"მძიმე სანახავია, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პატარა ბავშვებივით იქცევიან" - კვირის პალიტრა

"მძიმე სანახავია, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პატარა ბავშვებივით იქცევიან"

"კახა კალაძე გამარჯვების შემთხვევაში ვერ დაინახავს იმ პრობლემებს, რაც ქალაქს აქვს, ისევე, როგორც ეს ვერ დაინახა დავით ნარმანიამ"

"ჩვენი პრემიერი სწორედ მაიკლ პენსის მიწვევით იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტ ტრამპთან დაუგეგმავი შეხვედრა შედგა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება"

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტი, მით უფრო იმ დროს, როცა აშშ-სა და რუსეთს, საზოგადოდ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავებულია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სწორედ ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღეს, 31 ივლისს, აიღებს სტარტს, სავარაუდოდ, მოვისმენთ გზავნილებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც საინტერესო იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის ომის მე-9 წლისთავზე საქართველოში იმართება ნატოს მასშტაბური წვრთნები, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლების ციკლის ნაწილია. გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- მაიკლ პენსის ვიზიტი უპირველესად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დეკლარაცია. ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მუდმივი მოკავშირეები, მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები.

პენსის ჩამოსვლა პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მრავალი მიზეზის გამო, საქართველო შედის ამ ინტერესებში. როგორც წესი, ამერიკელი რესპუბლიკელებიც და"დემოკრატებიც ამ ინტერესებს იცავენ, ოღონდ სხვადასხვა ინტენსივობით - რესპუბლიკელები" უფრო ხისტად მოქმედებენ და "კუნთებს აჩენენ, დემოკრატების პოლიტიკა კი უფრო რბილია.

ბუნებრივია, ამ ვიზიტს ჩვენს სამეზობლოშიც დიდი ინტერესით მიადევნებენ თვალს, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს ბევრისთვის იქნება მინიშნება იმისა, რომ საქართველო მარტო არ არის. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ შეხვედრებზე რეგიონულ პრობლემატიკაზე აუცილებლად იქნება ლაპარაკი. სხვათა შორის, გაგახსენებთ, ჩვენი პრემიერი სწორედ მაიკლ პენსის მიწვევით იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტ ტრამპთან დაუგეგმავი შეხვედრა შედგა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ხელისუფლების საგარეო უწყებისა და აშშ-ში ჩვენი საელჩოს კარგი მუშაობა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან.

- მაიკლ პენსის ვიზიტამდე მას წერილით მიმართა 24-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელშიც ბატონ ვიცე-პრეზიდენტს რამდენიმე შიდა პრობლემაზე მიანიშნებენ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზეც. "ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ პროცესმა შეიძლება შელახოს კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, გამოიწვიოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოების შემდგომი პოლარიზება და, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესების პარალიზებამდეც მიგვიყვანოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

- წერილში ბევრი რამ გაზვიადებულია... ავიღოთ საკონსტიტუციო პროცესი. ხომ მტკნარი სიცრუეა, რომ იმან, რომ კონსტიტუციის თაობაზე კონსენსუსი ვერ შედგა, შესაძლოა, საზოგადოების პოლარიზება გამოიწვიოს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს თემა, ფაქტობრივად, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. პოლიტიკური ძალები, თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციებით, სხვაგან არიან, საზოგადოება კიდევ - სხვაგან. დააკვირდით ტრანსპორტში, ჩვენ გარშემო, საზოგადოების თავშეყრის სხვადასხვა ადგილას, ვინმე რამეს ამბობს საერთოდ ამ საკითხზე?

დღეს პოლიტიკური ელიტა საზოგადოებრივ ცხოვრებას აბსოლუტურად მოწყვეტილია. ჩვენი ქვეყნის წინაშე გაცილებით უფრო რთული პრობლემები დგას, რაც ფართო საზოგადოებას აწუხებს - უმუშევრობა, სიღატაკე, რთული ეკონომიკური ვითარება და ა.შ. ამაზე არავინ ლაპარაკობს და პრეზიდენტით დაწყებული, ყველა პოლიტიკური ძალა გაჰყვირის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონსენსუსზე...

არადა, იმთავითვე ჩანდა, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან კომპრომისზე წასვლა არა მხოლოდ სახელისუფლებო ძალას არ შეუძლია, არამედ მის ოპონენტებსაც. ეს არის დღეს ქართული პოლიტიკის რეალობა.

ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორი სახითაც უნდა მიიღონ, ამით ეს პროცესი არ დამთავრდება და შემდეგ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს კონსტიტუციის შეცვლა. როგორც ჩანს, არა გვყავს ისეთი კონსტიტუციონალისტები, იმგვარი ინტელექტუალური ძალის, რომ ნორმალური კონსტიტუცია შევქმნათ.

დააკვირდით, როცა საკონსტიტუციო პროცესს აკრიტიკებენ, მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკობენ. განა ეს არის კონსტიტუციის მთავარი არსი? კონსტიტუციის ამოსავალი წერტილი ის არის, თუ რა წესით ავირჩევთ ამ უსახო პოლიტიკოსებს, თუ ადამიანის უფლებების დაცვა?!

ერთიც, ვერ გავიგე, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება ვინ მისცა? მათ არა აქვთ ეს უფლება. ისინი წარმოადგენენ ძალიან ვიწრო ინტერესების მქონე ჯგუფებს, საზოგადოების ფართო ფენებთან კი არანაირი კავშირი არა აქვთ.

საზოგადოებას ამ საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ჩაატარეს დარბაზ-დარბაზ განხილვები, ცოტა სასაცილოც კი იყო, რადგან, ძირითადად, პოლიტიკური პარტიების პარტიული აქტივი იკრიბებოდა და ერთმანეთს დედას აგინებდა.

ჩემი აზრით, პოლიტიკოსი სულაც არ უნდა ყოფილიყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო აპოლიტიკური ფიგურა, ვთქვათ, სახალხო დამცველი. კონსტიტუცია არ იწერება პოლიტიკოსებისთვის, კონსტიტუცია იწერება საზოგადოებისთვის.

დასასრულ, რამდენი წერილიც უნდა დაწერონ, ძალიან მეეჭვება, ეს თემები იქცეს პენსთან საუბრის თემად. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები იქნება: ეროვნული უსაფრთხოება, რეგიონული პრობლემატიკა, "ისლამური სახელმწიფო" და ტერორიზმის საფრთხე, შავი ზღვის თავდაცვითი სისტემები, ერთობლივი სამხედრო წვრთნები და არა ვიწროპოლიტიკური თემები, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კი არა, ქვეყნის მოსახლეობასაც არ ადარდებს.

ვფიქრობ, პენსთან ასევე აუცილებლად იქნება ლაპარაკი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვაზე, ალიანსის პროგრამებში ჩვენს მონაწილეობასა და ატლანტიკურ ინტეგრაციაზე; ჩვენ მოვისმენთ საჯარო განცხადებებსაც, მაგრამ ბევრი რამ კონფიდენციალურად დარჩება.

- გასულ კვირას პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ ორ კანონზე დადებული ვეტოები დასძლია. როგორც მოსალოდნელი იყო, განხილვა საგნობრივად კი არ წარიმართა, მორიგი დაპირისპირებისა და კინკლაობის მიზეზად იქცა.

- ჩემი აზრით, ამ დაპირისპირებაში ორივე მხარე სცოდავს და გამაღიზიანებლად იქცევა. მძიმე სანახავია, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პატარა ბავშვებივით იქცევიან. ეს ვეტოების ფრიალი პოლიტიკური პროცესია და ემსახურება მარგველაშვილის შორსმიმავალ პოლიტიკურ გეგმებს, რაც, თავის მხრივ, "ქართულ ოცნებას" ძალიან აღიზიანებს. კარგი იქნებოდა, უკეთესი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გვყავდეს, მაგრამ...

ყველაზე დიდ პრობლემად კი შეიძლება გვექცეს ის, რომ პოლიტიკურ ელიტასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის აშკარად დაწყებულია რღვევა, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება.

- თქვენი აზრით, ეს ტენდენცია აისახა NDI-ს ბოლო კვლევაში, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას?

- დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ელექტორატში დარჩენილია უზარმაზარი თავისუფალი სივრცე, რომლის ათვისებითაც რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსმა, თუნდაც ახალმა სახემ, შესაძლოა, გვარიან წარმატებას მიაღწიოს. არა ისე, როგორც ეს ჩვენმა ცნობილმა მომღერალმა ქნა, არამედ რეალური მიზნებით და მოქმედებით... ვნახოთ, რას იზამს დავით უსუფაშვილი. ვფიქრობ, ეს რეიტინგები არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუმცა, ყველაფერს ნათლად თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე ვნახავთ.

- NDI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახა კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, 5% - ელენე ხოშტარიას. ამ მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო...

- დიახ, ამას კარგა ხანია ვამბობ. სრულიად რეალურად მიმაჩნია, ალეკო ელისაშვილი მეორე ტურში არა მხოლოდ გავიდეს, წარმატებასაც მიაღწიოს...

კახა კალაძეს პატივს ვცემ, უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, ძალიან სწრაფად იზრდება როგორც პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ კვლავაც მივიჩნევ, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე გამარჯვების შემთხვევაში ვერ დაინახავს იმ პრობლემებს, რაც ქალაქს აქვს, ისევე როგორც ეს ვერ დაინახა დავით ნარმანიამ.

- მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმება რეზონანსული გამოდგა. შეგახსენებთ, ეს გადაწყვეტილება პოროშენკომ საქართველოში ვიზიტიდან ორიოდე დღეში მიიღო. სააკაშვილის მტკიცებით, ეს პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრაზე გადაწყდა.

- ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მიიწვია იმისთვის, რომ მათ უკრაინაში რეფორმები გაეტარებინათ. თუმცა, ეს ხალხი უკრაინაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. გარდა ამისა,

მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა თუ არა უკრაინაში, მაშინვე პოპულიზმის გზას დაადგა და საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის დაიწყო ზრუნვა - დაიწყო ომი ბატონ პოროშენკოსთან. ჯერ იაცენიუკის ადგილი მოინდომა, მოახერხა და ის რაღაც მანქანებით მოიშორა, თუმცა, პრემიერ-მინისტრად ვერ დაჯდა,

მაგრამ ცალსახაა, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამან პოროშენკო, რომელიც, თავის მხრივ, როგორც ჩანს, კარგა ხანია გეგმავდა უკრაინის პრეზიდენტობას, მდგომარეობიდან გამოიყვანა. შესაძლოა, ამ პროცესში მართლაც იყო ქართული მხარეც ჩართული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს გადამწყვეტი ვერ იქნებოდა.

დღეს სააკაშვილს დიდი პრობლემები აქვს, ვნახოთ, როგორ გამოძვრება ამ ვითარებიდან...

- გამოითქმის ვარაუდები, რომ შეიძლება ახლა უფრო მეტად მოიცალოს ქართული პოლიტიკისთვის.

- მეეჭვება, რომ მისგან განსაკუთრებული აქტიურობაა მოსალოდნელი. ის ჩვენი ქვეყნისთვის გადაშლილი ფურცელია. საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილს ხმას აღარასდროს მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში სულ ცდილობდა ადგილის შენარჩუნებას, ის რეალური ძალა აღარ არის. ამას მიხვდნენ მისი ყოფილი თანამებრძოლები და ახალი პარტია შექმნეს.

როდესაც უკრაინაში წავიდა, იყო ლაპარაკი, რომ ეს გარკვეული დასავლური ჯგუფების გავლენით მოხდა, და ამაში არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, მათმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ერთადერთი ქვეყანა ვიცი, სადაც სააკაშვილი ძალიან მოსწონთ - ეს პოლონეთია, არ გამოვრიცხავ, მან ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს... სააკაშვილის ამბავი მაგონებს პროცესს, როდესაც პინოჩეტი მსოფლიოს მასშტაბით თავშესაფარს ეძებდა. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ხვალ-ზეგ, მაგრამ, შესაძლოა, 10 წლის შემდეგ ბატონი სააკაშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდება. არ ვიცი, მოიგებს თუ წააგებს საქმეს, მაგრამ პროცესი რომ შედგება, ეჭვი არ მეპარება.

- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ იურისტებს შორის მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნიეს შესაფერისად, დანარჩენი ორი კი ისევ დაიწუნეს... შეგახსენებთ, მანამდე გაგზავნილი სამი კანდიდატურიდან სტრასბურგში არც ერთი არ მოიწონეს...

- ეს მნიშვნელოვანი საკითხი ლამის საანეკდოტო თემად იქცეს. რით ვერ მოახერხეს ამ ხალხის შესარჩევად სწორი კრიტერიუმების დადგენა, არ ვიცი...

თეა წულუკიანი სადღაც სხვაგან არის, აშკარად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. აშკარაა ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროში ძალიან ბევრი პრობლემაა,

ვერც ერთი დაწყებული რეფორმა შედეგიანი ვერ აღმოჩნდა - სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა შერჩევის თუ სხვ.

სრულიად ლეგიტიმურია კითხვა - როგორ ახერხებს წულუკიანი თანამდებობის შენარჩუნებას ამ ვითარებაში, რაც ბატონ კვირიკაშვილს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ, აშკარაა, რომ კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. საერთოდაც მმართველ გუნდში კადრების პრობლემა მრავალი მიმართულებით არის, რადგან პროფესიონალიზმის კი არა, ერთგულების ნიშნით არჩევენ ხალხს. "ვინც ჩემთან ერთად არ არის, ჩემი მტერია!" - ეს საშინელი პრინციპია, ნეობოლშევიკური. ვერაფრით ხვდებიან, რომ მათი გადმოსახედიდან დანახული პოლიტიკური საქართველოს გარდა, არსებობს სხვა საქართველოც, გაცილებით დიდი, საინტერესო და ინტელექტუალური....

- ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. თქვენი აზრით, ეს რამდენად დიდი რიცხვია და თუ ასე გაგრძელდა, ეს უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ხომ არ შეუშლის ხელს?

- სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა. არა მგონია, ამან პრობლემა შეგვიქმნას. ვისაც საქართველოდან წასვლა უნდოდა, დიდი ხანია წავიდა. არ ველოდი, რომ ქართველების განსაკუთრებით დიდი ტალღა მიაწყდებოდა ევროპას. ამ რაოდენობის ადამიანების დარჩენის შანსს, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირიც უშვებდა, როცა საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა.

ნათია დოლიძე