"პოლიტიკური სიურპრიზები შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ"
06-11-2017
"პოლიტიკური სიურპრიზები შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ"
"რა ხდება ლართან დაკავშირებით? აქ ახალი არაფერია, ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს"

30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს. შეგახსენებთ, რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. ამ ფაქტს აქტიურად გამოეხმაურა
უცხოური მედია, სადაც ეკონომიკურზე მეტად მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული ყურადღება. ბევრს წერდა რუსული და სომხური პრესაც. "როგორც კი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს, სამი სახელმწიფო - საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ამ უსაფრთხო და შედარებით მოკლე სატრანზიტო მიმართულებით ბევრ სიკეთეს მიიღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიმზიდველია
ის, რომ რკინიგზა გვერდს უქცევს რუსეთს, რომელსაც დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა," - ვკითხულობთ ამერიკულ გამოცემა Forbes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ამ საკითხსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია სწორედ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ კვანძში მონაწილეობაა, ცხადზე ცხადია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მნიშვნელობა დიდია, თუმცა, ეკონომიკურ ასპექტებს თუ განვიხილავთ, შეიძლება რისკებზეც გავამახვილოთ ყურადღება.
როგორც ამბობენ, ამ მიმართულების საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 5 მილიონ ტონამდე ტვირთბრუნვაა, მერე კი მეტსაც გვპირდებიან, თუმცა რელიეფური პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, უფრო ნაკლები იქნება. დღევანდელი მდგომარეობით ჯერჯერობით მარკეტინგულად არ ჩანს, ამ რაოდენობის ტვირთები ჩვენს სატრანზიტო დერეფანში საიდან ან რა ფორმით უნდა წამოვიდეს. აქ საქართველოს ინფრასტრუქტურაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენამდე ამ ტვირთებმა უნდა გამოიაროს ცენტრალური აზია, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი და სწორედ ის არის საკითხავი, ტვირთბრუნვის სადამდე გაზრდის საშუალებას იძლევა იქაური ინფრასტრუქტურა... ტვირთის სახეობებიც გაურკვეველია. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ თუ დღემდე ჩვენს სატრანზიტო დერეფანში მოძრავი ტვირთები ამ ახალი სარკინიგზო მიმართულებით გადამისამართდება, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას საქართველოს პორტებს, ანუ თუ ამ ახალ მიმართულებაზე ახალ ტვირთებს ვერ მოიზიდავენ და იქით არსებულ ნაკადებს გადაისვრიან, საბოლოოდ კი ისინი თურქულ პორტებში მოხვდება, ამით ქართული პორტები დიდ ზარალს ნახავენ, რაც სერიოზული ეკონომიკური რისკი მგონია. ასეთ შემთხვევაში ამ მიმართულებიდან არა მხოლოდ პორტები, რკინიგზაც ვერ მიიღებს შემოსავალს, რადგან ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთი აშენდა აზერბაიჯანული კრედიტით და კარგა ხანს მთელი შემოსავალი სწორედ მის დაფარვას დასჭირდება. მაინტერესებს, გაანგარიშებულია თუ არა ეს რისკები? რა ელის ასეთ შემთხვევაში ქართულ პორტებს? მაინტერესებს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს არ დაუშვას და ამ ახალ კორიდორში მხოლოდ ახალმა ტვირთებმა იმოძრაოს? არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ამ პროექტის წინააღმდეგი ვარ, პირიქით, ეს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მაგრამ ვფიქრობ, იმ პირობებით, რა პირობებითაც ის განხორციელდა, ყველაზე ნაკლები სარგებელი საქართველომ ნახა. შეიძლებოდა თავდაპირველი მოლაპარაკებებისას უკეთესი პირობები შეგვემუშავებინა.
უსაფრთხოების თემაზე ლაპარაკს მოვერიდები, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ყარაბაღის პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი კითხვა გაჩნდეს...

- უსაფრთხოების თემა ახსენეთ და, უნდა გავიხსენო სომხურ პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომელშიც საუბარია პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებაზე, რომ უახლოეს დღეებში სომხეთი რუსული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს. სტატიაში ეს განხილულია, როგორც სომხეთის პასუხი აზერბაიჯანში ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე.
როგორც ჩანს, სომხეთის პრეზიდენტმა მკაფიო სიგნალი გაგზავნა და მიანიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი კვლავ აგრესიულ ქმედებას დაიწყებს, ბაქო-ყარსის რკინიგზა, ისევე როგორც ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი, შესაძლოა, სომხეთის არმიის სამიზნე აღმოჩნდეს. ცხადია, ამ "პასუხში თავისი წილი აქვს მოსკოვსაც, რომელიც რკინიგზის გახსნით სომხეთზე მეტს კარგავს, რადგან პერსპექტივაში ტვირთებს ევროპა-აზიიდან რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გადაზიდავენ", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც სომხურ გამოცემა Lragir-ში გამოქვეყნდა...

- რა თქმა უნდა, ის საფრთხე, რაზეც ამ სტატიაშია ლაპარაკი, არსებობს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი დრამატული სცენარი არ განხორციელდება. ბუნებრივია, რომ ეს პროექტი არ მოსწონს არც სომხეთს და არც რუსეთს, თუმცა მისი განხორციელება კარგა ხნის წინ დაიწყო და არა მგონია, დღეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეუქმნან. რისკი არსებობს, მაგრამ დღეს ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით საუბარს და ვითარების დრამატიზებას საჭიროდ არ მივიჩნევ.

- უკვე ლამის ტრადიციად იქცა წლის მიწურულს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია. ექსპერტების ნაწილი ბანკების მხრიდან ლარის კურსზე ზემოქმედების მიზნით შესაძლო სპეკულაციებზე ლაპარაკობს და ამ საკითხით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს...

- შეთქმულების თეორიებს ვერ ავყვები, არ მაქვს საფუძველი, რომ ბანკებს ამგვარი მძიმე ბრალდებები წავუყენო, თუმცა ცალკეულ სპეკულაციურ ოპერაციებს ვერ გამოვრიცხავ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის მთელი საბანკო სისტემის პოლიტიკა და მხოლოდ ცალკეული ჯგუფები შეიძლება სპეკულირებდნენ. რაც შეეხება კითხვას: რა ხდება ლართან დაკავშირებით? აქ ახალი არაფერია, ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს. ეკონომიკის არქონის სადემონსტრაციოდ კი ვიღებ ერთ პარამეტრს - იმპორტ-ექსპორტის ბალანსს. ჩემი აზრით, სავალუტო ბირჟაზე გრძელვადიანი სტაბილურობის მთავარი ეკონომიკური ხერხემალი სწორედ იმპორტ-ექსპორტის სალდოა. ამ ციფრებით კარგად ჩანს, აქვს თუ არა ქვეყანას ეკონომიკა ან როგორი ეკონომიკა აქვს. ჩვენში არსებული დეფიციტური სალდოს დაბალანსება სავალუტო ბაზარზე ხდება სეზონურად. მაგალითად, ზაფხულში მოთხოვნა-მიწოდების დეფიციტს ტურისტული სეზონიდან შემოსული უცხოური ვალუტა აბალანსებს, საახალწლოდ კი - საქართველოს მოქალაქეების მიერ უკანასკნელი დოლარების ხარჯვა... შედეგად ზაფხულობით გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ეროვნული ვალუტა, შემოდგომაზე ტურისტები მიდიან და ლარის კურსიც უფასურდება, მერე - 15 დეკემბრიდან ვიწყებთ ინდაურების ყიდვას და ლარი ისევ მყარდება და ა.შ. ამიტომაც ვუწოდებ ჩვენს ეკონომიკას "ინდაურის ეკონომიკას", რადგან­ ინდაური არის საახალწლოდ ლარის გამყარების ინდიკატორი, ანუ 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის სტაბილურობისთვის, მთავრობის მაგივრად, ინდაური მუშაობს... ამას წელს დაემატა საარჩევნოდ დახარჯული მილიონები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...

- მოგეხსენებათ, უკრაინაში სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფი მეგის ქარდავა დააკავეს, რომლის ექსტრადირებისთვის სამართლებრივი პროცესი უკვე დაწყებულია. ელით თUუ არა, რომ ის ითანამშრომლებს ქართველ სამართალდამცავებთან და ასეთ შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ პროცესზე? სავარაუდოდ, მან ძალიან ბევრი იცის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე...

- არ მიმაჩნია მეგის ქარდავას დაკავებისა და მისი გადმოცემის ამბავი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემად. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი კომპონენტი, შავი საქმეების აღმასრულებელი...
ის რას იტყვის და რას არა, არა მგონია, დიდად აშფოთებდეს ვინმეს. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი რა სასწრაფოდ გაემიჯნა ქარდავას - არ იცნობს თურმე. გაემიჯნა "ნაციონალური მოძრაობაც", თავისი განაყოფით. აშკარად ჩანს, რომ მისი დაკავება და ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობა მაინცდამაინც არ აშფოთებთ... ეს ყველაფერი დღეს ჩავლილ მატარებელს მიდევნებული თემა მგონია და ამას კარგად ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". საქმე ის არის, რომ ჩვენში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ერთ დიდ ფარსად იქცა. 2012 წელს ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, ეს იყო პროცესი, როდესაც ხალხმა სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა, რაც უნდა აღესრულებინა "ქართულ ოცნებას" და არ აღასრულა. ვგულისხმობ დამნაშავე სისტემის პოლიტიკურად გასამართლებას. ამის ნაცვლად მივიღეთ სურათი, როდესაც სისტემა ნელ-ნელა, მეთოდურად გადმობარგდა ახალ ხელისუფლებაში "კოლექტიური მურუსიძის" სახით. დღეს მისი მეტასტაზები უკვე მთელ ხელისუფლებას მოედო. ვხედავთ, რომ გიგი უგულავა უკვე გარეთ არის, სხვები არ დააპატიმრეს, ვიღაცები გაამართლეს კიდეც... ამ ვითარებაში რატომ უნდა ეშინოდეთ ყოფილ მაღალჩინოსნებს მეგის ქარდავას დაკავების?!

დღეს უკვე ამ ხელისუფლებაში არიან იმ ძველი სისტემის ბურჯი პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაინტერესებული სისტემური დანაშაულების გახსნით, რადგან ისინიც მონაწილეები იყვნენ ამ დანაშაულის... ამიტომაც ქარდავას დაკავება არაფერს შეცვლის და მისი ჩვენების, დარწმუნებული ვარ, არავის ეშინია.

დღეს ამ სისტემამ, ამ ურჩხულმა მძევლად აიყვანა გამოუცდელი ხელისუფლება და ის კარნახობს თამაშის წესებს.
დაიჭერენ მეგის ქარდავას, სამაგიეროდ, გამოუშვებენ ვანო მერაბიშვილს...

"იმედის" საქმე გავიხსენოთ, რომელშიც იყო სამი მთავარი ფიგურანტი: ვანო მერაბიშვილი, რომელიც გასამართლებულია და ამის გამო ზის ციხეში, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით აღმოჩნდნენ ანგელოზები... არადა, ამ დანაშაულს მერაბიშვილი ყველაზე ნაკლებად კურირებდა, იქ მთავარი კურატორები კეზერაშვილი და უგულავა იყვნენ...
ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება მზად არის, ითანამშრომლოს დამნაშავე სისტემის ყველა სუბიექტთან ერთადერთი პირობით - რომ ქურდს შეაგინონ, ანუ მთავარია, მიშას შეაგინონ და ხელისუფლება მზად არის, ითანამშრომლოს ბოკერიასთან, უგულავასთან... შეიძლება მერაბიშვილსაც ამ პირობით უშვებენ, რომ სააკაშვილს შეაგინებს... ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მგონი, მიშა უკვე მეცოდება...

- მართალია, კახა კალაძე ჯერ ოფიციალურად არ შესდგომია მერის მოვალეობის შესრულებას, მაგრამ უკვე ძალიან აქტიურია. "სრულიად ბუნებრივია, კალაძე მერობას ტრამპლინად განიხილავდეს და მართლაც ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად," - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ...

- მეც ვეთანხმები ბატონ რამაზს და ამაში ვერც გასაკვირს და ვერც ნეგატიურს ვერაფერს ვხედავ. მას აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს. ამის ერთ მაგალითს მოვიყვან: დასრულდა არჩევნები, მაგრამ საქართველოში პირველად მოხდა, რომ არჩეულმა პირმა პერსონალური საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გააგრძელა. თუ გაივლით ქალაქ­ში, ნახავთ ბილბორდებს, რომლებზეც კახა კალაძე მადლობას იხდის ნდობისთვის. ეს მეტყველებს, რომ მას აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნები და თბილისის მერობა არ არის მისთვის კარიერის მწვერვალი. მან დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური თამაში.
იმასთან შედარებით, რაც ხდება "ქართულ ოცნებაში" პროფესიონალიზმის, იდეების, პოლიტიკური ალღოს ნაკლებობის თვალსაზრისით, კალაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. მან ბევრი იმუშავა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. სხვა საკითხია, რომ მის შესაძლებლობებსაც აქვს თამასა, რაზეც გადახტომა ძალიან გაუჭირდება. მისი, როგორც ნაციონალური ლიდერის პერსპექტივას, სკეპტიკურად ვაფასებ...

- როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რა პოლიტიკურ გადაჯგუფებებს უნდა ველოდოთ?

- ადრეც გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა, მან ეს კრიზისი დასძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ, მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ.
ასევე ფიქრობს ამომრჩეველთა უმეტესობა, ისინი, ვინც არ მივიდნენ არჩევნებზე.

საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა არა პოლიტიკურმა არჩევანმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რესურსებმა, რაც მეტი ჰქონდა სახელისუფლებო ძალას. ამ საყოველთაო მობილიზაციის პირობებშიც კი ამომრჩევლის აქტივობა 50%-მდეც კი არ იყო.
ადამიანები ეძებენ ახალ არჩევანს და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა არც რესურსი, არც გამოცდილება, არც განსაკუთრებული თვისებები... მან ვერ მოიგო ერთადერთი მიზეზით - ამომრჩეველმა კი დაიჯერა, რომ მას ჰქონდა ვითარების გამოსწორების სურვილი, მაგრამ ვერ ირწმუნა, რომ ამას შეძლებდა. მან შედეგი აჩვენა არა იმიტომ, რომ მაგარია, არამედ იმიტომ, რომ შეძლო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის ლუსტრირება. მეორე მხრივ, რადგან ამომრჩეველს აქვს მესამე არჩევანის მოთხოვნილება, ის აუცილებლად გამოჩნდება. პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, მოქმედებს კანონი: თუ არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც...

შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ სიურპრიზები. თუ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ის საპარლამენტო არჩევნებზეც განწირული იქნება. სხვათა შორის, ამ არჩევნებზეც ბეწვის ხიდზე გაიარა კალაძემ, ეს არ იყო იოლი გამარჯვება...

- როდესაც ოპოზიცია სუსტია, ეს ხშირად ამწვავებს ხელისუფლების შიგნით არსებულ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობას და საბოლოოდ სწორედ მმართველი ძალა წარმოშობს ხოლმე ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს. გავიხსენოთ "მოქალაქეთა კავშირი"...

- რა თქმა უნდა, ასეთი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს "ქართულ ოცნებაში", მაგრამ მათ ამბიციებზე მაღალი აზრის ვერ ვარ და აგიხსნით, რატომ: "ქართულ ოცნებაში" შიდა ინტრიგები, კულუარული დაპირისპირებები და საკუთარი ბოსტნის გაფართოების მცდელობა არის და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით "ქართული ოცნების" ყველა ჯგუფი სწორებას ივანიშვილზე აკეთებს და მის რესურსებზე პარაზიტირებს. ყველაფერი ივანიშვილამდე მიდის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის აქტიურად მართავს ქვეყანას - უბრალოდ, ყველაფერი მის ფაქტორს ეყრდნობა. დაპირისპირებებს მხოლოდ შიდა ფაციფუცის სახე აქვს, ამიტომაც ამ ჯგუფში ოპოზიციის გაჩენა შეუძლებელი მგონია. აქ არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ამ მიმართულებით მხოლოდ კახა კალაძის ჯგუფი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიულად. ეს ჯგუფი ყველა მიმართულებით გაძლიერდა, მას აქვს გამართული პოლიტიკური, ფინანსური და მენეჯმენტკომპონენტი, რასაც კალაძის მერად არჩევის შემდეგ პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციაც დაემატა, შესაბამისად, ამ ჯგუფს თეორიული შანსი გაუჩნდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს, მაგრამ იქამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რა დროსაც, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით