"ტერორიზმი არ არის ის თემა, რის გამოც საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ..."
"ტერორიზმი არ არის ის თემა, რის გამოც საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ..."
"2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა"


საქართველოს ცხოვრებაში 2017 წელი მნიშვნელოვანი ფაქტით აღინიშნა - ამოქმედდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემები და საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2018 წელსაც გაჰყვება. ახალი, 2018 წლის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

- ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ახალი წლის დადგომა მივულოცო "კვირის პალიტრის" მკითხველსა და მთელ საქართველოს. ვუსურვო უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატება. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებია, მოდი, დავიწყოთ შარშანდელ მიღწევებზე საუბრით. უპირველესად, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც დააგვირგვინა საქართველოს განვითარების ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი და რაშიც თანაბარი
წვლილი მიუძღვის ქართველ საზოგადოებასა და საქართველოს ყველა ხელისუფლებას.

ჩვენი ვალია, ეს წარმატება ეფექტიანად გამოვიყენოთ და განვიხილოთ როგორც ერთი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება და ინტენსიური ურთიერთობა, რაც ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მართლაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ ის ორი განსაკუთრებული წარმატება, რასაც შარშან ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში მიაღწია. სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ასეთი მიღწევებით ვერ დავიკვეხნით.

პრობლემა კი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 2018 წელსაც გაგვყვება.
ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საშუალო ფენის, ფაქტობრივად, ჩამოშლა - ლარის გაუფასურებით გამოწვეული გაღატაკების ფორსირებული პროცესი და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი...

- შეიძლება ითქვას, რომ წლის მიწურულს საქართველოში ტერორიზმის რეალური საფრთხე პირველად გამოჩნდა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობთ, როცა უსაფრთხოების თემას ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებთ...

- დიახ. 2017 წელს ქვეყანაში მართლაც პირველად დავინახეთ ტერორიზმი, როგორც საფრთხე; ამასთანავე, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაც... ვგულისხმობ იმას, რომ
დღეს ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული ტვინის ფუნქციას და იქნება უსაფრთხოების სისტემის მაკოორდინირებელი რგოლი.

ასეთი სტრუქტურები ჩვენზე ძლიერ ქვეყნებშიც კი არსებობს. იმის მიხედვით, ქვეყანა საპრეზიდენტოა თუ საპარლამენტო, ეს რგოლი ფუნქციონირებს ან პრეზიდენტთან, ან - პრემიერთან. ჩვენთან კი, როგორც იცით, კონსტიტუციის ცვლილების შედეგად უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობდა, გაუქმდა, თავდაცვის საბჭო კი მხოლოდ საომარი ვითარების დროს შეიკრიბება, რის გამოც სრულიად გაუგებარი ხდება მისი ფუნქცია... ის შორს არის უშიშროების საბჭოს რეალური არსიდან.

გაუქმდა პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოც... უმნიშვნელოვანესია, ჩვენისთანა ქვეყანაში არსებობდეს ქვეყნის სტრატეგიულად სააზროვნო ორგანო, რომელიც ერთი მხრივ, შეძლებს უსაფრთხოების სისტემის კოორდინირებას, მეორე მხრივ კი - რისკების, გამოწვევების სისტემატიზაციას, შეფასებას, დასახავს პრევენციულ ზომებს და ა.შ.

წლის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ამერიკელები მალე ჩამოვლენ საქართველოში და სწორედ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობას შეამოწმებენ, ანალიზის შემდეგ კი შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიდრე მთლიანად მოშლიდნენ ამ უსაფრთხოების სისტემას, მანამდე რატომ არავის მოუვიდა ეს აზრად?

- დავუბრუნდეთ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს... რა საფრთხე წარმოაჩინა მომხდარმა და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მის გასანეიტრალებლად?

- მე ამ სპეცოპერაციებს ერთი პროცესის ორ ფაზად განვიხილავ... ჩემი აზრით, ორივე ფაზისას სპეცსამსახურების საქმიანობას სწორედ კოორდინაცია აკლდა და ამ შემთხვევაშიც მაკოორდინირებელი რგოლის არარსებობამ უარყოფითი როლი შეასრულა. რაც შეეხება ტერორიზმს, როგორც საქართველოსთვის 2018 წლის მთავარ გამოწვევას... უმთავრესია, საქართველომ შეასრულოს თავისი მოვალეობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში - გაცვალოს ინფორმაცია და მჭიდრო კავშირი დაამყაროს პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთანავე, შეძლოს საზღვრების დაცვა. ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვება ჩატაევის საქართველოში შემოვლას. მის ლიკვიდაციას, ანუ პირველ ფაზას, არ მოჰყოლია ისეთი მწვავე შედეგი, როგორიც მოჰყვა მეორე ფაზას, ანუ პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას.
უკვე ვთქვით, რომ საქართველო, ბევრი მიზეზის გამო, აქამდე არ ყოფილა ტერორისტების სამიზნე. ისინი უფრო რეზონანსულ ქვეყნებს ირჩევენ ხოლმე, სხვა შემთხვევაში კი შურისძიების მოტივით მოქმედებენ. დღემდე საქართველოს მიმართ შურისძიების განწყობა არ არსებობდა...
ახლა ჩვენი ამოცანაა, ის მაინც შევძლოთ, რომ შურისძიების მოტივი არ გავაჩინოთ. ამის ნიშნები ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ არ ჩანდა, სამაგიეროდ, ამაზე მინიშნება დაიწყო პანკისში ჩატარებული მეორე ფაზის შემდეგ... რაც ვნახეთ, იმ შეკრებების, მოწოდებების, განწყობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება საქართველოსთვის დიდ საფრთხედ იქცეს.
არა იმიტომ, რომ პანკისში ცხოვრობენ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ნეგატიურ ყურადღებას უთმობდა პანკისს, ცდილობდა, ეს ხეობა საქართველოს აქილევსის ქუსლად წარმოეჩინა და ეს ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინა.

გაგახსენებთ, თავის დროზე რუსეთი სწორედ პანკისში ითხოვდა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, ახალი რუსული ბაზის ტოლფასი იქნებოდა.

დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა. ჩემი აზრით, 2018 წელს საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება.

გაგახსენებთ რამზან კადიროვის განცხადებას - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა უკვე საქართველომდე მოაღწიეს და მათი ჩეჩნეთში შემოსვლა ჩვენ არ უნდა დავუშვათო! რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, იმასაც, რომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ნეიტრალიზება... სხვა როგორი სცენარები შეიძლება განვითარდეს, ამის ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში მესიჯია.

მთავარია, პანკისელებს სჯეროდეთ, რომ მათ უფლებებს საქართველო დაიცავს და არ დაიწყონ დამცველების ძებნა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის თაობაზე განცხადებებს ამ დღეებში ვისმენდით...

მეორე და უმნიშვნელოვანესი არის საზოგადოების ყველა ფენის მომზადება მსგავსი სიტუაციებისთვის. იმან, რაც სოციალური მედიით ხდებოდა, აჩვენა, რაოდენ გვაკლია სახელმწიფოებრივი მიდგომა... დაუშვებელია პოლიტიკური მანიპულირება, ემოციებს აყოლა და ასეთი განწყობების გამოვლენა, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერორიზმის საფრთხეს ეხება.

ქართველი საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ შესაძლოა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტერორიზმთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებულ პირთა მიმართ კვლავაც მოგვიწიოს პრევენციული­ თუ განეიტრალების ღონისძიებების ჩატარებამ.
ეს ის თემებია, რომლებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტებითი მუშაობა. ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც აუცილებელია, ხელისუფლებამ დასავლეთს სთხოვოს სპეციალისტებით დახმარება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები და რით - არა. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიცია და არა - ისტერია, რომელიც ვიხილეთ. ასეთ დროს ხელისუფლებამ განწყობების მართვა უნდა იცოდეს და ეს ცენზურა არ არის!..

მაქსიმალური კოორდინაცია გვმართებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით - აშშ-თან. კიდევ ერთი - რუსეთის ფაქტორი არის თემა, რომელთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა, რუსეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითი აჩვენეს გასული წლის ბოლოს აშშ-მა და რუსეთმა, როდესაც აშშ-მა, ტრამპის განცხადებით, უმსხვილესი ტერაქტები აღკვეთა პეტერბურგში და აშშ-ის სპეცსამსახურებმა პუტინის მადლობაც კი დაიმსახურეს.
ჩვენ უნდა შევძლოთ რისკების მინიმიზება. იმისათვის, რომ საქართველო არ იქცეს ტერორისტების შემოღწევისა და ნეიტრალიზების პოლიგონად, აუცილებელია საზღვრების დაცვა...

ძალიან კარგია ჩვენთვის "ჯაველინების" მოყიდვა, მაგრამ ეს არ არის ის იარაღი, რომელიც საქართველოს ტერორიზმის საფრთხისგან დაიცავს; ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რა საფრთხე ემუქრება ახლა და ამ მიმართულებით სთხოვოს აშშ-ს დახმარებაც და მონაწილეობაც...

ჩვენ აქამდე არ ვიყავით ტერორიზმის მაღალი რისკის ზონაში. თუ გონივრული მოქმედებით მოვახერხებთ, რომ ვითარება ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი... ტერორიზმი ისეთი სენია, რომელიც არ ცნობს პარტიულობას, ეთნიკურობას და ა.შ., ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ.

ტერორიზმი არ არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ...
თავის მხრივ კი, შესაბამისი სტრუქტურების ვალია, შეძლებისდაგვარად შეამცირონ შეცდომები სპეცოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარებისას.

- დასაწყისში ახსენეთ მძიმე ეკონომიკური ვითარება... გასული წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მთავრობაში. თქვენი აზრით, ეს გუნდი მოახერხებს 2018 წლის ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას?

- ეკონომიკური საკითხების შემფასებლად ვერ გამოვდგები, თუმცა შემიძლია, სამთავრობო ცვლილებები შევაფასო... ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ იყო გამოწვეული იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების სურვილით, რომლებიც მოგვეძალა. აქ უფრო ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შორის ბალანსის აღდგენის მცდელობა ჩანდა. ისმის კითხვა: ვის შორის? ხელისუფლების შიგნით პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ასეთად მხოლოდ კალაძე შეიძლებოდა მიგვეჩნია, მაგრამ ისიც თბილისის მმართველობაში გადავიდა. რადგან პოლიტიკური ლიდერები არ ჩანან, ხელისუფლების შიგნით პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებზეც ვერ ვილაპარაკებთ... მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საქართველოსთვის ახალ მოვლენაზე - მსხვილ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე, რომლებიც არიან მთავრობაშიც, პარლამენტშიც... უმრავლესობის ფრაქციებად დაყოფის დროს სწორედ ეს ვიხილეთ.
ჯერჯერობით ლაპარაკი, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, შეცდომა იქნება. მათ უფრო მთავრობასა თუ პარლამენტში საკუთარი ბიზნესისთვის ადგილის მონიშვნის სურვილი აქვთ, ისე მაინც, რომ შიდა სახელისუფლებო ალიანსში კარგი პოზიცია დაიკავონ. როგორც ჩანს, ძვრები მოხდა და ბალანსი დაირღვა, სამთავრობო ცვლილებები კი მხოლოდ ამ ბალანსის აღდგენას ისახავდა მიზნად.
ცუდი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი სახეებია მოსაძებნი და მთავრობას სისხლის გადასხმა სჭირდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამის მაგალითი იყო.

პირველ ეტაპზე კიდევ გვქონდა იმედი, რომ ეს რეორგანიზაცია ოპტიმიზაციას მოემსახურებოდა და საბიუჯეტო სახსრები მაინც დაიზოგებოდა, მაგრამ არც ეს მოხდა.
ერთი ნათელი წერტილი, რაც წლის ბოლოს გამოჩნდა, არის ის, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა ახალი პორტალის შექმნა, სადაც მოქალაქეთა ჯგუფებს ან ინდივიდებს შეეძლებათ თავიანთი წინადადებების განთავსება და თუკი პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს, მთავრობა იკისრებს ვალდებულებას, დაიწყოს ამ საკითხის განხილვა და საზოგადოებას აცნობოს თავისი გადაწყვეტილება. კარგია, რომ ამის საჭიროება დაინახეს. ახლა ხალხს საშუალება ექნება, ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ეს, 2018 წელს ვნახავთ.

- რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს... ვის რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს 2018 წლის პოლიტიკურ პროცესებში?

- ოპოზიციაში ჯერ არ ჩანს არავინ, ვის პერსპექტივაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, სამაგიეროდ, ხელისუფლების შიგნით კახა კალაძე 2018 წელსაც დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის აქტიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან და ამით "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავდება, მაგრამ 2018 წელი მისთვისაც გამოწვევების წელი იქნება, მას წინააღმდეგობები ელის არა მხოლოდ ოპოზიციისგან, არამედ - საკუთარი გუნდისგანაც.

საინტერესო სტარტი ჰქონდა გიორგი გახარიას. ისე გამოჩნდა, თითქოს მას ჰქონდა პოტენციალი, აეკრიფა პოლიტიკური წონა და კალაძის საპირწონედ ქცეულიყო. შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის, საკუთარი კომუნიკაბელურობით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სწორედ ამ პოსტზე წარმოჩნდა უფრო რეფორმატორული იდეებით.

საინტერესოა, რომ მაღალ პოსტებზე მან რამდენიმე მაღალი დონის პროფესიონალი მიიწვია, რაც ნიშნავს, რომ მას, "ქართული ოცნების"" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, პროფესიონალების არ ეშინია, რაც საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის თვისებაა... მაგრამ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ერთმანეთს მოჰყვა რამდენიმე ტრაგიკული და ყურადსაღები მოვლენა: სპეცოპერაცია თავისი პანკისის ფაზით, უდიდესი ტრაგედია ვერაზე - ორი ბავშვის მკვლელობა, რეიდები, რომელთაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, კახეთის შემთხვევა, როდესაც ამგვარი რეიდისას ქალბატონის საავადმყოფოში წაყვანა გახდა საჭირო და ზვიად რატიანის საქმე...

ამ თემებზე - განსაკუთრებით, ბოლო ორზე - არა უშუალოდ გახარიას, არამედ
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებამ აჩვენა, როგორ ცდილობს აქ დაბუდებული მცდარი სისტემა, გახარიას შეცდომები დააშვებინოს და საკუთარ მძევლად აქციოს.
როგორც ჩანს, ამ სისტემას მაინცდამაინც არ ესიამოვნა, მეტიც - გულზე მოხვდა გახარიას გამოცხადებული რეფორმები და ამის საპასუხო დადებითი განწყობა, მედიისა და ოპოზიციისაც კი.
ვნახოთ, რამდენად არის გახარია მზად ამ მნიშვნელოვანი შერკინებისთვის. ის არჩევანის წინაშე დააყენეს. ერთი მხრივ, სისტემის გადმოსახედიდან, თუ პოლიციის მუნდირს შეეხება, სისტემა აუმხედრდება, რის მერეც ძალიან გაუჭირდება მისი მართვა; მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომელიც დიდი მოლოდინით შეეგება მის მინისტრობას, აშკარად იმედგაცრუებულია და მალე მისი ეს განწყობა აგრესიაში გადაიზრდება...

- მომავალ წელს საქართველოს ისევ მოუწევს, პირდაპირი წესით აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი...

- აქამდე ყველაზე რეალურ სახელისუფლებო კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი განიხილებოდა, თუმცა პარლამენტში მომხადარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთავრობის მეთაურისთვის ღირსების აღდგენის გზა გინებაზე გადის, მისი საპრეზიდენტო შანსები აშკარად შემცირდა.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე; ვფიქრობ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ იმისთვის, რომ თავისიანი იხილონ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად.
საცდური ძალიან დიდია - ექვსი წლის ვადით ვირჩევთ, მართალია, მაქსიმალურად უფლებაშეზღუდულს, მაგრამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პერსონას, რომელსაც ექნება საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობის მანდატი.
დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, გამარჯვების შანსი აქვს სახელისუფლებო კანდიდატს, მაგრამ თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა, ეს რადიკალურად შეცვლის ყველაფერს.
დღევანდელი ვითარების შესაბამისად, არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია გამარჯვებისთვის იბრძოლოს, მაგრამ თუკი გამოჩნდება ლიდერი - უპარტიო კანდიდატი, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტსაც შეუძლია გახდეს საერთო-სახალხო ლიდერი, რომელიც შეეცდება და მოახერხებს საზოგადოების ინტერესებით მოქმედებას ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის წამოჭრისას და იქნება საზოგადოების მთავარი რუპორი და წარმომადგენელი, ის მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას და ექნება გამარჯვების შანსი... გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მივიღებთ დიდი პოლიტიკური ძალის პერსონას, რომელსაც ექნება შანსი, გახდეს ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიებისთვის...

ნათია დოლიძე
david
16 იანვარი 2018 19:29
არ მინდა ვინმეს ძალაუნებურად მივაყენო რაიმე სახით სეურაცხოფა, მაგრამ საზოგადოება (ვგულისხმობ ნორმალურ მოქალაქეებს და არა შეგნებულ პროვოკატორებს!) როდესაც საუბრობს ტერორიზმის თემაზე ის საიბრობს ანტიტერორისტულ ოპერაციის ჩატარების მეთოდებსა და პროსესებზე - და არა იმაზე რომ ,,ტერორიზმი კარგია" ან რახან ხელისუფლება ატარებს ანტიტერორისტულ ოპერაციას საზოგადოება მას ჯიბრში უდგება - ეს სრული დებილიზმია და იმედია ხელისუფლება ესე არ ფიქრობს და ეს ამ ექსპერტის პირადი აზრია და როგორ უნდა გაანალიზოს ასეთმა ექსპერტმა რამე როდესაც ვერ ხვდება თუ რაზე წუხს და შიშობს საზოგადოება? საზოგადოება სწორედ იმაზე წუხს და შიშობს ამ თავისი შენიშვნებით, რომ სწორედ ეფექტურად, დამართლიანად და კანონიერად ჩატარდეს ანტიტერორისტული ოპერაცია და არასწორი ქმედებებით არ მოხდეს სწორედ რომ ტერორიზმის გააქტიურება საქართველოში - სადაც ტერორიზმის საფრთხე სწორედ წინა ხელისუფლებების არასწორი ქმედების შედეგად არის შექმნილი...
1. საზოგადოების მხრიდან საუბარია ადამიანის უფლების და სამართლიანობის საყოველტაო პრინციპების დაცვაზე რაც უნდა იყოს პრიორიტეტი თუნდაც ტერორიზმზე საუბრის დროსაც - როგორც ეს არის ყველ;ა ცივილიზებულ საზოგადოებაში (მათ შორის ამერიკაში)... არ სეიძლება ეჭვმიტალი ადამიანის ლიკვიდირება თუნდაც მის შესახებ გქონდეს ეჭვი რომ ის ტერორისტია... მაგალითად, ამერიკაში როდესაც ვერ ახერხებდნენ ერთ ერთი ნარკოკარტელის და მისი ტერორისტი წევრების დაჭერას, რადგან ის მოქმედებდა კოლუმბიასა თუ მექსიკაში, ცრუ-მ მათში ჩანერგა თავისი ,,აგენტი" რომელმაც ცრს-ფულითვე შეიძინა ნარკოტიკების დიდი რაოდენობა... ყიდვა უნდა განხორციელებულიყო ამერიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე და როდესაც ამ სახით ცრუ-მ შემოიტყუა ნარკოკარტელის წევრები გარიგების მიხედვით, ამ დროს აიყვანეს ყველა... შემდგომ სასამართლოს დარბაზიდან მოსამართლემ (ამერიკის უმაღლესი სასამართლოს წევრმა) ტერორისტები ციხიდან გაანთავისუფლა (კანონის და კონსტიტუციის მიხედვით), სადაც წერია რომ სახელმწიფოს უფლება არააქვს ტყუილის საშუალებით, ან სხვა ამორალური თუ ტერორისტების მსგავსი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს თუნდაც დამნავეების დაკავებაო... ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მილიონები გადაიხადა და ნარკოტიკების დამზადება და გაყიდვა აუძულაო ანუ ადამიანები მოტყუებით აიძულა დანაშაული ჩაედინათო - აი რა დონეზეა სამართლიანობის და მორალის საკითხი ამერიკის კონსტიტუცისა და კანონდებლობაში... და ეს ესეც უნდა იყოს რადგან არა იმიტომ რომ მოსამართლემ შეიბრალა ან ამით ტქვა რომ ნარკოკარტელის წევრები დამნაშავეები არ არიანო არამედ უზენაეს პირობად სცნო სახელმწიფოს მორალური სახე - სამართლიანობის პრინციპი (რომ ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო და კონსტიტუცია დამნაშავეებისგან განსხვავებით არის უზენაესი მორალის და სამართლის გარანტი! გთხოვთ დაფიქრდით ამაზე თუ რატომ?
2. ვთქვათ პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდა თავისი უჭკუობის გამო ან ხათრის ან სულაც მოტყუებით იქნა ჩატრეული ტერორიზმში მაშინ უნდა მოკვდარიყო ახა;გაზრდა ქ.ნო ხათუნა? ან სულაც რომც შეგნებულად ყოფილიყო ჩართული ვინ რა იცის მის ქმედებები რა დონის სასჯელს იმსახურებდა?
3. რა დონის სასჯელს იმიტომ ვამბობ, რომ კავკასიაში, და კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს ხალხი უკვე რამოდენიმე საუკუნეა იბრძვის თავისუფლებისთვის - რასაც იყენებს თავისი ინტერესებისთვის რუსეთის კგბ-ფსბ. ამიტომ ჩრდილოეთ კავკასიელების უმრავლესობა არ არიან იმ სახის ტერორისტები როგორებიც არიან იდეური მუსლიმები, როდესაც აბეთქებენ ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ამიტომ საქართველომ ჯერ უნდა ზუსტად განსაზღვროს თუ ვინ არის ტერორისტი და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტად, რადგან რუსეთი ტერორისტებს ეძახის და ტერორისტებად თვლის საქათარი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ხოლო ნამდვილ ტერორისტებს და დამნაშავეებს, კი - მაგალითად კადიროვის ბანდებს - აცხადებს ,,მამულიშვილებად:...
4. და რაც მთავარის ტერორისტების 99% მეტი ქ-ნო ხათუნდა არიან ძირითადად გკბ-ფსბ-ს ან ირან-სირიის აგენტები და მათ მიერ ფინანსდება (დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით), რაზედაც მეტყველებს ოფიციალური ცივილიზირებული კვლევები!!! - ამიტომ ხშირად ეს ტერორიზმის ხელშემწყოფი სტრუქტურები (საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ფსბ) ყოველ ღონეს ხმარობს, განსაკუთრებით პანკიში რომ სიტუაცია დაძაბოს და პანკისი ჩართოს ტერორიზმის ხლართებში, რასაც ნებსით თუ უნებლიედ ვერ ეწინააღდეგება ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფოს სისტემები, პირიქით ადრე ხელსაც უწყობდა პამკისში ტერორიზმის და ნარკობიზნესის არსებობას - რასაც დღემდე იმკის საქართველო... იმედია დღეს მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი და სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე არ ,,აგულავებს" ჩათაევის თუ სხვა მსგავსი ფსბ-ს ეგენტების ნაერ ტერორისტებს... - აი სწორედ ამიტომ ღელავს და სიშობს საზოგადოება...
5 და ბოლოს... არცერთ პოლიციელს უფლება არააქვს თუ მის სიცოცხლეს ან სხვა უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლეს რეალური საფრხე არ ემურება მოახდინოს ვინმეს ლიკვიდევია აყვანის დროს თუნდაც ეს იყოს დამნაშავე, და ეჭვმიტანილზე კი საუბარიც არ უნდა იყოს - სწორედ კანონის და სამართლიანობის დაცვა, ღია საზოგადოება და სახელმწიფო სისტემა არის ტერორიზმის პრევენცია... პოლიციელი თუ სხვა ძალისმიერი სტრუქტუირის მოსამსახურე რომელიც ხელფას იღებს მოქალაქის და საზოგადოებრივი წერიგის დაცვისთვის. ასევე ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვისთვის უფლება არააქვს პირველ რიგში არ დაიცვას სწორედ ეს უფლებები პრიორიტეტულად და შედგომ ტერორიზმთან უნდა იბრძოლოს... თუ ეს წესები არ დაიცვა საზოგადოებამ სწორედ ტერორიზმთან და დამნაშავეებთან ბრძოლაში მაშინ რაღა საჭიროა საერთოდ კანონი თუ კონსტიტუცია ან პოლიცია? დღეს ვინმე ეჭმიტანილს ოკლას ხვალაც ვინმე ეჭვმიტანილს მოკლავენ და შესაძლოა შედეგ აღმოჩნდეს რომ ეს ინფორმაცია არ იყო სწორი - არ თქვათ ეხლა რომ ტერორიზმტან ბრძოლა მსხვერპლს მოითხოვდსო ან მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელიაო - მაშინ მოიძიეთ ეს როგორ ხდება ცივილიზირებულ საზოგადოებებში - ტუნდაც იმავე ამერიკაში სადაც 11 სექ
გიორგი კუპრეიშვილი
16 იანვარი 2018 05:42
რუსეთი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას აჭარაში დისლოცირებული მე-12 ბაზის სანაცვლოდ ითხოვდა,რის შესახებაც სიტყვირი შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში 2004 წლის 10-11 თებერვლის ვიზიტისას იქნა მიღწეული.იმავე წლის 6 მაისის შემდგომ,ჯერ ბათუმში მერე კი ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთისათვის მიუღებელი განცხადებები გააკეთა,რის გამოისობითაც 17 მაისს თბილისში სასწრაფოდ ჩამოფრინდა იგორ ივანოვი,რომელიც პრეზიდენტს შეხვდა და კომენტარების გარეშე სასწრაფოდ დატოვა თბილისი.უკვე ამის შემდგომ გახდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან " კიდალა" და "ნერუკოპაჟატნი".საქართველომ კი შედეგად "დომაშნი ზაგატოვკებით" მიიღო ორი "დამოუკიდებელი " სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე.
მკითხველი
06 იანვარი 2018 16:03
ტერორიზმი აღარ არის ერთი ქვეყნის პრობლემა ეს ერის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული რომლის მიზანია მოსახლეობის დაშინება და ხელისუფლებაზე ზემოქმედება ეს საუკუნის საერთაშორისო ბოროტებაა ამიტომ ვინც ამ თემით სპეკულირებს საკუთარი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების მტერია ან უბრალოდ ბრიყვია ჟურნალისტებს ვთხოვ იხმარონ ტერორიზმის რეალური სახელი ესაა საერთაშორისო ტერორიზმი
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები