"პოლიტიკური კუზი მხოლოდ პოლიტიკურ სამარეში გასწორდება" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური კუზი მხოლოდ პოლიტიკურ სამარეში გასწორდება"

"ჩვენს ხელისუფლებას ნებისმიერი ფაქტის ინტერპრეტაციის ზებუნებრივი ნიჭი აქვს"

"გაუგებარია, რამ დააძმობილა ერთმანეთთან ასე შეუთავსებელი პოლიტიკოსები"

"პუტინი უკვე კარგა ხანია, თავს სააკაშვილთან კატათაგვობანას თამაშით ირთობს"

მიმომხილველთა ნაწილის აზრით, ამერიკის მიერ საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის დავიწყება ყურით მოთრეული ამბავია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკური რეალობაა სხვაგვარი და საკითხი, ვის მხარეზე უნდა დადგეს ამერიკა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში, უბრალოდ, არ დგას.

ამასობაში თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე იმდენჯერ იმართლა თავი, რომ ცოტა არ იყოს, საეჭვო ხდება - რაში სურს ოფიციალურ ვაშინგტონს ახალი დემოკრატიების დარწმუნება? ამჯერად, განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა გააკეთა: "ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არ წირავს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ან საქართველოს ინტერესებს".

ამასთან, გორდონმა აღნიშნა, - აშშ-ის ევროპელი პარტნიორები თავად შენიშნავენ, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მათ ინტერესებშიც შედის და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მათ ხარჯზე არ ხდება... ჯერჯერობით ასეთი "შენიშვნა" მხოლოდ ლატვიამ გამოთქვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ან ამერიკას აკრიტიკებენ, ან რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, დიდ პოლიტიკურ თამაშში არავის პოზიცია რომ არ უჭირავს. უფრო სწორად, მისი პოზიცია ყველა წამყვან მოთამაშეს აღიზიანებს…- ასეთი ქმედება ყირგიზეთში როგორც დასრულდა, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა რაღა ყირგიზეთში - თავს მოხვეული სამოქალაქო ომის სიმწარე საქართველოშიც კარგად გვახსოვს. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება ყველაზე იოლად შესამჩნევი კრიტერიუმია.

ეს მოვლენა რომ მხოლოდ გზების, შემინული ხიდებისა  და ძეგლების მშენებლობაში არ გამოიხატება, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ ხელისუფლებამ უწყის. ამიტომაც, ჯარიმები, ლეგალური თუ ფარული კონფისკაციები ბიუჯეტისა და ქვეყნის დოვლათის შემქმნელი ერთადერთი საშუალება რომ არ იყოს, ახალი საგადასახადო კოდექსი შემუშავდა. თავისთავად, ფაქტი მისასალმებელი და მოსაწონია, რომ არა ერთი "მაგრამ": მოქმედი კოდექსის მიხედვით, პრესისთვის დაწესებული შეღავათები ახალ კანონპროექტში გაუქმებული აღმოჩნდა.

სიტუაცია საკმაოდ დამაბნეველია - საგადასახადო სამსახური შემოსავლების დაბეგვრას სხვადასხვა სფეროსთვის წინასწარ მინიჭებული  კოდების მიხედვით აწარმოებს. კოდექსში, შეღავათების სიაში, რომელი საქმიანობის კოდიც წერია, გადასახადი მხოლოდ მას არ ეხება. ახალი პროექტის შეღავათებში კი მედიისთვის განკუთვნილ კოდს ვერსად აღმოაჩენთ, სამაგიეროდ, სიტყვიერად წერია, რომ მედია გადასახადისგან თავისუფალია.

ამგვარად, მოქალაქეები კოდექსის წაკითხვისას დაასკვნიან, რომ შეღავათები ძალაში რჩება (მათი უმრავლესობა ხომ კოდების სისტემაში ვერ ერკვევა), მაგრამ საგადასახადო სამსახურს ლამაზი წინადადებები არ აინტერესებს. ის კოდებით ხელმძღვანელობს და მედიაზე ასეთს რომ ვერ აღმოაჩენს, დაბეგრავს კიდეც. რა გამოდის, პრესა გადასახადისგან თან თავისუფალია და თან იბეგრება კიდეც?! როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ეს კაზუსი მხოლოდ ადამიანური შეცდომა გახლდათ და სხვა არაფერი. აღდგომა და ხვალეო! საბედნიეროდ, ჯერ კოდექსი ძალაში არ შესულა და მისი ჩასწორება შესაძლებელია. ბატონ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ ახალი საგადასახადო კოდექსით დავიწყეთ:

- ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე თავის ქება ჩვენი ხელისუფლების ჩვეული სტილია. ამჯერადაც, ვფიქრობ, ძალაშია იგივე მოდელი, რასაც ჩერნომირდინის მოდელად მიიჩნევენ და გამოიხატება ფრაზით: გვინდოდა უკეთესად, გამოგვივიდა ისე, როგორც ყოველთვის. ვგულისხმობ იმას, რომ წინასწარ ნაქები დოკუმენტი გაცნობისთანავე იწყებს "საკუთარ თავზე ლაპარაკს" სულ სხვა ტონში და ოპტიმიზმის ბევრად ნაკლები ეფექტით, ვიდრე სურთ, რომ წარმოაჩინონ. ლაპარაკია პრესისთვის დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების მოსპობაზე.

საკვირველია პირდაპირ, ასე მგონია, სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც წუხან იმის გამო, რომ კოდექსის პროექტში ასეთი რამ მოხდა და ადამიანი  - მთავრობის საპარლამენტო მდივანი, - რომელიც ბრძანებს, რომ არაფერი ამგვარი ტექსტში არ არის. როგორ შეიძლება, ერთი და იგივე დოკუმენტი სრულიად სხვადასხვაგვარად იყოს წარმოჩენილი ავტორთაგან და მომხმარებელთაგან. თუ პრესის შეშფოთების მიზეზი საფუძვლიანია, მაშინ არა მხოლოდ პრესის თავისუფლების პრობლემაა ქვეყანაში, არამედ, ზოგადად, ნამუსის.

ეს არ გახლავთ მხოლოდ დაბეგვრის პრობლემა, ეს გახლავთ პოზიცია, რომელსაც საკმარისზე მეტი სიხშირით გამოხატავს ხელისუფლება - ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს და შეფასებებისას შორს არის რეალობისაგან. იმავე დღეებში, როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია ასეთი შესაშური კოდექსის შესახებ,  მქონდა საშუალება, ელიავას ბაზრობაზე მესაუბრა ათამდე სხვადასხვა საამქროს მეპატრონესთან.

ისინი ერთსა და იმავეს ამბობდნენ: ამ კოდექსის გამოჩენის პარალელურად, მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც გვაიძულებდნენ, დავიჯარიმოთ თავი, თითოეულმა საამქრომ ხუთასი ლარი უნდა გაიღოს და ეს თანხები ბიუჯეტში შევიტანოთო. შედეგი ის გახლავთ, რომ ნახევარზე მეტი საამქრო იმ დღეებში დაიკეტა, რადგან ხალხი სახელმწიფო რეკეტის მორიგ ტალღას გაერიდა. ამიტომ, რაც უნდა ეწეროს იმ კოდექსში, ის მაინც სტალინის კონსტიტუციას მომაგონებს, სადაც შესანიშნავი და ყველასთვის მისაღები ფრაზები იყო ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური კულტურა და არც პოლიტიკური ნება, დავიცვათ ის, რასაც კანონის სახით ქაღალდზე ვწერთ. ქვეყანაში გადასახადზე მეტი შემოსავალი ჯარიმისგან რომ იქნება მიღებული და საპროცესო გარიგებისგან შემოსული თანხა, პატიმრების ხარჯზე, ქვეყანაში რომ უფრო მეტია, ვიდრე მთელი ქვეყნის მიწით სარგებლობის გადასახადი, რასაკვირველია, ეს ისეთი მახინჯი ფორმაა ქვეყნის ფინანსური არსებობისა, ძნელია, რაიმე ტიპის დოკუმენტით ყველაფერი გამოსწორებულად ჩავთვალოთ.

- გასულ კვირას დაიწყო მუშაობა ახალმა საკრებულომ. საპარლამენტო ოპოზიციამ სახელისუფლებო უმრავლესობას მყუდროების დარღვევა და მძაფრი კრიტიკა დაუანონსა. მას არც საკრებულოში შესული არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამორჩნენ. არის კი პერსპექტიული განზრახვა საკრებულოში ქმედითი პოლიტიკური ფრონტის გახსნა? თუ ეს პერსპექტივა რეალურია, გამოდის, რომ თავის დროზეც პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო, თუ არადა, რასთან გვაქვს საქმე?

- უფრო ადვილია ვილაპარაკოთ ორი წლის შემდგომ - ღირდა თუ არა პარლამენტის წევრობაზე დათანხმება მაშინდელი გაყალბების ფონზე. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება მოხდეს რევიზია იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებისა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ პროტესტი, რომელიც მაშინ მანდატების საჯაროდ დაჭრით გამომჟღავნდა, ყალბი ან მცდარი იყო. მაშინ ეს იყო პროტესტის არნახული ფორმა და ერთგვარი გამოსავალიც, რათა ეჩვენებინათ საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის, რომ ყალბ საარჩევნო გარემოში თანაარსებობა დემოკრატიული ძალებისთვის მიუღებელია.

გავიდა ორი წელი, სიტუაცია შეიცვალა, შეიცვალა, უპირველეს ყოვლისა, იმ აზრით, რომ მსოფლიო დარწმუნდა: ჩვენს ხელისუფლებას ნებისმიერი ფაქტის ინტერპრეტაციის ზებუნებრივი ნიჭი აქვს. მასთან სჯობია აღარ ითანამშრომლო, ვიდრე ეცადო გონიერების გზაზე მის შემობრუნებას. "განწირულთა სულისკვეთების" გამჟღავნების პროცესია, როდესაც პოლიტიკური ძალების სასოწარკვეთილი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს და გულში ჩუმად ღიღინებს - ერთ საშუალებას კიდევ ვცდი, ეშმაკს შევეკვრი ზავითაო. ამ პრინციპით თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ დღეს ოპოზიციური ძალების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

შესაძლებელია, ოპონირებას სრულიად გადაჩვეულ ხელისუფლებას საკრებულოში მუშაობისას ისეთი დისკომფორტი შეექმნას, რომ ბევრად მკაფიოდ წარმოაჩინოს დემოკრატიული თანაარსებობის ნებისმიერი ფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

ვის უმტკიცებთ ამდენი წლის განმავლობაში, რომ პოლიტიკური კუზი მხოლოდ პოლიტიკურ სამარეში გასწორდება, არ ვიცი - ფაქტია, რომ  ჩვენმა მოსახლეობამ ეს მშვენივრად გააცნობიერა. მაგრამ იძულებითი პოლიტიკური სამარის გზა, როგორც ჩანს, არ არსებობს. ბევრი მონაცემია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ვერ უზრუნველყო თავისუფალი საზოგადოების წარმატება და მხოლოდ მათხოვართა და უმუშევართა რაოდენობა გაზარდა ქვეყანაში, თავად ექნება მიზეზი, რომ გაითხაროს პოლიტიკური საფლავი, როგორც ეს თავის დროზე შევარდნაძემ და მისმა ხელისუფლებამ მოახერხეს.

ამავე დროს, საკრებულო იქნება საინტერესო მოდელი იმის დასანახად, შესაძლებელია თუ არა, თუნდაც დღევანდელ ვითარებაში მოხდეს რაიმე გარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ცნობიერებაში. პირადად მე ამის იმედი არ მაქვს, რადგან თუ ერთხელ ჩაახედეს ოპოზიციის ლიდერები, რა ხდებოდა თბილისის ბიუჯეტში, მერე ძალიან ძნელი იქნება ვინმე დააჯერონ, რომ ეს იყო მხოლოდ სასიკეთოდ გაწეული ხარჯი.

ამიტომ პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ამის შანსი ჩვენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გვქონია. ასე რომ, ესეც ვნახოთ - ერთხელ ხომ ვიხილეთ არშესვლის შედეგი, ახლა შესვლის შედეგიც ვნახოთ. მე რომ მკითხოთ, ეს ხელისუფლებისთვის უფროა ერთი შანსი, ვიდრე ოპოზიციისთვის.

- თვითმმართველობის არჩევნებს მალევე მოჰყვა პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსის" დაშლა. რეზონანსი სხვადასხვაგვარი იყო - ნიშნის მოგებაც მოვისმინეთ, თანაგრძნობაც და გაგებაც იმ აზრით, რომ დაშლა, ისევე როგორც გაერთიანება, პოლიტიკური პროცესის თანმდევი ნაწილია.

- ჩემთვის ნებისმიერი ბუნებრივი პროცესი მისასალმებელია. სწორედ ასეთად მივიჩნევ საარჩევნოდ შექმნილი კოალიციის ტრანსფორმირებას იმ პერიოდში, როდესაც სერიოზული პარტიული სამუშაოა გასაწევი და მზადება მომავლისთვის სულ სხვა რეცეპტით ხდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. მისასალმებელია, თუ პოლიტიკური პარტიები მზად არიან, თვითგანვითარებაზე იმუშაონ და უკეთეს ფორმაში წარდგნენ საზოგადოების წინაშე.

ვის რა ხედვა აქვს, ამის გარკვევა ასეთი შემთხვევისას უფრო ადვილი იქნება. შესაბამისად, ნაკლებად ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ნოღაიდელის ალიანსი ჯიუტად იძახის, კვლავ ერთიანი ვარ და ჩემს ერთობას ვერაფერი დაანგრევსო. ნამდვილად არ მემეტებოდა არც წინა თვეებში კონსერვატორები და ხალხის პარტია ნოღაიდელის ალიანსში სამოღვაწეოდ. ახლა კი, მით უმეტეს,

- როდესაც არჩევნები აღარ არის ახლო მომავლის რეალობა, საერთოდ გაუგებარი ხდება, რამ დააძმობილა ერთმანეთთან ასე შეუთავსებელი პოლიტიკოსები.

- გასულ კვირაში საზოგადოებამ კიდევ ერთი "დაძმობილების" შესახებ შეიტყო. მიუნხენში კიწმარიშვილის, ნოღაიდელის, გაჩეჩილაძისა და ოქრუაშვილის სხდომამ დაასკვნა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა განახლებული მეთოდებითა და გაერთიანებული ძალებით არის საჭირო.

- მიუნხენი, როგორც ქალაქი, მეხსიერებაში შეთქმულებასთან ასოცირდება. მეორე მსოფლიო ომის წინ განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ. როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ეს შეხვედრა აღიქმება როგორც ახალი შეთქმულება, ამჯერად ქართული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. თუმცა შემადგენლობა მაინცდამაინც შედეგიანი საქმიანობის პერსპექტივის მოლოდინს არ გვიჩენს.

თუ ამ ადამიანების განვლილ გზას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი უფრო შედეგიანი ბიზნესმენები იყვნენ, ვიდრე პოლიტიკოსები. ამიტომაც უპრიანი იქნებოდა, საქართველოში ბიზნესის გათავისუფლებაზე ჰქონოდათ ლაპარაკი, ვიდრე პოლიტიკაზე - ეს უფრო ახლოს არის მიუნხენის კვარტეტთან.

ყველაფერი დანარჩენი ჯერჯერობით დაფარულია. არა მგონია, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რაიმე ძალადობრივი ფორმა წარმატებული იყოს. ის ფაქტი, რომ  ხელისუფლება თავად ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, რათა თუნდაც იოტისოდენა მიზეზი ჰქონდეს ძალის გამოყენებისთვის, ნათელია და ზედაპირზე ძევს.

ამავე დროს იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმთან არაკონსტიტუციური ბრძოლის დაწყება იმავდროულად პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებასაც ნიშნავს, რადგან პუტინი უკვე კარგა ხანია, თავს სააკაშვილთან კატათაგვობანას თამაშით ირთობს. ცხადია, რომ პუტინს საყვარელ სათამაშოს ასე იოლად ვერავინ წაართმევს ხელიდან. თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრებების გავრცელება უნდა, რომ სწორედ რუსეთიდან მართული ძალები მოიშორებენ სააკაშვილის რეჟიმს, ეს ზღაპრებია და "ნაცმოძრაობის" შიდა სამზარეულოში მოიხმარონ.

რეალურად აღარავინ დარჩა გაუცნობიერებელი იმ ფაქტში, რომ  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გახლავთ სანუკვარი ნუგბარი რუსეთის ხელისუფლებისთვის. ასე რომ, რა გითხრათ, თავისთავად მიუნხენი შესანიშნავი ქალაქია, მაგრამ იქ ჩატარებული შეხვედრისგან არა მგონია, იმაზე დიდი სარგებელი იყოს, ვიდრე რაიმე ტიპის მსჯელობისგან საქართველოში, უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ოღონდ ემთხვევა თუ არა მიუნხენის კვარტეტის ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ ქართველი ხალხის ხედვას, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება რა გეგმებსა და მიზნებზე იყო მსჯელობა.

- ყირგიზეთში სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. სულ უფრო ხშირად გამოითქმის ავისმომასწავებელი პროგნოზები საქართველოში "ყირგიზეთის სცენარის" განმეორებასთან დაკავშირდებით. ამის შესახებ ბოლო პროგნოზი უკვე "ტიტების რევოლუციის" მსხვერპლს, ასკარ აკაევს ეკუთვნის.

- მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება ხელისუფლებას უფრო ეჩქარება, ვიდრე ოპოზიციას - მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ხელისუფლებისთვის უფრო ძნელია, რადგან ის მზად არის, სისხლში ჩაახშოს ნებისმიერი ძალადობრივი წინააღმდეგობა და შესაბამისად, უფრო მეტი ხნით მოიპოვოს შვება ანალოგიური ნაბიჯების პრევენციის თვალსაზრისით. ამიტომ, თუკი რაიმე მცირე მასშტაბის ასეთი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში, აქედან მოგებული მხოლოდ ხელისუფლება გამოვა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მხოლოდ გონით და არა ღონით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა საქართველოში.