"მაღალია საფრთხე, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ" - კვირის პალიტრა

"მაღალია საფრთხე, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ"

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში ხალხმა მშრალი საკვების მომარაგება დაიწყო. მოკლედ, ომის მოლოდინი ძალიან მაღალია"

"ხელისუფლებამ ძალიან დაბეჯითებით უნდა აგვიხსნას, რა ხდება, ნარკობარიგები ციხეში უნდა ვნახოთ! უნდა ვნახოთ, რომ ამ ბოროტების სათავეს სერიოზული პრობლემები შეექმნება"

საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სოხუმში ჩასვლას და მის განცხადებებს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების დიდი ნაწილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისური ვიზიტის საპასუხო ნაბიჯად მიიჩნევს. მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესებისა, ფაქტია, აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების ხაზი სამხრეთ კავკასიაზეც გადის და ოფიციალური ვაშინგტონიც და მოსკოვიც საკუთარი ინტერესების მონიშვნას ცდილობენ. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, არამედ იმ პროცესების კონტექსტში, რაც სამყაროში დღეს მიმდინარეობს. აშშ-სა და რუსეთს შორის გლობალური დაპირისპირება სახიფათო ზღვარს აღწევს და ამას აქვს თავისი განვითარების ლოგიკა.

დაწესებული სანქციებით აშშ-მა რუსეთს, ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი გამოუცხადა. აშკარაა, რომ ამ დაპირისპირებაში დღეს მიმდინარეობს პირობითი ფრონტის ხაზის გატარება სხვადასხვა მიმართულებით და, როგორც წესი, ე. წ. ფრონტის ხაზის გატარება საკუთარი აქტივების ინვენტარიზაციით იწყება.

აშშ-ისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი აქტივია ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო. შესაბამისად, ამერიკული პოლიტიკა სწორედ ამ არეალში აქტიურობს. პენსის ტურნეც ამ გეოგრაფიული სქემით იყო დალაგებული. რუსეთისთვის ამგვარი აქტივებია: ბელორუსია, სადაც დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სეპარატისტული რეგიონები: დონბასი, დნესტრისპირეთი და საქართველოს ორი რეგიონი, ასევე სომხეთი, რომლის მიმართულებითაც ბოლო დროს კრემლი გააქტიურდა. ამ თვალსაზრისით, ბალკანეთი გარკვეულწილად რუხი ზონაა, სადაც ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ამ ორი ზესახელმწიფოს აქტივების ინვენტარიზაცია, რაც საბოლოო ჯამში ან მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდება, ან კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირების მოწმენი გავხდებით.

აქედან გამომდინარე, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა იყო გზავნილი არა ჩვენთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პუტინმა აჩვენა, რომ ამერიკის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში აუცილებლად მოჰყვება კონტრნაბიჯები. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იყო მინიშნება, მაგრამ მისი განცხადებების მთავარი ადრესატები ჩვენ არ ვყოფილვართ - ოფიციალური ვაშინგტონი იყო.

- დღეს მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის კერაა. უკიდურესად არის დაძაბული ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე, არანაკლებ მწვავე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, გრძელდება კონფლიქტი უკრაინაში, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დიდი პოლიტიკის დაფაზე არ იკლებს.

- გეთანხმებით, ზესახელმწიფოებს თითქოს არ უნდა ეცალოთ ჩვენთვის, მაგრამ გლობალური დაპირისპირება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ხდება რესურსების მობილიზება. პროცესები როგორ განვითარდება, ძნელი სათქმელია, რადგან დღეს ვითარება სამყაროში ძალიან მყიფეა.

განსაკუთრებით გააქტიურებულია ჩრდილო კორეის პრობლემატიკა. იმდენად დიდია დაძაბულობა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში ხალხმა მშრალი საკვების მომარაგება დაიწყო. მოკლედ, ომის მოლოდინი ძალიან მაღალია.

თითქმის ყოველდღიურად ორმხრივად გვესმის ძალიან რადიკალური, სახიფათო რიტორიკა. ამას ჩრდილო კორეის რეჟიმისგან თითქოს შეჩვეული ვართ, მაგრამ უკვე იმავე ტონის განცხადებები გვესმის ამერიკისგანაც, რაც უარესის მოლოდინს ამძაფრებს. იმედია, ეს ყველაფერი დიდ ომში არ გადაიზრდება.

არ არის გამორიცხული, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ რიტორიკით ცდილობდეს, გადაფაროს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, ანუ კორეის თემის აქტუალურობა სჭირდება, რათა მასზე მიტანილი შეტევა რუსეთთან კავშირის თაობაზე დროებით მაინც გადაიტანოს მეორე პლანზე.

მოკლედ, ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში - შიდა, გარე თუ პირადი პოლიტიკური პრობლემები.

თითქოს შემაკავებელი ინსტრუმენტები დღევანდელ სამყაროს იმდენად დიდი აქვს, რომ ეს დაპირისპირება დიდ კატაკლიზმსა და ბირთვულ ტრაგედიაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.

- დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს შიდა პრობლემატიკას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თუმცა, საკმაოდ მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ვადევნებთ თვალს. აშკარაა, რომ პოლიტიკური ძალები დიდად არ აქტიურობენ.

- გეთანხმებით, წინასაარჩევნო დინამიკა ნამდვილად მოკლებულია დრამატიზმს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთან არც არასდროს მიიჩნეოდა მნიშვნელოვან არჩევნებად და მასზე დიდი რესურსის დახარჯვას პარტიები ყოველთვის ერიდებოდნენ, მით უფრო, რომ ეს რესურსი სახელისუფლებო ძალის გარდა, ყველას მწირი აქვს.

დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, იმავე სქემით მუშაობს, რითაც მუშაობდნენ წინა ხელისუფლებები, როდესაც პოტენციურ სპონსორებს, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების დაფინანსება და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ედგა რიგი.

ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა დღესაც, რაც იყო სააკაშვილის თუ შევარდნაძის მმართველობისას.

შესაბამისად, რესურსები მწირია და ყველას ენანება ამ რესურსების, მათი გაგებით, არცთუ ისე მნიშვნელოვან არჩევნებში დახარჯვა.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა იდეების სიმცირე ოპოზიციაში. რეალური ალტერნატივა ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა.

ფაქტობრივად, პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანია, თუმცა, არც მარტო ორპოლუსიანობაა ამ არჩევნების უბედურება... მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ორი პოლუსიც ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს. ამომრჩეველი ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევნის წინაშე, ანუ ისევ მოუწევს, აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მეტს გადაიხდის, ანუ ვინც მეტი რესურსის მობილიზებას შეძლებს, ასეთი კი მმართველი პარტიაა.

ამომრჩეველი, რომელიც ვერ ხედავს ძალას, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას, მზად არის გაიყიდოს ერთჯერად სარგებელზე. ამ მხრივ ხელისუფლებას მეტი საშუალება აქვს. ამიტომაც არ ველოდები, რომ ასეთი ტიპის არაჯანსაღ არჩევნებში ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება. შეიძლება დიდ ქალაქებში რაღაც ინტრიგაც გამოჩნდეს...

ამ არჩევნების მთავარი ასპარეზია თბილისის მერის არჩევნები. ცხადად ჩანს, რომ აქ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს, თუმცა, მოლოდინი და შანსიც იმისა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა, რეალურია.

თუ მეორე ტურში აღმოჩნდა დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეიძლება შეექმნას პრობლემები. საქმე ის არის, რომ არაპარტიული კანდიდატი, რომელიც ყველაზე მომგებიანი, დაახლოებით ასე ჩამოყალიბებული ლოზუნგით გამოდის - "გავათავისუფლოთ თბილისის მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან!" - ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს...

საქმე ის არის, რომ თბილისელებს აქვთ ძალიან ცუდი გამოცდილება როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მერიაში კორუფციული ფაქტების, ნეპოტიზმის, პარტიული აქტივის დასაქმებისა და ა.შ. ამ ფონზე ეს ლოზუნგი თბილისელი ამომრჩევლისთვის კარგი მოსასმენია. თუმცა, ელისაშვილს აქვს მნიშვნელოვანი სისუსტეებიც, უმთავრესად კი ის, რომ ამომრჩეველს ესმის, რომ მას აქვს ამის გაკეთების სურვილი, თუმცა, ეჭვი ეპარება მის შესაძლებლობებში. ერთია, რომ გინდა კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ მეორე, შეგიძლია თუ არა? ეს პრობლემა ელისაშვილს აქვს, არ ჩანს მისი გუნდი, რომელიც მასთან ერთად ძველ სისტემას დაანგრევს და ახალს ააშენებს.

მოკლედ, ჩემი აზრით, თბილისში ხელისუფლებას არცთუ კარგად აქვს საქმე. მათი კანდიდატის, კალაძის კამპანიაც, ჩემი აზრით, ძალიან უხარისხო, ყალბი და ხელოვნური ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, მთლიანად გაჟღენთილია პროვინციალიზმით, რაც თბილისელ ამომრჩეველს ძალიან არ მოსწონს. კარგია, თუ მიხვდებიან ამას და ამ აბსურდს თავს დაანებებენ.

თუ ალეკო ელისაშვილმა წინასაარჩევნო ეტაპი წარმატებით გაიარა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისი მარგინალიზაცია და გადავიდა მეორე ტურში, ამ შემთხვევაში კახა კალაძეს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან ელისაშვილს ხმას აუცილებლად მისცემენ დანარჩენი კანდიდატების მხარდამჭერებიც, რადგან ამ ამომრჩეველთან მას ხიდები დამწვარი არა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში - პარტიულ კანდიდატს სხვა პარტიის ელექტორატი ნაკლებად დაუჭერს მხარს, შესაბამისად, კალაძის გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი მათი სხვა თანამდებობებზე გადაყვანა გახდა, თუმცა, ბევრის აზრით, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

- თითქოს მოვლენების ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სწორი ვერსიაა, მაგრამ მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, არც ეს ბატონები იქნებოდნენ წინააღმდეგი, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეესრულებინათ ხელისუფლების საარჩევნო დავალებები. შესაძლებელია წინასაარჩევნო პერიოდს ვიღაც იყენებდეს ხელისუფლებაში არსებულ ძალთა ცენტრებში კონფიგურაციის შესაცვლელად. წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება და არგუმენტირება ადვილია. მაგალითად, შეიძლება იმის თქმა, რომ გუბერნატორები რეგიონებში პოპულარული არ არიან, ამომრჩეველს აღიზიანებენ და ამიტომ მათი შეცვლა აუცილებელია. არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ შიდასახელისუფლებო ინტრიგებისთვის ლოგიკური, თუმცა, არა საარჩევნო გათვლით, არამედ შემდგომში ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით.

დასამალი არ არის, რომ გაურკვეველია, დღეს ძალაუფლება ვის ხელშია. სხვადასხვა ჯგუფი, კლანები სხვადასხვა სეგმენტს აკონტროლებენ და ძალაუფლების კონცენტრაცია ვერსად ვერ ხდება. პოლიტიკური პროცესისგან ივანიშვილი გარკვეულწილად დისტანცირებულია, ხელისუფლებაში კი სრული ქაოსია. ხელისუფლებაში მმართველობითი კრიზისი აშკარაა, რაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ სახიფათოა.

- ანაკლიაში, "ჯემ ფესტზე" მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკაზე. ახალგაზრდის დაღუპვა და ფესტივალის ათობით სტუმრის მოწამვლა გახდა საჭირო, რომ სამართალდამცავებს რამდენიმე ნარკორეალიზატორი ანაკლიაშივე დაეკავებინათ. თითქოს ყველამ იცის, რომ თბილისურ კლუბებში იოლად შეიძლება კლუბური ნარკოტიკის შოვნა, თუმცა, სახელმწიფო, რომელიც ერთი შეხედვით რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ატარებს, ამაზე თვალს ხუჭავს.

- გეთანხმებით, ვითარება ძალიან მძიმეა. ერთი მხრივ, ვუყურებთ პლაკატურ ბრძოლას ნარკოტიკებთან, მაგრამ ამასთან, ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ბრძოლა, ძირითადად, მომხმარებლებთან მიმდინარეობს. სანამ მომხმარებლამდე თუ წვრილმან რეალიზატორამდე მივა ნარკოტიკი, განსაზღვრულ გზას გადის. სწორედ აქ ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვები. ასეთ პატარა ქვეყანაში, მით უფრო ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, ყველამ კარგად იცის, ვინ არის ნარკობარიგა, საიდან მოაქვს, სად მიაქვს, საიდან ყიდის. თუმცა, სამართალდამცავები ამას არ იმჩნევენ. ეს ხალხი ხელშეუხებელ კასტად იქცა. თან ეს ხდება მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე კაცი დაიჭირეს მოხმარებაზე და მერე ძალიან უცნაურად გამოუშვეს ციხიდან. თუ მოხმარებისთვის კაცს იჭერ, ის ხომ ამ ნარკოტიკს სადღაც ყიდულობს, რატომ არავინ ეძებს ამ უბედურების სათავეს?!

შესაძლებელია ვითარდებოდეს ასეთი ვერსიაც - როდესაც არ შეგიძლია რაღაცას მოერიო, შენვე ცდილობ, მოექცე სათავეში... არ გამოვრიცხავ, რომ არსებობენ ძალაუფლებისგან არცთუ შორს მყოფი პირები, რომლებიც სწორედ ამ მარტივი ლოგიკით კურირებენ ამ საკითხებს.

ლოგიკა ასეთია: ნარკობიზნესი მაინც იქნება და ჯობს იყოს კონტროლირებადი და ეს კონტროლი ჩვენ თვითონ გავუწიოთო...

შესაძლოა, ეს ლოგიკა ვიღაცისთვის მისაღებია, მაგრამ როგორც კი ხვდები სფეროში, სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ზღვარს კარგავ და იწყება ძალაუფლების დანაშაულთან შეზრდა. ეს სიმსივნესავით დაავადება მეტასტაზებად ვრცელდება, მით უფრო, თუ ზოგიერთს ხელში "ნარკონარუშილოვკა" უჭირავს. ამას ერთ-ერთ ვერსიად გთავაზობთ, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

თუ ადამიანებს უთვალთვალებენ მოხმარების გამო და აკავებენ კიდეც, ნარკობარიგებს რატომ ვერ პოულობენ?!

სიმკაცრე ამ პროცესში ისევ და ისევ ნარკობიზნესის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც უფრო მკაცრია რეგულაციები, მით რთულია "საქმე" და ფასიც იმატებს.

ხელისუფლებამ ძალიან დაბეჯითებით უნდა აგვიხსნას, რა ხდება. ნარკობარიგები ციხეში უნდა ვნახოთ! უნდა ვნახოთ, რომ ამ ბოროტების სათავეს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

- ისევ "ჯემ ფესტზე" მინდა გკითხოთ, რომლის არაორგანიზებულობასა და არასწორად დაგეგმილ პროგრამაზე ყველა ჩივის, არადა, როგორც ირკვევა, ეს ფესტივალი სახელმწიფოს დიდი ფული დაუჯდა.

- ფესტივალები უნდა ტარდებოდეს, ოღონდ იქ ხელისუფლების ერთადერთი მოვალეობა უნდა იყოს წესრიგის დაცვა. კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ასეთ საეჭვო ტიპის ღონისძიებებს აფინანსებდეს, ისევე როგორც არ უნდა აფინანსებდეს კონცერტებს და სხვა ამგვარ კომერციულ პროექტებს. ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა და "ქართული ოცნებაც" იმავე გზას აგრძელებს. ნებისმიერი კომერციული პროექტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კატეგორიულად მიუღებელია!

ნათია დოლიძე