"კონფედერაციის იდეა საფუძვლიან განხილვას იმსახურებს" - კვირის პალიტრა

"კონფედერაციის იდეა საფუძვლიან განხილვას იმსახურებს"

"როდესაც ყველაფერი ცხადად ჩანს, "ნე ვიჟუს" გაკეთება სისულელეა"

"ჩვენი უბედურება ის არის, რომ ვერ შევქმენით სახელმწიფო მოხელეთა ფენა"

"ხელშეკრულება ბაქოსა და ანკარას შორის ერთგვარი ბარიერია რუსეთისთვის"

თეირანმა საზეიმოდ აღნიშნა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ამუშავება, რომელსაც ხელისუფლება ირანის ისლამური რესპუბლიკის მტრებზე გამარჯვებად მიიჩნევს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა პირობა დადო, რომ მალე ირანში ურანის გადამამუშავებელ რამდენიმე ქარხანას ააშენებს. როგორც ჩანს, თეირანს დიდად არ აღელვებს დასავლეთის შიში, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს და არც ისრაელის მუქარის გამო დაუხევია უკან. ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს ირანი რუსეთთან ერთად გაუწევს ექსპლუატაციას, მეტიც, სადგური საწვავს რუსეთიდან მიიღებს(!).

ასე რომ, აშშ-თან გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს ხელს არ უშლის, ირანთანაც იმეგობროს და კავკასიის რეგიონშიც გაიძლიეროს გავლენა, რისი კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის პირველი პირის ერევანში ჩასვლა იყო. გასულ კვირას პრეზიდენტმა მედვედევმა კიდევ მრავალი წლით დააკანონა რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში, რასაც ოფიციალური თბილისის საპასუხო გზავნილი მოჰყვა საქართველოსა დაA აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ.

კავკასიის რეგიონსა და მის სამეზობლოში დიდი პოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, საქართველოში კი "დიდი პოლიტიკა" დაჩრდილა ბათუმში გეიაღლუმის ჩატარება-არჩატარების გამო ვნებათაღელვამ და დევნილებისა და გარე მოვაჭრეების პროტესტმა, რომელიც პოლიციამ ისე "ოსტატურად ჩააცხრო", რომ გასაცოდავებული ხალხის ცემა-ტყეპა ცენტრალური ტელეარხების ეთერშიც კი ვერ მოხვდა(!). გეიაღლუმის ჩატარების მოსურნეთათვის კი ცივი შხაპი იყო საპატრიარქოს მიმართვა, რომელსაც გაფრთხილება ახლდა, - არ დაუშვათ სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, თორემ თავზე მოიწევთ ღვთის დიდ სასჯელს, რომელიც ქვეყანაზეც გადავაო.

გასული კვირის ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

- ბუშერის ატომური სადგურის გაშვების პარალელურად უკვე ლაპარაკობენ იმ საფრთხეზე, რომელიც ისრაელისაგან არის მოსალოდნელი. როგორ ფიქრობთ, მართლაც მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ასეთ რადიკალურ ზომას მიმართოს?

- ისრაელმა მსოფლიო არაერთხელ დაარწმუნა, რომ ექსტრემალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. იყო შემთხვევა, როდესაც სამი სუვერენული სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართლის ნორმები და ერაყის მთავრობის სურვილს, შეექმნა ბირთვული იარაღი, მასირებული დაბომბვით უპასუხა;N მეორედ მოსადმა საფრანგეთის ნავსადგურებში ააფეთქა ბირთვული იარაღის დანადგარების გენერატორები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უნდა გაეტანათ; მესამედ ისრაელმა სუვერენული სახელმწიფოების საზღვრები დაარღვია და უგანდაში თავისი მძველები გაათავისუფლა.

მაგრამ ახლა სხვა დროა - 20-30 წლის წინ, როდესაც ისრაელი თავისი ინტერესების დასაცავად მეტად რადიკალურ ზომებს მიმართავდა, ისლამური ექსტრემიზმი მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იყო, არც "ალ-ქაიდა" არსებობდა და არც ბინ ლადენს ჰქონდა გავლილი ამერიკული სკოლა. ამიტომაც ტეხასელი კოვბოივით მოქცევა ისრაელს შერჩა. დღეს ირანზე შეტევა კატასტროფული შეცდომა იქნება.

ამით არაფერი შეიცვლება, თუ ირანს არა, ხვალ სხვა ისლამურ ქვეყანას გაუჩნდება ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არასანქცირებულ საჰაერო შეტევას ირანზე აუცილებლად  მოჰყვება ისლამური რადიკალიზმის აბობოქრება. ევროპის ქალაქებში ყოველდღე იქნება მოსალოდნელი ტერორისტული აქტი, რომლისაგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საეჭვოა, ირანის დაბომბვას დაეთანხმონ ოფიციალური ვაშინგტონი და პრეზიდენტი ობამა, რომელიც ნიუ-იორკში ცათამბჯენების ადგილას მეჩეთის აშენებასაც აპირებს ისლამის მიმდევრების შემოსარიგებლად.

ვაშინგტონის არაოფიციალური თანხმობის გარეშე კი ისრაელი ვერ გაბედავს ირანზე შეტევას.

მძიმე ვითარებაში ხომ ისრაელს მუდამ ვაშინგტონის იმედი აქვს, ბოლოდროინდელ ომებში მისი გამარჯვებაც მეტწილად ამერიკის დახმარებამ განაპირობა. ამერიკამ უსასყიდლოდ აუნაზღაურა ისრაელს ყველა ომში დაკარგული ტექნიკა. ისრაელი ყოველ წელს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს იღებს ვალად აშშ-ისგან, მაგრამ სენატი და კონგრესი რომელიმე სენატორის ან კონგრესმენის ინიციატივით ისრაელს ვალებს ჩამოაწერს ხოლმე. ისრაელისათვის სტრატეგიული რესურსია ებრაული ლობი, მაგრამ მის გავლენას გასდევს წითელი ხაზიც, რომლის გადაკვეთაც მას სტრატეგიულ ჯართად აქცევს.

ახლა რუსეთი ფრთხილად იქცევა და ამიტომაც შეაჩერა ირანისთვის C-300-ის მიყიდვა. აშშ ფიქრობს, რომ ირანს რაკეტები ბირთვული ობიექტების დასაცავად სჭირდებოდა, რუსეთის აზრით კი, რადგან თავდაცვითი იარაღის მიყიდვას უკრძალავენ, ე. ი. ირანზე დარტყმა იგეგმება. თავდაცვითი იარაღი მაპროვოცირებელია, - როდესაც საპასუხო დარტყმის არ გეშინია, დიდია ცდუნება, თავად დაარტყა მოწინააღმდეგეს.

ისლამური სამყარო ისეთი ფენომენია, რომელთან ურთიერთობის მოდელიც ცივილიზებულ დასავლეთს, სამწუხაროდ, არ გააჩნია. სადაც ჩავიდა მაჰმადიანი, თავისი კანონები და ადათ-წესები ჩაიტანა. ხომ ხედავთ, საფრანგეთის სკოლებში მაჰმადიან ქალებს თავსაბური ვერ მოხადეს?

ისრაელი ირანზე დარტყმით მთელ ისლამურ სამყაროს შეურიგებელ მტრად მოიკიდებს.

თუმცა ისტორია სავსეა უაზრო ომების მაგალითებით. Aასეთი იყო 2008 წლის აგვისტოს ომიც. თვით რუსეთშიც კი დაობენ, მოიგეს თუ წააგეს ამ აგრესიით.

- რუსეთი ძალზე აქტიურობს კავკასიის რეგიონში. პრეზიდენტი მედვედევი სოხუმის შემდეგ სომხეთში ჩავიდა რუსული ბაზის ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად. რუსეთს უკრაინის თანხმობით კიდევ დიდხანს ეყოლება ფლოტი შავ ზღვაში. რა მიზანს ისახავს რუსეთის ასეთი აგრესიული მანევრები?

- რუსეთმა სახიფათო პოლიტიკური თამაში წამოიწყო გეოპოლიტიკური გავლენის გასაზრდელად. მედვედევის სოხუმში ჩასვლა რუსული "ნაჯახისებური პოლიტიკის" კარგი მაგალითია. სინამდვილეში მან რევიზია ჩაატარა, - დროის უმეტესი ნაწილი გუდაუთის სამხედრო ბაზაში გაატარა და რუსი სამხედროები დაამშვიდა. ახლა კი გიუმრიში ჩავიდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიქმნა ახალი სამხედრო ოკრუგი "სამხრეთი", რომელიც გარდა ჩრდილო კავკასიისა, მოიცავს აფხაზეთს, ცხინვალს და გიუმრის სამხედრო ბაზებსაც. ეს უკვე აღარ არის ერთი სახელმწიფოს სამხედრო ბაზა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხედრო ოკრუგის პატრონაჟში ამ ბაზების შეყვანა ნიშნავს არაპირდაპირ დათქმას, - ეს ჩემი გავლენის ტერიტორიააო.

საქართველოსათვის ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს რეგიონში სიმშვიდე მაინც არ ელოდება. ამის პირველი მანიშნებელია ბაქოში თურქეთისა დაA აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და დახმარების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში  "დახმარება", ცხადია, არ გულისხმობს ექსტრემალურ ვითარებაში გაზისა და ნავთობის მიწოდებას. აქ უპირველესად სამხედრო დახმარება უნდა ვიგულისხმოთ. ხელშეკრულება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი ბარიერია რუსეთის გავლენისა და სამხედრო აქტიურობის ზრდისათვის.

რუსეთის სამხედრო ექსპანსიონიზმი ისეთი ტემპით მიდის, რომ მას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ანალოგიური ქმედებები.

- გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ ტექნიკური საკითხები უკვე ჩამოყალიბებულია, ახლა ის დიპლომატიური მოლაპარაკების საგანიაო.

- გასულ კვირას თურქეთის პრესაში დაიბეჭდა სტატია, რომელსაც მიკვირს, რომ ქართველი არც ე.წ. პოლიტოლოგები გამოეხმაურნენ, არც სამხედრო ექსპერტები და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტატიაში ლაპარაკია კონფედერაციაზე თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შემადგენლობით. არ ვეთანხმები ოპოზიციას, რომ პრეზიდენტის განცხადება კონფედერაციის თაობაზე ემოციური და, ასე ვთქვათ, სიტყვას მოყოლილია. ჩემი აზრით, ეს იყო დიპლომატიური ზონდაჟი, რომელიც საჯაროდ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახმაურდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ თემაზე თბილისი, ანკარა და ბაქო დიდი ხანია კულისებს მიღმა მსჯელობენ.

კონფედერაცია სულაც არ ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებას. კონფედერაციის სუბიექტი სუვერენიტეტს ინარჩუნებს, თუმც უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონფედერაცია და ფედერაცია კარგი ცხოვრების შედეგი არ არის. რასაკვირველია, სჯობია, არავისზე იყო დამოკიდებული და ისე ცხოვრობდე, როგორც საჭიროდ მიიჩნევ, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან, რისკებიდან და კავკასიაში არსებული პოლიტიკური პასიანსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კონფედერაციის იდეა საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რუსეთის პოლიტიკური კურსის გამო კონფედერაციის იდეა სულაც არ არის ეგზოტიკური.

ის უფრო სერიოზულ მიდგომას იმსახურებს, ვიდრე აქუბარდიას ტელეეთერში მსჯელობა, ეს იქნება კატასტროფა, რომელიც ქვეყანას დაშლისო. ამ საკითხს ყოველმხრივი დამუშავება და გათვლა სჭირდება, რისკები, პლუსები და მინუსები იუველირის სასწორზე უნდა აიწონოს. ამას არც ხელაღებით უარყოფა სჭირდება და არც რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპარანტებით სირბილი ამ იდეის ხორცშესხმის მოთხოვნით.

კარგი იქნებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე აკადემიურ საზოგადოებასთან ემსჯელა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც უწევს სამეცნიერო და პოლიტიკური წრეების აზრისათვის ანგარიშის გაწევა.

კისინჯერი მემუარებში წერს, ვიეტნამის ომის დროს უოლტერ ლიპმანმა, ცნობილმა ჟურნალისტმა და საერთაშორისო მიმომხილველმა, "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სვეტით მე და ნიქსონს რამდენჯერმე შეგვაცვლევინა გადაწყვეტილებაო. ჩვენთან არის ასე? საქართველოში ძლიერი ოპოზიციაც არა გვყავს და ამიტომაც არ უწევს მას ხელისუფლება ანგარიშს.

- მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, დაჩქარებულად განიხილავენ კონსტიტუციის ახალ ვარიანტს. როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრმა პირდაპირ მითხარით, - ამ კონსტიტუციის მიღება სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვებას ემსახურება?

-  ახალი კონსტიტუცია 2013 წელს შევა ძალაში, როდესაც სააკაშვილი უკვე პრეზიდენტი აღარ იქნება. მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს შანსი აქვს, 2016 წელს პრემიერ-მინისტრი გახდეს. სამი წელი, 2013-დან 2016 წლამდე, ლუფტია. თუ ოპოზიცია ძლიერი იქნება და არა ისეთი, როგორიც Dდღეს არის, მას წარმატების შანსი აქვს.

2013-დან 2016 წლამდე სააკაშვილი "უმუშევარი" იქნება და ოპოზიცია უნდა ეცადოს, უმუშევარ კაცს მოუგოს არჩევნები.

ერთი შვილი მყავს და შემიძლია დავიფიცო, - ჩვენს კომისიას (საკონსტიტუციო კომისიის პოლიტიკის პროგნოზისა და ანალიზის ჯგუფს ვხელმძღვანელობ) სააკაშვილისგან რაიმე დაკვეთა, ეს ასე და ასე უნდა იყოსო, არ მიუღია.

კომისიამ უარყო თავისუფლების ინსტიტუტისა და კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა მიმართ ხელისუფლება, სავარაუდოდ, სიმპათიით უნდა ყოფილიყო განწყობილი და მიიღო მეტ-ნაკლებად დაბალანსებული კონსტიტუციის პროექტი. არ არის გამორიცხული, 10-15 წლის შემდეგ ისევ დადგეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხი. ის, რაც 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, შესაძლოა, დღეს რეალობად გვექცეს.

5 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ბათუმში გეიაღლუმის ჩატარების საკითხი დადგებოდა, მაგრამ დღეს ხომ დადგა? საქართველო ტრადიციებმა გადაარჩინა, ამიტომ ისევ ტრადიციების დამცველად უნდა დავრჩეთ. რასაც, ვთქვათ, ამერიკა და გერმანია აიტანენ, იმას საქართველო ვერ გაუძლებს. მსგავსი მანკიერებების გაპიარება ჩვენი სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი დარტყმა იქნება.

- გასულ კვირას პარლამენტთან დევნილებისა და გარე მოვაჭრეების აქცია პოლიციამ დაშალა. ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "კავკასიამ" ეს გააშუქეს, მაგრამ ცენტრალურმა ტელეარხებმა - არა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პრობლემა წაყრუებით ვერ აღმოიფხვრება.

- ძალიან ცუდია, რომ ეს ინფორმაცია ცენტრალურ ტელეარხებზე არ გაშუქდა. მომხდარის დამალვა იმდენად ეწინააღმდეგება საინფორმაციო ომის ყველა კანონს და იმდენად არარაციონალურია,  არა მგონია, ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან წამოსულიყოს ეს დირექტივა. ცენტრალურ ტელეარხებს, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს აქცია უნდა ეჩვენებინა და საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. როდესაც ყველაფერი ცხადად ჩანს, "ნე ვიჟუს" გაკეთება სისულელეა.

დევნილების სადმე კომპაქტურად დასახლება აუცილებელია. არ შეიძლება დედაქალაქმა 200 ათასი დევნილი შეინახოს. მაგალითად, აზერბაიჯანს მილიონი დევნილი ჰყავს, მაგრამ ბაქოში არავინ ცხოვრობს. შევარდნაძე დანაშაულს გრძნობდა დევნილების წინაშე და ამიტომაც გასცა განკარგულება, დევნილებს უფლება აქვთ, ყველა თავისუფალ შენობაში შევიდნენო.

თავზარდამცემი იყო, ბოტანიკის ინსტიტუტში, ნიკო კეცხოველის საწერ მაგიდაზე, ცეცხლს რომ ანთებდნენ დევნილები და ღომს ხარშავდნენ. ეს ხალხი წინა ხელისუფლების მსხვერპლია და დამნაშავე არაფერშია. მათი და გარე მოვაჭრეების პრობლემა კომპლექსურად არის გადასაჭრელი. მაგრამ როგორ? რა თქმა უნდა, არა ხალხის დარბევით. ხელისუფლება მხოლოდ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არ არის.  ხელისუფლება ჩინოვნიკთა უზარმაზარი არმიაა.

ხომ ხედავთ, საფრანგეთიდან ბოშებს როგორ მშვიდად, აქციების გარეშე ასახლებენ. ე.ი. მოახერხა საფრანგეთის მთავრობამ, ჩინოვნიკთა არმიამ, ბოშებთან მოლაპარაკება და ქვეყნიდან უპრობლემოდ გაყვანა. ჩვენი უბედურება კი ის არის, რომ ვერ შევქმენით სახელმწიფო მოხელეთა ფენა და ვერც შეიქმნება ისეთი პოლიტიკით, როდესაც ყველა ახალ მინისტრს თავისი გუნდი, სინამდვილეში კი უბნისა და სკოლის ძმაკაცები მოჰყავს სამსახურში.

ევროპაში ზოგიერთ ჩინოვნიკს 10 მინისტრი ჰყავს გამოცვლილი. ჩინოვნიკს, პროფესიონალს, ევროპაში არ ეშინია ახალი უფროსის მოსვლის. სანამ ჩვენთანაც ეს წესი არ დამკვიდრდება, მანამდე გაგრძელდება ექსცესები და გაურკვევლობა.

გამიკვირდა პურის ასე უეცრად გაძვირება, რადგან ქვეყანაში ხორბლის რამდენიმე თვის მარაგი გვაქვს. ველოდი, რომ პურის ფასი მარაგის შემცირებისას, ოქტომბერში, აიწევდა, მაგრამ ჩვენთან ცხოვრების წესად იქცა სიძვირე. ძვირდება ბენზინი და წამლები, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში იაფდება. სამწუხაროდ, ამითაც უცნაური და გამორჩეული ქვეყანა ვართ.