"გამშველებლების ამქარი საქართველოში" - კვირის პალიტრა

"გამშველებლების ამქარი საქართველოში"

ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ამ ვიზიტებისას, სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება იყო

"სააკაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკული სტილი აირჩია"

ბოლო ერთ თვეში თბილისის აეროპორტში ლამის თვითმფრინავების რიგი დადგეს... ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ცივილიზებული მსოფლიოს ყველა თავმოყვარე ლიდერმა გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ჩამოერთმია ხელი სააკაშვილისთვის. დანარჩენებს კი გემოვნების მიხედვით ხვდებიან - ვინ მხოლოდ თარგამაძესა და ალასანიასთან გაბაასებას ამჯობინებს, ვინ - ოპოზიციის სრულ სპექტრს მოძღვრავს...

ასეა თუ ისე, ამ ვიზიტების შემდეგ ორი რამ ნათელია: რუსეთსაც უნდა შევურიგდეთ და იმ აზრსაც, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. რიგი მიზეზების გამო, უნდა დავაკონკრეტოთ, რომ შერიგება და გარიგება სხვადასხვა ცნებებია როგორც რუსეთთან, ისე ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ამ და სხვა საკითხებზე უფრო კონკრეტულად პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით.

- საქართველოში გახშირებულ ვიზიტებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხატოვნად "საერთაშორისო აქტიურობის ფესტივალი" უწოდა. საზოგადოება კი საგონებელშია ჩავარდნილი - ეს ყველაფერი ან ძალიან კარგს უნდა ნიშნავდეს, ან ძალიან ცუდსო. ნაწილი შიშობს, რომ ყოველივე ეს რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო ესკალაციას უკავშირდება.

- მართლაც საყურადღებოა, როცა ასე ხშირია ვიზიტები, მით უფრო, თვალში საცემი იზოლაციის შემდეგ, ერთ თვეში ერთი წლის მოსასვლელი "თოვლი მოვიდა". მაგრამ არა მგონია, ვერსია, რომელიც გაჩნდა, სწორი იყოს - კერძოდ, ხომ არ გვემუქრება ახალი საფრთხე საომარი მოქმედებების სახით და ამას ხომ არ ემსახურება ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსანთა ვიზიტები, რათა ახალი ესკალაციისგან დაიზღვიონ თავი.  ჩვენი მხრიდან ეს რეაქცია ბუნებრივია, რაკიღა ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საომარ მოქმედებათა განახლება წარმოადგენს.

მეორე მხრივ, ეს თემა არ იყო იმდენად წინ წამოწეული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მაღალი დონის ვიზიტებისას. რა თქმა უნდა, ყველა ლაპარაკობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და აღიარებდნენ, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, რომ აქცენტი, რომელსაც გაფრთხილების სახე ექნებოდა საომარი მოქმედებების განუახლებლობასთან დაკავშირებით, არც ერთი ვიზიტის დროს არ დასმულა.

შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს თემა არც დახურულ კარს მიღმა, კულუარებში განხილულა, თორემ ამა თუ იმ ფორმით, აუცილებლად გამოჟონავდა. აქცენტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ყველაზე ხშირად აპელირება იმაზე ხდებოდა, რომ უნდა აღდგეს ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან. ეს მკაფიოდ გახმიანდა კუშნერის ვიზიტის დროს. მგონი, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ამ ვიზიტებისას, სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება იყო.

ყველა, ვინც ამ ვერსიას განიხილავდა, აღნიშნავდა, რომ ერთი მხრივ ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა იკრებს ძალას - მედვედევის ვიზიტის სახით ამერიკაში, მეორე მხრივ კი ეს გადატვირთვა გულისხმობს ამერიკის პარტნიორების ურთიერთობის ნორმალიზებასაც რუსეთთან. ჩვენ, როგორც ვაშინგტონის ერთ-ერთი პარტნიორი, ყველაზე მწვავე წერტილად ვართ შენარჩუნებული. ამიტომ ვფიქრობ, ამოცანა ასეთი იყო - ამ ზოგადპოლიტიკური კურსის ჩარჩოებში მოექცეს რუსულ-ქართული მეზობლობაც.

ამით იყო განპირობებული ისიც, რომ ცოტათი ადრე რუსეთმაც გამოავლინა ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზაობა და თავის მხრივ, რაღაც დონეზე, სააკაშვილმაც გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები რომ გადაიდგას, "გამშველებლებია" საჭირო და ალბათ, სწორედ ამ "გამშველებლების" აღლუმი მივიღეთ ბოლო პერიოდში გახშირებული ვიზიტების სახით.

არის კიდევ ერთი მიზეზიც, რაც ცოტა უფრო შორიდან იღებს სათავეს - დასავლეთმა ნახა, რომ საქართველოს იზოლირებამ ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს - კერძოდ, ის "გზას ასცდეს" და საერთაშორისო პოლიტიკაში არცთუ კარგი რეპუტაციის ქვეყნებთან დაიწყოს მეგობრობა, შესაბამისად, შეცვალოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია.

- ირანთან დაახლოებას გულისხმობთ?

- დიახ. დასავლეთმა კარგად იცის, რომ იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა კონტროლდაკარგულ ქვეყნად იქცევა. ამის მაგალითი ირანიც არის და რუსეთიც. ამიტომაც ცდილობენ ამერიკა და ევროპა, რუსეთი ცივილიზებული ურთიერთობის რაღაც ფორმებში მაინც მოაქციონ. ამ დიდი ქვეყნების მაგალითზე ცხადი ხდება, რომ იზოლაცია გამოსავალი არ არის, ეს ვრცელდება პატარა ქვეყნებზეც და ერთ-ერთი ასეთი საქართველოც გახლავთ.

- მაშინ, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სვლა, - ირანთან დაახლოება, გონივრული ყოფილა, რაკიღა ევროპამაც და ამერიკამაც საჭიროდ მიიჩნიეს, გააქტიურებულიყვნენ?

-  მიმაჩნია, რომ გამართლებული იყო, რადგან სააკაშვილის ეს სვლა ზუსტად მოჰყვა იმ ცივ ნიავს, რომელმაც ევროპიდან დაუბერა იმ პერიოდში.

ეს კომენტარი ქართველი პოლიტოლოგების მხრიდან მაშინაც გაისმა - სააკაშვილის დაახლოება აჰმადინეჯადისთან შესაძლოა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც დასავლეთს აიძულებს, საქართველოს მიმართ უფრო გააქტიურდესო.

ასეა თუ ისე, ეს ფაქტორი უფრო საფუძვლიანი მეჩვენება ვიზიტების გახშირებაზე საუბრისას, ვიდრე ომის განახლების საფრთხე, რადგან თუკი ასეთი რამ მოსალოდნელი იქნებოდა, მას სხვა ფაქტორებიც უნდა ახლდეს - საომარი რიტორიკა ორივე ქვეყნის მხრიდან, გახშირებული შეტაკებები და სროლები, რასაც დღეს ადგილი არ აქვს.

- დასავლურ პრესაში ისიც ითქვა, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი იქცა ერთგვარ მწვანე შუქად ევროპისთვის, რათა საქართველოსთან ურთიერთობები განეახლებინათ და გაეღრმავებინათ.

- ალბათ, არც უმაგისობა იქნება. ძნელია იმის თქმა, რომ ევროპული პოლიტიკა აბსოლუტურად დამოუკიდებელია გარეშე ფაქტორებისგან. მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ასე ცალსახად არ არის მიბმული ერთმანეთთან კლინტონის ვიზიტი და ევროპელების გააქტიურება. გავიხსენოთ თუნდაც ორი ფიგურა - კლინტონი და კუშნერი და ის საკვანძო მომენტი, რამაც ამ ორ ვიზიტში ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ერთმა წარმოთქვა სიტყვა - ოკუპაცია, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა და მეორემ - მეტი საქმე არ გაქვთ, ტერმინოლოგიას ყურადღებას რომ აქცევთ, ამით საქმე არ კეთდებაო. მეჩვენება, ევროპელთა ვიზიტები უფრო საქმიანი და რეალისტური იყო და ჩანდა სურვილი, რომ  საქართველო შევიდეს ევროპის ცივილიზებულ ოჯახში. სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რაც კუშნერმა თქვა ოკუპაციასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კლინტონის ვიზიტს, ჩემი აზრით, ეს იყო შიდაამერიკული პრობლემების მოსაგვარებელი ტურნე - კლინტონმა ობამას პოლიტიკურ ოპონენტებს ამით აჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ობამას ადმინისტრაციას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები არ დავიწყებია, რომ რუსეთთან ურთიერთობის განახლება არ ნიშნავს პოსტსაბჭოთა ზონაში "ძველი მეგობრების" რუსეთთან პირისპირ დატოვებას.

ოკუპაციასთან დაკავშირებული ხმამაღალი ფრაზებიც სწორედ ამ ოპონენტების გასაგონად ითქვა. ეს არ გახლდათ რეალური ბრძოლა ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად. როგორც  კუშნერმა განაცხადა, რეალური შედეგების მისაღწევად იარლიყების ხმარება საჭირო არ არის და თუ საქმის გაკეთება გსურს, ეს სხვაგვარადაც შეიძლება.

- სხვათა შორის, ამ ვიზიტების დროს კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნებოდა: კლინტონი და სიკორსკი ოპოზიციის მხოლოდ კონკრეტულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც კი თქვა, საქართველოს ახლანდელ და მომავალ ხელისუფლებას ვხვდებიო, რითაც დანარჩენი ოპოზიციის გულისწყრომა გამოიწვია. ამავე დროს, კუშნერმა ფართო სპექტრთან დიალოგი არჩია და რუსეთთან ურთიერთობაში მხარდაჭერასთან ერთად, ქართველებს დემოკრატიის სწავლისკენაც მოგვიწოდა.

- კლინტონის ოპოზიციასთან შეხვედრა მსჯელობის საგანი გახდა იმიტომ, რომ ჩვენც არ ვართ ჩვეული მაღალი რანგის ვიზიტებისას ოპოზიციის ასეთ შევიწროებას - ეს პირველი ფაქტი იყო. მაგრამ მე მაშინ სწორედ ის ვიფიქრე, რომ  კლინტონი თავისი გუნდის პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოვიდა და შესაბამისად, სხვა კუთხით, მისი ვიზიტი მომზადებული არც იყო.

ამიტომ მან ნაკლები ყურადღება მიაქცია საქართველოს საშინაო ვითარებას. სხვათა შორის, მან ანალოგიური შეცდომები დაუშვა როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთსა და პოლონეთში. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ ამ მხრივ კლინტონის ვიზიტი საერთოდ არ იყო მომზადებული. ამიტომაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტურნეს მასპინძელ ყველა ქვეყანაში სტანდარტულ ფრაზებს ამბობდა - მაგალითად, განვითარებულ დემოკრატიაზე, რასაც საქართველოში დიდი რეაქცია არ მოჰყოლია, აზერბაიჯანის ოპოზიცია კი ისტერიკაში ჩავარდა.

ჩვენ ალბათ, უკვე ყური მივაჩვიეთ ზრდილობის გულისთვის დემოკრატიის ქებას. ამიტომაც მგონია, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური თემატიკა ამერიკისთვის უცხო იყო, რასაც ვერ ვიტყვით კუშნერზე, აქ უფრო ფართო ინტერესები იდგა - ამაზე მეტყველებს შეხვედრზე მისულ ოპოზიციასთან საუბრის ხანგრძლივობა. კლინტონის შეხვედრა მის მიერ შერჩეულ ოპოზიციასთან თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, კუშნერმა კი ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან საუბარს გაცილებით მეტი დრო დაუთმო.

ევროპის სახლში მან ფაქტობრივად, პოლიტიკური ანალიზი წარმოადგინა, რასაც ვერ ვიტყვით ჰილარი კლინტონის ქართველ ქალბატონებთან შეხვედრაზე. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელები "კარგი ბიჭები" არიან და ამერიკელები "ცუდები" - უბრალოდ, ამ ვიზიტებს ფუნქციონალურად სხვადასხვა ამოცანა ჰქონდა.

სავარაუდოდ, თუკი დღის წესრიგში დგას რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხი, ალბათ, შუამავლის როლს აქ ფრანგული მხარე იტვირთებს, რომელმაც ეს ფუნქცია შესანიშნავად შეასრულა 2008 წელს. თუ როლები მართლაც ასეა გადანაწილებული, ბუნებრივია, ევროპისა და ამერიკის შეთანხმებასთან გვაქვს საქმე.

ასეთ შემთხვევაში, ზოგადდასავლურ პოლიტიკაში ამერიკულ და ევროპულ ვიზიტებს სხვადასხვა დატვირთვა და ფუნქცია ჰქონდათ.

- ამ თვალსაზრისით საინტერესოა პიტერ სემნების ვიზიტი სოხუმში. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზებს კონკრეტული პროგრამების განხორციელება შესთავაზა ეკონომიკური, სატრანსპორტო და განათლების სფეროებში. ევროპა, გარდა კონფერენციებისა და მოლაპარაკებებისა, კონკრეტულ ქმედებებზეც გადადის?

- სავარაუდოა, რომ სწორედ ევროპა აღმოჩნდება მედიატორი და გამტარი იმ პროგრამისა, რომელიც იაკობაშვილის უწყებამ წარმოადგინა - ცხადია, ის უშუალო კონტაქტში აფხაზებთან და ოსებთან ვერ შევა, ეს კონცეფცია ვიღაც მესამემ უნდა შეიტანოს. როგორც ჩანს, ამ ფუნქციას ევროპა შეასრულებს და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ევროპას რუსეთთან გადატვირთვის ამოცანა არასოდეს დასდგომია, მათ იმ დონის დაძაბულობა არასოდეს ჰქონიათ, როგორიც ამერიკასა და რუსეთს.

შესაბამისად, ამერიკა საქართველოსა და რუსეთს შორის მომრიგებლის როლს ვერ ითამაშებს - ის კვლავაც რუსეთის პოლიტიკურ კონკურენტად რჩება და მოსკოვს ყოველთვის ექნება განცდა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს მხოლოდ საქართველოს და თავის სასარგებლოდ აკეთებს.

ასე რომ, ფუნქციები სწორად არის განაწილებული: ამერიკა მხოლოდ "მიმწოლი" შეიძლება იყოს და პოლიტიკური წნეხი განახორციელოს რუსეთზე. საფრანგეთი და ევროკავშირი კი უფრო რბილი პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან და სამშვიდობო ტიპის ინიციატივებსაც ისინი აიღებენ თავზე.

- გასულ კვირას, ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტთან მომზადებულმა ინტერვიუმ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: აქ საუბარი იყო ფლოსტებზე, ხალათზე, ეს-ემ-ესებზე. რისი ჩვენება უნდოდა ამით სააკაშვილს? რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია? რატომ? ფიქრობს, რომ ის ვინმეს არაჩვეულებრივი ჰგონია?

- შესაძლოა, საქართველოსთვის ეს უცნაური იყო, მაგრამ სულაც არ იყო უცნაური სააკაშვილისთვის. როგორც ჩანს, მან საზოგადოებასთან ურთიერთობის  ამერიკული სტილი არჩია, როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ, ამომრჩეველმა სხვა კუთხიდან შეხედოს მის ცხოვრებას და დაინახოს, როგორც უბრალო ადამიანი - რომ მას ჩვეულებრივი მობილური აქვს, რომ ფლოსტებისა და პრეზიდენტის ერთად ხსენებაც შეიძლება და ასე შემდეგ…

- აქვე სხვა ფაქტორებიც გამოჩნდა. "ეჭვი" მანამდეც არსებობდა, ახლა კი თავად დაადასტურა, რომ მონაწილეობს კონცერტების დაგეგმვასა და მომღერლების შერჩევაში, არქიტექტორებთან ერთად განიხილავს, შენობას სად ფანჯარა ჰქონდეს და სად აივანი, თანაც ეს-ემ-ესების მეშვეობით. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტს ამისთვის უნდა ეცალოს?

- როგორც გითხარით, ეს სტილი სააკაშვილისთვის მისაღებია, ოღონდ რამდენად არის მისაღები საქართველოსთვის, საკითხავია-მეთქი. პოლიტიკური ელიტა ამას ხშირად არ უწევს ანგარიშს. სამწუხაროდ, მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე არ ემთხვევა ხალხისას, რაც ხშირად კრიტიკის საბაბი ხდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი - ვეჭვობ, სააკაშვილი ისე ფიქრობდეს, როგორადაც თავი წარმოაჩინა, თითქოს ყველგან და ყველაფერშია ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ენერგია ამის საშუალებას აძლევს.

არსებობს ასეთი დარგი - "მართვის ფსიქოლოგია", სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ

მმართველს უნდა შეეძლოს ყველაფერში ჩართვა, მაგრამ არ უნდა ერთვებოდეს, რათა უფრო დაბალი რანგის მენეჯერებმა მართვის ხარისხი შეინარჩუნონ და მასზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.

ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შემიძლია გავიხსენო სტალინის მმართველობიდან. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, გენერალიტეტთან შეხვედრას ის ყოველთვის თავისი მოსაზრების წარდგენით იწყებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ეკითხებოდა აზრს დანარჩენებს.

ცხადია, სხვებიც უპირობოდ ეთანხმებოდნენ. შედეგად კი რამდენიმე სერიოზული სტრატეგიული მარცხი განიცადა. ამის შემდეგ შეცვალა პოლიტიკა სტალინმა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გენერლები თუთიყუშებივით არ მსხდარიყვნენ - ჯერ მათ ეკითხებოდა აზრს და მერე თავისას ამბობდა. ამას აკეთებდა უახლეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი დიქტატორიც კი.

როდესაც წამდაუწუმ ერევი ხელქვეითების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი ხელმძღვანელზე დამოკიდებულნი ხდებიან და შედეგად ვიღებთ არა მენეჯერთა სისტემის მუშაობას, არამედ ერთი კაცის გადაწყვეტილებებს, რომელიც შეცდომებისგან დაზღვეული არასოდეს იქნება.