"იმპულსურ ქმედებათა არეალში შეცდომა და მარცხი გარდაუვალია"
14-06-2010
"არავინ იტყვის, საქართველოში ყველაფერი კარგად არისო"

"ვერც იმას ვიტყვით, რომ ევროპა საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს"


სარკოზისა და პუტინის ამაღლებულ-მეგობრული შეხვედრის კვალდაკვალ საერთაშორისო მედიაში ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილი გავრცელდა: "რუსეთში სამართლიანობას კლავენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გაზეთი Liberation-ი ვაცლავ ჰაველისა და მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ღია წერილს. წერილის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და რუსეთის ხელისუფლებაა.

მას ხელს აწერენ იორდანიის პრინცი ელ ჰასან ბინ თალალი, ფილოსოფოსი ანდრე
გლიუკსმანი, თეოლოგი ჰანს კიუნგი, კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დესმონდ ტუტუ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იოჰეი სასაკავა, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ
ვილემ დე კლერკი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო დემოკრატიაში ამინდს მნიშვნელოვანწილად სწორედ ეს ადამიანები ქმნიან. როგორც ჩანს, დიდი პოლიტიკისა და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობასთან ერთად, რუსეთის ხელისუფალთ პასუხს სხვა კითხვებზეც სულ უფრო და უფრო მკაცრად მოსთხოვენ. რამდენად იმოქმედებს ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სხვა საკითხია, რადგან ამ საერთაშორისო სამართლის საკითხებს ქართველ ხელისუფალთა დემოკრატიისადმი "თავისებური" დამოკიდებულებაც ერწყმის. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან საუბარს საქართველოს პრეზიდენტის ფრანგული ვოიაჟით ვიწყებთ:


- სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტმა ბევრი კითხვა გააჩინა, ისევე როგორც პუტინის შეხვედრამ სარკოზისთან. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა ზედმეტად ბუნდოვანი იყო, პუტინთან შეხვედრა კი - ზედმეტად მსუბუქი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო პირველი უმაღლესი შეხვედრა აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერთან. მოგეხსენებათ, თუ ეკონომიკურ სფეროში ევროპაში წამყვანი პოზიცია გერმანიას უჭირავს, პოლიტიკურ საკითხებში "ამინდის შემქმნელად" ევროპაში ოდითგანვე საფრანგეთი მიიჩნეოდა.

სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან დიდ ფულსა და რესურსს ხარჯავდა იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების დამწყებად საქართველო ეღიარებინათ. ეს აისახა კიდეც ჰაიდი ტალიავინის კომისიის ურთიერთგამომრიცხავ და არაადეკვატურ დასკვნაში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სარკოზის სააკაშვილთან შეხვედრა  (თან პუტინთან შეხვედრის წინ) იმაზე მიგვანიშნებს, რომ ევროპა მზად არის ახალ პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე კონკრეტული და საჯარო განცხადება შეხვედრის შემდეგ არ გაკეთებულა, სავარაუდოდ, საუბარი სწორედ ამ საკითხების გარშემო წარიმართებოდა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ევროპა საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.…

- ამ მხრივ, ალბათ, საინტერესოა საფრანგეთის ადმინისტრაციის განცხადება სარკოზისა და პუტინის შეხვედრის შესახებ: "სარკოზიმ პუტინს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც მიაწოდა. ქართველმა ლიდერმა პარიზი დაარწმუნა, რომ მთელი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებას ეთმობა. რუსეთის პრემიერმა "ეს ინფორმაცია შენიშვნად მიიღო, მაგრამ უკომენტაროდ დატოვა". გამოდის, სარკოზის არც შეუხსენებია რუსეთის პრემიერისათვის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება, სამაგიეროდ, საფრანგეთის პრეზიდენტს ირანის საკითხზე რუსეთის პოზიციის გამო მადლობის თქმა არ დავიწყებია.
- ევროპას და კერძოდ, საფრანგეთსაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამ ხელშეკრულებაზე. ის, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, საყოველთაოდ აღიარებული, ისტორიული თეზაა და ასეთ შეხვედრებზე ცხადია, ლიდერები ერთმანეთს პასუხს არ სთხოვენ ხოლმე - გინდა თუ არა, ესა და ეს რატომ არ შეასრულეო. მით უმეტეს, რომ პუტინისა და სარკოზის შეხვედრას გაცილებით უფრო გლობალური ფონი ჰქონდა.

ისიც ფაქტია, რომ სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ პუტინთან ისაუბრა და მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, გასაგებს კარგად გაიგებდა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სარკოზისა და პუტინს ხელშეკრულებაზე არ უსაუბრიათ, სწორედ შეხვედრიდან მცირე ხნის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რუსეთმა ხელშეკრულება პატიოსნად შეასრულა, რაკიღა ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა, ხოლო აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის არმია ამ სახელმწიფოებთან მოლაპარაკების საფუძველზე დგასო.

ეს განცხადება სრულიად ალოგიკურია, რადგან სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილ ხელშეკრულებაში რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაკიღა საერთაშორისო სამართალს უკუქმედება არ ახასიათებს, გამოდის, მას ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია - სხვა ყველაფერი კაზუისტიკაა, რომლითაც რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს. როდესაც ლაპარაკია ჯარების გაყვანა-დატოვებაზე, რუსეთმა ათვლის წერტილად ის მომენტი უნდა აიღოს, როდესაც ხელს აწერდა ხელშეკრულებას ჯარების გაყვანის შესახებ.

ახლა, როდესაც  რუსეთი აქ სამხედრო ბაზებს აშენებს, უკვე სულ სხვა რეალობაა. როგორც ჩანს, მაინცდამაინც ეს საკითხი, რომ რუსეთმა ეს ხელშეკრულება არ შეასრულა, განხეთქილების ვაშლად ვერ იქცევა რუსეთსა და საფრანგეთს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მართალია, სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის იმდროინდელმა ლიდერმა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შესაბამისად, რუსეთი მისი შეუსრულებლობით მთელ ევროკავშირს უპირისპირდება, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით თვალს ხუჭავს ამ ფაქტზე.

მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ახალი ჩავლილია, ირანის პრობლემა მწვავედ დგას, შეიძლება ითქვას, როგორც რუსები იტყვიან, მოსკოვი კარგ "პალასაზე" მოხვდა. საშინაო პრობლემებით არის დაკავებული ამერიკაც, - უკვე ნოემბერი ცხვირწინ არის და დემოკრატებისთვის არცთუ სახარბიელო სიტუაციაა, - სენატის არჩევნებზე მთლიანად უნდა განახლდეს ერთი პალატა და მეორე პალატის ერთი მეოთხედი. ასე რომ,  შესაძლოა, დემოკრატებმა სულაც დაკარგონ უმრავლესობა წარმომადგენლობით ორგანოში, რაც ობამას ძალზე რთულ რეალობას შეუქმნის.

რესპუბლიკელებიც უკვე გამოვიდნენ დამარცხების შოკიდან და უფრო და უფრო მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას, რომელიც სენატმა უნდა განიხილოს და თეთრ სახლს არა აქვს გარანტია, რომ მას მოიწონებენ. 4 ნოემბრის არჩევნების შემდეგ კი, როგორც გითხარით, შესაძლოა, სრულიად სხვა რეალობა შეიქმნეს. რაც შეეხება ირანის საკითხზე რუსეთის პოზიციას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დათმობაა და საინტერესოა, რას თხოულობს პუტინი სანაცვლოდ? რომ არ ყოფილიყო "მისტრალის" ეპოპეა, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ პუტინი საქართველოსთან ერთი-ერთზე დატოვებას თხოულობს, მაგრამ მოლაპარაკების მთავარი საგანი მაინც "მისტრალი" იყო, რომელზეც სხვათა შორის შეთანხმება საბოლოოდ მაინც ვერ შედგა.

პრინციპული შეთანხმება შესყიდვაზე მიღწეულია, მაგრამ პუტინს არ სურს მხოლოდ "მისტრალის", როგორც გამზადებული ხომალდის შეძენა, მას ნახაზებისა და მთელი ტექნოლოგიური პროცესის შესყიდვაც უნდა, რათა წარმოება მოგვიანებით თვითონაც შეძლოს. ადრე ლაპარაკი იყო მხოლოდ ცარიელის, ასე ვთქვათ, ფუტლარების გადაცემაზე, მაგრამ რუსეთს ეს არ სჭირდება. მას ელექტრონული მიღწევები აინტერესებს და მათი ხელში ჩაგდება სურს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთმა ინტონაცია შეცვალა ხომალდების შემდგომ გამოყენების თაობაზეც.

ახლა უკვე არა მხოლოდ პუტინმა, გენერალური შტაბის უფროსმა მაკაროვმაც განაცხადა, რომ "მისტრალები" არა მარტო შავ ზღვაზე ან ბალტიისპირეთშიც სჭირდებათ, არამედ იაპონიასთან, უფრო ზუსტად კი, კურილის კუნძულებთან განსათავსებლადაც, რაკიღა კუნძულები იაპონიასთან დავის საგანს წარმოადგენს. თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი ცვლის თავის ტრადიციულ პოზიციას, რომ ირანთან სანქციის ენაზე ლაპარაკი არ ღირსო, მრავლისმეტყველია. ამასთან, მოსკოვი უარს ამბობს თეირანისთვის ანტისარაკეტო სისტემების მიყიდვაზე.

ამ მხრივ მართლაც რომ ახალი რეალობა იქმნება თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მხოლოდ სალონური ინტერესი იმისა, რაც ევროპასა და მსოფლიოში ხდება და რასაც რხევის განსხვავებული ამპლიტუდით შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქართველოს მომავალზე. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს, რა რეალობა იქმნება სამხრეთ კავკასიაში? რამდენად რეალურია ის ვერსია, რომ ევროკავშირი შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში? რომ ობამას ადმინისტრაცია თითქოს უკვე პასიურობს ამ რეგიონში? როგორ თავსდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ძალზე ამბიციური მოთამაშის, თურქეთის ზრახვები, რომელიც სხვათა შორის ბოლო დროს უფრო და უფრო გააქტიურდა? რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ ირანთან ახლებური პოზიციის დაკავებით? ბოლო დროს ხშირად შიშსაც გამოთქვამენ ხოლმე, ვაითუ ეს ყველაფერი დასავლეთს არ მოეწონოსო.

რა, თვითონ დასავლეთს ირანთან მხოლოდ სანქციები და ბირთვულ თემაზე უთანხმოება აკავშირებს? გარდა ამისა, სახელმწიფომ უპირველესად რაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს, თავის ეროვნულ ინტერესებზე თუ სხვის სტრატეგიულ გეგმებსა და გემოვნებაზე? რატომ უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ალფა და ომეგა ის, რომ ისეთი რაღაც არ გავაკეთოთ, ვინმეს არ ვაწყენინოთო? დღეს იქნება თუ ხვალ, ირანთან საერთო ენას დასავლეთიც გამონახავს და მერე ჩვენ, როგორც  მაჩანჩალებმა, მხოლოდ ამის შემდეგ გავიმეოროთ იგივე? ყველაფერი ეს ძალზე საინტერესო პოლიტიკურ პასიანსს ქმნის და მთავარი სწორედ მოვლენათა ამ წყობაში მეცნიერული გარკვევაა.

სამწუხაროდ, როდესაც ინტერნეტსა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თვალს ვადევნებ, ვრწმუნდები, რომ საქართველოს აკადემიური, საუნივერსიტეტო თუ საექსპერტო-პოლიტოლოგიური წრეები ძალზე პასიურობენ. სხვათა შორის, ყველაზე აქტიური და პროფესიონალური ამ მხრივ სომხური წრეებია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი და სულ ბოლოს - საქართველო. შეიძლება იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური თუ პოლიტოლოგიური წრეები უმეტესწილად შინა დაპირისპირებების გარჩევა-გარკვევებით იყვნენ დაკავებული. იმედია, როცა ზაფხულის ცხელი თვეები გავა, ჩვენი საზოგადოება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებისთვისაც მოიცლის.  

- აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიული რეგიონის საქმეების დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა ვაშინგტონის პიტერსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენი მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. მივაღწიეთ კი პროგრესს ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევაში? ჩემი პასუხია - არა, ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გვაქვს მიზანი, სტრატეგია, რომელსაც მივყვებით და ამ საკითხებს განვიხილავთ პრეზიდენტ მედვედევთან. მაგრამ კითხვაზე, მივაღწიეთ თუ არა ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში რეალურ პროგრესს, პასუხი ასეთია - არა"". ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს საკითხზე?
- ჯერჯერობით, ეს მხოლოდ განცხადებებია. ერთი მომენტია: უკანასკნელ წლებში ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ რიტორიკას, განცხადებებს და არა მთავარ საქმეს. რასაკვირველია, ჩვენ ამერიკა გვეხმარება და ღმერთმა ნუ ქნას, დადგეს ის დღე, რომ ამერიკამ და ევროპამ დაკარგონ ინტერესი საქართველოს მიმართ. შესაძლოა, ამ ინტერესების ხასიათი სიტუაციური იყოს - ზოგჯერ გაიზარდოს, ზოგჯერ შემცირდეს ან ზოგჯერ თვალში საცემიც იყოს, ზოგჯერ კი სულაც შეუმჩნეველი, მაგრამ თავისთავად ინტერესი, ვფიქრობ, მუდმივად იარსებებს. განცხადება, რომ მიზანი ჯერ მიუღწეველია, ჩვენ შეიძლება გავიგოთ ისეც, რომ ის საბოლოოდ არის მიუღწეველი.

რასაკვირველია, ამერიკა ჯერჯერობით ვერ იტყვის, რომ საქართველო არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც ყველა პრობლემა აქვს გადაჭრილი, თუნდაც არა საბოლოოდ, არამედ მაღალი ხარისხით და უმეტესწილად. რატომ? იმიტომ, რომ თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას იტყვიან, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: თუ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად არის, მაშინ რატომ არ იღებთ ამ ქვეყანას ნატოში? ეს კი სინამდვილეში მხოლოდ დემოკრატიის ხარისხსა და რეფორმებზე არ არის დამოკიდებული. ამიტომაც ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან ხშირად ერთსა და იმავეს იმეორებენ:

კი, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელიაო. ამიტომაც არავინ იტყვის, საქართველოში ყველაფერი კარგად არისო. ასე რომ, ეს ერთგვარად ტრადიციულ ფორმულად იქცა და მე ერთი რამის მეშინია, ამ ფორმულამ, კიდევ ბევრია გასაკეთებელიო, ქრონიკული სახე არ მიიღოს, რადგან დასავლეთი რუსეთის ინტერესებს აშკარად არ დაუპირისპირდება და მასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ეჭვქვეშ არ დააყენებს. მაგრამ დასავლეთი რუსეთს სისტემატურად და პერმანენტულად იმასაც აგრძნობინებს, რომ მათი თანამშრომლობა მესამე ქვეყნის ხარჯზე არ შედგება - იქნება ეს საქართველო, აღმოსავლეთი ევროპა თუ ბალტიისპირეთი. რუსეთიც ისევ ჯიუტად ცდილობს, თანამშრომლობა დასავლეთთან სწორედ მისი პირობების აღიარებით შედგეს.

ასეთ ვითარებაში, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიკავებს საქართველო. გააკეთებს თუ არა ისეთ დიპლომატიურ მანევრებს, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს? ამ ყველაფრისთვის საჭიროა, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, პოლიტიკისადმი მეცნიერული მიდგომა და ანალიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმპულსურ ქმედებათა ამარა დავრჩებით, სადაც შეცდომა და მარცხი გარდაუვალია.
Ramazi
19 ივნისი 2010 10:28
ეს კაცი არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ექსპერტი.თამაშობს დამოუკიდებლობანას,მაგრამ მაინც უჩანს კუდი.
malxazi
18 ივნისი 2010 15:49
lulu
18 ივნისი 2010 14:24
"სანამ სხვას გააკრიტიკებთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე დაფიქრებულიყავით,ჯობდა."




საკუთარ თავზე მარტო ნაცები ფიქრობენ :D
და მათთან ფინანსურად დაახლოებული პოლიტოლოგები კიდევ :D
მათ "შესაძლებლობებთან" ვინ მოვა? :D
ისიც კი შეუძლიათ, წაგებულ ომზე მოგება იძახონ.
"შესაძლებლობები" აქვთ? ქვას ხეთქავს :D
lulu
18 ივნისი 2010 14:24
სანამ სხვას გააკრიტიკებთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე დაფიქრებულიყავით,ჯობდა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები