"ობამამ უკვე დაიწყო პრევენციული განცხადებების გაკეთება" - კვირის პალიტრა

"ობამამ უკვე დაიწყო პრევენციული განცხადებების გაკეთება"

"ოპოზიცია კომპრომატების ძიებით ვერ გამოირჩევა"

საქართველო წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრებას აგრძელებს. ჯერჯერობით ეს "ცხოვრება" უჩვეულოდ მშვიდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქართველი თუ უცხოელი მიმომხილველები ერთხმად ალაპარაკდნენ რუსეთის ბოროტ ზრახვებზე, "მოძმე ამერიკელთაგან" საქართველოს მიტოვებასა და ევროპისგან დავიწყებაზე. მხოლოდ ჰიპოთეზების ამარა, რისიმე გადაჭრით თქმა ძნელია.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რასაც ფაქტის სახე აქვს: პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს განუცხადა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის  ხელის შემშლელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ამას მალევე მოჰყვა მაკკეინის გულისამაჩუყებელი წერილი, სადაც სენატორი ამერიკისგან საქართველოს ღალატზე წუხდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი წერილი, რომელიც "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ საქართველო არსებითად მიატოვა და რუსეთს მწვანე შუქი აუნთო პროვოკაციული ქმედებების გასაგრძელებლად. კრამერის თქმით, ობამას პოლიტიკა უფრო ინტერესებზეა აგებული, ვიდრე ღირებულებებზე. ასეა თუ ისე, არჩევნებიც კარს მოგვადგა და ვის რა ზრახვები აქვს, მალე გამოჩნდება. მანამდე კი საქართველოსა და მის გარეთ არსებულ ვითარებაზე პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- თვითმმართველობის არჩევნების წინ რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელთა თანახმად, ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. რამდენად რეალურია, თქვენი აზრით, ამ კვლევების პასუხები.

- იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა მეტ-ნაკლებად ერთნაირ შედეგს გვიჩვენებს, იმის თქმა შეიძლება, რომ რეალურია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობა როგორც პარტიულ, ისე მერობის კანდიდატთა დონეზე. შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ ლიდერობის კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლები, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების სურათი თვისებრივად შეიცვალოს.

აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც განსაკუთრებით აპელირებენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები: ხაზი ესმება იმას, რომ რესპონდენტები სოციოლოგიურ გამოკითხვებში არ ამჟღავნებენ თავიანთ რეალურ არჩევანს, არ არიან გულწრფელები, რადგან ეშინიათ, რომ მათ გულწრფელობას შეიძლება არასასიამოვნო გართულებები მოჰყვეს. არ მინდა იმის თქმა, რომ ასეთი განცხადებები მთლიანად უსაფუძვლოა.

რასაკვირველია,  შეშინებული (თუ დაშინებული) ელექტორატიც არსებობს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის ტოტალური ტენდენცია, რაც გამოკითხვების შედეგებს და რეალურ განწყობებს ერთმანეთისგან პრინციპულად დააშორებს. არაგულწრფელ პასუხთა გამო გამოწვეული ცდომილება არა მგონია 5-7%-ს აღემატებოდეს.

სოციოლოგიური გამოკითხვების ობიექტურობის საუკეთესო "ლუსტრაცია"  არჩევნების შედეგები იქნება. თუ აღმოჩნდა, რომ არჩევნებმა გამოკითხვების საწინააღმდეგო ტენდენციები აჩვენა, რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება: ა) ამომრჩეველი მართლაც დაშინებულია, ჩვენ ტოტალიტარულ გარემოში ვცხოვრობთ. შესაბამისად, გამოკითხვების ჩატარება პოლიტიკურ რეიტინგებზე აზრს კარგავს, რადგან პოლიტიკური სოციოლოგიური კვლევები ეფექტური მხოლოდ დემოკრატიული გარემოს პირობებში შეიძლება იყოს; ბ) კვლევითი კომპანიები არაკვალიფიციურია, რაც ან იმაში გამოიხატება, რომ ისინი წმინდა პროფესიულ სტანდარტებს არღვევენ, ან იმაში, რომ ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან და რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.

არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, - ამომრჩეველი ისეა დაშინებული, რომ ინტერვიუერებს სხვას პასუხობენ და საარჩევნო ყუთებთან სხვანაირად მოიქცევიან. არც იმის თქმა შემიძლია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ისეთ კვლევით კომპანიებთან თანამშრომლობენ, რომლებიც ძალიან სცოდავენ პროფესიული თვალსაზრისით. საერთოდ, უკვე წესად იქცა, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საქართველოში მხოლოდ ისეთ გამოკითხვებს და არჩევნებს ენდობა და აღიარებს, სადაც მათი რეიტინგები მაღალია. თითქმის არავის სურს რეალობისთვის თვალის გასწორება.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი განწყობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას, რომლისთვისაც უცხო არ არის საარჩევნო ბიულეტენებით მანიპულირება და საარჩევნო ოქმების გადასწორება.

რაც შეეხება იმას, განიხიბლა თუ არა საზოგადოება ოპოზიციით, ფართო თემაა და სერიოზულ ანალიზს მოითხოვს. მოკლედ პასუხი მარტივია - დიახ, ხელისუფლების პოლიტიკური "წონის" მომატებაში დიდი როლი ითამაშა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა არარაციონალურმა ქმედებებმა.

ოპოზიციამ ხმები დაკარგა მის მიმართ ფრუსტრირებულ ამომრჩეველთა ხარჯზე, ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ისევ ერთმანეთს  (და არა ხელისუფლებას) წაართმევენ ხმებს არჩევნებში.

- 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ და აღლუმმა მხოლოდ მოკლევადიანი პროტესტი გამოიწვია - ქართულ მედიაში ამაზე აღარ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, მიმდინარეობს აქტიური მზადება 26 მაისის აღლუმისთვის. თქვენი აზრით, არის კი საჭირო, თუნდაც "ეროვნული ფსიქოთერაპიის" თვალსაზრისით, დამარცხებული ქვეყნისთვის აღლუმი? ზოგადად, რა აზრის ხართ, "ეროვნულ ფსიქოთერაპიაზე", როგორც მოვლენაზე, რომლის პირველ გამოვლინებად, ალბათ, მოდელირებული "ქრონიკა" უნდა ჩაითვალოს? რა ასახვას პოვებს ეს ყველაფერი სოციუმზე?

- იმას, რასაც თქვენ დასახელებულ კონტექსტში "ეროვნული ფსიქოთერაპია" უწოდეთ, მე "საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირებას" დავარქმევდი. თერაპია, ზოგადად, გაჯანსაღებას ნიშნავს. ესა თუ ის ქმედება თერაპიული ფუნქციის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც ის შესაბამისობაშია რეალობასთან.

მოდელირებული "ქრონიკა" იყო იდეოლოგიური ტყუილი, რომელსაც რეალობასთან ცოტა  რამ აკავშირებდა. ზუსტად ასევე, 26 მაისის აღლუმი ქართული არმიის ძლევამოსილების ყალბი პროპაგანდა იქნება. ამდენად, ასეთ აქციებს მხოლოდ ნარკოტიკული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

ნარკოტიკებს კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სიტუაციური სიამოვნება (ან თერაპია) მოაქვს, რეალურად ისინი პათოლოგიურ მდგომარეობას აღრმავებენ. აქ ერთადერთი იმედი ისაა, რომ საზოგადოებაა თავად რეზისტენტული ასეთი კვაზითერაპიის მიმართ. ეს კარგად დაგვანახა მოდელირებულ "ქრონიკაზე" საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფითმა რეაქციამ.

- ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება ხელს არ აძლევს. ცნობილია, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნებზე არ ყალბდება - დიდი მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო პერიოდსაც. შეიძლება თუ არა, თანაბარ პირობებად ჩაითვალოს მოცემულობა, როდესაც უგულავას უკან სახელმწიფო მანქანა და სახელმწიფო თანხებით აშენებული ხიდები თუ სკვერებია, დანარჩენები კი მხოლოდ მეორე არხის მიკროფონის ამარაღა არიან?

- რასაკვირველია, წინასაარჩევნო ბრძოლა უთანასწოროა და ამ ბრძოლაში უგულავა შეუდარებლად მეტი ფინანსური და მედიარესურსებით არის ჩართული. მთავარი "დამნაშავე" აქ საარჩევნო კანონმდებლობის ის ხარვეზია, რომლის თანახმადაც, მოქმედ მერს არ უწყდება უფლებამოსილება წინასაარჩევნო პერიოდში.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი საცურაო აუზს ისანი-სამგორის რაიონში ოფიციალურად ხსნიან და ნაციონალური ტელეარხები ამაზე გრძელ სიუჟეტებს გადასცემენ, სადაც უგულავას ფიგურა წინა პლანზეა, ეს, ცხადია, მას საარჩევნო აქტივში ეწერება.

თუმცა, ფორმალურად, ეს არ ითვლება წინასაარჩევნო რეკლამად, რადგან თბილისის მერი თავის მოვალეობას ასრულებს. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ფასიანი რეკლამების გაშვებისთვის ყველაზე მეტი ფინანსები უგულავას აქვს, შედეგად ვიღებთ, რომ უგულავა გაცილებით ხანგრძლივად იმყოფება ტელეეთერში, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი.

მოგეხსენებათ, გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით მიმდინარეობს ტელეარხების წინასაარჩევნო საქმიანობის მედიამონიტორინგი, რომელიც, მართალია, პროფესიული კვლევების საფუძველზე კეთდება, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ასახავს რეალობას, - არა აქვს უფლება, გიგი უგულავას, მერობის ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქმიანობის გაშუქება წინასაარჩევნო აგიტაციის ნაწილად, კერძოდ, "ფარულ რეკლამად" მონათლოს.

ოპოზიციის ამოცანა ისაა, რომ ამ ობიექტურ "სიკეთეებს" მერიის საქმიანობის კომპრომატები დაუპირისპიროს, რომლებიც ასევე ობიექტურ ინფორმაციაზე იქნება დაყრდნობილი, თუმცა ასეთი კომპრომატების ძიებით ოპოზიცია დიდი სიყოჩაღით არ გამოირჩევა.

- ხომ არ გადაიქცა თვითმმართველობის არჩევნები უბრალოდ, დაპირებათა შეჯიბრებად, რომლის დროსაც "დამპირებლები" არც კი ფიქრობენ დანაპირების რეალურობაზე?

- წინასაარჩევნო კამპანია ყოველთვის დაპირებათა "დოღია". მთავარი აქ ისაა, რომელი დაპირება ჟღერს რეალისტურად და რომელი - პოპულისტურად. ამ თვალსაზრისით, ყველაზე სარისკოდ "ქრისტიან-დემოკრატების" სლოგანი გამოიყურება. ერთი მხრივ, ეს სლოგანი აშკარად იგებს კონკრეტულობის გამო, თანაც კავშირშია იმ პრობლემასთან, რომელიც დღეისათვის მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ მწვავე პრობლემადაა მიჩნეული (მაღალი კომუნალური გადასახადები).

სწორედ ამითაც უნდა აიხსნას "ქრისტიან-დემოკრატების" მზარდი რეიტინგი ბოლო თვეებში. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი დაპირება უთუოდ შეიცავს პოპულიზმად ჩათვლის საშიშროებას. რაც შეეხება სხვა დაპირებებს, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი აცდენილია მათ ავტორთა პოლიტიკურ თუ პროფესიულ ბიოგრაფიებს. სანიმუშოდ საკმარისია გავიხსენოთ გოგი თოფაძის სლოგანი ("მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს").

მხოლოდ დასაქმების პრობლემით შემოფარგვლა სავსებით შეესაბამება გოგი თოფაძის, როგორც მეწარმის, ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ "აურას". მისგან განათლების ან ჯანდაცვის პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე საუბარი არადამაჯერებელი იქნებოდა. თანაც გოგი თოფაძის გზავნილი პირდაპირ უმიზნებს უმწვავეს სოციალურ პრობლემას, უმუშევრობას. ადეკვატურად მიმაჩნია, აგრეთვე, "ალიანსის" პოლიტიკური ამბიციით გაჟღენთილი სლოგანი "ჩვენ შევცვლით". ირაკლი ალასანიას არასოდეს ჰქონია "მეურნის" იმიჯი, მასში ამომრჩევლები უფრო გლობალურ პრობლემებზე მომართულ პოლიტიკოსს ხედავენ, რაც აისახა კიდეც ალასანიას წინასაარჩევნო სტრატეგიაზე.

- კონგრესისადმი  მიმართვაში ობამამ რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა ითხოვა და იქვე, განაცხადა, რომ "სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელის შემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისთვის" - ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთს დაუთმო - როგორც ამის შესახებ ბოლო დროს საუბრობენ ქართველი თუ უცხოელი მიმომხილველები? აქვე, საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს",   მოსკოვის საავიაციო და რუსეთის მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებს სანქციები მოუხსნა...

- როგორც მოვლენათა ბოლო წლის განვითარება გვიჩვენებს, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები (განსაკუთრებით, ევროპული, თუმცა, ახლა ასეთი ტენდენცია ამერიკის ხელისუფლებაშიც ყალიბდება) რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას და მასთან პარტნიორული გზების ძიებას პრიორიტეტს ანიჭებენ იმასთან შედარებით, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის დაამუნათონ და მასთან კავშირების შესუსტებაზე (აღარაფერს ვამბობ, გაწყვეტაზე) იფიქრონ. რუსეთის პოზიტიური მონაწილეობა ბევრი გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში მსოფლიოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი იმპერიული ამბიციების მოთოკვა.

ამერიკულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სტატიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თეთრი სახლისთვის არაპროგნოზირებადი პარტნიორია, რომელიც ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირების პროვოცირების მუხტს ატარებს.

ცხადია, ამ მუხტის გაღვივება არ აძლევს ხელს ამერიკის ადმინისტრაციას. ამიტომ, ობამამ უკვე დაიწყო პრევენციული განცხადებების გაკეთება.

რასაკვირველია,  რუსეთთან დასავლეთის დიპლომატიური ურთიერთობის პროტოკოლში ყოველთვის მოიძებნება ადგილი იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს საკითხი უსიამოვნოდ შეახსენონ, მაგრამ ამ შეხსენებას რეალური ძალა მხოლოდ მაშინ მიეცემა, თუ თავად რუსეთისთვის მოჩლუნგდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოზირის გათამაშებით საქართველოს გამწარების მოტივაცია. ასეთი პერსპექტივა ფანტაზიის ნაყოფს, ვფიქრობ, არ უნდა წარმოადგენდეს. ოღონდ, რის ფასად მოინდომებს რუსეთი საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების მხარდაჭერას, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ბოლო დროს ანონსირებული არეულობები არჩევნების შემდეგ, მოსახლობის განწყობების გათვალისწინებით?

- მოსახლეობის გამოკითხვები სტაბილურად აჩვენებს, რომ რევოლუციური განწყობები და არეულობის მოწყობა ძალზე არაპოპულარულია ამომრჩევლებში. მეორე მხრივ, მესმის, რომ ამბოხებების პროვოცირება სიტუაციურად ხდება და წინასწარ ვერასოდეს გეტყვის ამომრჩეველი, როგორ მოიქცევა ეგზალტირებულ მდგომარეობაში. როდესაც ამ ტიპის მზაობის არარსებობაზე ვსაუბრობ, მხედველობაში ის მაქვს, რომ, გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში მონაწილე რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა დარწმუნებულია საკუთარი საარჩევნო ხმის ღირებულებაში და ფიქრობს, რომ ხმის მიცემით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებში მონაწილე თბილისელთა უმრავლესობას არა აქვს მოლოდინი, რომ "არჩევნების შედეგები უკვე წინასწარ დაწერილია".

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებიდან მხოლოდ ერთი - "ეროვნული საბჭო", თანაც ძირითადად ნოღაიდელის გახმოვანებით, საუბრობს მოვლენათა რევოლუციურ განვითარებაზე. თუ "ეროვნული საბჭოს" და, პირადად, ნოღაიდელის უაღრესად დაბალ პოლიტიკურ "წონას" გავითვალისწინებთ, არ არის მოსალოდნელი, რომ მათმა მოწოდებებმა ოპოზიციონერი ამომრჩევლების რევოლუციური მობილიზაცია გამოიწვიოს.

- ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის შესახებ რეზოლუციის მიღების პროცესში, პროექტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად იყო აღნიშნული. თუმცა იმისთვის, რომ რეზოლუციაში ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები" არ შეეტანათ, გადაწყვეტილების მიღების ბოლო წუთებში ევროპარლამენტში რუსეთის გავლენიანი ლობი განსაკუთრებით გააქტიურდა. საბოლოოდ კი, სიტყვა - ოკუპაცია ტექსტში აღარ მოხვდა. როგორ ფიქრობთ, შეუწყო თუ არა ამას ხელი საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ფაქტის ნაადრევად აჟიტირებამ? თუ რუსეთის გავლენა ევროპარლამენტზე უკვე იმდენად ძლიერია, რომ საქართველოს რეაქციებს და არც სიმართლეს მნიშვნელობა აღარ აქვს?

- ამის თაობაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა მხოლოდ გავიმეორებ, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მიმართ რუსეთის უპირობო იძულებას და მასთან ურთიერთობის ჩიხში შეყანას დასავლეთი არ აპირებს. ერთი რამ ცხადია: საქართველოს გამთლიანება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განახლების, ისევე როგორც დაკარგულ რეგიონებთან უშუალო კონტაქტის გარეშე წინ ვერ წავა.

- "რაც მოხდა ბოლო წლებში, არის შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა (თუ არ ვიტყვით, დანაშაულებრივი პოლიტიკა) საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებისა" -  განაცხადა პუტინმა. მანვე აღნიშნა,  კარგის ნიშანია, რომ დიალოგი დაიწყო იმ ადამიანებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ახლოს იყვნენ სააკაშვილთან და რომლებთანაც თავის დროზე რთული იყო საუბარი. ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ რუსეთთან კონტაქტებს უკვე სააკაშვილის გარემოცვაც ეძებს - საქართველოს საგარეო ვექტორი რუსეთისკენ იხრება? არის კი ამისთვის მზად, თქვენი აზრით, მოსახლეობა?

- გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური ორიენტაციები და დასავლური სტრუქტურების მიმართ ნდობა დღეს ყველაზე მეტად არის შემცირებული ბოლო თუნდაც 10 წელთან შედარებით (იგივე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ნატოში გაწევრებას სრულად ემხრობა 26%, მაშინ როდესაც უახლოეს წარსულში ეს მონაცემი უმრავლესობამდე აღწევდა). თუმცა ის, რასაც მოქალაქეები მოითხოვენ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. კარგია, თუ ამისკენ სავალ გზებს დღევანდელი ხელისუფლებაც ეძებს. თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, რომ მას საამისო რესურსი გააჩნდეს.