"ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომ "რუსეთუმე" არ არის..." - კვირის პალიტრა

"ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომ "რუსეთუმე" არ არის..."

"ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მითხრა, ზოგიერთი ჩინოსნის კაბინეტში რომ შევდივარ, ხელსაც აღარ მართმევს, სავარძლისთვის ხელის გაშვება ისე ეშინიაო"

"არ მგონია, რომ მხოლოდ კორუფციაა დღევანდელი საქართველოს უბედურება. კორუფციაზე უარესი ყველა დონეზე პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა..."

გასულ კვირასაც რამდენიმე ხანძრის მოწმენი გავხდით. მათგან მასშტაბური გამოდგა აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ცეცხლი, რომლის ჩაქრობაში კვლავაც დაგვჭირდა მეგობარი ქვეყნების დახმარება. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მომხდარის მიზეზი დივერსიაა. გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. ბოლო კვირებში ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში რამდენად სწორად მოქმედებდნენ ხელისუფლება და საზოგადოება? - ამ კითხვით დავიწყეთ გასული კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- როგორც ვიცი, აგვისტოში საქართველოში 27-მდე დიდი თუ პატარა ხანძარი გაჩნდა. თუ არაკომპეტენტური ადამიანები სპეციალისტებისგან მოვისმენთ, რომ კლიმატურ ცვლილებებსა და აღმოსავლეთ საქართველოში ორთვიან გვალვას შეეძლო ამდენი ხანძრის გაჩენა და ეს დასკვნა იქნება დასაბუთებული, ეჭვის საფუძველი აღარ გვექნება, მაგრამ რადგან ამგვარ არგუმენტაციას ვერ ვისმენთ, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ ეს პროცესები დივერსიული გეგმის ნაწილია. სავარაუდოდ, ამ გეგმას ჰყავს თავისი დამკვეთი და შემსრულებლები - ალბათ, საქართველოში მყოფი ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ ამაში ფულს და ანადგურებენ ქვეყანას იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან ხელისუფლებასა და სახელმწიფოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რასაკვირველია, მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. აღსანიშნავია ერთი რამ: ამ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბუნებას მკვეთრად დაეტყო კლიმატის ცვალებადობა (გავიხსენოთ დევდარაკის შემთხვევა, 13 ივნისის ტრაგედია), ხელისუფლებას პრევენციისაკენ მოუწოდებდნენ. შესთავაზეს სპეციალური ორგანოს შექმნაც, რათა სახელმწიფოს ბუნებრივ კატაკლიზმებთან ქმედითად ებრძოლა.

ახლა ყველაფერს კრიზისების მართვის საბჭოს აბრალებენ, მაგრამ ამ ორგანოს არც გადაწყვეტილებების მიღების და არც მათი განხორციელების ბერკეტები აქვს. ეს არის უფრო ანალიტიკური ხასიათის საბჭო, რომელმაც რეკომენდაციები უნდა მისცეს მთავრობას.

ის, რომ კრიზისთან ბრძოლის როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, სერიოზულ პრობლემას წარმოშობს, რაც ბოლოდროინდელმა ხანძრებმაც აჩვენა. შედეგად დავინახეთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის პირველ დღეებში მთავრობა აშკარად დაბნეული იყო და ვერც მოახერხეს საჭირო რეაგირება. ასეთი გამოწვევებისთვის არ ვიყავით მზად, არადა, უნდა ვყოფილიყავით. აგერ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი აიღეთ... მათ შექმნეს განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, რომელიც მუშაობს სხვადასხვა საფრთხის - მათ შორის სტიქიური უბედურებების - როგორც პრევენციის, ასევე აღმოფხვრისათვის, აღჭურვილია შესაბამისი უფლებებითა და ტექნიკური საშუალებებით.

ყველაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტექნიკური საშუალებები მწირია. ბორჯომის ხანძრისგან განსხვავებით, აბასთუმანში ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში გამოჩნდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის მაღალი დონე. ამ ბაზაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, საჭიროა ახალი სისტემის შექმნა, რომელიც ამგვარ გამოწვევებს უპასუხებს. ეს უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან, როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინის დრო საქართველოს არ აქვს!

რაც შეეხება საზოგადოებას, ვფიქრობ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქცია, სამწუხაროდ, არაადეკვატური იყო. ეს ისეთი ტიპის კატასტროფაა, როდესაც მთელი ერი უნდა იყოს მობილიზებული მის სალიკვიდაციოდ და არ არის საჭირო ხელისუფლების ლანძღვა-გინება, პოლიტიკური ქულების ჩაწერის ცდა და დაპირისპირებების ინსპირირება. ასეთ ვითარებაში მაინც არ არის საჭირო ერთმანეთის დაჭმა! შესაბამისად, ის, რაც ხდებოდა სოციალურ ქსელებში და რასაც ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავდა, იყო სრულიად მიუღებელი.

თუმცა იყო ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ხმაურისა და ყაყანის გარეშე მიაშურა კატასტროფის ადგილებს და სპეციალისტებს დახმარება შესთავაზა, რაც მისასალმებელია.

- როგორც აღმოჩნდა, არსებობს 2017 წლის იანვარში მიღებული დოკუმენტი - მთავრობის დადგენილება #4, რომელსაც ამ ნომერში ჩვენი მკითხველი დეტალურად გაეცნობა. ამ დოკუმენტში სხვადასხვა მოსალოდნელი საფრთხეა განხილული და დასახულია პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის - სახანძრო უსაფრთხოების კუთხითაც, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ ამისთვის საჭირო თანხა ვერ გამონახა...

- ამ დოკუმენტის თაობაზე მეც "კვირის პალიტრით" შევიტყვე და მიმაჩნია, რომ თუ ასეთი დოკუმენტი არსებობდა, მისი შეუსრულებლობა დიდი შეცდომაა. სავარაუდოდ, ეს დივერსიაც რომ ყოფილიყო, მაინც მოხერხდებოდა პრევენციაც და მისი დროული აღმოფხვრაც. ხელისუფლებაც უფრო შედეგიანად იმოქმედებდა...

როგორც ჩანს, ვიღაცამ მიიჩნია, რომ ამაზე თანხის დაზოგვა შეიძლებოდა და როგორც ბევრი მნიშვნელოვანი რამ, ესეც დაივიწყეს, არადა, ასე არ შეიძლება, რადგან კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა - მთელ მსოფლიოში ხდება სტიქიური უბედურებები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო დაზარალდა. ბევრი რამის თვიდან აცილება შეიძლებოდა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის პირველივე დღეს რომ გვყოლოდა არა ერთი ვერტმფრენი, არამედ სამი ან ოთხი.

მე კიდევ რა მაწუხებს, იცით? როდესაც ამგვარი გამოწვევების პრევენციაზე ვლაპარაკობთ და ვხედავთ, სახელმწიფო რაოდენ მოუმზადებელია, რა ზომებს შეიძლება ვიღებდეთ უფრო დიდი საფრთხეების საპასუხოდ? მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების აგენტურა და ა.შ.

თუ იქ დაუშვეს შეცდომა და მიღებული დოკუმენტის მიხედვით არ იმოქმედეს, სხვა შემთხვევებშიც იმავეს ხომ არ აკეთებენ, უფრო დიდ შეცდომებს ხომ არ უშვებენ?!

- კვლავაც დიდი მითქმა-მოთქმაა ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის თაობაზე. პრემიერის თქმით, სტიქიასთან ბრძოლისთვის მას რეზერვში ყველა ბერკეტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ისმის კითხვა: თავდაპირველად რატომ დამალა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია?

- კარგად არც ვიცით, რა მოხდა. როგორც მე გავიგე, ხელისუფლებამ რუსეთს გაუგზავნა არა დახმარების თხოვნა, არამედ კითხვა, რა ტიპის ტექნიკა აქვს რუსეთს ხანძარსაწინააღმდეგოდ, თუ მისი დახმარება დაგვჭირდებოდა. ვერც ოპოზიციის საყვედურებს გავიზიარებ - რატომ სთხოვეს რუსეთს დახმარებაო - და ვერც ხელისუფლების ნახევრად დუმილს - ნორმალურად არც აგვიხსნეს, რა და როგორ სთხოვეს რუსეთს. სხვათა შორის, ინფორმაცია, რომ გაგზავნეს მხოლოდ კითხვა, მაქვს რუსული წყაროებიდან, თუმცა, შესაძლოა, არც კითხვის გაგზავნა ღირდა, მით უფრო, რომ საკითხი შეეხებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს, რომელიც 2008 წელს სწორედ რუსებმა გადაწვეს. ამორალურიც კი იქნებოდა რუსეთის დახმარების მიღება.

ჩვენ რასაც ვამბობთ, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარეა, თორემ როდესაც ქვეყანა იწვის და მასშტაბური სტიქიური უბედურება ხდება, როდესაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა საჭირო, პოლიტიკური კონიუნქტურა აღარავის ახსენდება. საბედნიეროდ, ასეთი ვითარება არ გვქონდა.

არ არის საჭირო ამაზე ამდენი ყაყანი. თუ რაც ბოლო კვირების განმავლობაში მოხდა, დივერსიაა, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის კურსი, დღევანდელი ხელისუფლების კურსი, შეუქცევადია. თუ ეს დივერსიაა, ეს არის ნატოსა და აშშ-ის მიერ საქართველოში ჩატარებული წვრთნების პასუხი. რომელი რუსეთუმე ხელისუფლება? საიდან აკეთებენ ამ დასკვნებს?! პირიქით, ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომ "რუსეთუმე" არ არის...

- მაგრამ მომხდარმა ყველაზე მეტად ხელისუფლების იმიჯი შელახა... თქვენი აზრით, ეს მომავალი არჩევნების შედეგზე აისახება?

- რა თქმა უნდა, აისახება. ესეც საერთო ჯაჭვის ნაწილია. ბევრი შეცდომაა დაშვებული. ერთ-ერთია კოაბიტაცია, მეორე - საკუთარი ნამუშევრის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოებამდე არასწორად მიტანა, მესამე - ეკონომიკური გუნდი მოწყვეტილია რეალობას და ზუსტად ვერ ხედავს, რა ტიპის ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას. საწარმოები თუ იხსნება, კარგია, მაგრამ წარმოებული პროდუქცია სადმე ხომ უნდა გავიტანოთ! სწორედ ბაზრის მოსაპოვებლად არ იღებენ საჭირო ზომებს. მეოთხეა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების - ფაქტობრივად, დამნაშავეების - საარჩევნოდ "ქართული ოცნების" რიგებში წამოწევა.

გაგახსენებთ, 2012 წელს "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს გარდაბნის რაიონში. ჰოდა, ვინც მე მაშინ არჩევნები ოფიციალურად გამიყალბა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ფეიქრიშვილს მოაგებინა, საოლქოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი რამაზ ბუდაღაშვილია. სწორედ მის წარდგენას აპირებს "ქართული ოცნების" ადგილობრივი რგოლი გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად.

ავად თუ კარგად, გარდაბნის რაიონში მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა გოჩა ჯამარაულმა, მაგრამ ამ კაცს ზურგი აქციეს და მოჰყავთ ბუდაღაშვილი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" გაყალბებული არჩევნები უპრობლემოდ გააფორმა. ის არის ფეიქრიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის გუნდის წევრი... და ასეთი რამ მხოლოდ გარდაბანში არ ხდება... ამ ყველაფრის გამო ჩნდება საზოგადოებაში ნიჰილიზმი...

- საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ. მისივე თქმით, შემდგომი მოლაპარაკებების გამართვა ქართულ მხარეს ეკისრება და ვენეციის კომისიის ამ პროცესში ჩარევას საჭიროდ აღარ მიიჩნევს. ამის მიზეზი გახდა სახელისუფლებო ძალის განცხადება, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება და მოლაპარაკებებსაც აზრი არ აქვს... ეს ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახება?

- ყველაფერი, რაშიც საქართველოს ხელისუფლება, ქართული პოლიტიკური ელიტა მოუქნელობას ამჟღავნებს, კონსენსუსს უგულებელყოფს, ილექება გარკვეულ საქაღალდეებში და ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს სხვადასხვა კვლევისა და ანგარიშის მომზადებისას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო ცნობილი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს როლი და ის გარკვეულწილად იქცა რეგიონში დასავლური პოლიტიკის გამტარებლად, რაც 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მათთვის, ვინც მსოფლიო პოლიტიკას ქმნის, ჩვენი საკონსტიტუციო პროცესი უმნიშვნელოა, შესაბამისად, ამ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენას არც შეეცდებიან... სავარაუდოდ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, თუმცა მეც მომხრე ვარ, რომ მაჟორიტარული არჩევნები 2020 წელსვე გაუქმდეს.

სხვათა შორის, არანაკლებ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე ისიც, რომ ამდენი მცდელობის შემდეგაც ვერ შევარჩიეთ მოსამართლეობის სამი კანდიდატი, რომელთაც სტრასბურგში არ დაგვიწუნებდნენ... მესამე წრეზე წავედით, თუმცა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ისევ იმედგაცრუება გველის.

- თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების გამო დააკავეს. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები გახშირდა...

- არ მგონია, რომ მხოლოდ კორუფციაა დღევანდელი საქართველოს უბედურება. კორუფციაზე უარესი ყველა დონეზე პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა... თითზე ჩამოსათვლელი არიან ჩინოსნები, გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. კაბინეტებში სხედან და არაფრის გაკეთება არ უნდათ. ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მითხრა, ზოგიერთი ჩინოსნის კაბინეტში რომ შევდივარ, ხელსაც აღარ მართმევს, სავარძლისთვის ხელის გაშვება ისე ეშინიაო. იხუმრა, მაგრამ სწორედ ასეა...

კორუფციის შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. სააკაშვილის დროს ეს იყო ელიტური, დღეს კი ამან თავი იჩინა დაბალ და საშუალო დონეზე და გახდა უფრო საყოველთაო... მის წინააღმდეგ ბრძოლა კი მიმდინარეობს, მაგრამ კორუფციული ფაქტები შერჩევით ვლინდება... ხშირად გვესმის ამა თუ იმ ჩინოსნის უეცარი გამდიდრების ამბები, თუმცა მათ ჯერჯერობით არაფერი დამუქრებიათ... როგორც ჩანს, არსებობენ დაუცველი და ხელშეუხებელი ჩინოსნები.

ჩვენთან რომ კორუფიცაა, იქიდანაც ჩანს, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამდენი მდიდარი ადამიანია... მართალია, ვფიქრობ, რომ ეს ჯერჯერობით მაინცდამაინც მასშტაბური არ არის, მაგრამ ზომებს დროულად და ეფექტიანად თუ არ მიიღებენ, საშიშ ზღვარსაც გასცდება...

- გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა...

- კეზერაშვილი რამდენმა სასამართლომაც უნდა გაამართლოს, ჩემთვის ის არის ადამიანი, რომლის თავდაცვის მინისტრობის დროს უამრავი იარაღი - რაშიც მილიონობით საბიუჯეტო ფული იყო გადახდილი - უბრძოლველად ჩაბარდა მტერს. არც სენაკის და არც გორის ბაზაზე ერთი იარაღი არ განადგურებულა. ახლა რომ ტირის ვერტმფრენებზე "ნაციონალური მოძრაობა", სწორედ მაშინ დატოვა კეზერაშვილმა ისინი სენაკის ბაზაზე, რომელიც მერე აგვიფეთქეს. ტანკებსა და სხვა იარაღზე აღარაფერს ვამბობ... კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი რუსებს უბრძოლველად გადააბარა. ვეჭვობ, ამაში დიდი ფული აიღო. ახლა რასაც ედავებიან, სრულიად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა ზარალიც მან სახელმწიფოს მიაყენა... პასუხი ამაზე მოსთხოვონ!

- რა ბრალდებებიც წაუყენეს, იმასაც ვერ უმტკიცებენ... რისი ბრალია ეს?

- არ ვიცი, არც მე მაქვს პასუხი, არადა, ელემენტარული კითხვებია დასასმელი:

1. რატომ არ გაიცა შესაბამისი ბრძანება, იარაღი ან გაეტანათ ბაზებიდან, ან იქვე გაენადგურებინათ?

2. თუ ბრძანება იყო და ვერ მოასწრეს, რატომ არ აღიძრა საქმე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ეს ევალებოდა?

3. 2008 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ქარხნის ანგარიშზე დაჯდა ერევნიდან გადმორიცხული 60 მილიონი დოლარი. ეს ქარხანა თბილისში იყო, სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებდა და ამ გადმორიცხვის წინა დღეს წაართვეს მეპატრონეს, რაშიც უშუალოდ მონაწილეობდა კეზერაშვილი. რატომ გადმოირიცხა და სად გაქრა ეს 60 მილიონი დოლარი?!

მე უკვე ვთქვი, რომ რაღაც გაუგებარი მანქანებით "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ინარჩუნებს გავლენას ხელისუფლებაზე, რომელიც ძველ "ნაციონალ" კადრებს პირდაპირ გულში იხუტებს. შეიძლება მტერი ახლოს უნდა გყავდეს და აკონტროლებდე, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა იყოს ქუჩაში ჟურნალისტი ეკა დუგლაძე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გასტუმრებაში, ალისტრახო კი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტი და ყურმოჭრილი მსახური იყო, ორ ადგილას მუშაობდეს - მათ შორის, აფხაზეთის მთავრობის პიარის სამსახურში?! არ ვიცი, ეს რატომ ხდება...

ერთადერთი ვერსია მაქვს: ვიღაც ამ ადამიანების მოპარული ფულით სარგებელს იღებს და ამიტომ აბრუნებს პოლიტიკაშიც და თანამდებობებზეც.

ამას ვამბობ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას გაიგებენ და დროულად მიიღებენ ზომებს ვითარების შესაცვლელად.

ნათია დოლიძე