ასეთი პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, ათაყვანებს ჩვენს ახალგაზრდებს - კვირის პალიტრა

ასეთი პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, ათაყვანებს ჩვენს ახალგაზრდებს

წელს ეროვნულ გამოცდებს სწორედ ის თაობა აბარებდა, რომლებსაც პრეზიდენტმა პატრიოტთა ბანაკებში ბუჩქებისკენ მოუწოდა

ტურიზმი ძალიან ხანგრძლივი ბიზნესია და მისი უკუგების ხარისხი სულ ორიოდე პროცენტია

რუსული ენა სამხრეთ ოსეთში მალე მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდება, ასე ცდილობს კოკოითი პატრონთა რისხვისგან გადარჩენას. არადა, აგვისტოს მოვლენებიდან ორი წელი გავიდა, ცხინვალელი დაზარალებულები კი კვლავ კარვებში არიან.

მიუხედავად ამისა, კოკოითის სანერვიულო, ალბათ, არაფერი აქვს, რადგან კრემლი მორჩილებას გულუხვად უფასებს, ვიცე-პრემიერ შუვალოვის კრიტიკის მიუხედავად (რუსული ფულის შეჭმას არავის ვაპატიებთო), პუტინმა დიდსულოვნად გაიღო მორიგი ათი მილიარდი რუბლი მომავალი ბიუჯეტიდან. ფულის გაფლანგვაზე ლაპარაკობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც, თუმცა აქ ტერმინოლოგია უფრო დახვეწილია, - "არამიზნობრივი ხარჯვის" გამო გასულ კვირას სამინისტროში პროკურატურამ დაიწყო მუშაობა.

როგორც ჩანს, მოქმედ და ყოფილ მინისტრებს "რამდენიმე" არასასიამოვნო კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან საუბარი ორი წლის წინანდელი აგვისტოს მოვლენებით დავიწყეთ.

- ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, განვლილი ორი წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა საერთაშორისო საზოგადოების განწყობა საქართველოსა და რუსეთისადმი?

- ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში  ადმინისტრაცია შეიცვალა. თეთრი სახლის ახალ მესვეურებს რუსეთის მიმართ სრულიად ახლებური მიდგომა ჰქონდათ, მაგრამ ამ ერთ წელიწადში დემოკრატებსაც აჩვენა გამოცდილებამ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერი პარტნიორი არ არის. ალბათ, გახსოვთ, პირველი გამოსვლისას ბარაქ ობამამ ბრძანა, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს გამო არ გაიფუჭებსო, ორი კვირის შემდეგ კი მანვე დიპლომატური ენით თქვა, რომ ერთადერთი, რასაც ვაშინგტონი მოსკოვს არ აპატიებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. დემოკრატებმა "ოკუპაცია" პირველად ახსენეს.

ანუ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ნატოს წევრი ქვეყნები არა მხოლოდ დე ფაქტო, უკვე დე იურე ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ამასთან, რუსეთ-საქართველოს ომი ლატენტურ მდგომარეობაში გადავიდა, - "ცხელი" ომი "ცივი" ომით შეიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა შენარჩუნდება.

- მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მფარველობს სეპარატისტულ რეგიონებს, გასულ კვირას კოკოითის პოლიტიკა რუსეთის შიდასახელმწიფოებრივი გარჩევის საგანი გახდა. ცხინვალში ინსპექტირების მიზნით ჩასულმა ვიცე-პრემიერმა შუვალოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სახსრების უმიზნოდ გაფლანგვას არ დაუშვებს. როგორც ცნობილია, აგვისტოს ომში დაზარალებულ ცხინვალელთა უმრავლესობა კვლავაც კარვებში ცხოვრობს. მოგვიანებით კი პუტინი მაინც დაეხმარა ცხინვალს სოლიდური თანხით.

- არა მგონია, ეს თანხები მხოლოდ კოკოითის ჯიბეში მიდიოდეს. მას ძალიან ბევრი გავლენიანი პირი ინაწილებს, მათ შორის - რუსი დიდმოხელეები, განსაკუთრებით კი სამხედროები.

ინტერნეტწყაროებში ცხინვალის რეგიონსა და კოკოითის რუს გენერლებთან ერთად კავკასიაში ნარკოტიკების ტრაფიკის ერთ-ერთ ბურჯად მოიხსენიებენ.

ამ წყაროების მიხედვით, ნარკოტიკები შემოდის შუა აზიიდან, ყარაბაღის გავლით, შემდეგ ხვდება ცხინვალში, მერე აფხაზეთის გავლით ისრაელში და იქიდან ნაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში. სხვათა შორის, რუსი სამხედროებისა და პუტინის განრისხების ერთ-ერთი მთავარი საგანი ერგნეთის ბაზრობის დახურვა იყო, რადგან ნარკოტრაფიკში ერგნეთის ბაზრობას ძალიან დიდი როლი ჰქონდა. ნარკოტიკის ნაკადი ჩრდილო კავკასიის გავლით კი არა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით  გადიოდა და ეს იაფი გზა გადაეკეტათ.

კოკოითი ცხინვალის მმართველად იმიტომ დასვეს, რომ მაშინ სხვა სანდო პირი ამ სქემისთვის ვერ გამონახეს. თქვენ მოგისმენიათ კოკოითის გამოსვლები და დამეთანხმებით, რომ ის სულაც არ არის ინტელექტუალური ბომბი. ამ კაცის მთავარი "ღირსება" მის მარიონეტობასა და პამპულობაშია. აუწევენ რუსები მარცხენა ძაფს, მარცხენა ხელს ასწევს, მარჯვენა ძაფზე - მარჯვენა ხელს.

რასაკვირველია, ისიც გვარიანად ითბობს ხელს და როგორც გითხარით, არა მხოლოდ დაზარალებულთა ბინების ვითომ მშენებლობით. თუ როგორ უყვართ კოკოითი რუსეთში, ამას ორი წლის წინანდელი აგვისტოს ისტორიაც ცხადყოფს, როდესაც ხუთასი კაციც კი არ აღმოჩნდა მზად, როგორც თავად ამბობდა, საყვარელი პრეზიდენტის დასაცავად. სამაგიეროდ, რუსებისთვის ძალზე ხელსაყრელია დანაშაულებრივი სქემების რეალიზებისათვის კოკოითის ყოფნა ცხინვალში.

მაშინ შეაწმენდენ ხელს სეპარატისტების ლიდერს, როცა დასჭირდებათ, მიტაცებული თანხებიც შერჩებათ და ახალ "კოკოითისთან" ძველ საქმიანობასაც განაახლებენ. მოსახლეობა კი კვლავაც კარვებისა და დაპირებების ანაბარა დარჩება.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უარს ამბობს ხორბლის ექსპორტზე დაბალი მოსავლიანობის გამო. საქართველოში უკვე ლაპარაკია პურის გაძვირებაზე. რამდენად რეალურია ეს პროგნოზი, თუკი რუსეთს უკრაინაც მიემატება?

- ჩვენ გვიყვარს ხოლმე წარმოსახვითი პრობლემების შექმნა და შემდეგ ამით მავანნი სარგებლობენ. მსოფლიოში არსებობს ხორბლის უდიდესი, საერთაშორისო ბირჟები. ალბათ, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ჩინური, მაგალითად, ჯიმჯუს ბირჟა იქნება. იქაური მწარმოებლები მოხარული იქნებიან, თუკი მათ პროდუქციას მყიდველი გამოუჩნდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის წილი ხორბლის მსოფლიო ვაჭრობაში 3%-ზე მეტი არ არის, უკრაინას კი, ფაქტობრივად, წილი არა აქვს. ის, ასე ვთქვათ, ხორბალს სამეზობლოში არიგებს.

რუსეთმა ექსპორტზე უარი იმიტომ თქვა, რომ ჯერ ერთი, მას მთელი ხორბალი ეწვის და შესაძლოა, საკუთარ ლოგისტიკაშიც შეექმნას პრობლემები, მეორე და უმთავრესი კი მენეჯმენტური პრობლემებია - ორიოდე დღის წინ აჩვენეს რუსეთის ტელევიზიით, რომ ნოვოროსიისკის ხორბლის ტერმინალთან ათას რვაასი სატვირთო მანქანაა გაჩერებული და ხორბლის დაცლას ვერ ახერხებენ. როგორც ხრუშჩოვის დროს, ხორბალი ახლაც უთავბოლობის გამო გაუფუჭდებათ.

ასე რომ, ეს უფრო რუსეთის პრობლემა იქნება, ვიდრე საქართველოსი. სახელმწიფოთაშორისი გარიგებით ხორბლის ყიდვას ყოველთვის ჯობს ხორბლის ბირჟაზე ბროკერის დაქირავება. ისინი კი, როგორც გითხარით, ჩინეთშიც არიან, ინდოეთშიც და ამერიკაშიც. ეს გაცილებით უფრო იაფიც იქნება და ხარისხიანიც.

- ჩვენ მივეჩვიეთ (თუნდაც ნავთობის მაგალითი გავიხსენოთ), რომ საერთაშორისო ბირჟაზე ჯერ გამოცხადებულიც არ არის ფასის მატება, ჩვენთან რომ უკვე აძვირებენ პროდუქციას. ხომ შეიძლება ხორბლის ფასსაც იგივე დაემართოს?

- რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში რამდენიმე კომპანიაა, საბოლოოდ, ეს არის მონოპოლიზებული ბაზარი. ასეთ შემთხვევაში კი ფასს ადგენს არა ბაზარი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, არამედ ბაზრის მმართველები. როდესაც ფიუჩერსულ ვაჭრობასთან გვაქვს საქმე, ანუ წინასწარ კონტრაქტებთან, და ნავთობი და ხორბალი ასეთი წესით იყიდება, ეს გასაყიდ ფასზე, მინიმუმ, თხუთმეტ თვეში, მაქსიმუმ, ოცდაშვიდი თვის შემდეგ აისახება.

ასეთია ფიუჩერსული კონტრაქტები, ოღონდ აქაც ნავთობივით ნედლ პროდუქციასთან გვაქვს საქმე და არა მზა საწვავთან, ანუ, ის უნდა გადამუშავდეს კიდეც. შეგახსენებთ, რომ დიზელის საწვავის ფასის სტრუქტურაში ნედლი ნავთობის წილი 50%-ია მხოლოდ, ბენზინში, მაგალითად, "სუპერში" კი 23%-ს არ აღემატება.

ასე რომ, ბირჟაზე ფასის მომატება ფასზე სულ მცირე, ერთი წელი არ უნდა აისახოს. ჩვენთან კი სარგებლობენ ამ სფეროში მოსახლეობის გაურკვევლობით, ტელევიზიები გააჩაღებენ ინფორმაციულ კამპანიებს, რომ ამა თუ იმ პროდუქციის საბირჟო ვაჭრობაზე გუშინ ფასი მომატებულა და მეორე დღეს საქართველოს ბაზარზე იგივე პროდუქცია უკვე გაძვირებულია. შესაძლოა, მონოპოლისტებმა მართლაც ისარგებლონ ამით და პურის ფასი გაზარდონ; შესაძლოა, ხვალ სახელმწიფო დეკრეტიც გამოვიდეს და მთავრობამ განაცხადოს, რომ მან ფასების დარეგულირება გადაწყვიტა. ხომ გახსოვთ ძველი ანეკდოტი მტირალა ბავშვზე, გამდის და ვტირიო, - ჩვენთანაც სწორედ ასეა. გასდით და აკეთებენ!

- მთავრობამ მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დასახა. ბოლო დროს კი საქართველოს პრეზიდენტი ამ სფეროში "მომენტალური სხვაობის" პროპაგანდას ეწევა. მან ჯერ ზღვაში იბანავა, შემდეგ კი მთაში ისრიალა. გააბრწყინებს თუ არა ტურიზმი საქართველოს, სხვა საკითხია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის წნევის მომენტალური ცვალებადობა, ალბათ, მთლად სასარგებლო არ უნდა იყოს.

- ჯობს, ეს პრეზიდენტის ექიმს ჰკითხოთ, ხოლო თუ ტურიზმით ქვეყნის გაბრწყინებაზეა საქმე, მსოფლიო პრეცედენტებით ვიმსჯელოთ: ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი ესპანეთია. ყოველწლიურად მას ორმოცდაოთხი მილიონი ტურისტი სტუმრობს, შემდეგ მოდის საბერძნეთი ოცდათექვსმეტი მილიონი ტურისტით. ასეთი მონაცემები ჩვენ სიზმარშიაც არ გვექნება და მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, ესპანეთიც და საბერძნეთიც ახლა დეფოლტის წინაშე დგანან. ასეთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმში დიდძალი თანხაა დაბანდებული, ამ გზით მიღებული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8%-ს ფარავს.

ტურიზმი ძალიან ხანგრძლივი ბიზნესია და მისი უკუგების ხარისხი სულ ორიოდე პროცენტია. ეს სფერო უფრო საიმიჯოდ არის გამოსადეგი, ვიდრე ეკონომიკურად დასაყრდნობი.

თავად განსაჯეთ, რომელ ქვეყნებშია ტურიზმი დომინანტი და რა მდგომარეობა აქვთ მათ ამჟამად: საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია... მართალია, საფრანგეთში წელიწადში ოცდაოთხი მილიონი ტურისტი ჩადის, მაგრამ ფრანგული ეკონომიკა ამას არ ეყრდნობა. ტურიზმი მას ეხმარება ღვინის, კონიაკის, კოსმეტიკის გაყიდვაში. ტურიზმი იქ უფრო სარეკლამო-მარკეტინგული საშუალებაა, ვიდრე ეკონომიკის ქვაკუთხედი.

ასე რომ, თუ ტურიზმს ჩვენც ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის რეალიზებისათვისთვის გამოვიყენებთ, სხვა საქმეა, მაგრამ საამისოდ სხვა სფეროებიც უნდა იყოს მზად.

- გამოცდების ერთიანმა ეროვნულმა ცენტრმა წელს აბიტურიენტთა განათლების ძალიან დაბალი დონე დააფიქსირა. როგორც ჩანს, განათლების რეფორმა არცთუ შედეგიანი აღმოჩნდა?

- მე უფრო ზოგადად განვიხილავდი ამ პრობლემას. დაახლოებით ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატრიოტთა ბანაკის გახსნაზე პრეზიდენტმა ბუჩქებისკენ მოუწოდა ახალგაზრდებს. მე მეჩვენება, რომ სწორედ ეს თაობა აბარებდა წელს ეროვნულ გამოცდებს. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, ათაყვანებს ჩვენს ახალგაზრდებს. რასაკვირველია, ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს, მაგრამ მე მასობრივ დონეზე ვლაპარაკობ, მის დაბლა დაცემაზე.

ეს არ არის არც ევროპეიზაცია და არც ამერიკანიზაცია. დასავლეთის ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, საშუალო განათლების გამოცდები უმაღლესი დონის არის, იქ მოთხოვნა ძალიან მაღალია. ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტებისგან განსხვავებით, მათ დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლიათ, ჩვენებს კი სწავლის დასრულებიდან კიდევ სამ-ოთხწლიანი პრაქტიკა სჭირდებათ.

ვიმეორებ, ლაპარაკია მასობრივ დონესა და ჩვეულებრივ სკოლა-სასწავლებლებზე, თორემ ზოგიერთ კერძო ქართულ დაწესებულებაში ისეთი დონის სტუდენტიც მინახავს, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც  რომ არ შემხვედრია, როდესაც იქ ლექციებს ვკითხულობდი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა უშედეგო აღმოჩნდა. ეს არამც და არამც არ ითქმის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ამის მომხრე ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში ვიყავი.

აი, საუნივერსიტეტო თუ სასკოლო რეფორმამ კი მხოლოდ უარყოფითი როლი ითამაშა. არაფერს ვამბობ ვიწრო სპეციალობაზე, ზოგადი განათლების დონეც ძალიან დაბლა დაეცა.