"ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო - რეიტინგისთვის" - კვირის პალიტრა

"ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო - რეიტინგისთვის"

"დღეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კორუფციული დანაშაულის შემთხვევაში სახელმწიფო იჩენს ისეთ სიმკაცრეს, რომ ამან მის გამეორებას ხელი შეუშალოს"

ამ მარშის ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ქალბატონთან დაკავშირებული სკანდალით ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. საკუთარი საქციელით გააუფასურეს ის, რისთვისაც ვითომ იბრძოდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ამ ამბავს ისეთი მდაბიური გაგრძელება მოჰყვა, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია...

გასულ კვირას საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სტუმრობდა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ორ ქვეყანას შორის გარკვეული უხერხულობები, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის ფაქტორითაც იყო გამოწვეული, ნელ-ნელა ლაგდება. მას შემდეგ, რაც პოროშენკო გაისტუმრეს, პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ახალი ძალით განახლდა "საბრძოლო მოქმედებები". მას მერე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მმართველი ძალა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ისევ გააკრიტიკეს, მარგველაშვილმა უკვე "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პარლამენტის მიერ მიღებულ კანონ-პროექტებს დაადო ვეტო. მისი მტკიცებით, ამ ცვლილებების სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ემზადება... შეგახსენებთ, ცვლილებების მიხედვით, შვიდ ქალაქს თვითმმართველის სტატუსი უუქმდება. ისმის კითხვა, არის ეს ვეტო ვეტოსთვის, თუ პრეზიდენტის პოზიცია რეალურ პრობლემებს წარმოაჩენს? ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ეს რომ რეალობაზე დამყარებული გადაწყვეტილებები იყოს, მაშინ ყველა მისი ვეტო ასე იოლად არ დაიძლეოდა. ვინაიდან ვხედავთ, რომ ამ ორ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ეს ვეტოც წინამორბედთა ბედს გაიზიარებს. როცა ხედავს ადამიანი, რომ მის ნათქვამს შედეგი არ მოაქვს, ცოტა ხნის შემდეგ ჩუმდება ხოლმე. ვეტოც ასეთივე ნათქვამია, მაგრამ პრეზიდენტი ვეტოებს არ ეშვება, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტი ვეტოს საქმის ინტერესის გამო არ იყენებს, რადგან მშვენივრად იცის, რომ ამით ვერაფერს შეცვლის. გამოდის, სხვა მოტივი აქვს. ჩემი აზრით, მარგველაშვილი ცდილობს, ხელისუფლებასთან დაპირისპირებით საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გაზარდოს.

- თქვენი აზრით, გიორგი მარგველაშვილი პოსტსაპრეზიდენტო პერიოდსა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზეა ორიენტირებული?

- თუ გავიხსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან რა გამალებით ითხოვდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას (რაც მომავალ არჩევნებზე შენარჩუნდება კიდეც), საფუძვლიანად მიმაჩნია ვარაუდი, რომ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და რეიტინგიც ამისთვის სჭირდება. გამოდის, რომ ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო - რეიტინგისთვის. რეიტინგისთვის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ახალი არ არის. გაგახსენებთ, თავის დროზე ე.წ. რეფორმატორებმა - ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის გუნდმა შევარდნაძის ხელისუფლების დატოვებითა და მასთან დაპირისპირებით მოახერხა პოლიტიკური ქულების დაგროვება და როგორც კი დაინახეს საზოგადოების კრიტიკული განწყობა, ოპოზიციაში წავიდნენ. ბევრი პოლიტიკოსი ამ პოზიციას იზიარებს და ამიტომაც ჩვენში ოპოზიციის რიტორიკა, ძირითადად, მხოლოდ ხელისუფლებას შეეხება. ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ რა და როგორ ვერ გააკეთა, თუმცა თითქმის არასდროს ამბობენ, თვითონ რას აპირებენ...სამწუხაროდ, რეიტინგის მოპოვების უფრო რთულ გზებს ვერ ხედავენ, ან ხედავენ და უფრთხიან.

არადა, მარგველაშვილს ჰქონდა სხვა შანსი. ის განკარგავს ძალიან მნიშვნელოვან საპრეზიდენტო ფონდს, რომლის საქველმოქმედო მიზნებით გამოყენებით შეეძლო, პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებული პრობლემები გადაეწყვიტა. ხშირად სწორედ ასე იქცევიან პოლიტიკურად უფუნქციო ხელისუფალნი. ეს საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად აპრობირებული გზაა, თუმცა მარგველაშვილი სხვა გზით წავიდა. მან სცადა, ძალიან შეზღუდული პოლიტიკური შესაძლებლობებით ეაქტიურა სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მოუტანს თუ არა ეს მას რეიტინგს და როგორ აისახება მის შემდგომ მოღვაწეობაზე. მარგველაშვილმა ის უპირატესობა, რასაც საპრეზიდენტო თანამდებობა აძლევს, არ გამოიყენა და გაუთანაბრდა ოპოზიციურ ფიგურებს, მათი მსგავსი აქტიურობით, რიტორიკით

და ა.შ. ვნახოთ რას მოუტანს ეს მომავალში.

- მარგველაშვილს პოლიტიკური ოპონირების გარდა ხშირად სხვა შანსს არ უტოვებს სახელისუფლებო ძალა, განსაკუთრებით - საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე, რომელთა პოლიტიკური დარტყმების მოგერიება ხშირად უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას...

- მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამ კინკლაობაში, ფაქტობრივად, ერთნაირად სცოდავენ პრეზიდენტი, ადმინისტრაციასთან ერთად, კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობა. ისინი ერთმანეთის საკრიტიკოდ შანსს არ უშვებენ ხელიდან და ამას ჩვენი საზოგადოება უკვე ყურადღებას აღარ აქცევს. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ირაკლი კობახიძეზე, რომელსაც ბოლო ხანს ხშირად ერჩიან ოპონენტები. როდესაც ლაპარაკი იყო "ქართული ოცნების" განახლებაზე, ამ პროცესში ირაკლი კობახიძის - ახალგაზრდა, განათლებული, დასავლური ღირებულებების მქონე ერთგული ადამიანის გამოჩენა იმედისმომცემი ჩანდა. მიმაჩნია, რომ ის პერსპექტიული ახალგაზრდაა, მაგრამ ისევე როგორც მთელ "ქართულ ოცნებას", მასაც აკლია გამოცდილება. ქვეყნის კი არა, მანქანის მართვას სჭირდება დრო და ძალისხმევა, კარგად მართვას კი - დიდი გამოცდილება. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალას, რომელიც მხოლოდ ხუთი წელია, ხელისუფლებაშია, შეუძლებელია, ასეთი გამოცდილება ჰქონდეს. შესაბამისად, მათ შეცდომებზე ლაპარაკისას ეს უნდა გვახსოვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გავაკრიტიკოთ. არამც და არამც! უნდა გავაკრიტიკოთ, რაც შეიძლება მწვავედ, მით უფრო, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებაში კრიტიკაზე რეაგირებენ.

სწორედ გამოუცდელობით აიხსნება ირაკლი კობახიძის სიხისტე და სულსწრაფი განცხადებებიც, მაგრამ ამის გამოსწორების შანსი მას აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს.

- რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომლებსაც ამჯერად დაადო პრეზიდენტმა ვეტო... საკითხი ეხება შვიდი ქალაქისთვის არცთუ დიდი ხნის წინ მინიჭებული თვითმმართველის სტატუსის გაუქმებას...

- მოდი, ასე ვთქვათ: ბოლო წლების განმავლობაში ამ ქალაქებს ხომ ჰქონდა თვითმმართველის სტატუსი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი რეალურად იყო თვითმმართველი ქალაქები? მცირე ნაბიჯი მაინც გადაიდგა მათი რეალური დეცენტრალიზაციისკენ? ვფიქრობ, არა.

კარგად არ ვიცნობ თვითმმართველობის კანონმდებლობას, მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჯარო სივრცეში ვრცელდება, მიჩნდება კითხვა: რამდენიმე ქალაქში მერის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობას შეუძლია განსაზღვროს რეგიონების სიძლიერე?!

საბოლოოდ საქმე ისევ პოლიტიკურ ნებამდე მიდის. თუ მოინდომებ, თვითმმართველობა გააძლიერო, ამ ცვლილებების პირობებშიც შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ თუ არ გინდა, ყველა ქალაქსაც რომ ჰყავდეს მერი, მაინც ცენტრიდან დაელოდებიან გადაწყვეტილებებს.

რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი პირობაა გაზრდილი ადგილობრივი ბიუჯეტი და რეგიონებში რაც შეიძლება ბევრი შემოსავლიანი ობიექტის არსებობა. ამ მხრივ როგორ გვაქვს საქმე, ეს არის საკითხავი... ჩემი აზრით, თუ არ იქნება ეკონომიკური წინა პირობა, თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია კიდევ კარგა ხანს დარჩება კეთილ სურვილად...

- ბოლო ხანს გახშირდა რეგიონებში სახელმწიფო მოხელეთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავების შემთხვევები. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაიდგა ფესვი კორუფციამ და ხელისუფლება ვალდებულია, ამ პრობლემას მიხედოს, ვიდრე მისი მიხედვა ჯერ კიდევ შეიძლება...

- ეს დაკავებები კარგი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება კორუფციულ დანაშაულზე რეაგირებს, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედების სტრატეგია, გაწერილი სისტემური კონცეფცია არ ჩანს. ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრის კონცეფციის ჩამოყალიბება და გლობალური ხედვა, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, აქაც უჭირს. არსებობს სხვადასხვა მიდგომა და პრობლემის გადაჭრის გზები. დღეს ბევრს ლაპარაკობენ სახელმწიფო სექტორში მაღალ ხელფასებსა და დანამატებზე, მაგრამ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას უცხოელებმა ეს სწორედ კორუფციასთან გასამკლავებლად ურჩიეს.

თუმცა ამ "წამალმა" პრობლემას რამდენად უშველა, არ ვიცი, ვინაიდან სააკაშვილს კორუფციის მოსასპობად ხელისუფლების იმ დონეზე, რა დონის მოხელეთა დაკავებასაც დღეს ვხედავთ, ძალიან მკაცრი რეპრესიებიც დასჭირდა. მეტიც, ზოგჯერ კორუფციასთან ბრძოლისას კანონს ხელისუფლება არღვევდა, როდესაც უხეშად ხელყოფდა სხვისი საკუთრების უფლებას. ესეც, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, იქ, სადაც სიმკაცრეა საჭირო, კანონის ფარგლებში ის უნდა გამოვიჩინოთ, თორემ მოიმატებს ქაოსი, რაც, უპირველესად, სწორედ კორუფციის ზრდით ვლინდება ხოლმე. ეს ხომ ყველაზე იოლად გასავრცელებელი სარეველაა... სამწუხაროდ, დღეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კორუფციული დანაშაულის შემთხვევაში სახელმწიფო იჩენს ისეთ სიმკაცრეს, რომ ამან მის გამეორებას ხელი შეუშალოს.

- კვლავაც საჯილდაო ქვად რჩება საკონსტიტუციო ცვლილებები. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა, მეორე მხრივ, ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რამე დათმოს. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ცვლილებებიც ვეტოსთვის არის განწირული, რასაც, შესაძლოა, "ქართული ოცნებისთვის" მაღალი პოლიტიკური ფასი აღმოაჩნდეს...

- ძალიან საეჭვოა, კონსენსუსი, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწიეს, ახლა მოხერხდეს. ამის მიზეზი მარტო ხელისუფლება არ არის. ხომ ფაქტია, რომ შეთანხმების მიღწევას არც ოპოზიცია ცდილობს... როგორც აღვნიშნე, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაგროვებას, ძირითადად, ხელისუფლების კრიტიკით ცდილობს. ამ საკონსტიტუციო პროცესშიც ეს დავინახე.

ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ მიდის, მაგრამ საარჩევნო ბარიერი ხომ დასწია? მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ორ-სამკაციანი პარტიების ადგილი პარლამენტში არ არის. და ამ ნაბიჯის შემდეგ მაინც ყვირილი - ხელისუფლება არაფერს თმობსო, ჩემთვის აზრს კარგავს. მთავარი პრობლემა კონსენსუსი არც მგონია. უფრო ის არის საინტერესო, რა გამოდგება ქვეყნისთვის?! მე მივიჩნევ, რომ ასეთი სუსტი ოპოზიციური პარტიების პირობებში მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა გაუმართლებელია და სწორედ ამან შეიძლება განაპირობოს ქვეყანაში ერთი პარტიის მრავალწლიანი მმართველობა.

ოპოზიცია იმასაც ვერ ხვდება, რომ თავისი აკვიატებით - გინდა თუ არა, პროპორციული სისტემა გვქონდესო, "ქართულ ოცნებას" უქმნის პირობას, კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი ოპოზიცია გვყავს, თვითონ რა სჭირდებათ და რა - არა, იმასაც ვერ ხვდებიან.

რაც შეეხება იმას, მოჰყვება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კიდევ ერთი ვეტო... ალბათ, კი. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ქვეყნის ძირითად კანონს ეხება, ეს ვეტო რეზონანსული იქნება და არც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს წაადგება. კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები - პრეზიდენტიც, "ქართული ოცნებაც" და ოპოზიციაც - ამაზე დაფიქრდებიან.

- კვლავაც განხილვის თემაა "ქართველთა მარში" და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ბევრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარების დაძაბვით რუსეთია დაინტერესებული და ამ პროცესების მიღმა სწორედ კრემლის ინტერესები დგას...

- მეც მოვისმინე ეს განცხადებები, თუმცა მათი ავტორების არგუმენტაცია მაინცდამაინც დამაჯერებელი არა მგონია. საქართველოში დაძაბულობის კერის გასაჩენად რუსეთს სხვა უამრავი ბერკეტიც აქვს. ან თუ ვხედავთ, რომ არეულობა რუსეთს სურს, ამ ადამიანებს მარშით რატომ პასუხობენ და კიდევ უფრო რატომ ცდილობენ ვითარების დაძაბვას?! რაც შეეხება ამ მარშს, როგორც მოვლენას... ფაქტია, რომ ასეთი განწყობა მთელ მსოფლიოში იმატებს.

აზიელების ასეთი მოძალება დასავლეთის ქვეყნებში გამოწვეულია იმით, რომ ცხოვრების დონე დასავლეთში უკეთესია, შესაბამისად, აზიიდან მიგრაციის ზრდა ლოგიკური ტენდენციაა, მაგრამ ლოგიკურია ისიც, რომ ეს ევროპელებისთვის შემაწუხებლად იქცა. ამიტომ არის დასავლეთის ქვეყნებში ერთ-ერთი საპროტესტო თემა მიგრაცია.

ამ საპროტესტო განწყობის ფონზე ამერიკელებმა ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს სწორედ იმიტომ, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში ანალოგიური განწყობა იკითხებოდა. ეს პროცესები მსოფლიოში თუ არის, ანალოგიური მარში თბილისშიც ჩატარდეს, რა გასაკვირია?! ამის ახსნა მსოფლიო პროცესებით უფრო საფუძვლიანი მგონია.

ესა თუ ის საკითხი პოლიტიკურ ელფერს მაშინ იძენს, როდესაც გარკვეულ მასშტაბს აღწევს. ამ მარშის სამი-ოთხი ლიდერი რომ გამოსულიყო პროსპექტზე და გაევლო, ამგვარი რეზონანსი, რა თქმა უნდა, არ მოჰყვებოდა, მაგრამ იქ ბევრი ადამიანი მივიდა. ანალიზს მოითხოვს ის, როგორ შეძლეს მათ ამდენი ადამიანის შეკრება. ცხადია, ეს ხალხი იმიტომ შეიკრიბა, რომ თემები, რომლებიც ორგანიზატორებმა წამოსწიეს, მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო აღმოჩნდა.

არ არის გამორიცხული, თუკი ქვეყნის გარეთ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ დაინახა, ჩვენს ხალხს რაზე აქვს მძაფრი რეაქცია, პოლიტიკური პროცესის წარმართვა ამ საკითხების პროვოცირებით სცადოს. აი, ეს არის საფრთხე...

ამ მარშის ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ქალბატონთან დაკავშირებული სკანდალით ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. საკუთარი საქციელით გააუფასურეს ის, რისთვისაც ვითომ იბრძოდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ამ ამბავს ისეთი მდაბიური გაგრძელება მოჰყვა, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია... გამოჩნდა, რომ აქციის ლიდერებს წარმოდგენა არა აქვთ, რას მოჰკიდეს ხელი. ქუჩური განწყობების დონეზე ესმით კონსერვატიზმიც და ჩვენში არსებული პრობლემებიც. ქუჩის დონეზეც სწორედ ამიტომ მოიქცნენ...

- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობებიდან გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლდნენ, თქვენი აზრით, რა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა ეს გადაწყვეტილება?

- ეს მართლაც საყურადღებო რამაა, ვიხსენებდი, მაგრამ უახლოეს წლებში ასეთი რეაგირება და მაღალი თანამდებობის ჩინოსნების გათავისუფლების ფაქტი, ვფიქრობ, არც მომხდარა. ჩემი აზრით, ასეთი მოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა დასავლეთის მხრიდან მკაფიო მოთხოვნა, რომ საქართველო ყურადღებით მოეკიდოს ჟურნალისტის საქმეს. ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ის რეაგირებს ამ პროცესში და იღებს გადაწყვეტილებებს. გათავისუფლებული პირების თანამდებობებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ იქნება საფუძველს მოკლებული ვარაუდი, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიაზე თვითნებურად იმოქმედეს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ გათავისუფლებაში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შეცდომა და მონაწილეობაც იკითხებოდეს. თავდაპირველად მე სწორედ ამის შემეშინდა, რომ ამ გათავისუფლებაში ვინმეს არ ეგულისხმა სწორედ საქართველოს მხარის დანაშაული და არ წარმოჩენილიყო ეს როგორც ქართული მხარის მიერ დანაშაულის აღიარება, თუმცა, ეს საკმაოდ ფრთხილად გაკეთდა, ითქვა, რომ ისინი გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლდნენ, რამაც ამგვარ ვარაუდს გამოაცალა საფუძველი. მაინც მგონია, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთის დასარწმუნებლად გადაიდგა.

ნათია დოლიძე