"აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ოცნებისთვის"
"აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ოცნებისთვის"
"თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად"

როგორც ცნობილია, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიასთან, მოლაპარაკებებს მართავს. რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, გააჩეროს ქვეყნიდან მიგრაცია შენგენის ქვეყნებში, რამაც შეიძლება უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება გამოიწვიოს? - ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა­ ლაგაზიძესთან:

- ერთჯერადი
სანქციებით ამ საქმეს არაფერი ეშველება. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა შესაძლოა მართლაც აღმოჩნდეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რადგან ევროპაში გამგზავრებისა და იქ დარჩენის მსურველების ნაწილმა შეიძლება ამაზე უარი თქვას, რადგან თავშივე ეცოდინება, რომ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას, უსაფრთხოა თუ არა მართლაც საქართველო, ერთმნიშვნელოვანი
პასუხი არ არსებობს. უსაფრთხოებას აქვს მრავალი ასპექტი, მათ შორის უმთავრესია სოციალური უსაფრთხოება და სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველო ვერანაირ ნორმებს ვერ პასუხობს. გარდა ამისა, შარშან, წლის მიწურულს, ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენები და ბოლო ხანს კრიმინალური ვითარების აფეთქებაც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას აჩენს.

უმთავრესი მაინც, რის გამოც გარბიან ქვეყნიდან, არის სოციალური უსაფრთხოება და ვერანაირი სანქციით ამას ვერ უშველიან. ამ ყველაფრის მოგვარებას სჭირდება სისტემური ხედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება არც მხოლოდ ამ ხელისუფლების დანაშაულია. ყველა წინამორბედი ხელისუფლებაც დამნაშავეა იმაში, რომ ქვეყანაში სოციალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი ვერ დაინერგა. შედეგად, ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სამშობლოში ცხოვრება გაუსაძლისია. სამწუხაროდ, ამ პრობლემატიკის მოგვარების სისტემური ხედვის, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ხედვის დეფიციტია ამ ხელისუფლებაშიც. თუმცა ბოლო პერიოდში რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც მოვისმინეთ, მაგალითად, გავიხსენებ ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადებას მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და მცირე მეწარმის სტატუსის იმ პირებზე გავრცელების თაობაზე, რომლებსაც წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი ბრუნვა აქვთ. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა, თუმცა ამასაც სჭირდება სისტემური მიდგომა.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა მართლაც ისე განვითარდეს პროცესი, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება დადგეს დღის წესრიგში? ეს ხომ უპირველესად პოლიტიკური საკითხია?

- რა თქმა უნდა. ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ევროკავშირის ქვეყნებს, ერთად თუ ცალ-ცალკე, კარგად აუხსნას და დაანახოს, თუ ამას ვერ ხედავენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმავდროულად ევროკავშირის წევრებიც არიან, საქართველო არის ბოლო ციტადელი და პარტნიორი იმ დიდ სივრცეში, რასაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია. თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად.
საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მილიონობით მიგრანტს, მათ შორის დიდი დოზით ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხია რუსული ჰიბრიდული ომი, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების ჩამოგდებაც არის. რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა რუსული ხელიც უნდა ვეძიოთ. საკმარისია საქართველომ პატარა საბაბი მისცეს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ევროპის დედაქალაქების აგრესიაში გადაიზარდოს. რუსეთი ჰიბრიდულ ომს ბევრი მიმართულებით აწარმოებს, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა. ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსებში რუსეთის ფინანსებს დიდი გასავალი და გავლენა აქვს, არ არის ახალი. ეს არ არის მხოლოდ ერთასპექტიანი საკითხი. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი და სამოქმედო, რომ ეს საკითხი რეალურ პრობლემად არ იქცეს.

- დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობის კონტექსტიდან თუ შევხედავთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, აშკარაა, რომ დემირელის კოლეჯის ყოფილი ხელმძღვანელის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქვეყნის იმიჯს ძალიან აზარალებს, რასაც მოწმობს განცხადებები, რომლებიც ევროპიდან ისმის. "ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია იქნება საქართველოს სირცხვილი", - განაცხადა "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა.
- აქ მხოლოდ ჩაბუქის საკითხი არ დგას, უბრალოდ, ეს თემა გახდა საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ერთგვარი დეტონატორი. წლების განმავლობაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი იყო ის სტრატეგიული სამკუთხედი, რომელსაც აშშ თავის პარტნიორად განიხილავდა. უკვე რამდენიმე წელია აზერბაიჯანმა აშშ-ის პარტნიორობაზე თქვა უარი, მას შემდეგ, რაც ალიევს ეჭვი შეეპარა, რომ აზერბაიჯანელ ოპოზიციას აშშ აფინანსებდა და აქეზებდა. მოგეხსენებათ ისიც, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ არის შეზღუდული. ბოლო დროს უკვე თურქეთი დაადგა ავტორიტარულ გზას და აშკარად დაუპირისპირდა ნატოს პრინციპებს, რომლის წევრიცაა.
სანამ ეს სამკუთხედი არსებობდა, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში ჰყავდა ძალიან კარგი არბიტრი აშშ-ის სახით, მაგრამ დღეს არბიტრი ვეღარ არბიტრობს და ჩვენი ქვეყანაც, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი მეზობლებთან პირისპირ და რაც ყველაზე სამწუხაროა, სრულიად წარუმატებელია ჩვენი დიპლომატია როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანასთან ურთიერთობისას. არ მესმის, რატომ უნდა ვირჩევდეთ მუდმივად უმცროსი პარტნიორის როლს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში?! მაშინ რაღა სახელმწიფო ხარ, თუ ყველა შენი მეზობელი შენთან უფროსი პარტნიორის როლით ურთიერთობს?!
ჩაბუქის დათმობა ნიშნავს, რომ საქართველო თურქეთმა ჩოქბჯენში ჩააყენა. მესმის, რომ თურქეთს აქვს საქართველოზე ზეგავლენის ბევრი ბერკეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას შენი სახელმწიფოებრიობის რაღაც წილი დათმო.

- გამოქვეყნდა აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიში, რომელშიც საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ რუსეთია დასახელებული. ანგარიშში ასევე ლაპარაკია რუსეთის აქტიურ მცდელობაზე, ზეგავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლური ინტეგრაცია. საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან ერთად ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ შესაძლოა­ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩნდეს არადემოკრატიული მიდგომები.­ ციტატა:­ "მმართველი პარტია "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს თავისი ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვები".
- ეს არის უაღრესად საინტერესო საკითხი, რომელმაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წლების პოლიტიკური დინამიკა საქართველოში. ეს რომ გავაანალიზოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, ისმის კითხვა, რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოში, პირველად, პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს? თქვენ მიერ მოხმობილი ციტატა და ის, რომ ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით, გვაფიქრებინებს, რომ 2020 წლისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული არ იქნება ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენა.

საკითხის მეორე მხარეა ის, თუ რამდენად არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებისთვის საჭირო რესურსი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლოა, ოპოზიცია დაიბლოკოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ოპოზიციამ და საზოგადოდ, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
მიმდინარეობს თაობათა ცვლის ძალიან მწვავე პროცესი, ამას სიმწვავეს მატებს ისიც, რომ ვაკუუმია ამ სფეროში. ერთმა თაობამ ამოწურა თავი, მისი შემცვლელი კი არ ჩანს...
ეს ვაკუუმი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს. ერთია, აშშ-ს ჰქონდეს სურვილი, რომ "ქართული ოცნება" მესამე ვადით ხელისუფლებაში არ დარჩეს და მეორეა ობიექტური რეალობა. სააკაშვილის ენერგეტიკული კალიბრის ფიგურა ასპარეზზე არ ჩანს და მეეჭვება დარჩენილ ორ წელიწადში გამოჩნდეს. ერთადერთი, რის პერსპექტივასაც ვხედავ, არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს მემარცხენე-ცენტრისტული ძალა, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ რამდენიმე საინტერესო სახე გაინაწილებს ერთი ქარიზმატული ლიდერის როლს.

მემარჯვენე და პროდასავლურ მხარეს ახალი პოლიტიკური სახეები არ ჩანს. თუ მემარცხენე მხარეს ჩამოყალიბდება ასეთი ძალა, შესაძლოა მასში ვიხილოთ ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ის მემარცხენე ფლანგი, რომელიც დღევანდელ სტუდენტებში იკვეთება. ასეთმა კონგლომერატმა შესაძლოა ცივი შხაპი გადაავლოს "ქართულ ოცნებას". რამდენად იქნება ის აშშ-ისთვის სასურველი პარტნიორი, ეს ცალკე თემაა. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასეთი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, რამდენად გაჯერდება აშშ-თან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირის მქონე პირებით, ისეთებით, როგორიც, მაგალითად, ანა დოლიძეა. ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ ემყარება.
ვფიქრობ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ეს ინტერესი და ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის" და ამან უნდა გამოიწვიოს ინსპირაცია იმისა, რომ ამ ძალაში ვიხილოთ ახალი პოლიტიკური ძალების შობის პროცესი. წესით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის წიაღშივე გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს მას და არ ექნება რევანშის სურვილი.

- წელს საქართველოს მოუწევს, პირდაპირი წესით, ბოლოჯერ აირჩიოს მე-5 პრეზიდენტი. რომ გადავხედოთ ჩვენს უახლოეს ისტორიას და ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის გამოცდილებას, რა ისწავლა ქვეყანამ ამ გამოცდილებით?

- საპრეზიდენტო მმართველობა გაცილებით ხისტი მოდელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შეეხება პოლიტიკური კრიზისების განმუხტვას. ასეთ ვითარებაში საპარლამენტო რესპუბლიკა გაცილებით მოქნილია ხოლმე. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას დროს რომ ყოფილიყო პარლამენტის დათხოვნის მექანიზმი, შეიძლებოდა ის კრიზისები და სამოქალაქო ომი აგვეცილებინა თავიდან. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მმართველობა უფრო მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ, მით უფრო ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, რისი ნიშნებიც სააკაშვილის მმართველობისას ვნახეთ.
2012 წლიდან, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა - საპრეზიდენტო მმართველობისასაც ერთპარტიული მმართველობა გვქონდა, ახლაც იგივეა, თანაც პრემიერის გადაყენების მექანიზმები ისეთი რთულია, როგორიც საპრეზიდენტო მმართველობისას პრეზიდენტის იმპიჩმენტი. მთავარია, შეცვლილიყო საარჩევნო კანონმდებლობა, რაც იქნებოდა იმის გარანტია, რომ პარლამენტი მრავალპარტიული, მთავრობა კი კოალიციური იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჯერ წინ ვერ მივდივართ. მოკლედ, ჩვენში საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობაც დღემდე ერთ ქვაბში იხარშება და მმართველი პარტია საკუთარ თავზე ირგებს კონსტიტუციას, რათა რაც შეიძლება დიდხანს იყოს ხელისუფლებაში. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა ბოლოჯერ არ გვიწევდეს. მცირე უფლებებისა და მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი აქამდე ძალიან კარგად აბალანსებდა დიდი უფლებებისა და ნაკლები ლეგიტიმაციის პრემიერს.
ეს გაგრძელდებოდა ამ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მერეც, ოპოზიციაში რომ ჩანდეს კონკურენტული კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა გამარჯვების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი, ასეთი კანდიდატი კი არ ჩანს.

ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიცია შეიძლება გაერთიანდეს ერთი კანდიდატის გარშემო, არარეალური მგონია, მით უფრო, პირველ ტურში. თუმცა, თუ რომელიმე ძალის კანდიდატმა მოახერხა მეორე ტურში გასვლა, ეს, ალბათ, გააერთიანებს ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს. ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანების საწინააღმდეგო სხვადასხვა ფაქტორს დაემატა სააკაშვილის მოწოდებაც. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ხელისუფლებას საჩუქარი გადასცა - ახლა ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა ექნება, "ქართული ოცნება" ადვილად წარმოაჩენს სააკაშვილის კანდიდატად.
პროდასავლურ სპექტრში საპრეზიდენტო კანდიდატებად ვხედავ მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს, თუმცა არ ვიცი, მათ თუ აქვთ ამ ომში ჩაბმა გადაწყვეტილი.
მოკლედ, ჯერჯერობით საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებისთვის შიშის მომგვრელი კანდიდატი ოპოზიციას არა ჰყავს, მაგრამ უფრო უარესია ის, რომ თავად ხელისუფლებაშიც არ ჩანს საპრეზიდენტო კანდიდატი. ვფიქრობ, ამჯერადაც, როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში, შემოგვთავაზებენ იქს გვარ-სახელს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იქნება ნაგულისხმები.

- უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევა. რატომ პოლონეთში, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მის გადმოცემას ითხოვდა?
- იმიტომ, რომ საქართველოში დასავლეთს სტაბილურობა სჭირდება, სააკაშვილი კი პატიმრობაშიც დესტაბილიზაციის წყარო იქნებოდა. დასავლეთს ეს არ სურს. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება, მას სამარქაფე ვარიანტად დასავლეთი ყოველთვის შეინახავს, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებებით დღევანდელი ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლია. "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ორ რამეზე დგას - ერთია საზოგადოებაში ოპოზიციისადმი ნდობის კატასტროფული დეფიციტი და მეორე მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაც "ქართული ოცნება" პრინციპით "მგელი მოდის" იყენებს. სანამ სააკაშვილს დასავლეთი ასაზრდოებს, ის მანამდე იქნება "ქართული ოცნების" მასაზრდოებელი.

- ისევ სჯა-ბაასის თემაა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მიუხედავად ბოლო დროს უმრავლესობის მტკი­ცებისა, რომ მზად იყვნენ განსხვავებული აზრის მოსასმენად და გასაზიარებლად, ბოლო განხილვისას, ფაქტობრივად, შეუვალი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პირადი პოზიციაა ვეტოს დაძლევა. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლების მიერვე სრულიად ურეიტინგოდ აღიარებული ტელევიზიის მხარდაჭერა?
- ეს ჩემთვის სრულიად აუხსნელი თემაა და უფრო ხელისუფლების ახირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ საჭიროებას. ჩვენ რომ ვლაპარაკობდეთ სუპერრეიტინგულ ტელევიზიაზე, რომლისთვისაც ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაშინ კიდევ გავიგებდი, მაგრამ ახლა არაფერი მესმის... 2 მილიონი "საზმაუწყებელს" ვერაფერს შემატებს, ჯერ ის მილიონები გამოიყენოს ეფექტიანად, რასაც ბიუჯეტიდან იღებს და მერე მოითხოვოს დამატებითი სასათბურე პირობები. დასანანია, რომ ხელისუფლება თავისი ლიდერების რეპუტაციაზე არ ზრუნავს და ამ ბავშვურ ახირებას სწირავს თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები