"სახიფათოა, რომ "რაიონის მაყურებლებს" პოლიტიკის მართვის ამბიციები გაუჩნდათ!" - კვირის პალიტრა

"სახიფათოა, რომ "რაიონის მაყურებლებს" პოლიტიკის მართვის ამბიციები გაუჩნდათ!"

"ვინც ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად მიდის, მისი კრიმინალური ლოგიკის გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ვერც ფულს რომ აკეთებს და ვერც საქმეს, ეს ცალკე უბედურებაა"

გასულ კვირას ხმაური იყო დედაქალაქის საკრებულოში, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პროცესის მიწურულს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მდორედ მიმდინარე მოვლენების გამოცოცხლება გადაწყვიტა და ხმაურიანად სცადა თბილისის საკრებულოს იმ სხდომის ჩაშლა, რომელზეც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვმ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა. კომპანია, რომელიც ამ საქმიანობას განახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და პროტესტის მიზეზიც ეს გახდა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ საკრებულოში პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- რა თქმა უნდა, რაც საკრებულოში მოხდა, ემსახურებოდა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. ჩემი აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ პოლიტიკური არჩევანი გადალაგდეს ისევ ორ პოლუსად და ის საკმაოდ მცირე მესამე არჩევანის საშუალებაც მოუსპონ ამომრჩეველს, რაც ამ არჩევნებზე გაჩნდა. ამის გარდა, საკრებულოს მოვლენებში აშკარად იკითხებოდა სურვილი იმისა, რომ საზოგადოებაში გაჩენილიყო ერთგვარი დეჟავიუს განცდა და ის პრეტენზიები, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" აქვთ მისი მმართველობის სიხისტისა და ძალისმიერობის გამო, დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებულიყო; ანუ ეჩვენებინათ, რომ უკეთესად არც "ქართული ოცნება" იქცევა. დაპირისპირების ის სცენები ძალიან ჰგავდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელ ინციდენტებს. გავიხსენოთ თუნდაც, თუ როგორ გამოათრიეს კახა კუკავა კუნთმაგარმა ბიჭებმა საკრებულოს დარბაზიდან.

მთელი ეს პროცესი უარყოფითად აისახება საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის განწყობაზე, რომელსაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ხელისუფლებაც აღარ მოსწონს. ასეთი ინციდენტები მას ამ განცდას კიდევ უფრო უძლიერებს, შედეგად კი ელექტორატი შორდება პოლიტიკურ პარტიულ ელიტას და ვიღებთ სურათს, რაც ბოლოდროინდელ კვლევებშიც აისახა - ამომრჩევლის თითქმის 60% მიიჩნევს, რომ მას არა აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება თემას, რომელსაც მოჰყვა არეულობა, ის ახალი არ არის, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გააქტიურება აზარალებს უპირველესად ხელისუფლების კანდიდატ კახა კალაძეს. საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ შეტევებს მიჩვეულია, ის არც არის აქტიურად პოლიტიკაში, შესაბამისად, მისთვის ეს აურზაური ნეგატიურად არაფერს შეცვლის.

ისმის მარტივი კითხვა: რატომ გააქტიურდა ეს თემა საკრებულოში არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე? ვგულისხმობ საკრებულოს გადაწყვეტილებას, რაც გახდა არეულობის მიზეზი. პიარტექნოლოგიების არცთუ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმია საჭირო იმის მისახვედრად, რომ ასეთი სენსიტიური საკითხები არ უნდა გაააქტიურო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე. მით უფრო, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი და ამ 2-3 კვირაში მნიშვნელოვანი არაფერი წყდებოდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი ტიპის კრიზისის დეტონაცია თბილისელებს უქმნის ნეგატიურ განწყობას არა იმდენად პროექტის (საკრებულოს გადაწყვეტილების რეალური არსით დიდად არც არავინ დაინტერესებულა), რამდენადაც ხელისუფლების მიმართ.

მაშ, რატომ აკეთებენ ამას ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში? - ეს კითხვა ჩნდება და თუ პასუხს ჩავუღრმავდებით,

ვერ გამოვრიცხავთ, რომ თვითონ "ქართულ ოცნებაში" ან მის ორბიტაზე იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ, რომ კახა კალაძეს ჰქონდეს პრობლემები თბილისის მერობისკენ მიმავალ გზაზე. მათი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ კალაძე აირჩიონ რაც შეიძლება დაბალი ლეგიტიმაციით, რათა მას არ გაუჩნდეს უფრო შორს მიმავალი ამბიციები.

დააკვირდით იმასაც, რომ ეს მოხდა ფეხბურთის იმ ვითომ საქველმოქმედო მატჩის პარალელურად, რომელიც უნდა გამხდარიყო კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ხერხემალი, საკრებულოში არეულობამ კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გადაფარა.

არ მიყვარს შეთქმულებების თეორიები, მაგრამ ამდენი დამთხვევა ამაზე ეჭვს ნამდვილად ამძაფრებს. აშკარად თვითონ ხელისუფლებაში ვერ არის მთლად ყველაფერი დალაგებული.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ საფეხბურთო მატჩმა კალაძის რეიტინგზე დიდად იმუშავა, მაგრამ თვითონ ხომ ასე ჰქონდათ გათვლილი. შესაბამისად, ეს კითხვები ჩნდება: რაღა მაინცდამაინც არჩევნების წინ და ზუსტად იმ დღეს გადაწყვიტეს ამ საკითხის განხილვა, როდესაც კახა კალაძის, როგორც მერობის კანდიდატის, ბენეფისი უნდა შემდგარიყო? აშკარაა, რომ ამ აურზაურით საფეხბურთო მატჩის საინფორმაციო გადაფარვა მოხდა. ეს არის შედეგი ან სრული სიბრიყვისა და უგუნურების, ან კალაძის წინააღმდეგ სრულიად შეგნებულად დაგეგმილი საბოტაჟის.

- "ნაციონალური მოძრაობა" გაჩერებას არ აპირებს და ამ თემის აჟიტირებით საპროტესტო მუხტის აგორებას ცდილობს.

- ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მცირე კრიზისების შექმნით დაინტერესებული იყოს ხელისუფლებაც ან მისი ნაწილი მაინც. საქმე ის არის, რომ ამ ორივე ძალას აწყობს ისევ ორპოლუსიანი საარჩევნო დაპირისპირების ინიცირება. ჩემი აზრით, ეს ტექნოლოგია გათვლილია არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ლუსტრირებაზე, არამედ სხვა კანდიდატების გადაფარვაზეც, რათა შექმნან ილუზია, რომ სხვა ძალა არ არსებობს და თუ არ მოგვწონს ხელისუფლება, უნდა ავირჩიოთ უდუმაშვილი. თავის მხრივ, ხელისუფლებასაც აწყობს ორპოლუსიანობა - "თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, მობრუნდება "ნაცმოძრაობა" და ვაი, თქვენი ბრალი!" - მათი ეს გზავნილი კვლავაც ძალაშია. ამ ყველაფერში ახალი არაფერია, ეს კარგად აპრობირებული ტექნოლოგიაა. ძალიან საეჭვოა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხოს გლობალური კრიზისის შექმნა, თუმცა, ვითარების გართულების პატარ-პატარა მცდელობა იქნება.

ჩემი აზრით, თბილისში ორპოლუსიანი პროცესის მიღებაც ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ალეკო ელისაშვილის მონაწილეობამ ეს სქემა ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შულერულ თამაშში გვარიანად მოშალა. მე თუ მკითხავთ, ეს არის ერთადერთი პოზიტიური მოვლენა, რაც ამ წინასაარჩევნო პროცესში მოხდა.

რაც შეეხება უდუმაშვილს, აშკარაა, რომ ის სააკაშვილს ემსგავსება. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ის ხომ იმ სისტემის პროდუქტია, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, ჰოდა, ემსგავსება თავის პატრონს.

სხვა საკითხია, რომ თვითონ "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს ელექტორალური განვითარების პოტენციალი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიას ამომრჩეველმა 2012 წელს მხოლოდ უარი კი არ უთხრა, არამედ სასამართლო მოუწყო, დამნაშავედ ცნო და ვერდიქტიც გამოუტანა, თუმცა, სასჯელი ჯერ არ მოუხდიათ.

დღეს ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიულ ელიტას შორის მაქსიმალური დისტანცია გაჩნდა. შესაბამისად, საშუალო-სტატისტიკურ ამომრჩეველს არც ერთი პარტიის არ სჯერა. ჩემი აზრით,

ეს არჩევნები არის პირველი, რომელიც მხოლოდ რესურსზეა დამოკიდებული და მას "გაყიდულ არჩევნებს" ვუწოდებ. ამაში ვგულისხმობ ამომრჩევლის განწყობას, რომელიც ამბობს, რომ არ სჯერა არავისი, შესაბამისად, ვინც უკეთესად გადაიხდის, შესაძლოა, მას გადაუგდოს ხმა. "გადახდაში" პირდაპირ ფულს არ ვგულისხმობ. ამაში იგულისხმება სხვადასხვა ზოგადი სარგებლის მოთხოვნა, მაგალითად, გაზის შეყვანა, გზის გაკეთება და ა.შ., ოღონდ ამომრჩეველს არ სჯერა მხოლოდ დაპირების და ამ ყველაფრის გაკეთებას არჩევნებამდე ითხოვს. ამ მხრივ ხელისუფლებას აქვს უდიდესი უპირატესობა, რადგან იმ რესურსების მონოპოლია, რითაც შეუძლია ამომრჩეველი "იყიდოს", მის ხელშია.

- საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენითაც მიიღო და ამით საკონსტიტუციო ცვლილებები დასრულდა. თუმცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ყველასთვის მოულოდნელად, პარლამენტის სპიკერმა პრეზიდენტს მოუწოდა, ვეტოს გამოყენების შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების ინიციატივა, რომლის განხორციელების ვალდებულებაც მმართველმა გუნდმა აიღო.

- მთლიანობაში კონსტიტუციაში, ალბათ, ბევრი რამ პროგრესული და კარგიც წერია, მაგრამ შესაძლოა, ქვეყნის ძირითად კანონში ყველაფერი დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამებოდეს და მხოლოდ ერთი გაუმართავი საკითხით მოხდეს მმართველობის უზურპაცია.

მთელი ამ ცვლილებების პროცესში სულ ორი მთავარი საკითხი იყო: პრეზიდენტის არჩევის წესი და პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, რაც სტაბილური, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმე ის არის, რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება, კონსტიტუციურად ჰქონდეს გამაგრებული პოლიტიკური და ინსტიტუციური ბალანსები, დღეს კი "ქართული ოცნება" უარს აცხადებს ხელისუფლების დაბალანსებაზე, რითაც აძლიერებს ძალაუფლების უზურპაციის რისკებს.

ინსტიტუციურ ბალანსზე როდესაც ვლაპარაკობ, ვგულისხმობ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტის ინსტიტუტს მანამდე, სანამ რეალური პოლიტიკური ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდება; ანუ მანამ, სანამ მულტიპარტიული სისტემა და კონკურენცია პარტიებს შორის ისე გაძლიერდება, რომ ისინი დააზღვევენ ერთმანეთს ძალაუფლების უზურპირებისგან. ამის უზრუნველყოფა კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლითაა შესაძლებელი. ეს იქნებოდა სტიმული პარტიული ინფრასტრუქტურის, პარტიული ელიტის განვითარებისთვის, რაც დღეს, სამწუხაროდ, სავალალო დღეშია.

ამასთან, დასრულდებოდა მაჟორიტარების, ფაქტობრივად, "რაიონების მაყურებლების" მანკიერი სისტემა, რაც გააჩენდა რეალურად პოლიტიკური ბალანსის შექმნის საფუძველს. პარტიების განვითარების შემდეგ, ამოიწურებოდა პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის აუცილებლობაც. ხელისუფლებამ კი ყოველივე ამის ნაცვლად თავისი მოქმედებით განაცხადა, რომ არც ინსტიტუციური და არც პოლიტიკური ბალანსი არ სჭირდება.

ამის მიზეზად "მაჟორიტარების აჯანყება" დაასახელეს, რაც ძალიან სასაცილოა. რომელ მაჟორიტარებზე გველაპარაკებიან, რომლებიც მიშა სააკაშვილს ყველაფერს "უპრავებდნენ"?! ესენი რისი ამჯანყებლები არიან?

ერთადერთი, რაც მათ ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს, სავარძლებიდან თავიანთი ბიზნესის "გადახურვაა". დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ მაჟორიტარებს, იგივე "რაიონის მაყურებლებს", რომლებიც სააკაშვილის დროს თავწახრილები აჭერდნენ პულტებზე ხელს, ოღონდ კი მათ ბიზნესებს არ შეხებოდნენ, ამბიცია გაუჩნდათ, რომ თავიანთIი დღის წესრიგი შექმნან და მართონ პოლიტიკა, რაც ძალიან სახიფათოა.

ხელისუფლებამ კი გვითხრა, კი ბატონო, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ მანამდე ოთხი წელი კიდევ მინდა ძალაუფლებით ტკბობა. მაცალეთ ეს ოთხი წელი და 2024 წლის მერე ან ვირი მოკვდება, ან იმის პატრონიო.

რაც შეეხება კობახიძის შეთავაზებას, პრაქტიკულად, მან პრეზიდენტს უთხრა, შემოიტანე ვეტოს სახით ის საკითხები, რისი გადაწყვეტის პრობლემაც მაქვს, გამიადვილე ცხოვრებაო.

ეს უკვე პოლიტიკური უტიფრობაა და მეტი არაფერი. ამ ახალგაზრდებს ახალ კომკავშირელებს ვუწოდებ. ზუსტად ასეთები იყვნენ ძველებიც. ეს ორგანიზაცია კი არ იყო მხოლოდ, იყო ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც ამტკიცებდა თეთრზე შავს და პირიქით, თანაც სხვასაც აიძულებდა, ეს დაეჯერებინა.

კობახიძე პრეზიდენტს ეუბნება, პროტესტის გამო კი არ დაადო ვეტო, მე მჭირდება, ამიტომ ვეტოს ტექსტს დაგიწერ და იმაზე ხელი მოაწერეო, თან ამას ბედავს მთელი იმ პერიპეტიების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის მიმართ პროტესტს მუდმივად გამოხატავდა. ეს წმინდად კომკავშირული საქციელია. საკვირველი ის არის, ასე რამ დაამსგავსა ეს ახალგაზრდები კომკავშირელებს?!

ვეტო პრეზიდენტისთვის არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, იმის ჩვენება, რომ არ იღებს ამ პროცესზე პასუხისმგებლობას. მას კარგად ესმის, რომ გრძელვადიან პერიოდში არა მთლიანად კონსტიტუცია, არამედ მხოლოდ ეს ორი საკითხი გახდება საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში, რამაც ქვეყანა შეიძლება მასშტაბურ კრიზისში გადაისროლოს.

- არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია. როგორც ირკვევა, 2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მილიონ ლარს აჭარბებს.

- ეს ე. წ. ქამრების შემოჭერა, რომელსაც ლამის ყველა ხელისუფლება აანონსებდა, როგორც წესი, მთავრდებოდა საწინააღმდეგო შედეგით. შევარდნაძიდან მოყოლებული ასე ხდებოდა. გამოაცხადებენ, რომ პრემიებზე უარს იტყვიან, მაგრამ აგერ, დანამატებს იღებენ, მერე ამასაც გამოუცვლიან სახელს და ა.შ. მოკლედ, სახელებს ცვლიან, ხარჯები კი იზრდება. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ძალიან ბევრი დასასაქმებელი ადამიანი ჰყავს - პარტიული აქტივი, ნაცნობ-მეგობრები, ნათესავები და ეს ხალხი სადღაც ხომ უნდა წაიყვანონ, დააკმაყოფილონ და იპოვეს გამოსავალი ამ უსარგებლო ქვეორგანიზაციების შექმნით. დარწმუნებული ვარ, იქ დასაქმებულთა 30-50% არაფრის გამკეთებელი არ არის. ამიტომაც საჭიროა სასწრაფოდ ქმედითი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც შემოწმდება ეს ორგანიზაციები. თავისთავად ცხადია, რომ კორუფციის გარკვეული ფორმაა ის, როდესაც ადამიანს არაფრის კეთებაში ბიუჯეტის ფულს უხდი.

ვინც ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად მიდის, მისი კრიმინალური ლოგიკის გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ვერც ფულს რომ აკეთებს და ვერც საქმეს, ეს ცალკე უბედურებაა. ეს ხელისუფლება, მგონი, ყველანაირ რეკორდს ხსნის - ზოგიერთი იმიტომ მოდის ხელისუფლებაში, რომ არაფერი აკეთოს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს რეგიონებში, სადაც სრული უძრაობაა. ძალიან საეჭვოა, ამ არჩევნების შემდეგ რამე არსებითად შეიცვალოს, რადგან ამის ინიციატივა, რაც ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს, არ ჩანს.

- ორიოდე დღის წინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რაც მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო. მოსახლეობის ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა. კუმურდოში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფელში ასევე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთაძის თქმით, "ეს იყო რამდენიმე ადამიანის ნაწილობრივ პროვოკაციული ღონისძიება".

- მოგეხსენებათ, ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ და ამ გლობალური გადანაწილების ეტაპზე, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი იბადება, დედამიწის ნებისმიერ წერტილშია მოსალოდნელი, რომ პროვოკაციებით, ეთნიკური და რელიგიური საკითხებით სცადოს დაინტერესებულმა ძალამ მანიპულირება და საკუთარი ინტერესების გატარება. საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან რთული ქვეყანაა. ასეთი ტიპის პროვოკაციები ბევრგან შეიძლება მოხდეს.

ხელისუფლების, ჩვენი სპეცსამსახურების განსაკუთრებული სიფრთხილე და მუშაობაა საჭირო ამგვარი პროვოკაციების პრევენციისთვის. ასეთი პროვოკაციით, თუ სადმე აგიზგიზდება მცირე ალიც კი, მისი ჩაქრობა ძალიან გაჭირდება. ამ თვალსაზრისით სომხეთის მიმართულება, ეს რეგიონი, საკმაოდ პრობლემატურია. ბუნებრივია, ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი შეუთავსებელია ჩვენი მუდმივი ოპონენტებისთვის, რომლებიც ბევრ ბერკეტს ფლობენ ამგვარი პროვოკაციებისთვის. ეს სახიფათოა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების კერები არ გაჩნდეს.

ნათია დოლიძე