"ჩვენი ქვეყანა ისევე იმართება, როგორც შუა საუკუნეების ეთიოპია" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყანა ისევე იმართება, როგორც შუა საუკუნეების ეთიოპია"

"ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ობამას კი არ გაუფუჭეს, მედვედევს გაუკეთეს საქმე პუტინის იმიჯის დაზიანებით"

საქართველო კვლავაც დიდ პოლიტიკაში მოთამაშეთა ხელის შემყურედ რჩება. მომავალი კვირა, რაკიღა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სტუმრობს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, ქართველი საზოგადოება ქალბატონი კლინტონისგან თბილისში ჯადოსნური ჯოხის ჩამოტანას და ერთ დღეში ტერიტორიული მთლიანობის თუ სამართლიანი არჩევნების პრობლემების გადაჭრას არ ელის.

მაგრამ მედვედევისა და ობამას ზედმიწევნით მეგობრული შეხვედრის შემდეგ, მისი განცხადებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემაზე ფრიად საინტერესო მოსასმენი იქნება. ჯერჯერობით ამერიკელებმა ერთ მოხერხებულ გამოსავალს მიაგნეს - ტერმინი "ოკუპირებული" ინგლისურად დაკავებულს ნიშნავს, ქართულად კი მისი ინტერპრეტირება უსაზღვროა - შეგიძლია, დაკავება "ოკუპაციად", დამკავებელი - "ოკუპანტად", ოკუპანტი - "აგრესორად" და "ფაშისტად" გამოაცხადო და იყო ბედნიერი და ამაყი. ამასობაში კი ჭკვიან ამერიკელებს იმაზე მეტი არაფერი უთქვამთ, რაზეც აგვისტოს მერე მთელი ევროპა ისედაც ლაპარაკობს - რუსეთმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დაიკავაო.…

ამ და არა მხოლოდ ამ საკითხზე კახა კაციტაძეს ვესაუბრებით:

KvirisPalitra.Ge- ერთი პერიოდი ოფიციალური ვაშინგტონისგან საქართველოს თემატიკის მივიწყებამ პესიმისტური განწყობა გამოიწვია. მაშინ ამბობდნენ, რომ საქართველო გარიგების მსხვერპლი გახდა და არა მხოლოდ საქართველო - ამავე კონტექსტში საყვედური პოლონეთის, ჩეხეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც გაისმა. მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტისგან რუსეთის მისამართით სიტყვა "ოკუპაციის" ხსენებამ საქართველოს ხელისუფლება გამოაცოცხლა. ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთევროპული ტურნეც იმის დეკლარირებას ხომ არ ემსახურება, რომ პოსტსაბჭოთა და მიმდებარე სივრცეში შეერთებული შტატები ძველ მოკავშირეთა დავიწყებას არ აპირებს?

- რასაკვირველია, სხვასთან ერთად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ მომენტის შემცველიცაა. ჩვენ ვერ ვიგებთ, რა ხდება და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. პოლონელი საზოგადოებაც დაბნეულია, საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ. რითია ეს გამოწვეული - არის ისტორიაში მომენტები, როდესაც ადამიანური აზრის განვითარება წინ უსწრებს პროცესების განვითარებას. პრობლემა ის არის, რომ ეს პროცესები ჩვენს აზროვნებას მივუსადაგოთ. ახლა პირიქით მოხდა - პროცესები ბევრად სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენ  გავიაზრეთ. ეს გარღვევა გახდა პრობლემა, რადგანაც ჩვენი აზროვნებაა თვისებრივად ახალი დინამიკის რელსებზე გადასაყვანი.

ამერიკელები, რომლებსაც ბუნებრივია, ყველაზე მეტი ბერკეტი აქვთ და მეტი ინფორმაციაც ამ მიმდინარე პროცესზე, ცდილობენ, ეს, პრინციპულად ახალი მოვლენები და პროცესები პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებას აუხსნან. კერძოდ აუხსნან ის, რომ რუსეთთან ახლებური მიდგომა და "გადატვირთვის პროცესი" აზროვნებისა და გლობალური პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომაა და არა რაღაც ძველიმპერიული მსოფლიოს გავლენათა გადანაწილების პროცესი.

ამ ყველაფრის გააზრებას, ცხადია, დრო დასჭირდება. მაგალითად, ერთი წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ისეთი ტერმინები, როგორებიცაა პრორუსული და პროდასავლური, დაკარგავენ აზრს და სრულიად სხვა დატვირთვას შეიძენენ. სიტყვა "ოკუპაციასთან" დაკავშირებული ინტერპრეტაციები და საერთო-სახალხო ზეიმის გამოცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ხელისუფლების ცრუპენტელობას საზღვარი აღარ აქვს.

მედვედევის ვიზიტს მოჰყვა "დიდი რვიანის" შეხვედრა, სადაც სარკოზიმ, მედვედევმა და ობამამ მიიღეს ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ. დეტალებზე აღარ შევჩერდები - ლაპარაკია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთობლივი მოლაპარაკების გზით და მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ.

თავისთავად ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საყურადღებო ის არის, რომ მთიანი ყარაბაღიც "ოკუპირებულ" ტერიტორიად არის მოხსენიებული. ოღონდ აზერბაიჯანს, ჩვენგან განსხვავებით, ზეიმი არ გამოუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს მედვედევიც აწერს ხელს, ობამაც და სარკოზიც. შესაძლებელია, იმიტომაც, რომ აზერბაიჯანში ინგლისური უკეთ ესმით, ან უკეთ "იგებენ".

სიტყვა "Occupied", ინგლისურში ნიშნავს "დაკავებულს". მაგალითად, თუ დაკვირვებიხართ, უცხოეთში თვითმფრინავისა და მატარებლის ტუალეტებს აწერია ხოლმე,  "Occupied". ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ტუალეტი ოკუპირებულია და უნდა შევვარდეთ და ბოროტი ძალებისგან გავათავისუფლოთ,… არამედ იმას, რომ საპირფარეშო დაკავებულია.

სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს  საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი  ტერმინოლოგიაა. სომხეთს ერთი პერიოდი ამერიკელი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, ანუ იქ დაბადებულ-გაზრდილი სომეხი. სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ახალდანიშნულმა ამერიკელმა სომეხმა თავდაცვის მინისტრმა სხვასთან ერთად ისიც თქვა, მთიანი ყარაბაღის ოკუპირება მოვახდინეთო, რასაც სომხეთის პარლამენტში და არა მხოლოდ იქ, დიდი აურზაური მოჰყვა. თუმცა საბოლოოდ, სიტყვის ინგლისური მნიშვნელობა იქაც გაირკვა და ამერიკელი მინისტრიც აღარ შერაცხეს მოღალატედ.

ჩვენ კი ხელისუფლება ერთი უმტკივნეულო სიტყვის გამო უსინდისოდ გვატყუებს, - ჩვენი აქტიური მცდელობის შედეგად რუსეთი ამერიკამ ოკუპანტად გამოაცხადაო. ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა ის კი თქვეს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები დაიკავა. ეს მანამდეც ვიცოდით, საერთოდაც, ამ ყველაფერმა ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ მალე პლაკატს დაბეჭდავენ და გაავრცელებენ, თითმოშვერილს, მეორე მსოფლიო ომის დროს რომ იყო: "ტი ზაპისალსა ვ დობროვოლცი?" ოღონდ წარწერა სხვა ექნება: "შენ თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტია?"

- მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ქალ ლიდერებს შეხვდება. მამაკაცებიდან "გამონაკლისები" გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია იქნებიან, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაჯანსაღებლად. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ჰილარი კლინტონის ვიზიტმა?

- არის ერთი, უმარტივესი ფაქტორი - როდესაც იცვლება გლობალური სისტემა, ეს ცვლილება გავლენას ახდენს მის შემადგენელ ელემენტებზეც, ამასთან იწვევს ამ ელემენტების შიდა კონფიგურაციის ცვლილებასაც. ახლა ეს, შესაძლებელია, სწრაფად არ აისახოს მოვლენებზე - ერთ და ორ კვირაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ თვით პროცესი უკვე დაწყებულია და

KvirisPalitra.Geჰილარი კლინტონის ვიზიტი უნდა განვიხილოთ როგორც პროცესის საწყისი ეტაპი, რომელიც იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზეც.

ასე რომ, "ჯადოსნური ჯოხის" აქნევას და ყველაფრის ერთ დღეში გადაწყვეტას, ცხადია, არ უნდა ველოდოთ, მაგრამ იმას, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი რაღაცა დიდის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, წყალი არ გაუვა. რაც შეეხება მხოლოდ მანდილოსნებთან შეხვედრას, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მდივანი თავადაც ქალბატონია და თანაც, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, ვფიქრობ, ამ ფაქტში რაიმე განსაკუთრებული და შორს მიმავალი ჩანაფიქრი არ უნდა ვეძებოთ.

- ირანთან საქართველოს განახლებულ და გაღრმავებულ ურთიერთობებს რაც შეეხება: ზოგიერთ მიმომხილველს ჰქონდა მცდელობა, ამ ფაქტის გამო საქართველო შუამავლად და დიდ პოლიტიკაში დიდი როლის შემსრულებლად წარმოეჩინა. გასულ კვირაში კი საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, - ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ირანთან საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო პრინციპებზე იქნება დაფუძნებული...

- დიდ პოლიტიკაში დიდ როლს რაც შეეხება, ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა თანამედროვე ანდაზის გაგრძელება "კუმ ფეხი გამოყო, პენალტი დამარტყმევინეთო". ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, ჯონ ბასის აღნიშნული განცხადებითაც დასტურდება, რაც ერთადერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: "ჩვენ გიყურებთ" ან, "ჩვენ გაკვირდებით".

- "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აპირებს მაგისტრალური გაზსადენი რუსეთს მიჰყიდოს. რაც ირანისა და რუსეთის ენერგოტრასების გაერთიანებას ნიშნავს. ორი ენერგოგიგანტის კარნახით, შესაძლოა კი, მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალოს?

- ეს მხოლოდ გუბაზს არ უთქვამს, სხვა კომენტატორებმაც აღნიშნეს. საქმე ის არის, რომ რუსეთის გარდა ეს გაზსადენი არავის აინტერესებს. დამეთანხმებით, სასაცილოა, საქართველოს გაზგამანაწილებელი კომპანია რომელიმე დასავლურმა კომპანიამ იყიდოს იმისთვის, რომ თბილისიდან ქუთაისამდე გაზის მიწოდება გააკონტროლოს. საქართველოს პატარა მონაკვეთს მნიშვნელობა ექნება მაშინ, თუ ის დიდი სისტემის ერთ-ერთი შემკვრელი რგოლი აღმოჩნდება. ასეთი დიდი სისტემა კი, რაც რეგიონში არსებობს, რუსეთის, სომხეთისა და ირანის გაზსადენია. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომელიც ჩვენს მედიას ყურადღებიდან გამორჩა.

ლაპარაკია საქართველოს რკინიგზის რუსეთისთვის მიყიდვაზე. ეს არის გაცილებით საინტერესო რამ, რადგან რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი იაკუნინი რუსეთის პრემიერ პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი გახლავთ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ შეხვიდეთ "ვიკიპედიაში", მოიძიოთ იაკუნინის ბიოგრაფია და ერთ ძალზე საინტერესო ამბავს ამოიკითხავთ: იგი გაეროში, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში ზუსტად იმ დროს მუშაობდა, როცა მიხეილ სააკაშვილის ბიძა ბატონი ალასანია. ანუ, ისინი არათუ ერთ შენობასა და ორგანიზაციაში, ერთ განყოფილებაში მუშაობდნენ.

იაკუნინი, როგორც ცნობილია, რუსეთის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერია და ამასთან, პუტინის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან იმით, რომ არ გახდეს ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის მსხვერპლი.

- ამ გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში რუსეთის აგენტურული ჯგუფის დაკავება საინტერესო ფაქტი უნდა იყოს.

- ეს ამბავი უფრო სალაღობო სფეროს მიეკუთვნება. სასაცილო ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ხალხი იმდენად საცოდავი იყო, რომ ჯაშუშობის ბრალდებაც კი არ აქვთ წაყენებული - მათ ჯაშუშობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ამ თემაზე ამერიკელების ისეთი კომენტარებია, რომ გულიანად იცინებ, რა დონის დეგრადაცია განიცადა ერთ დროს ყველასთვის მრისხანე საბჭოთა კა-გე-ბემ. ძირითადი აქცენტი იმაზეა, ობამას გაუფუჭეს საქმეო, მაგრამ მე სხვა ვერსიაც მაქვს - ყველაზე მეტად რუსეთში ამ სკანდალით პუტინი დაზარალდა. გამორიცხული არ არის, რომ ობამას კი არ გაუფუჭეს, მედვედევს გაუკეთეს საქმე პუტინის იმიჯის დაზარალებით.

- რაც შეეხება თბილავიამშენის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას...

- მანდ ისეთი დახლართული კომბინაციაა, ეშმაკიც ვერ გაერკვევა. რაღაც იმის მსგავსია, რიყეზე ხალხმა ხელისუფლებას რესტორნები რომ აჩუქა, აღარ მინდაო. შესაძლოა, რაღაცა აქტივების გადანაწილებასთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერი. თუმცა, რაღა არაფერი - სკანდალია, კერძო სტრუქტურის გაყოფას რომ დაიწყებს სახელმწიფო. არის სხვა ფაქტორიც - ალბათ, ეს მომენტი ხელს შეუშლის საერთაშორისო დაკვეთების მიღებასაც.

რომ გავეცნოთ ბოლო წლების ღია მონაცემებს, ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანგარიშს და სხვ. ვნახავთ, რომ თბილავიამშენის თვითმფრინავები იყიდებოდა. ძირითადად აფრიკის ქვეყნები ყიდულობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ იყიდებოდა და ახლა არ ვიცი, ეს როგორ იქნება. ჩვენ არავითარი კანონმდებლობა შეიარაღების ყიდვა-გაყიდვაზე დარეგულირებული არ გვაქვს.…

- საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოჩნდა - შვიდი წლის განმავლობაში, ოთხმოცდაცხრა მინისტრი და ხუთი პრემიერი შეგვიცვლია.

- შუა საუკუნეების ეთიოპიაში არსებობდა პოლიტიკური რიტუალი, სახელად "სუმ შირი". "სუმ" ნიშნავდა აღზევებას, "შირი" დაცემას და რა ხდებოდა - აუხსნელი მიზეზებით, იმპერატორი დაერეოდა ვეზირების ერთ ნაწილს და აღაზევებდა, მეორე ნაწილს კი პირიქით, დააქვეითებდა. დაქვეითებულებს თავებს აჭრიდნენ. ჩვენთან ამ მხრივ პროგრესია, როგორც წესი, ელჩად უშვებენ ხოლმე. სხვა მხრივ, განსხვავებას ვერ ვხედავ - ჩვენი ქვეყანა ისევე იმართება, როგორც შუა საუკუნეების ეთიოპია.