"მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ..."

"ჩვენ კონსტიტუციას იმ კოსტიუმივით ვექცევით, რომლის გადაკეთებასაც პატრონი ყველა სეზონზე იმის მიხედვით ცდილობს, თუ რა არის მოდური..."

ქალაქის მართვაში უამრავი პრობლემაა. შეხედეთ, მთელი 4 წელიწადი ისე გავიდა, მოძრაობა ოდნავადაც კი ვერ გააუმჯობესეს. მთელი 4 წელი წყვეტდნენ, რომ საჭირო იყო მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა და გაკეთებისთვის კი ვერ მოიცალეს. 4 წელი მხოლოდ ილაპარაკეს "სითი პარკზე" და ვერაფრით გააგდეს ეს საშინელი კომპანია

როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დასძლია. შესაბამისად, არ გაიზიარა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც 6 პუნქტად იყო გაწერილი. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი მხარი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაუჭირა. მოკლედ, მიღებულია კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელსაც ოპოზიცია ერთპარტიულ დოკუმენტად აფასებს, ხელისუფლება კი ახალი ცვლილებებისთვის ემზადება. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:

- ბატონო სანდრო, პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ვეტო და მას დართული მოტივირებული შენიშვნები ასახავდა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის კრიტიკულ მოსაზრებებს, თუმცა, ეს ე.წ. თანხმობის ვეტო საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

- ნება მიბოძეთ, სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდე, ვისარგებლო შემთხვევით და გულისტკივილი გამოვთქვა ყველასთვის საყვარელი მსახიობის, უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხომ ცხადზე ცხადი იყო, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა ამ ვეტოს დასძლევდა. ეს მშვენივრად იცოდა პრეზიდენტმაც. ამ მოტივირებული შენიშვნების გაზიარება უმრავლესობის დაშლას ნიშნავდა. მოგეხსენებათ, მთავარი უთანხმოება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეეხებოდა საარჩევნო წესის ცვლილებას - პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა ოპონენტებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე უნდა გადავიდეს, ამას კი ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარი დეპუტატები. შესაბამისად, "ქართული ოცნება" თუ პრეზიდენტის ამ შენიშვნას გაიზიარებდა, მაშინ უმრავლესობა, დიდი ალბათობით, დაიშლებოდა.

პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა წმინდა პოლიტიკური მიზნით და არა იმისთვის, რომ კონსტიტუცია გაუმჯობესებულიყო.

- გაბედავდნენ კი მაჟორიტარი დეპუტატები ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას? გავიხსენოთ, მათი დიდი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იყო პარლამენტში და წარმოუდგენელია, მათ იმ დროს ასეთი დემარში გაებედათ...

- გეთანხმებით, მაგრამ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. მაშინ ისინი სააკაშვილის რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი იყვნენ. დღეს ამგვარი ზეწოლისგან გათავისუფლდნენ, შესაბამისად, შიშიც გაუქრათ. დღეს ჩვენ აშკარად სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. მათ საკმაოდ ადვილად აუღეს ალღო ამ ცვლილებებს, შესაბამისად, ახერხებენ საკუთარი ინტერესების დაცვასაც და გავლენის მოპოვებასაც.

დღეს ბევრი ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მე ამ კრიზისს ვერ ვხედავ. არიან ხელმოცარული პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ჰგონიათ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ქვეყანა ინგრევა.

ვფიქრობ, ქვეყანა სტაბილურად ცხოვრობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგად ვცხოვრობთ ან რასაც მთავრობა აკეთებს, ყველაფერი სწორია.

მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ქვეყანაში აშკარად არ არის პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ახერხებს ქვეყნის მართავს, კარგად თუ ცუდად, ეს სხვა საქმეა.

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ეს არ დასრულებულა, რადგან საზოგადოებისა და ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის თანახმად, რამდენიმე ცვლილება კიდევ უნდა შევიდეს, რისთვისაც პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს. ვითარება ტრაგიკომიკურად შეაფასა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ და განაცხადა: "ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის არაკომპეტენტურობა, პოლიტიკური გამოუცდელობა, კონსტიტუციის ჭრა-კერვის მახინჯი ტრადიცია და ა.შ.". თქვენ როგორ შეაფასებთ შექმნილ ვითარებას?

- ამ ყველაფერს მთლიანად დავაბრალებდი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოუცდელობას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიასაც ხელმძღვანელობდა. ის ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და არ უსმენს მრჩევლებს.

რატომღაც ჰგონია, ყველა რჩევა ცუდია. რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლოს მოილაპარაკეს ვენეციის კომისიასთან და რაზეც შეთანხმდნენ, შესაძლებელი იყო გაცილებით ადრე განხილულიყო და სანამ ორი მოსმენით მიიღებდნენ კანონპროექტს, მანამდე გაეთვალისწინებინათ. ახლა სწორედ იმიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელახლა მუშაობა, რომ სულსწრაფობა გამოიჩინეს. აშკარად შეცდომა დაუშვეს და ახლა იძულებული არიან, გამოასწორონ.

რას ვიზამთ, კონსტიტუციაში 1000-ზე მეტი ცვლილება უკვე შესულია და როგორც ჩანს, ეს ჭრა-კერვა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ჩვენ კონსტიტუციას იმ კოსტიუმივით ვექცევით, რომლის გადაკეთებასაც პატრონი ყველა სეზონზე იმის მიხედვით ცდილობს, თუ რა არის მოდური...

აშშ-ის კონსტიტუციაში მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც 53 შესწორებაა შესული; საფრანგეთში, როცა კონსტიტუცია იცვლებოდა, იცვლებოდა რესპუბლიკაც. მას მერე, რაც მე-5 რესპუბლიკა დაფუძნდა, კონსტიტუციაში ერთი მძიმეც კი არ ჩამატებულა. კარგი იქნებოდა, უფრო ფაქიზად ვეპყრობოდეთ ქვეყნის ძირითად კანონს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საზოგადოება ვართ, სიბრძნე გვაკლია, ამიტომაც ხდება ეს.

როგორც ვატყობ, კონსტიტუცია კიდევ არაერთხელ შეიცვლება. ის რედაქცია, რაც დღეს მიიღეს, ჩემი აზრით, კარგი ნამდვილად არ არის. არ მომწონს საარჩევნო სისტემა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ არათუ არჩევნების შერეულ წესს დავუბრუნდებით, არამედ ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ ვენეციის კომისიამ თავის დროზე პროპორციული სისტემა მოგვახვია თავს. ამით ვითომ პოლიტიკური პარტიები უნდა გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამან უკიდურესად დაასუსტა.

- არჩევნებამდე ერთი კვირაც აღარ რჩება, თუმცა, კვლავაც უღიმღამო პროცესს ვადევნებთ თვალს, თუ არ ჩავთვლით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროცესების რადიკალიზაციის მცდელობას.

- სამწუხაროდ, რასაც ვამბობდი, ახდა და "ქართული ოცნება" უალტერნატივოა ამ არჩევნებზეც, საზოგადოება კი უკიდურესად ნიჰილისტურადაა განწყობილი.

შექმნილი ვითარება შეიძლება რამდენიმე მიზეზით ავხსნათ: პირველი - ოპოზიციური ძალები გრძნობენ, რომ მარცხისთვის არიან განწირული და თავს დიდად აღარ იწუხებენ.

მეორე და მთავარი მიზეზი კი ის მგონია, რომ ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობა წმინდად ფორმალურია. ყველაფერი წყდება ცენტრალურ ხელისუფლებაში. ვინც უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაში, მუსიკის დამკვეთი ცენტრალური მთავრობაა. რატომ? - იმიტომ, რომ არასწორად არის საბიუჯეტო სისტემა აწყობილი. ადგილობრივი ხელისუფლებები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერებზე არიან დამოკიდებული. ეს აბსოლუტურად არასწორია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ცენტრალური მთავრობა ადგილობრივი მთავრობების კეთილ ნებასა და რეგიონებიდან წამოსულ ტრანსფერებზე დგას.

აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ნება არა აქვს, თან 8 ქალაქს წაართვეს მერების არჩევის უფლება, რაც, ჩემი აზრით, უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, კანონი არ უნდა ცნობდეს პრეცედენტს - თუ მერს ვირჩევთ თბილისში, ის უნდა აირჩიონ ყველა სხვა ქალაქშიც. ჩვენ ოდესმე მივალთ აქამდე. ასევე მივალთ ჩვენი კონსოლიდირებული ბიუჯეტის სისტემის გადახედვაზე. სანამ ეს არ მოხდება, საქართველოში ფორმალურად იარსებებს თვითმმართველობა.

თავის დროზე ვთქვი, ელექტორატის აქტივობა ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი იქნება-მეთქი, დღეს ამ აზრზე უფრო მყარად ვდგავარ.

- შედარებით მეტ ინტრიგას ინარჩუნებს თბილისის მერის არჩევნები. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დედაქალაქში მეორე ტურამდე მივა საქმე.

- გაცილებით მძაფრ დაპირისპირებას ველოდი თბილისში. ძალიან მინდა საქმე მივიდეს მეორე ტურამდე, რაიმე პიროვნული ინტერესის გამო კი არა, ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე - დემოკრატიისთვის ყოველთვის კარგია ამგვარი გამოცდილება, მეორე ტური ხომ ჯანსაღი კონკურენციის ნიშანია. არჩევნებამდე ერთი კვირაც აღარ რჩება და მე რეალურ საარჩევნო კამპანიას ვერ ვხედავ. როგორც უკვე გითხარით, ვიმედოვნებ, რომ მეორე ტური იქნება, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამას სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად ვუყურებ.

თუ თბილისში მეორე ტური გაიმართება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, რიგითი მოქალაქეები კი დაიჯერებენ, რომ მათ გადაწყვეტილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ბევრი რამ. ზოგიერთი კი წაიტეხს კბილებს და იმედია, ისწავლის ჭკუას.

ორიოდე სიტყვა მმართველი პარტიის კამპანიაზე მინდა ვთქვა, რაც გადაჭარბებული მგონია. ხომ იცით, ყავას თუ დიდხანს ადუღებ, გაგიფუჭდება, მისი გადადუღება არ შეიძლება. ამდენი ბილბორდი, კლიპი, გადაღებილი ავტობუსი. ზედმეტობა ამომრჩეველს ნერვებს უშლის. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

მე კვლავაც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, რომელსაც სისხლსა და ხორცში ექნება გამჯდარი თბილისის პრობლემები.

ქალაქის მართვაში უამრავი პრობლემაა. შეხედეთ, მთელი 4 წელიწადი ისე გავიდა, მოძრაობა ოდნავადაც ვერ გააუმჯობესეს. მთელი 4 წელი წყვეტდნენ, რომ საჭირო იყო მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა და გაკეთებისთვის კი ვერ მოიცალეს. 4 წელი მხოლოდ ილაპარაკეს "სითი პარკზე" და ვერაფრით გააგდეს ეს საშინელი კომპანია.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა და კიდევ იმუქრებიან, ამის მიზეზი კი გახდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გასულ კვირას მიიღო.

- მოდი, ჯერ ვილაპარაკოთ იმ საკითხზე, რასაც აპროტესტებენ. ავიღოთ პუშკინის სკვერის ტერიტორია, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად კარგა ხანს ეძებდნენ ინვესტორს, ვერავინ მონახეს და ისევ ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ. როდესაც საინვესტიციო პროექტი არსებობს და ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში მიწას ინვესტორს უფასოდ გამოუყოფენ ხოლმე.

ამაში ვერანაირ დანაშაულს ვერ ვხედავ. მეორე - ავიღოთ თაბორის მთა, სადაც უზარმაზარ პროექტზეა ლაპარაკი. აქ პრობლემას იმაში ვხედავ, რომ საზოგადოებას არაფერს უხსნიან. ადამიანებს უნდა აჩვენო, რის გაკეთებას გეგმავ, იკითხო მისი აზრი... ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქალაქი და მისი მოქალაქეები კი ვრჩებით. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ პროექტებით, არ უნდა ვიცოდეთ, რას გეგმავენ?

რაც შეეხება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბევრს ყვირის ამაზე, მაშინ სად იყვნენ, ეს სიმახინჯე მწვანე კოშკი რომ აშენდა შუა ქალაქში? რატომ არავინ იღებდა ხმას? ან მათი მმართველობისას რომ დამახინჯდა და რკინაბეტონის ტყედ იქცა თბილისის არაერთი უბანი, მაშინ ვერ ხედავდნენ ამ პრობლემებს?

ახალი ხელისუფლების მოსვლის მერეც არანაკლები ხდება.

გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. ნახეთ, რამდენი ხანი იფიქრეს, პეკინის ქუჩა ცალმხრივი უნდა ყოფილიყო თუ არა. საშინელ არაპროფესიონალიზმს ვხედავ ქალაქის მართვაში.

ვინც უნდა მოვიდეს, თუ ეს შეიცვლება, გამიხარდება, მაგრამ რეალურად ამის ალბათობა ძალიან დაბალია.

რაც შეეხება ამ პროცესების პოლიტიკურ მხარეს - "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა გზა არა აქვს, გარდა რადიკალიზაციისა, იქნებ ასე მოახერხოს ცოტაოდენი ამომრჩევლის გადაბირება. რეალურად, ისინი ახლა იბრძვიან ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შესანარჩუნებლად. ჩემი აზრით, ძალიან არასწორად შეარჩიეს თბილისის მერობის კანდიდატი - ჟურნალისტი, რომელმაც მართვა არ იცის. მათ კონკურენცია უწევთ საკუთარ განაყოფთან, "ევროპულ საქართველოსთან", რომელიც ინტელექტუალურად თუ სხვა ნიშნით აშკარად ჯაბნის. ამით აიხსნება ნიკა მელიას ძალიან საინტერესო დემარში კეზერაშვილის წინააღმდეგ და უგულავას დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან.

- თქვენი აზრით, რატომ მიიღო თბილისის საკრებულომ მიწის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, როცა ამის გაკეთება შეეძლო მის მერეც. გია ხუხაშვილის თქმით, ამაში მმართველ პარტიაში არსებული წინააღმდეგობებიც შეიძლება დავინახოთ.

- არა მგონია... ვფიქრობ, უფრო ნარმანიას თანამდებობიდან წასვლამდე უნდოდა ქულების ჩაწერა, იჩქარა ამ საკითხის გადაწყვეტა და პოლიტიკურად გაუთვლელი და გაუწონასწორებელი ნაბიჯიც ამიტომ გადადგეს.

- თუ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება, თქვენი აზრით, ვინ დაუპირისპირდება კალაძეს?

- ვფიქრობ, ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს ალეკო ელისაშვილს. მეეჭვება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მეორე ტურში გასვლა მოახერხოს, დანარჩენების შანსებზე კიდევ უფრო გამიჭირდება რაიმეს თქმა.

- ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ექსპერტთა ნაწილი კიდევ უფრო უიმედო პროგნოზს აკეთებს...

- არა მგონია, უფრო მეტად გაუფასურდეს, თუმცა, ამგვარი რყევები, ალბათ, გაგრძელდება.

დამთავრდეს ფინანსური წელი და ამის შემდეგ გავაანალიზოთ ლარის კურსიც და ინფლაციის დონეც. ჯერჯერობით სერიოზული დასკვნების დრო არ მოსულა, შესაბამისად, მაკვირვებს ზოგიერთი ექსპერტის ნაადრევი დასკვნები.

- ჰიპერმარკეტ "გორგიას" მფლობელ გია გორგოშაძის გატაცების მომზადებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი დააკავა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გართულდა.

- ეს შემთხვევა შავბნელი ისტორია ჩანს. კარგია, რომ ამგვარი რამ თუ რეალურად იგეგმებოდა, დროულად აღიკვეთა და პრევენციულად იმუშავეს სამართალდამცავებმა. შევარდნაძის დროს ამგვარი დანაშაული ხშირად ხდებოდა, სრული განუკითხაობა იყო. დღეს ასეთი პროცესებისგან ღმერთმა დაგვიფაროს.

არა მგონია, კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად იყოს გაუარესებული. უბრალოდ, ახლა ყველაფერი ზედაპირზე დევს და არაფერი იმალება, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან. მაშინ ძალიან ბევრ რამეს ჩქმალავდნენ. დანაშაული ნებისმიერ საზოგადოებაში ხდება, ყველაფერი რომ იდეალურად იყოს, მაშინ პოლიცია არც დაგვჭირდებოდა.

ნათია დოლიძე