"ობამა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ობამა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობს"

"პუტინი იმ წრიდან არის გამოსული, სადაც ნდობა ადამიანის სისუსტედ ითვლება"

"ლავროვი მზადაა, ნოღაიდელი იმედოვნებს", - შეიძლება ასე დასათაურდეს გასულ კვირას კლინტონის ვიზიტზე რუსული გამოხმაურება. "რუსეთი საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობისათვის მზადაა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში. აი, ნოღაიდელი კი რატომ იმედოვნებს, რომ "მიხეილ სააკაშვილს ეყოფა ვაჟკაცობა" და მოღალატედ შერაცხვისთვის ბოდიშს მოუხდის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ერთი ცნობილი არაკისა არ იყოს, ბუზი რომ გაჭენებულ ცხენზე იჯდა და ვიშ, რა მაგრად მივაქროლებო, არადა, როგორც იმ ცხენმა არ იცოდა არაფერი ბუზის არსებობაზე, ისევე ექსპრემიერისგან დამოუკიდებლად ვითარდება მოვლენები რუსეთ-ამერიკის, ამერიკა-საქართველოსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სიტუაცია კი, ალბათ, არცთუ სახარბიელოა, - ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ობამას მცდელობას "ამერიკული" შეფასება  მისცეს:

შეერთებულ შტატებს უნდა საქართველოს დაუმტკიცოს, რომ შეუძლია თან ისეირნოს და თან კევი ღეჭოს, - თან რუსეთთან იმეგობროს, თან საქართველოს ოკუპაციაზე ილაპარაკოსო. უნდა ვაღიაროთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების აღტაცებას გავითვალისწინებთ, ჩანაფიქრი "სეირნობისა და კევის ღეჭვისა" შედეგიანი გამოდგა. მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ როცა ვიღაცას ძალიან უნდა რაღაცის დაჯერება, იჯერებს კიდეც - მანამდე, სანამ მწარე რეალობა თავისას არ იტყვის.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან საუბარი სწორედ ამერიკელი მაღალჩინოსნის საქართველოში ვიზიტსა და ამერიკულ-რუსულ ურთიერთობაში არსებულ შეუსაბამობებზე დავიწყეთ:

- ჰილარი კლინტონის ვიზიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, იყო აღტაცებაც და იმედგაცრუებაც. ეს უკანასკნელი, ალბათ, უფრო ოპოზიციას ეხება, რაკიღა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დემოკრატიის განვითარებაში პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც დააკისრა. უკმაყოფილება გამოიწვია შეხვედრების ფორმატმაც და, როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ლიდერთა მიმართ "პერსონიფიცირებულმა დამოკიდებულებამაც".

- ოპოზიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობაო, სტანდარტული ფრაზაა. ამას კლინტონი იტყვის პარიზშიც, ბერლინშიც და ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა. ჩემი აზრით, საინტერესო ის იყო, ვის შეხვდა კლინტონი ოპოზიციიდან. საზოგადოდ, პრაქტიკა ასეთია: საელჩო რეკომენდაციას აძლევს ხოლმე ჩამოსულ მაღალჩინოსანს, თუ ვის უნდა შეხვდეს მასპინძელ ქვეყანაში. რატომ ურჩია საელჩომ მხოლოდ ალასანია და გიორგი თარგამაძე? სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ ისეთი "სტაჟიანი" ოპოზიციონერები, როგორიც არიან "ახლები", რესპუბლიკელები, არც ისეთი სტაბილური სოციალური ელექტორატის მქონე ლეიბორისტები.

იყო ალასანია, რომელიც, პრაქტიკულად, ახლა იწყებს პარტიის შექმნას, და თარგამაძე, რომელიც მაინცდამაინც დიდი "სტაჟიანი" პარტიის წარმომადგენელი არ არის. აქედან, ალბათ, ასეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: საელჩოსა და იმ ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ქართულ პოლიტიკურ პასიანსს, ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს სწორედ იმ ორ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც თარგამაძისა და ალასანიას უკან დგანან.

რამდენად სწორია ამერიკელთა გათვლა, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი, რომ კლინტონი სწორედ მათ შეხვდა, სხვა არაფერზე მეტყველებს. შედგა ლიდერ ქალებთან შეხვედრაც, სადაც, სხვათა შორის, არ მივიდა ნინო ბურჯანაძე, რომელმაც, რამდენადაც ვიცი, განაცხადა, რომ მოგვიანებით განმარტავს, რატომ არ დაესწრო შეხვედრას. შეხვედრების ასეთ ფორმატს მოჰყვა ოპოზიციის გაღიზიანება და განცხადებები, ამ ვიზიტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდაო.

ჩემი აზრით კი, რასაკვირველია, ჰქონდა და ძალზე დიდიც, ვინაიდან ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის (რასაც სახელმწიფო მდივანი წარმოადგენს) ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გასეირნებად და გამხნევებად, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართო. ეს ნამდვილად არ არის ასე. სააკაშვილისა და კლინტონის შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ალბათ, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრება იქნებოდა, რადგან ობამა პირდაპირი თუ არაპირდაპირი დიპლომატიური განცხადებებით, ფაქტობრივად, შეჰპირდა მედვედევს ამერიკაში ვიზიტისას, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებად.

ამის შემდეგ შინ დაბრუნებულმა მედვედევმა დიდი თავდაჯერებითაც განაცხადა, სექტემბერში ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრები გავხდებითო. ახლა საქმე ის არის, საქართველო რის სანაცვლოდ მისცემს თანხმობას რუსეთის წევრობას? მხოლოდ ბორჯომსა და ღვინოზე დაწესებული ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ? შეიძლება იყოს ასეთი არგუმენტიც, - ეს სავაჭრო ორგანიზაციაა და ისეთ პოლიტიკურ თემებზე საუბარი, როგორიც დეოკუპაცია და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაა, უადგილო იქნებაო.

სავარაუდოდ, საუბრის თემა იქნებოდა ავღანეთიც, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უპირველესი თავსატეხი, რადგან ამ საკითხზე უკვე ნატოშიც კი უთანხმოებაა. პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, ნოემბერში, ლისაბონის სამიტზე, ოფიციალურად დადგინდეს თარიღი, თუ როდის გამოიყვანს ნატო ჯარებს ავღანეთიდან. არადა, ავღანეთში ყოველდღე ტერაქტი ხდება, ჯერ ჯარების გამოყვანა ნაადრევია. ასე რომ, სააკაშვილსა და კლინტონს ძალზე ბევრი რამ ჰქონდათ განსახილველი.

- დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შეერთებული შტატების მიერ ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენებამ. ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კრახს ნიშნავს, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი მიმომხილველი განმარტავს, ოკუპაცია ინგლისურად ტერიტორიის დაკავებას ნიშნავს და მას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთო. ამ თვალსაზრისით საინტერესოა "ჯეიმსტაუნის ფონდის" შეფასებაც: "კლინტონის ვიზიტმა ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებს "შეუძლია, თან ისეირნოს და თან კევი ღეჭოს", ანუ გადატვირთოს ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს ჰქონდეს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსთანაც".

- თუ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ჭრილში განვიხილავთ, ჩემი აზრით, ობამა შეუთავსებლის შეთავსებას  ცდილობს. როდესაც გადატვირთვის პოლიტიკას ადევნებ თვალს, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი სულ სხვადასხვა ფასეულობასა და აზრს დებენ ამ პროცესში. რუსეთი გადატვირთვას თავიდანვე აღიქვამდა როგორც დათმობებს, რაც გულისხმობდა ავღანეთისკენ მიმავალი ტვირთების თავის ტერიტორიაზე გატარებას;

ირანის სანქციებზე თანხმობის მიცემას, რაც რუსეთისგან მართლაც ძალზე დიდი დათმობა იყო. ამის შეუფასებლობა ნამდვილად არ შეიძლება. სანაცვლოდ, მოსკოვი ელოდა არაოფიციალურ კარტ-ბლანშს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ანუ, მოსკოვი ამბობდა: მე გეთანხმები და ხელს გიწყობ აღმოსავლეთის რეგიონებთან ურთიერთობაში, პოსტსაბჭოთა სივრცე კი ჩემია და რაც მინდა, იმას ვიზამ. თავის მხრივ, აშშ, უფრო სწორად კი ობამა, ყოველთვის აცხადებდა, რომ გადატვირთვა გადატვირთვაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული გავლენის სფეროები  XXI საუკუნეში დაუშვებელია და ვაშინგტონი ამას მხარს არ დაუჭერს. თავის დროზე, ამ ორი მომენტის შეუთავსებლობაზე ბაიდენიც ლაპარაკობდა, დღეს კი რესპუბლიკელებიც მწვავედ სვამენ ამ საკითხს.

ამის გამო ობამას მეოცნებეს უწოდებენ და ჯიმ კარტერს ადარებენ. საყურადღებოა ისიც, რომ ობამას საშინაო პოლიტიკაშიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პლუსი აქვს, რაც ძალზე ცოტაა პრეზიდენტობის პირველი პერიოდისათვის. საზოგადოდ, ასეა, ამერიკის პრეზიდენტი რომ მოდის, პირველ პერიოდში "თეთრ ცხენზე ზის", მოწინააღმდეგე პარტია კი ჯერ კიდევ დამარცხების გამო შოკშია და ყურადღება აქვს მოდუნებული, სწორედ მაშინ აღწევს ხოლმე დიდ წარმატებას პრეზიდენტი თავისი პროგრამის რეალიზებაში.

ობამას კი ერთადერთი წარმატება აქვს - ჯანდაცვის რეფორმირება. ამასობაში რესპუბლიკელებიც გამოფხიზლდნენ და მას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მომავალში ობამას ძალზე სერიოზული ორი გამოცდა ელის: პირველი, ალბათ, იქნება კონგრესში, როდესაც დაიწყება დებატები სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე და მეორე - 4 ნოემბრის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ერთი პალატა მთლიანად, ხოლო მეორე 25%-ით უნდა შეიცვალოს. რესპუბლიკელები გამალებით ემზადებიან რევანშისთვის. თუ ამას მიაღწიეს, მაშინ მეორე ვადით ობამას პრეზიდენტობის შანსი ნულამდე დაეცემა. ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება უკვე თავად ადმინისტრაციაშიც გაძნელდა.

ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში ასეთი შემთხვევები იყო. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რეიგანისა და ჰეიდის ურთიერთობა. ჰეიდი თვითონ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და რეიგანის მთავარი კონკურენტი, რეიგანის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი პოლიტიკოსის ტანდემი შედგა და ჰეიდი ქვეყანას სახელმწიფო მდივნად მოევლინა. ორივე ერთმანეთთან ძალზე დაპირისპირებული იყო და ვერ ვიტყვი, ამის გამო რეიგანი ბედნიერი იყო ან შეერთებული შტატების პოლიტიკამ ამით დიდი სარგებელი ნახა-მეთქი. ვშიშობ, ახლაც იგივე ხდება.

თუ კლინტონის განცხადებებს გამადიდებელი შუშით შევისწავლით, დიდ სხვაობას აღმოვაჩენთ  ანალოგიურ თემატიკაზე ობამას განცხადებებში. რასაკვირველია, კლინტონი საჯაროდ არასოდეს დაუპირისპირდება თავის პრეზიდენტს, მაგრამ ფაქტია, მას დიდად არ ეხატება გულზე ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა.

ის, რომ კლინტონი ობამასთან შედარებით ამ საკითხს არც ისე ოპტიმისტურად უყურებს, ცხადია. ამიტომაც შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ოკუპაციაზე უკვე ასე დაბეჯითებით ლაპარაკობს. ეს ტერმინი ობამას განცხადებებში არ უხსენებია, ეს თეთრი სახლის პრესრელიზში იყო. კლინტონმა  კი თავისი ტურნეს განმავლობაში ეს ტერმინი ლამის ყველა ქვეყანაში ვიზიტისას გაიმეორა - დაწყებული პოლონეთით და დამთავრებული უკრაინით.

ეს ვითომ ნიუანსია, მაგრამ ხომ ვიცით, რომ დიდ პოლიტიკაში ნიუანსები არ არსებობს? ყველაზე უმნიშვნელო ნიუანსიც კი ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. გარდა ამისა, როდესაც გადატვირთვის პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ერთი რამეც არ უნდა დავივიწყოთ: ამ პროცესის "მზიდი კონსტრუქცია" მშვიდობიანი თანაარსებობაა, კერძოდ, ვაჭრობა, კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა და ა.შ.

აგერ, სულ ახლახან დაიწყო რუსეთმა ამერიკისათვის  ალასკიდან ნავთობის მიწოდება, მოცულობა უკვე ასი ათას ბარელს აღწევს. თანაც, ეს ოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს. როგორც მიმომხილველები ამბობენ, რუსული ნავთობი საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა როგორც ფასის, ისე ხარისხის თვალსაზრისით.

ამასთან, რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები სწორედ ნატოს წევრი ქვეყნები არიან, თუმც, მეორე მხრივ, რუსეთის ბოლო ორ მთავარ სამხედრო დოქტრინაში ნატო მოხსენიებულია როგორც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მტერი. მაშ, რა გამოდის? კაცობრიობის ისტორიაში ნონსენსია, რომ ერთი ქვეყანა მეორეს სიყვარულს ეფიცებოდეს, სავაჭრო თუ ტექნოლოგიურ ურთიერთობას მასთან ამყარებდეს, თან მთავარი მტრების სიაშიც ჰყავდეს და გეგმასაც აწყობდეს, როგორ მოახერხოს მისი მოგერიება-განადგურება.

მართალია, რუსეთი გულთბილ შეხვედრებსაც მართავს აშშ-თან უმაღლეს დონეზე და თანამშრომლობაზეც თანახმაა, მაგრამ ამავე დროს ცდილობს აშშ-სა და მის მოკავშირეებს ხან "შანხაის შეთანხმება" და სხვა არცთუ მეგობრულად განწყობილი ბანაკების შექმნა დაუპირისპიროს, ხან ცალკეული ქვეყანა, მაგალითად, ჩინეთი ჩაითრიოს საერთაშორისო პოლიტიკურ ინტრიგებში ვაშინგტონის წინააღმდეგ. ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხზე არ არსებობს.

სხვათა შორის, ამ პრობლემის შეფასებაში  ძალიან გააქტიურდნენ ამერიკელი ანალიტიკოსებიც. უმრავლესობის აზრით, რუსეთის ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება. ისიც ფაქტია, რომ პუტინი მარადიული პრეზიდენტობისთვის ემზადება და ამას არც მალავს. მისი და მედვედევის ურთიერთობა ხომ ცალკე საუბრის თემაა.

პუტინი იმ წრიდან არის გამოსული, სადაც ნდობა ადამიანის სისუსტედ ითვლება და გარწმუნებთ, ასეთივე დამოკიდებულება აქვს მას მედვედევთანაც. ამიტომ პუტინმა კი მისცა კარტ-ბლანში მედვედევს, როდესაც პრეზიდენტად დანიშნა, მაგრამ ამასთან ყველა მომენტს იყენებს ხოლმე იმისთვის, რომ შეახსენოს, მართლა პრეზიდენტი არ გეგონოს თავიო და თუ მედვედევი მართლა დაიჯერებს, რომ პრეზიდენტია, მაშინ პუტინს დიდი პრობლემები შეექმნება.