"ხელისუფლება ერთმანეთის გამომრიცხავ გეგმებს სახავს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ერთმანეთის გამომრიცხავ გეგმებს სახავს"

"ჩვენ ჯერ ისიც ვერ დაგვიდგენია, გლობალური უსაფრთხოების რომელ ზონაში მოვიაზრებთ თავს"

ირანის და მსგავსი თემებით ვაჭრობა უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე რამე შედეგის მომტანი

ალბათ, მხოლოდ ქართველს შეუძლია, წავიდეს მარცხნივ და თან მარჯვნივ იმოძრაოს; ავიდეს მაღლა ისე, რომ თან ქვემოთ ჩამოდიოდეს... უფრო სწორად რომ ვთქვათ, მოძრაობა კი არა, - ასეთი მოძრაობის დაგეგმვა შეუძლია. სწორედ ამგვარ რთულ კომბინაციას წარმოადგენს - "შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით, აღმოსავლეთ ევროპაში "აწყობილი", - რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა. სანამ "როლს-როისში" "ჰონდას" მცირელიტრაჟიან ძრავას ჩავდგამდეთ და მთებში სამოგზაუროდ(!) წავიდოდეთ, ქვეყანაში ელემენტარული ყოფითი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

ცხადია, შვეიცარიაში პურს და ტუალეტის ქაღალდს სარეცხის ფხვნილთან ერთად ქუჩაში არავინ ყიდის, იმიტომ კი არა, რომ ეს სასტიკად არის აკრძალული,  უბრალოდ, საამისოდ არ უჭირთ. და საერთოდაც არ უჭირთ  - არც პენსიონერები ჰყავთ სამადლოდ მიტოვებული და არც დევნილები... მოკლედ, როგორც ჩანს, იძულებითი რომანტიზმის ტყვეობაში ვცხოვრობთ. ამასობაში კი ჩვენი ყოფილი პარტნიორები პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევენ.

პოლონეთის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, ის არსად აპირებს წასვლას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ასე სურს. მოდი და, გაამტყუნე... პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- პოლონური გაზეთის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქართველებს თქვენი იმედი ისევე ჰქონდეთ, როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის დროსო, პრეზიდენტმა კომოროვსკიმ უპასუხა, - "ამ თვალსაზრისით ალბათ - არა. მე არ წავალ საზღვარგარეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტს სურს. ასეთი პასუხის გამო პროტესტის ნიშნად პოლონელმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. საქართველოში კი პოლონეთის საგარეო პოლიტიკური "გემოვნების" შეცვლაზე ალაპარაკდნენ - ცხადია, რუსეთის სასარგებლოდ. არის მოსაზრება, რომ ეს უფრო პრაგმატული აზროვნების შედეგია, ვიდრე ორიენტაციის შეცვლის.

- პოლონეთის გადართვა რუსულ ორბიტაზე, ისევე როგორც უკრაინისა, ჩემი აზრით, უფრო პროპაგანდის ნაწილი და მავანთა ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალობა. ეს ორივე ქვეყანა, თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაში. მათ კარგად ესმით, რომ დღევანდელი სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, რომ ერთ კონკრეტულ გეგმაში იყვნენ ჩაწერილები... მათ უარი თქვეს ცივი ომის რიტორიკაზე და უფრო დაბალანსებული პოლიტიკისკენ გადადგეს ნაბიჯი. ეს კი, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა საღი, პრაგმატული პოლიტიკის წარმოების შედეგი.

რაც შეეხება პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, გარკვეულწილად, ხშირ შემთხვევაში, ის მანიპულაციის საგანი იყო  და ამას ყოველთვის აღნიშნავდა პოლონური პოლიტიკური ელიტა. თუნდაც  მარტო იმ ფაქტის გახსენება რად ღირს, როდესაც კაჩინსკის დელეგაცია საქართველოს კონფლიქტის ზონაში მგზავრობისას სროლაში მოყვა. ეს იყო ძალიან სახიფათო ინციდენტი, რადგან მაშინ შორს მიმავალი პროვოკაცია შეიძლებოდა მომხდარიყო, ძალზე სერიოზული უარყოფითი შედეგებით როგორც პოლონეთისთვის, ისე საქართველოსთვის.

მაშინ გადავრჩით. პოლონეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა უბრალოდ ის თქვა, ჩვენ ვიღაცის პიარსქემებში ვერ მოვთავსდებით და მხოლოდ იმის გამო არ წავალთ სადღაც, რომ საქართველოს პრეზიდენტს ასე სურს, რათა მერე ამაზე ააგოს შიდაპოლიტიკური პროპაგანდა და საზოგადოებას თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს უთხრას, პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთი ჩემ გვერდით არიანო. გასაკვირია, რომ ამაში მონაწილეობის სურვილი ახალ პრეზიდენტს არ აქვს? ასე რომ, არავითარი რუსულ ორბიტაზე გადასვლა ამ განცხადებაში არ ჩანს.

მეტიც - კომოროვსკიმ ისიც განაცხადა, რომ  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს და პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობისთვისაც მზად არის. ანუ, მზად არის, იყოს პარტნიორი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და არა მავანთა პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რისი მცდელობაც საქართველოში არაერთგზის ყოფილა.

გვახსოვს პარლამენტის წინ "სარკო-სარკოს" ძახილი და ისიც, რომ სარკოზი მაშინ ხალხთან არ გამოვიდა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ რუსული ორიენტაციისაა და საფრანგეთი რუსეთის ორბიტაზეა? - ცხადია, არა. უბრალოდ, სარკოზი მიხვდა, რომ ამით მას ვიღაცა თავისი პიარისა და სკამის გასამაგრებლად გამოიყენებდა. მაშინ არავის უთქვამს, რომ სარკოზი პრორუსია. ფაქტობრივად, ეს ფაქტიც ძალიან ჰგავს კომოროვსკის შემთხვევას.

- ბოლო ორი კვირაა, გარევაჭრობასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა არ ცხრება. რამდენად არის მზად ქართული ეკონომიკა ან სოციალური ვითარება საიმისოდ, რომ ვაჭრობის ეს ფორმა აიკრძალოს?

- გარევაჭრობას იმ სახით, როგორიც ჩვენთან იყო, გნებავთ, მოსახლეობის, გნებავთ, სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დადებით მოვლენას ნამდვილად ვერ დავარქმევ. კონკურენციის თვალსაზრისითაც ბაზარში მდგომი მოვაჭრენი აშკარად ზარალდებოდნენ გარე მოვაჭრეებთან შედარებით. ბუნებრივია, ეს პრობლემა არსებობს და მისი მოგვარება საჭირო იყო. მაგრამ დამეთანხმებით, ადამიანის, მოქალაქის უფლებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის უფლებაა.

სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია და მოვალეობა კი ამ უფლების დაცვა გახლავთ. როდესაც სახელმწიფო მოვალეობას ასეთი სახით იხსნის, ადამიანს სარჩოს ართმევს და ჯოხით მიერეკება, ეს მიუღებელი და ყოვლად წარმოუდგენელია.

ყველამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანთა ერთადერთი სარჩო სწორედ გარევაჭრობა იყო. როდესაც მათ ამ საშუალებას ართმევ, კარგად უნდა გქონდეს მოფიქრებული, რა ბედი ეწევა მათ, საქმიანობას სად გააგრძელებენ. თუ ასე არ არის, მაშინ რაღაცა, მძლავრი სოციალური დაცვის მექანიზმები უნდა იყოს ჩართული, რათა ეს ხალხი საარსებო მინიმუმით მაინც უზრუნველყო.

როდესაც ამ საქმიანობას უკრძალავ, მათი ხარჯები შემოსავალს აღემატება და მათ გაკოტრებისთვის სწირავ. ეს არის სწორედ ფუნდამენტური პრობლემა ხელისუფლებისა, რომელიც უარს აცხადებს მთავარ ფუნქციაზე - დაიცვას საკუთარ მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება.

- აქ კიდევ ერთი მომენტია საინტერესო: ჩვენ გვახსოვს, ოპოზიცია როგორი მონდომებითა და იმედით მონაწილეობდა არჩევნებში, შემდეგ კი როგორი საბრძოლო განწყობით შევიდა საკრებულოში. როდესაც გარე მოვაჭრეთა სახით რეალური პრობლემა გახდა გადასაწყვეტი, საკრებულომ ეს ამბავი დღის წესრიგში რიგით საკითხადაც კი არ მიიღო...

- საერთოდ, ქვეყანაში დღეს პოლიტიკური ელიტის კრიზისია როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური თვალსაზრისით. ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩასაფრებულია და ყველანაირად ცდილობს, მეორე ნაწილის დისკრედიტაცია მოახდინოს. იმ ნაწილის ოპტიმიზმი, ვინც საკრებულოში აღმოჩნდა, იმით არის განპირობებული, რომ შენიღბონ ის შეცდომა, რაც მათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობით დაუშვეს.

აი, ამ ტიპის თამაშებთან გვაქვს საქმე დღეს ქართულ პოლიტიკაში. მეტსაც გეტყვით: ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მეტად მსუყედ არის წარმოდგენილი როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოში და რომელმაც არჩევნების დროს დაბალ ტარიფებზე ლაპარაკით გამოგვიჭედა ყურები, დღეს ამაზე, უბრალოდ, აღარაფერს ამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მანიპულირებით მათ ხმათა რაღაც რაოდენობა მიიღეს, არჩევნების შემდეგ ტარიფები საერთოდ მიივიწყეს. ანუ, ეს ადამიანები ფაქტობრივად მძევლები გახდნენ თავიანთი შეცდომისა. დღეს კი ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა შეფუთონ და შეალამაზონ. რიტორიკული ფაფხური გვესმის მხოლოდ და ესეც კარგია - არ მინდა მათ შრომა მთლიანად გადავუყარო წყალში, მაგრამ შედეგზე ორიენტირებულ, რეალურად აქტიურ ქმედებებს ვერ ვხედავ. ასეთი აქტივობა ჩანს სახალხო პარტიისგან, ლაშა ჩხარტიშვილია ძალიან აქტიურად ჩართული იმავე გარე მოვაჭრეთა პრობლემაში.

ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი, მე ვიტყოდი, გაუგებრად იქცევა - საკრებულოში თეორიულ დისკუსიებს მართავს და მიაჩნია, რომ ამ ჩარჩოში უნდა იმოღვაწეოს. ახლა იქ არის ზოგიერთი დეპუტატი, რომელმაც თანამდებობაც დაიკავა და უცნაური მარშრუტებითაც მოძრაობს თბილისის ფარგლებში. ასე რომ, რაიმე აქტიური პროტესტი და შედეგზე ორიენტირებული ქმედება მათი მხრიდან ნაკლებად მოსალოდნელია.

- "მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსლიმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსლიმანი ქართველი" ... ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. თუ სააკაშვილი საქართველოს გულისხმობდა, სტატისტიკურად რამდენად გამართლებულია, რომ ირანსა და თურქეთსაც საქართველოს ათვლიდა. თუ ეს ასეა, პოლიტიკურად რამდენადღაა გამართლებული, მით უმეტეს, ირანთან აქტიური დაძმობილების ფონზე?

- ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან გამოკითხვებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტზე მეტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის სტატისტიკა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს პრეზიდენტს ახასიათებს გაუთვლელი და დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთება. დღეს ერთ აუდიტორიასთან ასე დასჭირდა და ასე თქვა, ხვალ, შესაძლოა, სხვაგან სხვანაირად დასჭირდეს და ამის საპირისპირო აზრი გამოთქვას.

თუ ირანსა და თურქეთს გულისხმობდა, მაშინ არ ვიცი - ყოველ შემთხვევაში, მის ნათქვამს არ ჰქონდა ისეთი კონტექსტი, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს გულისხმობდა. თუ დღევანდელი თურქეთის ქართველობას, ფერეიდნელებსა და თურქ მესხებსაც გავიხსენებთ, მაშინ შეიძლება მეტი თუ არა, თანაბარი რაოდენობა მაინც იყოს. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ მან სწორედ საქართველოში მცხოვრები ქართველები იგულისხმა. რაც შეეხება ირანის მიმართულებით საქართველოს გეოპოლიტიკურ სვლას, ესეც უცნაური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ რეალურად საქართველოს ხელისუფლებას განვითარების არავითარი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია.

ანუ, არათუ სახელმწიფოებრივი განვითარების ვექტორში არის ჩამოყალიბებული, ისიც კი არ დაუდგენია,  გლობალური უსაფრთხოების რომელ ზონაში მოიაზრებს თავს. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, ამ ყველაფერში ვაჭრობაზე მინიშნებაც ყოფილიყო რაღაც ეტაპზე. მაგრამ იმ სტატუსის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ირანის და მსგავსი თემებით ვაჭრობა, ჩემი აზრით, უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე რაიმე დადებითი შედეგის მომტანი...

- "მთავარია, ქვეყანამ გააგრძელოს მოდერნიზება და გახდეს აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით" - ეს კომბინაციაც საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. რამდენად ახლოა პოლიტიკური, ეკონომიკური ან თუნდაც, საზოგადოებრივი ფორმაციის თვალსაზრისით შვეიცარია სინგაპურთან და ორივე ერთად, აღმოსავლეთ ევროპასთან?

- ეს ძალიან სასაცილო თემაა. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ევროკავშირის ვექტორით განვითარებაზე, მაშინ ამ ორგანიზაციულ ერთობას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური თამაშის წესები აქვს. აქ ყველაფერი უნიფიცირებულია და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. აქამდე, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა. თუ ეს დღესაც ასეა, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი სულაც არ მიესალმება განსხვავებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.

სხვათა შორის, ეს მხოლოდ სინგაპურის მოდელს არ ეხება. ეს ეხება ზოგადად, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებსაც, რა ორიენტაციაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში აიღო - ფოთის, ქუთაისის და სხვა ზონების სახით.  თუ ევროკავშირისკენ მივდივართ, მაშინ მის სივრცეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების არსებობა გამორიცხულია გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული ეკონომიკა თამაშის არათანაბარ წესებს არ ცნობს.

გამოდის, რომ ხელისუფლება აქაც ძალიან წინააღმდეგობრივად იქცევა და ერთმანეთის გამომრიცხავ გეგმებს სახავს. საბოლოოდ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს რომ ვერ დაიჭერს, ისე დაგვემართება. პირდაპირ გეტყვით - ჩვენ ვერც სინგაპური გავხდებით, ვერც შვეიცარია და ვერც თავისუფალი ეკონომიკური ზონები გვექნება - ყოველ შემთხვევაში, წარმატებული ზონები.საბოლოო ჯამში, რაღაც სუროგატს მივიღებთ, რითაც მთლიანად მოიშლება ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.

- განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესები საზოგადოების ერთმა ნაწილმა შიდასახელისუფლებო დაპირისპირებად აღიქვა, მეორემ კი კორუფციასთან ბრძოლის შეუქცევად სახედ. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

- ვფიქრობ, ეს შაშკინის პირადი ინიციატივაა. რატომ ვფიქრობ ასე, ამასაც გეტყვით: ბუნებრივია, ახალი მინისტრი რომ მოდის, ცდილობს, მასზე არ გადავიდეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მისმა წინამორბედმა ჩაიდინა. შაშკინმაც ჩაატარა ასეთი აუდიტი და მარტივი ალტერნატივის წინაშე დადგა - ან უნდა გაჩუმებულიყო და თავადაც გაენაწილებინა ეს პასუხისმგებლობა, ან ეს ამბავი საჯაროდ გაეცხადებინა. როგორც ვხედავთ, მან მეორე გზა აირჩია.