეში, როგორშიც ის ორი ინდოელი ჩავარდა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს.

ზოგიერთი ტელევიზია გადაირია, როგორ აკადრეს ინდოელ გოგონას და საქართველოში არ შემოუშვესო, მაგრამ კადრება არ არის საქმე... თუ საჭიროა, არ უნდა შემოუშვა, მაგრამ დეპორტირებულს როგორ მოექცევიან - ეს უკვე სხვა საქმეა...

არ შეიძლება შეურაცხმყოფლად, ღირსების შემლახავად მოქცევა, ისე, როგორც ხშირად ებრაელი მესაზღვრეები ექცევიან ქართველებს.

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის. გეგონება, სხვა ქვეყანაში ხარ. არ მინდა, საქართველოში ბევრი ადგილი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში...

მე ჩამოსულების მოწინააღმდეგე კი არა ვარ - თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, აზიისა და ევროპის გზაგასაყარი, მაგრამ

თბილისში არ მინდა მოლენბეკი. მოგეხსენებათ, ეს არის ბრიუსელის გარეუბანი, რომელიც ტერორიზმის ბუდედ იქცა, სადაც, პარიზის ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავები, არმიასთან ერთად, ძლივს შევიდნენ სპეცოპერაციის ჩასატარებლად.

მართალია, ასეთი პრობლემა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, დროთა განმავლობაში რა იქნება... ამისგან არ უნდა დავიზღვიოთ თავი?!

ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის... და ხვალ რა იქნება, ვინ იცის?

- ბოლო ხანს ხშირად ახსენებთ იდეოლოგიური ტერორის საფრთხეს...

- ჩემი პროფესიის წყალობით, ვიცი, რა ხდება საქართველოში. აქ უკვე არსებობს რამდენიმე ათეული რელიგიურ-ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც კონკრეტული უცხოური პოლიტიკური თუ რელიგიური ძალის დაკვეთას ასრულებენ. საქართველოში ხდება ძალიან უცნაური რამ, მაგალითად, ჩვენთან ორი თურქული ჯგუფი ებრძვის ერთმანეთს. ესენი არიან გიულენისტები და ერდოღანისტები. ეს ბრძოლა კარგა ხანია გრძელდება და ამას ქართველი საზოგადოება მანამდე ვერ ხედავდა, ვიდრე შაჰინის სკოლა არ დახურეს და დემირელის სკოლის ერთ-ერთი მენეჯერი არ დააპატიმრეს... გარდა ამისა, შიიტური ორგანიზაციებიც არის, რომლებიც გავლენისთვის ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე ებრძვიან. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ გარდა ერთმანეთთან დაპირისპირებისა, ეს ძალები აქტიურად და ეფექტიანად მუშაობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით - აზერბაიჯანელებთან.

ისმის კითხვა: სად იყურებიან ჩვენი სპეცსამსახურები? საკმაოდ სწორი მიმართულებით... ვხედავ, მათ აქტიურ მუშაობასაც, მაგრამ საქართველოს მდგომარეობის გამო, მათი ბრძოლა ხმალამოღებული ვერ იქნება. გარდა ამისა, უკეთესი მუშაობისთვის წლების გამოცდილებაა საჭირო...

- დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება ახსენეთ... გასულ კვირას მას და მის ოჯახს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებამ თურქეთის ციხეებში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის თაობაზე, გააჩინა ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებულის თურქეთისთვის გადაცემას აპირებს...

- ეს იქნება უმძიმესი შეცდომა. ამის გაკეთება არ შეიძლება, მით უფრო, რომ აშკარაა - ეს ადამიანი არ არის იმ საქმეში დამნაშავე, რასაც ბრალად სდებენ, თანაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით - აშშ, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ჩვენ მოვისმინეთ ამ საკითხზე ელჩის, იან კელის განცხადება, რომელშიც ეს წინააღმდეგობა შეფარულად ნამდვილად ჩანდა. თუ საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს, ეს იქნება აშშ-ის წინააღმდეგ დემონსტრაციულად გადადგმული ნაბიჯი. არ ვიცი, შეიძლება, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა სწორიც იყო, რადგან საქართველოს ხელისუფლებას თურქეთთან ურთიერთობის გართულება არ სჭირდება...

- დასასრულ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზეც უნდა გკითხოთ... მართალია, პარლამენტმა ეს პროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ ამ პროცესის მოწინააღმდეგე როგორც ქვეყანაში, ისე - მის ფარგლებს გარეთ, კვლავაც ბევრია. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში იყო, სადაც ამ თემაზე გამართა შეხვედრები, გაკეთდა განცხადებები, რომ გაგრძელდება კონსულტაციები...

- კონსტიტუციონალისტი არ გახლავართ და ვერ დავიწყებ ამ ცვლილებების მუხლობრივ განხილვას, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ვითარება არაპროფესიონალიზმისა და ერუდიციის დეფიციტის გამო ისე არია, ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამას ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, ეს, სახელისუფლებო ჯგუფის ერთი ნაწილის დიდი შეცდომის ბრალია. გამაოგნებელია ბუკიკიოს განცხადება - სხვა დოკუმენტი გვაჩვენეს, დასკვნა დაგვაწერინეს და მერე სხვა მიიღესო... ამაზე კომენტარიც ზედმეტია. შეიქმნა უკიდურესად უხერხული სიტუაცია, რაც იმის ბრალია, გამოუცდელ და ამბიციურ ადამიანებს რომ შეყრიან ხოლმე პარლამენტში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ანდობენ.

ასეა თუ ისე, როცა ქვეყნის პრესტიჟის პრობლემა დგას, პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი მეათეხარისხოვანია, ამიტომ კეთილი ინებონ და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საყვედურის თქმის საფუძველი არ ჰქონდეთ... ვიღაც ორ-სამ ვითომ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ქვეყნის იმიჯს ასეთი საფრთხე შეუქმნას.

ნათია დოლიძე