"რუსეთი საქართველოს რაღაცას უმზადებს, ეს ზედაპირზე ძევს და იოლი შესამჩნევია" - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქართველოს რაღაცას უმზადებს, ეს ზედაპირზე ძევს და იოლი შესამჩნევია"

"ნიჰილიზმი ერის დეგრადაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კვანძია"

"ვიღაცას ძალიან უნდა ეკლესიის სახელით სისხლი დაიღვაროს"

საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟს სწორედ რომ დროულად გამოეხმაურა. როგორც ყველაფერი, ალბათ, ამ განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებაც კანონის შემოღების თაობაზე დიდი სჯა-ბაასისა და მითქმა-მოთქმის თემა გახდება. ეგება, "ლიბერალურ უმეცრებას" ვამჟღავნებდე, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მსგავსი ღვთის გმობის საწინააღმდეგო კანონები ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული - მათ შორის, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, ირლანდიაში, დავიჯერო, ჩვენთან უფრო მეტი დემოკრატიაა, ვიდრე ევროკავშირში? თუ იქ არ დაიქცა ქვეყანა და არ დაირღვა სეკულარული ბალანსი, რაღა ჩვენთან დაიქცევა? ისე, რა ამის პასუხია და, ასეთივე თავდადებული ჟივილ-ხივილი, როგორიც მავანთ რელიგიის თემაზე ატეხეს,  სხვადასხვა უფლების შელახვაზეც რომ ატყდებოდეს ხოლმე, ევროპას დავეწეოდით და გავუსწრებდით კიდეც დემოკრატიაში.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ურთიერთბრალდებებიც მატულობს და მატულობს პოლიტიკური ტემპერატურაც. გახშირდა საუბრები რუსეთიდან მომავალ საფრთხეზეც, მაგრამ "მგელი, მგელის" ძახილისა არ იყოს, ამაზე იმდენი და იმდენნაირი გვაქვს მოსმენილი, რომ საზოგადოება სერიოზულად აღარც აღიქვამს.

დაწვრილებით გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- ენ-დი-აის დაკვეთით ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ხელისუფლება, ცხადია, მოწონებით შეხვდა თავისი კანდიდატის პირველ ადგილზე გასვლას, ოპოზიციამ კი შედეგს უნდობლობა გამოუცხადა. ვერსიები კი გამართლებისა და გამტყუნებისთვის  მრავალგვარი იყო: რომ მოსახლეობა მართლაც აღარ ენდობა ოპოზიციას; რომ გააჩნია, ვის შეეკითხები და როგორი სახე ექნება კითხვარს და ა.შ.

- ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მოსახლეობაში მართლაც გაჩნდა უნდობლობა; არის შიშიც, რესპონდენტებს ეშინიათ და კითხვაზე რეალური პასუხის გაცემას გაურბიან. ენ-დი-აიმ კი დაუკვეთა გამოკითხვა, მაგრამ უშუალოდ მას არ ჩაუტარებია. "გამომკითხველები", ანუ შემსრულებლები, ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენ არ ვიცით, ვის გავლენას განიცდიდნენ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებმა რეგიონებში ვიმოგზაურეთ, ამომრჩევლის განწყობილებისა და არსებული მდგომარეობის გამოსაკვლევად.

საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ხალხის ერთი ნაწილი აგრესიულია პოლიტელიტის, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ, მეორე ნაწილს კი დაემართა ყველაზე ცუდი რამ - უიმედობამ და ნიჰილიზმმა მოიცვა. უხეშად რომ ვთქვათ, "სულერთია" განწყობილება აქვთ. ეს ერის დეგრადაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კვანძი. როდესაც ერისთვის, საზოგადოებისთვის სულერთია, რა ელის ქვეყანას, ამ ერის მომავალი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად მძაფრდება დაპირისპირება ოპოზიციაშიც. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ნინო ბურჯანაძემ მუქარანარევი დაპირებით უპასუხა, თუ ჩემს წინააღმდეგ გამოსვლას არ შეწყვეტთ, ჩამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, თუ რამ გამოიწვია ოპოზიციის ასეთ მძიმე დღეში ჩავარდნა, ვინ შეცდა და ვინ, სულაც, გაიყიდაო...

- დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდება და ვითარებაც დაიძაბება. როგორც ჩანს, პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ზემოთ ვთქვი, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს უიმედო განწყობილება გაუჩნდა. იცით, რატომ? - იმიტომ, რომ რაიონებში ხედავენ, ვითომ ოპოზიციური პარტიები, თბილისში რომ მჯიღს იცემენ, როგორ უთმობენ პოზიციებს რეგიონების კომისიებში ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამას ხალხი ხედავს და არა მხოლოდ დაინტერესებული პირები, არამედ მთელი საზოგადოება. ასეთი რამ ხდებოდა ყველა იმ ქალაქში, სადაც ჩავედით. ამ პარტიების ლიდერების მიმართ ადგილობრივ, ამავე პარტიის ლიდერებსაც კი აქვთ უკვე ანტაგონიზმი.

როდესაც ამ სტრიქონებს აღნიშნული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წაიკითხავენ, მინდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ, ექსპერტთა კლუბი იქნება თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია არჩევნების ნორმალურად ჩატარებით და ვიცით ხელისუფლების ქმედებები, ასევე კარგად ვიცით ოპოზიციისაც. გამოსწორების დრო მათ ჯერ კიდევ აქვთ და თუ არ გამოსწორდებიან, სათქმელი ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ - პირადად მეც, და არა მხოლოდ ბურჯანაძეს.

მე სხვა რამესაც მინდა მკითხველის ყურადღება მივაქციო - კერძოდ, საზოგადოებრივ დაპირისპირებას. შემიძლია თავი დავდო და აბსოლუტურად დარწმუნებით მოგახსენოთ, რომ ამ დაპირისპირების ინსპირატორი გარეშე ძალაა. ვგულისხმობ ყველა სახის დაპირისპირებას: დაპირისპირებას ოპოზიციაში; დაპირისპირებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის; რელიგიურ ჯგუფსა და იდეოლოგიურ ჯგუფებს შორის - იგულისხმება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", "მართლმადიდებელთა სახალხო მოძრაობა", ერთი მხრივ, და ფსევდოლიბერალები, მეორე მხრივ და ა.შ. ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება, რომელიც მესამე ძალის ინსპირირებულია. მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან კვალი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისკენაც მიდის.

ყველაფერ ამას აკეთებს მეხუთე კოლონა, რომელიც მყარად არის ფესვგადგმული როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაშიც. დაკვირვებული ადამიანი იმდენ ხელოვნურ მომენტს შეამჩნევს, თუნდაც ტელეკომპანია "კავკასიასთან" ან ილიას უნივერსიტეტთან განვითარებულ მოვლენებში, რომ კითხვები არც კი გაუჩნდება.

თუნდაც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებში იმდენი ხელოვნურობაა, რომ ეჭვის საფუძველს არც იძლევა. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება იყოს უაღრესად პოლარიზებული და დაპირისპირებული ერთმანეთთან, რათა სხვა საკითხები მიიჩქმალოს. გარდა ამისა, ეს პროცესი ხელს უშლის საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის საქმეს. დაშლილ-დაქუცმაცებული და დაყოფილი საქართველო ძალზე მოსაწონი და სასურველია ნებისმიერი ჩვენი მეზობლისა და მით უმეტეს, მტრისათვის.

- ალბათ, სწორედ დაპირისპირების თემას უკავშირდება აქცია, რომელიც პარლამენტის წინ ადვოკატების ჯგუფმა გამართა. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით პერმანენტული მჯდომარე აქციის დაწყება? ამავე ჯგუფმა განაცხადა, რომ აპირებს ხელისუფლების მსხვერპლთა მემორიალის აღმართვას, სავარაუდოდ, შსს-ს წინ და რომ ეს იქნება შვიდმეტრიანი ჯვარი, რომელსაც მოძღვარს აკურთხებინებენ, ჯვრის ხელის ხლებას მერაბიშვილი ვერ გაბედავსო. იქნება თუ არა ასეთი ფაქტი ეკლესიის პოლიტიკაში ჩათრევის მცდელობა, თავად საპატრიარქოს განცხადებების მიუხედავად?

- ამ აქციაზე მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც მითხარით, შემიძლია ვთქვა, რომ რასაკვირველია, მოთხოვნა დაგვიანებულია. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ დაიწყო აქცია კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მაშინ, როცა არჩევნები კარზეა მომდგარი? ის საკანონმდებლო ცვლილებები რომ  უნდა მომხდარიყო და არჩევნების ფორმაც სხვანაირი ყოფილიყო, ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და, ალბათ, აჯობებდა ეს აქციაც მაშინვე, თვე-ნახევრის წინ გაემართათ. ახლა, ცხადია, ვერაფერი მოესწრება და ეს თავადაც ძალიან კარგად იციან. თუ ეს ღონისძიება არჩევნების ჩაშლაზეა ორიენტირებული, კარგი იქნება, თუ მისი ორგანიზატორები ამას პირდაპირ განაცხადებენ.

რაც შეეხება ეკლესიის ჩართვას ამ პროცესებში, ვგრძნობ, ვიღაცას ძალიან უნდა ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს, ეკლესიის სახელით სისხლი დაიღვაროს.

თუ დღეს რელიგიურ და ფსევდოლიბერალურ ჯგუფებს შორის არის დაპირისპირება, ხვალ შეიძლება დაპირისპირება, ვთქვათ, ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის გაჩაღდეს. ამის ნიშნები ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. ალბათ, გახსოვთ, უცნობი ხალხი აზერბაიჯანულ სოფლებთან ჯვარს რომ დგამდა. ყველაფერი კეთდება მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. იციან, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არის უძლიერესი ინსტიტუტი ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, ხალხის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. სწორედ ჩვენს მტერს უნდა ამ კონსოლიდაციის დარღვევა, რომ  საბოლოოდ გამოუყვანოს წირვა ქართველ საზოგადოებას - როგორც ცნებას. ამისთვის უნდა ჩამოაშოროს მთავარი დასაყრდენი - მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო.

ეს არ არის ახალი ამბავი. ბზეჟინსკიმ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ თქვა, სერბეთთან დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე მართლმადიდებელი ეკლესია იქნება და საჭიროა უპირველესადU მას შევუტიოთო.

მართლმადიდებლობასთან ბრძოლა არის მთავარი პრიორიტეტი მათთვის, ვინც ცდილობს ქვეყანას საფუძველი გამოაცალოს. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება ასეთი ფორმებით მართლმადიდებლობის დისკრედიტაციის მცდელობა.

- თქვენ ბზეჟინსკი ახსენეთ, გამოდის, ამით დაინტერესებული არა მხოლოდ რუსეთია?

- რუსეთის ინტერესებისთვისაც სავსებით მისაღებია მოვლენათა ასეთი სცენარი და რუსეთი რომ საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესშია ჩართული, ესეც ფაქტია. ზოგიერთი ამერიკელი, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოსთვის და თუნდაც ამერიკის, როგორც რეგიონული პარტნიორის ინტერესებს იცავს, ანუ პატიოსნად მუშაობს ამ მიმართულებით, ისინიც კი ამბობენ, რომ საქართველოში ვითარებას 95%-ით უკვე რუსები აკონტროლებენ და ძალიან გვიჭირს მუშაობაო. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უპირველესად თავიანთ ადმინისტრაციას ადანაშაულებენ. მე სხვანაირად ვფიქრობ: ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესების გატარებას საქართველოში სხვადასხვა ობიექტური მიზეზი უშლის ხელს.

ის, რომ რუსული სპეცსამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და მათთვის ამ შემთხვევაში რელიგიური თემა მეასეხარისხოვანია, ეს ფაქტია, მერე რა, რომ ერთმორწმუნენი ვართ? ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რეგიონში - უპირველესად, სწორედ მისთვის. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ძნელი შესაგუებელია ის, რომ საქართველოს საპატრიარქო ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია შეცვალოს ვითარება უკრაინაში. საქმე ის არის, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არსებობს - ის რუსულ ეკლესიას ექვემდებარება. თუმცა დამოუკიდებლობის სურვილი უკრაინელ მღვდელმთავრებს დიდი აქვთ.

საკმარისია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს თუნდაც ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომ უკრაინაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება და რუსული ეკლესია უამრავ მიმდევარს ერთბაშად დაკარგავს.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა ევროკავშირის ანგარიში, სადაც ამ უწყებისთვის უჩვეულოდ მკაცრი ტონით იყო ნათქვამი, რომ საქართველოში ტელემედია მიკერძოებული და პოლარიზებულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ა.შ.

- საკითხის გასარკვევად აუცილებელია ვითარება ზოგად ჭრილში განვიხილოთ. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში მყოფი ზოგიერთი ამერიკელი შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით ისინი, ვინც აქ ძველი ადმინისტრაციიდან შემორჩნენ. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავის ამომრჩეველს უპირველესად შიდა პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ობამას ადმინისტრაციამ მუშაობა ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებით დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, სენატს ის გადაწყვეტილება მიაღებინა, რომელიც ჩათვალა, რომ მომგებიანი იყო; ანუ რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა. გარდა ამისა, მოსაგვარებელი იყო პრობლემები ერაყსა და ავღანეთში. ობამას ადმინისტრაციის აზრით, გადასახედი იყო რუსეთთან ურთიერთობაც, რასაც "გადატვირთვა" დაერქვა. ამასობაში მან შეასუსტა ყურადღება კავკასიაზე და ევროპა სულ მიტოვებული აღმოჩნდა. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დიდი მნიშვნელობა აქვს კურაციას ევროპაზე, რადგან ომის შემდგომი ევროპა მარშალის გეგმამ ააღორძინა, ამ გეგმაში კი, სწორად მინდა გამიგოთ, ჩადებულია პროცესების მუდმივი კონტროლი.

ევროპა მარშალის გეგმის საფუძველზე გაძლიერდა და მოგვიანებით ისეთი სტრუქტურა ჩამოყალიბდა, როგორიც არის ევროკავშირი.

ევროპის გაერთიანებულ Aშტატებზე ლაპარაკი ჯერ კიდევ როდის იყო. მოკლედ, შესუსტდა კავშირი ევროპასთან და ნუ დაგვავიწყდება, რომ არავინ ელოდა რუსეთის აგრესიულ აქტივობასაც. ამ ბოლო დროს ვითარება ოდნავ შეიცვალა. ჩემი აზრით, ამერიკის ადმინისტრაციაში ხვდებიან, რომ პროცესების მართვის სადავე ხელიდან გაუშვეს, გაუშვეს იმდენად, რომ ლათინური ამერიკის სამყაროში რუსეთმა მყარად დაიწყო ფეხის მოკიდება. პრაქტიკულად, ამერიკის უმთავრესი მოკავშირე - კოლუმბია უცბად იზოლაციაში აღმოჩნდა, კინაღამ ომი გამოუცხადა ბოლივიამ.

როგორც ჩანს, ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ ფორსირებული მოქმედებაა საჭირო. ამიტომაც გამოჰყავთ ჯარები ერაყიდან, ამიტომაც გამოჩნდა ბაიდენი მოულოდნელად ევროპის პოლიტიკურ არენაზე და უსაფრთხოების ახალ სისტემაზე დაიწყო ლაპარაკი.

ევროპა კი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია და არა მხოლოდ საბერძნეთის, საზოგადოდ, მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც პირამიდის პრინციპითაა აწყობილი და როდის დაინგრევა, არავინ იცის. მით უმეტეს, რომ ევროპას დღეს არ ჰყავს იმ ტიპის ლიდერები, როგორებიც იყვნენ ტეთჩერი, დე გოლი ან თუნდაც ბრანდტი. ევროპელი ლიდერების ერთი ნაწილი იოლად საყიდელი გამოდგა - მათ უპრობლემოდ ყიდულობს რუსეთი. ევროპარლამენტის დეპუტატების ერთი ნაწილი ხომ რუსეთის გავლენის აგენტია. ამას ხედავენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ხედავენ თავად ევროპელი პოლიტიკოსებიც. ეს ყველაფერი კი იმიტომ გითხარით, რომ ევროკავშირის განცხადება, რაზეც საუბარი გვქონდა, დარწმუნებული ვარ, სავსებით უნისონშია იმ ახალ პოზიციასთან, რომელიც უცებ, ელვის სისწრაფით გამოიმუშავა ამერიკის ადმინისტრაციამ.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრად არის გაფრთხილებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, საიდუმლო აღარავისთვის არის.

ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება და საქართველოს ხელისუფლებას მის გაყალბებას არავინ აპატიებს. ამავე დროს, გადაჭრით ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება ევროპის რეაქცია. შესაძლოა, მაქსიმუმ, ზურგი შეაქციოს საქართველოს. ჩვენთვის, ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი კონკრეტული ქმედებები იქნება. ცხადია, ეს არ უნდა იყოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მაგრამ რაღაც, თუნდაც გონივრული და ქმედითი რჩევები, აუცილებლად საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის ზურგის შექცევა არასწორი ნაბიჯი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების ამოქმედებაც, ცხადია, ძალიან კარგია, ეგ არის, მეშინია, დაგვიანებული არ იყოს.

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყურადსაღებია მამისონის უღელტეხილზე გავრცელებული ინფორმაციაც.

- მამისონიც და სხვა მსგავსი თემებიც მხოლოდ იმისთვის არის შემოგდებული, რომ მედიისა და საზოგადოების ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანონ. თორემ მამისონზე რუსი მესაზღვრეები წელსაც ისევე დგანან, როგორც შარშან და ახალი ამაში არაფერია. ერთი რამ უდავოა - რუსეთი საქართველოს რაღაცას უმზადებს, ეს ზედაპირზე ძევს და იოლი შესამჩნევია. მიმომხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს მოხდება არჩევნებამდე, მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ არჩევნების მერე. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა შეიძლება მოხდეს? - ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ მიზანი ამ ქმედებისა ნათელია: ის, რაზეც ინტერვიუს დასაწყისში ვილაპარაკე - დაქუცმაცდეს და დაიშალოს ქართული სახელმწიფოებრიობა, გაკონტროლდეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნებისმიერი ენერგოდერეფანი, იქნება აზერბაიჯანიდან თუ შუა აზიიდან მომავალი. რუსეთს ეს ძალიან და სასწრაფოდ სჭირდება.

და ნუ დაგვავიწყდება ნურც სოჭის ოლიმპიადა და ნურც 2012 წლის არჩევნები. პუტინი ყველა ღონეს იხმარს, რომ ამ არჩევნებს კავკასიაშIი პრობლემებმოგვარებული და წელგამართული შეხვდეს. ამ ვითარებაში მისი მთავარი მტერია არა მხოლოდ ჩრდილო კავკასია, არამედ საქართველო. არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთლიანად საქართველო, როგორც პოლიტიკურ-გეოგრაფიული ერთეული.