"საქართველოს გარშემო სახიფათო კონფიგურაცია იქმნება!.." - კვირის პალიტრა

"საქართველოს გარშემო სახიფათო კონფიგურაცია იქმნება!.."

"ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა, უარესი ეტაპი დადგა, როდესაც აღარ ეშინიათ საქმის უხარისხოდ გაკეთებისა და ფულის მითვისების - იქნება ეს ლეგალური გზით პრემია-დანამატების გამოწერა თუ არალეგალური გზით ტენდერებიდან თანხების მასობრივად "მოტეხვა"

საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით დამტკიცებულია, თუმცა პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ვერც დასრულდება. მართალია, ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და ცვლილებები დიდწილად მოიწონა, მაგრამ მმართველ გუნდს შეახსენა ისიც, რომ ბონუსმანდატების გაუქმებისა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების ერთჯერადად დაშვების პირობა უნდა შესრულდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცვლილებებისთვის ვეტოს დასადებად ემზადება. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობასთან, თუმცა, როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს კონსენსუსისთვის შესთავაზა ოთხი საკითხი: ბონუსმანდატების გაუქმება, ბლოკების დაშვება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც ის ორპალატიანი გახდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ ვეტოს სამოტივაციო შენიშვნებში ზემოთ მოყვანილი პირველი ორი საკითხის გარდა, სხვა საკითხებიც მოხვდება, მაშინ ისინი პრეზიდენტის პოზიციას არ გაიზიარებენ და ვეტოს დასძლევენ. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთანავე ახალ ცვლილებებზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან მხოლოდ ასე მოხერხდება ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულება. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- პრეზიდენტის შეთავაზება, რომ პარლამენტმა ვეტოს შემთხვევაში გაიზიაროს მისი მოსაზრებები - ერთი მხრივ, პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წელსვე ამოქმედება, მეორე მხრივ კი - პრეზიდენტის არასაყოველთაო წესით არჩევის ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის შემოღებამდე გადადება - ბევრისთვის და ჩემთვისაც სრულიად გაუგებარია, რადგან ეს ორი სისტემა ერთმანეთს გამორიცხავს. თუ სამომავლოდ ორპალატიანი სისტემის შემოღება იგეგმება, მაშ, რატომ აუქმებენ მაჟორიტარულ სისტემას?!

გამოდის, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და ამდენი დრო ამ უსაგნო კამათში ტყუილად დაიხარჯა. რაც დრო გადის, ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს საკონსტიტუციო პროცესი აქციეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად. ვგულისხმობ ყველა მხარეს: ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ოპოზიციას. საზოგადოება რომ ნაკლებად დაინტერესებულია ამ პროცესით, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა.

საბოლოოდ მივიღეთ ვითარება, როდესაც კონსტიტუცია იქცა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმედ და ვიწროპარტიული დაპირისპირების მიზეზად.

ვეჭვობ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას კარგად ესმოდეს იმ რისკებისა და გამოწვევების შინაარსი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას: ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, საფრთხე და გამოწვევები სამხრეთიდან...

ჯერ არ დასრულებულა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ახალი უნდა წამოიწყონ. ტრაგიკომიკური ვითარებაა. ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის: არაკომპეტენტურობა, პოლიტიკური გამოუცდელობა, კონსტიტუციის ჭრა-კერვის მახინჯი ტრადიცია და ა.შ. მთავარი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში ყველა მხარე საკუთარი ინტერესების გატანას ცდილობდა. ისეთი ვითარება მივიღეთ, რომ ეს პროცესი კონსტიტუციას მხოლოდ ამცირებს და აბიაბრუებს...

- არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს? ბოლო ხანს ბევრი შენიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ძალიან დაემსგავსა ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიებს, ერთის - ძალადობის გამოკლებით... სხვა მხრივ კი ვხედავთ ისეთივე პომპეზურობას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.

- ეს საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმით, რომ უაღრესად ეკლექტურია. ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, ანუ დაძაბულობისა და დაპირისპირების ხარისხი სხვადასხვანაირია. ასევე ხასიათდება ადამიანების მასობრივი პორტირებით პარტიიდან პარტიაში. ყოველგვარ საზღვარს სცილდება ამ პროცესის პოლიტიკური ცინიზმი.

"ნაციონალების" დროინდელი აქტივი ლამის მთლიანად გადასახლდა "ქართული ოცნების" რიგებში. არ ვიცი, იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე თავგანწირვის ფასად დაუჭირეს ამ ორგანიზაციას მხარი, რა დააშავეს, ასე რომ გარიყეს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნები ტარდება მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილისთვის. მეორე ნაწილი კი ამ პროცესიდან გამორთულია. ამ ფონზე "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის პომპეზურობა და მასშტაბურობა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია.

ხალხი ისედაც ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ "ქართული ოცნების" სიებში ზოგჯერ ჭარბობენ კიდეც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ადამიანები. რაც ზუგდიდში, გარდაბანში, ბევრ სხვა ადგილას ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს...

- ახლახან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კავშირები ბიზნესთან, არასრულყოფილად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და გაუმჭვირვალე საქმიანობა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რაც კვლევისას გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება შეიძლება უარესიც იყოს რეგიონების მმართველობით რგოლებში...

- როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, თავდაპირველად თბილისშიც, თუმცა მეტწილად უფრო რეგიონებში, იყო ეტაპი, როდესაც იმის შიშით, რამე არასწორად არ გაეკეთებინათ, თითქმის არაფერს აკეთებდნენ. ეს ვითარება სრულად არა, მაგრამ ნელ-ნელა ნაწილობრივ დასძლიეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა, უარესი ეტაპი დადგა, როდესაც აღარ ეშინიათ საქმის უხარისხოდ გაკეთებისა და ფულის მითვისების - იქნება ეს ლეგალური გზით პრემია-დანამატების გამოწერა თუ არალეგალური გზით ტენდერებიდან თანხების მასობრივად "მოტეხვა" და სხვა ფინანსური მაქინაციები.

უხარისხოდ, არაკომპეტენტურად, ფეხებზე დაკიდებით გაკეთებული საქმის ნათელი მაგალითია ზუგდიდის სტადიონი და კიდევ ბევრი სხვა რამ. გაუჩნდათ განწყობა, რომ მათ პასუხს არავინ მოსთხოვს. შეიძლება მხოლოდ სამსახურიდან უხმაუროდ გაათავისუფლონ

- ეს არის და ეს. არადა, ბევრი მათგანი თუნდაც მხოლოდ უპასუხისმგებლობისთვის მკაცრად არის დასასჯელი. თუ ეს საშიში სიმპტომები არ ამოიშანთა, კარგად დავიწყებულ შევარდნაძის პერიოდს მივიღებთ.

მკითხეთ, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ეს ვითარება არსებითად შეიცვლება არჩევნების შემდეგ? ვერ გეტყვით, მე ასეთ ტენდენციას ხელისუფლებაში ვერ ვხედავ. მმართველი ძალის დასახელებულ კანდიდატურებშიც არ ჩანს "ქართული ოცნების" მწველი სურვილი, რომ ადგილებზე თანამდებობებზე მოიყვანონ აქტიური, შემოქმედებითი და მენეჯერული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ქვეყნის თანამიმდევრულ განვითარებაზე. სამწუხაროდ, სახელისუფლებო სტრუქტურებში ასეთი ადამიანების დიდი დეფიციტია.

- ბოლო ხანს მითქმა-მოთქმა არ წყდება სირიასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, შესაძლებელია, რომ სირიამ, რუსეთის ზეწოლით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნოს?

- სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია და ამის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სირიის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ჩვენ კი არა, ჩვენს პარტნიორებსაც არ ძალუძთ.

თუმცა უნდა ესმოდეთ, რომ თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ამით დაშლის პირას მყოფ საკუთარ ქვეყანას უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებენ. ამგვარი აღიარებით, რისი წინააღმდეგიც გაეროს წევრთა გადამწყვეტი უმრავლესობა იქნება, შექმნიან წინა პირობას, რომ უახლოეს მომავალში ანალოგიური პრობლემის წინაშე სირიაც დადგეს. ამ ეტაპზე სირიის ხელმძღვანელობა "ისლამურ ხალიფატთან" მნიშვნელოვან ბრძოლებს იგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულებულია და სირიის გაყოფა დღის წესრიგში აღარ დგას. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ დადგეს ჩრდილოეთ სირიაში მცხოვრები ქურთების გამოყოფის საკითხი. ვფიქრობ, დამასკოში უნდა აცნობიერებდნენ ამ ხიფათს, მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა...

- რადგან სეპარატიზმზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის თაობაზეც. თქვენი აზრით, რეალურია თუ არა, ამ რეგიონმა დამოუკიდებლობის მიღწევა შეძლოს და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპაზე?

- თუ მხარეები სამართლებრივ ნორმებს არ დაარღვევენ და შეიარაღებული კონფლიქტი არ დაიწყება, ბევრი არაფერი მოხდება. კატალონიური ხელისუფლების წარმომადგენლები სულ იმას ამბობენ, სამართლებრივ ჩარჩოში ვიმოქმედებთო. თუ ასეა, მაშინ მათ არ უნდა დაარღვიონ ესპანეთის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ კატალონიისა თუ სხვა რეგიონის დამოუკიდებლობა მთელი ესპანეთის მასშტაბით ჩატარებულმა რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს. საინტერესოა, რომ რეფერენდუმამდე მხოლოდ 43% უჭერდა მხარს კატალონიის გამოყოფას, შედეგის მიხედვით კი ამას მხარი 90%-მა დაუჭირა. როგორც ირკვევა, კატალონიის მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობდა ამ პროცესში. ასე რომ, კატალონიის ხელმძღვანელობას სუსტი არგუმენტი აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

აქვე ვიტყვი, რომ რაც დღეს ესპანეთში ხდება, ამერიკელების კოსოვოში დაშვებული შეცდომის შედეგია. ეს არის მათი პოლიტიკის მორიგი მარცხი, რომელსაც ევროპელები რატომღაც აჰყვნენ და რაც ხდება, კი ვხედავთ...

კატალონიას ყველაზე დიდი ყურადღებით ბასკეთში აკვირდებიან. არ არის გამორიცხული, იქაც დაიწყოს ანალოგიური პროცესი, მერე კი გაგრძელდეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: იტალიაში, ბელგიასა და გერმანიაშიც კი, სადაც ბავარიელებს სწორედ იგივე პრეტენზიები აქვთ, რაც კატალონიელებს - რომ ისინი ინახავენ მთელ გერმანიას. თუ კატალონიელებმა თავისი გაიტანეს, რისი შანსიც, ჩემი აზრით, ძალიან მცირეა, ეს პროცესი მთელ ევროპაში გაგრძელდება.

- გამოითქმის ვარაუდი, რომ ევროპაში სეპარატიზმს, შესაძლოა, რუსეთი აქეზებდეს. ეს თუ ასეა და პროცესი მართლაც მასშტაბური გახდება, ალბათ, დაშლას ვერც რუსეთი გადაურჩება.

- რუსული პოლიტიკა დემაგოგიურია - რაც დასაშვებია მისთვის, არ შეიძლება სხვისთვის და პირიქით... რაც შეეხება წაქეზებას, ვფიქრობ, ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის. ერთ მაგალითს გავიხსენებ:

ბასკური სეპარატიზმის იდეოლოგი არკა არაერთხელ შეხვდა ოს სეპარატისტებს. რომ არა რუსების დახმარება, არკა ამ ხალხს ვერასდროს ნახავდა. რუსეთი, დიდი ხანია, ცდილობს, დაასუსტოს ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება, რომ ამაში მონაწილეობდეს.

ამიტომაც ვამბობ ხშირად, რომ მაშინ, როცა ჩვენ მეორეხარისხოვან საკითხებს ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ გარშემო უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება. ბოლო დღეებში ჩვენს რეგიონში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი ის, რომ საუდის არაბეთის მეფე ჩავიდა მოსკოვში, რაც რუსების ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია. როგორც ვიცი, მოილაპარაკეს და რუსეთის ეკონომიკაში უდიდესი არაბული ინვესტიცია განხორციელდება. რაც მოხდა, ძალიან სერიოზულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი საყრდენია.

მეორე უმნიშვნელოვანესი თემაა ის, რომ ბლოკადაში მოქცეულმა ირანმა, რომელსაც საბანკო ოპერაციების შესრულება შეზღუდული აქვს, ამ ორიოდე დღის წინ თურქეთთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ირანის ბანკებისთვის თურქული ბანკების ხაზი გაიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ირანმა ბლოკადა, ფაქტობრივად, გაარღვია. შედეგად ირანს ხვალ სულ სხვა გავლენა და შესაძლებლობები ექნება. გაგახსენებთ - ირანის მთავარი მოწინააღმდეგე რეგიონში საუდის არაბეთია, მოკავშირე კი - რუსეთი. გამოდის, რომ ჩვენ გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია იქმნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ თურქებმა ეს ნაბიჯი აშშ-ის კარნახით გადადგეს იმისთვის, რომ ირანი მიბმული იყოს აშშ-ის მოკავშირეზე და არა - მხოლოდ რუსეთზე. ასე რომ,

რეგიონში სხვა თამაშის წესები შემოდის და რუსეთი საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს, რაც ჩვენთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

- დასაწყისში სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეები ახსენეთ. ამას გულისხმობდით?

- არა მხოლოდ ამას. დღეს ჩვენში შეიქმნა ცალკე საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს და კულტურული სტრუქტურები და რაც ყველაზე სახიფათოა - უსაფრთხოების სამსახურიც კი... ესენი არიან არაბები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათ წიაღში კრიმინალური ჯგუფებიც გაჩნდა, რომლებიც ჯერჯერობით ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცით.

ეს ხალხი არ ცნობს იმ სულიერ სივრცეს, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ თავისი კულტურა მოიტანეს, ანუ ჩვენთანაც ის პროცესი მიმდინარეობს, რაც ევროპაში, აშშ-ში... ამერიკა დიდია, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნებიც ჩვენზე გაცილებით მყარად დგანან ფეხზე და შეუძლიათ ამ ყველაფრის გაძლება, ჩვენ კი ეს ძალიან გაგვიჭირდება.

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დროებით საცხოვრებლად თუ ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, გარკვეული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა. იდეოლოგიისა, რომელიც შექმნეს იმ ძალებმა, რომელთა ინტერესი რეგიონისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია. თქვენ რომ მოუსმინოთ, რას ამბობენ არაბი და ირანელი გიდები, გაოგნდებით. მაგალითად, არაბ ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვებიან მხოლოდ არაბული ხალიფატის კონტექსტში.

ირანელებს კი უხსნიან, აბას მირზას როგორ წაართვეს რუსებმა დროებით საქართველო და როგორ უნდა დაიბრუნონ უკან!

თურმე, ჩვენი კანონმდებლობით გიდების საკითხი ლიცენზირებული არ ყოფილა და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!

მუსლიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სულ იმას ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ამ აღმსარებლობის ადამიანები რელიგიურ განათლებას მიიღებენ. მედრესეები უნდა გაკონტროლდეს და ყველგან კვალიფიციური კადრები ასწავლიდნენ. ეს ხალხი ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია. რაც გვაქვს, რასაც ჰქვია ტრადიციული ისლამი, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ჩვენ ეს საქმე მიტოვებული გვაქვს. ამიტომაც ჩვენს მიტოვებულ ადგილს სხვები ეპატრონებიან. ჩამოსულები ძალიან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ მუსლიმებთან. დღითი დღე იცვლება სურათი ქვემო ქართლში. პანკისი, ქვემო ქართლთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოაზისია, აჭარაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ რატომღაც ძალიან აჭიანურებენ.

ყველაფერს ვერ იტყვი გაზეთის ფურცლებიდან. სუს-ს ნურაფერს დავაბრალებთ. ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა მხოლოდ მთავრობის კონსოლიდირებული მოქმედებით შეიძლება. არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვიხსენებია, ვთქვათ, ქვემო ქართლი, სადაც არჩევნების შედეგს განსხვავებული პირობები განსაზღვრავს. აქამდე თუ ვიცოდით, რომ ადგილობრივები ზოგჯერ ბაქოდან ელოდნენ მითითებას, ახლა მათი ნაწილი თეირანიდან თუ ანკარიდან ელის ამგვარ მითითებას.

არ ვამბობ, რომ ამაში მაინცდამაინც ამ ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მაგრამ არიან რელიგიური თუ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკას ქმნიან. ისლამის წინააღმდეგი არ ვარ, ეს არის ჩვენი სულიერი სივრცის ნაწილი, არც ჩვენი მეზობლების საწინააღმდეგო მაქვს რამე, მივიჩნევ, რომ ირანსა თუ თურქეთთან ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანამ ღირსება უნდა შეინარჩუნოს და ჯერ თავისი ინტერესები დაიცვას!

ნათია დოლიძე