"გვანცა ყუფარაძის საქმით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე!" - კვირის პალიტრა

"გვანცა ყუფარაძის საქმით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე!"

"ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ - სხვაზე..."

არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები

21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. კვირიკაშვილის გამოსვლის ნაწილი დაეთმო ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას. ოპონენტთა შეფასებითაც კი, სიტყვა მრავალმხრივი იყო, თუმცა მათი თქმით, რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია შეიძლებოდა უფრო მკაფიო და მკაცრი ყოფილიყო.

გვესაუბრება იურისტი ლია მუხაშავრია:

- ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს და კვირიკაშვილის გამოსვლისასაც იყო შესამჩნევი, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების შეიძლება გაწონასწორებული და დიპლომატიური საუბარი ხშირად არ შეესაბამება შიდა ვითარებას და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მიღწევებზე, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეები ამას მაინცდამაინც ვერ ვგრძნობთ. არადა, ჩვენ გვერდით სახელმწიფოები ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით აშკარად ვითარდებიან... ძალიან რთულ რეგიონსა და რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, რაც, ჩემი აზრით, მართლაც მოითხოვს მეტ კატეგორიულობას ზოგიერთი მიმართულებით. რაც მთავარია, არ ჩანს, რომ ამ დეკლარირებულ განცხადებებს შორის გააზრებულია მთელი შინაარსი და მათი განხორციელების გზები. ოკუპაციაზე საუბრისთვის გაერო მართლაც საუკეთესო ტრიბუნაა, მაგრამ, ჩემი აზრით, არც ენგურს იქით, არც ცხინვალში და არც თბილისში ეს საუბარი კარგად არ ისმის... შესაბამისად, ვერც იმას ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყნის განვითარებისთვის.

- საკონსტიტუციო ცვლილებების ფინიშთან, მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე კიდევ ერთი წინასწარი დოკუმენტი გამოქვეყნდა, როგორც შეაფასებთ შექმნილ ვითარებას? რას იტყვით ამ დასკვნის გამოქვეყნების წინადღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ის განიხილავს 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებასა და ახლებურად შემუშავებულ საბონუსე სისტემაზე უარის თქმის შესაძლებლობას? იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ამ საკონსტიტუციო პროცესში სახელისუფლებო პარტიამაც და ოპოზიციამაც პოლიტიკური ქულების დასაწერად უფრო მეტი იზრუნა, ვიდრე - კონსტიტუციაზე?

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თავიდანვე მახინჯად რომ დაიწყო და ასევე გაგრძელდა, აშკარაა. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები კონსტიტუციას სათანადოდ გონივრულად და პატივისცემით არ ეკიდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათ ხეირიანად არც კი ესმით, რა დანიშნულება აქვს ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის კონსტიტუციას და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. ამიტომ ამ ბოლო ცვლილებების მომზადებისასაც თავი იჩინა ისეთივე დამოკიდებულებამ, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, უფრო ადრე კი - შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ჩვენ კვლავაც ვნახეთ, რომ სახელისუფლებო ძალა კონსტიტუციას უყურებს, როგორც შესაძლებლობას და საშუალებას, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლების სათავეში ყოფნა, თავისთვის კომფორტულად მოაწყოს ქვეყანა ისე, რომ არ გაითვალისწინოს, რა სჭირდება სახელმწიფოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას. ასეთი "პრაგმატული და პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება და არ ითვალისწინებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალია და თუ ეს ხერხემალი გამართული და ჯანმრთელი არ არის, მაშინ სახელმწიფოს არათუ განვითარება და სწრაფი წინსვლა, არამედ "გადაადგილებაც კი გაუჭირდება.

ისინი ვერ ხვდებიან, რომ ასე ხშირად, ასეთი სისწრაფით და დროის ასეთ მოკლე მონაკვეთებში სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის ერთი მოდელიდან მეორეზე გადახტომა გაუჭირდება არა ჩვენისთანა ახალფეხადგმულ სახელმწიფოს, არამედ სტაბილურ და კარგად განვითარებულ ქვეყნებსაც კი... ამიტომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო ასუსტებს სახელმწიფოს, ვიდრე აძლიერებს.

ყველა ეს მანკიერება, რაც ჩამოვთვალე, დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის და რაც ყველაზე გულსატკენია, უფრო მკვეთრად და უფრო გაუგონარი სიჯიუტით ხორციელდება დღეს, ჩვენ თვალწინ. ეს კი ქმნის პირობებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა და არ ეღირსა, იყოს განვითარებული, სტაბილური, თანამიმდევრული ქვეყანა.

- თითქოს ოპოზიციის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი ნაწილი გაიზიარა სახელისუფლებო ძალამ, ერთადერთი გამონაკლისი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადაწევაა. რატომ ვერ ელევა მაჟორიტარული წესით არჩევნებს "ქართული ოცნება" მაშინ, როდესაც "ვენეციის კომისიის" მთავარი რეკომენდაციაც სწორედ ამ საკითხს შეეხება...

- პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, მეორე ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ჩვენს პოლიტიკოსებს უჩნდებათ ილუზია, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც, მათი აზრით, გაახანგრძლივებს ხელისუფლების სათავეში მათ ყოფნას.

"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას პარლამენტში მეტი ადგილის მოპოვებას შეძლებს, მეტიც, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც შეინარჩუნებს და ამით გაინაღდებს ხელისუფლების სათავეში უსასრულოდ და "უკუნითი უკუნისამდე" ყოფნას. ასე რომ არ არის, ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილებითაც ვერ სწავლობენ, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ...

- ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ცალსახა შენიშვნებია გამოთქმული რეგიონული პარტიების აკრძალვის, მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერისა და პროპორციული სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადატანის თაობაზე, თუმცა, არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის არჩევის წესზე...

- ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები ევროპული ტიპის მოაზროვნეების დაწერილია. ალბათ, არ იქნება უადგილო, თუ ვიტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ - სხვაზე... ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოებისთვის ხშირად გაუგებარია ის ლოიალური, დახვეწილი და რბილი ტონი, რომლითაც იწერება ხოლმე ეს შენიშვნები და რეკომენდაციები. ჩვენს პოლიტიკოსებს თუ ნაჯახით არ დაუჩეხავ, ძალიან მკვეთრად არ ეტყვი, ეს არ შეიძლებაო, ისე აღქმა და გააზრება უჭირთ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კლასიკური საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მოსახლეობა არ ირჩევს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ ახლად ფეხადგმული ქვეყანა, სადაც უკვე შევქმენით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ხანმოკლე ისტორია, მისი შენარჩუნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

გარწმუნებთ, ჩვენი ამომრჩეველი კარგად დღემდე ვერ გარკვეულა არჩევნების დანიშნულებასა და არსში, სწორედ ამიტომ ყველა არჩევნები ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვებღაუჭებოდი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს. ვიზიარებ ევროპელი კონსტიტუციონალისტების ამ დასკვნას, მაგრამ მათ არ ესმით ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნიუანსები, რაც ჩვენთვის გასაგებია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პრეზიდენტის არჩევის წესის გადარჩენას ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები მოტივებით არ მოითხოვდნენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მეტად იყო - თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც - სპეკულაციის საგანი და მცდელობა, რომ პრეზიდენტიც ჩართულიყო ამ ბატალიებში...

- ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა წინასაარჩევნო პროცესი დუნედ მიედინება. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, სახელისუფლებო პარტიას ტემპერატურის აწევა ხელს არ აძლევს, რადგან ამის შედეგად მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ურნებთან, რაც არ უნდა, ოპოზიციას კი არ შეუძლია... მით უფრო, რომ ხვდება მმართველი ძალის უკონკურენტობას და ზედმეტი რესურსის დახარჯვასაც ერიდება...

- დღეს საქართველოში ამომრჩეველს არჩევნებზე მეტად აწუხებს ლუკმაპურის შოვნა, გადარჩენა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არსებობისთვის ბრძოლას უნდება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური, საარჩევნო გარემო მისთვის არცთუ მნიშვნელოვანია. მე რეგიონში, გურიაში ვცხოვრობ და აქაც კი ვისაც ვხვდები, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევნებზე არ მივა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს იმას, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ ქვეყანაში არჩევნებით რამის შეცვლა შეუძლიათ. ასეთი ნიჰილიზმი შემთხვევითი არ არის, დარწმუნებული ვარ, ეს "ჩვენი ღვაწლმოსილი" პოლიტიკოსების დამსახურებაა. ამგვარი განწყობა განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას...

ამას წინათ ჩემს პირად ფეისბუქგვერდზე დავწერე და ახლა გავიმეორებ: თბილისელებმა ალეკო ელისაშვილი რომ გაიყვანონ მერად ან მეორე ტურში მაინც, ეს იქნება უზარმაზარი გადატრიალება მთელი საქართველოსთვის. საქმე ის არის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ სჯერა, რომ საარჩევნო უბანზე მის მისვლას მნიშვნელობა აქვს და რამის შეცვლა მოჰყვება. თბილისელებს შეუძლიათ, საპირისპირო დაამტკიცონ. ეს, ვფიქრობ, გადამდები იქნება მთელი ქვეყნისთვის, რადგან დემოკრატია ბოთლიდან გამოშვებული ჯინია, რომელსაც ვერც საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვერც ეკონომიკური სიდუხჭირით უკან ვერ ჩააბრუნებენ. ჩემი ოპტიმისტური განწყობით, თბილისში აუცილებლად მივა საქმე მეორე ტურამდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ამის შემდეგ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველიც გამოცოცხლდება და მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას...

- ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს სამეწარმეო სუბიექტების წილს... მათგან უმრავლესობა "ქართული ოცნების" დეპუტატია...

- თუ ადამიანი სერიოზულად არის ბიზნესში ჩართული, მას არ უნდა ეცალოს პოლიტიკისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბიზნესი ვერ ვითარდება, ამის მიზეზი კი სწორედ ის მონოპოლისტური, არაკონკურენტული გარემოა, რომელსაც პოლიტიკისა და ბიზნესის გადაჯაჭვულობა ქმნის. განვითარებული ქვეყნების ბიზნესი ემყარება მარტივ პოსტულატს: მონოპოლია ცუდია, კონკურენცია - კარგი! ეს არის საბაზისო პირობა ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენთან ბიზნესმენობას ახერხებენ მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთან ძალიან დაახლოებული, გადაბმული, ანაც სრულად შერწყმული ადამიანები. მეორე მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში გვყავს ხალხი, რომელმაც არ იცის, იქ რა უნდა გააკეთოს. შედეგად ვიღებთ ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორიც მომზადდა...

ამასთანავე, ამ ბიზნესპოლიტიკოსებმა საზოგადოება დატოვეს ისეთი ინსტრუმენტის გარეშე, რომელიც ამომრჩეველს უმაქნისი პარლამენტარის უკან გამოწვევის შესაძლებლობას მისცემდა. ძალიან მინდოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს ასეთ პრობლემებზე ეფიქრათ და რეალობის შეცვლის ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტები შეექმნათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა...

- ოპოზიციური პარტიებს ნაწილი საკონსტიტუციო თემაზე საპროტესტო აქციების აგორებით იმუქრება. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს "პატრიოტთა ალიანსის" აქცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, "ქართული მარშიც" სხვა თემატიკით, მაგრამ ხშირად ლაპარაკობს საპროტესტო აქციებზე... თქვენი აზრით, ყველა ამ თემატიკის გათვალისწინებით, არსებობს კი საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში?

- ჩემი აზრით, საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში დაბალია. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები, თუმცა მათ მონაწილე ზოგიერთ ძალას მერკანტილური და ანგარებითი მოტივებიც უნდა ამოძრავებდეს, მაგალითად, ახლა საპროტესტო აქციები გულისხმობს კარგ სავაჭრო სივრცეს მომავალში ხელისუფლებასთან გასარიგებლად არჩევნების შედეგებსა თუ სხვა საკითხებზე.

ყველაზე მეტად ერთი რამ მაფიქრებს: ისეთი პატარა და ღატაკი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, გარედან დიდი დაფინანსების შემთხვევაში, შეიძლება ამ აქციებმა დამანგრეველი როლი შეასრულოს, მით უფრო, რომ მაინცდამაინც ვერ ვარ დარწმუნებული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწორ და გამართულ მუშაობაში.

- გიორგი ანდრიაძის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთის 15 მოქალაქეს არასწორად მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და რომ მათში მტერი მეტია, ვიდრე - მოყვარე...

- უპირველესად ჩემთვის გასაკვირია ის, რომ ანდრიაძეს აქვს ინფორმაცია, ვის მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა. უცნაურია, რადგან ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია...

ამ თემებით სპეკულირება რომ ხდება, ძალიან გულსატკენია, რადგან სააკაშვილის დროს ისეთ და იმდენ უცხოელს ეძლეოდა საქართველოს მოქალაქეობა, თან ისე იოლად... სააკაშვილი ლამის ჯიბიდან იღებდა პასპორტებს და სუვენირებად ურიგებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა, მაშინ ხმა არავის ამოუღია... გულსატკენია, რომ საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენს სამშობლოში ცხოვრება ხდება ასეთი ბინძურ კამპანიების ნაწილი.

აქვე ვიტყვი ბარემ: ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფერს უპირისპირებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც განსაკუთრებულად კარგად ვხედავ ინტერნეტსივრცეში. არადა, გავლენა, ვფიქრობ, ძალიან დიდია. ის ნიჰილიზმი, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ, ქვეყნის მიმართ, როდესაც ბევრი ახალგაზრდა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაემგზავროს აქედან, რუსული პროპაგანდის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მგონია.

- მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. გვანცა ყუფარაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას ზეგავლენით არის მიღებული. თქვენ, როგორც სტასბურგის სასამართლოში არაერთი საქმის მომგები იურისტი, როგორ შეაფასებთ მომხდარს?

- პროფესიული ეთიკის მოთხოვნებით ვარ შეზღუდული და გამიჭირდება მკვეთრი შეფასება, განსაკუთრებით - ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის. სტრასბურგის სასამართლოს გასაგონად მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გვანცა ყუფარაძის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევის ვერდადგენით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე და რეპუტაცია შეილახა. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, რადგან ევროსასამართლო ამ ქვეყანაში ის ბოლო იმედი იყო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სამართლის პოვნის შესაძლებლობას აძლევდა. დღეს კი ეს რწმენა შერყეულია... ორიოდე სიტყვას ვიტყვი სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურების შერჩევაზეც... ეს პროცესი არ არის ღია და ჩვენ, საზოგადოება, ამის თაობაზე ვიგებთ მხოლოდ მიღებული სამარცხვინო შედეგების შემდეგ... იუსტიციის მინისტრმა ვერა და ვერ მოახერხა სამი კანდიდატის შერჩევა... როდესაც ქვეყანაში გყავს ისეთი იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამ კანდიდატს ვერ არჩევს სტრასბურგის სასამართლოსთვის, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა ანდო, არ ვიცი.

ნათია დოლიძე