"კმარა ევროკავშირისა თუ იბიარდის გრანტების შემყურედ ცხოვრება"
18-12-2017
"კმარა ევროკავშირისა თუ იბიარდის გრანტების შემყურედ ცხოვრება"
"იყო დრო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო 400 უნივერსიტეტს შორის იხსენიებოდა, ახლა 5 000-შიც ძლივს შევდივართ. ეს სამარცხვინოა..."

სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2017 წლის დასრულებამდე, შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ წელს განვითარებულ მოვლენებზე და შეძლებისდაგვარად გავაანალიზოთ კიდეც. რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის წლევანდელ მთავარ მიღწევად და რა - ნაკლად?
ამ კითხვით დავიწყეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- 2017 წელი აუცილებლად შევა ქვეყნის ისტორიაში უმთავრესი
მიღწევით - ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით. საინტერესოა, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ ძალიან ცოტა საქართველოს მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

სხვათა შორის, მე ამას ვვარაუდობდი, როცა ვამბობდი, რომ ვისაც წასვლა და იქ დარჩენა უნდოდა, უკვე წასული იყო.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, სამწუხაროდ, ეს კვლავაც ბევრია. ერთ-ერთია
დაუხვეწავი კანონმდებლობა, მათ შორის - სისხლის სამართლის კანონმდებლობაც, თუმცა უმთავრესი პრობლემა მაინც ეკონომიკა და ამ სფეროს არასწორი თუ არასათანადო მართვაა. ამიტომაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან ნელია, 4-5%-ით ვამაყობთ, როცა 30% მაინც უნდა იყოს... ქვეყნის ეკონომიკური ზრდა თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, სამუდამოდ ღარიბ ქვეყნად დავრჩებით. სტაგნაცია თვალსაჩინოა და საიმედო ბევრი არაფერი ჩანს.
კარგია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება და საქართველოში ქვეყნის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ მარტო ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით ფონს ვერ გავალთ.

დააკვირდით საბერძნეთს - ტრადიციულად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ქვეყანაა, მაგრამ იქ მასშტაბური კრიზისია; ნახეთ პორტუგალია თუ ესპანეთი - სადაც მრეწველობა არ ვითარდება, ყველგან ეკონომიკური პრობლემებია. არადა, საქართველო საბჭოთა კავშირის დროს, ეკონომიკური და სამრეწველო თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული რესპუბლიკა იყო. ჩვენთან ნოვატორული ტექნოლოგიები იყო დანერგილი, მაგალითად, სტაბილური იზოტოპებით ლამის მთელ მსოფლიოს ვამარაგებდით. საქართველოში ფუნქციონირებდა ქარხანა "მიკროძრავა", ახლა კი ბაზარი სავსეა ჩინური ელექტროძრავებით.
თუ გვინდა, ევროპის ღარიბი მეზობლები ვიყოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ, თუ გვაქვს ღირსება და გვინდა, ევროპული ოჯახის თავმოყვარე წევრებად ვიქცეთ, მაშინ ეკონომიკურად უნდა განვვითარდეთ. კმარა ევროკავშირის, იბიარდისა თუ მსოფლიო ბანკის გრანტების შემყურედ ცხოვრება. აღარ შეიძლება სავალუტო ფონდის იმედად ყოფნა და ლარის კურსის ასე დასტაბილურება...

- საინტერესოა, როგორ აფასებთ მთავრობის რეორგანიზაციას. თქვენი აზრით, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, ამან შეიძლება ეფექტიანი გახადოს ქვეყნის მართვა?

- სახელმწიფოს მართვა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრობლემა იყო და არის კვლავაც. არ შეიძლება იყო პერმანენტული რეორგანიზაციის პროცესში. უნდა გქონდეს სტრატეგიული გეგმა, მიზანი და წარმოდგენა მაინც მისი განხორციელების გზებზე. სწორედ აქედან უნდა აიგოს მთავრობის სტრუქტურა. პერმანენტული რეორგანიზაცია კი მიანიშნებს, რომ ჩვენ მიზანიც კი არ გვაქვს კარგად განსაზღვრული.
რეორგანიზაციით კი არ უნდა ფასობდეს მთავრობა, არამედ მიღწეული შედეგებით... სამ თვეში გამოჩნდება, რა შედეგებს­ მოიტანს ეს ცვლილებები და სერიოზული ანალიზიც მაგ დროით გადავდოთ.

ერთადერთი, რასაც მინდა შევეხო, განათლებისა და მეცნიერების სფეროს უმძიმესი მდგომარეობაა. იყო დრო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო 400 უნივერსიტეტს შორის იხსენიებოდა, ახლა 5 000-შიც ძლივს შევდივართ. ეს სამარცხვინოა... განათლება ჩვენი უდიდესი პრობლემაა. ვნახოთ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი რას იზამს. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ მეცნიერს, მაგრამ ასეთი უვარგისი კანონმდებლობის პირობებში რას გახდება, არ ვიცი... მე წარმატებას ვუსურვებ!

- 2017 წელს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა...

- მე ვამბობდი, რომ ეს ყველაზე უინტერესო არჩევნები იქნებოდა, რომელშიც ძალიან ცოტა ამომრჩეველი მიიღებდა მონაწილეობას. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ნათქვამი ახდა... ამ არჩევნებმა კვლავაც აჩვენა, რომ რომელიმე პარტიას კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ რომელიღაც პარტიის წინააღმდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ უკეთესი არავინ იყო... რომ გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელსაც ექნება სუფთა წარსული და საარჩევნო ფული, ის მოახერხებს ძლიერი პარტიის შექმნასაც და არჩევნების მოგებასაც, ახლანდელ პოლიტიკურ სპექტრში კი "ქართული ოცნება" უალტერნატივოა...
ორიოდე სიტყვით შევეხები თბილისის არჩევნებს... გულახდილად გეტყვით, მე კალაძისთვის ხმა არ მიმიცია, რადგან მიმაჩნია, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, თუმცა ვხედავ მის ძალისხმევას, შეცვალოს რაღაც დედაქალაქში. მას წინასაარჩევნოდაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა - ერთადერთი იყო მთელ ამ კამპანიაში, რომელიც არავის აგინებდა და საქმეზე ლაპარაკობდა.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით ოპონენტებიც ვერაფერს უძებნიან იმის მეტს, ნაძვის ხეზე რატომ დაკიდე ლოზუნგი - სიცოცხლით სავსე ქალაქიო, რაც კალაძის მხრიდან შეიძლება ცოტა დაუფიქრებელი საქციელია, ოპონენტების მხრიდან კი - მისი უსუსური კრიტიკა.
არ ვიცი, რას იზამს, როგორ გაბედავს ამის გაკეთებას, მაგრამ ბევრს კი ლაპარაკობს დედაქალაქში მშენებლობების შეჩერებაზე. იმედი მაქვს, ეს ლაპარაკად არ დარჩება. მე სულ რომ მაჩუქონ ახალაშენებულ სახლში ბინა, არ შევსახლდები, რადგან არ ვიცი, რა სტანდარტით შენდება და პირველივე მიწისძვრისას რა დაემართება...

ცხადია, კალაძეს აქვს უფრო დიდი გეგმები, რაც მერობას სცდება და ძალიან კარგად ესმის პიარის ძალა, მაგრამ არის ძალიან ბევრი პრობლემა ქალაქში, რაც მან არ იცის. ეს არის გეოდინამიკური უსაფრთხოება.
ქალაქის ცენტრი - რუსთაველის გამზირი, ძველი ქალაქი, კალა - პირდაპირ ფუღუროზე ზის. გრუნტის წყლებმა ამორეცხა ეს ტერიტორია.
როცა ვანო ზოდელავასთან მივედით გეოლოგების ჯგუფი და, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ შევთავაზეთ გეოფიზიკური სკრინინგი, მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, არადა, ეს არის მიწისქვეშა შრეების ტომოგრაფია - 50 მეტრამდე სიღრმის შრე-შრე შესწავლა შესაძლებელია.... გრუნტისა და სანიაღვრე წყლებს, რომლებიც ძველ ქალაქში იღვრება, მართვა სჭირდება.
თბილისის ერთ-ერთი მერი სახლში იჯდა, დეტექტივებს კითხულობდა და ტელეფონით გასცემდა ბრძანებებს... უკვე ჩანს, რომ კალაძე მას არ დაემსგავსება.

- დიდი რეზონანსი მოჰყვა თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრად წარდგენას...

- პირველი - დავით ნარმანია არის წესიერი კაცი. მეორე - ის არის ძალიან კარგი ეკონომისტი. ჩემი აზრით, სემეკში დავით ნარმანია იქნება თავის ადგილზე.მაპატიოს, მაგრამ ქალაქის მერობისას ის აშკარად ვერ იყო თავის ადგილზე. ცდილობდა რაღაცის კეთებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. ის კარგი ადამიანია, მაგრამ ძალიან უჭირდა ხისტი გადაწყვეტილებების მიღება, არადა, სწორედ ეს სჭირდება თბილისის მერს. მარტო წევრობას კი არა, ნარმანიას სემეკის თავმჯდომარეობასაც კი ვისურვებდი...

- გასულ კვირას საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე განაცხადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კვლავაც შეიქმნება მაჟორიტარების ფრაქცია, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, მეორეს კი ბიძინა გეგიძე ჩაუდგება სათავეში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოორდინაციისა და ეფექტიანი მუშაობისთვის მიიღეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ფრაქციების გაჩენა, შესაძლოა, პარტიის შიდა ჯგუფებს შორის კონფრონტაციას უკავშირდებოდეს... თქვენი აზრით, მოსალოდნელია მმართველ პარტიაში რღვევის ნიშნების გაჩენა?

- "ქართული ოცნება", როგორც კონგლომერატი, ამორფულია. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა; მათ შორის არიან პროფესიონალი, გონიერი და განათლებული ადამიანები, მაგრამ არიან მიტმასნილებიც. რასაკვირველია, პარტიაში ყველა ერთმანეთის მეგობარი არ არის, ბევრს ამოძრავებს შურიც და ეჭვიც, მაგრამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უკავშირდება "ქართულ ოცნებას" და მას აქვს პარტიაში ავტორიტეტი, ეს პარტია არ დაიშლება. ისევე როგორც არ დაიშალა "მოქალაქეთა კავშირი" მანამ, ვიდრე ედუარდ შევარდნაძეს ავტორიტეტი ჰქონდა.

- აქტიურად განიხილება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები და დაპირისპირება...

- ამას მე დაპირისპირებას არ დავარქმევდი. ვფიქრობ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან "უცნობი" და გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ერთხელ უპასუხა და მასთან საჯარო პოლემიკა დაამთავრა. კონკრეტულად რა ხდება გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ვფიქრობ, ტენდერებში იქნება შეცდომებიც და მიზანმიმართული გადაცდომებიც, თუმცა მეეჭვება, ამაში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყოს გარეული... როგორც გაირკვა, გაჩეჩილაძის სიძის კომპანია "სიტროენ ჯორჯია" ახალი შექმნილია და ტენდერში მონაწილე ერთ კომპანიას კი არა, ყველას უჩივის, არადა, შესყიდვების სააგენტოს განცხადება წავიკითხე, რომლის მიხედვით მას სამი ტენდერი ჰქონდა მოგებული და ვერც ერთს თავი ვერ გაართვა. დეტალების გარკვევა რთულია, იმედია, სასამართლო მალე დაადგენს ყველაფერს.

სიმართლე გითხრათ, ფორმა, როგორც ეს პროცესი წარიმართა, არ მომწონს. ბიზნესმენებმა მშვენივრად იციან, რომ შავი პიარით და სატელევიზიო განცხადებებით სამართალი არ იპოვება. ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო პირადი მიმოწერის საქვეყნოდ კითხვა...
ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ მოქმედი მინისტრის კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა უხერხულია.(!)
სამწუხაროდ, ტენდერები ყველა ხელისუფლების "აქილევსის ქუსლი" იყო და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ რყევებს მივიღებთ, განსაკუთრებით რეგიონებში. მთავარი კი ის არის, თუ სახელმწიფო გვქვია, კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაღალჩინოსანი ტენდერებზე ახდენდეს გავლენას ან მტყუან-მართალს არკვევდეს. ამისთვის არსებობს სასამართლო.

- მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, საქართველოს პარლამენტმა 14 დეკემბერს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით ტელევიზიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით სოლიდურად ფინანსდება, კომერციული რეკლამის უფრო მეტი დოზით განთავსების უფლებაც ექნება... ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნა. კორუფციის რისკი, კერძო ტელევიზიების ზარალი, გაუმჭვირვალე დასაქმების პოლიტიკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ უნდობლობა... - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც კვლევა ეხება...

- მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. ამგვარი ცვლილებები ძალიან დააზარალებს მედიასივრცეს. გაუგებარია, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის წილი რატომ უნდა გაუნაწილდეს "საზმაუწყებელს", რომელსაც 50-მილიონიანი დაფინანსება აქვს... რაღა დაგიმალოთ და, ვხვდები ამ ყველაფრის მიზანს, მაგრამ ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად მცდარი გზა აქვს არჩეული... მეტს ვერაფერს გეტყვით.

- იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კონსტიტუციის მე-18 მუხლში დამატებითი განმარტებების შეტანა იგეგმება, რასაც უკვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასება. მათ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა შეფასებულია, როგორც ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი...

- კონსტიტუციონალისტი არ ვარ და ამ ინიციატივის გაანალიზება გამიჭირდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მმართველს ყოველთვის სურს, რაც შეიძლება ნაკლებმა ინფორმაციამ გაჟონოს. გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების დროს სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული იყო და ჭორებით ვცხოვრობდით. ამასვე ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ მოსული ხელისუფლებები, მით უფრო - სააკაშვილის მმართველობისას.
ინფორმაციის საჯაროობა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლების მმართველობისას არის გარანტი, რომ მას ავტორიტარიზმისკენ ფეხი არ წაუცდება, ამიტომ ამგვარი ინიციატივები სახიფათოა.

- რას ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე? რა წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა?

- მხოლოდ და მხოლოდ უკრაინული სახელმწიფო უწყებების უსუსურობა, არაპროფესიონალიზმი და პოროშენკოს შიში, რომ დროზე ადრე მაიდნით არ გაისტუმრონ ხელისუფლებიდან.
თავის დროზე უგუნური გადაწყვეტილება იყო სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა. ასევე უგუნურება იყო უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა... ყოვლად უსუსური და გაუგებარი იყო მოქმედება უკრაინის საზღვარზეც. სასწაული მოხდა მაშინ, როდესაც სააკაშვილი დააკავეს და საკნამდე ვერ მიიყვანეს.ნუ დაგავიწყდებათ, ვის ბინაში დაიჭირეს მეორედ სააკაშვილი - ჩინოსანი სამართალდამცავის! ეს აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები უკრაინაში კორუმპირებულია.

მოკლედ, სააკაშვილს ან დაუმტკიცებენ ბრალს, ან არადა, მას ეროვნულ გმირად აქცევენ. ბრალის დამტკიცება უნდა ემყარებოდეს უაღრესად დამაჯერებელ არგუმენტებს, ისე, რომ კითხვები არ გაჩნდეს, სხვაგვარად, ციხეში რომც ჩასვან, მაინც პოლიტიკურ პატიმრად და გმირად იქცევა, რაც ძალიან ცუდი იქნება უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც.
არ გამოვრიცხავ, საფრთხე ემუქრებოდეს მის სიცოცხლეს, რადგან ყველა ვითარებიდან აშკარად გაძლიერებული გამოდის და მისი რეიტინგიც იზრდება.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოახერხებს ბატონი ლუცენკო მისთვის ბრალის დამტკიცებას. ის ჩანაწერი, რომელზეც ლაპარაკობენ, როგორც ვიცი, 24 ფრაგმენტისგან შედგება და არაპროფესიონალურად არის დამონტაჟებული.

- შესაძლებელია მისი ექსტრადირება საქართველოში?

- ღმერთმა ნუ ქნას, რადგან ის აუცილებლად იქცევა დესტაბილიზაციის წყაროდ... მეეჭვება, ეს მოხდეს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში აღძრეს და კანონის მიხედვით, იქვე უნდა გაასამართლონ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით