"ძველი კერპების მსხვრევისა და ახალი კერპების შექმნის პროცესში ვართ" - კვირის პალიტრა

"ძველი კერპების მსხვრევისა და ახალი კერპების შექმნის პროცესში ვართ"

"რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრება პრაქტიკულად გადაწყვეტილია"

"ეს იქნება "ტიტანიკი" რომელიც დასაღუპავად არის განწირული"

თბილისში პოსტსაბჭოეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გახსნილა. იმდენად საუკეთესო, რომ მიხეილ სააკაშვილს უნატრია, ნეტავ ხუთი წლის მაინც ვიყო, ვისწავლიდიო. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ნატვრის გამო საძაგელი (ნასტყ) ჟურნალისტივით ტინგიცობას არ მოვყვები. მხოლოდ ამაზე გვიპასუხეთ:

ხუთი წლის რომც იყოთ, მამათქვენს ექნებოდა ბავშვის სწავლისთვის წელიწადში ოთხი ათას ორასი ევროს გადახდის საშუალება? როგორ ფიქრობთ, რამდენი მამაა საქართველოში ისეთი, მარტო სასკოლო განათლებაში 42 ათასი ევროს გადახდა რომ შეუძლია? - ცხადია, ასფალტის, შაქრისა და გაყინული ხორცის "მამებს" არ ვგულისხმობთ…და კიდევ, არა ვართ დაუნახავები, მაგრამ არც უნახავები ვართ. როდესაც მორიგი ობიექტის (სკოლის, სასტუმროს, ესტაკადის) საზეიმო გახსნაზე ისეთ სიტყვებს მოიშველიებთ, როგორიცაა "საუკეთესო", "არნახული" და "არარსებული", თქვენს მრჩევლებს ინტერნეტში სინგაპურის ახალი სასტუმროს მოძიება სთხოვეთ. ბევრი კი არაფერი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, მაგრამ ეპითეტების შერჩევაში, ვფიქრობ, დაგეხმარებათ.

გასულ კვირას კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. რაც უნდა უცნაური იყოს, თითქმის საყოველთაო კონსენსუსით დიქტატორად შერაცხილ სტალინს სამოცი წლის შემდეგაც კი იმხელა ძალა აღმოაჩნდა, რომ მისი ძეგლის აღება დღისით ვერ გაბედეს. არ ვდაობთ, სტალინი კარგი იყო თუ ცუდი. ეს საკამათო არ არის, მაგრამ საზოგადოება კი იმსახურებს, ალბათ, იმდენს, რომ ძეგლების აღება-გადადგმაზე, აფეთქებასა და სხვათა შორის, დადგმაზეც, აზრი ვკითხოთ.…

გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებსა და მომავლის პერსპექტივებზე ბატონ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ გორში სტალინის ძეგლის მთავარი მოედნიდან მოხსნით ქვეყანა საბჭოთა მენტალიტეტს დაემშვიდობა. როგორ ფიქრობთ, ძეგლებთან ბრძოლა შეიძლება იდეოლოგიასთან ბრძოლას ნიშნავდეს?

- ძეგლების დანგრევით რომ არაფერთან ბრძოლა არ შეიძლება, მგონი, სავსებით ცხადია. განსაკუთრებით ეს დღევანდელი ხელისუფლებისგან არის გასაკვირი, რადგან ცდილობენ, ეს საქმე თავისუფალი სამყაროს სახელით (ოღონდ ღამით, მიპარვით) გააკეთონ. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავისუფალ სამყაროსთან მათ საერთო არაფერი აქვთ. ჩვენი ხელისუფლება ძველი კერპების მსხვრევისა და ახალი კერპების შექმნის პროცესშია.

როგორც ჩანს, კერპი ერთი და განუმეორებელი უნდა იყოს.…სტალინი, რა თქმა უნდა, დიდი უბედურება იყო საქართველოსთვის და ვფიქრობ, აქ საკამათოც არაფერია, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც ცდილობენ წარმოგვიდგინონ. სტალინის ძეგლის აღების კონტექსტი დაახლოებით იგივეა, რაც დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში "გასეირნება" იყო. ავტორიტეტებს ებრძვიან, და არა მხოლოდ წარსულისას, ეს არის და ეს.

ჩვენ ჩვენი თანამედროვე ავტორიტეტებთან ბრძოლის მოწმენიც ვართ - გავიხსენოთ საქართველოს პატრიარქი, პაატა ბურჭულაძე და არაერთი სხვა, რომელი ერთი დავასახელო. ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, ახალი კერპების დრო მოვიდაო და ძველების ადგილას ახალი კერპების დამკვიდრება უნდა. არავინ იფიქროს, სტალინს თანავუგრძნობდე - საზოგადოდ, კერპი უარყოფითი მოვლენაა, გინდ ახალი იყოს, გინდ - ძველი.

- გასულ კვირას სახელისუფლებო ცვლილებების მოწმენი გავხდით. რამდენად მართებულია იმ ახალგაზრდა ქალის დანიშვნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელსაც ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არა აქვს?

- ვფიქრობ, ახალი მინისტრი წინამორბედისგან ბევრით არაფრით განსხვავდება. როგორც ვიცი, დიდი გამოცდილება არც წინა მინისტრს ჰქონია. მმართველი გუნდის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, "წინა მინისტრიც მაგარი იყო და ახალიც მაგარია". მაგრამ, თუ ძველს ელემენტარული გამოცდილება მაინც ჰქონდა, თუნდაც დიპლომატიურ სამსახურში, ახალი საერთოდ ძალიან უცნაური ფენომენია. ერთადერთი, რითაც ახალმა მინისტრმა თავი გამოიჩინა, ის იყო, რომ ასე ვთქვათ, აფხაზეთის დაბრუნებაში შეიტანა დიდი წვლილი, - გრანდიოზული ტაშ-ფანდურა მოაწყო ენგურის ხიდთან.

სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარები. ამ დოკუმენტში ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, სიტყვა "ოკუპაციასა" და ჯარების გაყვანას ვგულისხმობ. თურმე, ეს ფრაზა სწორედ ვერა ქობალიას დამსახურება ყოფილა, მას რომ კონცერტი არ ჩაეტარებინა, ამერიკელი მაღალჩინოსნები ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია.

მიუხედავად ყველაფრისა, ვერა ქობალია, ალბათ, ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ის არ არის თავის ადგილზე და ამას ძალიან მალე თავადაც მიხვდება.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში სამინისტროსთვის სახელის გადარქმევაა. ამ უწყებას "მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამინისტრო" დაერქვა.

თუ  ეკონომიკურ ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, სიტყვა "მდგრადის" ერთ-ერთი განმარტება ასეთია, - ქვეყნის განვითარებისთვის მისი ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებაში მოარული ჭორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ, არცთუ საფუძველმოკლებულია.

მაგრამ, ეტყობა, ეს პროცესი რატომღაც შეჩერდა და ეს სამინისტრო  ეკონომიკისას აღარ შეუერთეს. შესაძლოა, საერთაშორისო ვალდებულებების გამო  საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერივნენ, ან "პოპულარული სიმღერების" ავტორმა-მინისტრმა თქვა, რომ თუ უპორტფელოდ დარჩება, სიმღერების ტექსტებს შეცვლის და პრეზიდენტსა თუ პოლიციაზე სულ სხვა სიმღერებს დაწერს.

- პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი სამინისტროს დაფუძნების ამბავი გვამცნო. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა არათუ საქართველო, ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებიც კი კადრებისა და სტრუქტურების ოპტიმიზაციას აპირებენ, ახალგაზრდობისთვის ცალკე სამინისტროს შექმნა რამდენად მართებულია?

- ეს სახლობანას თამაშის გაგრძელებაა. ხელისუფლება, რომელსაც საშუალო და უფროსი ასაკის ხალხზე იდეოლოგიური ზემოქმედების ბერკეტი არა აქვს, ერთადერთი, რასაც ახერხებს, ახალგაზრდების ცნობიერებით მანიპულირებაა. ჰგონიათ, ამ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს სრულყოფილად ფლობენ და მათი იდეოლოგიზება და სასურველი მიმართულებით წარმართვაც შეუძლიათ. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის საერთო სისტემაში მოქცევა  გადაწყვიტეს და შექმნეს კიდეც შესაბამისი სამინისტრო, რომელსაც, ფაქტობრივად, ახალგაზრდობის ტვინების გამორეცხვის სამინისტროც შეიძლება ვუწოდოთ.

უნდათ პროპაგანდისტულ წნეხში მოაქციონ ახალგაზრდები და ამიტომაც შექმნეს შესაბამისი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანიზაცია, - საბჭოთა კავშირში ამას კომკავშირული ერქვა.

თუმცა, კომკავშირი პარტიული სტრუქტურა იყო. რაკიღა ჩვენს რეალობაში აღმასრულებელი მთავრობა და პარტია ერთსა და იმავეს ნიშნავს, შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებებიც შესაბამისია - იდეოლოგიურ მანქანას მთავრობაში მიუჩინეს ადგილი, ნაცვლად იმისა, პარტიის ახალგაზრდული ფრთა გაეძლიერებინათ. ასე უფრო გაიოლდება ფინანსების მართვაც, იდეოლოგიური მიზნებით ფულის წინ და უკან "სეირნობა" აღარ დასჭირდებათ და პირდაპირ ბიუჯეტის თანხებით ისარგებლებენ.

- გასულ კვირას შედგა რფ პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის უმაღლეს დონეზე ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება მხოლოდ ერთ სიტყვაზე - "ოკუპაციაზე" გაამახვილა.

- ეს საკითხი, სხვათა შორის, ზემონახსენებ სამივე საკითხს აერთიანებს. სტალინის ძეგლის აღებაზე დიდი ხნის წინ დაიწყეს ლაპარაკი, დიდი ხანია ლაპარაკობენ სახელისუფლებო ცვლილებებზეც და არც ახალი სამინისტროს შექმნა უნდა იყოს სენსაცია. მაგრამ რატომ მოხდა ყველა ეს ამბავი ერთმანეთის მიყოლებით და მაინცდამაინც გასულ კვირას? ვშიშობ, ამით ხელისუფლებას სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბის მიჩქმალვა უნდოდა, საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე უნდა გადაეტანა. მაგალითად, სტალინის ძეგლის აღებაზე.

ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე უნდა გვემსჯელა და არ უნდა გაგვეანალიზებინა ობამა-მედვედევის შეხვედრის დეტალები. ობამამ ერთი ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი რამ თქვა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე, - პრაქტიკულად, პრობლემების 99%  გადაწყვეტილია და მხოლოდ ერთი პროცენტიღაა დარჩენილიო. ფაქტობრივად, მან მედვედევს პირობა მისცა, რომ სექტემბრისთვის რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება.

ანუ, ჩვენ, საქართველოს, ამერიკის შიდა პოლიტიკაში ერთი პროცენტის რაღაც ნაწილი გვერგო. გარდა ამისა, იყო ბევრი ჩვენთვის შემაშფოთებელი გზავნილიც, - ალბათ, შენიშნNავდით, როგორი იყო შეხვედრის დონე, ლიდერთა ურთიერთგანწყობილება და სხვ. ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა თბილისში ხელს არ აძლევდათ და საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა სცადეს. ეს ნაწილობრივ  მოახერხეს კიდეც.

გარდა ამისა, იყო შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებისთვის არცთუ უმნიშვნელო ამბავი - ირაკლი ალასანიას ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც ის საკმაოდ გავლენიან  პირებს შეხვდა თეთრი სახლის მმართველი გუნდიდან. ჩვენი პრეზიდენტი კი აშშ-ში სამკვირიანი ვიზიტის დროს, დიდი მცდელობის მიუხედავად, როგორც ცნობილია, ვერც ერთ მათგანს ვერ შეხვდა. სწორედ ამ ამბების მიჩქმალვას ემსახურებოდა ის, რაც გასულ კვირას მოხდა, თორემ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში პირველი პირი ვერა ქობალია იქნება თუ პოლოლიკაშვილი, ამას მნიშვნელობა აქვს? ვფიქრობ, არავითარი.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ პრეზენტაციაზევე ძალიან მაღალ დონეზე წარმოგვიდგინეს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთი საშუალო რანგის მოხელე საზეიმო ვითარებასა და მაღალფარდოვან ატმოსფეროში გააცნეს საზოგადოებას. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზეც. ეს არ არის ის თანამდებობა, რისთვისაც პრეზიდენტი, პრემიერი და ნაციონალური მაუწყებელი ტელეკომპანიები შეიძლება მოცდნენ.

ვიმეორებ, ეს სპექტაკლი მხოლოდ იმისთვის დაიდგა, რომ ზემონახსენები მოვლენები მიეჩქმალათ.

- ერთადერთი, რის გამოც ხელისუფლებამ აღტაცება გამოხატა, სიტყვა "ოკუპაცია" იყო. ისიც კი ითქვა, ამ სიტყვამ რუსეთს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში ადგილი აღარ დაუტოვაო.

- აბა, რა უნდა ექნათ, ხელისუფლებას ხომ სხვა გზა აღარ აქვს? მას ხომ ფსევდოგამარჯვებები სჭირდება, ფსევდოკონტექსტებით?

სიტყვა "ოკუპაცია", რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მთლად შეხმატკბილებულები ვერ არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, მედვედევის ვიზიტს ლაიტმოტივად გასდევდა აზრი, რუსეთი და ამერიკა ინტენსიურად თანამშრომლობენ, ხოლო საქართველოს თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არ არის ხელის შემშლელი ფაქტორი გლობალური უსაფრთხოების თემებზე სამუშაოდო.

მათ იმდენი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, რომ საქართველო მთავარი საკითხი აღარ არის. აქედან გამომდინარე, ხმაური ერთი სიტყვის გამო, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. კი, ეს კარგია, მაგრამ არაფრით არის იმაზე მეტი, ვიდრე სიტყვა შეიძლება იყოს.

- როგორც ცნობილია, ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების გაერთიანებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. კონსულტაციები მხოლოდ იმ საკითხზე მიმდინარეობს, ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთი პარტია ჩამოაყალიბონ თუ კოალიცია შექმნან. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელების ერთ ჯგუფად გაერთიანებას?

- სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა დამოკიდებულება მაქვს ამ სამივე ადამიანთან და არ მინდა ისინი ერთ ტაფაში მოვაქციო, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ამის სურვილი. თუ ისინი ამ გზით მიდიან, პირდაპირ გეტყვით, - ეს იქნება "ტიტანიკი", რომელიც დასაღუპავად არის განწირული. მათ ხომ შიდა რესურსი არ გააჩნიათ, არ შეუძლიათ პოლიტიკაში დამოუკიდებლად თამაში გარე ფაქტორზე დაუყრდნობლად, რაც ყოვლად მიუღებელია ჩემთვის და, ვფიქრობ, ქართველი საზოგადოებისთვისაც.

მთავარი ბალასტი ამ საქმეში მაინც ნოღაიდელია. ჩემი აზრით, მას დღესაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა და რასაც სჩადის.

მიუხედავად რიტორიკისა, გარკვეულწილად ოქრუაშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას, თუმცა ნოღაიდელისგან განსხვავებით, ის ინანიებს, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად მაინც. რაც შეეხება ბურჯანაძეს, სიმართლე გითხრათ, მისგან გამიკვირდება ამ ნაბიჯის გადადგმა.

- გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუს" ინფორმაციით, ქართული მაფია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ამ შეთქმულებაში ოპოზიციაც იყო გარეული. ამის შესახებ გამოცემა ავსტრიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

- წარმოუდგენელი და აბსურრდული ინფორმაციაა ერთი მარტივი მიზეზის გამო. გამოდის, ავსტრიელი სამართალდამცველები ქართული მაფიის კავშირს  იძიებდნენ ქართველ პოლიტიკოსებთან. ეს კი საერთაშორისო სკანდალია, რადგან ერთი ქვეყნის პოლიციას არა აქვს უფლება, მეორის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს და პოლიტიკოსების კავშირები ეძებოს.