"ქვეყანაში "ჯოგური მართლმსაჯულება" ზეობს" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში "ჯოგური მართლმსაჯულება" ზეობს"

"დევნილების გამოძევება მათი შეურაცხყოფის ხარჯზე მიმდინარეობს"

თანდათან, რუსეთისთვის აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ხსენება არახელსაყრელი ხდება...

არჩევნებამდე კეთილი და კონსტრუქციული ხელისუფლების არჩევნების შემდეგ ულმობელ მანქანად გარდასახვას უკვე მივეჩვიეთ. იმასაც მივეჩვიეთ, რომ არჩევნებამდე ყველას ყველაფერს ეკითხებიან (ზოგჯერ ზედმეტადაც), არჩევნების შემდეგ კი არავის სთხოვენ რჩევას, ისე იღებენ გადაწყვეტილებებს. ერთადერთი, რაც გაურკვეველია, ქართველი ამომრჩევლის მეხსიერების ანომალიაა - არჩევნებიდან არჩევნებამდე ავიწყდება, რატომ იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებული... სანამ სააკაშვილი საქართველოში ტურიზმის აყვავებისთვის ზრუნავდა, რუსებმა - უსაქმოდ ხომ არ ვიქნებითო - და აფხაზეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განათავსეს.

ახლა ევროპა ძალზე შეშფოთებულია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - გაოცებული, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავდაჯერებული, რაკიღა მას ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ ორი წლის წინ სცოდნია... რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით აფხაზეთს...

დაწვრილებით, ამ და სხვა მოვლენებზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- საქართველოს რეგიონებში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მთავარ გარანტზე მსჯელობის პარალელურად კი ხელისუფლებამ გარე მოვაჭრეთა ალაგმვა გადაწყვიტა. მმართველ გუნდს აქამდე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. ხომ არ გაჩნდება ახალი ბრალდება სარჩოს მოპოვების უფლების შეზღუდვის სახით?

- ჩვენ მოწმენი ვართ, რომ არა მხოლოდ ბერტოლდ ბრეხტის შეგონებაა აქტუალური დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც ბრძანებდა - ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო, არამედ გარკვეული მოდიფიკაციაც შეიძინა ამ ცნობილმა გამონათქვამმა. შესაბამისად, საქართველოში შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: არჩევნები დასრულდა, არჩეულთა გეშინოდეთ!

თავიდან, არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება შეუდგა იმ მოვალეობების შესრულებას, რასაც თავს არიდებდა ამომრჩეველთან ხანგრძლივი ლაქუცის პერიოდში, რადგან, ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ქვეყნის მოქალაქე და ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სერიოზულ ღირებულებას. იგი მისთვის საინტერესოა მხოლოდ როგორც ამომრჩეველი.

არჩევნების წინ ენის მოჩლექით საუბარი ჩვენს მიმნდობ და პასიურ მოსახლეობას რატომღაც ოცნებათა მორევში ჩაითრევს ხოლმე და ავიწყებს იმ რეალობას, რომელშიც ის არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. ასე მოხდა ამჟამადაც - არჩევნების დასრულებისთანავე, როგორც კი ხელისუფლებამ თავისი გაინაღდა, დაიწყო შეტევა არა მხოლოდ გარე მოვაჭრეებზე, არამედ დევნილებიც გამოდევნეს მათი დროებითი თუ უკვე მუდმივად ქცეული უბადრუკი საცხოვრისებიდან. ეს სხვადასხვა შინაარსის მოვლენა გახლავთ, მაგრამ ფორმა საერთოა - ველური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ.

თუ გვსურს, ქვეყანა განვითარდეს და ტურიზმი მხოლოდ საჩვენებელი ლოზუნგი არ იყოს, რასაკვირველია, იმ ტიპის გარე ვაჭრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქშია, სრულიად მიუღებელია. მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია ის მეთოდები, რომლითაც ამ ყველაფერს წინ აღუდგა მერია. წესით, რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო სერიოზული მუშაობა გარე მოვაჭრეებთან, წინასწარ ყოფილიყო ცნობილი არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის - სად, როგორ, რა ტიპის ცვლილებები იქნებოდა გარე ვაჭრობაში.

ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ორგანიზებულად, გრაფიკისა და სხვადასხვა თარიღის გამოცხადებით... ამის ნაცვლად, ხალხს ისეთი გააფთრებითა და ისე მოულოდნელად დაესხნენ თავს, თითქოს საშიშ დამნაშავეებთან ჰქონდათ საქმე... ან  მერიის უპირველესი ამოცანა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა კი არ იყოს, არამედ თავისი სამსახურების გაწვრთნა მათ დარბევასა და დაწიოკებაში... ეს შეეხება დევნილებსაც, რომლებსაც თითქოს არ ეყოთ ის ტრაგედია, რაც თავს დაატყდათ.

მათი გამოძევება საცხოვრებელი ადგილებიდან მათი გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე მიმდინარეობს ისე, რომ არც მომავალი საცხოვრისია მათთვის ცნობილი და არც ის, რითი უნდა ირჩინონ თავი... სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ხელისუფლებამ თავის მოქალაქეთა უმრავლესობა მუდმივად იძულებით დევნილის რეჟიმში ცხოვრებას მიაჩვია. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ თითქოს უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ დევნილებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაში, მხოლოდ იმ ადამიანთა მცირე ჯგუფზე ვრცელდება, უცხოელთათვის საჩვენებელ-სადემონსტრაციო ადგილებში რომ არიან განთავსებულნი.

სხვა დანარჩენებს არანაირი იმედი არ აქვთ, რომ ხვალ თუ ზეგ მათაც არ გააძევებენ, მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედი ან ამავე ხელისუფლების მიერ სამუდამოდ იყვნენ სადღაც ჩასახლებულნი. ასეთი განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ხელისუფლების ვერაგობა იყო, ის კი, რაც დღეს ხდება, მწარე რეალობა გახლავთ და ნამდვილი სახე არსებული რეჟიმისა.

- გასულ კვირას ჩატარდა სასამართლო ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ბრალდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად მიიღო: ერთნი მიიჩნევენ, რომ დანაშაული დანაშაულია და დამნაშავეს საკადრისად უნდა მიეზღოს; მეორეთა აზრით, ოთხ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ზედმეტი სიმკაცრე იყო, მესამენი ფიქრობენ, რომ აქ დანაშაულთან საქმე არ გვაქვს და პროცესი კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ეკლესიას... თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

- სიმართლის მარცვალი სამივე მოსაზრებაშია. ვთვლი, რომ ის, რაც ტელეკომპანია "კავკასიის" შენობაში მოხდა, ნამდვილად არ ჯდებოდა კანონიერების ჩარჩოში, თუმცა ამ არეულობის გამომწვევი მიზეზები მარტივად და ზერელედ შესაფასებელი არ იყო. ეს არ გახლდათ თვალისა და ყურისთვის შეჩვეული საკითხი და შესაბამისად, დეტალურ და ღრმა გამოძიებასაც მოითხოვდა, რათა მართლმსაჯულებას ამ დელიკატური საკითხის გარჩევისას შეცდომა არ დაეშვა. ნაცვლად ამისა, დაკავებულთა შორის რვიდან ხუთი მაინც აღმოჩნდა ისეთი, ვისაც "კავკასიის" ეზოში განვითარებული მოვლენებისას დიდად არ უაქტიურია.

თუ გინდა ვინმეს სასჯელი გამოუტანო და საზოგადოებამ ეს სამართლის დადგენად მიიღოს, უპირველესად იმაში უნდა დარწმუნდე, რომ მართალი ხარ სამიზნის არჩევისას. რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ამოცნობა სერიოზული სიყალბით წარიმართა და თექვსმეტი პოლიციელი ადასტურებს ამა თუ იმ პირის ბრალეულობას ჩხუბში მაშინ, როდესაც პოლიციის ადგილზე მისვლისას აღარც ჩხუბი იყო და არც რაიმე ტიპის ვიდეოდადასტურება არსებობს.

ამიტომ, როცა მართლმსაჯულებისთვის სულერთია, ვის დასჯის და ქვეყანაში "ჯოგური მართლმსაჯულება"  ზეობს, ეს ნიშნავს, რომ ბოლშევიზმისგან ვერა და ვერ ვთავისუფლდებით. არც ფაშისტები არჩევდნენ განაჩენის გამოტანისას, ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა... მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ძალიან სათუთ მიდგომას საჭიროებდა, ჩვენ ამჯერადაც მოწმენი გავხდით როგორც ჩვენებების, ისე ნივთმტკიცებათა გაყალბებისა. ადვოკატები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც ცნობილნი არიან პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით.

ისინი შოკირებულნი იყვნენ ამ პროცესზე ნანახით... ამიტომ განაჩენს სამართლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ეს ადამიანები წვრილმანი ხულიგნობისთვის დაიჭირეს და თავიანთი უმეცრებით მოსამართლემ და პროკურორებმა სინდისის პატიმრებად აქციეს. იყო თუ არა ეს ხელისუფლების მიზანი, ახლო მომავალი გვიჩვენებს, როცა სააპელაციო პროცესები დაიწყება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება მისივე შიდა სტრუქტურებისგან არ იმართება - დაკვეთები ხელისუფლებისგან მოდის და ისიც ცნობილია, უმეტესწილად ვინ არის სასამართლო პროცესების უზურპატორი...

- გია ხუბუას მოსვლას რექტორის თანამდებობაზე უნივერსიტეტში  საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენები უძღოდა. მის მიერ ამ თანამდებობის დატოვებაც უნივერსიტეტისთვის შეურაცხმყოფელი მოვლენების ფონზე მოხდა... თქვენი აზრით, რამდენად შეეფერება უნივერსიტეტს ის, რაც ქვეყნის მთავარ საგანმანათლებლო ცენტრში ხდება?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ შეეფერება არა მხოლოდ ის, რაც გუშინ და დღეს, არამედ რაც უკანასკნელ წლებში ხდებოდა და ხდება. ესეც ხელისუფლების არჩევანი იყო.

ვიმყოფებით რა საბჭოთა კომუნისტური სისტემის აგიტაციური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, მარტივად ვხვდებით, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა" საკუთარ თავზე აიღო გაზეთ "კომუნისტის" ფუნქცია. საბჭოთა ეპოქაში თუ გაზეთ "კომუნისტში" ამა თუ იმ ფუნქციონერზე კრიტიკას გამოთქვამდნენ, ყველასათვის ცნობილი იყო, რომ მას თანამდებობაზე დარჩენა დიდხანს არ ეწერა.

ახლაც, ხუბუაზე "რუსთავი 2"-ის მიერ" მოწყობილი წინმსწრები შეტევა, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა... ამ ტელეკომპანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამის შემდეგ ბევრის სიმპათია ხუბუას მხარეს აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი სიმპათია მაინც, რისი მოპოვებაც მან თავისი რექტორობის განმავლობაში ვერ მოახერხა. ამიტომ გახდა აუცილებელი წიგნების ქურდობის საკითხის წამოწევაც და უცნაურად მიბმაც თავად რექტორის პასუხისმგებლობასთან.

რასაკვირველია, დოყლაპიობისთვის რექტორმა, რომელიც საცავიდან ასეულობით ფასდაუდებელ წიგნს დაკარგავს, თანამდებობა უნდა დატოვოს, ოღონდ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აჟიოტაჟი ატყდებოდეს. მაგრამ ვერ მიხვდა რა, რაში იყო საქმე, ბატონი ხუბუა ჯერ კიდევ ცდილობდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და თანამდებობის შენარჩუნებას.

თუმცა, როგორც მოგვიანებით კულუარებიდან გახდა ცნობილი, მისი თანამდებობრივი მარცხი უმეტესწილად, მის მიერ 2008  წლის აგვისტოში მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, - მან სერიოზულად გაზარდა პირადი შემოსავალი და აგვისტოს ომის დღეებში თითქოსდა დატოვა საქართველო. არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს, მაგრამ ის, რომ ბატონმა ხუბუამ ამოწურა საკუთარი თავი უნივერსიტეტის დისკრედიტაციის ასპარეზზე, მგონი ყველასთვის ცხადია.  უბრალოდ, კომუნისტური  მეთოდი იყო გამოყენებული, თორემ არა მგონია, მისი შინაარსი დიდ სევდასა და წუხილს იწვევდეს ქართველ საზოგადოებაში.

- "ტელევიზორების თანახმად", ჩვენ საქართველოს ეკონომიკურ-ტურისტული აყვავების მოწმენი ვართ და ზოგჯერ ისეთი განცდაც გვიჩნდება, რომ ამ ყველაფრით მოხიბლულ სეპარატისტებს მალე საქართველოს ფარგლებში დაბრუნების სურვილიც გაუჩნდებათ. რეალობაც არ იშლის თავისას და გასულ კვირას რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, ჩ-300-ის განთავსების შესახებ განაცხადეს. ეს ფაქტი რომ სერიოზული და დამაფიქრებელია, საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქციაც ცხადყოფს...

- ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემთვის უფრო საინტერესო სხვა ფაქტია: როგორც აღმოჩნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას აფხაზეთში ამ სისტემის განთავსების შესახებ ორი წლის წინ სცოდნია. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პროტესტს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ახლა გამოთქვამს.

უკაცრავად, მაგრამ ამერიკა უმალავდა საქართველოს ხელისუფლებას ამას აქამდე, თუ საქართველოს ხელისუფლება უმალავდა თავის მოსახლეობას? ნებისმიერ შემთხვევაში, იქნებ პროტესტის განცხადებამდე ჩვენს საგარეო უწყებას რაღაც კონსულტაციები მაინც გაევლო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რათა ცოტა მორიდებულად მაინც გამოსულიყვნენ შექმნილი მდგომარეობიდან.

როცა თვითონ რუსეთი გეუბნება, მე აქა და აქ რაკეტები დავაყენეო, ამერიკამ კი ორი წელია იცის და ქართულ ხელისუფლებას უმალავს... ალოგიკური ვითარებაა. ვინაიდან ყველაფერი ცხადი არ არის, ამ ფაქტის სრულფასოვანი ანალიზი გაჭირდება თუნდაც  იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, რომელმაც ეს ფაქტი საჯაროდ გამოაცხადა, იქვე აღნიშნა, რომ ეს სისტემა სამხრეთ ოსეთსაც დაიცავს. დღის ბოლოს კი გამოვიდა და ნათქვამი გადააკეთა - რომ მარტო აფხაზეთს დაიცავს და სამხრეთ ოსეთის თემა სამომავლოაო.

უკაცრავად, მაგრამ პირველ შემთხვევაში ის მაინც უნდა განემარტა, სოხუმიდან ცხინვალამდე ტერიტორიაზე ამ სისტემამ რა საქმიანობა უნდა განახორციელოს... გარდა ამისა, როცა თავის ნათქვამს თვითონვე გადათქვამს ამ თანამდებობის კაცი, ძალაუნებურად ჯარისკაცი შვეიკი გვახსენდება და შვეიკის სერიოზულობის მქონე მთავარსარდალი თუ ჰყავს ქვეყნის ხელისუფლებას, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

თანაც ეს კაცი პოლიტიკისგან შორს არის და როგორც ჩანს, თავისით ვერ გაიაზრა, რომ ბოლო დროს, თანდათან, რუსეთისთვის აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ხსენება არახელსაყრელი ხდება... ვფიქრობ, ეს გახლავთ წინმსწრები გაძვირება იმ ვაჭრობისა, რასაც რუსეთის მიერ თუნდაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის უკან წაღება ჰქვია.

ასეთი ვაჭრობის დაწყების წინა პირობები რუსეთსა და ამერიკას შორის სხვაც არსებობს. ცხადია, ეს არ არის ამ ზაფხულს დასამთავრებელი თემა, მაგრამ როგორც კი, ლუკაშენკოს მსგავსად, იანუკოვიჩმაც განაცხადა, რომ არათუ პარლამენტს გადააბარებდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, არამედ არასოდეს შეუერთდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამღიარებელ ქვეყნებს, უმალ გაჩნდა პუტინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალის აღდგენაზე ოცდაექვსი მილიარდი რუბლი ყოფილა დახარჯული.

ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით დაინახა, რომ მისი სამშობლო რუსეთი იწვოდა და ხანძრის ჩასაქრობად მხოლოდ ორი მილიარდი გამოყო. რასაკვირველია, აფხაზეთში გაცილებით მეტი ფული დაიხარჯა. ეს ყველაფერი კი სხვა არაფერია, თუ არა არითმეტიკა "თეთრი სახლისთვის", რათა როდესაც ის სეპარატისტული რეგიონების აღიარების მიუღებლობაზე ილაპარაკებს, ისიც გაითვალისწინოს, რა დაუჯდება რუსეთისგან ამ აღიარების უკან წაღება.

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავად გვეზრუნა რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის აპარატურის შეძენა-დამონტაჟებაზე, ხახამშრალები,  აფხაზეთში განთავსებული რუსული სისტემის ანაბარა დავრჩით. ერთადერთი, რაც უნდა გვაიმედებდეს, ის არის, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის და ამ სისტემების განთავსება, საფრთხის ქვეშ, ზოგადად, შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც აყენებს.