დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"! - კვირის პალიტრა

დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"!

"ეს უნდა მოხდეს გააზრებულად და სისტემურად, სხვა შემთხვევაში ისევ ბლეფს მივიღებთ... ასე სამინისტროების შეერთება-დაცალკევების მეტი რა ვნახეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში"

"ჩვენთან ცვლილებები, ძირითადად, იმის მიხედვით ხორციელდება, რომელიღაც მინისტრმა საზოგადოების წყრომა თუ დაიმსახურა, ან ვიღაცისთვის მიუღებელი გახდა და მათ ახალი ფავორიტით ცვლიან"

12 ნოემბერს კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა, თუმცა მან დედაქალაქისთვის ფუნქციების შესრულება, ფაქტობრივად, მანამ ითავა, სანამ აწ უკვე ყოფილ მერს, დავით ნარმანიას, შეუწყდებოდა უფლებამოსილება. ცხადია, კალაძე ცდილობს ქვეყნის მოსახლეობას თავი უკვე დაამახსოვროს აქტიურ და საქმეზე ორიენტირებულ სახელმწიფო მოხელედ, რაც ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ ის მერის პოსტს საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად გამოიყენებს, ამყარებს... ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება, მათ შორის, სტრუქტურულიც. მაგალითად, შესაძლოა კულტურისა და სპორტის უწყებები გაერთიანდეს, ასევე ლაპარაკია ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებაზე. სავარაუდოდ, თანამდებობას გამოეთხოვება რამდენიმე მინისტრიც. ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან საუბარი სამთავრობო ცვლილებებით დავიწყეთ:

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს გააზრებულად და სისტემურად, სხვა შემთხვევაში ისევ ბლეფს მივიღებთ.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს იგეგმება სწორედ სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ, იმედია, ეს არ იქნება მხოლოდ ხელოვნური შეერთება და მას ექნება კარგად გააზრებული მოტივი, თორემ ასე სამინისტროების შეერთება-დაცალკევების მეტი რა ვნახეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუმცა არსებითად ეს ვერაფერს ცვლიდა ხოლმე. მიმაჩნია, რომ ამ სამინისტროების შერწყმა სრულიად მისაღებია, მთავრობა უფრო მობილური გახდება, მაგრამ საინტერესოა, რა კონცეფციის ჩარჩოში მოექცევა ეს ცვლილებები, შეამცირებენ თუ არა შტატებს და ა.შ.

კონცეფცია რომ ვახსენე, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, რას წარმოადგენს დღეს მთავრობა ქვეყანაში? ამ ეტაპზე ჩვენი მთავრობა თითქოს ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელია, მაგრამ სამეურნეო ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, ანუ ნახევრად პოლიტიკურია და ნახევრად - ტექნიკური. თუ ისევ ეს მიდგომა დარჩა, მაშინ ამ საქმისგან არაფერი გამოვა.

ჩვენთან ცვლილებები, ძირითადად, იმის მიხედვით ხორციელდება, რომელიღაც მინისტრმა საზოგადოების წყრომა თუ დაიმსახურა, ან ვიღაცისთვის მიუღებელი გახდა და მათ ახალი ფავორიტით ცვლიან. ასეთი ჩანაცვლებები არაფრის მომცემი არ იქნება. თითქოსდა გაერთიანებული სამინისტროების ახალ თავკაცებად ამ ადამიანების დასახელება მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ტრადიციულ კარუსელს ჰგავს.

სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში კი არ არის აუცილებელი, არამედ ამას საჭიროებს მთელი აღმასრულებელი რგოლი.

იმედია, ეს ახალი გადაადგილებები ახალი იმპულსის მიმცემი იქნება. კარგი იქნება, ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები: რატომ მოგვიტანს ეს ცვლილებები სასიკეთო შედეგს, რა შეიცვლება?

- როგორ შეიძლება შეფასდეს დავით ნარმანიას მერის პოსტზე მუშაობის წლები და რა პერსპექტივები აქვს კახა კალაძეს?

- ნარმანიამ რთულ ვითარებაში ჩაიბარა მერის თანამდებობა. უპირველესად, ვგულისხმობ იმას, რომ იმხანად წინა ხელისუფლების დროს დაწყებული არაერთი პროექტი ახალი ხელისუფლების მიერ, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ ზოგადადაც, შეჩერდა. გაგახსენებთ, თბილისის შემოვლით რკინიგზას, ხიდს, რომელსაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან ერთმანეთისთვის უნდა დაეკავშირებინა და ა.შ. თავი დავანებოთ იმას, ეს პროექტები რამდენად სწორი და გამართლებული იყო, ფაქტი ერთია, ისინი უკვე ძალიან გახმაურებული იყო და მათი შეჩერება, ფაქტობრივად, ნარმანიას დაჰბრალდა. სამწუხაროდ, ამისთვის ხელი დიდად არც იმ პოლიტიკურ გუნდს შეუშლია, რომელსაც ნარმანია წარმოადგენს. "ქართულ ოცნებაში" თითქოს აწყობდათ კიდეც, რომ დარტყმები ნარმანიასკენ მიმართულიყო.

პიარის თვალსაზრისით, მისთვის ასევე ძალიან წამგებიანი გამოდგა მილიონი ხის დარგვის დაპირება, რაც, ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფერო იყო. შესაბამისად, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ურტყამდნენ ამ ყველაფრის გამო. ამას დაერთო ისიც, რომ მერისა და, ზოგადად, ახალი ხელისუფლების ძალიან სუსტი პიარი იყო.

გარდა ამისა, კი გაიცა მისი მერობის დროსაც მშენებლობის ნებართვები, მაგრამ რეალობა იყო ისიც, რომ ბევრ შემთხვევაში სწორედ წინა ხელისუფლების მიერ არასწორად გაცემული ნებართვების აღსრულება იწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას, თუმცა საბოლოოდ ამ უკმაყოფილების სამიზნე ისევ ნარმანია ხდებოდა.

ნარმანია ვერაფერს იზამდა და ვერ გააქრობდა იმ საცობებს, რაც ქალაქშია. მანქანის ყიდვას ვერავის აუკრძალავ. ვერც თბილისის ქუჩები გაფართოვდებოდა ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით.

მან საკმაოდ ბევრი გააკეთა ქალაქისთვის. ის იყო უფრო ტექნიკური მერი, რომელმაც ვერ შეძლო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რაც კეთდებოდა. საბოლოოდ კი შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნარმანიას მერობის პერიოდში თითქოს სრული უძრაობა იყო. იმ დაგებულ გზებზე, აშენებულ საბავშვო ბაღებზე, ფაქტობრივად, დასრულებულ ქალაქის ახალ გენგეგმაზე და ა.შ. არ შეიძლება თვალის დახუჭვა.

თბილისი სამართავად ურთულესი ქალაქია. უამრავი პრობლემა და ინტერესია აქ ერთმანეთში გადაჯაჭვული. ფუტკარივით ჩუმად შრომა და მხოლოდ საქმის კეთება საკმარისი არ არის. მოსახლეობამდე ამ ყველაფრის მიტანაა საჭირო, თუმცა პიარის დროსაც ზომიერებაა დასაცავი. ფაქტია, რომ ნარმანიამ შესაძლებლობების ფარგლებში კარგად იმუშავა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა ვერ შეძლო, რისი თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ როგორ გაექცა სიტყვა ერთ-ერთი შეხვედრისას და მისი "მაიმუნო, ვირიშვილო" იქცა მის წინააღმდეგ ლამის მთავარ კომპრომატად. შეცდა ივანიშვილი, რომელმაც ნარმანია მხოლოდ იმ ნიშნით შეარჩია, რომ ის კარგი მეურნეა.

სხვას რომ თავი დავანებოთ, როცა გადაწყვეტილებებს იღებ, საჭიროა ამისთვის საზოგადოების შემზადება. ამისთვისაა აუცილებელი სწორედ პოლიტიკოსის გამოცდილება.

კალაძეს თუ მართლა სურს ქალაქში რაიმეს რეალურად შეცვლა, ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამიტომაცაა საჭირო საზოგადოების მომზადება, რომ აგრესიით არ შეხვდეს მისთვის არაკომფორტულ ცვლილებებს. თუ გვინდა, ქალაქს ჰყავდეს წარმატებული მერი, მან მეურნეობაც უნდა იცოდეს და პოლიტიკოსიც იყოს. პიარი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მით უფრო ასეთ მეგაპოლისში, როგორიც თბილისია.

- მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიას კორუმპირებულობაში ეჭვი, ფაქტობრივად, არავის შეჰპარვია, მის მმართველობას დაუკავშირდა არაერთი კორუფციული სკანდალი მერიის სხვადასხვა უწყებაში, მას ნეპოტიზმშიც სდებდნენ ბრალს.

- კორუფციული დანაშაული ყველგან ხდება და კიდევაც მოხდება, მთავარია, სახელმწიფო მას ებრძოდეს. ფაქტია, საკადრო პოლიტიკაში "ქართული ოცნება" ძალიან მოიკოჭლებს. ვაღიაროთ, ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ არა მხოლოდ ნარმანიას, არამედ მთელ "ქართულ ოცნებას".

ვფიქრობ, საკადრო მიმართულებით "ქართული ოცნების" სხვადასხვა ჯგუფისგან დიდი ზეწოლა იყო ნარმანიაზე. როგორც უკვე გითხარით, თბილისში ძალიან ბევრი ინტერესია და თუ ყველას დაკმაყოფილებას შეეცდები, შენი საკადრო პოლიტიკა ძალიან წარუმატებელი იქნება. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე ნარმანია ცდილობდა, გაეთვალისწინებინა თავისი გუნდის სხვადასხვა ფრთის ინტერესები, რაც ძალიან ძნელი გამოდგა, რასაც მოჰყვა რამდენიმე გახმაურებული ფაქტიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად გუნდში არ იყო მთლად დალაგებული ვითარება. ზუსტად რომელი სკანდალი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ მერიის ერთ-ერთი მოხელის დაკავების ამბავი ნარმანიამ ტელევიზიით გაიგო, რაც არასწორია. ხელი არავინ არავის უნდა დააფაროს, მაგრამ ვიდრე ტელევიზორამდე მივა საქმე, ქალაქის პირველი პირი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მისი ხელქვეითი დააკავეს. მოკლედ, ნარმანია იყო წარმატებული მინისტრი, მაგრამ მერიაში აშკარად ძალიან გაუჭირდა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის, რომ მერის მოვალეობის შესრულება კალაძემ, ფაქტობრივად, მანამ დაიწყო, სანამ დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდებოდა.

- რაღა დაგიმალოთ და, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ მომჩვენებია კალაძის თავდაპირველი აქტიურობა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ აცალა ნარმანიას თანამდებობაზე ყოფნის ამოწურვა. რა თქმა უნდა, კალაძეს შეეძლო, მოეცადა როგორმე ერთი კვირაც და როდესაც შეუწყდებოდა დავით ნარმანიას უფლებამოსილება, მერე ჩასულიყო მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღნიშნავდა ნარმანიას წარმატებებს, მისი კრიტიკისას რამდენჯერმე აშკარად გაექცა სიტყვა, რაც ასევე არ იყო სასიამოვნო.

მაგრამ მე სხვა რამ უფრო მაწუხებს - უკვე ვთქვი, რომ პოლიტიკაში რამდენად მნიშვნელოვანია პიარი, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ ზომიერების დაცვაა საჭირო. ცოტა სახიფათოდ მეჩვენება ამ თვალსაზრისით კალაძის აქტიურობა, არის საფრთხე, რომ მან პიარში გადააჭარბოს.

ასევე ის აქტივობები, როგორც მან დაიწყო საქმიანობა, ცოტა არ იყოს, გაცვეთილია. არა მგონია, მაინცდამაინც ახლა უნდა ჩასულიყო მეტროში ან ავტობუსით ემგზავრა, მით უფრო, ტელეკამერებთან ერთად. ჩემი აზრით, ეს ძალიან იაფფასიანი პიარია.

მოკლედ, დედაქალაქის მართვა ურთულესი საქმეა-მეთქი, უკვე ვთქვი. თუ ამას თავი გაართვი, ეს პოსტი მართლაც ტრამპლინად იქცევა, თუ არა და, შესაძლოა ისეთი ჭაობი აღმოჩნდეს, სადაც პოლიტიკოსი ყველანაირ პოლიტიკურ პერსპექტივას დაკარგავს.

ვნახოთ, რას იზამს კალაძე. მას აქვს დიდი ამბიცია, რაც აშკარაა. ასევე აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, თუმცა, რას როგორ გაართმევს თავს, ეს მალე გამოჩნდება. როგორც უკვე ვთქვი, ამ ქალაქის მართვა იმიტომაც არის სახიფათო, რომ აქ უამრავი ინტერესი კვეთს ერთმანეთს. იმისთვის, რომ პოლიტიკურ ტრამპლინად იქცეს მისთვის თბილისის მერობა, ამ ინტერესების დაბალანსება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება უნდა მოახერხოს, რაც საკმაოდ ძნელია.

ის უნდა ეცადოს და მაქსიმალურად დამოუკიდებლად მოახერხოს გადაწყვეტილებების მიღება. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდში არის სხვადასხვა ფრთა და დარწმუნებული იყავით, რომ მისი წარმატების შემთხვევაში მთელი "ქართული ოცნება" ნამდვილად არ იქნება ბედნიერი. მას საკმაოდ ბევრი ინტრიგისა და ფეხის დადების დაძლევაც მოუწევს.

კალაძე, დარწმუნებული ვარ, ნარმანიასავით არ მოიქცევა და ყველა ამ ინტერესის გათვალისწინებას არ შეეცდება, ამიტომაც მოუწევს ოპტიმალური გზების მონახვა, თან ისე უნდა გაართვას ამ ინტერესებს თავი, რომ საქმე არ დააზარალოს.

- პარლამენტში პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების შეცვლის თაობაზე მიდის მსჯელობა, გამოჩნდა ახალი ინიციატივები...

- ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია. ამოგლეჯილად მხოლოდ დაფინანსებაზე ლაპარაკი არასწორია, რადგან ეს მთლიანად პარტიული ცხოვრების გაჯანსაღებისკენ მიმართული პროცესის ნაწილად უნდა განიხილებოდეს, და არა ისე, რომ პარტიული ცხოვრება იქცეს პოლიტიკური ელიტის შემოსავლის წყაროდ. ტრადიციად იქცა, რომ სახელისუფლებო პარტიებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური და ფინანსური რესურსები, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი

სრულიად უსუსურია მასთან დაპირისპირებისას. ესაა უპირველესად მოსაგვარებელი. მიმაჩნია, რომ იმ ინიციატივის ნაცვლად, რომ პარტიამ, რომელიც ერთ მაჟორიტარ დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში, მიიღოს საბაზისო დაფინანსება სრულად, აჯობებს, დაიწიოს 3%-იანი ბარიერი 1%-მდე და ასე განისაზღვროს კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული პარტიის განფენილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, უნდა დაწესდეს ზედა ზღვარიც როგორც საბიუჯეტო დაფინანსებაში, ასევე კერძო შემოწირულობებშიც.

- ორიოდე დღის წინ ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მიწურულამდე პერიოდს და რომელშიც თითქმის ყველა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული. ევროკომისია ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. თქვენი აზრით, რამდენად დინამიკურია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და რამდენ ხანში შეიძლება ვიფიქროთ ევროკავშირში გაწევრებაზე?

- ძალიან მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ უნდა ვიჩქაროთ. როგორც წესი, რეფორმები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ძირითადად, იმ რეგულაციებს შეეხება, რომლებიც ევროპაში კარგა ხანს ყალიბდებოდა. საქართველოში ერთბაშად ყველა ევრორეგულაციის გადმოტანა შესაძლოა ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის წყარო გახდეს და განვითარების ნაცვლად, შეაფერხოს. ეს პროცესი ჩვენშიც ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, თითოეული რეგულაცია კარგად უნდა მოერგოს არსებულ მდგომარეობას. რას ვგულისხმობ? მაგალითად, დღეს დიდი განხილვის საგანია ავტომობილების ტექდათვალიერება, რაც სწორედ ევროასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი საკითხია. ჩვენ ყველაფერი ბრმად, რა თქმა უნდა, არ უნდა გადმოვიღოთ, უპირველესად, უნდა შევისწავლოთ, ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა რომ ხდება, რამდენია მასში ტექნიკური პრობლემების ბრალი. სწორედ ამგვარი გზით უნდა წავიდეთ ნებისმიერი სხვა რეფორმის გატარებისასაც. როდესაც ვლაპარაკობთ ევრორეგულაციებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მათი შემოღება უნდა მოხდეს ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე.

- მოგეხსენებათ, ზოგიერთი ოპოზიციონერი დროდადრო სტუმრობს რუსეთს. ამჯერად კიდევ ერთხელ ჩავიდა მოსკოვში ნინო ბურჯანაძე. ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ ახალი ძალით იწყება ქართულ პოლიტიკაში რუსული გავლენის არსებობაზე ლაპარაკი...

- რუსულ გავლენაზე დღეს ლაპარაკობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ლამის მთელ მსოფლიოში. იმასაც ამბობენ, რომ კრემლმა არსენალში ჩართო ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენებით ცდილობს, გავლენა იქონიოს არჩევნებზე ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დატოვებას. მეტიც, მან ეს პიარითა და პოლიტიკური ზეწოლით რომ ვერ მოახერხა, სამხედრო ძალა გამოიყენა. აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ჩვენ, დასავლეთისგან განსხვავებით, კარგად ვიცით, თუ რა არის რუსეთი, ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.

რა თქმა უნდა, კრემლი ყოველთვის შეეცდება, გამოძებნოს საქართველოში ჯგუფები, რომლებსაც აშკარად ან ფარულად დაუჭერს მხარს და თავის საქმეს გააკეთებინებს. ვარაუდი, რომ ვინც დაუფარავად ელაპარაკება რუსეთს, შირმაა მათთვის, ვინც გაცილებით საზიანოდ და ფარულად მოქმედებს, სრულიად საფუძვლიანია. თუმცა ამ საფრთხეებისგან, უპირველესად, გვიცავს ისევ და ისევ ის სტატისტიკური ქართველი, რომელსაც არ სურს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არჩევნების შედეგები სრულიად სხვა იქნებოდა. სხვადასხვა დროს საქართველოს ხელისუფლებებიც კი იძულებული იყვნენ, საზოგადოების ამ განწყობას დამორჩილებოდნენ. მახსოვს, როგორ გაჭიანურდა საქართველოს გაწევრება დსთ-ში და რამდენად დიდი მობილიზაცია დასჭირდა შევარდნაძის ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო იმჟამინდელ პარლამენტს, ზურაბ წერეთელიც კი ჩამოიყვანეს მოსკოვიდან ერთი სხდომისთვის, მაშინ ის დეპუტატი იყო. რაც შეეხება ვიზიტებს მოსკოვში, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა, მაგრამ აქ საკითხი ასე დგას: ვინ უნდა ელაპარაკოს? - რა თქმა უნდა, უნდა ელაპარაკოს ხელისუფლება და არა ოპოზიცია.

აბა, ერთი რომელიმე ქვეყნის ოპოზიციას გაებედა ომის დროს თუ მის მერე, ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგი, ნახავდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა.

თუ ვინმეს უნდა რუსეთთან ლაპარაკი, უპირველესად, ამაზე უნდა ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მერე მოვიდნენ არჩევნებით ხელისუფლებაში და ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების კრემლთან ლაპარაკი მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ. თუ ამდენს ვერ ხვდება ადამიანი, მისი პოლიტიკოსობა ძალიან საეჭვოა.

ნათია დოლიძე