"მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს..." - კვირის პალიტრა

"მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს..."

კიდევ ერთი წელიწადი იწურება, რა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენების მომსწრენი გავხდით 2017 წელს და როგორ შეიძლება შეფასდეს განვლილი წელი - გადავხედოთ პროცესებს ჩვენი რუბრიკის პრიზმიდან:

"განა შეიძლება, ადამიანმა არ იხელმძღვანელოს ათი მცნებით?"

დათო მაღრაძე: "მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. დიახ, მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს. უკვე ლამის ყველა აღიარებს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია. ხშირად გაიგონებთ კითხვას, მაინც საით მიდის სამყარო, სად არის საქართველოს ადგილი? მე თუ მკითხავთ, საქართველოს ადგილი საქართველოშია.

ბევრის პრობლემა ის არის, რომ ჰგონია, ჩვენი ადგილი რუსეთ-საქართველო-ჩინეთის დაპირისპირების ეპიცენტრშია, თან ისე, რომ პროცესები ჩვენ უნდა ვმართოთ. ამ ზღვარგადასულმა, უპასუხისმგებლო ამბიციებმა დაგვაკარგვინა მიწა-წყალი. ახალ მსოფლიოში კულტურისა და კონტრკულტურის ბრძოლა მიმდინარეობს. კულტურაზე იდეოლოგიური შეტევა ხორციელდება პოლიტიკით, ბიზნესით, მედიით, მასკულტურით, იაფფასიანი გასართობებით. კულტურაზე შეტევა ათი მცნების რევიზიით იწყება ხოლმე. საზოგადოება იწყებს ათი მცნების გადაფასებას, რაც შეკვეთილი ტენდენციაა. მთელი საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში ასე ხდებოდა - ადამიანებს არწმუნებდნენ, თავშეკავება ჩათვლილიყო შემზღუდავ კომპლექსად და პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება წაექეზებინათ. მე კი მიმაჩნია, რომ კულტურის ისტორია არის თავშეკავების ისტორია ზნეობრივი ღირებულებების მსახურების ფონზე".

"ჯერ უმაღლესი თანამდებობის პირებმა თქვან უარი დანამატებსა და პრემიებზე"

ლადო პაპავა: "პრემია-დანამატების გაცემა "ნაციონალურმა" მთავრობამ დაამკვიდრა და ვერც "ქართული ოცნება" გათავისუფლდა ამისგან. ისევე როგორც ძალიან ბევრი რამისგან, მაგალითად, იგივე პრობლემებია საკადრო პოლიტიკაში, არაკომპეტენტური კადრების შერჩევაში და ა.შ. ამასთან - რაც ძალიან ცუდია - ამ მთავრობისთვის დამახასიათებელია კრონიზმი, ანუ თანამდებობაზე მეგობრების დანიშვნა. კანონში მკაფიოდაა ჩაწერილი, რომ ხელფასი შედგება სამი ნაწილისგან: სარგო, დანამატი და პრემია. თუ დანამატისა და პრემიის გაცემა გვინდა, უნდა იყოს მკაფიო რეგულაცია იმისა, თუ როგორ და რისთვის გაიცემა დანამატი და პრემია. სწორედ ის არის პრობლემა, რომ ეს რეგულაციები მკაფიოდ ჩამოყალიბებული არა გვაქვს. მოკლედ, ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ყველა პრობლემას მოევლება. მნიშვნელოვანია, ეს დაიწყოს პირამიდის სათავიდან, ანუ ჯერ უმაღლესი თანამდებობის პირებმა თქვან უარი დანამატებსა და პრემიებზე და მერე ეს დაბალ ეშელონებზეც გავრცელდეს. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ""ნაცები" ლაპარაკობენ ამაზე და აკრიტიკებენ "ქოცებს", მათ არა აქვთ ამის მორალური უფლება!"

"ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით ჩვენ გვეძლევა ის საშუალება, რაზეც არაერთი თაობა ოცნებობდა"

სოსო ცისკარიშვილი: "ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით ჩვენ გვეძლევა ის საშუალება, რაზეც არაერთი თაობა ოცნებობდა. ეს თაობა მოესწრება იმ დროს, როდესაც თბილისი ევროპის ისეთივე მარგალიტი გახდება, როგორიც პრაღა და ვენეციაა. იმედია, ამას ქვეყნის ყველა მოქალაქე კარგად გააცნობიერებს. კარგია სიხარული, მაგრამ ამ სიხარულმა არ უნდა დაგვიჩლუნგოს რეალობის აღქმის უნარი. ამიერიდან მეტი დაფიქრება გვმართებს.

რაც შეეხება უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას, ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადზე ცხადია, თუმცა მისი სიკეთე რომ ყველა მოქალაქემ შეიგრძნოს, კარგი იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს მაინც ჰქონდეს ფინანსური საშუალება, იმოგზაუროს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით ნახოს, რა არის ეს ევროპა. ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე ხელისუფლების ნამდვილად დიდი შრომა დაიხარჯა, ამიტომ პრიმიტიული უგუნურება და უსინდისობა იქნება, თუ ახლა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად მოიწადინა ამ წარმატების ავტორობა. ნურავინ მიეცემა საკუთარი თავით ტკბობას მიღწეულის გამო. უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი რამ არის ქვეყანაში გასაკეთებელი და უამრავი ოცნებაა კვლავაც ასახდენი. ბუნებრივია, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულენიც ისარგებლებენ ამ შეღავათებით".

"დაწყებულია ჭიდილი საპატრიარქო ტახტისთვის"

ვახტანგ ძაბირაძე: "ე.წ. ციანიდის საქმემ ცხადყო, რომ საპატრიარქოში არის მწვავე დაპირისპირება, რომელშიც გამოკვეთილად მონაწილეობს ორი ფრთა. შიდა დაპირისპირება ასეთი მასშტაბით პირველად გამოვიდა ეკლესიის სივრციდან და საჯარო განსჯის თემად იქცა. პრობლემა, რაზეც არის ლაპარაკი, ანუ ვიღაცის მკვლელობის მცდელობა, დღეს შედარებით უმნიშვნელოა, ისეთი ვითარების მომსწრენი გავხდით. მთავარი სხვა რამ არის, რასაც უნდა მოჰფრთხილებოდა ერიც და ბერიც. საქმე ის არის, რომ საქართველოს საპატრიარქო და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც შეინარჩუნა ერთიანობა, არ დაიშალა, არ გახდა დიფერენცირებული და სწორედ მის სივრცეში შენარჩუნდა ქვეყნის ერთიანობა. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ეკლესია აერთიანებს ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ამას აღიარებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც - ანუ ის ქართული ეკლესიის მთლიანობაში განიხილავს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა. ამას ვერაფრით განვიხილავთ მხოლოდ სასულიერო საკითხად, ეს შეეხება ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობის პრობლემატიკას. ეს არის ამ პროცესის ერთი ნეგატიური მხარე, მეორე კი ის არის, რომ ამ ყველაფრის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის შეეცდება ყველა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება ააშკარავებს იმას, რომ ხვალ-ზეგ ეკლესიაში დაიწყება ძალთა გადაჯგუფება, შესაბამისად, ყველა ცდილობს, მეტი მომხრე ჰყავდეს და მეტი გავლენა მოიპოვოს. მოკლედ, დაწყებულია ჭიდილი საპატრიარქო ტახტისთვის, რომელშიც ჩარევასა და ამ ვითარების გამოყენებას შეეცდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედანაც".

"ეს იყო სოციალური აფექტი პოლიტიკური შეფუთვით"

გია ხუხაშვილი: "12 მარტს პროტესტი ბათუმში, რომელიც, ერთი შეხედვით, მოქალაქეებსა და პატრულს შორის ყოფით კონფლიქტს მოჰყვა, დიდ არეულობაში გადაიზარდა. სამწუხაროდ, საზოგადოების პროტესტი გამოხატვის მშვიდობიან ფორმას გასცდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ. მართალია, შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადნენ, ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინათ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკური იყო. მომხდარისთვის სწორი დიაგნოზის დასმა ხელისუფლებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იქნება. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყანაში მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმაც.

შესაძლოა ეს მიზანმიმართული პროვოკაციაც იყო, თუმცა უკმაყოფილების საფუძველი რომ არ არსებობდეს, პროტესტიც ვერ გაჩნდება. ადეკვატური მგონია ხელისუფლების მოქმედებაც. ოდნავ ადრე შეიძლებოდა ჩარეულიყო ცენტრალური ხელისუფლება პროცესებში, თუმცა არც ძალიან დაუგვიანია. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, დემოკრატია უკანონობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ ხელისუფლებამ კრიტიკულ სიტუაციებში თამამად არ იმოქმედოს".

"ტრამპის მხარდაჭერა საქართველოსთვის უპრეცედენტო და რადიკალურია"

სანდრო თვალჭრელიძე: "ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა როგორც თქვა, აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი პარტიისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით, საქართველოს მხარს უჭერდა. ტრამპი აშკარად უფრო რადიკალური პიროვნებაა და აშკარაა, რომ რადიკალურად მოქმედებს. საკანონმდებლო აქტი, რომლითაც აშშ-მა დაფინანსება შეუზღუდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, საქართველოს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომ ვრჩებით აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა, თავის როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა კვლავაც გაგრძელდეს, თუმცა საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი, უფრო აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. თუმცა მისი საერთაშორისო მნიშვნელობა დიდია და საქართველოსთვის მხარდაჭერაც ნამდვილად უპრეცედენტოა. ეს არის შეუქცევადი თანადგომა და ნამდვილად საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. სავარაუდოდ, რუსეთს ეს გააღიზიანებს და შესაძლოა ამას გართულებებიც მოჰყვეს. თუმცა ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას არც კარგი და არც ცუდი ნაბიჯებით არაფერი გამოდის".

"რა გამოდის, გარკვეული არაფორმალური ჯგუფი ერევა სამთავრობო მნიშვნელობის პროცესებში და შეუძლია მისი მართვა?!"

ვალერიან გორგილაძე: "ქვეყნის მართვაში რომ დღემდე სისტემური პრობლემებია, ეს კარგად გამოჩნდა გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტითY. როდესაც პოლიტიკურ სისტემას, თავისი ბიუროკრატიით, ექმნება საფრთხე რიგითი მოქალაქისგან, რომელიც მისი წევრი აღარ არის, თუმცა საზოგადოება საფუძვლიანად ეჭვობს, რომ ამ სუბიექტს სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტები აქვს, ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება. ამასთან, ისე ჩანს, რომ ფარცხალაძის ხელთ არსებული ბერკეტები ისეთი ძლიერია, რომ მას შეუძლია დაჩაგროს ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ფარცხალაძეს ვენდობი და არც თორდიას, მაგრამ რაც მოხდა, მაფიქრებინებს, რომ სისტემა კვლავ არაკანონიერად და არაფორმალური გავლენებით მუშაობს და ეს საგანგაშოა... რა გამოდის, გარკვეული არაფორმალური ჯგუფი ერევა სამთავრობო მნიშვნელობის პროცესებში და შეუძლია მისი მართვა, რაც პირდაპირ ურტყამს სახელისუფლებო სისტემას, რომელიც დარტყმებს სათანადოდ ვერ იგერიებს?!"

"ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ ეს პროცესები დივერსიული გეგმის ნაწილია"

მამუკა არეშიძე: "როგორც ვიცი, მარტო აგვისტოში საქართველოში 27-მდე დიდი თუ პატარა ხანძარი გაჩნდა. თუ კომპეტენტური სპეციალისტებისგან მოვისმენთ, რომ კლიმატურ ცვლილებებსა და აღმოსავლეთ საქართველოში ორთვიან გვალვას შეეძლო ამდენი ხანძრის გაჩენა და ეს დასკვნა იქნება დასაბუთებული, ეჭვის საფუძველი აღარ გვექნება, მაგრამ რადგან ამგვარ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ ეს პროცესები დივერსიული გეგმის ნაწილია. სავარაუდოდ, ამ გეგმას ჰყავს დამკვეთი და შემსრულებლები - ალბათ, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ ამაში ფულს და ანადგურებენ ქვეყანას იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან ხელისუფლებასა და სახელმწიფოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რასაკვირველია, მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. ის, რომ კრიზისთან ბრძოლის როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, დიდ პრობლემას წარმოშობს, რაც ბოლოდროინდელმა ხანძრებმაც აჩვენა. შედეგად დავინახეთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის პირველ დღეებში მთავრობა აშკარად დაბნეული იყო და ვერც სათანადო რეაგირება მოახერხა. ყველაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტექნიკური საშუალებები მწირია. უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში გამოჩნდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის მაღალი დონე".

"თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"

ხათუნა ლაგაზიძე: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა ფრთებმა" (მე ასე მოვიხსენიებ "ნაცმოძრაობასა" და მის განაყოფ "ევროპულ საქართველოს") არჩევნებზე მიიყვანეს მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის ოპტიმალური შედეგია.

რატომ ვერ მიიყვანეს სხვა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ამომრჩეველი არა ჰყავთ. შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირებაში - ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ ფრთებს", რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი. შედეგად, თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"...

"ვის აძლევს ხელს საქართველოში მართვადი კრიზისი?!"

ბადრი ნაჭყებია: "თითქმის 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რომელსაც თვალს ქვეყანა ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდა და მაინც რა მოხდა თბილისში? ყველაზე ხშირად გვესმის ვერსია, რომ ის პირები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტოდ იყენებდნენ და ის ბინა იყო ე. წ. დალუქული ბაზა, რომლის გავლითაც არაერთი ასეთი ჯგუფი გადაადგილდებოდა როგორც სირიიდან, ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც. თუმცა არსებობს სხვა ვარაუდიც: ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო არა ტრანზიტული, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა. თუ ამ ვერსიას მივიჩნევთ სარწმუნოდ, მაშინ პასუხი მარტივია - იარაღის რაც უფრო დიდი ბაზა ექნებოდათ, მით უფრო მომზადებულები იქნებოდნენ დასახული ამოცანების შესასრულებლად.

აჰმედ ჩატაევი, ჩემი აზრით, იმგვარი ფიგურა იყო, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული იდეისთვის, შესაბამისად, აუცილებლად დაგეგმილი ექნებოდა დაძაბულობის ახალი კერის შექმნა ტერორისტული აქტის სახით, ახალი ტერორისტული უჯრედების შექმნით თუ სხვა რამ ფორმით.

რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოში ტერორისტული აქტი იგეგმებოდა? - გადავხედოთ, რას მიაღწია საქართველომ ბოლო დროს. პირველი - შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა; მეორე - ტრანსევრაზიული რკინიგზის გახსნა, რაც ეპოქალური მოვლენაა; მესამე - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც თვალნათლივ აჩვენებს ჩინეთის საქართველოთი დაინტერესებას; და მეოთხე - აშშ-ისგან მიღებული გარანტია ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის თაობაზე. ჩვენი საზოგადოება ბოლო წლებში აშკარად სტაბილურია, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში ვითარდება, უკვე ორჯერ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები. ბუნებრივია, რომ გარკვეული ძალები, რომლებსაც ეს ხელს არ აძლევთ და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, შეეცდებიან აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა. ამგვარ მცდელობებს, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას სიფხიზლე და მაქსიმალური კონსოლიდირება მართებთ.

ნათია დოლიძე