"უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს"
21-08-2017
"უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს"
"კრემლში კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში ამ ტიპის არეულობა დომინოს პრინციპით გადაეცემა ჩრდილო კავკასიასაც, რაც რუსეთს აუცილებლად მოუტანს

"ვინ ვის ებრძვის, გაუგებარია, არადა, ტერორიზმი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც საერთო ძალით უნდა დაუპირისპირდნენ!"


2017 წლის 17 აგვისტოს ტერორისტების სამიზნე გახდა ესპანეთი, ქალაქი ბარსელონა, სადაც ტურისტებით სავსე მოედანზე მიკროავტობუსი შევარდა და 14 კაცი იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი ასზე მეტია. სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" შევიწროების შემდეგ, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ევროპას შეიძლება ტერაქტების ახალი
ტალღა დაატყდეს თავზე. გვესაუბრება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- ეს ტერაქტების ახალი ტალღის დასაწყისია თუ არა, ამის თქმა ძნელია. ესპანეთში მომხდარი ერთი ჯაჭვის მორიგ რგოლს ჰგავს, მით უფრო, რომ იმ ხელწერით გაკეთდა, რაც ბოლო დროს ევროპის ტერიტორიაზე ჩატარებულ ტერაქტებს ახასიათებს, ანუ სასიკვდილო იარაღად ავტომანქანა
გამოიყენეს.
ისმის კითხვები: რატომ ვერ უმკლავდებიან მსოფლიოს თითქოსდა ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები ტერორიზმს? რა უშლით ხელს ამ ბრძოლაში? რატომ ვერ უპირისპირდება სათანადოდ ცივილიზებული, კარგად შეიარაღებული და პროფესიონალი სპეცსამსახურების მქონე ევროკავშირი ამ საფრთხეებს?
იმ რამდენიმე მთავარ მიზეზზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც, ჩემი აზრით, ტერორიზმთან ბრძოლას უშლის ხელს.
მათგან ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ტერორისტულ ჯგუფებს თვითონ ქმნიდნენ და იყენებდნენ.
ამის არაერთი მაგალითი გვაქვს აშშ-ის, რუსეთის თუ თურქეთის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელშემწყობი ქვეყანა იყო და ამ გზით ცდილობდა ქურთული დაჯგუფებების შევიწროებას. აღარაფერს ვამბობ აშშ-ის გრძელვადიან ტაქტიკაზე, როდესაც ასეთ ჯგუფებს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.

ტრამპის ვიზიტი არაბულ ქვეყნებში იმითაც იყო საინტერესო, რომ არაბულ სახელმწიფოებს სთხოვა, გაერთიანდნენ და შექმნან ტერორიზმთან საბრძოლველად ერთგვარი არაბული ნატო. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ქვეყნების დიდი ნაწილი თავად გვევლინება ტერორიზმის დამფინანსებლად რეგიონში. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამ პროცესში ჩართულია გაზისა და ნავთობის საბადოების გაკონტროლების საკითხი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აძნელებს ტერორიზმთან ბრძოლას, ის არის, რომ დასავლურ ქვეყნებს ამ ბრძოლაში არა აქვთ ერთნაირი მიდგომები. ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად საჭიროა ერთიანობა. დღეს აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები ბევრი მიმართულებით სხვადასხვა მხარეს იხედებიან და სხვადასხვანაირად ხედავენ მიგრაციასთან თუ სხვა პრობლემებთან გამკლავების გზებს.
ამასთან, დასავლეთის ქვეყნებს ტერორიზმისადმი გაორებული მიდგომები აქვთ, რაზეც საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ეს გამოიხატება იმაში, რომ ბებერი ევროპის ქვეყნებს, მაგალითად, გერმანიას, ხელს აძლევს კიდეც მიგრანტების ქვეყანაში შეშვება და ამით არცთუ სახარბიელო დემოგრაფიულ პერსპექტივაში მუშახელის მობილიზება.

უკონტროლო მიგრაცია (ბოლო ორი წლის განმავლობაში მილიონობით ლტოლვილი შევიდა ევროკავშირში), ბუნებრივია, ზრდის ტერორისტების უკონტროლო შეღწევის რისკს.

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი - ამ ბრძოლაში ყველას თავისი მიზნები აქვს, შესაბამისად, ამა თუ იმ ჯგუფის საქმიანობას თავისებურად აფასებენ. მაგალითად, ქურთული დაჯგუფებები თურქეთისთვის ტერორისტული ორგანიზაციებია, აშშ-ისთვის კი ასადის ყველაზე მისაღები ოპოზიცია.
ერთადერთი, რაზეც ყველა შეთანხმდა, "ისლამური სახელმწიფო" და მისგან მომავალი ტერორისტული საფრთხეებია. ამავე აზრისაა ახლა თურქეთიც, ოღონდ ეს მანამდე ვერ მოხდა, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზეც ამ ორგანიზაციამ ტერაქტების მოწყობა არ დაიწყო.
აქედან გამომდინარე, რადგანაც ტერორისტული ორგანიზაციების შეფასებაში ქვეყნები ვერ თანხმდებიან, მათთან ბრძოლის ტაქტიკაც განსხვავებულია. ვინ ვის ებრძვის, გაუგებარია, არადა, ტერორიზმი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც საერთო ძალით უნდა დაუპირისპირდნენ!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ზემოქმედების უკონტროლო საშუალებებია, რამაც თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით შეაღწია ევროპაში. ამ გზით ხდება ევროკავშირის ქვეყნების მუსლიმანი მოქალაქეების ზომბირება.

- კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერაყსა და სირიაში შევიწროების შემდეგ, მეტად გაიზარდა ტერაქტების რისკი ევროპაში.
- დიახ, ამ საფრთხეს ზრდის არა მხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებული აზიური ან აფრიკული ქვეყნების მოქალაქეების ევროპის ტერიტორიაზე შეღწევის რისკი, არამედ ევროკავშირის ქვეყნებიდან წასული და ტერორისტთა რიგებში ჩამდგარი მუსლიმანი მოქალაქეების დაბრუნების რეალური საფრთხეც. სხვადასხვა მონაცემის შეჯერებით, ევროპის ქვეყნების დაახლოებით 5000 მოქალაქე ჩაეწერა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რიგებში. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა ევროპაში ან მომავალში დაბრუნდება.
გარდა ამისა, ევროკავშირს უდგას ის პრობლემაც, რომ არ ჩანს გზა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მილიონობით მუსლიმანის ინტეგრირება ევროპელ საზოგადოებებში.

- მაშინ, როდესაც ვხედავთ, როგორ იცვლება მსოფლიო, ხომ არ მოძველდა არსებული უსაფრთხოების სისტემები?
- დიახ, ესეც არის პრობლემა. მაგალითად, ნატო უფრო ტრადიციული ომისთვის სამზადისში აშკარად ნაკლებად მომზადებული შეხვდა ამ ასიმეტრიული ომის გამოვლინებებს, ტერორიზმის საფრთხეებს, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომების მომძლავრებას. ეს მაშინ, როდესაც ამ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის პიონერებად ითვლებიან აშშ და ნატოს სხვა სახელმწიფოები.

კიდევ ერთი მიზეზია სტაბილურობითა და ბურჟუაზიული კმაყოფილებით ევროპის ტკბობა, რასაც ვერ ელევიან. იმდენ ხანს იცხოვრეს ეკონომიკურ კეთილდღეობაში, რომ საფრთხის შეგრძნება მოუდუნდათ, მოუდუნდათ ის ჩვევები, რითაც საკუთარი სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა დაიცვან.
როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, ევროპელი საზოგადოებები თანამედროვე გამოწვევების წინაშე ისეთი ერთიანი ვეღარ არიან, როგორიც იყვნენ 30-40 წლის წინათ. ამაზე უდიდეს გავლენას ახდენს საინფორმაციო ომები, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა და ა.შ. რაც უფრო გაიხსნა მსოფლიო, მით მეტად გაფართოვდა საფრთხეების არეალიც.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ დროს, როდესაც არასტაბილურობამ მოიცვა როგორც ჩვენი რეგიონული სივრცე, ასევე ევროკავშირი. ამ ვითარებაში ჩვენთვის სტაბილურობის შენარჩუნება შეიძლება ძალიან ბევრი ბენეფიტის მომტანი იყოს.

- ემუქრება თუ არა ამ ეტაპზე საქართველოს ტერორიზმი და მის რა სიმპტომებს უნდა ვუფრთხილდეთ?
- ამ ეტაპზე საქართველო მაღალი რისკის ქვეყნებში, საბედნიეროდ, არ შედის. თუმცა, თეორიული საფრთხე ყოველთვის არსებობს, მათ შორის იმისაც, რომ ტერორისტული საფრთხე წამოვიდეს არა ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების, არამედ რუსეთისგან. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში გადაწყვიტეს, რომ საქართველოში არეულობა სჭირდებათ. თუმცა, ვფიქრობ, კრემლში კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში ამ ტიპის არეულობა დომინოს პრინციპით გადაეცემა ჩრდილო კავკასიასაც, რაც რუსეთს აუცილებლად მოუტანს უმძიმეს შედეგებს.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შორის ათასობით ჩრდილოკავკასიელია, მათი დაბრუნება ასევე დიდი საფრთხეა რუსეთისთვის.
ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში სხვადასხვა დროს წასული ასამდე საქართველოს მოქალაქეც არის, მათი დაბრუნება ასევე დიდ გამოწვევად შეიძლება იქცეს საქართველოს ხელისუფლებისთვის.

კიდევ ერთ რისკ-ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ეს არის ვაჰაბიზმისა და აგრესიული ისლამის თეორიის სწრაფი შემოღწევა ქვემო ქართლსა თუ აჭარაში. ეს საკითხიც ჩვენი სპეცსამსახურების მაქსიმალური ყურადღების საგანი უნდა იყოს და ჩვენი მოქალაქეების იდეოლოგიური "დამუშავება" არ დაუშვას.
მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს ტერორიზმის დამფინანსებელი ან ტერორიზმთან დაკავშირებული ქვეყნებიდან საქართველოში ფულის შემოდინებისას. ვფიქრობ, ფულის ნაკადების გაკონტროლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
მაგალითად, ისეთი ქვეყნიდან, როგორიც ირანია, რომელიც საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ბოლო წლებში გაათმაგდა ინვესტიციების შემოსვლა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ Wall Street Journal-ი წერდა, რომ 2010-2012 წლებში საქართველოში რეგისტრირებული ირანული ფირმების რიცხვი 100-იდან 1500-მდე, 15-ჯერ გაიზარდა. გამოცემის ინფორმაციითვე, ამ კომპანიების ნაწილი ფინანსურ კავშირში იმყოფებოდა ირანის შეიარაღებულ ძალებთან, რაც ძალიან საყურადღებო რამ არის.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანულ ინვესტიციებზე საქართველომ უარი თქვას, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თორემ კარჩაკეტილობა არაფრისგან არ დაიცავს არც ადამიანს და არც სახელმწიფოს.

ამასთან, არანაკლები პრობლემაა ანტიმუსლიმანური ისტერიკის მოძალება, რასაც ბოლო ხანს ქართულ სოციალურ ქსელებში ვნახულობთ. ეს დიდი პრობლემაა. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ აღმოსავლეთისთვის საქართველო არის ევროპის კარიბჭე პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო კუთხით. ამ უკანასკნელის მიმართულებით უფრო დიდი პერსპექტივები გვაქვს, მით უფრო, თუ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მართლაც აშენდა. ასეთ შემთხვევაში საქართველო საგანმანათლებლო მაგნიტი იქნება აღმოსავლური სამყაროსთვის. თუ ამ ფუნქციაზე თავადვე ვთქვით უარი, დამერწმუნეთ, არავინ მოგვეძალება, მაგრამ ამით ვიტყვით უარს სტაბილური განვითარების ისტორიულ შანსზეც.

რა თქმა უნდა, დასავლური გზა არის ის, რის გარეშეც საქართველოს ხვალინდელი დღე ვერ ექნება, მაგრამ, იმავდროულად, ღმერთმა გვაჩუქა ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიად შეიძლება იქცეს და ეს უნდა გამოვიყენოთ.
საქართველო არის და უნდა იყოს დასავლური სამყაროს ნაწილი, დასავლური კურსის ქვეყანა, აღმოსავლეთისთვის კი სწორედ ეს არის მომხიბლავი, მისი ისტორიული ფუნქცია, რომელზეც უარის თქმა ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.

- გასულ კვირას სკანდალად იქცა აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსი პრანკერი თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაქოვის სახელით ესაუბრება. ნამდვილია თუ არა საუბრის შინაარსი, არავინ იცის, თუმცა, ის შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის ექსტრადირებაზეც თითქოსდა მღებრიშვილი უარს ამბობს.
- ვერაფერს ვიტყვი, რამდენად რეალურია ჩანაწერი და მისი შინაარსი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა - ცხადია, ამ ყველაფერში იგრძნობა რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ეს სატელეფონო"ხულიგნები სხვა დროსაც ამტკიცებდნენ, რომ რომელიღაც მაღალჩინოსანი გააბეს მახეში. მღებრიშვილი ისეთ ვარსკვლავებს შორის მოხვდა, როგორიც არიან თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, ბრიტანეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის წევრები და ა.შ.
ჩემი აზრით, ეს სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე არ დადგმულა, ამას კი მრავალი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, უპირველესად, ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერების თუ სპეცსამსახურის დისკრედიტირება.

- ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი კვლავ აქტუალური თემაა. უმთავრესად, ეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს შეეხება. ხელისუფლებამ ამ საკითხზე შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, თუმცა, ვერაფერზე შეთანხმდნენ. ოპოზიციის ნაწილი კვლავაც ითხოვს 2020 წელს არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას, ხელისუფლების შეთავაზების პაკეტში კი აღმოჩნდა ისეთი საკითხიც, როგორიცაა მომავალ არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის სრულად გაუქმება.
- ორიოდე სიტყვით შევეხები საკითხს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა - იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში თითქმის ყველა ხელისუფლების დროს მაჟორიტარების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებით იყო დაკავებული და ამა თუ იმ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ვაჭრობის საგნად ჰქონდათY გადაქცეული - თითო ხმის ნაცვლად თითო ტენდერში გამარჯვება, წილის მიღება და ა.შ. შეიძლება, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ დიდ ნაწილზე ნამდვილად. ამ ნაწილისთვის პარლამენტი ქარვასლაა, სადაც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ ამომრჩევლის ინტერესს.

საერთაშორისო პრაქტიკით ეს სულაც არ არის მოძველებული და ცუდი სისტემა. მაჟორიტარული წესი არის ძლიერი ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების საფუძველი, რისი მაგალითები არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი.
ჩვენთან ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენში ყველა ხელისუფლებისთვის მაჟორიტარები იყვნენ მანიპულაციის საუკეთესო საშუალება.
პროპორციულ სიებსაც აქვს ნაკლი, მაგრამ ვფიქრობ, ამ სისტემის შემთხვევაში ამომრჩევლის ინტერესები უკეთესად იქნება დაცული.
რაც შეეხება, მომავალი არჩევნების უბარიერო სისტემით ჩატარებას, ეს მხოლოდ გააცოცხლებს მკვდარ პარტიებს და ფულზე დახარბებულებს შეიყვანს პარლამენტში.

ჩვენ მივიღებთ ფორმალურად მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც რამდენიმე პარტია თითო კაცით იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა ისევ "ქართულ ოცნებას" ექნება, პარლამენტი კი უფრო დიდ ქარვასლად გადაიქცევა.
ეს თითო კაცით წარმოდგენილი პარტიები ან ბითუმად მიეყიდებიან მმართველ პარტიას, ან კონკრეტულ კანონპროექტზე გამართავენ ვაჭრობას.
ჩვენში პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა საკუთარი თავი ლიმონივით გამოწურა. ეს ცხადყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ახლა ეს უბარიერო სისტემა ამ ისტორიას ჩაბარებული ადამიანებისთვის, რომელთაც რესურსი აღარ აქვთ, პოლიტიკის საშუალებით ბიზნესგარიგებებში დაბრუნების საშუალება იქნება. ეს ხელისუფლების ყოვლად გაუმართლებელი შეთავაზებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალ თაობას პოლიტიკაში ისევ გადაეკეტება გზა.
საქართველოსთვის პროპორციული სისტემა, 5%-იანი ბარიერით, ამ ეტაპისთვის ყველაზე ოპტიმალურია.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით