"სიფრთხილე გვმართებს: ჩვენი მშვიდობა მყიფეა, საფრთხეები კი - მრავალგვარი!" - კვირის პალიტრა

"სიფრთხილე გვმართებს: ჩვენი მშვიდობა მყიფეა, საფრთხეები კი - მრავალგვარი!"

"შიდა სახელისუფლებო კინკლაობის დრო ნამდვილად არ არის, ვითარება ქვეყანაში რთულია და ეს უნდა ესმოდეთ ხელისუფლებაში"

"სწორედ ეს შფოთი და ჩვენი ერთმანეთს გადაკიდებაა კრემლის მიზანი, რასაც მერე მიზანმიმართულად ახალისებენ ისევ სოციალურ ქსელებში..."

ცხრა წელი გავიდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიდან, თუმცა მომხდარს დღემდე არათუ სამართლებრივი შეფასება არ მისცემია, მისი სრულფასოვანი ანალიზიც ვერ მოხდა. მოგეხსენებათ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. რუსეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი გამოძიებასთან კვლავ არ თანამშრომლობენ. გასულ კვირას პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მხარეებს კვლავ მოუწოდა მის ოფისთან თანამშრომლობისკენ. რას უნდა ველოდოთ ამ გამოძიებისგან? აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრებული სანქციები ააღებინებს კი კრემლს ხელს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებაზე? გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ გარღვევას არ ველი, მაგრამ ჰააგაში მიმდინარე პროცესს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლავს - 2008 წლის ომის მოვლენები, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კვლავ დღის წესრიგშია და ცხრა წლის შემდეგაც არ დაუკარგავს პოლიტიკური აქტუალობა.

არის მოლოდინი, რომ შეფასებები, რაც ამ გამოძიების შედეგად გაკეთდება, იქნება მკვეთრი და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო.

თუმცა ვერდიქტს ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ რუსულმა და ოსურმა მხარეებმა კვლავ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ამით ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილი დამნაშავეები დაისჯებიან და დამნაშავე მხარე კომპენსაციას გადაიხდის.

- რუსეთის ბოლო წლების აგრესიული პოლიტიკის შემდეგ დასავლეთიდან ხშირად ისმის შეფასებები, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გალაშქრებას და ოკუპაციას საკადრისი პასუხი არ გასცა... ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამან წაახალისა კრემლის შემდგომი აგრესიული პოლიტიკა. დღეს საქართველოს მხარდაჭერით ზოგიერთი დასავლური პოლიტიკური ჯგუფი თითქოს 2008 წელს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს...

- გეთანხმებით, გარკვეულწილად ასეა. 2008 წლის მოვლენებიდან მოკლე ხანში დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საკუთარი უსუსურობის დასაფარავად აპელირებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იყო დამნაშავე, ამბობდნენ, ვაფრთხილებდით სააკაშვილს, მაგრამ არ დაგვიჯერა და გადადგა ეს ნაბიჯიო. საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ომის დაწყებაში დამნაშავედ ცხადდებოდა როგორც საქართველო, ისე - რუსეთი... აქედან გამომდინარე, დასავლეთი დასჯერდა განცხადებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებულ დოკუმენტს და რეზოლუციებს, რომლებსაც მსოფლიო თუ ევროპული სტრუქტურები იღებდნენ.

დღეს დასავლეთში შეცდომად მიიჩნევენ იმჟამინდელ პოზიციას. უკვე ვნახეთ, რომ აშშ-ის კონგრესის მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამ სანქციების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჩაიწერა. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა. ამერიკელები აშკარად ცდილობენ, ცხრა წლის წინ დაშვებული შეცდომა გამოასწორონ.

ეს კი ასეა, მაგრამ რომ არა უკრაინისა და სირიის მოვლენები, მეეჭვება, დასავლეთს საქართველოს გამო რუსეთისთვის ასეთი მკაცრი სანქციები დაეწესებინა. სამწუხაროდ, პატარა ქვეყნების ბედი ასეთია - დიდი ქვეყნები ხშირად იყენებენ მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

ახლაც საქართველო გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრშია. ორი ზესახელმწიფო კუნთებს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ათამაშებს. ერთი შეხედვით, ასეთ პატარა ქვეყანაში ამგვარი თამაშები წარმოუდგენელია, მაგრამ - ფაქტია...

ორივე ქვეყნის სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელ მანევრებს ატარებენ: რუსეთი - საქართველოს არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აშშ კი - ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე; პენსი ჩამოვიდა თბილისში, პუტინი ჩადის სოხუმში და ა.შ.

მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით სათანადოდ ვერ აფასებს მოვლენებს.

- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტისას საქართველოში გაკეთებული მწვავე განცხადებები ბევრისთვის დასავლეთშიც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მიიჩნევა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჯერაც არ ჩამოუყალიბებია საგარეო პოლიტიკის სტრატეგია...

- დიახ, სწორედ ეს ჩამოუყალიბებლობა აჩენს კითხვას: რა იგულისხმება ამ ხმამაღალი ფრაზების მიღმა? ცხადია, მათი ძირითადი ადრესატი რუსეთია, მაგრამ ზუსტად რას აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია, არ ვიცი! ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერა ნამდვილად უპრეცედენტოა, მაგრამ რუსული პრესის მიხედვით, კრემლში ფიქრობენ, რომ მაიკ პენსი უფრო რუსეთის საწინააღმდეგოდ ჩამოვიდა საქართველოში, ვიდრე - ოფიციალური თბილისის მხარდასაჭერად. პენსის მასშტაბის ფიგურის მსგავსი ვიზიტები და განცხადებები შემთხვევითი არ არის ხოლმე, ისევე როგორც შემთხვევითი არ არის პუტინის სოხუმში ჩასვლა. ეს ორი ვიზიტი რომ ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ცხადზე ცხადია... დარწმუნებული ვარ, პუტინიც არანაკლებ მყვირალა განცხადებებს გააკეთებს სოხუმში. ისეთი ძალა, როგორიც პენსის უკან დგას, პუტინის უკან არ არის, მაგრამ რუსეთი ცდილობს, აჩვენოს, რომ არც ერთი მიმართულებით არ აპირებს უკან დახევას და რამის დათმობას.

საქართველო კი არის საჯილდაო ქვა ამ ორ ზესახელმწიფოს შორის. შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ - მთელი სამხრეთი კავკასია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რეგიონში აშკარად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- ფიქრობთ, რომ იქმნება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს უფრო ამწვავებს?

- საქართველოსთვის ეს საფრთხეები მუდმივად არსებობს. ჩვენ ვცხოვრობთ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნის პროცესში. თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ვაშინგტონს ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის კრიტერიუმები, არც რუსეთია ბევრი მიმართულებით დალაგებული და ა.შ. არც სირიის მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ვაშინგტონს ან მოსკოვს წარმოედგინა.

ასე რომ, მყარდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რასაც დიდი დრო დასჭირდება. ახლო აღმოსავლეთი უახლოესი ათწლეულების განმავლობაში არ დაწყნარდება. იქ დაწყებულია სახელმწიფოების დაშლისა და ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის მეტად მტკივნეული პროცესი.

ძალიან ბევრს უკვირდა, რომ იმ ქაოსისა და დაპირისპირებების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში აქამდე სიმშვიდე იყო, თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებსა და ე.წ. ბორდერიზაციას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას ჰქონდა ქვედა დინებები, მიმდინარეობდა თვალით უხილავი პროცესები, ამ ხნის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის (და არა მხოლოდ ამ ორი სახელმწიფოს) დაპირისპირება კავკასიაში იყო შედარებით ფარული...

ჩვენი მშვიდობა მყიფეა, საფრთხე კი - მრავალგვარი და მწვავე, ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.

ვიდრე არსებობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მდგომარეობა, ვიდრე იქ განლაგებულია რუსული ბაზები, მანამდე საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდება უსაფრთხოების საკითხი; მანამდე საქართველოს ვერ ექნება სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა და ხიფათის ხარისხიც ძალიან მაღალი იქნება.

- ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს დღეს შექმნილი კეთილგანწყობილი ფონით და აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს რუსეთის შემაფერხებელ მექანიზმებზე, მოითხოვოს გარანტიები...

- რაც უნდა გარანტიები მივიღოთ, საომარ ვითარებაში სამხედრო დახმარების დაპირება ამერიკელებს არ დასცდებათ.

სხვა ყველანაირი დახმარება შეიძლება მივიღოთ - სანქციებით, იარაღით, დიპლომატიური კუთხით...

- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მიმართა ინიციატივით, რაც საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს. პრეზიდენტის წინადადებას "ქართული ოცნების" ხმაური მოჰყვა და ეს ინიციატივა ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცა...

- ამ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც აღარ მინდა, რადგან მართლა ყელში ამოვიდა მათი კინკლაობა. დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოება ასე ფიქრობს. ორივე მხარეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და ზოგიერთი ადამიანური თვისების დეფიციტს...

რაც შეეხება ინიციატივას, ჩემთვის ეს იდეა სულაც არ არის მიუღებელი, პირიქით, მგონია, რომ ეს ქვეყნისთვის სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. როგორ შეიძლება ამის განხორციელება, არ ვიცი, მაგრამ ლობისტური ინსტიტუტების შექმნა საჭიროა ყველგან, სადაც მსოფლიო პოლიტიკა იქმნება, მათ შორის - მოსკოვშიც...

შიდა სახელისუფლებო კინკლაობის დრო ნამდვილად არ არის, ვითარება ქვეყანაში რთულია და ეს უნდა ესმოდეთ ხელისუფლებაში. რაიმე განსაკუთრებულ გამწვავებას მოკლე ხანში არ ველი, მაგრამ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან გაგრძელდება. ეს შეეხება ადამიანების გატაცებას, ე.წ. ბორდერიზაციას და ა.შ.

ეს შემთხვევითი მოვლენები არ არის, ეს არის წლების განმავლობაში გაწერილი პროვოკაციები, რომელთა გააქტიურება ყოველთვის უკავშირდება დასავლეთთან დაახლოებისკენ გადადგმულ საქართველოს ნაბიჯებს.

მართლაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრები და მათი გამაგრება კი არ აწუხებთ, არამედ მათი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში შფოთისა და არეულობის შეტანა. ყოველ ასეთ შემთხვევას მოჰყვება ხოლმე საზოგადოების აღშფოთება, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, იქმნება დაძაბულობა სოციალურ ქსელებში... სწორედ ეს შფოთი და ჩვენი ერთმანეთს გადაკიდებაა კრემლის მიზანი, რასაც მერე მიზანმიმართულად ახალისებენ ისევ სოციალურ ქსელებში...

კრემლის გეგმაა, მუდმივად დაძაბული ჰყავდეს ქართველი საზოგადოება. ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებენ, რათა საზოგადოება გახლიჩონ და ვერაფრით მოვახერხოთ ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმება...

- სამწუხაროდ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ყოველი ასეთი ტრაგედიის შემდეგ ჩვენში მძაფრდება საუბარი ამგვარ მისიებში ქვეყნის მონაწილეობის თაობაზე...

- ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მეომრის ოჯახს. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამასაც ცივი გონებით უნდა შევხედოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეომრების სიცოცხლით ვრისკავთ და ვქმნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას; ამ ბიჭების სისხლის ხარჯზე ვლაპარაკობთ ხმამაღლა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მათზე დგას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე...

მეორე მხრივ, იქ ეს მეომრები საკუთარი ნებით მიდიან, მათ კარგად ესმით საკუთარი მისიის მნიშვნელობაც და საფრთხეც...

გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია, იღებს ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო გამოცდილებას.

- მოგეხსენებათ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, თუმცა მან მაინც მოახერხა აშშ-დან პოლონეთში ჩასვლა. როგორ ხედავთ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს?

- მიხეილ სააკაშვილი არ გაჩერდება. მინდა გაგახსენოთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ 2008 წლის 8 აგვისტოს ვერაფრით მოახერხა მისი გაჩერება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევა გაიღეს... სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უზღვავი ენერგია აქვს და მიილტვის ძალაუფლებისა და ავანტიურისაკენ. ტანზანიის მოქალაქეობას მიიღებს... ჰოლანდიის მოქალაქე გახდება... ანაც, აგერ, ჩაბრძანდა პოლონეთში და, შესაძლოა, ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მისცენ და კვლავაც გააგრძელებს აქტიურობას. ამ ეტაპზე მისი გეგმები უკავშირდება უკრაინას, სადაც სექტემბერში არჩევნებია და მისი ყურადღებაც ამ ქვეყნისკენ არის მიპყრობილი. საქართველოში მიმდინარე პროცესები მას ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ახლა ყველაზე მეტად პოროშენკოსთვის სამაგიეროს გადახდა სურს.

ჩემთვის არც პოროშენკოს რეჟიმი იმსახურებს პატივისცემას. ერთი კითხვა მაწუხებდა უკრაინის კონფლიქტის პირველივე დღიდან: როგორ შეიძლება მეომარი სახელმწიფოს პრეზიდენტს ჰქონდეს ბიზნესი იმ სახელმწიფოში, რომელსაც ებრძვის?!

როგორც ვიცი, ლიპეცკში ბოლო დრომდე მუშაობდა "როშეს" ქარხანა, რომელიც კრემლს სანიმუშოდ ჰქონდა - განუწყვეტლივ ლაპარაკობდნენ, რომ ხელს არ უშლიდნენ პოროშენკოს ბიზნესს.

ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე, მაგრამ სააკაშვილი ქართულ ციხეში ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი იქნება, ეს ხელს არ აძლევთ... მისი ჩამოსვლით აქ ახალი ფრონტი შეიქმნება, რომელიც მთელ პოლიტიკურ სურათს შეცვლის, ეს მშვენივრად ესმის საქართველოს ხელისუფლებას. სააკაშვილიც არ არის ისეთი გულადი, რომ დაადოს თავი, ჩამოვიდეს და საკუთარი თავისგან გმირი შექმნას.

- "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად და ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი ინიციატივით, თბილისის მერობის კანდიდატი პრაიმერის გზით უნდა შეირჩეს და ოპოზიცია არჩევნებზე ერთი კანდიდატით გავიდეს...

- ეს არ გამოვა ქართული ხასიათის ამბიციურობის გამო. არადა, ნამდვილად სწორი სტრატეგია იქნებოდა.

ნათია დოლიძე