თუ ეს "მრავალჭიპიანი" სამყარო შენი სამშობლოა - კვირის პალიტრა

თუ ეს "მრავალჭიპიანი" სამყარო შენი სამშობლოა

"შეიძლება იყოს 20 წლის გენიალური ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ა.შ., მაგრამ არ შეიძლება იყოს 20 წლის გენიალური მმართველი"

"დანტეს რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი ენახა, თავის ჯოჯოხეთს მეათე გარსს დაუმატებდა"

ზაფხული "გავივაკეთ" და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო და უფრო დუნე ხდება. თუმცა ჩვენი პრეზიდენტისა თუ მინისტრების წყალობით ალაგ-ალაგ ხალისნარევი სკანდალი მაინც გამოკრთება ხოლმე. მაგალითად, ტურიზმის აღორძინების თავგანწირული მცდელობის გზაზე პრეზიდენტმა აღმოაჩინა, რომ თურმე ქართველი მებაჟეები ზედმეტად მკაცრები და პედანტები ყოფილან. რა დაგიმალოთ და, ეს ამბავი პირადად ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა. ერთხანს უცხოეთში მოგზაურობა მთლად პრეზიდენტივით არა, მაგრამ მეც საკმაოდ ხშირად მიწევდა.

ევროკავშირის ქვეყნებში ყველა შემსვლელს ჩანთებს მართლაც არ უჩხრეკენ, მაგრამ მათ საბაჟოს ისეთი კონცეფცია და ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, რომ ვერც აკრძალული ნივთისა თუ ნივთიერების შეტანას მოახერხებს ვინმე მალულად. არადა, ქართველი მებაჟეებისაც მესმის, - ერთხანს დღე არ გავიდოდა, სატელევიზიო აკომპანემენტის თანხლებით ორი მებაჟე მაინც რომ არ დაეჭირათ უყურადღებობის, სამსახურებრივი გულგრილობის, გადაცდომისა თუ გადმოცდომის გამო. ჰოდა, გაშმაგდა ხალხი, - პირადი ნივთები კი არა, ლამის ფრჩხილზე წასმული მანიკიურიც დაუბეგრონ.

ახლა ეუბნებიან, ისე უნდა გაისუსოთ, ქვეყანაში შემომსვლელმა თქვენი არსებობა ვერ გაიგოსო. რა ქნას საწყალმა მებაჟემ? არც გაფრინდეს, არც მოფრინდეს?! ვშიშობ, ასეთ ამოცანას თავს ვერ გაართმევენ და ისეთი საბაჟო გვექნება, აფრიკის ბევრ პოსტკოლონიურ ქვეყანაში რომ მინახავს: საკუთარ მოქალაქეებს მებაჟეები ლამის მათრახით დასდევენ ხოლმე, უცხოელებს კი ყვავილებით ხვდებიან. ოღონდ უცხოეთს გააჩნია, - ამერიკელსა და ბრიტანელს "შალახოსაც" უცეკვებენ, გერმანელსა და ფრანგს მხოლოდ უმღერებენ, ჩვენისთანა პატარა ქვეყნის შვილებს კი ღიღინს დააჯერებენ. ასეა თუ ისე, სააკაშვილი კვლავაც თავისი გუნდის წევრების დაწიოკების ხასიათზეა და მომავალ კვირას ვისი ტელეშერცხვენის მოწმენი გავხდებით, არავინ იცის. მაგრამ პრეზიდენტს ფავორიტებიც ჰყავს.

თანაც, ვერა ქობალიამ იოლად აუღო ალღო ჩვენი მთავრობის გენერალურ ხაზს. როდესაც მინისტრობა შესთავაზეს, სავარაუდოდ, შეიცხადებდა, მინისტრობისთვის კომპეტენცია არ გამწვდებაო. ჰოდა, პრეზიდენტი, თავის მხრივ, დაამშვიდებდა, რა პრობლემაა, ჩვენთან მთავრობაში ყოფნა ძალიან ადვილია. თუ რამე იქნა, ეგრევე რუსეთს დააბრალებ ყველაფერსო. ჰოდა, მომხიბვლელმა მინისტრმაც "ჯოკერი" პირველივე საჭიროებისას გამოიყენა. ეგ არის, წამდაუწუმ ვერ გამოიყენებს. ისედაც, სულ ორი არსებობს თამაშში.

დაწვრილებით ქართული ყოფის პერიპეტიებზე საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის ექსპერტ ნოდარ კაპანაძეს ვესაუბრებით:

- საქართველოს პრეზიდენტმა საბაჟო სამსახურის გაუმართაობის გამო მთავრობის წევრებს უსაყვედურა და შემოსავლების სამსახურის უფროსს ჰკითხა, შეუმოწმებიათ თუ არა მათთვის ჩანთები ევროპულ ქვეყნებში სტუმრობისას? უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი პრეზიდენტმა იკითხა, - "აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?". ამ გამონათქვამმა არა მხოლოდ ქართული, დასავლური პრესის ფურცლებიც შემოიარა. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა მხოლოდ საკუთარი თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში?

- საბაჟოზე მართლაც კატასტროფული მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით - სარფის. არ ვიცი, რა ხდება ახლა, მაგრამ შარშან თავიდან ბოლომდე გავიარე ეს "სასიამოვნო" პროცედურა. მე დანტეს ნიჭი არა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დანტეს რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი ენახა თავის ჯოჯოხეთს მეათე გარსს დაუმატებდა და სწორედ სარფის საბაჟოდან დაიწყებოდა. შევეცდები, მოკლედ აღგიწეროთ გრძნობათა გამა, რაც ამ "სასიამოვნო" პროცედურის დროს დამეუფლა:

1. შეურაცხყოფის გრძნობა - რამდენიმე დღით თურქეთში დასასვენებლად ყოფნის შემდეგ სამშობლოში ვბრუნდები. აქ ჩვენი ძვირფასი მებაჟეები როგორც გამოცდილ კონტრაბანდისტს, ისე მხვდებიან, გამომეტყველებით - "გაები?!"

- და მიჩხრეკენ იმ ერთ სპორტულ ჩანთას, სადაც წვერის საპარსი მოწყობილობა, ფოტოაპარატი და ტანსაცმელი აწყვია. შეურაცხყოფის გრძნობა აუცილებლად დარჩება ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ადამიანს;

2. სირცხვილის გრძნობა – ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება საზღვარზე გადასვლისას გექმნება, - შთაბეჭდილება კატასტროფულია.

მე და ჩემს თანამემამულეებს ამით ვერ გაგვაკვირვებენ. გალაკტიონის ენით რომ ვთქვათ, "რომელთაც გვახსოვს დღე უარესი", ანუ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება და მხოლოდ გვეწყინება, მაგრამ რას ერჩი იმ უბედურ უცხოელს, რომელსაც შემთხვევით ვაჟას ან გალაკტიონის ლექსები ჩაუვარდა ხელთ ან იქნებ გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებები წაიკითხა და მოდის, თავისი აზრით, ცა ფირუზ-ხმელეთ- ზურმუხტში და აგერ საბაჟო, რომელიც ქედუხრელი სახით მოითხოვს წინდების (შესაძლოა, ნახმარის) განბაჟებას. ამ დროს სირცხვილი ნამდვილად დაგეუფლება;

3. შიშის გრძნობა - შეიძლება მოგაქვს პატარა სუვენირი, რომელიც მებაჟეს 300 ლარზე მეტი ღირებულებისად მოეჩვენა.

ამას უნდა მოჰყვეს განბაჟების პროცედურა და ნერვების მოშლა. შიში ამ დროს ნებისმიერ ადამიანს გაჰკრავს გულში, - "მე არაფერი მაქვს განსაბაჟებელი, მაგრამ იმას რომ მოეჩვენოს?!"

4. ბრაზი - უპირველეს ყოვლისა, ეს  რიგის "დამცველი" ქართველების განსაკუთრებული ნიჭით არის განპირობებული. ისეთი სანდომიანი ღიმილით ჩაგივლის და შენზე წინ წავა, აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ.

არადა, თვითონ დარწმუნებულია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ის ხომ სამყაროს ჭიპია. წარმოიდგინეთ, სამყაროს ამდენი ჭიპი ერთ პატარა გასასვლელთან რომ მოიყრის თავს. ასეთი მრავალჭიპიანი სამყაროს ხილვა ერთობ თვალსასეიროა, თუ ამას შორიდან უყურებ, მაგრამ ვერაფერი სიამოვნებაა, თუ ეს "მრავალჭიპიანი სამყარო" შენი სამშობლოა და აქ გიწევს ცხოვრება.

ბუნებრივია, გებადება კითხვა: სად მიაგნეს ასეთ საკადრო საგანძურს? წლების განმავლობაში საბაჟოზე ასეთი ვითარება იყო და პრეზიდენტმა ახლა შეიტყო? "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", მაგრამ "ძალიან გვიან" და "არასდროს" თითქმის სინონიმებია.…

რაც შეეხება ფერადკანიანთა მეტაფორულ მოხსენიებას, არა მგონია, რასისტული მიზნით ეთქვა. დამეთანხმებით, ეს გამოთქმა პრეზიდენტს არ გამოუგონია, საქართველოში ხშირად გვხვდება და ცხადია, სხვა კონტექსტით. ყველა-ყველა და, რასიზმს ქართველებს ვერავინ დაგვწამებს. სააკაშვილმა ეს ფრაზა დაუფიქრებლად წამოისროლა, შემდეგ გარემოებები ერთმანეთს დაემთხვა და შედეგად რეზონანსის ეფექტი დადგა.

ამიტომაც ზოგჯერ იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ "ვინ" ამბობს, ვიდრე იმას, თუ "რას" ამბობს. რომაელები კი ამბობდნენ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო, მაგრამ ჩვენს დროში, ვფიქრობ, პირიქით არის, - ზესტაფონელმა ვალოდია სირბილაძემ რისი უფლებაც შეიძლება თავს მისცეს, გნებავთ, ყოფაქცევითა და გნებავთ, სიტყვა-პასუხით, ის მინისტრსა და მით უმეტეს, პრეზიდენტს, არ ეპატიება. მიზეზი კი მარტივია:

ჩვენგან უტრირებული ვალოდია სირბილაძე უარეს შემთხვევაში თავისი ოჯახის სახეა, უკეთეს შემთხვევაში კი - ზესტაფონისა. აი, პრეზიდენტი კი, უნდა თუ არა, სრულიად საქართველოს წარმოადგენს, თავისი წარსულითა და აწმყოთი, ამიტომ ყოველი სიტყვისა და ნაბიჯის აწონა მართებს. თორემ უხერხულობა მეტისმეტად ინდივიდუალური შეგრძნებაა და ამ განცხადების შემდეგ ჩემი ურთიერთობა ევროპოიდული, მონგოლოიდური და ნეგროიდული რასების წარმომადგენლებთან არ გაუარესებულა.

- ვერა ქობალია უარყოფს კანადურ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ბიოგრაფიის გაყალბების თაობაზე და აცხადებს, რომ ის კანადურ ტელეკომპანია ""გლობალ-თივიში" ნამდვილად მუშაობდა. მომხიბვლელმა მინისტრმა ყველაფერი დააბრალა რუსეთის ბოროტ ხელისუფლებას, რომელსაც თურმე არ სურს, ქართველმა მინისტრებმა საქმე აკეთონ. მინისტრმა იმავე არგუმენტით ახსნა ფოტოსურათების გავრცელებაც, სადაც თავის დასა და მეგობარ გოგონებთან ერთად ღამის კლუბში ცეკვისას არის აღბეჭდილი.

- არა მგონია, 17,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე განფენილ რუსეთის ხელისუფლებას ვერა ქობალია ადარდებდეს. რაც შეეხება 29 წლის ქალისა თუ კაცის მინისტრად დანიშვნას, შემიძლია გითხრათ, რომ არის პროფესიები, სადაც სიმწიფე ასაკთან ერთად მოდის. შეიძლება იყოს 20 წლის გენიალური მათემატიკოსი (მაგალითად, ლაიბნიცი, იუნგი, გალუა), 20 წლის გენიალური ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ა. შ., მაგრამ არ შეიძლება იყოს 20 წლის გენიალური მმართველი, გენიალური მოსამართლე, გენიალური იურისტი, გენიალური პედაგოგი. მიზეზი მარტივია: ეს დარგები დიდ გამოცდილებას მოითხოვს.

ამიტომაც არის, რომ ყველგან, ზღაპრებშიც, ჩვენს წარმოდგენებშიც და სხვაგანაც სიბრძნე ყველაზე მაღალ კორელაციაშია ასაკთან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სულელი ბებერი და ჭკვიანი ახალგაზრდა, მაგრამ სიბრძნის უფრო მაღალი ალბათობა ასაკოვან ხალხშია. განათლება არ ნიშნავს სიბრძნეს, მართვას კი უფრო მეტად სიბრძნე სჭირდება, ვიდრე ჭკუა. ერთი კარგი ჩინური ანდაზაა, თუ რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ჭკვიანი და ბრძენი: ჭკვიანი პოულობს გამოსავალს რთული ვითარებიდან, ბრძენი კი რთულ ვითარებაში არ ხვდება.

- 2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქართულ სკოლებში ასეთი წესების დამკვიდრება?

- არა მგონია, ეს ის ერთადერთი რამ იყოს, რაც დღეს ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ.

ყველაზე მეტად მათ წიგნი აკლიათ, წიგნიერება. დავუკვირდეთ მათ საუბარს არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ იმასაც, რაც ტელეეთერიდან იფრქვევა. მაშინვე ყურში მოგხვდებათ ლექსიკის უკიდურესი სიღარიბე და ლამის ნორმად დამკვიდრებული ჟარგონი.

როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი? მიზეზი იგივეა, რამაც ჟარგონი წარმოქმნა, ჟარგონი კი ლექსიკის სიმწირის და დაბალი წიგნიერების შვილია, თან, აყვანილი კი არა, ღვიძლი. ამიტომაც ძალიან გამიკვირდება, თუ ამ ღონისძიებას დადებითი შედეგი მოჰყვება განათლების სისტემისთვის. შეიძLლება მანდატურებმა სკოლაში წესრიგი მართლაც დაამყარონ, მაგრამ თუ მხოლოდ ეს გვჭირდება და სხვა არაფერი, მაშინ ამ ლოგიკით ყველაზე მოწესრიგებული და სტაბილური სასაფლაოა, მაგრამ იქ, მოგეხსენებათ, წინსვლა არ არის, ახალი არაფერი იქმნება.

- ყველას გვახსოვს ტელეკადრები, სადაც ბაგრატის ტაძართან სააკაშვილი რამდენიმე ახალგაზრდას ეკითხება, გინდათ ტაძრის აღდგენაო? მათგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი აღდგენა ბრძანა. გასულ კვირას იუნესკომ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა, რადგან მე-10 საუკუნის ტაძარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობა მიუღებლად მიაჩნია. როგორ ფიქრობთ, ძველი დროის ტაძრები არსებული ნანგრევების სახით უნდა დაკონსერვდეს და შესაბამისად, სამუზეუმო ექსპონატად იქცეს, თუ ისტორიულ ღირებულებაზე მთავარი აწმყოში შესასრულებელი ფუნქციაა?

- ბაგრატის ტაძარი ის ძეგლია, რომელთანაც ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ყველას.

ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ ისეთი ხანგრძლივი ისტორია, როგორიც ჩვენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ისტორია შეიქმნან. ბაგრატის ტაძარი კი ისტორიაა და თან, დიდი. ამიტომაც მისი ბეტონით და 28-მილიმეტრიანი პროფილირებული არმატურით დამახინჯებას ისევ დაკონსერვება სჯობს. თუ მაინცდამაინც აღდგენა გინდა, ზუსტად იმავე ტექნოლოგიით უნდა აღადგინო, როგორითაც თავის დროზე ააშენეს.