"შესაძლოა, უნებლიეთ თვითონ ოპოზიციაში იყოს ჩამქრალი მოტივაცია ხელისუფლებაში მოსვლისა" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, უნებლიეთ თვითონ ოპოზიციაში იყოს ჩამქრალი მოტივაცია ხელისუფლებაში მოსვლისა"

"თუ პროტესტის გრძნობა დიდი იქნება, ხალხი ქუჩისკენ დაიძვრება"

"ჩვენი ანტირუსული რიტორიკა მალე ამერიკისთვის მიუღებელი გახდება"

რამდენიმეთვიანი დაპირებათა შეჯიბრების შემდეგ, საქართველომ მორიგი არჩევნები ჩაატარა. მერის პირდაპირი წესით არჩევა ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეა. რამდენად წარმოადგენდა სიახლეს თავად წინასაარჩევნო პროცესი, ეს სხვა საკითხია. სამუშაო ადგილების ასტრონომიული რაოდენობით დაწყებული და გასტრონომიული შემოთავაზებებით დასრულებული დაპირებები ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

ეგაა, არჩევნებიდან არჩევნებამდე დაპირებები, როგორც წესი, საპნის ბუშტივით ქრება და ყველაფერი ფაციფუცით დაგებულ ასფალტამდე მიდის. რატომ მხოლოდ ასფალტამდეო, იკითხავს მავანი და კიდევ ერთ, დაკანონებულ უკანონობამდე მივალთ. ვითარებაში, როდესაც ერთი კანდიდატი კვლავაც მერად რჩება და ზურგს მრავალათასიანი ადმინისტრაციული რესურსი უმაგრებს, მეორე კანდიდატი კი მხოლოდ იმ პარტიის ანაბარა არის, რომლის წევრებიც ხშირად ერთ მანქანაში ეტევიან, ალბათ, თანაბარ პირობებსა და კონკურენტუნარიან გარემოზე ლაპარაკიც ზედმეტია.

აქვე, უსამართლობა იქნებოდა, არ აღგვენიშნა, რომ არჩევნებზე თავპირისმტვრევა, კომისიის თავმჯდომარისა თუ საარჩევნო ყუთის გატაცება თანდათან ისტორიის საკუთრება ხდება, რაც თავისთავად, იმედს გვაძლევს, რომ თანდათან ქართულ არჩევნებში სხვა ხარვეზებიც აღმოიფხვრება და ამ ხარვეზებში არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღე, წინასაარჩევნო პერიოდიც იგულისხმება. სანამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ვითAარება იცვლება საგარეო პოლიტიკაშიც.

ჯერ იყო და, გერმანიის კანცლერი ვაზაგაშვილის საქმით დაინტერესდა; შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰილარი კლინტონმა აშშ-ისა და რუსეთის ხედვებს შორის საქართველოს თემაზე არსებული სხვაობა წარსულ დროში მოიხსენია. სახელმწიფო მდივანმა ისიც ბრძანა, რომ რუსეთი და აშშ აპირებენ, მსოფლიო ერთნაირად დაინახონ;

რომ აუცილებელი და შესაძლებელია წინსვლა ირანის საკითხში. საქართველო ხომ ყველგან და ყველაფერში მეწინავე უნდა იყოსო და საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ირანთან ურთიერთობაში წინსვლის მაგალითი უჩვენა. სხვა საქმეა, რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას თუნდაც ევროკავშირთან მიმოსვლის გამარტივებაზე მუშაობისას ირანთან უვიზო რეჟიმის დამყარება.

რამაზ საყვარელიძესთან საუბარი არჩევნების თემატიკით დავიწყეთ:

- არჩევნების სამართლიანობას საფრთხე მხოლოდ არჩევნების დღეს არ ემუქრება, არანაკლებ მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდია. თქვენი აზრით, რამდენად თანაბარი პირობები ჰქონდათ კანდიდატებს?

- შესაძლოა, ჩემი აზრი ამ შემთხვევაში იმდენად კომპეტენტური არ იყოს, რამდენადაც იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აკვირდებოდნენ. მედიამონიტორინგის შედეგად ყველამ აღნიშნა, რომ პირობები აშკარად არათანაბარი იყო. სახელისუფლებო კანდიდატს გაცილებით მეტი დრო ეთმობოდა ეთერში, ვიდრე სხვებს. იგულისხმება ის არხები, რომლებსაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ მაუწყებლობა. ეს კომპონენტი, როგორც ჩანს, დემოკრატიულობის ნიმუშად ვერ გამოდგება.…

- მედიაკომპონენტის გარდა, იყო სხვა მომენტებიც, როდესაც ერთი კანდიდატი კვლავაც რჩებოდა მერად და წინასაარჩევნო კამპანიისას ხსნიდა მაგისტრალებს, ხიდებს, სკვერებს... რისი გახსნა შეეძლოთ ამ დროს სხვებს?

- გეტყოდით, ბოთლის-მეთქი... თუმცა, თუ ხატოვან გამოთქმაზე მიდგება საქმე, ისიც არის, რომ გახსნილი ბოთლიდან ზოგჯერ ჯინიც ამოფრინდება ხოლმე.

- თუ მასობრივ გამოსვლებს გულისხმობთ, "ჯინი" ერთხელ უკვე ამოუფრინდა ოპოზიციას ბოთლიდან, მაგრამ შედეგი ვერაფერი ვნახეთ...

- ალბათ, იმიტომ, რომ ჯინსაც თავისი მოქცევის წესები აქვს, თუ სურვილი შესაბამისად არ ჩაუთქვი, გაქრება და ცარიელი ბოთლი შეგრჩება ხელთ. თქვენი კითხვა სერიოზულად რომ განვიხილოთ, ეს მომენტი თავის დროზევე ისე დაარეგულირეს პარლამენტში, რომ კანონმდებლობამ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კანდიდატის თანამდებობაზე დარჩენა დასაშვებად მიიჩნია. რაკიღა ეს დაშვებული იყო, ე.ი. თავიდანვე იყო ჩაფიქრებული გადახვევები იმ პროცესიდან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პირობების შექმნა ჰქვია.

- ბოლო დროს ხშირად ამბობდნენ, რომ არჩევნებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა მასობრივი გამოსვლები, ექსცესები და რომ ეს ყველაფერი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში იგეგმებოდა. როგორ ფიქრობთ, ასეთი გეგმა რომც იყოს, ამომრჩევლისა და პოლიტიკური სპექტრის განწყობილების მიხედვით გამოსვლები მოსალოდნელია?

-  საზოგადოდ, მოვლენათა ასეთ განვითარებას ყოველთვის სჭირდება ლიდერი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გაჰყვება, რადგან ე. წ. ქუჩის სცენარს ადამიანთა დიდი რაოდენობა ესაჭიროება, რათა ის ეფექტური და შედეგიანი იყოს. ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ოპოზიციაში ალასანიაა. ის კი აცხადებს, ჩვენ ქუჩის პოლიტიკა უკვე გავიარეთ და როგორც უნდა დასრულდეს არჩევნები, ამ გზის ხელახლა გავლას არ ვაპირებთო. თუ ალასანია უარს იტყვის ამ ნაბიჯზე, მეეჭვება, სხვა კანდიდატებმა მოახერხონ ამ ტალღის აგორება.

ნურც იმას გამოვრიცხავთ, რაც არაერთხელ მომხდარა, - თავად სოციუმში იმხელა საპროტესტო მუხტი იყო ხოლმე, რომ მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობა თვით ამ მიტინგის ორგანიზატორებსაც უკვირდათ. ასე რომ, შეიძლება მცირერიცხოვანმა ჯგუფმა წამოაყენოს იდეა შეკრებისა და თუ ხალხში პროტესტის გრძნობა დიდი  იქნება, მიუხედავად მომწოდებლისა, ხალხი ქუჩისკენ დაიძვრება...

- ერთ დროს ოპოზიციაში ერთიანობის იდეა ძალზე პოპულარული იყო: იმართებოდა კონსულტაციები, გაისმოდა მოწოდებები. საბოლოოდ კი არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს თბილისის მერის არჩევამ ცხრა კანდიდატიდან მოუწიათ. როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების დამსახურებაც არის თუ ოპოზიციაში იმძლავრა ამბიციებმა?

- არჩევნებზე კანდიდატთა მეტი რაოდენობაც გვინახავს, მაგრამ მათ უმრავლესობას საზოგადოება უბრალოდ არ იცნობდა. ამჯერად განსხვავება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ ცხრაში ბევრი იყო წონიანი და რეიტინგული კანდიდატი. ხელისუფლების ზრუნვა ამ მხრივ ბუნებრივია და სხვაგვარად რომც ყოფილიყო, გასაკვირიც იქნებოდა, რადგან თუ ხელისუფლება იბრძვის ხელისუფლებისთვის, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხმების კონცენტრირება მხოლოდ ერთ კონკურენტთან არ მოხდეს.

მარტივად რომ ვთქვათ, პრინციპი "დაჰყავი და იბატონე" აქაც ძალაშია და მოქმედებს. მაგრამ, ვიმეორებ, - ეს ბუნებრივია ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, ბევრს უჩნდებოდა კითხვა: კი მაგრამ, თუ გინდათ გაერთიანება, რატომ ვერ ერთიანდებითო. ძალიან მარტივი იყო იმის დანახვა, რომ ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებისთვის არსებითი შედეგის მომტანი იქნებოდა. მე ვეჭვობ, რომ ოპოზიციას შეიძლLება უნებლიეთ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივი ჯერჯერობით დაკარგული აქვს.

- ანუ, ეს იყო მონაწილეობა მონაწილეობისთვის?

- ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო პიარკომპანიის ექსპერტმა, მისი აზრით, უცნაურ ამბავს მომიყვა. ის ბელორუსიაში მიუწვევია ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში დახმარებისთვის. ეს კაცი გაკვირვებული იყო, არც ფულის დახარჯვა ენანებოდათ და რჩევებსაც ყურადღებით ეკიდებოდნენ, მაგრამ როდესაც საქმე გადამწყვეტ ეტაპამდე მივიდა და ექსპერტს მათთვის საბოლოო მოქმედებათა დეტალური გეგმა შეუდგენია, მასპინძელ ოპოზიციონერებს უთქვამთ, შენ ახლა ისეც ნუ იზამ, რომ არჩევნებში მოგვაგებინო, რასაც მივაღწიეთ, ჩვენს ინტერესებს ესეც აკმაყოფილებსო.

რაშია საქმე? როგორც თავად ბრძანეთ, "მონაწილეობა მონაწილეობისთვის" პოლიტიკოსებს იმაში სჭირდებათ, რომ მუდმივად რჩება საზოგადოებისთვის ცნობად სახედ და პოლიტიკურ ელიტაში. ამავე დროს, თუკი "კვალიფიციურობის ბარიერს" გადალახავს, ბიუჯეტიდან ამ პარტიისთვის არცთუ მცირე თანხა გამოიყოფა. ხშირად პარტიებისთვის ეს სრულიად საკმარისია ხოლმე, რადგან თუკი ოპოზიციური პარტია "ზედა სართულებისთვის" ბრძოლის ეტაპზეც გადავა, იქ მას სახიფათო, უსიამოვნო და ზოგჯერ პოლიტიკურად ფატალური წინააღმდეგობებიც კი შეიძლება შეხვდეს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას არაერთი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - მათ შორის, წინა ხელისუფლების შეცდომების გამოსწორებისა. ასე რომ, ისიც არ მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ხელაღებით დავაბრალო, ხელისუფლების ხელში აღება არ გინდათ-მეთქი, მაგრამ შეიძლება ამ ტვირთის წამოკიდება ჯერჯერობით არ ეხალისებათ. ამას საკმაოდ დიდი თავდაჯერება და მზაობა სჭირდება როგორც მორალური, ისე რესურსების თვალსაზრისით. ასე რომ, შესაძლოა, უნებლიეთ თვითონ  ოპოზიციაში იყოს ჩამქრალი მოტივაცია ხელისუფლებაში მოსვლისა.

- ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, დასავლეთს ამა თუ იმ მიზეზთა გამო საქართველოსადმი ინტერესი და სიყვარული "გაუნელდაო". მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისადმი ევროკავშირმა ინტერესი გამოიჩინა. საერთაშორისო დამკვირვებლების გარდა, ცესკოში და საარჩევნო უბნებზე საგანგებო წარმომადგენელი კავკასიაში, პიტერ სემნებიც იყო. როგორც წესი, უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების შეფასებისას თავშეკავებული არიან ხოლმე. რა იქნება ამჯერად?

- თავისთავად, თვითონ სურათი დღევანდელი არჩევნებისა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი და ელჩი გაიძახის, დემოკრატიის გამოცდა იქნებაო, სხვა "ქართული გამოცდებისგან" დიდად არ განსხვავდება. და თუ გამომცდელს უნდა, აბიტურიენტის შეცდომა არ დაინახოს, არ დაინახავს. მაგრამ თუ ჯიბრში ჩაუდგა, შეიძლება ჩაბარებულიც არ ჩაუთვალოს.

ჩვენ ისეთი სიტუაციებიც გვინახავს, როდესაც არჩევნებზე ამბობდნენ, გამოცდააო, მერე კი მას ჩაბარებულად გვითვლიდნენ, საზოგადოების რეაქციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მიუხედავად. რა განწყობილება აქვთ დღეს ჩვენს გამომცდელებს? - ვფიქრობ, ვითარება ამ მხრივ დღეს განსხვავებულია. ჯერ ერთი, დასავლეთი უკვე ძალიან მკაცრად ლაპარაკობს. მერკელის განცხადებას შეგახსენებთ, ამ დონის პოლიტიკოსმა ვაზაგაშვილის საქმე რომ ახსენა.

კრიტიციზმი ევროპისგან მას შემდეგ შეინიშნება, რაც ევროპულმა ეკონომიკამ რუსული გაზით დაიწყო სუნთქვა. ახლა საქართველოს დასაყრდენი უფრო ამერიკის შეერთებული შტატებია, ვიდრე ევროკავშირი. არადა, ვაშინგტონმა უკვე გამოაქვეყნა საგარეო პოლიტიკური პლატფორმა, სადაც რუსეთი, ჩინეთსა და ინდოეთთან ერთად, მის ძირითად პარტნიორებად მოიხსენიება. ასე რომ, სავარაუდოდ, ჩვენი ანტირუსული რიტორიკა მალე ამერიკისთვისაც მიუღებელი გახდება. და თუ საქართველოს პოლიტიკა მიუღებელი გახდა ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მაშინ ჩვენი ხელისუფლების შეცდომებს უფრო დაინახავენ, მათ შორის - შეცდომებს საარჩევნო სფეროში.

- ამ ვითარებაში ირანთან დამეგობრება რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს? მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველომ, შესაძლოა, შუამავლის როლი იტვირთა.

- ამ "მავანთა" შორის, გამოგიტყდებით და, მეც ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო იმ ეტაპზე გამოთქმული, რაკიღა არ იყო გამოვლენილი ირანის დამოკიდებულება რიგი მოვლენებისადმი. დღეს ირანი კრიტიკულია რუსეთის მიმართაც. აშკარად ითამაშა როლი იმან, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა საერთო ენა გამონახეს, რაც თეირანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუ ამ კონტექსტით ვიხელმძღვანელებთ და ვითარებას ერთიანად შევაფასებთ, გამოვა, რომ ვარაუდი ქართული შუამავლობისა ძალადაკარგულია. ამერიკას ეს არ სჭირდება და თუ დასჭირდებოდა, მისთვის რუსეთი უფრო საიმედო და წონიანი შუამავალი იქნებოდა.

თანაც, საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია იმ რანგის პირებთან კონტაქტი ამერიკაში, რომელთა აზრსაც ვიზირების ძალა ექნებოდა დაპირისპირებულ სახელმწიფოსთან უმაღლეს დონეზე ურთიერთობის გასაბმელად. ასე რომ, ვერსია - საქართველო დასავლეთის ამოცანებზე მუშაობსო, მგონი, უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა.

ვფიქრობ, უფრო ჯიბრსა და პოლიტიკურ მუქარასთან გვაქვს საქმე - რომ თუ დასავლეთი საქართველოს ინტერესებს არ გაითვალისწინებს, მაშინ არც საქართველო დააკმაყოფილებს დასავლეთის ინტერესებს, რაც ირანთან დამეგობრებით შეიძლება გამოიხატოს.

საკითხის ასე დაყენება რამდენად აძლევს ხელს საქართველოს, ეს სხვა საკითხია. ასეთივე მუქარის პრეცედენტი საქართველოს უახლოეს წარსულში უკვე ჰქონდა, როდესაც სამტრედიაში რკინიგზა გადაიკეტა, რათა რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოგვექცია. რაღაც ანალოგიურ სვლას ვაკეთებთ ახლაც და, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ მენტალიტეტში ისევ არსებობს ე.წ. სამტრედიული სინდრომი, რომლის ახლანდელი გამოხატულებაც შეიძლება თეირანი აღმოჩნდეს.