"რუსეთი შესაძლოა, სააკაშვილის ფაქტორს უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის იყენებს"
11-12-2017
"რუსეთი შესაძლოა, სააკაშვილის ფაქტორს უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის იყენებს"
"პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ აკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, თავის ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ფულის გადაცემით"

"ნაციონალურ მოძრაობას" მასშტაბური საპროტესტო მუხტის აგორება ისე, რომ ეს სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდოს, არ შეუძლია"


9 დეკემბერს, გვიან ღამით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მხოლოდ მეორე მცდელობისას შეძლეს. მოგეხსენებათ, პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა - დაკავებული სააკაშვილი სპეცრაზმელებს მისმა მომხრეებმა, ფაქტობრივად, ხელიდან გამოსტაცეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ზორიან
შკირიაკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. რა ხდება უკრაინაში და რა ელის მიხეილ სააკაშვილს? - გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მოვლენები, უკრაინაში შექმნილი ვითარება უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ. ქვეყანაში რთული
პროცესი დაიწყო. სააკაშვილის ოდისეაც ერთ-ერთი კომპონენტია იმ სახელმწიფოებრივი კრიზისისა, რაც უკრაინაში ვითარდება.
ჩემი აზრით, ამ ყველაფერში უმწვავესი ელემენტია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის მთავარი მოთხოვნა, გაეტარებინა ეფექტიანი ანტიკორუფციული ღონისძიებები, არ და ვერ შეასრულა. ამ ქვეყანაში სისტემა წლებია ღრმად კორუმპირებულია და იანუკოვიჩიდან პოროშენკომდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა - ერთი ინტერესჯგუფი ახალმა ინტერესჯგუფმა ჩაანაცვლა და დღესაც ზუსტად ისევე ხრავენ ქვეყანას, როგორც იანუკოვიჩის ოლიგარქია ხრავდა.

ამით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილოა. სწორედ სააკაშვილის ბოლო "გმირობის, მისი პირველი დაკავებისა და გათავისუფლების წინ, განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპირება ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის გენპროკურატურას შორის. მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო ამერიკული პროექტია, ისინი აფინანსებენ. მოხდა ისე, რომ უკრაინის გენპროკურატურამ ამ ბიუროს, ფაქტობრივად, სახელმწიფო უწყებებში ჩანერგილი ყველა აგენტი გაუშიფრა და იქით დაუწყეს შედავება. ამას მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადება, რომელშიც დაუფარავად ითქვა, რომ უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლით იმედგაცრუებული არიან.
ამის მეორე დღეს დაიწყო სააკაშვილსა და პოროშენკოს ხელისუფლებას შორის კატათაგვობანას მორიგი რაუნდი, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი.

პოროშენკოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ორ რამეზე დგას: პირველი - ანტირუსული განწყობის გამო საზოგადოების კონსოლიდაცია, ანუ უკრაინელი საზოგადოება რუსული საფრთხიდან გამომდინარე ერიდება დიდ რყევებს; მეორე - აშშ-ის მხარდაჭერის იმედი. ფაქტობრივად, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაპირისპირების შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდა.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც წესი, მშვენივრად გრძნობს ხოლმე განწყობასა და მომენტს, როდესაც საკუთარი აგრესიული მოქმედებებით უჩნდება შანსი მოხვდეს უმნიშვნელოვანესი პროცესების ეპიცენტრში და მაშინ ის დიდ რისკზე მიდის. არა მაქვს ილუზია, რომ ის აშშ-ის დავალებით მოქმედებს, მაგრამ აშკარად ცდილობს ისე იაქტიუროს, რომ დასავლეთის წინაშე თავი წარმოაჩინოს როგორც ლიდერმა, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს პოროშენკოს ალტერნატივად. შეიძლება ითქვას, ის დასავლეთს საკუთარ თავს სთავაზობს ისე, რომ თითქოს მასზე ფსონის დადება შეიძლება.

მე არა მგონია, ამის რეალური შანსი ჰქონდეს, თუმცა უკრაინაში არიან გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღემდე თავს იკავებდნენ სააკაშვილის მხარდაჭერისგან, მაგრამ თუ დაინახეს, რომ მან მოახერხა მძLლავრი საპროტესტო მუხტის აგორება, მაშინ აუცილებლად მხარში ამოუდგებიან. ეს იცის პოროშენკომაც და გარდა იმისა, რომ სააკაშვილისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე ეჭვიანობს, ეშინია შიდა დაპირისპირების გაღრმავებისაც. ამიტომაც ცდილობს იმოქმედოს ფრთხილად, თუმცა ამითაც სულ უფრო და უფრო იძირება ჭაობში.

მან იფრთხილა საზღვარზე, როდესაც სააკაშვილი პოლონეთიდან, ფაქტობრივად, შეიჭრა უკრაინაში; ფრთხილობდა პირველი დაკავების მცდელობის დროსაც - სპეცრაზმმა არ გამოიყენა ძალა იმის შიშით, რომ ერთ მსხვერპლსაც კი შესაძლოა უკიდურესად გაემწვავებინა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, თუმცა ამით მხოლოდ და მხოლოდ ის წარმოჩნდა, თუ რაოდენ სუსტია პოროშენკოს ხელისუფლება.
სააკაშვილი მარტო არ არის, მას ზურგს უკრაინის გარედანაც უმაგრებენ. თუ გაამახვილეთ ყურადღება სააკაშვილის პირველი დაკავების მცდელობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, შეამჩნევდით, რომ ქვეყნის ხელისუფლება და სააკაშვილი ლამის ერთ სიბრტყეშია განხილული, ორივე მხარეს ერთნაირად მოუწოდებდნენ, არ გასულიყვნენ სამართლებრივი და კანონიერი ჩარჩოდან.
ამ მხარდაჭერის ბრალია, რომ აქამდე ვერ გაბედეს მისი დაჭერა და ახლაც, შეიძლება ითქვას, რომ სანახევროდ გაბედეს.

- რას ფიქრობთ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებაზე? მოგეხსენებათ, მას რუსულ წრეებთან კავშირს ედავებიან და ლამის სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებენ.

- ეს ყველაფერი ფარსად იქცა - მაშინ როცა ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებენ, პროკურატურისგან შინაპატიმრობის ან სპეციალური სამაჯურით გადაადგილების მოთხოვნა, სასაცილოა და მეტი არაფერი. ტრაგიკომიკური ამ ყველაფერში ისიც არის, რომ დღეს მოსწავლე მასწავლებლის წინააღმდეგ იყენებს იმ სქემას, რაც მისგან ისწავლა - ანუ პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ აკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, თავის ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ფულის გადაცემით და ა.შ. დღეს ზუსტად ისე იკერება სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, როგორც საქართველოში 2007 წელს. შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილს ცოდვებმა უწია. სხვათა შორის, იმ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მეც ვიყავი, დამატარებდნენ მთავარ პროკურატურაში, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელთან და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ვცხოვრობდი. ყველაზე კომიკური ის არის, რომ ის პროკურორები, ვინც მაშინ ამ საქმეს კერავდნენ და თითხნიდნენ, ახლაც პროკურატურაში მუშაობენ. თუმცა ის საქმე უკვალოდ გაქრა და ვფიქრობ, იგივე ელის სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმესაც.

პოროშენკო ამ საქმეში რუსული კვალის შემოტანით უკრაინელი საზოგადოების ანტირუსული განწყობით მანიპულირებას ცდილობს.
როგორც კი მას შეუტევენ კორუფციის ან სხვა რეალური მიზეზის გამო, აცხადებს, რუსეთი ცდილობს უკრაინაში ვითარების არევას და ვინც ახლა ჩემს წინააღმდეგ გამოდის, ის პუტინის წისქვილზე ასხამს წყალსო. თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნას იწყებ, უკრაინაში დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად რუსული კვალი როგორმე უნდა გამოაჩინო, თუმცა სააკაშვილი და რუსული სცენარი ძალიან არადამაჯერებელია, მით უფრო დასავლეთში არავინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილი პუტინთან თანამშრომლობს. თუმცა პოროშენკოს სხვა გზა არა აქვს, მას მხოლოდ იძულებით გასაკეთებელი წამგებიანი სვლები დარჩა და გარკვეულწილად ცუგცვანგის მდგომარეობაშია.

სააკაშვილი ამას მშვენივრად გრძნობს - დააპატიმრებენ, შინაპატიმრობას მიუსჯიან თუ სამაჯურით ატარებენ, უკრაინული გაგებით, ის უკვე გმირად იქცა. მან არაერთი გზა მოსინჯა, მაგრამ ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის აგორება, ახლა კი მას დაეხმარა პოროშენკო, მოარგო წამებულის მანტია და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

- თუ პროცესებს გავაანალიზებთ, დღეს არეულობა უკრაინაში ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ სააკაშვილის გააქტიურებას და მისგან დესტაბილიზაციის წყაროს შექმნას სწორედ რუსეთი ცდილობდეს?

- არ არის გამორიცხული. გეთანხმებით, ყველაზე მეტად სწორედ რუსეთია დაინტერესებული­ იმით, რომ უკრაინაში მუდმივად ქაოსი იყოს და მისი ხელისუფლება­ დელეგიტიმაციის პროცესში ჰყავდეს­. თუ მოახერხებენ სამოქალაქო ომის ინიცირებასაც, რატომაც არ წავლენ ამაზე?! დარწმუნებული იყავით, რომ ამისთვის მტერსაც გამოიყენებენ.

დაუჯერებელი ის არის, რომ სააკაშვილი გარიგებულია კრემლთან, თუმცა ის, რომ რუსეთი მის ფაქტორს იყენებდეს და ირიბად მის წახალისებას ცდილობდეს, ამაში არაფერია გასაკვირი.

მათი ამოცანა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა კი არ არის, არამედ დესტაბილიზაცია, თორემ სააკაშვილი კრემლისთვის კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე პოროშენკო. პოროშენკოსთან, როგორც კორუმპირებულ მმართველთან, გარიგება ყოველთვის შეუძლიათ. სააკაშვილს რომც გაურიგდნენ, მშვენივრად იციან, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან დიდი ალბათობით, რაღაც ეტაპზე გადააგდებს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უკრაინაში?

- პოროშენკოს ხელისუფლებას არანაირი პერსპექტივა არა აქვს, მან დაკარგა ყოველგვარი შანსი იმისა, რომ გაატაროს უკრაინისთვის საჭირო რეფორმები. სისტემურად მისი ხელისუფლება დასრულებულია, დანარჩენი დროის ამბავია, თუ როდის დაიწყება კრიზისი, რაც გარდაუვალია. ამ გაგებით პოროშენკოს დღეები დათვლილია, არ ვგულისხმობ კალენდარულ დღეებს.
ეს იცის სააკაშვილმა და ამიტომაც მიდის ასეთ რისკებზე. იცის, რომ როგორც კი ამ ხელისუფლებას წერტილი დაესმება, ის ათმაგად გაძლიერებული გამოვა ამ თამაშიდან. მას არ შეუძლია სტაბილური პოლიტიკური თამაში. ის არის ექსტრემალური ტიპის, შეიძლLება ითქვას, კრიზისის პოლიტიკოსი. მოკლედ, რაც იცის, იმას აკეთებს. სააკაშვილის შესრულებით ახალი რა ვნახეთ? - არაფერი, ჩვენ ვნახეთ მისთვის ჩვეული მოქმედებების მორიგი სერია, უკვე სახურავზეც.

- რამდენად მოსალოდნელია მისი ექსტრადირება საქართველოში და ამან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე?

- იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში წაუყენეს, თითქოს ექსტრადიციისკენ გზა მოიჭრა, თუმცა არაფერია გამორიცხული. თუ ეს მოხდა, პირადად მე არ ველოდები აპოკალიფსურ მოვლენებს. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია დღეს იყვნენ რევოლუციური მუხტის მატარებლები. "ნაციონალურ მოძრაობას" მასშტაბური საპროტესტო მუხტის აგორება ისე, რომ ეს სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდოს, არ შეუძლია. თუმცა მისი აქ ჩამოსვლა გარკვეული დესტაბილიზაციის ფაქტორი მაინც იქნება. სავარაუდოა, რომ მისი დაპატიმრება საკმაოდ გაჭირდება - მიშა გარეთ, თბილისში, თავისუფალი - ეს იქნება არა რევოლუციური, არა დრამატული, მაგრამ მაინც პრობლემა. მოქალაქეობის არმქონე და სადღაც მოხეტიალე სააკაშვილი პოლიტიკურად ბევრად კომფორტულია ხელისუფლებისთვის, ვიდრე თუნდაც ქართულ ციხეში. რეალურად, არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ჩვენ აქ არაფერში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი არც ციხეში და არც გარეთ.

- ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ, ორი მოზარდის მკვლელობამ, გაახშირა მსჯელობა არასრულწლოვანთა სასტიკი დანაშაულების თაობაზე და საზოგადოდ ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებაზეც. არსებობს მოსაზრება, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება გაუარესებულია და ამის მიზეზი შესაძლოა ხელისუფლების მეტისმეტი ლოიალურობაა.

- წვრილმანი დანაშაულები ნამდვილად გახშირდა და ამას სოციალური საფუძველი აქვს. დღევანდელ ხელისუფლებას საშუალო-სტატისტიკური ქართველის მდგომარეობით საამაყო ნამდვილად არაფერი აქვს, სოციალური რისკები კი არ შემცირებულა, გაიზარდა. მოსახლეობა გაღარიბდა. რაც უნდა იძახოს ხელისუფლებამ, ასე არ არისო, ვერ დაგვარწმუნებს, რადგან ამის დანახვას არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ციფრებით მანიპულირება.

წვრილმანი დანაშაულის ზრდა, ძირითადად, სოციალური ფენომენია, თუმცა არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს ყველაფერი დანაშაულებრივი სამყაროს თვითორგანიზებაში გადაიზარდოს. იმედია, ამ ვითარებას აანალიზებენ ხელისუფლებაში - მთავრობის როგორც ეკონომიკურ, ასევე ძალოვან ბლოკში. რაც შეეხება მოზარდების სისასტიკეს, უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და აქვე ვიტყვი, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა შორის ყოველთვის იყო განსაკუთრებული რისკის ზონაში და ამას აქვს თავისი მიზეზები, უპირველესად კი მოქალაქეობრივ-აღმზრდელობითი სისტემის არარსებობა.

ის, რომ თანატოლების მკვლელობის შემდეგ დანაშაულის თვითმხილველი მოზარდები არ თანამშრომლობდნენ სამართალდამცავებთან, ცხადყოფს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაოდენ არასწორად არის ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი აზროვნება.
თინეიჯერული დანაშაულის რომანტიზმის საბურველში გახვევა, არჩაშვების, ე.წ. ომერტას პრინციპის გამოყენება და ამით ვაჟკაცობის დამტკიცება, არ არის მხოლოდ ჩვენი დროის პრობლემა, წლებია ეს პრობლემები არსებობს და სამწუხაროდ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ამის აღმოფხვრაზე არ ზრუნავენ. ამ ყველაფერს რომანტიზმის საბურველი უნდა ჩამოეხსნას. მოზარდი, რომელიც დანით დადის, გარდა იმისა, რომ ამით ლიდერად დამკვიდრებას ახერხებს, მის გარშემო არსებული მიკროსამყაროს აღტაცებითაც სარგებლობს. აი, ამ მიკროსამყაროშია შესაცვლელი ვითარება. თუ ფაქიზი მიდგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეფექტიანად ვიმოქმედებთ, ვფიქრობ, მოხერხდება ამ მიკროსამყაროს შეცვლით მოზარდების დანაშაულის მნიშვნელოვანწილად პრევენციაც.

ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ დანაშაულზე უპირველესი რეაგირება შეტყობინების გაგზავნაა; რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა სირცხვილი კი არა, აუცილებლობაა. ეს ევროპულ ქვეყნებში საათივით მუშაობს.
ამის მიღწევას მსხლებსა და ვაშლებზე ლაპარაკი კი არ უნდა, არამედ საგანმანათლებლო სისტემაში სწორი სტრატეგიის შემუშავება.
უმნიშვნელოვანესია ოჯახის როლი. ვიცი მამები, რომლებიც საკუთარი"ხულიგნობის ამბებს შვილებს სიამაყით უყვებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალადობისკენ თვითონ უბიძგებენ შვილებს. აი, ეს მენტალიტეტია შესაცვლელი. სამწუხაროდ, ეს უცებ არ მოხდება, მაგრამ თუ ყველა ერთად შევეცდებით, მაშინ ამის დაძლევას შევძლებთ!

- აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი უნდა გამოცხადდეს, უკიდურესად მწვავე რეაქცია გამოიწვია მუსლიმანურ სამყაროში. პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის ჩვენი ინტერვიუს ჩაწერისასაც კი მიმდინარეობდა შეტაკებები. როგორ აფასებთ მომხდარს, უფრო ფართო მასშტაბს ხომ არ მიიღებს ეს კონფლიქტი?

- ტრამპის ეს გადაწყვეტილება აჩენს ძალიან დიდ ტაქტიკურ რისკებს, რაც პირველივე დღეებში გამოჩნდა, როდესაც მთელი მუსლიმანური სამყარო ყალყზე დადგა. არა მგონია, რომ ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებდნენ. ვფიქრობ, მათ აქვთ სტრატეგიული გეგმა და ახლა რაღაც გამბიტს ათამაშებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მრავალსვლიანი თამაში იქნება, რომელიც წარმატებით დასრულდება. ამ თამაშში საქართველოს ადგილს მაინცდამაინც ვერ ვხედავ, უპირველესად იმიტომ, რომ არ ვიცით, ეს რა თამაშია. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავყვეთ იმ პოზიციებს, რასაც გამოხატავს ევროპა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ძალიან მოზომილი და სწორი იყო. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავდგეთ და აშშ-ის მერე პირველებმა მივიღოთ აღიარების გადაწყვეტილება. ამას ვამბობ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად ჩემი ემოციური დამოკიდებულებისა. რა დასამალია, ჩემი ოცნებაა, რომ იერუსალიმი მართლაც გამოცხადდეს ისრაელის დედაქალაქად.

სააკაშვილზე ვლაპარაკობდით და, ძალიან გაგვიმართლა, რომ ის არ არის ახლა საქართველოს პრეზიდენტი, თორემ ტრამპის განცხადებას პირველი ის დაუჭერდა მხარს. ჩვენ ისედაც საფრთხის შემცველ და რისკიან გარემოში ვართ ამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გათვალისწინებით და მეტად ამ რისკების გაზრდა ნამდვილად არ გვაწყობს. თუ მაინცდამაინც უნდა ვაღიაროთ, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, თუ აღიარება მასშტაბური იქნება. ტრამპის გადაწყვეტილება სიმბოლური განაცხადია და ამით რეალურად ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ საქმე ის არის, რომ სამყაროში ყველაზე სასტიკი მსოფლმხედველობრივი ომებია. იერუსალიმისთვის ბრძოლა სწორედ ასეთი ბრძოლაა, რომელშიც რაციო არ ერთვება და მხოლოდ შიშველი ემოციები მართავს ყველაფერს. ამიტომაც ასეთ მსოფლმხედველობრივ შეტაკებაში ჩართვა ძალიან სახიფათოა.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით