"ტერორიზმი არ არის ის თემა, რის გამოც საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ..." - კვირის პალიტრა

"ტერორიზმი არ არის ის თემა, რის გამოც საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ..."

"2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა"

საქართველოს ცხოვრებაში 2017 წელი მნიშვნელოვანი ფაქტით აღინიშნა - ამოქმედდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემები და საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2018 წელსაც გაჰყვება. ახალი, 2018 წლის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

- ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ახალი წლის დადგომა მივულოცო "კვირის პალიტრის" მკითხველსა და მთელ საქართველოს. ვუსურვო უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატება. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებია, მოდი, დავიწყოთ შარშანდელ მიღწევებზე საუბრით. უპირველესად, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც დააგვირგვინა საქართველოს განვითარების ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი და რაშიც თანაბარი წვლილი მიუძღვის ქართველ საზოგადოებასა და საქართველოს ყველა ხელისუფლებას.

ჩვენი ვალია, ეს წარმატება ეფექტიანად გამოვიყენოთ და განვიხილოთ როგორც ერთი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება და ინტენსიური ურთიერთობა, რაც ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მართლაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ ის ორი განსაკუთრებული წარმატება, რასაც შარშან ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში მიაღწია. სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ასეთი მიღწევებით ვერ დავიკვეხნით.

პრობლემა კი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 2018 წელსაც გაგვყვება.

ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საშუალო ფენის, ფაქტობრივად, ჩამოშლა - ლარის გაუფასურებით გამოწვეული გაღატაკების ფორსირებული პროცესი და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი...

- შეიძლება ითქვას, რომ წლის მიწურულს საქართველოში ტერორიზმის რეალური საფრთხე პირველად გამოჩნდა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობთ, როცა უსაფრთხოების თემას ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებთ...

- დიახ. 2017 წელს ქვეყანაში მართლაც პირველად დავინახეთ ტერორიზმი, როგორც საფრთხე; ამასთანავე, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაც... ვგულისხმობ იმას, რომ

დღეს ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული ტვინის ფუნქციას და იქნება უსაფრთხოების სისტემის მაკოორდინირებელი რგოლი.

ასეთი სტრუქტურები ჩვენზე ძლიერ ქვეყნებშიც კი არსებობს. იმის მიხედვით, ქვეყანა საპრეზიდენტოა თუ საპარლამენტო, ეს რგოლი ფუნქციონირებს ან პრეზიდენტთან, ან - პრემიერთან. ჩვენთან კი, როგორც იცით, კონსტიტუციის ცვლილების შედეგად უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობდა, გაუქმდა, თავდაცვის საბჭო კი მხოლოდ საომარი ვითარების დროს შეიკრიბება, რის გამოც სრულიად გაუგებარი ხდება მისი ფუნქცია... ის შორს არის უშიშროების საბჭოს რეალური არსიდან.

გაუქმდა პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოც... უმნიშვნელოვანესია, ჩვენისთანა ქვეყანაში არსებობდეს ქვეყნის სტრატეგიულად სააზროვნო ორგანო, რომელიც ერთი მხრივ, შეძლებს უსაფრთხოების სისტემის კოორდინირებას, მეორე მხრივ კი - რისკების, გამოწვევების სისტემატიზაციას, შეფასებას, დასახავს პრევენციულ ზომებს და ა.შ.

წლის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ამერიკელები მალე ჩამოვლენ საქართველოში და სწორედ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობას შეამოწმებენ, ანალიზის შემდეგ კი შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიდრე მთლიანად მოშლიდნენ ამ უსაფრთხოების სისტემას, მანამდე რატომ არავის მოუვიდა ეს აზრად?

- დავუბრუნდეთ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს... რა საფრთხე წარმოაჩინა მომხდარმა და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მის გასანეიტრალებლად?

- მე ამ სპეცოპერაციებს ერთი პროცესის ორ ფაზად განვიხილავ... ჩემი აზრით, ორივე ფაზისას სპეცსამსახურების საქმიანობას სწორედ კოორდინაცია აკლდა და ამ შემთხვევაშიც მაკოორდინირებელი რგოლის არარსებობამ უარყოფითი როლი შეასრულა. რაც შეეხება ტერორიზმს, როგორც საქართველოსთვის 2018 წლის მთავარ გამოწვევას... უმთავრესია, საქართველომ შეასრულოს თავისი მოვალეობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში - გაცვალოს ინფორმაცია და მჭიდრო კავშირი დაამყაროს პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთანავე, შეძლოს საზღვრების დაცვა. ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვება ჩატაევის საქართველოში შემოვლას. მის ლიკვიდაციას, ანუ პირველ ფაზას, არ მოჰყოლია ისეთი მწვავე შედეგი, როგორიც მოჰყვა მეორე ფაზას, ანუ პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას.

უკვე ვთქვით, რომ საქართველო, ბევრი მიზეზის გამო, აქამდე არ ყოფილა ტერორისტების სამიზნე. ისინი უფრო რეზონანსულ ქვეყნებს ირჩევენ ხოლმე, სხვა შემთხვევაში კი შურისძიების მოტივით მოქმედებენ. დღემდე საქართველოს მიმართ შურისძიების განწყობა არ არსებობდა... ახლა ჩვენი ამოცანაა, ის მაინც შევძლოთ, რომ შურისძიების მოტივი არ გავაჩინოთ. ამის ნიშნები ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ არ ჩანდა, სამაგიეროდ, ამაზე მინიშნება დაიწყო პანკისში ჩატარებული მეორე ფაზის შემდეგ... რაც ვნახეთ, იმ შეკრებების, მოწოდებების, განწყობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება საქართველოსთვის დიდ საფრთხედ იქცეს.

არა იმიტომ, რომ პანკისში ცხოვრობენ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ნეგატიურ ყურადღებას უთმობდა პანკისს, ცდილობდა, ეს ხეობა საქართველოს აქილევსის ქუსლად წარმოეჩინა და ეს ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინა.

გაგახსენებთ, თავის დროზე რუსეთი სწორედ პანკისში ითხოვდა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, ახალი რუსული ბაზის ტოლფასი იქნებოდა.

დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა. ჩემი აზრით, 2018 წელს საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება.

გაგახსენებთ რამზან კადიროვის განცხადებას - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა უკვე საქართველომდე მოაღწიეს და მათი ჩეჩნეთში შემოსვლა ჩვენ არ უნდა დავუშვათო! რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, იმასაც, რომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ნეიტრალიზება... სხვა როგორი სცენარები შეიძლება განვითარდეს, ამის ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში მესიჯია.

მთავარია, პანკისელებს სჯეროდეთ, რომ მათ უფლებებს საქართველო დაიცავს და არ დაიწყონ დამცველების ძებნა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის თაობაზე განცხადებებს ამ დღეებში ვისმენდით...

მეორე და უმნიშვნელოვანესი არის საზოგადოების ყველა ფენის მომზადება მსგავსი სიტუაციებისთვის. იმან, რაც სოციალური მედიით ხდებოდა, აჩვენა, რაოდენ გვაკლია სახელმწიფოებრივი მიდგომა... დაუშვებელია პოლიტიკური მანიპულირება, ემოციებს აყოლა და ასეთი განწყობების გამოვლენა, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერორიზმის საფრთხეს ეხება.

ქართველი საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ შესაძლოა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტერორიზმთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებულ პირთა მიმართ კვლავაც მოგვიწიოს პრევენციული თუ განეიტრალების ღონისძიებების ჩატარებამ.

ეს ის თემებია, რომლებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტებითი მუშაობა. ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც აუცილებელია, ხელისუფლებამ დასავლეთს სთხოვოს სპეციალისტებით დახმარება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები და რით - არა. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიცია და არა - ისტერია, რომელიც ვიხილეთ. ასეთ დროს ხელისუფლებამ განწყობების მართვა უნდა იცოდეს და ეს ცენზურა არ არის!..

მაქსიმალური კოორდინაცია გვმართებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით - აშშ-თან. კიდევ ერთი - რუსეთის ფაქტორი არის თემა, რომელთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა, რუსეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითი აჩვენეს გასული წლის ბოლოს აშშ-მა და რუსეთმა, როდესაც აშშ-მა, ტრამპის განცხადებით, უმსხვილესი ტერაქტები აღკვეთა პეტერბურგში და აშშ-ის სპეცსამსახურებმა პუტინის მადლობაც კი დაიმსახურეს.

ჩვენ უნდა შევძლოთ რისკების მინიმიზება. იმისათვის, რომ საქართველო არ იქცეს ტერორისტების შემოღწევისა და ნეიტრალიზების პოლიგონად, აუცილებელია საზღვრების დაცვა...

ძალიან კარგია ჩვენთვის "ჯაველინების" მოყიდვა, მაგრამ ეს არ არის ის იარაღი, რომელიც საქართველოს ტერორიზმის საფრთხისგან დაიცავს; ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რა საფრთხე ემუქრება ახლა და ამ მიმართულებით სთხოვოს აშშ-ს დახმარებაც და მონაწილეობაც...

ჩვენ აქამდე არ ვიყავით ტერორიზმის მაღალი რისკის ზონაში. თუ გონივრული მოქმედებით მოვახერხებთ, რომ ვითარება ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი... ტერორიზმი ისეთი სენია, რომელიც არ ცნობს პარტიულობას, ეთნიკურობას და ა.შ., ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ.

ტერორიზმი არ არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ...

თავის მხრივ კი, შესაბამისი სტრუქტურების ვალია, შეძლებისდაგვარად შეამცირონ შეცდომები სპეცოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარებისას.

- დასაწყისში ახსენეთ მძიმე ეკონომიკური ვითარება... გასული წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მთავრობაში. თქვენი აზრით, ეს გუნდი მოახერხებს 2018 წლის ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას?

- ეკონომიკური საკითხების შემფასებლად ვერ გამოვდგები, თუმცა შემიძლია, სამთავრობო ცვლილებები შევაფასო... ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ იყო გამოწვეული იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების სურვილით, რომლებიც მოგვეძალა. აქ უფრო ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შორის ბალანსის აღდგენის მცდელობა ჩანდა. ისმის კითხვა: ვის შორის? ხელისუფლების შიგნით პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ასეთად მხოლოდ კალაძე შეიძლებოდა მიგვეჩნია, მაგრამ ისიც თბილისის მმართველობაში გადავიდა. რადგან პოლიტიკური ლიდერები არ ჩანან, ხელისუფლების შიგნით პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებზეც ვერ ვილაპარაკებთ... მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საქართველოსთვის ახალ მოვლენაზე - მსხვილ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე, რომლებიც არიან მთავრობაშიც, პარლამენტშიც... უმრავლესობის ფრაქციებად დაყოფის დროს სწორედ ეს ვიხილეთ.

ჯერჯერობით ლაპარაკი, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, შეცდომა იქნება. მათ უფრო მთავრობასა თუ პარლამენტში საკუთარი ბიზნესისთვის ადგილის მონიშვნის სურვილი აქვთ, ისე მაინც, რომ შიდა სახელისუფლებო ალიანსში კარგი პოზიცია დაიკავონ. როგორც ჩანს, ძვრები მოხდა და ბალანსი დაირღვა, სამთავრობო ცვლილებები კი მხოლოდ ამ ბალანსის აღდგენას ისახავდა მიზნად.

ცუდი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი სახეებია მოსაძებნი და მთავრობას სისხლის გადასხმა სჭირდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამის მაგალითი იყო.

პირველ ეტაპზე კიდევ გვქონდა იმედი, რომ ეს რეორგანიზაცია ოპტიმიზაციას მოემსახურებოდა და საბიუჯეტო სახსრები მაინც დაიზოგებოდა, მაგრამ არც ეს მოხდა.

ერთი ნათელი წერტილი, რაც წლის ბოლოს გამოჩნდა, არის ის, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა ახალი პორტალის შექმნა, სადაც მოქალაქეთა ჯგუფებს ან ინდივიდებს შეეძლებათ თავიანთი წინადადებების განთავსება და თუკი პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს, მთავრობა იკისრებს ვალდებულებას, დაიწყოს ამ საკითხის განხილვა და საზოგადოებას აცნობოს თავისი გადაწყვეტილება. კარგია, რომ ამის საჭიროება დაინახეს. ახლა ხალხს საშუალება ექნება, ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ეს, 2018 წელს ვნახავთ.

- რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს... ვის რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს 2018 წლის პოლიტიკურ პროცესებში?

- ოპოზიციაში ჯერ არ ჩანს არავინ, ვის პერსპექტივაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, სამაგიეროდ, ხელისუფლების შიგნით კახა კალაძე 2018 წელსაც დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის აქტიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან და ამით "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავდება, მაგრამ 2018 წელი მისთვისაც გამოწვევების წელი იქნება, მას წინააღმდეგობები ელის არა მხოლოდ ოპოზიციისგან, არამედ - საკუთარი გუნდისგანაც.

საინტერესო სტარტი ჰქონდა გიორგი გახარიას. ისე გამოჩნდა, თითქოს მას ჰქონდა პოტენციალი, აეკრიფა პოლიტიკური წონა და კალაძის საპირწონედ ქცეულიყო. შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის, საკუთარი კომუნიკაბელურობით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სწორედ ამ პოსტზე წარმოჩნდა უფრო რეფორმატორული იდეებით.

საინტერესოა, რომ მაღალ პოსტებზე მან რამდენიმე მაღალი დონის პროფესიონალი მიიწვია, რაც ნიშნავს, რომ მას, "ქართული ოცნების"" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, პროფესიონალების არ ეშინია, რაც საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის თვისებაა... მაგრამ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ერთმანეთს მოჰყვა რამდენიმე ტრაგიკული და ყურადსაღები მოვლენა: სპეცოპერაცია თავისი პანკისის ფაზით, უდიდესი ტრაგედია ვერაზე - ორი ბავშვის მკვლელობა, რეიდები, რომელთაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, კახეთის შემთხვევა, როდესაც ამგვარი რეიდისას ქალბატონის საავადმყოფოში წაყვანა გახდა საჭირო და ზვიად რატიანის საქმე...

ამ თემებზე - განსაკუთრებით, ბოლო ორზე - არა უშუალოდ გახარიას, არამედ

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებამ აჩვენა, როგორ ცდილობს აქ დაბუდებული მცდარი სისტემა, გახარიას შეცდომები დააშვებინოს და საკუთარ მძევლად აქციოს.

როგორც ჩანს, ამ სისტემას მაინცდამაინც არ ესიამოვნა, მეტიც - გულზე მოხვდა გახარიას გამოცხადებული რეფორმები და ამის საპასუხო დადებითი განწყობა, მედიისა და ოპოზიციისაც კი.

ვნახოთ, რამდენად არის გახარია მზად ამ მნიშვნელოვანი შერკინებისთვის. ის არჩევანის წინაშე დააყენეს. ერთი მხრივ, სისტემის გადმოსახედიდან, თუ პოლიციის მუნდირს შეეხება, სისტემა აუმხედრდება, რის მერეც ძალიან გაუჭირდება მისი მართვა; მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომელიც დიდი მოლოდინით შეეგება მის მინისტრობას, აშკარად იმედგაცრუებულია და მალე მისი ეს განწყობა აგრესიაში გადაიზრდება...

- მომავალ წელს საქართველოს ისევ მოუწევს, პირდაპირი წესით აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი...

- აქამდე ყველაზე რეალურ სახელისუფლებო კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი განიხილებოდა, თუმცა პარლამენტში მომხადარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთავრობის მეთაურისთვის ღირსების აღდგენის გზა გინებაზე გადის, მისი საპრეზიდენტო შანსები აშკარად შემცირდა.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე; ვფიქრობ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ იმისთვის, რომ თავისიანი იხილონ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად.

საცდური ძალიან დიდია - ექვსი წლის ვადით ვირჩევთ, მართალია, მაქსიმალურად უფლებაშეზღუდულს, მაგრამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პერსონას, რომელსაც ექნება საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობის მანდატი.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, გამარჯვების შანსი აქვს სახელისუფლებო კანდიდატს, მაგრამ თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა, ეს რადიკალურად შეცვლის ყველაფერს.

დღევანდელი ვითარების შესაბამისად, არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია გამარჯვებისთვის იბრძოლოს, მაგრამ თუკი გამოჩნდება ლიდერი - უპარტიო კანდიდატი, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტსაც შეუძლია გახდეს საერთო-სახალხო ლიდერი, რომელიც შეეცდება და მოახერხებს საზოგადოების ინტერესებით მოქმედებას ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის წამოჭრისას და იქნება საზოგადოების მთავარი რუპორი და წარმომადგენელი, ის მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას და ექნება გამარჯვების შანსი... გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მივიღებთ დიდი პოლიტიკური ძალის პერსონას, რომელსაც ექნება შანსი, გახდეს ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიებისთვის...

ნათია დოლიძე