"საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."
15-01-2018
"საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."
"ამ ვითარებაში არ შეიძლება იმასთან ალერსი და ფერება, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ყველამ უნდა გაიგოს!"

გასულ კვირას ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას. 19 წლის ახალგაზრდა ტერორიზმის მხარდაჭერაში ხუთ სხვა პირთან ერთად იყო ბრალდებული. ჩატაევის ჯგუფთან მისი კავშირის სადემონსტრაციოდ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, თუმცა მომხდარის შესახებ გაჩენილი კითხვების დიდი ნაწილი მაინც უპასუხოა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა იყო პანკისის ხეობაში. მომხდარის შესახებ
სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა ქართულ მედიაშიც. სპეცოპერაციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ექსპერტები, საქმეში ჩაუხედავი ადამიანები... თითქმის დუმდა გამოძიება და ხელისუფლება. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო: "მოხდა თუ არა ძალის გადამეტება პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებისას?" შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- თუ ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზებს ეძებ,
შეიძლება ილაპარაკო ძალის გადამეტებაზეც და სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზეც, მაგრამ ობიექტურად თუ შეაფასებ და პარალელებს გაავლებ იმ სპეცოპერაციებთან, რომლებიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ტარდება ხოლმე, აუცილებლად დაასკვნი, რომ სპეცოპერაცია უზადოდ ჩატარდა, გარდა ერთი სამწუხარო ეპიზოდისა, რომლის მსგავსი ჩვენზე განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებშიც ხდება.
სამწუხარო ფაქტია ახალგაზრდა კაცის სიკვდილი, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ ფაქტებს და ვთქვათ შემდეგი: მთელ ამ ამბავს, ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მივყავართ დასკვნამდე, რომ ძალიან სერიოზულ ხიფათს გადარჩა საქართველო, თუმცა, ვფიქრობ, დროებით...

საქმე ის არის, რომ ტერორისტული ქსელი დღეს მთელ მსოფლიოშია გაშლილი. მას მერე, რაც "ისლამური ხალიფატი" სირიაში დამარცხდა, თვითონვე გამოაცხადეს, რომ მთელ მსოფლიოში იწყებდნენ ტერორისტულ ომს. მართალია, სამიზნეთა სიაში უპირველესი საქართველო არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, როგორც დასავლეთის პარტნიორი, მოიაზრება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც "ჭკუაზე უნდა მოიყვანონ" რადიკალური ისლამის მიმდევრებმა, ეს კი გულისხმობს პირდაპირ ტერორისტულ აქტებს, რადგან მათ ფრონტალური ომის საშუალება აღარ აქვთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეგიონში მოქმედებს ისლამურ­ რადიკალიზმის იატაკქვეშა ქსელი, რომლის ერთი სეგმენტი ნოემბერში საქართველოში გამომზეურდა. ჩატაევი ცარიელ ადგილას არ მოსულა. მან კარგად იცოდა, სადაც მოდიოდა და ვისთანაც ჰქონდა საქმე.

დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებს, ვინც ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაა­კავეს, ერთნაირი კავშირი არ ჰქონდათ ჩატაევის ჯგუფთან. ჩემი ინფორმაციით, მათ სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებოდათ: ზოგი მეგზური იყო, ზოგი - საჭმლის მიმტანი, ზოგიც - ინფორმაციის მიმწოდებელი... არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებიდან რამდენიმეს თვალითაც არ ჰყავდეს ნანახი ჩატაევი. ზოგმა, შესაძლოა, ისიც არ იცოდა, რომ ის თბილისში იყო. მაგრამ ისინი გამოიყენეს იმ მისიის შესრულების პროცესში, რა მისიითაც იყო ჩატაევი ჩამოსული და რაც, საბედნიეროდ, ვერ შედგა...

ჩატაევის აქ ჩამოსვლის მიზნებზე რამდენიმე ვარაუდი გამოითქმის. ყველაზე რეალური ის არის, რომ ის ცდილობდა, აქ ზურგი შეექმნა სრულიად კავკასიაში დაწყებული პროცესისთვის - ვგულისხმობ "კავკასიური იმარატის" რეანიმაციას.­ ის, სავარაუდოდ, ცდილობდა, შეექმნა მოსამზადებელი პლაცდარმი მომავალი ტერორისტული აქტებისთვის როგორც საქართველოში, ისე - ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. მოკლედ,
საქართველოში დაკავებული ადამიანებისთვის პირდაპირ ხელის დადება, რომ ისინი მაინცდამაინც ტერაქტების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ და განხორციელებასაც აპირებდნენ, არ შეიძლება, მაგრამ ძალიან საშიშ ტერორისტულ ჯგუფთან რომ ჰქონდათ კონტაქტი, ეს ჩანს. მაჩალიკაშვილის ცნობილმა კადრებმა სწორედ ამაზე მიანიშნა.

რაც ვნახეთ, იქიდან აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა მჭიდრო, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობაც კი, ჩატაევის ტერორისტული ჯგუფის წევრებთან...
დაინტერესებული პირები, ალბათ, უპირ­ველესად ჩახედავდნენ მათ ფეისბუკგვერდებს, სადაც მაინცდამაინც სასიამოვნო­ სურათი არ დახვდებოდათ. მათი გემოვნება და ინტერესების სფერო კარგად ჩანდა სოციალური ქსელის პროფილებში. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ მათი ახლობლები მიიჩნევენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან, მაშინ "ფეისბუკიდან" ის პოსტები არ უნდა წაეშალათ, რომლებშიც "ისლამური ხალიფატის" მიმართ აშკარა სიმპათიები იყო გამოხატული. გვერდები დღესაც არსებობს, მაგრამ პოსტები წაშლილია...

- თუმცა მხოლოდ ფეისბუკპოსტები ვერ გამოდგება ტერორიზმთან კავშირის მტკიცებულებად...

- რა თქმა უნდა. ვცდილობ, ვიყო ძალიან კორექტული, რადგან ახალგაზრდა კაცის დაღუპვა არავისთვისაა სასიამოვნო, მაგრამ თქმა იმისა, რომ ქართულმა სპეცსამსახურმა არასწორად ჩაატარა სპეცოპერაცია, მხოლოდ გამოძიებისა და შესაბამისი დასკვნის შემდეგ შეიძლება... ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს სერიოზული ოპერაცია, რომლითაც დიდი საფრთხე აგვაცილეს თავიდან!

- თუ გავითვალისწინებთ ტერორისტული საფრთხის მასშტაბს, რამდენად სწორი იყო ის გამოხმაურება, რაც მომხდარს მოჰყვა? სწორად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეს?

- სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს... მეტიც, არსებობს ჯგუფები, რომლებიც განზრახ იქცევიან ასე, იმიტომ, რომ მუშაობენ გარკვეული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, დაკავშირებული არიან კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფებთან, მათი ნაწილი, შესაძლოა, ქვეყნის გარედანაც იმართება... შესაბამისად, მათ ვიწრო ინტერესებს არ შეესაბამება იმ რეალურ საფრთხეზე ყურადღების გამახვილება, რომელიც საქართველოსა და მთელი რეგიონის წინაშე დგას... არადა, მშვენივრად იციან, რაშიც არის საქმე...

ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოსწონთ, შეუძლიათ, ფეხზე დაიკიდონ ქვეყანა. ხელისუფლება შეიძლება არ მოგწონდეს და ხშირადაც აკრიტიკებდე, მაგრამ არის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც მის მიმართ სოლიდარული უნდა იყო. ტერორიზმი სწორედ ასეთი თემაა. არ შეიძლება, დაუშვებელია ხელისუფლების მიუღებლობის გამო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოხვიდე.

- მომხდარის გამო დაძაბულია ვითარება პანკისის ხეობაში. მოვისმინეთ მუქარანარევი განცხადებები. რამდენად დიდია საფრთხე, შექმნილი ვითარების გამოყენებით, ქვეყნის გარედან მოქმედმა ფარულმა ხელმა სიტუაცია უფრო გაართულოს?

- რასაკვირველია, ამის გამოყენებას აუცილებლად შეეცდებიან გარე ძალები. რუსეთი ამოჩემებული გვყავს და სწორადაც - ის ოკუპანტი ქვეყანაა და მუდმივად არის ჩართული ჩვენში მიმდინარე პროცესებში. კრემლი, უკვე წლებია, ცდილობს პანკისის ხეობის დისკრედიტაციას მსოფლიო მასშტაბით, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს დისკრედიტაციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოების ხელსაც ვხედავ. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ მხოლოდ რუსეთზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი. რუსეთი, ვიცით, რომ მტერია და მას უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებიც თავს მეგობრებად გვაჩვენებენ, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ფარულად მოქმედებენ. ამის თაობაზე აქამდეც მითქვამს, ამის გამო გამლანძღეს კიდეც, რუსეთის აგენტი მეძახეს, მაგრამ კვლავ ვიმეორებ...ფარული ხელი ახსენეთ... მე ამ პროცესში სულ სხვა რელიგიურ-პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობას უფრო ვხედავ, ვიდრე რუსეთისას, ამიტომაც რისკი და საფრთხე ბევრი მიმართულებით არის გასაანალიზებელი. აქვე ვიტყვი, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ხელისუფლების სოლიდარული მოქმედება. რაც შეეხება პანკისს, ეს ხეობა არის მხოლოდ ეპიზოდი, თან, ჩემი აზრით, მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ მიუხედავად ამ დაძაბულობისა, დღეს პანკისის ხეობაში დალაგებული ვითარებაა. რაც შეეხება იქაურების მუქარას, ეს ძალიან უსიამოვნო მოსასმენია, მით უფრო - საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის, მაგრამ მთავარი სხვა რამაა.
მე ვიცნობ ქისტი კაცის ბუნებას. ის, როგორც ყველა კავკასიელი მთიელი, შურისძიებაზე ფიქრობს, მაგრამ თუ დაუმტკიცებ, რომ სიმართლე მის მხარეს არ არის, ის საწინააღმდეგოდ ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს.
ვიღაც ერთ ჭკუაარეულზე არ ვლაპარაკობ... მე მთელ პანკისის ხეობაზე ვამბობ...

- ბოლო დღეებში ზოგი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისგან ვისმენდით, რომ თურმე საქართველოში ქისტების დისკრიმინაცია ხდება...

- მეც მოვისმინე ასეთი განცხადებები. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია, ალბათ, სათავო ოფისებში უკვე გზავნის რაღაც დასკვნებს, რათა ამაში ფული მიიღოს, მაგრამ ეს არის ტყუილი და მცდა­რი საქციელი, მეტიც - დანაშაული,
რადგან ქვეყნის ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაცია არ შეიძლება. ქისტები­ დისკრიმინირებული არ არიან. იქაც, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა მთელ საქართველოში... რამდენი ხანია, ვლაპარაკობ, რომ რეგიონული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის ეთნიკურად ქართველი მოქალაქე ზუსტად ისევე ცხოვ­რობს, როგორც ეთნიკურად ქისტი.
პანკისის ხეობა არის საქართველოს დღევანდელობაში უნიკალური მოვლენა, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, რომელთა საშუალებითაც გვაქვს შანსი, მყარი ხიდი გავდოთ ჩრდილოკავკასიელებთან. მიმაჩნია, რომ ამის არგაკეთება დანაშაულია.

- "სპეცსამსახურები, რომლებმაც შეძლეს ქვეყანაში მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა, უსუსურნი აღმოჩნდნენ, საზოგადოება საკუთარ კეთილ განზრახვაში დაერწმუნებინათ," - განაცხადა ექსპერტმა ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებიამ. თქვენც ახსენეთ, რომ თუნდაც პანკისის ხეობაში საჭიროა, ადამიანებს უკეთ აუხსნას ხელისუფლებამ შექმნილი ვითარების მიზეზები და დროულად გასცეს პასუხი კითხვებს...

- დიახ, ხელისუფლების მოვალეობაა, მისი წარმომადგენლები თელავში კი არა, არამედ პირდაპირ პანკისის ხეობაში ჩავიდნენ, საზოგადოებას იქ შეხვდნენ და აუხსნან, რაც მოხდა.
ეს არ ნიშნავს, რომ ზოგიერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ნერვიულობის გამო ხელისუფლება მუდმივად თავს უნდა იმართლებდეს. საქართველოს მდგომარეობა მეტად რთულია: გვაქვს საზღვრების დემარკაციის პრობლემა - ოკუპაციის გამო საზღვრის სრულფასოვანი დაცვის შემთხვევაში ომი უნდა დავიწყოთ რუსეთთან; გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ერთი - საქართველოს გულში... ჩვენ არ ვართ სრულფასოვანი სახელმწიფო და საერთოდ როგორ ვართ, გასაოცარიც კია... ამ ვითარებაში არ შეიძლება იმასთან ალერსი და ფერება, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს ყველამ უნდა გაიგოს!

- გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვენ, ვინც მაჩალიკაშვილს ესროლა. მედიაშიც არაერთხელ გადავაწყდი შეკითხვას: "უნდა დაისაჯოს თუ არა სპეცრაზმელი, ვინც მაჩალიკაშვილს ესროლა?"

- კვლავაც ვუსამძიმრებ ოჯახს... რაც მოხდა, ტრაგედიაა, მაგრამ არ შეიძლება ამ თემაზე ასე ხელაღებით ლაპარაკი, თუმცა ეს ოჯახის წევრებს ნაკლებად ეხებათ...
თუ ჩვენ, დანარჩენები, ამ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობისას, შესაძლოა, სპეც­რაზმელებმა რისკი ვერც გასწიონ იმის შიშით, რომ შეცდომა არ მოუვიდეთ და ამით უფრო დიდი ტრაგედია არ დატრიალდეს... ეს არის ურთულესი საქმიანობა, ამ ადამიანებს სიცოცხლის ფასად უწევთ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა...

ერთი საკითხია - საჭირო იყო თუ არა მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ამ სპეცოპერაციის ჩატარება?! მე არ ვიცი საქმის გარემოებები, ამიტომ პასუხი გამიჭირდება. შეიძლება არც იყო საჭირო, მაგრამ რადგან დაიგეგმა ოპერაცია, სპეცრაზმელმა, შესაძლოა, დასწრებაზე იმოქმედა, თუ მაჩალიკაშვილს მართლაც რაღაც საგანი ეჭირა ხელში. ამაზეც არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. მაჩალიკაშვილის ოჯახის გარემოცვიდან ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა - ჯერ ამბობდნენ, ეძინაო, მერე თქვეს, ტელეფონზე ლაპარაკობდაო... თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, ეს არის შიდა საქმე და გარკვეული დისციპლინური ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, მაგრამ ეს საზოგადოებისა და მედიის გასარჩევი არ არის. თუმცა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება და ის ამას ვერ გაექცევა. მან უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და დაასაბუთოს ეს პასუხები.

მინდა გავიხსენო ავსტრიული წყარო­ებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე­ ავსტრიამ უარი ქვეყნის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თქვა. ეს არ გამკვირვებია... გაგახსენებთ, თქვენი გაზეთ­ის ფურცლებიდან ვთქვი, რომ ნოემბრის სპეცოპერაციის პარალელურად ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ავსტრიაშიც, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. დაკავებულთა შორის ორი ჩეჩენიც იყო. შესაბამისად,
როდესაც ავსტრიელებმა მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვეს, ეს პოლიტიკური კონიუნქტურით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მართლა ხიფათთან იყო დაკავშირებული.

- თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში - ქონების ჩამორთმევის საქმეზე - გაამართლა. მას სახელმწიფო ბრალდება ბიზნესმენების - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა...
- უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ყოფილ ჩინოსნებს ვერაფრით უმტკიცებენ დანაშაულს. კეზერაშვილს ქონება საჯაროდ არაერთხელ წაურთმევია და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც დამნაშავე იქნება, თუმცა, როგორც ჩანს, საკმარისი დოკუმენტები ვერ შეგროვდა ამის დასამტკიცებლად. ჩვენს პროკურატურას მტკიცებულებების მოპოვება რომ ძალიან უჭირს, კარგად ვიცით. კეზერაშვილის ექსტრადირების საქმე გავიხსენოთ, როცა საფრანგეთში ერთი ფარატინა ფურცლით ჩავიდნენ და თავი მოიჭრეს... ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდგომ ინსტანციაში განხილვისას უკეთესად მომზადებული იქნება სახელმწიფო ბრალდება.

- "ერს, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაზე 100 კაცი გროვდება, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კი - 10 000-ზე მეტი, ვფიქრობ, მომავალი არ აქვს!" - ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის ამ შეფასებამ ჩვენი საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია...
- სამწუხაროდ, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ განცხადებას. არ მესმის, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ამ დეკრიმინალიზაციასთან და მომზადებულ კანონ-პროექტთან დაკავშირებით. მაინც ასეთი რა ძალები მოქმედებენ, რომ ეს მთავარ თემად აქციეს. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შესარბილებელია ნარკოპოლიტიკა, მიიღოს გადაწყვეტილება და აიღოს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც ამას მოჰყვება - კარგზეც და ცუდზეც... თუ არ მიიჩნევს ასე და საზოგადოების ნაწილისთვის ცდილობს ანგარიშის გაწევას, მაშინ ეს მცდარი საქციელია და დროულად უნდა გადაწყვიტოს საკითხი...

არეული გვაქვს პრიო­რიტე­ტ­ები...­ ადრეც ვთქვი თქვენს გაზეთში, ქვეყანა­ში პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს-­მე­თქი. ახლა რომ ვუყურებ, ეროვნული ღირსების დეფიციტიც გვაქვს. ისე მოახერხ­ეს, რომ დათო ქაცარავას აქციას შინაარსი­ დაუკარგეს. თვითონ იმ ბიჭებთან კი არ მაქვს პრეტენზია - მათთვის მადლობის მეტი რა მეთქმის, რაღაცნაირად ახერხებენ, ოკუპაციის უმძიმესი თემა შეგვახსენონ - მე საზოგადოებაზე ვლაპარაკობ, რომელმაც არანაირი თანაგრძნობა არ გამოიჩინა საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე აქციის მიმართ, სამაგიეროდ, დაინტერესებულია ნარკოტიკების საკითხით, და იმით ვის რა აცვია...
რადგან საფრთხეებს კვლავაც ვერ ვაცნობიერებთ და მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურების ამარაა ეს საქმე მიტოვებული, შესაძლოა, ყველაფერი ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ჩანს, ჩვენი სპეცსამსახურები რა მჭიდრო კავშირში არიან ამერიკელ, თურქ, ებრაელ და ა.შ. პარტნიორებთან. მაგრამ მარტო მათი იმედით ვერ გამოვალთ ამ ვითარებიდან; პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, თანაც - ძალიან მნიშვნელოვანი...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით