ყვარყვარიზმს ჩვენი საზოგადოება ვერ შეეგუება - კვირის პალიტრა

ყვარყვარიზმს ჩვენი საზოგადოება ვერ შეეგუება

პუტინის მოდელი საქართველოში იქნება ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციის შექმნა იქნება საუკეთესო მოდელი, რასაც კი შეიძლება მივაღწიოთ ამდენი მტრობის შემდეგ

გასული კვირა საქართველოში "მსხვილფეხა" მოხელეების დაწიოკებით დაიწყო. მთავრობის სხდომებზე პრეზიდენტის "სამეურნეო მანერები" საეჭვოდ არაპრეზიდენტული ჩანდა.

წესით, მინისტრებსაც, მათ მოადგილეებსაც და დეპარტამენტის თავმჯდომარეებსაც პრემიერ-მინისტრი უნდა აკონტროლებდეს, აქებდეს და აკრიტიკებდეს კიდეც, მაგრამ, სანამ გულის გულში საქართველოს პრეზიდენტი "იმ" გადაწყვეტილებას მიიღებს და მმართველობის გახანგრძლივებაში პუტინს გაეჯიბრება, შესაძლოა, ახალი ამპლუის მოსინჯვა უნდა, - ჩვენი პრეზიდენტი მეტად ენერგიული კაცია და ხომ შეიძლება პრემიერობა მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს?! პარალელურად დიდი ზარ-ზეიმითა და შემართებით ემზადებიან ახალი კონსტიტუციის მისაღებად, - აგვისტო პროექტის საჯარო-საზოგადოებრივი განხილვის თვედ გამოცხადდა.

რა დაგიმალოთ და, მანამდე აგვისტო ჩემთვის დასვენებისა და განტვირთვის თვე იყო და ვშიშობ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვისაც, მაგრამ ჩვენ ხომ ინოვაციური ხელისუფლება გვყავს: სავსებით შესაძლებელია, პლაჟებზე ხმის გამაძლიერებლები დაამონტაჟონ და საბჭოთა დროში რომ აცხადებდნენ, "გავიდა ხუთი წუთი, გადაბრუნდითო", ახლა გამოაცხადებენ: "თავი მეხუთე, ხელისუფლების გადანაწილება. გადაბრუნდით".

ამასობაში კი, სანამ ქართველები გაგანია აგვისტოში ნაციონალების კონსტიტუციას ვეცნობით, ცივილიზებული მსოფლიო რაციონალიზმის მწვერვალებს იპყრობს, რაც მთავარია, საქართველოს მაგალითზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თბილისში სულ "ოკუპაცია-ოკუპაციას" ძახილით ჩამოვიდა. ქართველები ხომ დავმშვიდდით და გულზე მოგვეშვა,  ამასთან, არც მოსკოვ-ვაშინგტონის დაახლოების პოლიტიკა შენელებულა. მეტიც, თეთრმა სახლმა იმდენს მიაღწია, რომ აჰმადინეჟადმა მედვედევს სულ მოღალატე უძახა.

კლინტონის ვიზიტს საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოჰყვა. კუშნერმა საუცხოო რაღაცები ილაპარაკა და ისიც თქვა, მე ახლა ოკუპაცია-მოკუპაციაზე დემაგოგიას არ მოვყვები, მაგრამ რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოსო. რა მოხდა ამის შემდეგ? - რა და, სარკოზიმ განაცხადა, რომ რუსეთთან საბოლოოდ შეთანხმდნენ "მისტრალის" ტიპის სამხედრო ხომალდების მიყიდვაზე. ორს "გაუხვევენ" და გამზადებულს გაატანენ, ორსაც, ასწავლიან და რუსეთშივე ააწყობინებენ. აი, ასე: ჩვენც კმაყოფილი ვართ, რუსებიც, ფრანგებიც და ამერიკელებიც.

ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ კმაყოფილება მოგებაზეა: ვაშინგტონს რუსეთის სახით თეირანთან პარტნიორი ჰყავს. პარიზმა გაგანია კრიზისში მილიარდებიანი კონტრაქტი გაანაღდა და ჩვენ? - ჩვენთან, ახალგორის რაიონში, რუსები მალე სამხედრო ქალაქის მშენებლობას დაასრულებენ. ამბობენ, უზარმაზარი ქალაქიაო, პოლიგონებითა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ციმბირიდან ცოლ-შვილიანად ჩამოყვანილ  ათასობით ვანია-ოფიცერს უკან სასწაული თუ დააბრუნებს. როგორც ჩანს, ჩვენც ისღა დაგვრჩენია, სასწაულის იმედად ვიყოთ.

უფრო დაწვრილებით ჩვენს აწმყოსა და მომავალზე პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- "მთავრობაში ხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზა მახათის ერთ ადგილზე გაყრაა", - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბოლო დროს პრეზიდენტი დიდმოხელეებს დაერია. ყველაზე საინტერესო კი ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეზე დატეხილი რისხვა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მან კანონი არ დაარღვია და ინვესტორებს ის არ მიჰყიდა, რაც მას არ ეკუთვნოდა. რისი მიღწევა უნდა ამით პრეზიდენტს? ინვესტიციების მოზიდვა თუ საზოგადოებისთვის იმის დანახვება, რომ მთავრობის სარეველასგან გასაწმენდად უკან არაფერზე დაიხევს? ამით ხომ საზოგადოების წინაშე თავისთავად სარეველას არსებობასაც აღიარებს?

- ბატონებს შიგადაშიგ უყვართ ხოლმე ყმების დაწიოკება. მთავარი ის კი არ არის, მართლაც სცოდავს რომელიმე მინისტრი თუ არა, მთავარია, ბატონმა ბრჭყალები გამოაჩინოს და ქვეშევრდომებს თავისი თავი და ძალა შეახსენოს. ეს ტიპური ავტორიტარული მექანიზმია: მინისტრები (განსაკუთრებით - ახალდანიშნულები) ან ცაში უნდა აიყვანო, ან მიწაზე დასცე. ორივე ტაქტიკას ერთი ეფექტი აქვს: ზრდის მმართველისადმი უპირობო მორჩილების ხარისხს. დავაკვირდეთ: დღეს "მახათის გაყრაში" დადანაშაულებული მინისტრები გუშინ სანიმუშო მინისტრები იყვნენ, პრეზიდენტისგან შექებითა და სხვადასხვა ჯილდოთი შემკულნი.

მე არ მახსოვს სამთავრობო როტაციებში არც ერთი შემთხვევა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს დასაბუთებული, კომპეტენტური არგუმენტებით გაეკრიტიკებინოს რომელიმე მინისტრი და, რაც მთავარია, გაკრიტიკებულ მოხელეს მისცემოდა თავის დაცვის საშუალება. საქმე გაცილებით მარტივადაა: საჭიროა რომელიმე მინისტრი გენიოსი იყოს? იქნება; საჭიროა რომელიმეს გამათრახება? - გამათრახდება! არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას აკეთებს.

არა აქვს მნიშვნელობა, გუშინდელი იუსტიციის მინისტრი ხვალ თუ განათლების და მეცნიერების მინისტრად მოგვევლინება, ხოლო ზეგ - ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრად. ხშირად მინისტრი ნომინალური ფიგურაა და მის გასაკეთებელ საქმეს სხვაგან, მაგალითად, თავისუფლების ინსტიტუტში”აკეთებენ. ამიტომ საზოგადოებისათვის ბურუსითაა მოცული მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა. არავინ იცის, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ არის მართლაც კარგი და ვინ ცუდი მუშაკი, ვინ რატომ მოჰყავთ და ვის რატომ უშვებენ. მინისტრთა კაბინეტის შეჯანჯღარებას ახლა უკვე სხვა "სუნიც" ასდის: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის როლს ირგებს, ამისთვის გადის ტესტირებას.

- გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიის ქსელში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაუქმება და უნივერსიტეტებთან მათი მიერთება იგეგმება. გასულ კვირას პრეზიდენტმა ისიც ბრძანა, რომ ჩვენი პრიორიტეტი საინჟინრო ტექნოლოგიებია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კი სოციუმი აიძულო, რა უნდა ისწავლოს მასობრივად? თუმცა სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ სავალდებულო არ არის ყველა უმაღლესდამთავრებული იყოს.

- საქართველოში მოქმედ იმ უნივერსიტეტებს, რომელთაც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს უერთებენ (უპირველესად ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და ილიას უნივერსიტეტებს ვგულისხმობ), ე.წ. კვლევითი ინსტიტუტობის პრეტენზია აქვთ (ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ამ უნივერსიტეტებში მოქმედებს სადოქტორო პროგრამები, რომლებიც, ძირითადად, სამეცნიერო კვლევებზეა ორიენტირებული), მაგრამ კვლევითი მიმართულებები ძალზე სუსტად აქვთ განვითარებული (ყოველ შემთხვევაში, თსუ-ში ასეა), - უნივერსიტეტი არ აფინანსებს სერიოზულ კვლევებს;

პროფესორის დატვირთვა (შესაბამისად, ხელფასიც), ძირითადად, სასწავლო კომპონენტზე (ლექცია-სემინარების ჩატარებაზე) ნაწილდება; პროფესორის სურვილის გათვალისწინებით სიმძიმის ცენტრი სწავლებიდან კვლევაზე არ გადადის (აქედან გამომდინარე, არ არსებობს “"მკვლევარი პროფესორის" სტატუსიც, რაც ჩვეულებრივი რამ არის ბევრ წამყვან დასავლურ უნივერსიტეტში).

ცხადია, იმის თქმა არ მინდა, რომ უნივერსიტეტში პროფესორების ნაწილი სამეცნიერო კვლევებს არ ატარებს, მაგრამ ეს არის მათი ექსტრასაქმიანობა, საკუთარი სამეცნიერო ინტერესების დამოუკიდებლად რეალიზება და არა უნივერსიტეტებისგან მომდინარე ინსტიტუციური ვალდებულება. ამდენად, თავისთავად განზრახვა იმისა, რომ უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალი გამდიდრდეს კვლევით ინსტიტუტებში არსებული კვალიფიციური პერსონალიებით, ტექნიკური ბაზით, ინოვაციური საპროექტო იდეებითა და სხვ., უცხო და მადისკრიმინებელი არ არის.

თუმცა, იმაში, როგორც ეს განზრახვა რეალიზდება, ბევრი რამ მიუღებელია. მაგალითად, გადაწყვეტილებას, თუ რომელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ვის უნდა მიუერთდეს, იღებენ “"ზემოთ"; შესაძლოა, კვლევით ინსტიტუტებთან დისკუსიები კი გაიმართოს, მაგრამ ეს ხდება პოსტ ფაქტუმ, ანუ დისკუსიები არ ეხება იმას, რომელი უნივერსიტეტის სტრუქტურის ნაწილი ხდება ესა თუ ის ინსტიტუტი, არც იმას, შედის თუ არა რომელიმე კვლევითი ინსტიტუტის ინტერესებში უნივერსიტეტებთან მიერთება. არადა, ვფიქრობ, ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

მთავარი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან მიერთება მექანიკური იქნება, თუ არ შეიცვალა თავად უნივერსიტეტების სტრატეგია. კერძოდ, სწავლებასთან ერთად, კვლევა უნდა გახდეს საუნივერსიტეტო საქმიანობის ფუნდამენტური და თანაბარუფლებიანი ნაწილი. ეს სასწავლო პროცესსაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს, რადგან კვლევის შედეგები ჩაერთვება სწავლებაში.

- კონსტიტუციის პროექტის საჯარო-საზოგადოებრივი განხილვა აგვისტოში მოეწყობა. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? თავად პროექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

- აგვისტო მკვდარი სეზონია, ამ თვისადმი დომინანტური მოლოდინი რელაქსაციას, განტვირთვას უკავშირდება. საშვებულებოდ გამზადებულ ჩემოდანში, ვთქვათ, აკა მორჩილაძის ახალ რომანს ჩააგდებ და არა კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტს. ამიტომ, ცხადია, ეს თვე საამისოდ სრულიად არაეფექტურია. მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის. ერთი წუთით თვალი გადავავლოთ საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენას:

ხელისუფლებას ძალაუფლების ყველა რგოლში ხელთ უპყრია მართვის სადავეები; თბილისიც კი, რომელიც აუღებელი ციხე იყო ხელისუფლებისთვის, აღებულია, ხოლო არჩევნებში გაფარჩაკებული ოპოზიცია შოკისგან გაბრუებულია და მარცხს მძიმედ ინელებს. რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს, ისინი ბრაზს სამზარეულოებსა და სხვა ტერიტორიებზე აფრქვევენ და გაბითურებული პოლიტიკოსებისკენ აღარ იხედებიან.

მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ 2-3 წელიწადში ხელისუფლებას არაფერი ემუქრება, შეუძლია მშვიდად ითამაშოს ცარიელ მინდორზე. ერთადერთი, რასაც პრინციპულად შეუძლია შეცვალოს ვითარება, არის თავად ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დაუშვას საბედისწერო შეცდომები (მაგალითად, იმდაგვარი, როგორიც იყო 7 ნოემბერი და აგვისტოს ომი). ღრმად ვარ დარწმუნებული, კონსტიტუციის ისეთი ვარიანტის ამოქმედება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სააკაშვილს, დიდი ვადით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება და გაიმეოროს პუტინის მოდელი საქართველოში, იქნება ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა.

ეს კიდევ ერთხელ გამოაღვიძებს საპროტესტო ენერგიას საქართველოში. ქართველი საზოგადოება შეიძლება ბევრი თვალსაზრისით და სამართლიანადაც აკრიტიკო (განსაკუთრებით, - დემოკრატიის გადმოსახედიდან), მაგრამ ძნელია, მას ყვარყვარიზმთან იოლად შეგუება დააბრალო. არ მინდა ვიყო გულუბრყვილო ოპტიმისტი და ვთქვა, რომ ხელისუფლებას ეს პროექტი ასი პროცენტით ჩაუვარდება, მაგრამ ის კი შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ამისათვის არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

- სოხუმის რეჟიმის შეფასებით, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კოსოვოს შესახებ ერების თვითგამორკვევის უფლება დაადასტურა. არადა, მათი მფარველი რუსეთი სასტიკად გმობს ამ გადაწყვეტილებას. მეტიც, აცხადებს, რომ ამას არასოდეს შეუერთდება. ამავე დროს კი ახალგორის რაიონში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს რუსული სამხედრო ქალაქის მშენებლობა.

- რუსეთი ახალს არაფერს აკეთებს. რუსული პოლიტიკა  ეფუძნება იმპერიალისტურ ლოგიკას, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ლოგიკისაგან ძალზე შორსაა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება (რომელიც, პრინციპში, იყო პასუხი გაეროს გენერალური ასამბლეის  კოსოვოს საკითხზე შეკითხვაზე), რომ საერთაშორისო სამართალი არ შეიცავს დამოუკიდებლობის თუნდაც ცალმხრივად გამოცხადების აკრძალვას, რუსეთს აშინებს თავის იმპერიაში სეპარატისტული პროცესების შესაძლო პროვოცირების გამო.

თუმცა, იმავე იმპერიის ფაქტობრივი გაფართოებისთვის რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ სამართლებრივ ნორმას გადააბიჯოს.

რუსეთის ორმაგი, სამმაგი და ათმაგი პოლიტიკის მოთოკვას ცივილიზებული ქვეყნები და სტრუქტურები ცდილობენ, მაგრამ, ტემპი, ცხადია, სასურველისგან შორსაა.

- გასულ კვირას საქართველოს კონფლიქტების მოგვარების მორიგი გეგმა გავრცელდა: აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების, ასევე დევნილებისთვის მშობლიურ კუთხეში ცხოვრების უფლების სანაცვლოდ თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და კონფედერაციაზე დათანხმდეს. რამდენად რეალურია ეს გეგმა? თუ სატყუარის გამოჩენამდე რუსეთი სხვადასხვა ვარიანტს სინჯავს?

- ჯერ ერთი, დამოუკიდებელი სახელმწიფო და კონფედერაცია განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის ცნებებია. კონფედერაცია მასში შემავალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ხარისხს უზრუნველყოფს, მაგრამ სტრატეგიულ სფეროებში (მაგ., თავდაცვის, საგარეო ვაჭრობის, მონეტარული პოლიტიკის) ცენტრალიზებულ მართვას ეყრდნობა. კონფედერაციის კლასიკური და ცოცხალი მაგალითია შვეიცარია, რომელიც კონფედერაციულობის შვიდსაუკუნოვან ისტორიას ითვლის.

ცხადია, არავის მოუვა აზრად, რომ შვეიცარიის რომელიმე კანტონს (ასეთი კი 26-ია!) დამოუკიდებელი სახელმწიფო უწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს მუდმივი კონსტიტუციური (თანაც - თანაბარი!) სტატუსი და დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციის შექმნა იქნება საუკეთესო მოდელი, რასაც კი შეიძლება მივაღწიოთ ამდენი მტრობის შემდეგ. ფედერაციასა და უნიტარულ სახელმწიფოზე (სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებით) ორიენტაციის აღება არათუ არარეალური, არამედ უსამართლოც კია. კონფედერაცია საუკეთესო და ღირსეული გამოსავალია.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სრულფასოვანი კონფედერაცია მასში შემავალ სახელმწიფოთა თანაბარ(!) სამართლებრივ სტატუსს გულისხმობს. არის კი ამისთვის ქართული სახელმწიფო მზად? არ ვიცი, უფრო - არა.