რამაზ საყვარელიძე: "ტეფტი არ ყოფილა საუკეთესო ელჩი" - კვირის პალიტრა

რამაზ საყვარელიძე: "ტეფტი არ ყოფილა საუკეთესო ელჩი"

"საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სამართლიანობის მხარეზე იყო"

პარლამენტმა ამჯერად ბიუროს გასვლითი სხდომის ბათუმში ჩატარება გადაწყვიტა. ალბათ, ტრადიცია გაგრძელდება და ზამთარში ანალოგიურ სხდომას გუდაურში ან ბაკურიანში მოაწყობენ. არის კი ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რომ კანონმდებლებმა "სასიამოვნოს" "სასარგებლო" შეუთავსონ? გაცილებით სასარგებლო ალბათ, რუსთაველის პროსპექტზე სამთავრობო სტენდების დადგმა იყო. ისე, მაინც, რა არის პროპაგანდის ენა... როდესაც ოპოზიციამ რუსთაველზე მეტალის კონსტრუქციები წამოჭიმა და საკნები უწოდა, მთავრობა და სამთავრობო არხები ჯიუტად გაიძახოდნენ - გალიები დადგესო. ახლა, როდესაც მსგავსი, ოღონდ უფრო ფეშენებელური კონსტრუქციებით საზოგადოებას ქუჩაში მთავრობა წარუდგა, ოპოზიცია ოპოზიციურ არხებზე ქირქილებდა, - ამ ზიზილ-პიპილების აწყობაში ფული როგორ დახარჯეს, რა მასკარადი მოაწყვესო... ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არც ერთია მიუღებელი და არც მეორე, მთავარია, უკიდურესობაში არ გადავცვივდეთ. და კიდევ, აქციიდან ობიექტური აზრის გამოსატანად კაცს სამთავრობოდან ოპოზიციურ არხებზე და პირიქით, წამდაუწუმ გადართვისთვის პულტისა და თითის წვალება არ უნდა უხდებოდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველას აქვს უფლება, ან რესპუბლიკელი იყოს, ან ნაციონალი, ან უბრალოდ, ფილატელისტი...

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბატონ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციის "საკნები" ხელისუფლების "სტენდებმა" შეცვალა. ამჯერად, ხელისუფლება აბარებდა ანგარიშს მოსახლეობას. როგორც ჩანს, მთავრობამ მეტოქეთა ტაქტიკა აირჩია საბრძოლველად... რამდენად შედეგიანი იქნება იგი?

- ხალხთან დაახლოების იდეა უახლოეს წარსულში გაჩნდა. ერთი მხრიდან ოპოზიცია წავიდა ხალხისკენ, მეორე მხრიდან ხელისუფლება - მინისტრებმა და პოლიტიკოსებმა მოინდომეს მოსახლეობასთან უშუალო დიალოგი. ალბათ, სწორედ ამ ჯაჭვის მომდევნო რგოლი გახლდათ ნოვაცია, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე ვიხილეთ - მთავრობას სურდა, ხალხისთვის ჩაებარებინა ანგარიში. ის, რომ ხალხს მინისტრებიც კარვებისა თუ საკნების მსგავსი კონსტრუქციებით ხვდებოდნენ, ღიმილის მომგვრელიც არის. რა გითხრათ... ანალოგიური მოვლენები ადრეც გვინახავს, მაგრამ ხალხის განწყობა მხოლოდ ციფრების ტრიალითა და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოფენით არ იცვლება. ადამიანი სახელმწიფოთი კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას საკუთარი ბედ-იღბლიდან გამომდინარე გამოხატავს, ანუ თავისი ხელფასით, უფლებების დაცვით, ბიზნესის განვითარების პირობებით და სხვა იმ საკითხებით, ჩვენს ყოველდღიურ ყოფას რომ მოიცავს. ასე რომ, ასეთი აქციები რაღაც თვალსაზრისით ალბათ გააკეთილშობილებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ იმიჯს, მაგრამ ალბათ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყოფითი საკითხები იქნება გადამწყვეტი ხელისუფლებისადმი ხალხის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

- სანამ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია საკუთარ ძალებს სხვადასხვა პიარ-მიმართულებაში ცდიან, კონფლიქტურ რეგიონებში ვითარება სულ უფრო მწვავდება. აფხაზი სეპარატისტების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც ისინი ქართველ მეზღვაურებს მეკობრეებად მოიხსენიებენ და მათი განადგურება აქვთ განზრახული, სიტუაცია ზღვაზეც სახიფათოდ დაიძაბა. რამდენად რეალურია საფრთხე სამხედრო საზღვაო შეტაკებისა რუსული ფლოტის მონაწილეობით და რისი გაკეთება შეუძლიათ ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციებს ან დასავლეთის ქვეყნებს?

- ხელისუფლების მხრიდან გამწვავებისკენ მიდრეკილება უაღრესად საყურადღებო და ამასთანავე სახიფათოა. მაგრამ დღევანდელი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური  ვითარებიდან გამომდინარე, ძალზე მეეჭვება, რუსეთმა შეძლოს ამ გამწვავების შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიყვანა. მაინც მგონია, რომ ეს დუელი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და ასეც გაგრძელდება - ორივე მხარე შეეცდება, უფრო მწვავე პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას.

- ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის კონფერენციამ დიდი აურზაური გამოიწვია მას შემდეგ, რაც რუსი ჟურნალისტები თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს. ზოგადად, რა შეუძლია შეცვალოს ამ კომისიამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში?

- ექსპერტები ძალიან ხშირად, სრულიად მართებულად გვადარებენ ისეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელიც ტერორისტმა დაიჭირა და მისი წამებით სურს მესამე მხარისგან ხეირის მიღება. რუსეთს უშუალოდ ჩვენგან კი არ სურს რაღაცის მიღება, არამედ ეცდება, ჩვენი მეშვეობით ევროპისგან და უწინარესად ამერიკისგან მიიღოს მისთვის სასურველი დივიდენდები. ამ სურვილის დაკმაყოფილების არა ერთადერთი, მაგრამ ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ბერკეტი გახლავთ მისი საქართველოსთან ურთიერთობა. ამიტომაც რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობების შეცვლამდე არაფერი შეიცვლება რუსულ-ქართულ ურთიერთობაშიც. მოგეხსენებათ, რომ რაც უნდა ეხვეწოს მძევალი ტერორისტს, სანამ ამ უკანასკნელის მოთხოვნებს მესამე მხარე არ დააკმაყოფილებს ან რამეს რა იღონებს, მას საშველი არ დაადგება, - ასეთია ლოგიკა რუსულ-ქართული ურთიერთობისა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ კავშირი მუდმივად უნდა გვქონდეს, რათა დიდ პოლიტიკაში სიტუაციის მოგვარების შემდეგ, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის, ადამიანური ურთიერთობის პრობლემა მაინც არ დადგეს.

- ბი-ბი-სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია ვენესუელაში იმყოფება, რომ აფხაზეთი დე იურე ცნონ. იმედოვნებენ, რომ უგო ჩავესის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება...

- აფხაზეთის აღიარების პროცესი მკვდარი წერტილიდან რომც დაიძრას, არა მგონია, ლათინურმა ამერიკამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს და სეპარატისტებს კმაყოფილება მოჰგვაროს, რადგან საერთაშოროსო პოლიტიკურ ამინდსა და აზრს უგო ჩავესი არ ქმნის. საინტერესო ისიც არის, რომ ასეთი აღიარების მისაღწევად დელეგაციის წასვლა აუცილებელი სულაც არ იყო. ვფიქრობ, რომ აფხაზი პოლიტიკოსების ეს ვიზიტი ერთგვარი აქტივობისა და თვითდამკვიდრების გამოვლენის მცდელობაა და მეტი არაფერი. აფხაზეთს გულით უნდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური ავტორიტეტი შეიქმნას და ამ სურვილს უგო ჩავესით იკმაყოფილებს. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე აფხაზები, რუსების დახმარებით გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებზე ცდილობდნენ დამოუკიდებელი სტატუსით გამოჩენას. როგორც ჩანს, რუსებმა მათ ამის მეტი ვერაფერი გაუხერხეს. ეს პოლიტიკური პატივმოყვარეობის საკითხი უფროა, ვიდრე აფხაზეთის აღიარებისთვის ბრძოლა...

- იმის გათვალისწინებით, რომ უგო ჩავესი აქტიური ანტიამერიკელია, აფხაზეთთან მისი დაკავშირება ხომ არ გაამძაფრებს რუსულ-ამერიკულ დაპირისპირებებს. რამდენად შეუწყობს ეს ფაქტორი ხელს ე.წ. ისტორიული "გადატვირთვის" პროცესს?

- ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა დღეისთვის იმდენად გაუგებარ ფაზაშია და ამ ურთიერთობაში  იმდენი კითხვის ნიშანია პასუხგაუცემელი, ძალზე მეეჭვება, რომელიმე ქვეყანამ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით რაიმე სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას. მოგეხსენებათ, გადატვირთვის ფორმულა კი გამოცხადდა, მაგრამ ამავე დროს თუნდაც ჩვენთვის ცნობილი ნაბიჯებიც გადაიდგა - ბაიდენი თბილისში ჩამოვიდა, პუტინი და მედვედევი კი სეპარატისტულ რეგიონებს ეწვივნენ. არც ერთ და არც მეორე ვიზიტს სიტუაციის დამძაბავი და ურთიერთგამაღიზიანებელი ფრაზები არ დაჰკლებია. ისიც ფაქტია, რომ არც ერთი საკითხი, რომელიც ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს იყო დასმული, დღემდე არ მოგვარებულა. ასე რომ, უგო ჩავესი, რაოდენ არასერიოზულ შთაბეჭდილებასაც უნდა ტოვებდეს, უნიჭო პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის და ამ გაურკვეველ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯსაც არ გადადგამს, მერე რომ უკან გადმოსადგმელი გაუხდეს. გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მათ შორის არც ის, რომ რუსეთმა და ამერიკამ დაპირისპირების ხაზი გააგრძელონ - რაკიღა ეს დღეს ორივეს ხელს აძლევს. მაგრამ თუ მოიძებნება საკითხები, რომლებზე დაყრდნობითაც მოხერხდება მათ შორის მეტ-ნაკლებად პარტნიორული ურთიერთობა, შესაძლოა, მსოფლიო პოლიტიკური თამაშები სხვა გზით წავიდეს და ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- გასულ კვირას, ოფიციალური გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, საქართველო საბოლოოდ დარჩა უტეფტოდ. ამავე პერიოდს დაემთხვა ეუთოს ამერიკული მისიის საკმაოდ მკაცრი განცხადება რუსეთთან დაკავშირებით, სადაც მოსკოვის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე და რუსული სასაზღვრო ჯარების საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებაზეა ლაპარაკი. როგორც წესი, ელჩების როტაცია კანონზომიერი მოვლენაა. როგორ შეაფასებდით ტეფტის მოღვაწეობას და რას უნდა ველოდოთ ახალი ელჩისგან?

- ტეფტის მოღვაწეობის შეფასება მეტ დროს მოითხოვს, რადგან ჩემი აზრით, ის არ ყოფილა საუკეთესო ელჩი. მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა დიდწილად განაპირობა ის, რომ ამერიკის მიმართ დამოკიდებულება მოსახლეობაში მკვეთრად შეიცვალა. ოცი წლის განმავლობაში, საკმაოდ დადებითი და მეგობრული შეხედულება აგრესიულმა და უარყოფითმა ემოციებმა გადაძალა. ეს კი ტეფტის შეცდომების დამსახურებაა.

- ალბათ, არანაკლები წვლილი ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის საჯარო გამოსვლებსაც მიუძღვის...

- რომ არ ყოფილიყო შეცდომები, ოპოზიცია ამას ვერ გამოიყენებდა. საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სამართლიანობის მხარეზე იყო. სხვათა შორის, ეს ის მოსახლეობაა, რომელმაც შეცდომები არათუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, საკუთარ, საკმაოდ მაღალრეიტინგიან ლიდერს არ აპატია. უსამართლობის განცდა კი ბევრჯერ იყო - აწ გარდასულ არჩევნებთან, სხვადასხვა მოვლენის შეფასებასთან დაკავშირებით და სხვ. ასე რომ, აქ ოპოზიციამ მხოლოდ ის გამოხატა, რა განწყობაც მოსახლეობაში იყო. ეს კრიტიკული დამოკიდებულება კი ხალხში ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან არსებობს. ტეფტამდე ელჩი რიჩარდ მაილსი გახლდათ - ერთ-ერთი შემოქმედი ვარდების რევოლუციისა. ტეფტმაც ვარდების რევოლუციის დაცვა გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში რევოლუციის მონაპოვრის მიმართ უკვე სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა. სწორედ ამ ვითარებას ვერ აუღო ალღო ტეფტმა, რაც ზოგადად, ამერიკისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე აისახა. კრიზისების ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი, რომელიც საქართველოში ამერიკის მომდევნო ელჩად ჩამოდის, პირველ ამოცანად ალბათ სწორედ იმ კრიზისის მოგვარებას დაისახავს, რაც ამერიკის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაში გაჩნდა.

- რაც შეეხება ქართული ოპოზიციის აქტივობას: აქამდე ანონსირდებოდა, რომ სექტემბერში დიდი გამოსვლები მოეწყობოდა. გასულ კვირას, ოპოზიცია თავისი გეგმების გამჟღავნებას სექტემბრის ბოლოსთვის დაგვპირდა. როგორ ფიქრობთ, არის კი, ოპოზიციაში რესურსები, გნებავთ, შიდაპოლიტიკური ერთიანობის, გნებავთ, ფინანსური თვალსაზრისით საიმისოდ, რომ ხელისუფლებას მძლავრი და მასობრივი აქციებით დაუპირისპირდეს?

- თქვენს ჩამონათვალს ინტელექტუალურ რესურსსაც დავამატებდი. ერთია, რომ საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩნდა ეჭვი სხვადასხვა გარიგებასთან დაკავშირებით, მეორეა ეჭვი ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც - შეუძლია კი, მას, ვისაც ეს სურს, ხელისუფლების შეცვლის სათანადო გეგმა წარმოადგინოს? უკვე მერამდენე წელია, ამ გეგმას გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. სწორედ ეს უნდობლობაა მნიშვნელოვანი - თუკი ხალხი უკმაყოფილოა, ქუჩაში მის გამოყვანას დიდი ინტელექტი და უნარ-ჩვევები არ სჭირდება, მაგრამ დანარჩენი მიზნის მიღწევა გარკვეულ ვადებსა და გარემოებებში უნდა მოხდეს. პოლიტიკურ პროცესებში ძალიან ხშირად გვესმის - "ისე, როგორც ვარდების რევოლუციის დროს", ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ ერთი, ეს რევოლუცია დაახლოებით ოთხი წელი მზადდებოდა. მაშინდელმა ოპოზიციამ ამ ხნის განმავლობაში, მასების მობილიზებამდე, მოახერხა მედიასივრცის მობილიზება, საერთაშორისო აზრის ჩამოყალიბება, პირველ რიგში საელჩოების დახმარებით, თვით შევარდნაძის ხელისუფლებაში, მისი გარემოცვის უდიდესი ნაწილის გადმობირება... ამ ჩამონათვალიდან რა მოახერხა დღევანდელმა ოპოზიციამ გარდა მასების ქუჩაში გამოყვანისა? ესეც, როგორც გითხარით, ამ საქმეში ყველაზე მარტივი განსახორციელებელი გახლავთ.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი